გელათის სამონასტრო კომპლექსის 3-წლიანმა თავგადასავალმა კარგად დაგვანახა, რომ ჩვენს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ბედი არ სწყალობთ. ამის მეორე თვალსაჩინო მაგალითი კი ბაგრატის ტაძარია, რომლის ფასადიც და ინტერიერიც წვიმის წყალმა დააზიანა. გასაგებია, როგორც იზრუნეს მის მოვლა-პატრონობაზე.
2017 წელს შევიტყვეთ, რომ ბაგრატის დაზიანებულ სახურავში წყალმა რამდენიმე კერიდან შეაღწია. 2021 წელს კი დოკუმენტურად დადასტურდა, რომ ტაძრის სარკმლებიდან, გუმბათის ყელიდან და მკლავებიდან ნადენი წვიმის წყალი კედლებს გარედანაც აზიანებდა და შიგნიდანაც. წყალი ჟონავდა როგორც კათედრალის ცენტრალურ სივრცეში, ისე ეპისკოპოსის კოშკში, ქვის კედლები ფირუზისფრად დალაქავდა, სინესტის გამო კი გაჩნდა ხავსი და მცენარეული საფარი.
მას შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა, პრობლემა კი მოუგვარებელი და უცვლელია. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბაგრატის ტაძრის სახურავის შეკეთება ჯერაც არ დაუწყია.
ძეგლის მდგომარეობა 16 სექტემბერს დავათვალიერეთ. ინტერიერში ვერა, მაგრამ ფასადზე ჩამოჟონილი წყლის კვალი მარტივად შევნიშნეთ. ვცადეთ, ადგილზე მყოფ ეკლესიის მსახურებთანაც მოგვეკითხა, შეუმჩნევიათ თუ არა ნალექის დენა. თუმცა, ტაძარში მყოფი მორჩილი არ გაგვესაუბრა და გადაგვამისამართა მესანთლესთან, რომელმაც გვითხრა წყალი არ ჩამოდისო.
ამ სტატიაში მოგიყვებით, რატომაა საფრთხეში ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რა პრობლემები დადგინდა ჯერ კიდევ ორი წლის წინ და რა არ/მოიმოქმედა მას მერე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.
როგორ აგვარებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ბაგრატის პრობლემას?
2017 წლის შემდეგ ბაგრატის ტაძარში წყლის შეღწევაზე მედია ბევრს წერდა. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მხოლოდ 2021 წელს გამოფხიზლდა და პრობლემის შესასწავლად შპს “სენსონი” დაიქირავა. მათ 34 ათას ლარად მოამზადეს და 2021 წლის დეკემბერში სააგენტოს ჩააბარეს დოკუმენტი, რომელშიც ტაძრის დაზიანების გამომწვევი მიზეზები იყო აღწერილი. გასცეს რეკომენდაციებიც, თუ რა სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო გადაუდებლად, მაგრამ სააგენტოს აქედან ოთხი თვის განმავლობაში ნაბიჯი არ გადაუდგამს.
2022 წლის აპრილში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მეორე ტენდერი გამოაცხადა. საბოლოოდ, “სენსონის” რეკომენდაციების მიხედვით ტაძრის რეაბილიტაციის პროექტის მომზადება შპს “გეოანალიტიკას” დაავალეს და ბიუჯეტიდან 66 ათასი ლარი გადაუხადეს.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მიღება-ჩაბარების დოკუმენტი ატვირთული არ არის, თუმცა, კომპანიის დირექტორი შალვა ქურიძე გვეუბნება, რომ პროექტი სააგენტოს ერთი თვის წინ ჩააბარეს, ახლა კი ჯერი მათზეა – ეს დოკუმენტი კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე უნდა განიხილონ და დაამტკიცონ, შემდეგ შეჯერდნენ საპატრიარქოსთან, როგორც ძეგლის მესაკუთრესთან.
პროექტის ავტორის თქმით, ბაგრატის ტაძრის სახურავის დაზიანებული ფრაგმენტები, საიდანაც წყალმა გაჟონა, უნდა გადაიხუროს თუნუქით.
“სენსონის” რჩევა იყო, ბაგრატის ტაძარი მოჭიქული კრამიტით გადაეხურათ. “… სასურველია მოიხსნას სპილენძის საფარი და ჩანაცვლდეს მოჭიქული კრამიტით, აგრეთვე აუცილებელია დაცული იყოს ფერი, პირვანდელი ნიმუშების მიხედვით, რაც აღმოჩენილია ტაძრის ტერიტორიაზე,”- ვკითხულობთ დასკვნით რეკომენდაციებში.
