fbpx
bavshvta saavadmyofo

დაუჯერებელი ამბები ბავშვთა საავადმყოფოებიდან

4 წლის წინ, დღემდე დაუდგენელი ვირუსით და მაღალი სიცხით, მე და ჩემი შვილი ციციშვილის სახელობის “ბავშვთა ახალი კლინიკის” გადაუდებელი დახმარების განყოფილებას მივადექით. დღემდე თითქმის ყველა დეტალი მახსოვს, მაგრამ რამდენიმე განსაკუთრებით შემორჩა ჩემს მეხსიერებას: სიმსივნით დაავადებული ერთი წლის ბავშვის მშობელს მედპერსონალი რეანიმაციის განყოფილებაში არ უშვებდა, რადგან ნახვის საათები ჯერ არ იყო; პატარა ბიჭი ცერებრალური დამბლით, რომელსაც საფენის იშვითად გამოცვლის გამო კანი ჰქონდა დაზიანებული. კიდევ მახსოვს ექთანი, რომელიც მორიგეობის დროს ხანდახან იძინებდა და ჩემს შვილს წამლებს არ ასმევდა; ასევე მახსოვს ღამე, როცა ჩემს შვილს სიცხემ აუწია, ჯერ კიდევ სტუდენტი ექიმი და ექთნები კი ერთმანეთს დაბნეული ეკითხებოდნენ, რომელი ანტიბიოტიკი დაენიშნათ.

ყველაზე რთული მაინც იმის მოსმენა იყო, რომ არსებობდა წამალი, რომელიც ბავშვს უშველიდა, მაგრამ საავადმყოფო, სიძვირის გამო, არ ყიდულობდა. მე მაშინ გამიმართლა, – კლინიკის მმართველ გუნდში ნაცნობი აღმოვაჩინე და წამალი იყიდეს.

ორი კვირის შემდეგ მე და ჩემმა შვილმა საავადმყოფო დავტოვეთ.

დღემდე ვფიქრობ, რა მოხდებოდა, რეანიამაციაში დარჩენა კატეგორიულად რომ არ მომეთხოვა (ქართულ კლინიკებში მშობელს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რეანიმაციაში მყოფი ბავშვის ნახვა მხოლოდ ცოტა ხნით შეუძლია), რა იქნებოდა, იქ რომ არ ვყოფილიყავი და წამლები არ მიმეცა ბავშვისთვის; რა იქნებოდა, მე რომ არ მეკონტროლებინა ტემპერატურა, წამლის მიღების განრიგი, რომ არ დამეძალებინა ბუნებრივი კვება, რომელსაც პირველ კვირაში ექიმები ბავშვს უკრძალავდნენ; რა იქნებოდა, რომ არ გამეყო უდედოდ დატოვებული ბავშვისთვის საჭმელი და რა იქნებოდა, ნაცნობი რომ არ მეპოვა – რა იქნებოდა იმ წამლის გარეშე?

მაშინ საავადმყოფოში ჩემ გარდა კიდევ სხვა მშობლებიც იყვნენ, რომლებიც კითხვებზე პასუხებს ვერ იღებდნენ, ბრაზობდნენ ექიმებზე და ვერ იგებდნენ, როგორ დახმარებოდნენ შვილებს.

ეს სტატია სწორედ ასეთი მშობლების ხმებს აერთიანებს, მშობლების, რომლებიც ბავშვთა კლინიკებში შვილების ავადმყოფობასთან ერთად ებრძოდნენ ექიმების დაუდევარ მოპყრობას, ანტისანიტარიას, დაუდგენელ დიაგნოზს და შიშს, რომ შეიძლება მათი შვილები სტატისტიკის ნაწილი გამხდარიყვნენ, სტატისტიკის, რომელსაც “ბავშვთა სიკვდილიანობა” ჰქვია.


ბავშვთა სიკვდილიანობის სტატისტიკა

ბოლო 10 წლის მანძილზე, სხვადასხვა დაავადებით, 0-დან 14 წლის ასაკის, სულ 10,034 ბავშვი გარდაიცვალა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 0-14 წლის ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი “პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობაა.” სწორედ ამ მიზეზით, 2006-2016 წლებში 5,683 ბავშვი დაიღუპა, რაც საერთო რაოდენობის 56,6 პროცენტს შეადგენს. პერინატალური პერიოდი ფეხმძიმობის 22-ე კვირიდან იწყება და ბავშვის დაბადებიდან 7 დღის ჩათვლით გრძელდება.

