“ადამიანები გაიჭყლიტენენ, ზოგი დაბლა დაეცა, ზოგი ჩემს ფეხთან… პოლიციელიც დაეცა და ისიც ავაყენე. ამ პროცესში ვიყავი, უცებ ვხედავ, მეც მიმათრევენ პოლიციელები. ვეკითხები გზაში, რატო მაკავებთ, რის გამო? და ხმას არ მცემენ. მერე მანქანებში გვათრიეს, შეგვტენეს,” – ამბობს ჯანო მუმლაძე, რომელიც ათეულობით სხვა ადამიანთან ერთად 2 მარტს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს.
ჯანო 9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის შესასვლელის მიმდებარედ დააკავეს. ამ ტერიტორიაზე ათეულობით სათვალთვალო კამერაა განთავსებული. აქციაზე მყოფ პოლიციელებსაც, წესით, სამხრე კამერებით უნდა გადაეღოთ ჯერ შესაძლო კანონდარღვევის, შემდეგ კი დაკავების პროცესი. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეო მტკიცებულებების წარმოდგენისთვის თავს არ იწუხებს და მოსამართლეც ენდობა მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას, რომელიც ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს. სისტემას ასე აწყობს. მისთვის ასე უფრო მარტივია.
სარჩევი:
რა ხდება აქციაზე პროტესტის მონაწილეების დაკავების შემდეგ?
ჯანო გვიყვება, რომ დაკავებულები ვარკეთილში წაიყვანეს და განყოფილებაში მწკრივზე დააყენეს. სულ 38-მდე იყვნენ. ამის შემდეგ მასთან მივიდა პოლიციელი, არტურ კირაკოსიანი, რომელმაც ჰკითხა, ჰყავდა თუ არა ჯანოს დამკავებელი პოლიციელი? ჯანომ უპასუხა, რომ არ იცოდა, რადგან პირველად იყო მსგავს სიტუაციაში. პასუხად კირაკოსიანმა უთხრა, რომ ის იქნებოდა მისი დამკავებელი. მართლაც, მოგვიანებით სასამართლოზე ჯანოს წინააღმდეგ კირაკოსიანი აძლევდა ჩვენებას.
ჯანო გვეუბნება, რომ სხდომაზე პოლიციელებმა ტყუილი ჩვენება მისცეს.
“ის ადამიანი, რომელსაც არ დავუკავებივარ იძახდა, რომ მე დავაკავეო. იძახდა ჩემზე რომ იგინებოდაო, რაც ცხოვრებაში არ გამიკეთებია. არანაირ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, რო რამე გამეფუჭებინა ვიტყოდი… კიდევ გზის გადაკეტვას ცდილობდაო, არადა საპარკინგე ადგილზე ვიდექი. ამბობდნენ, კორიდორს ეჯახებოდაო, რომ გამოსულიყოო. არც ეგეთი რამე გამიკეთებია. თვითონაც ხომ იციან, რომ იტყუებიან. არადა ხელი მოაწერა, რომ მხოლოდ სიმართლეს იტყოდა,” – ამბობს მუმლაძე.
თუმცა, პრაქტიკად დამკვიდრდა ის, რომ მოსამართლეები აქციებზე დაკავებულთა საქმეების განხილვისას პოლიციელის ჩვენება ეჭვქვეშ არ დგება და შსს-ს საკმარის მტკიცებულებებს არ სთხოვენ.
“საერთაშორისო-გამჭირვალობა საქართველოს” იურისტი, თეო ზაქარაშვილი გვიხსნის, რომ პოლიციელების მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ ოქმში დაზუსტებით არ წერია, რას ედავებიან პასუხისმგებლობაში მიცემულ პირს. იგინებოდა, ილანძღებოდა უმისამართოდ, არ ემორჩილებოდა პოლიციის მოთხოვნას, მაგრამ რა სიტყვები ითვლება ლანძღვა-გინებად, რა კანონიერი მოთხოვნა ჰქონდა პოლიციას, რომელსაც არ ემორჩილებოდნენ, ეს ახსნილი არაა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირდაპირ გვითითებს, რომ მაღალი სტანდარტით უნდა მოხდეს ბრალის დამტკიცება. ამ დროს აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა.
