fbpx
GEDF

Რა სარგებელი მოაქვს ენერგეტიკის განვითარების ფონდს? 

2014 წელს გორში კრიპტოვალუტის მომპოვებელი პირველი ცენტრი გაიხსნა. ცენტრს კომპანია “ბიტფური” ფლობდა და ისინი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების” ფონდის ჩართულობით შემოვიდნენ. კრიპტოვალუტის მოპოვებას განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ელ.ენერგია სჭირდება. 

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ 2014 წელს საქართველოს უფრო მეტი ელ. ენერგია დასჭირდა, ვიდრე წინა წლებში? ადგილზე მეტის გამომუშავების რესურსი არ იყო და ამიტომ მთავრობამ ელ.ენერგიის საზღვარგარეთ ყიდვა გადაწყვიტა. 2013 წელს თუ 30 მილიონი აშშ დოლარის ელ. ენერგია ვიყიდეთ, 2014 წელს უკვე 51 მილიონისა დაგვჭირდა. 

ამის შემდეგ “ბიტფურიმ” საქართველოში კიდევ ერთი, ხუთჯერ დიდი სიმძლავრის ცენტრი უკვე თბილისშიც გახსნა. კრიპტოვალუტის წარმოება კერძო პირებისთვისაც მიმზიდველი საქმიანობა გახდა და ბევრმა მიჰყო ხელი ამ ბიზნესს. ამას ემატება ეკონომიკის მცირე, მაგრამ მაინც ზრდა, საოჯახო მეურნეობების გაზრდილი მოხმარების დონე. შესაბამისად, ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ელ. ენერგია გვჭირდება. 

ჩვენც ვყიდულობთ მეტსა და მეტს.

import grafika 1

მეზობელი ქვეყნები არიან ისინი, ვისგანაც ელ.ენერგიის უმეტეს ნაწილს ვყიდულობთ ხოლმე. ბოლო წლებში ნელ-ნელა ვზრდით რუსეთიდან იმპორტირებული ელ.ენერგიის რაოდენობას. თუმცა, აზერბაიჯანი კვლავ მთავარი იმპორტიორის როლს ინარჩუნებს. 

ერთი წლის წინ ამ დროს ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტიური საპროტესტო გამოსვლები იყო. საზოგადოება, პოლიტიკოსები, მედია კამათობდნენ იმაზე, მოგვიტანდა თუ არა ეს პროექტი იმდენ ელ.ენერგიას, რომ იმპორტი საჭირო აღარ გამხდარიყო. ინვესტორმა პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა. 

ნამახვანჰესის პროექტის განვითარებაშიც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი იყო ჩართული. პროცედურების დაგეგმვაზე და ინვესტორის მოძიებაზეც ფონდი იყო პასუხისმგებელი. როგორც მისი სახელიდანაც ჩანს, ფონდის მიზანია ჩვენი ენერგეტიკის სექტორის განვითარება. ამისთვის მათ უნდა ჰქონდეთ პროექტის იდეა, მოამზადონ შეთავაზება, მოიზიდონ ინვესტორები და შედეგად სისტემამ მეტი ელ.ენერგია გამოიმუშაოს ადგილზე. 

მურმან მარგველაშვილი ენერგეტიკოსია და ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ხელმძღვანელობს. მისგან გვაინტერესებდა აზრი, ვითარდება თუ არა ჩვენი ენერგეტიკა, რასაც ფონდი ისახავს მიზნად.

“საქართველოს ენერგოსისტემა ვითარდება, თუმცა, ამ განვითარებით მაინც ვერ ეწევა მოთხოვნებს, რადგან ინფრასტრუქტურის განვითარება და ინვესტიციები შემცირებულია. უშუალოდ ელექტროენერგეტიკულ სისტემაშიც ჩაიდო ინვესტიციები, აშენდა თბოსადგურები, მაგრამ მოხმარება უფრო სწრაფად იზრდება და ენერგეტიკული უსაფრთხოების მდგომარეობა უარესდება. ვერ ავაშენეთ გაზსაცავი, ვერ ავაშენეთ ბევრი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც უნდა ავაშენოთ თუ გვინდა დამოუკიდებელი ქვეყანა გვქონდეს,” –  ამბობს მარგველაშვილი. 

