fbpx
რეაბილიტაცია 1

ჩვენი პასუხი საპატრიარქოს

13 აგვისტოს “აი, ფაქტის” მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის ხარვეზებს და ისტორიული მხატვრობის განადგურების რისკებს ავლენს, 15 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა. 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ფეისბუქ პოსტში ბრალს გვდებს, თითქოს სტატიაში გელათის რეაბილიტაციის პროცესი არაობიექტურად და ტენდენციურადაა გაშუქებული. თუმცა, არ აკონკრეტებენ, სტატიაში ასახული რომელი ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს. 

საპატრიარქოს გამოხმაურებაში ყურადღება არ არის გამახვილებული მთავარზე, გელათის უნიკალური მხატვრობის დაკარგვის რისკებზე. სამაგიეროდ, პოსტში გაკრიტიკებულია “აი, ფაქტის” ერთ-ერთი რესპონდენტის, მხატვარ-რესტავრატორ მერაბ ბუჩუკურის ციტატა და მას პატრიარქის დისკრედიტაციაში სდებენ ბრალს. 

ფეისბუქ პოსტში წერენ “…ამას აჯერებენ ეკლესიის არაკეთილმოსურნენი საზოგადოებას, რომ თითქოს მისი უწმინდესობა, მისი მამამთავრული სიბრძნით ვეღარ მართავს ეკლესიას და ამით აბნევენ ჭეშმარიტებასა და სიმართლეში.”

ეს ნაწილი მხოლოდ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინტერპრეტაციაა და გაუგებარია, რა კავშირი აქვს “აი, ფაქტის” ჟურნალისტურ გამოძიებასთან. სტატიაში არაფერია ნათქვამი პერსონალურად ილია მეორეს ქმედებების და მისი მართვის სტილის შესახებ.

ასევე გვადანაშულებენ, რომ სტატიაში დამახინჯებულია ფაქტი ილია მეორეს მიერ იუნესკოსთვის გაგზავნილი წერილის შესახებ. აპროტესტებენ, რომ ამ წერილით ილია მეორეს გელათის რეაბილიტაციის ნებართვა არ მოუთხოვია და იუნესკოს მხოლოდ მისიის გამოგზავნისთვის მიმართა, მონასტრის მდგომარეობის შესასწავლადო. 

 “აი, ფაქტის” სტატიაშიც ასევე წერია, რომ 2022 წლის 30 სექტემბერს ილია მეორემ წერილი გაუგზავნა იუნესკოს და მოსთხოვა გელათის პრობლემების შესასწავლად მისიის გამოგზავნა. როგორც ჩანს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ტექსტი დაკვირვებით არ წაუკითხავს. 

“აი, ფაქტი” გელათის რეაბილიტაციის პროცესზე 2020 წლიდან აქტიურად წერს – ვავლენდით როგორც მხატვრობის, ისე გადახურვის პრობლემებს. ვწერდით კრიტიკულ სტატიებს მაშინაც, როცა პროცესს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო უძღვებოდა და იგივეს ვაგრძელებთ მას შემდეგაც, რაც საქმე საპატრიარქომ გადაიბარა. ჩვენი მუშაობის მიზანი არასოდეს ყოფილა რომელიმე მხარის დისკრედიტაცია, პირიქით, გვსურდა და გვსურს პრობლემებზე საუბარი იმისთვის, რომ პასუხისმგებელი პირების დროული და სათანადო რეაგირება გამოვიწვიოთ. ამის შედეგად კი გელათი, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გადარჩეს. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
OCCRP-ის განცხადება  საქართველოს მთავრობის თავდასხმების საპასუხოდ 
bidzina

OCCRP-ის განცხადება  საქართველოს მთავრობის თავდასხმების საპასუხოდ 

"ქართული ოცნების" თავდასხმების საპასუხოდ ვაქვეყნებთ დოკუმენტურ მასალას

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share