fbpx
გელათის გადახურვა და საზიანოდ გაფლანგული დრო

გელათის საზიანოდ გაფლანგული დრო: ვისი ბრალია და რას ვნებს დროებითი გადახურვის დაგვიანება?

ავტორი: თამუნა ქიმაძე

თითქმის სამი თვეა, გელათის მონასტერი მნახველებისთვის დაკეტილია. მიზეზი ისაა, რომ ივლისიდან მოყოლებული მთავარი ტაძრის დროებით გადახურვას აწყობდნენ. ძირითადი კონსტრუქცია უკვე აიგო, ახლა კი გუმბათის ჯერია.

ამ სამუშაოებს გელათის ისტორიული ძეგლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მალე მოეწყობა დროებითი გადახურვა, მით მალე გაიხსნება ტაძრის ჭერი, განიავდება შიდა სივრცე, აორთქლდება წლობით დაგროვილი ნესტი და დაზიანებულ მხატვრობასაც მიეხედება.

საპატრიარქომ კი დრო გაფლანგა – დროებითი გადახურვის სამუშაოები დაიწყეს 2024 წლის ივლისში, როცა ამის გაკეთება ერთი წლის წინაც შეეძლოთ.

“აი, ფაქტმა” გაარკვია, რომ 2023 წლის ივლისში გელათის დროებითი სახურავის მოსაწყობად ყველაფერი მზად იყო – არსებობდა ძირითადი პროექტი და ცნობილი იყო, რომელ კომპანიას უნდა აეგო კონსტრუქცია.

მაშინ, რამ შეაყოვნა გადახურვის მოწყობის პროცესი? კითხვაზე პასუხს ჟურნალისტური გამოძიების ამ ნაწილში გაგაგებინებთ. გარდა ამისა, მოგიყვებით:

  • რას გვირჩევდა იუნესკო გელათის გადახურვაზე და როგორ გაითვალისწინა ეს რეკომენდაციები ქართულმა მხარემ;
  • რა ბრალი მიუძღვის დროის გაფლანგვაში საპატრიარქოს და როგორ დააზარალა ამან გელათი;
  • როგორ დატოვეს უყურადღებოდ წმინდა გიორგის ტაძარი;
  • რატომაა წყლისგან დაუცველი მთავარი ტაძრის საკურთხეველი და მე-12 საუკუნის მოზაიკა

საპატრიარქოს და იუნესკოს აცდენილი პოზიციები და დაკარგული დრო

2020 წლის ზამთრის ყინვისას, გელათის მთავარი ტაძრის კრამიტის სახურავი დაიბზარა და დატყდა. შედეგად, ინტერიერში წყალმა გაჟონა და შუა საუკუნეების მხატვრობა დააზიანა. გაჩნდა სახურავის გამოცვლის აუცილებლობა. კულტურის სამინისტრომ გელათს ჯერ ტენტი დააფარა, შემდეგ – ლითონი.

ბოლო ოთხი წელია, ხან ქართველი, ხან უცხოელი სპეციალისტები ზრუნავდნენ იმაზე, რომ გელათში წყალს აღარ შეეღწია. შეიცვალა პასუხისმგებელი პირებიც – გელათის რეაბილიტაციის მართვა კულტურის სამინისტროდან საპატრიარქომ გადაიბარა. თუმცა, გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, პრობლემა უცვლელია. ტაძარს წყალი დღესაც აზიანებს, უნიკალური მხატვრობის ფრაგმენტები კი იკარგება.

ტენტიანი-საკურთხეველი-გელათში
ტენტი საკურთხეველიზე, ფოტო: 2019 წლის იანვარი; წყარო: ფეისბუქ ჯგუფი “გადავარჩინოთ გელათის მონასტერი”

გამოსავალი არსებობს – მთავარი ტაძრის ძველი სახურავი რაც შეიძლება მალე უნდა მოიხსნას, ახლის მოწყობამდე კი ძეგლი ღია ცის ქვეშ რომ არ დარჩეს, დროებითი, ქოლგისებური გადახურვაა საჭირო. ამას ხელოვნებათმცოდნეები და არქიტექტორ-რესტავრატორები 2020 წლიდან დაჟინებით ითხოვდნენ, პასუხისმგებელი პირების რეაგირებას კი წლები დასჭირდა.

2024 წლის სექტემბერში გელათის მთავარი ტაძრის მკლავები დროებითი საფარით გადახურეს და ხარაჩოები მოაწყვეს. ოქტომბრიდან იმავეს გაკეთება იგეგმება გუმბათზეც, მაგრამ სპეციალისტები ამ სამუშაოებს დაგვიანებულს უწოდებენ და მხატვრობაზე ისევ ღელავენ.