2010 წელს ენერგეტიკის განვითარების ფონდი იმისთვის შეიქმნა, რომ ქვეყნის ენერგო პოტენციალის რეალიზაციისთვისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის ხელი შეეწყო. 11 წელში ფონდმა მხოლოდ სამი პროექტის დასრულება შეძლო. ესენია დარიალი ჰესი, ქართლის ქარის ელექტროსადგური და გარდაბნის თბოელექტროსადგური 2. ამ პროექტებმა 2016-2021 წლებში, ჯამში, სულ 4 მლრდ კვტ/სთ გამოიმუშავა. ამ პროექტების მიერ გამომუშავებული ელ.ენერგია 2021 წლის მონაცემით, ჩვენი წლიური მოხმარების, დაახლოებით, 26 პროცენტია. 

არადა, ფონდის ვებ-გვერდზე კიდევ თორმეტი პროექტია ჩამონათვალში. მათ შორისა წყლის, ქარის და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურები. აქვეა ნამახვანჰესი, ლოპოტაჰესი, ყვირილაჰესი, სუფსაჰესი (იგივე ბარამიძეჰესი). ოთხივე პრობლემური პროექტია, მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა მოჰყვა და ახლა მათი ბედი უცნობია. ჰიდრო პროექტების სიაშია ჩორდულა, რომელსაც ინვესტორი ჰყავს და მალე უნდა დაიწყოს ფუნქციონირება.  ტორზილა ჰესს კი ინვესტორი ჯერ არ ჰყავს.  პროექტებზე მუშაობა 2015-2019 წლებში დაიწყო და დღემდე დასრულებული არაა. 

ფონდის ვებ-გვევრდზე განთავსებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, წლიურად მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურებმა 2.2 მილიარდ კვტ/სთ-მდე უნდა გამოიმუშაოს. 

გარემოსდამცველები კი მიიჩნევენ, რომ ფოკუსის ჰიდრო რესურსის ათვისებაზე გადატანა, მცდარი და წამგებიანია. 

არადა, თავიდან ფონდს ქარის ენერგიის ათვისება უნდოდა და ხუთი პროექტიც მოამზადა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ უმჯობესია სახელმწიფო ფონდი ეხმარებოდეს ინოვაციურ პროექტებს, როგორიც არის  ქარის, მზის სადგურები და ზრუნავდეს სისტემის  ენერგოეფექტურობაზე. 

“ჩემი აზრით, ენერგეტიკის განვითარების ფონდი უნდა ემსახურებოდეს იმ ინოვაციურ პროექტებს, რომელსაც შეიძლება მოკლე ვადაში ეკონომიკური სარგებელი არა აქვს, მაგრამ ეკონომიკურად, ასევე გარემოს დაცვითი  და სოციალური მდგრადობის თვალსაზრისით, უფრო მომგებიანია გრძელვადიან პერსპექტივაში. სამწუხაროდ, ყველაფერი საწყის ეტაპზე აქვთ, იგივე მზე და ქარი, რომელზეც ამბობდნენ, რომ აქტიურად ავითარებდნენ,“ – ამბობს ქოჩლაძე. 

ქარის ელ.სადგურების ასაშენებლად. მათგან მხოლოდ ერთი, ქართლის სადგური დასრულდა და წარმატებითაც მუშაობს. ყოველ წელს იმდენს და უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ავტორები ვარაუდობდნენ. 

qari grafika 2

ფონდის ვებ-გვერდის თანახმად, უკვე დაგეგმილი ქარის სადგურების წლიური გამომუშავება 1.1 მილიარდი კვტ/სთ უნდა იყოს, რაც ჩვენი ახლანდელი მოხმარების დაახლოებით 7 პროცენტია. რატომ არ ცდილობს ფონდი ან რა უშლის ხელს, რომ ქარის ელ.სადგურების არსებული პროექტები დააჩქაროს და მალე დაასრულოს, უცნობია. ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა. 