თუმცა, მაგრამ პროექტის ავტორის თქმით, კრამიტის მასალა ძვირი ჯდება. გარდა ამისა, გაითვალისწინეს ისიც, რომ ქვეყანაში თუნუქის გადახურვის სპეციალისტები უფრო გვყავს, ვიდრე სპილენძის, ან კრამიტის.
“დაზიანებული რაც არის გუმბათქვეშა კვადრატი, იქ ვაკეთებთ თუნუქს… [კრამიტი] ძვირი სიამოვნებაა, ჩემო კარგო… ვისურვებდი, რომ ყოფილიყო მოჭიქული კრამიტი, მით უმეტეს, ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, რომ ქვეშ იქნებოდა თანამედროვე გადახურვა, 5 სანტიმეტრი სისქის, რომ წყალი არ გაატაროს… მანდ თავის დროზე ლორფინიც [ქვის გადახურვა] იყო, ეს ყველაზე მაგარია, თუმცა ამის სპეციალისტი აღარ გვყავს. ვინც იყო, მოკვდა და სწავლა აღარავის უნდა. თუნუქის სახურავის სპეციალისტები, ჯერჯერობით, გვყავს საქართველოში,”- გვეუბნება ქურიძე.
პროექტის ავტორმა ისიც აგვიხსნა, რამ გამოიწვია ბაგრატის ტაძრის სახურავში წყლის შეღწევა. ქურიძის აზრით, ბაგრატის ტაძარი ჩქარი ტემპით გადახურეს, რის გამოც ელემენტები არასწორად გაკეთდა და შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ დროებითი გადახურვა უფრო იყო, ვიდრე მუდმივი.
“მიბჯენის ნაწილში, ჰიდროიზოლაციების და რაღაცების სრული კონსერვაცია ვერ მოხდა, ტექნოლოგიურად ნაჩქარევად იყო გაკეთებული. თუ გინდა რომ დიდხანს გაძლოს, ეს ელემენტები სხვანაირად კეთდება… სახურავს 15 სხვადასხვა დეტალი მაინც აქვს, რომლებიც არ არის ბოლომდე გაკეთებული. ჩქარა მიაფარეს რაღაცა, იმ პირობით, რომ შემდგომში კაპიტალურად გაკეთდებოდა.”
არქიტექტორ-რესტავრატორ გოგოთურ მისრიაშვილის თქმით, ბაგრატზე ჩატარებული კვლევებით უჩნდება განცდა, რომ მხოლოდ ფრაგმენტულ გადახურვას კიარა, მასშტაბურ რესტავრაციას გეგმავენ:
“ბაგრატში წყლის ჩასვლა ჯერ კიდევ 2016-2017 წლებში ფიქსირდება. შესაბამისად, პრობლემის აღმოსაფხვრელად რაიმე რეაგირება ძალიან დაგვიანებულია. თუმცა, სჯობს დაგვიანებით მაინც მიეხედოს ამ პრობლემას… რაც შეეხება პროექტს, შესრულებული მრავალმხრივი საპროექტო სამუშაოები და კვლევები აჩენს ეჭვს, რომ მასშტაბური სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვისაა მზადება. სხვა შემთხვევაში, ვერ ვხვდები, რაში სჭირდებათ ამხელა კვლევა თუნუქის რიგ ადგილებში შესარემონტებლად.”
როდის, ვინ და რა თანხით მოაწყობს ბაგრატის ტაძარის სახურავს, ჯერჯერობით, უცნობია. ვიცით მხოლოდ ის, რომ პროექტი განხილვის ეტაპზეა. სამუშაოების დაწყების თარიღზე და სავარაუდო დანახარჯებზე ვერც ოფიციალური უწყებებიდან ვიგებთ რამეს. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური ჩვენს ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებას არ პასუხობს. ამის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან საჯარო ინფორმაციაც გამოვითხოვეთ. ჯერჯერობით, პასუხისთვის კანონით განსაზღვრული ვადა აქვთ და ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სტატია შესაბამისად განახლდება.
თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
ბაგრატის ტაძარი და მიმდინარე პრობლემები?
2021 წელს შპს “სენსონმა” დაათვალიერა ტაძრის გუმბათის ყელი, მკლავების გადახურვები, კედლების შეპირისპირების მონაკვეთები, ასევე ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის გადახურვების მდგომარეობა, სადაც წვიმისა და თოვლის ნალექი ჟონავდა.
