fbpx
skveri

სკვერი ფარცხალაძის კორპუსების მოლოდინში

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ხუთ კორპუსს შორის მოქცეულ კლდეზე, ადგილობრივები სკვერს უკვე 30 წელია მერიის დახმარების გარეშე უვლიან. 2016 წელს კი მერიამ სკვერის ტერიტორია ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიას მისცა. ადგილობრივებმა ამ გარიგების შესახებ არაფერი იცოდნენ. ფარცხალაძე სკვერის ნაწილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხი 27 სართულიანი კორპუსის აშენებას აპირებს და მერიისგან ნებართვას ერთი წელია ელოდება.

მერიასა და ფარცხალაძეს შორის მიწების გაცვლის ფაქტით სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც დაინტერესდა. სწორედ ამ პროცესს უკავშირებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა თორდია 2017 წლის მაისში მასსა და ფარცხალაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. აუდიტის სამსახური ამ დროს დასკვნას ამზადებდა ფარცხალაძის საქმიანობის შესახებ.

სკვერის მიმდებარედ, ნუცუბიძის 77 ნომერში მცხოვრები ტერეზა ერქომაიშვილი ერთ-ერთია, ვისაც ტერიტორიის გამწვანებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ის და მისი მეზობლები ყოფილი პროკურორის კომპანიისთვის სკვერის დათმობას არ აპირებენ.


ადგილობრივების თქმით, თბილისის მთავრობამ სკვერის არსებობის შესახებ სამი წლის წინ გაიგო, როცა მოსახლეობამ მერიას მისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართა. მოსახლეობამ ე.წ. “ზონალური საბჭოსგან” თანხმობა მიიღო და გადაწყვეტილება უკვე საკრებულოს უნდა დაემტკიცებინა. ამის შემდეგ გაურიგდა თბილისის მთავრობა ყოფილ პროკურორს და სკვერი მის კომპანიას შპს “ბი ეს არ– სი დი ჯი დეველოპმენტს” ზიანის ასანაზღაურებლად გადასცა.

2012 წელს, შპს “ბი ეს არ–სი დი ჯი დეველოპმენტი” მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამ ნაკვეთს ფლობდა. აქედან ერთზე, რომლის საერთო ფართობი 2,302 კვ.მ. იყო, მერიამ ვარაზისხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზა, ე.წ. “ახალი გზა” გაიყვანა. გზამ საერთო ჯამში კომპანიის საკუთრებაში მყოფი ნაკვეთის 74 პროცენტი ანუ 1,700 კვ.მ. დაიკავა.

კომპანიის მაშინდელი მფლობელები საქართველოში რეგისტრირებული კომპანია “ქონსთრაქშენ ენდ დეველოპმენტ გრუპი” და ნიდერლანდებში რეგისტრირებული “გიბორ ბსრ იუროპ ბი-ვი” იყვნენ. კომპანიის წარმომადგენლები თბილისის მერიას ზიანის ანაზღაურებას 4 წლის მანძილზე უშედეგოდ სთხოვდნენ.

თუმცა, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიაში გამოჩენიდან თვენახევარში მერია ზიანის ანაზღაურებას დათანხმდა. ფარცხალაძემ პროკურატურა 2013 წელს დატოვა. კომპანიის მეწილე კი 2016 წლის 29 თებერვალს გახდა. 2016 წლის 15 აპრილს საკრებულომ კომპანიისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით განკარგულება გამოსცა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია 2012 წლიდან ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას ფულადი კომპენსაციის სახით, რაზეც მერია ფინანსური სახსრების უქონლობის გამო არ დათანხმდა. სანაცვლოდ მერიამ მათ სხვა ნაკვეთი შესთავაზა, რომელიც კომპანიისთვის მისაღები არ აღმოჩნდა და გარიგება ვერ შედგა. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოში არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რომელი მიწის ნაკვეთი შესთავაზეს 2012 წელს კომპანიას.

2016 წლის 29 თებერვალს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ფარცხალაძე კომპანიაში გამოჩნდა, მერიის “ქონების მართვის სააგენტოში” მორიგი წერილი შევიდა. ამჯერად, კომპანია თავად ასახელებდა საბურთალოზე მდებარე სამ ნაკვეთს, რომელიც მერიას მათთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით უნდა გადაეცა.

საკრებულომ კომპანიის მოთხოვნა დააკმაყოფილა, შპს “ბი ეს არ–სი დი ჯი დეველოპმენტს” გადაეცა მათ მიერვე მოთხოვნილი, საბურთალოზე, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე 6,708 კვ. მ. ფართობის ორი ნაკვეთი, მათ შორის, ერთი სკვერის ტერიტორია იყო.

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის, თამარ დვალის ინფორმაციით, ასეთ შემთხვევებში ისინი არ ინტერესდებიან კომპანიის მფლობელის ვინაობით. დვალის თქმით, აღნიშნულმა კომპანიამ კანონის ფარგლებში მოითხოვა მიწების გაცვლა და გადაეცა მიწის ნაკვეთი, რომელიც ქალაქგეგმარებითი დასკვნის შესაბამისად, არ წარმოადგენდა რეკრეაციულ ზონას.
ნუცუბიძის 77 ნომერში მცხოვრები თემურ ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობამ სკვერისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭება ჯერ კიდევ 2014 წელს მოითხოვა.