“ხშირად გვქონია შემთხვევა, რომ პოლიციელი თავისივე დაწერილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ეწინააღმდეგება, ასახელებს სხვადასხვა ფაქტებს, მერე ურევს ერთმანეთში ამ ფაქტებს. უმეტესად ამბობს, რომ თვითონ დააკავა, მაგრამ კადრებში ჩანს რომ საერთოდ არ იყო დაკავების პროცესში აღნიშნულ პირთან. მიუხედავად ამ წინააღმდეგობებისა, სასამართლო უაპელაციოდ იზიარებს მოწმე პოლიციელის ჩვენებას,” – ამბობს ზაქარაშვილი.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ პატარიძე გვიხსნის, რომ ასეთი ფაქტები მანკიერ პრაქტიკად 20 ივნისის აქციების შემდეგ იქცა და ძალიან რთულია, მოსამართლე საწინააღმდეგოში დაარწმუნო.
“მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამბობს, მაშინ როცა ნეიტრალური მტკიცებულებით არ არის გამყარებული კონკრეტული საქმე, პოლიციის ჩვენებას ნაკლებად სარწმუნო ძალა აქვს. ფაქტია, რომ [საქართველოში] უფრო მაღალი ნდობით სარგებლობს პოლიციის ჩვენება სასამართლოში, ვიდრე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემული პირის ჩვენება და ეს არის ის მანკიერი პრაქტიკა, რასაც ერთი მხრივ ავითარებს შსს და მერე უმოწმებს სასამართლო,” – გვეუბნება პატარიძე.
როგორ ასამართლებენ აქციებზე დაკავებულებს?
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ილონა დიასამიძე გვიყვება, რომ საიას ახლა სამართალდარღვევის 40-მდე საქმე აქვს და ყველა მათგანში სქემა ერთნაირია. საქმის მასალებში არსებობს სამართალდარღვევის ოქმი, დაკავების ოქმი და პოლიციელის ჩვენება. თუმცა სამივე ერთი და იგივეა და ცალ-ცალკე მტკიცებულებებად არ უნდა განიხილებოდეს.
“დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმებში ერთი და იგივე წერია. პოლიციელიც მოდის სასამართლოზე და იმავეს ამბობს, რადგან მისი დაწერილია ის ორი დოკუმენტი. ამ სამი მტკიცებულებით გადიან ფონს, არადა ეს სამივე ერთი მტკიცებულებაა. მეტი ისეთი არაფერი აქვთ ამ საქმეებში, მაგრამ სასამართლო იწყებს იმითი, რომ ეს სამი მტკიცებულებაა წარმოდგენილი და ამით დასტურდება სამსართალდაღვევის ჩადენის ფაქტი და სამართალდამრღვევად ცნობს პირს და იყენებს ჯარიმებს,” – გვეუბნება დიასამიძე.
იურისტების თქმით, გარდა ამ სამი მტკიცებულებისა, ხანდახან მოაქვთ მედიიდან ამოჭრილი დაკავების კადრები, რაც ხშირ შემთხვევაში ისევ მათ საწინააღმდეგოდაა. ჯანო მუმლაძესთან ერთად დააკავეს ნოდარ ამბარცუმოვიც. მისი და მუმლაძის საქმეების სასამართლო განხილვისას შსს-მ წარმოადგინა CD დისკზე ჩაწერილი ვიდეო, სადაც ჩანდა როგორ მიჰყავდათ ორივე დაკავებული მანქანამდე.
“ეგ მონაკვეთი იყო რამდენიმე წამიანი და იქ რა იყო მტკიცებულება ვერ მივხვდით. რომ დაგვაკავეს ისედაც ფაქტია,” – გვეუბნება ამბარცუმოვი.
წესით, სასამართლო მხოლოდ მონათხრობს არ უნდა ეყრდნობოდეს განაჩენის გამოტანისას და სხვა მტკიცებულებებსაც ითხოვდეს ბრალმდებელი პოლიციისგან. მითუმეტეს, რომ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება არამხოლოდ ქუჩებში სათვალთვალო კამერების განსათავსებლად, არამედ პოლიციელებისთვის სამხრე კამერების შესაძენადაც.
