fbpx
chkonia SUM

ბიზნესმენის პოლიტიკური აღმასვლა – რა გზა გაიარა გიორგი ჭყონიამ “ოცნების” დელეგატობამდე? 

“ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი დეპუტატების ნაცვლად, 2024 წლის არჩევნებზე დელეგატები წარადგინა. ისინი სიის სათავეში, გამსვლელ პოზიციებზე იქნებიან და პარლამენტში რეგიონებს წარმოადგენენ. 

ამ სიახლით აშკარაა, რომ მმართველი გუნდი ვერ შეელია მაჟორიტარულ სისტემას, რომელიც ხელისუფლებებს ყოველთვის ხელს აძლევდა, ხმების მოსაზიდად, გარანტირებული მანდატების მოსაპოვებლად და საპარლამენო კონტროლის გასანაღდებლად. 

15 აგვისტოს, “ქართულმა ოცნებამ” ქობულეთის ოლქის დელეგატად ბიზნესმენი გიორგი (გია) ჭყონია მიავლინა.

ჭყონია მართავს და ფლობს სასტუმროებს, რესტორნებს, სავაჭრო ცენტრებს, კრიპტოვალუტის ბიზნესს, სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს. ბიზნესმენის კარიერის პარალელურად, ახლო ურთიერთობები აქვს და ჰქონდა ხელისუფლებებთან. 

ჭყონიას გავლენიანი პოლიტიკოსი მეგობრები და ერთგვარი დასაყრდენი ძალები ჰყავდა “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდშიც და ასე გააგრძელა“ქართული ოცნების” დროსაც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგვარი ადაპტაციის უნარი გამოავლინა. 

ბიზნესმენი მმართველი პარტიების ფინანსური მხარდამჭერიცაა – თანხებს ჯერ “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტს სწირავდა, 2016-2024 წლებში კი ჭყონიამ, მისმა ოჯახმა და ბიზნესგარემოცვამ “ქართულ ოცნებას” 1.6 მილიონი ლარი ჩაურიცხეს. გულუხვობა დაუფასდა კიდეც – 2017 წლიდან მის კომპანიებს ტენდერები მოუმრავლდათ. 

სახელმწიფო შესყიდვები გიორგი ჭყონიას ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო იყო და არის. ჭყონია 31 კომპანიის მფლობელია. მათგან სამი კი სახელმწიფო შესყიდვებით მილიონობით ლარის შემოსავალს იღებს. 2011 წლიდან დღემდე, “ბათუმი ცენტრალმა”, “შატო კვირიკემ”(ემ-თი-ეს) და “გზამ” ჯამში 457 მილიონი ლარის 186 ხელშეკრულება გააფორმეს. კომპანიები ტენდერების 73 პროცენტს უკონკურენტოდ იგებს.

შთამბეჭდავია გიორგი ჭყონიასთან დაკავშირებულ გავლენიან პირთა ჩამონათვალიც-ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, ბათუმის ყოფილი ვიცემერი თენგიზ პეტრიძე, აჭარის ა/რ-ის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. ჭყონიას ამ ადამიანებთან ბიზნესპარტნიორობა და მეგობრობა აკავშირებს. 

რაც შეეხება ქვეყნის უმდიდრეს კაცს, ბიძინა ივანიშვილს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოლიგარქის დენდროლოგიურ პარკში გიგანტური ხეები ჭყონიას კომპანიამ, შპს “გზამ” გადაიტანა. გარდა ამისა, ოლიგარქმა გიორგი ჭყონიას მიჰყიდა თბილისის ცენტრში უკანონოდ აგებულიშპს “საყვავილეს” შენობა.

ტენდერების გარდა, გიორგი ჭყონიას სახელმწიფოსგან სხვა სარგებელიც მიუღია – ქობულეთში, სასტუმრო კომპლექს “შალე კვირიკეს” ტერიტორია, რომელიც ტყის ფონდს ეკუთვნის, პრივილეგირებული პირობებით ჩაიგდო ხელში და ახლა იქ სარფიანი ბიზნესი აქვს გაჩაღებული. 

აი, ასეთი წარსულის მქონე გიორგი ჭყონია აპირებს ახლა ქობულეთის დელეგატობას. თუ “ქართულ ოცნებას” ჩანაფიქრი გამოუვიდა, სახელმწიფო რესურსები და ბიზნესინტერესები კიდევ უფრო გადაიჯაჭვება. შედეგად კი ჩნდება რისკი, რომ მეტი საქმე მოგვარდეს უკვე კარგად ნაცადი მეთოდით – “ქართულ ჯიგრულ პონტში”. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ვინ არის “ოცნების” დელეგატად მივლენილი გიორგი ჭყონია – ბიზნესმენი, კომფორტულად ორ ხელისუფლებასთან
ვინ არის გიორგი ჭყონია

ვინ არის “ოცნების” დელეგატად მივლენილი გიორგი ჭყონია – ბიზნესმენი, კომფორტულად ორ ხელისუფლებასთან

გიყვებით ქობულეთის დელეგატის წარსულსა და გავლენიან კავშირებზე

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოში

როგორ გართულდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოში და რატომ არის ეს საგანგაშო?

მთავრობა კანონმდებლობას არღვევს და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ზღუდავს

Total
0
Share