მკვლევრები წერდნენ, რომ ბოლო სართულზე, გაჟონვის ადგილებში შეინიშნებოდა ჭარბი ტენიანობა; კედლები – დამარილებული, იატაკი – ნესტიანი, ლამინატის პარკეტი კი დეფორმირებული იყო; ჰიდროიზოლაცია არ ჰქონდა და წყალს ატარებდა გუმბათის და ფასადის ხის სარკმლები; სველდებოდა და ზიანდებოდა ტაძრის საძირკველიც.
საბოლოოდ, დაადგინეს წყლის გაჟონვის მიზეზები. “სენსონის” თქმით, ბაგრატის ინტერიერში წყალი გუმბათის ყელიდან ჩადიოდა. საქმე ისაა, რომ გუმბათის თარო (ფანჯრის რაფის მსგავსი ელემენტი) არასწორი მიმართულებით, გუმბათის ყელისკენ იყო დახრილი. ამის გამო თაროზე დაგროვილი ნალექის წყალი დახრილ ქანობს მიუყვებოდა, ყელში ჩაედინებოდა და ინტერიერში აღწევდა.
ბაგრატის სახურავის რეაბილიტაციის პროექტის ავტორი შალვა ქურიძე გვიხსნიდა, რომ ეს იგივეა, ფანჯრის რაფა კედლისკენ იყოს დახრილი და რაფაზე დაგროვილი წყალი სახლში შემოგვდიოდეს.
ორი წლის წინ “სენსონის” მკვლევრებმა დაადგინეს ტაძარში წყლის ჩასვლის კიდევ ერთი მიზეზი – არასწორად დამონტაჟებული განათება. სპილენძის მილში გაყვანილი ელ.ენერგიის სადენები დამაგრებული იყო გუმბათის თაროზე, ქმნიდა ერთგვარ საცობს, რის გამოც დაგროვილი წყალი ვერსად მიდიოდა და ტაძრის ინტერიერში აღწევდა.
“წარმოიდგინეთ, რომ ფანჯრის რაფა არის დახრილი შიგნით, ფანჯრისკენ. ნაპირის მხარეს რომ ჯოხი ან მილი დადო, ხომ შეიქმნება ერთგვრი აბაზანა. წვიმა რომ წამოვა და წყლით გაივსება რაფა, სად წავა წყალი?,”- აგვიხსნა კვლევის ხელმძღვანელმა შალვა ქურიძემ.
პრობლემების აღწერის გარდა “სენსონმა” სააგენტოს მათი აღმოფხვრის გზებიც შესთავაზა. მაგალითად, თქვეს, რომ ხის სარკმლები ჩანაცვლებულიყო ალუმინის, მაგრამ ხის ვიზუალის ჩარჩოებით; ტაძრის ფასადსა და ინტერიერში აღდგენილიყო ქვის წყობა და ქვებს შორის სიცარიელეები შეევსოთ კირის დუღაბით; განათების გაყვანილობა გადაეწყოს ისე, რომ ხელს არ უშლიდეს ნალექის გადინებას; გაიწმინდოს ქვის ზედაპირები ხავსისა და სხვა მცენარეებისაგან; ძეგლის მდგომარეობის კონტროლისათვის, შემუშავდეს ტაძრის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო გეგმა.
ასახეს თუ არა ეს რჩევები ახალ პროექტში და გვაქვს თუ არა გარანტია, რომ მომავალში მაინც ავირიდებთ თავიდან ტაძარში წყლის ჩასვლის საფრთხეს, რთული სათქმელია.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ვთხოვეთ, რომ მოგვაწოდონ ბაგრატის სახურავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი და ტაძრის მოვლა-პატრონობის გეგმა (არსებობის შემთხვევაში). მათგან პასუხს ველით, დოკუმენტის მიღებისთანავე კი მას დეტალურად გავაანალიზებთ და განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით.
ძეგლის მეპატრონესთან, ანუ საპატრიარქოსთანაც მოვიკითხეთ, როდის განიხილავენ ბაგრატის ტაძრის სახურავის რესტავრაციის პროექტს და როდის დაიწყება უშუალოდ გადახურვის სამუშაოები. პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე ზარზე რომ არ გვპასუხობდა, კითხვები წერილობით გავუგზავნეთ, მაგრამ, ჯერჯერობით, არ გამოგვხმაურებია.
ამასობაში, ზამთარი ახლოვდება და ავდარში სახურავზე მუშაობა გაჭირდება. წესით, ეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოშიც უნდა ესმოდეთ და ჩქარობდნენ. ვნახოთ, იქნებ ამჯერად მაინც გამოიჩინონ გულისხმიერება და კიდევ ერთი ისტორიული ძეგლი არ გადააყოლონ საკუთარ უპასუხისმგებლობას.
მასალაში გამოყენებული წყაროები