რა არის ფონდის ძირითადი მისია და როგორ მუშაობენ პროექტებზე?  

ფონდში 21 თანამშრომელი მუშაობს. ანგარიშების მიხედვით, უმაღლესი მენეჯმენტის შრომის ანაზღაურებისთვის 2016-2020 წლებში 1.7 მილიონი ლარი დაიხარჯა. მთლიანად ფონდის თანამშრომელთა ანაზღაურებამ კი 2016-2020 წლებში 10.6 მილიონი ლარი შეადგინა. 

ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ენერგეტიკის სფეროში მომსახურების გაწევაა, რაც მოიცავს საპროექტო და კვლევით, იურიდიულ და ფინანსურ მომსახურებებს. ასევე პარტნიორთან შეთანხმებით, პროექტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ფონდს შეუძლია, გასწიოს შემდეგი მომსახურებები:

  • მშენებლობისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის მომზადება, უფლების და ლიცენზიების მოპოვების ჩათვლით;
  • საპროექტო ორგანიზაციის მოძიება და სრულყოფილი სამშენებლო პროექტის შესყიდვა;
  • პროექტის წინასწარი სქემატური დამუშავება ან წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანგარიშის მომზადება;
  • მშენებლობის მონიტორინგი.   

ენერგეტიკის განვითარების ფონდი ასე მუშაობს: ყოველ მომდევნო პროექტზე შერჩეულ ინვესტორთან ერთად აარსებს ერთობლივ კომპანიას და მასში დებს წილის შესაბამის ინვესტიციას. პროექტის განხორციელების შემდეგ კი ინვესტორი ფონდის წილს გამოისყიდის, ისე, როგორც ეს მოხდა დარიალი ჰესის შემთხვევაში. ფონდის წილი კომპანიამ 15 მილიონ ლარად გამოისყიდა და ახლა ფონდი დარიალ ჰესში პარტნიორი აღარ არის. 

საიტზე განთავსებული პროექტებისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, პროექტების განხორციელების მიზნით, სხვადასხვა დროს ფონდმა 16 ინვესტორ კომპანიასთან ითანამშრომლა.   

დღევანდელი მდგომარეობით, ფონდს  წილები ათ საწარმოში აქვს და ექვს მათგანს პარტნიორებთან ერთად ფლობს. 

  • შპს ახალსოფელი ჰესი – 100%; 
  • შპს Qareli Wind Farm – 40%; 
  • შპს ყვირილა ჰესი – 20%;  
  • შპს ენგური ატრაქცია- 100%; 
  • შპს ჩორდულა ჰესი – 45%; 
  • შპს ენგურის ჰიდრომააკულირებელი ელექტროსადგური – 20%; 
  • შპს საქართველოს მზის კომპანია – 100%;
  • შპს ბორჯომჰესი – 100%; 
  • შპს მაგანა ჰესი – 49%; 
  • შპს ბიომას ენერჯი – 29.11%.    

პარტნიორები ახალი პროექტების განსახორციელებლად არიან შერჩეული.  

“მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი ფონდის მიერ ინვესტორების შერჩევის პროცესს პრობლემად მიიჩნევს. პროცესი დახურულია და მისთვის ეს ბევრ კითხვას  ტოვებს. ჭიპაშვილი პრობლემის არსს ნამახვაჰესის მაგალითზე გვიხსნის. საქართველოს ენერგეტიკული განვითარების ფონდმა ნამახვანჰესის ასაშენებლად და შემდგომში ოპერირება-ფლობის მიზნით ინვესტორებისთვის ინტერესთა გამოხატვა 2015 წლის 24 დეკემბერს  გამოაცხადა.  გამარჯვებული ორი წლის შემდეგ, 2017 წლის 16 იანვარს გამოავლინეს – “ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია.” 

ჭიპაშვილი ამბობს, რომ ფორმალური იყო ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება, რადგან როდესაც ეს გამოცხადდა, მაშინ ჰესის მშენებლობით უკვე დაინტერესებული იყო ნორვეგიული კომპანია “ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯია”, რომელიც პარალელურ რეჟიმში “შუახევჰესს” აშენებდა. 