ტექნიკური აღჭურვილობა პოლიციელებს საშუალებას აძლევთ, რომ საქმეში უტყუარი ვიდეო მტკიცებულება წარადგინონ და თავიანთი ნათქვამი ფაქტით დაამოწმონ. შესაბამისი ცვლილება კანონში 2013 წლის 5 ივლისს შევიდა და პატრულ-პოლიციელს უფლება მიეცა ვიდეო-აუდიო ჩანაწერის გაკეთების. თუმცა, პოლიციას აქაც აქვს კანონში არსებული შავი ხვრელის სათავისოდ გამოყენების საშუალება.
რას ავალდებულებს კანონი და რისი უფლება აქვს პოლიციას?
კანონში ცვლილება კი შევიდა, თუმცა კვლავ ღიად რჩება საკითხი, რა შემთხვევებში უნდა ჩართოს სამხრე ვიდეოკამერა პოლიციელმა და ჩაიწეროს მოქმედება. ვიდეოგადაღება დღეს სავალდებულო არაა. სამხრე კამერების ჩართვის ვალდებულება დაეხმარებოდა გამოძიებას არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენაში და პოლიციელთა არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან თავის არიდებაში.
ახლა, თუკი პატრულ-ინსპექტორი კამერას ჩართავს, მოპოვებული ჩანაწერი ინახება სპეციალურ სერვერზე 30 დღის ვადით. თუ არ ჩართავს, პასუხსაც არავინ მოსთხოვთ. სწორედ აქაა პრობლემა.
“პასუხისმგებლობა ამის გამო არ ეკისრება, რატომ არ ჰქონდა ჩართული კამერა. ყოფილა შემთხვევა, რომ უთქვამთ მეგონა ჩართული იყო და არ ყოფილაო. ძირითადად, იყენებენ სათავისოდ. რთავენ მაშინ, როცა მათთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი რაღაცაა,” – ამბობს ჯანო ჭკადუა, საიას იურიდიული დახმარების ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ პატარიძე გვეუბნება, რომ მის პრაქტიკაში ერთი საქმეც არ ახსენდება, როცა მოწმე პოლიციელმა სამხრე ვიდეოს ჩანაწერები წარადგინა.
“ხშირ შემთხვევაში იმით ამართლებენ, რომ აქციების დროს როცა ხალხი არის ბევრი, ჭყლეტაა, მოძვრათ, დაუვარდათ, არ მუშაობდა. მიზეზები არ ელევათ. თუმცა, შეუძლიათ, კამერების ჩანაწერები ქუჩის სათვალთვალო სისტემებიდან ამოიღონ, მაგრამ ამასაც არ აკეთებენ,” – ამბობს პატარიძე.
“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” იურისტი, თეო ზაქარაშვილი ფიქრობს, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, თუ პოლიციელი არ წარადგენს სამხრე კამერის ჩანაწერებს, ის არ მიიღებს უცილობლად პოლიციელის ჩვენებას და არ დააფუძნებს მასზე გადაწყვეტილებას.
“ახლა რატომ იზრუნებს ზედმეტად პოლიციელი? რაღაცას იტყვის, აბდაუბდა იქნება თუ წინააღმდეგობრივი, სასამართლო მაინც იზიარებს. ძალიან იოლია სასამართლოს სწორი გადაწყვეტილებით და სწორი განმარტებებით ეს მახინჯი კოდექსი გაკეთილშობილდეს,” – ამბობს ზაქარაშვილი.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” 2022 წელს გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით “აქტივიზმი და შეკრების უფლებით სარგებლობა” – ქართული პრაქტიკის ანალიზი. კვლევის მომზადებაში EMC-სთან ერთად ჩართული იყვნენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „უფლებები საქართველო“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.
ანგარიში მოიცავს 2021 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით წარმოებულ საქმეებსა და მათ ანალიზს. დოკუმენტი აფასებს აღნიშნულ პერიოდში გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციებისას საპოლიციო მოქმედებებს. მოცემულ პერიოდში 108 საქმე ეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, კერძოდ, აქციებს. ამ საქმეების მესამედზე მოსამართლეებმა პირს ჯარიმა დააკისრეს (ჯარიმის რაოდენობა 2,000-დან 3,800 ლარამდე მერყეობს), მესამედზე პროცესი ისევ მიმდინარეობდა, ხოლო 21 საქმე წარმატებით დასრულდა.
“მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ობიექტური, ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება. ამის ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი ინცინდენტის სრული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი იქნებოდა, თუმცა შესწავლილ საქმეებში, როგორც წესი, სამართალდამცავები მიუთითებდნენ, რომ სამსახურებრივი სამხრე ვიდეოკამერები ან დაზიანებული იყო, არ იყო ჩართული,” – ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევის ავტორების აზრით, საქმის განხილვისას მოსამართლეს, როგორც წესი, უხდებოდა სამართალდამცავის და შეკრების მონაწილის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს შორის არჩევანის გაკეთება. თანაბარი მტკიცებითი ძალის მქონე ორ ერთგვაროვან მტკიცებულებას შორის, ხშირ შემთხვევაში მათთვის ბუნდოვანი იყო, რის საფუძველზე ანიჭებდა მოსამართლე პოლიციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას უპირატესობას, რატომ მიიჩნევდა ასეთ ჩვენებას უფრო მაღალი სანდოობის მქონედ და რატომ იღებდა მასზე დაყრდნობით საბოლოო გადაწყვეტილებას.
არადა, შსს-ს უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენის ტექნიკური რესურსი ნამდვილად აქვს. მათ ვიდეო კადრების მოგროვება შეუძლიათ, როგორც ქუჩებში განთავსებული სამეთვალყურეო კამერებიდან, ისე პოლიციელების სამხრე კამერებიდანაც.
საპატრულო პოლიციისთვის სამხრე კამერების სიტემის განახლება ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარზე მეტი დაგვიჯდა. შსს-მ 2018 წელს გამარტივებული შესყიდვა გააფორმა AXON-ის ბრენდთან და 2,280 სამხრე კამერა შეიძინა.
“პატრულ-ინსპექტორების ახალი კამერებით აღჭურვა მტკიცებულებების სრულყოფას და მასალის უწყვეტ რეჟიმში ჩაწერას უზრუნველყოფს,” – ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის გვერდზე. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და იურისტების სამუშაო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სასამართლოზე სამხრე კამერის ვიდეო ჩანაწერები წარმოდგენილი არ არის.
2018 წლამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი სარგებლობდა ჩინური წარმოების aee ბრენდის სამხრე ვიდეო კამერებით. შსს-ს ინფორმაციით, ისინი მოძველდა და ხშირად ჩაწერილ ფაილებს ტექნიკური წუნი ჰქონდათ, რის გამოც ვერ ხდებოდა ჩანაწერის მოძიება და შესწავლა.
ტექნიკა გამოცვალეს, თუმცა ფაილებს ახლაც ვერ იყენებენ მიზნის შესაბამისად. ვიდეო მტკიცებულებები არ წარუდგენიათ არც ნოდარ ამბარცუმოვის საქმეში. პოლიციამ ისიც 2 მარტის ღამეს პარლამენტთან დააკავა.
ჯანო მუმლაძე და ნოდარ ამბარცუმოვი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გაასამართლეს. აქციებზე დაკავებულებს უმეტესად ამ მუხლებს ედავებიან. 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას, 173-ე კი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. კანონი წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1,000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ხოლო პოლიციელის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში – დაჯარიმებას 2,000 ლარიდან 3,000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
13 აპრილს ორივე მათგანის სასამართლო პროცესი ერთდროულად ჩატარდა. მუმლაძისა და ამბარცუმოვის საქმე მოსამართლე ნინო ენუქიძემ განიხილა და ორივე მათგანს 2,000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ თემასთან დაკავშირებული ჩვენი კითხვები საჯარო ინფორმაციის კატეგორიას მიეკუთვნება და წერილობით გვიპასუხებენ. ინტერვიუზე უარი თქვეს. კითხვები გაგზავნილი გვაქვს და როგორ წესი, საჯარო უწყებები პასუხს თვეობით აგვიანებენ ხოლმე. სამინისტროდან პასუხების მიღების შემთხვევაში, მასალას შესაბამისად განვაახლებთ.