აუდიტის სამსახურის შუალედური ინფორმაციის თანახმად, მერიას 2012 წელს რომ აენაზღაურებინა კომპანიისთვის მიყენებული ზარალი, მოუწევდა 513,346 ლარის გადახდა. აუდიტის სამსახური წერს, რომ ამ შემთხვევაში “მერიამ მოლაპარაკების და ზარალის ანაზღაურების პროცესი წარმართა იმგვარად, რომ საბოლოო ჯამში კომპანიას ზარალი აუნაზღაურა 4 წლის დაგვიანებით და გაცილებით მეტ თანხაზე, კერძოდ, გადასცა 2,615,100 ლარის ღირებულების მიწები.” გამოდის, რომ მერიამ ამ გარიგებით 2.1 მილიონ ლარზე მეტი დაკარგა.

ამ მიწის მიღებიდან 3 თვეში ფარცხალაძემ მერიას კვლავ მიმართა. ამჯერად, მიღებული ორი ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მესამე ნაკვეთის აუქციონის ფორმით შესყიდვას ითხოვდა, ვინაიდან ეს ტერიტორია დაგეგმილი სამშენებლო პროექტის განსახორციელებლად იყო საჭირო. მერიამ აუქციონის პირობები ფარცხალაძის მიერ მერიისთვის გაგზავნილი წერილიდან გამომდინარე შეადგინა. აუდიტის სამსახურის შუალედური ინფორმაციის თანახმად, 31 აგვისტოს მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში მოთხოვნილი იყო შემდეგი აუცილებელი პირობები:

–მომიჯნავე ნაკვეთთან გაერთიანება;
–აუქციონის ჩატარებიდან არაუმეტეს ორი წლის ვადაში 200 კვ.მ. ნაკვეთზე ცალკე შენობის აშენება ან არსებული შენობის რეკონსტრუქცია და მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

გამოცხადებული აუქციონი, აუდიტის სამსახურის ცნობით, უკონკურენტო გარემოში ჩატარდა და კომპანიამ მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება 1.7 მილიონ ლარს აღწევდა, 975,400 ლარად შეიძინა.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დოკუმენტში წერია: “არსებობს რისკი, რომ უკონკურენტო გარემოსა და შპს “ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის” გამარჯვებას ხელი შეუწყო აუქციონის პირობამ, რომლის მიხედვითაც აუცილებელი მოთხოვნა იყო მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან გაერთიანება.” მომიჯნავე ნაკვეთი კი ამ დროს სწორედ ფარცხალაძის კომპანიის საკუთრება იყო.

2016 წლის აპრილიდან ნოემბრამდე კომპანია შპს “ბი ეს არ– სი დი ჯი დეველოპმენტმა” თბილისის მთავრობისგან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მიღებაზე უარი სამჯერ მიიღო. ე.წ. “ზონალური საბჭოს” წევრებმა უარის მიზეზად ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება და სარეკრეაციო სივრცის საზღვრების დარღვევა დაასახელეს.

კომპანიამ მეოთხე ჯერზე საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, მრავალფუნქციური კომპლექსის (სავაჭრო, საოფისე, საცხოვრებელი) მშენებლობის ნებართვა 2016 წლის დეკემბერში მოითხოვა. მათი განცხადება ისევ განხილვის პროცესშია. განაცხადის თანდართულ განმარტებით ბარათში წერია, რომ “საპროექტო ტერიტორიის 50 პროცენტს წარმოადგენს გამწვანებული ტერიტორია, რომელიც მდიდარია მასზედ არსებული ხე-ნარგავებით, რაც ზრდის აღნიშნული ტერიტორიის პოტენციალს ეკონომიკური თვალსაზრისით.”

კომპანია ასევე წერს, რომ ინტენსიურად გამწვანებულ ადგილზე მოეწყობა სკვერი საფეხმავლო ბილიკებითა და მოსასვენებელი სკამებით.

ნუცუბუძის 77 ნომერში მცხოვრები ტერეზა ერქომაიშვილის თქმით, კომპანიამ ადგილობრივებს სიტყვიერი პირობა მისცა, რომ მოსახლეობის მიერ გაშენებული სკვერი ხელუხლებელი დარჩებოდა. თუმცა, პროექტის ბოლო გეგმაში ნათლად ჩანს, რომ კომპანია სკვერის სათავისოდ გამოყენებას მაინც გეგმავს. სკვერის ტერიტორიის ნაწილზე საბავშვო მოედანი უნდა განთავსდეს, ხოლო ნაწილი მშენებლობისთვისაა გათვალისწინებული.

ორგანიზაცია “ინიციატივა საჯარო სივრცისათვის” წარმომადგენელი, ანანო ცინცაბაძე ამბობს, რომ ეს არ არის მოსახლეობისთვის დამაკმაყოფილებელი შემოთავაზება, რადგან სკვერის სივრცე მაინც ირღვევა: “მოსახლეობა თვითონ უვლის ხეებს და აბსოლუტურად არ უღირთ იქ არც საქანელის დაყენება და არც რაიმე სხვა ატრაქციონის აღმართვა.” ცინცაბაძის თქმით, ფართობის შემცირების გარდა, სკვერის ეს ნაწილი იქნება კერძო ტერიტორია, რაც მეზობლებისთვის პრობლემებს წარმოქმნის.

ტერეზა ერქომაიშვილი შიშობს, რომ მოსახლეობას არ აქვს გარანტია, აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი მართლა განთავსდება თუ არა. შესაბამისად, არც ამ 450 კვ.მ. მიწის დათმობა სურთ.

აუდიტის სამსახური თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობას დღემდე სწავლობს. ფარცხალაძესა და მერიას შორის მიწების გაცვლის საქმის გამოძიებით პროკურატურაც დაინტერესდა. თუმცა, საქმის კვლევა დღემდე არ დასრულებულა.

ავტორები: ნანუკა ბრეგაძე და ნინო აბდალაძე

კომენტარები
Total
0
Shares
Next
დაჭრილი კანდიდატი თავს უკეთ გრძნობს
kandidati

დაჭრილი კანდიდატი თავს უკეთ გრძნობს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share