“მთავარი დაინტერესებული კომპანია იყო ქლინ ენერჯი და დანარჩენებს როგორ უნდა მოესწროთ ტარიფის დაფიქსირება, ან დაინტერესება. ისიც არ არის ცნობილი, როგორ მოხდა დაგზავნა, მეილებზე გაუგზავნეს უბრალოდ, სადღაც საქართველოდან გიგზავნითო თუ რა მოხდა? ტარიფი ყველაზე მინიმალური ქლინ ენერჯიმ შესთავაზა და გაამარჯვებინეს ქლინენერჯის,” – ამბობს ჭიპაშვილი.  

ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარეც ფიქრობს, რომ ფონდის მუშაობის ძირითადი პრობლემა კარჩაკეტილობაა. 

“სისტემური პრობლემა გვაქვს ამ შემთხვევაში. ეს არის მართვის სისტემის პრობლემა. გახსნილი უნდა იყოს, მკაფიოდ გაწერილი წესები უნდა არსებობდეს. სატენდერო მასალების მოპოვება ავიღოთ, აღმოჩნდა რომ პრობლემატურია ნებისმიერი ტენდერის მასალების ნახვა, კომერციულ საიდუმლოებად თვლიან და ეს იწვევს პრობლემებს საერთო ჯამში,“ – ამბობს ჩხობაძე.  

ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი კი ამ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ გამჭვირვალობის პრობლემა არ არის, თუმცა არც ინტერვიუზე გვთანხმდება და არც გაგზავნილ კითხვებზე გვიბრუნებს პასუხს.  

ვცადეთ, გავსაუბრებოდით სხვა ჰიდროპროექტების ინვესტორებს, რომელთაც ფონდთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ. იმედი გვქონდა, რომ მათგან მაინც გავიგებდით, როგორ ირჩევს ფონდი ინვესტორებს.  

რამდენიმე კომპანიასთან საუბრის დროს გამოიკვეთა, რომ ინვესტორის შერჩევის პროცესში ჯერ მიდის ზეპირსიტყვიერი მოლაპარაკება და ამის შემდეგ ოფიციალურად აცხადებენ კონკურსს ინტერესის გამოხატვაზე. 

არჩილ მამათელაშვილი ენერგეტიკის განვითარების ფონდის პირველი დირექტორი იყო. ეს თანამდებობა მან 10 წლის წინ დატოვა. სამ წელიწადში ის იმ კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა, რომელიც ყვირილაჰესს აშენებს. შპს “ყვირილაჰესი” 2015 წლის თებერვალში დააარსეს. ენერგეტიკის განვითარების ფონდს კომპანიაში 20%-იანი წილი აქვს და მისი ინვესტიცია 173,700 ლარამდეა. დანარჩენ 80%-ს კი სააქციო საზოგადოება “ჰიდროკაპიტალი” ფლობს, რომელიც თიბისი ბანკისა და პარტია “ლელოს” ერთ-ერთ დამფუძნებელს, ბადრი ჯაფარიძეს ეკუთვნის. 

მამათელაშვილი თავდაპირველად კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრობას ვერ იხსენებდა, თუმცა, მოგვიანებით გვითხრა, რომ ყვირილაჰესის მშენებლობის პროცესი მწვანე ორგანიზაციებისა და რამდენიმე ადგილობრივის პროტესტის გამო შეჩერდა.

მეტი დეტალისთვის კომპანიის დირექტორს, ალექსანდრე მენაბდეს დავუკავშირდით. მისი თქმით, მათ თავად ნახეს ფონდის ვებ-გვერდზე კვლევები და გამოხატეს ინტერესი განეხორციელებინათ ყვირილაჰესის პროექტი.

მენაბდე გვიყვება, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ პარტნიორი კომპანია ვალდებულებას იღებს, თავისი ხარჯებით კვლევები ბოლომდე მიიყვანოს, გააკეთოს ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი და შემდეგ გადაწყდება აშენდება ჰესი თუ არა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა არის გეოლოგიური კვლევა და სწორედ ამ კვლევის განხორციელების საშუალება არ მისცეს მათ ადგილობრივებმა. 