თაკო უგულავას, UNICEF-ის ჯანდაცვის ექსპერტის განმარტებით, ნებისმიერი დაავადება, რომელიც ამ პერიოდში ბავშვის გარდაცვალებას იწვევს, გაერთიანებულია ერთ ტერმინში. სწორედ ამ ერთობლიობის გამოა, რომ ყველაზე მეტი ბავშვი, ოფიციალური ვერსიით, “პერინატალურ მდგომარეობაში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობით” იღუპება. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ სხეულს გარდაცვალების მიზეზის დასადგენად არ კვეთენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა სიკვდილიანობის ოფიციალური მაჩვენებელი იკლებს, სხვა ტიპის პრობლემები პედიატრიულ საავადმყოფოებში რჩება, რასაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში შესული საჩივრებიც მოწმობს. 2006-2017 წლებში “ბავშთა კლინკებისა და მათი პერსონალის წინააღმდეგ” სააგენტოში 139 საჩივარი შევიდა. იმავე პერიოდში თავად სააგენტომ ბავშვთა 200 ექიმის საქმიანობა განიხილა პროფესიული განვითარების საბჭოზე. აქედან სამედიცინო საქმიანობის სერთიფიკატი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 59 ექიმს, გაუუქმდა ერთს, ხოლო წერილობითი გაფრთხილება მიიღო 140-მა ექიმმა (წერილობითი გაფრთხილება არ ნიშნავს ექიმისთვის საქმიანობის შეწყვეტას).

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2016 წელს მომზადებულ პერინატალური ჯანმრთელობის ანგარიშში ნათქვამია, რომ 5 წლამდე ბავშთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშნელოვნად შემცირდა.

მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები დღემდე აწყდებიან ექიმების მხრიდან არაკომპეტენტურობას, კლინიკებში არსებულ მძიმე ჰიგიენურ მდგომარეობასა და არასათანადო მოპყრობას.


1. დარიასა და თეოდორას ისტორია


2. ნათიასა და ელენეს ისტორია

2013 წელს ნათიას (სახელი შეცვლილია) უმცროსი, 1 წლის და 10 თვის შვილი ავად გაუხდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მაშინ ექიმებმა უთხრეს, რომ ბავშვს ფილტვების ანთება ჰქონდა, მაგრამ დედა ეჭვობდა, რომ დიაგნოზი არასწორი იყო. “7 შვილი მყავს, მაგრამ მანამდე არაცერთს ასეთი რამე არ დამართნია, ამიტომ დავიბენი,” – იხსენებს ნათია. საბოლოოდ, იაშვილის სახელობის საავადმყოფოში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ პაციენტს ფებრილური გულყრა (კრუნჩხვა) ჰქონდა, რომელიც ბავშვებს შეიძლება 3 თვიდან 6 წლამდე ასაკში განუვითარდეთ.

ნათიას სახელისა და გვარის გამხელა არ სურს. მას, როგორც მრავალშვილიან დედას, ხშირად ბავშვთა საავამდყოფოებში უწევს სიარული. “ისევ იმათ ხელში ვარ,” – მეუბნება ინტერვიუს დაწყებამდე. მეორედ იაშვილის სახელობის კლინიკაში დედა-შვილი 2015 წელს მოხვდა. მაშინ ელენეს სიცხემ აუწია და ნათიამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. დედის თქმით, არასწორი მკურნალობის გამო ბავშვს კრუნჩხვა დაემართა. შემდეგ ექიმებმა პაციენტს გადასხმა არასწორად გაუკეთეს, შედეგად 4 წლის პატარას ხელი გაუსივდა. აღმოჩნდა, რომ პრეპარატი არა ვენაში, არამედ კუნთში შეუყვანეს.

ერთხელაც 2 წლის ელენე მეორე სართულიდან გადმოვარდა. იაშვილის ბავშვთა კლინიკის ექიმებმა მას გატეხილი თავი გაუკერეს, მაგრამ ხელი რომ მოტეხილი ჰქონდა ვერ შეამჩნიეს.


3. თამუნას, გაბრიელისა და ლუკას ისტორია

გაბრიელი წლის და 2 თვის იყო, როდესაც საავამდყოფოში მიიყვანეს. ღამით მას შეტევა დაეწყო. გაბრიელის დედის, თამუნა იარაჯულის თქმით, მორიგე ექიმმა მისი შვილი ღამე უყურადღებოდ დატოვა. როგორც თამუნა ამბობს, მოგვიანებით ექიმი და მისი გუნდი ამ შემთხვევის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

თამუნას კიდევ ერთი გამოცდილება ინფექციურ საავადმყოფოებს ეხება. როდესაც მისი შვილი 5 წლის ლუკა ავად გახდა, ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, იქ არსებული მძიმე მდგომარეობის გამო ლუკა სხვა ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სრულწლოვან პაციენტებს მკურნალობენ. დედა-შვილს იქაც ცუდი პირობები დახვდა.


4. ნინოსა და გიორგის ისტორია

13 წლის გიორგი მშობლებმა საოპერაციოდ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მიიყვანეს. არც პაციენტს და არც მშობლებს მაშინ არ უფიქრიათ, რომ ახალნაოპერაციებ გიორგის ზემოდან 2 წლის პაციენტს დააწვენდნენ და პალატაში ისე ჩამოიყვანდნენ.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ლატარიის ლიცენზიის ახალ მფლობელს ბულგარეთში კრიმინალური კავშირები აქვს
lottery

ლატარიის ლიცენზიის ახალ მფლობელს ბულგარეთში კრიმინალური კავშირები აქვს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share