„დროებითი გადახურვა, რომლის მონტაჟიც ახლა მიმდინარეობს, მხოლოდ ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ძველი, კრამიტის სახურავი მოეხსნათ და მის ქვეშ მოქცეული, წყლით გაჟღენთილი ინერტული მასა დროულად და უსაფრთხოდ ამოსუფთავებულიყო. სამწუხაროდ, კომიტეტის მესვეურთა განცხადებით [ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის 22 სექტემბრის სიუჟეტი],ხარაჩოს დასრულების ვადა კიდევ გახანგრძლივდა და მან წლის ბოლომდე გადაიწია. დღემდე ძველი სახურავის არსებობა ნიშნავს იმას, რომ ტაძარი სრულფასოვნად არ შრება და მხატვრობას და მოზაიკას კვლავ აქვს დაზიანების წყარო“, -გვიხსნის ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნე მაკა ბულია.

ქუადრექსი-გელათში-ქუადრექსის-ფეისბუქ-გვერდი
დროებითი გადახურვის კონსტრუქცია გელათზე.
ფოტო: კომპანია “ქუადრექსის” ფეისბუქ გვერდი

“…ამგვარი გადახურვის მოწყობის გამოცდილება არსებობდა საზღვარგარეთ, რის არაერთ ფაქტს, ჯერ კიდევ 2020 წელს ვუსახელებდით სააგენტოსაც. თუმცა, მაშინ სააგენტო საერთოდ უარყოფდა პრობლემებს, რომელიც მის მიერ მეთოდოლოგიური შეცდომებით შესრულებულმა გადახურვამ გამოიწვია. არსებული სახურავი და უხარისხო კრამიტი უსაფრთხოდ რომ მოხსნილიყო, საჭირო იყო დროებითი ქოლგისებური გადახურვა, რომელიც, სპეციალისტებს მხატვრობისა და მოზაიკის დაზიანებაზე დროული რეაგირების საშუალებასაც მისცემდა”, – გვეუბნება ჩუბინაშვილის ცენტრის კიდევ ერთი მეცნიერ-თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნე ნუცა ციციშვილი.

“იმდენი წყალი ჩავიდა ტაძარში, წლები ეყოფა ამ ძეგლს, რომ დააზიანოს კედლის მხატვრობა, ფრესკაც, არქიტექტურაც და მოზაიკაც. რაც დრო გადის, უფრო მეტად ზიანდება გელათი. დღესაც ზიანდება, ამ წუთას… მთავარი მიზეზი, რაც ყველაზე საჩქარო იყო, გადახურვაა. დროულად უნდა მივსულიყავით იმ ეტაპამდე, რომ დაწყებულიყო სასწრაფო ამოსუფთავება [გულისხმობს კრამიტის ქვეშ არსებული, წყლით გაჟღენთილი ინერტული მასის ამოწმენდას] ამას ვითხოვთ წლებია, ძალიან დაგვიანებულია ეს გადახურვა”, – წუხს არქიტექტორ-რესტავრატორი გოგოთურ მისრიაშვილი.

აი, ფაქტმა” გაარკვია, რატომ და ვისი დაუდევრობით შეყოვნდა დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესი.

საქმე ისაა, რომ “რესტრუერეს” იტალიელ სპეციალისტთა ჯგუფმა დროებითი გადახურვის ძირითადი კონსტრუქციისთვის საჭირო პროექტი ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისში მოამზადა და კულტურის სამინისტროს ჩააბარა.

“იმ დროის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ და დავხაზეთ სისტემა, რომელიც საკმაოდ სანდო იყო. დასაზუსტებელი დარჩა მხოლოდ რამდენიმე დეტალი გუმბათის გადახურვასთან დაკავშირებით. ბედნიერი ვარ, რომ ის პროექტი, რომელიც სააგენტოს და სამინისტროს გავუზიარეთ, კარგად იყო მომზადებული და გადაჭრიდა ძეგლის ძირითად პრობლემებს. იძულებული ვიყავით, რომ სამუშაოები მოულოდნელად შეგვეწყვიტა, მაგრამ ქართულ მხარეს მაინც შევთავაზეთ გამოსავლის ეფექტური გზები”, – გვწერს უგო ტონიეტი.

გამოდის, რომ “რესტრუერეს” მომზადებული დოკუმენტის საფუძველზე მალევე იყო შესაძლებელი მთავარ ტაძარზე ქოლგისებური გადახურვის მოწყობა. მით უმეტეს, რომ ამ სამუშაოებს იუნესკოსგანაც ჰქონდა “მწვანე შუქი”. ისინი დროებითი საფარის მთლიან, გუმბათიან ვერსიას იწონებდნენ.