“თუ მოსახლეობა წინააღმდეგი იყო, უნდა სცოდნოდა ფონდს წინასწარ. თუ მაძლევ პროექტს, რომ მიდი ააშენე და ამ დროს აპრიორი იცი, რომ აქ ვერაფერს ვერ გააკეთებ იმიტომ რომ მოსახლეობა არის წინააღმდეგი, რატომ მაძლევ გამოსაკვლევად? მერე ჩაერთო შესაბამისი ორგანოები და თქვეს, ახლა გაჩერდით, მოსახლეობა არ გავაღიზიანოთ, მოვაგვარებთო,“ – გვეუბნება მენაბდე. 

ყვირილაჰესის ამბავზე დღემდე არაფერი მოგვარებულა. 

კიდევ ერთი დაგეგმილი პროექტი არის სუფსა ჰესი. ინვესტორი კომპანიებია შპს “ფერი” და შპს “ანაგი.” ინვესტორებმა ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად დააარსეს სს “სუფსაენერჯი.”  საუბარი მოვახერხეთ ლაშა იორდანიშვილთან, რომელიც სს “სუფსაენერჯის” დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, ინვესტორი კომპანია შპს “ფერიდან.” ლაშა იორდანიშვილი ფონდის კიდევ ერთი პროექტის, დარიალიჰესს აშენებაშიც მონაწილეობდა. იორდანიშვილს კონკრეტულად არ ახსოვს, კომპანია “ფერმა” როგორ მიიღო პროექტი, თავად შეიტანეს თუ ფონდი დაუკავშირდა, თუმცა, ვარაუდობს, რომ ფონდის პროექტი იქნებოდა.  

“ვერ ვიხსენებ, რა ფორმით ჩავერთეთ. ზოგადად, ენერგეტიკაში ბევრნაირი ფორმა არსებობს, ტენდერი, მოლაპარაკება,” – ამბობს იორდანიშვილი. 

კომპანიამ ფონდთან თანამშრომლობა სუფსაჰესის პროექტზე 2014 წელს დაიწყო. კვლევისას მიხვდნენ, რომ ეს ჰესი მომგებიანი არ იქნებოდა და ამიტომ სხვა მდინარეზე გადაწყვიტეს ჰესის აშენება. 

“თვითონ სუფსაჰესი მოიცავდა სამ ელექტროსადგურს მდინარე სუფსაზე. ჩვენ რომ ჩავერთეთ ამ პროექტში, ყველა ჰიდროელექტროსადგური გავაუქმეთ, ვთქვით, რომ ეს სადგურები ჩვენთვის ოპტიმალური ვერ იქნება, წინასაპროექტო კვლევის ანგარიშის შესწავლის პროცესში ასე გამოჩნდა. ამიტომ, ვინაიდან კომპანიას სუფსაჰესი ერქვა, სახელი არ შეიცვალა, მაგრამ შინაარსი შეიცვალა, გადავიდა სხვა მდინარეზე, ბარამიძის წყალზე და ჩანაცვლდა, მაგრამ განვითარება პროტესტის გამო ვეღარ შევძელით,“ – ამბობს იორდანიშვილი “აი, ფაქტთან” საუბრისას. 

მისივე თქმით, ბარამიძეჰესის მშენებლობის ნებართვა ჯერ გაცემული არ არის, მოსახლეობაც წინააღმდეგია და ჰესის ბედი ჰაერშია გამოკიდებული. 

მოსახლეობის პროტესტის მოგვარებაში ფონდი არც ამ შემთხვევაში ჩაერთო. იორდანიშვილი ფიქრობს, რომ ეს არ არის ფონდის ფუნქცია. 

“ფონდის დაფუძნების შინაარსი, მაშინ მეც ჩართული ვიყავი კონსულტაციის დონეზე, იყო ის, რომ კომპანიებს მიხმარებოდა საკუთარი კაპიტალის აწევაში. ფონდი არის ეს, ვერ იზამს იმას, რომ მოდი გზშ-ს მე გაგიკეთებ, მოდი ხალხის პროტესტს მოვაგვარებ,“ – ამბობს იორდანიშვილი. 

