გარდაბანი ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი იყო, სადაც სამი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის წინასწარი ცნობით, არჩევნების მეორე ტურში ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენების საფრთხე არსებობდა.
დედაქალაქ თბილისიდან 40 კმ-ის მოშორებით მდებარე გარდაბანში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეთნიკური აზერბაიჯანელია. იქ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების 42.63 პროცენტი მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა, თუმცა ყოველმხრივ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა – 40.23 პროცენტი.
გარდაბანში ყალბი პირადობის მოწმობები არ გამოუყენებიათ, თუმცა, უფასოდ დაარიგდა ხახვი და კარტოფილი. ნათიკ სადიკოვმა, ადგილობრივმა ბიზნესმენმა “რუსთავი 2”-ს უთხრა, რომ ბოსტნეული მან დაურიგა ადგილობრივებს ქველმოქმედების მიზნით. მისივე თქმით, ვიდრე ამ აქციას მოაწყობდა, პარლამენტარ სავალან მირზოევს შეხვდა.
მირზოევმა განაცხადა, რომ თუ “ქართულ ოცნებას” კარტოფილის დარიგება ენდომებოდა, ამისთვის ნათიკ სადიკოვს არ მიმართავდა.
მირზოევის თქმით, სადიკოვი მას გამოუტყდა, რომ ის “ევროპულ საქართველოს” უჭერდა მხარს.
„სადიკოვმა ტელევიზია რუსთავი-2-ს უთხრა, რომ ჩვენ მის ოფისში მივედით. ეს სიცრუეა. ის ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, რომ ჩვენი (“ქართული ოცნების”) დახმარება უნდა,“ ამბობს მირზოევი. „მე მას ვუთხარი, რომ ვიცოდი, მისი პარტია ამჯერად ენმ-ს უჭერდა მხარს. მან თქვა, რომ არ აინტერესებდა, ვინ ვის უჭერდა მხარს. ჩვენ მას ვუთხარით, რომ არ ვიყავით დაინტერესებულნი და თუ რამე დაგვჭირდებოდა, მივმართავდით.“
ერთმა ქალბატონმა, რომელმაც მისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, გვითხრა, რომ 17 და 18 ნოემბერს მხოლოდ იმ ხალხს დაურიგეს კარტოფილი და ხახვი, ვინც პირადობის მოწმობები წარადგინა.
ეთნიკური ქართველები გარდაბანში არსებულ სიტუაციას სხვაგვარად აფასებენ. „ჩვენ გავიგეთ, რომ კარტოფილს მუსლიმებს ურიგებდნენ,“ აცხადებს რესპონდენტი, რომელმაც ასევე ანონიმურად დარჩენა ისურვა. „აქ უმეტესობა “ქართულ ოცნებას” ვუჭერთ მხარს, რადგან ისინი ბევრს გვიკეთებენ. აზერბაიჯანელები კი მათ არ უჭერენ მხარს. მათი მართვა ძალიან მარტივია, იმას გააკეთებენ, რასაც ეტყვი.“
მაიაკ ნემათოვი გარდაბანში 12 წლის განმავლობაში მერის მოადგილე იყო. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ კი თანამდებობა დატოვა.
პირველი ტურიდან ერთი კვირის შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა გარდაბნის ამჟამინდელი მერის მოადგილის, დუნიამალი გაჯიევისა და
ადგილობრივების აზერბაიჯანულენოვანი აუდიოჩანაწერი, სადაც ისინი ერთ-ერთ ადგილობრივებს აიძულებენ, დაიფიცოს, რომ ხმას სალომე ზურაბიშვილს მისცემდნენ.
„ჩანაწერში შვიდი თუ რვა ადამიანია. როგორ შეძლეს ჩემი ხმის იდენტიფიცირება?“ კითხულობს ჰაჯიევი. „ნებისმიერ ოჯახში შეგიძლიათ მიხვიდეთ უჩემოდ და იკითხოთ, მოხდა თუ არა ეს. დიახ, მე აგიტაციას ვეწეოდი, მაგრამ ყურანზე ან პურზე დაფიცება არავისთვის მითხოვია.“
41-ე და 42-ე საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებს არ სურდათ ჩვენთან საუბარი მერის მოადგილეს, გაჯიევის ნებართვის გარეშე.
სოფელ ნაზარლოს მცხოვრები აფლათუნ სულეიმანოვი ამბობს, რომ მთელი საუბარი კარტოფილზე, ყურანსა და პურზე დაფიცების შესახებ ტყუილია. „ჩვენ ვუჭერთ მხარს მთავრობას. ჩვენ მშვიდად ცხოვრება გვსურს.”
სოფელ ქესალოს მცხოვრები ქანან მუსაევი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ჭორებია: „ჩემთვის ვინმესთვის ხმის მიცემა არავის დაუძალებია. ხალხი მას აძლევს ხმას, ვისაც უნდა.“
ერთი ეთნიკური ქართველი გამოგვიტყდა, რომ “ქართული ოცნება” არ მოსწონს, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობას” ურჩევნია:
„წინა ხელისუფლება ჩვენთვის ჯოჯოხეთი იყო. როგორ შეიძლებოდა მათი ნდობა? შეგვეძლო რამის გაკეთება სააკაშვილის პერიოდში? ყველანი შიშში ვცხოვრობდით. ახლა შემიძლია გავაკრიტიკო რომელი პარტიაც მინდა. აქამდე შიშის სინდრომი გვქონდა, არანაირი არჩევანი.”