ქუადრექსის-თანამშრომელი-გელათში
“ქუადრექსის” თანამშრომელი გელათში მუშაობისას

„… გაშრობის პროცესი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, რასაც ხელს შეუწყობს სახურავის ზემოდან ვენტილაცია (რაც უკვე დაიწყო დასავლეთ ფრთაში, ამაღლებული დროებითი სახურავით და ფხვიერი მასის ამოღებით). იგივე უნდა მოხდეს სხვა თაღებსა და გუმბათზე (ამაღლებული სახურავით, რომელიც ყველა უბანს დაფარავს)”, – ამბობდა იუნესკო ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში და სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვდა. ისინი ოპტიმისტურად ვარაუდობდნენ: “ეკლესიის ზედა ნაწილების გახსნა შესაძლებელი გახდება 2023 წლის გაზაფხულის ბოლოს”.

რა მოხდა შემდეგ? 2023 წლის აპრილში, გელათის რეაბილიტაციის მართვა და საჭირო ფინანსები საპატრიარქომ გადაიბარა. მათ არც “რესტრუერეს” დაუჯერეს, არც იუნესკოს და მოამზადეს ალტერნატიული პროექტი. ამ ვერსიით, ტაძრის დროებითი გადახურვა გუმბათს არ ფარავდა.

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა იუნესკოს ორივე ვერსია შესთავაზა:

1. მთლიანი გადახურვა, ტაძრის შიგნით საყრდენი სვეტით;

2. უგუმბათო გადახურვა, ტაძარში სვეტის გარეშე.

როგორც გავარკვიეთ, კომიტეტმა უგუმბათო გადახურვა იმიტომ მოინდომა, რომ გელათში ღვთისმსახურება არ შეეწყვიტათ. არგუმენტად ისიც მოჰყავდათ, გუმბათში წყალი არ ჟონავსო, მაგრამ იკომოსი სრულიად საპირისპირო აზრზე იყო.

“აღნიშნული არჩევანის მიზეზად მოყვანილია, ის, რომ გუმბათის გადასახურად საჭიროა ტაძრის ცენტრალურ არეალში, 11 ლითონის ხარაჩოს ტიპის საყრდენი სვეტის მონტაჟი. ეს კი პრაქტიკულად აფერხებს საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას. წერილში ნათქვამია, რომ გელათის საკათედრო ტაძრის გუმბათის არსებული სახურავი კარგად ფუნქციონირებს და წყლის შეღწევის შემთხვევა არ დაფიქსირებულა[…]ვერ გამოვრიცხავთ გუმბათის ძირის გარედან და სარკმლების არეალიდან ტენის შემოსვლის შესაძლებლობას… ამ მხრივაც აუცილებელია საფუძვლიანი და ხანგრძლივი დეტალური შემოწმება, რათა ზუსტად დადგინდეს ნესტის კონკრეტული წყარო(ები). icomos მიიჩნევს, რომ ეს შეუძლებელია, სანამ გუმბათი რჩება „გადაუხურავი,” – ვკითხულობთ იკომოსის 2024 წლის თებერვლის ტექნიკურ მიმოხილვაში.

საბოლოოდ, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა თავისი ვერსია ვერ გაიტანა. 2024 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ იუნესკომ მათი ინიციატივა დაიწუნა და მეორედ გაგვიმეორეს, გელათს გუმბათიანი გადახურვა სჭირდებაო.

ამ ალტერნატივების განხილვაში და იუნესკოს პასუხის მოლოდინში, საპატრიარქომ გელათისთვის ასე ძვირფასი, დრო დაკარგა.

არადა, უგო ტონიეტი, იუნესკო, იკომოსი , კულტურის სამინისტრო და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ყოველთვის თანხმდებოდნენ იმაზე, რომ გელათს გუმბათიანი გადახურვა სჭირდებოდა. მზად იყო შესაბამისი პროექტიც და წესით, ამ ამბავს ექსპერიმენტები აღარ სჭირდებოდა.

დაზიანების-ნიშნები-გელათის-გუმბათზე
დაზიანების ნიშნები მთავარი ტაძრის გუმბათზე, წყარო: იკომოსის 2024 წლის თებერვლის რეკომენდაციები

კომიტეტის მხრიდან საქმის უკან დახევას აკრიტიკებენ სპეციალისტები, რომლებიც გელათის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესს წლებია აკვირდებიან. მათი თქმით, “დროის კარგვის ფუფუნება” არ გვქონდა.