ვესაუბრეთ ფონდის კიდევ ერთი პროექტის ჩორდულაჰესის ინვესტორს. ჰესის განმახორციელებელი კომპანია არის შპს “ჩორდულაჰესი,” რომლის 45% ფონდს ეკუთვნის, 55% კი შპს “რაჭაენერჯის.” ამ უკანასკნელის 100% წილის მფლობელი დავით ბიკაშვილია.  პროექტში ფონდის მიერ ჩადებული ინვესტიცია 665,000 ლარია.  

ბიკაშვილმა ჩვენთან სასაუბროდ ნებართვა ფონდში აიღო. მან თქვა, რომ რაჭაში, ონის რაიონ სოფელ ბაჯიხევში ჰესის აშენების იდეა თავად მოუვიდა და 2017 წელს სამინისტროს დაუკავშირდა. მისი თქმით, პროექტი თითქმის დასრულებულია და ერთ თვეში ჰესი უკვე მუშაობას დაიწყებს.

“როდესაც გარკვეული მასალა არსებობს, მიდიხართ სამინისტროში, ითხოვთ იმ ტერიტორიას კვლევისთვის და ა.შ. ფონდში წერთ განცხადებას, ფონდი ჩემსასაც და სხვებისასაც იხილავს და არჩევს საუკეთესო ვარიანტს, რომელი უფრო მისაღებია განვითარებისთვის, რომელსაც თვითონ ხელი უნდა შეუწყოს. რა ტენდერი უნდა ჩატარებულიყო? არის გარკვეული მასალა, მე ვთავაზობ, ისინი იხილავენ. მადლობელი ვარ, რომ ფონდმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად გარკვეული რისკების, ეს არის კონფლიქტის მიმდებარე ზონა. ყველამ მოიწონა პროექტი, მივიღეთ გადაწყვეტილება, 2018 წლის ბოლოს მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, შევუდექით საქმეს და დავასრულეთ კიდევაც,” – გვიყვება ბიკაშვილი.

როდესაც უშუალოდ ფონდის ჩართულობაზე ვკითხეთ, რა კვლევები განახორციელა, მან არ გვიპასუხა და ფონდთან გადაგვამისამართა.  

ფონდი სახელმწიფოს ეკუთვნის და 2020 წლისთვის მისი საწესდებო კაპიტალი 50.3 მილიონი ლარი იყო. ფონდი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სამინისტროდან გამოვითხოვეთ მათი ფინანსური ანგარიშები, აუდიტის დასკვნები, ფონდის მიერ ჩატარებული ტენდერები და მასში მონაწილე სუბიექტები, თუმცა არსაიდან პასუხი არ მიგვიღია. 

fondis tanamshromlebi

დაარსების დღიდან ფონდმა 8 დირექტორი გამოიცვალა. 2018 წლიდან მას გიორგი ჩიქოვანი მართავს, რომელთან ინტერვიუს ამაოდ ველოდით, ინტერვიუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გვითხრა, კითხვები გამომიგზავნეთო. ჰოდა, 2021-ის მიწურულს გაგზავნილ კითხვებზე პასუხებს 2022-ის მარტის ბოლოა და ისევ ველით. 

Danida UK rgb

სტატია მომზადებულია ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. სტატია არ გამოხატავს ევროპის ფონდის და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

GEO Electornic use

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რისთვის იღებენ ანაზღაურებას იმერეთის საკრებულოს წევრები
sachkhere 1

რისთვის იღებენ ანაზღაურებას იმერეთის საკრებულოს წევრები

2020 წელს იმერეთის ცხრა მუნიციპალიტეტმა საკრებულოს არათანამდებობის პირებს

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოში

როგორ გართულდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოში და რატომ არის ეს საგანგაშო?

მთავრობა კანონმდებლობას არღვევს და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ზღუდავს

Total
0
Share