“ერთი წელი კი არა, მართლა ყოველი დღე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან მძიმე პროცესები მიმდინარეობს, რაც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. ძალიან სამწუხაროა, არ ვიცი რატომ კარგავენ ასეთ ძვირფას დროს ახლანდელი მმართველობის სათავეში მდგომი ადამიანები”, – გვითხრა ხელოვნებათმცოდნე ეთო ედიშერაშვილმა.

„ტაძარი სრულად უნდა იყოს დაცული გარემო პირობების ზემოქმედებისგან. ამიტომ, გუმბათის მომცველი დროებითი გადახურვის მოწყობა ქართველი სპეციალისტების მოთხოვნაც იყო და იუნესკოს რეკომენდაციაც“, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე მაკა ბულია და მას ეთანხმება კოლეგა, ნუცა ციციშვილიც:

“გელათისთვის არათუ დაკარგული ერთი წელი, ერთი დღეც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება საბედისწეროც იყოს…ყოველი დაკარგული დღე მიდის იქამდე, რომ პროცესი, რიგ შემთხვევებში, ხდება შეუქცევადი. ფაქტია, რომ გვაქვს დანაკარგები და უფრო რთულდება იმის გადარჩენა, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, რადგან რეგრესისკენაა დინამიკა”.

დროებითი გადახურვის საბოლოო სამუშაოები “რესტრუერეს” გარეშე

საპატრიარქომ დროებითი გადახურვის მოწყობის საბოლოო სამუშაოები ისე წარმართა, რომ საქმეში არ ჩართო “რესტრუერე” და მათი ხელმძღვანელი უგო ტონიეტი. არადა, იტალიელ სპეციალისტთა ეს გუნდი გელათის გადახურვისთვის საჭირო კვლევებსა და პროექტზე 2021-2023 წლებში მუშაობდა. შესაბამისად, ზედმიწევნით იცნობენ ტაძრის სახურავის მდგომარეობას და მოსალოდნელ რისკებსაც.

გელათი-27-სექტემბრის-მდგომარეობით
გელათის დროებითი გადახურვის კონსტრუქცია 27 სექტემბრის მდგომარეობით

“რესტრუერეს” ჯგუფი გელათში იუნესკომ მოიწვია. მათი ხელმძღვანელი უგო ტონიეტი ფლორენციის უნივერსიტეტში არქიტექტურის პროფესორია. იკვლევს ძველი, ქვის არქიტექტურის მშენებლობის ტექნიკებს და ადგენს მათი დაცვის სტრატეგიებს. უგო ტონიეტის ნამუშევარი აქვს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სტრუქტურულ რეაბილიტაციაზე – ტალიაში, მაროკოში, სირიაში, ეთიოპიაში, ეგვიპტეში, ასევე ბუდისტურ არქიტექტურასა და “ჩინეთის დიდ კედელზე”.

“რესტრუერემ” კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან 92 000 ევროს ღირებულების 4 ხელშეკრულება გააფორმა. იტალიელ სპეციალისტებს ევალებოდათ:

  • წყლის ჩასვლის მიზეზების დადგენა, ნიმუშების ანალიზი, საკონსერვაციო სტრატეგიის და სამომავლო გაიდლაინების მომზადება;
  • დროებითი გადახურვის კონსტრუქციის (ანგარის) მოსაწყობად საჭირო კვლევითი, საკონსულტაციო და საპროექტო მომსახურების გაწევა.

ბოლო ხელშეკრულებით, უგო ტონიეტის ჯგუფს უნდა დაეპროექტებინა დროებითი გადახურვის ლითონის კონსტრუქცია. საუბარია ისეთ ხარაჩოზე, რომელიც ახლა გელათის მთავარი ტაძრის გარშემოა.

ტონიეტი-გელათში-რესტრუერეს-ფეისბუქ-გვერდი
უგო ტონიეტი გელათში მუშაობისას.
წყარო: “რესტრუერეს” ფეისბუქ გვერდი

ამ სამუშაოებმა 2023 წლის ივლისამდე გასტანა. როგორც უგო ტონიეტიმ გვითხრა, მომზადებული დოკუმენტები კულტურის სამინისტროს ჩააბარეს და უკვე საპატრიარქოსგან მოელოდნენ საბოლოო სამუშაოებზე მოწვევას. ბოლო ფაზაში “რესტრუერეს” ზედამხედველობა უნდა გაეწია დროებითი გადახურვის (ანგარის) უშუალოდ მოწყობისთვის,თუმცა, ამ საქმეში აღარ ჩართეს.

“2023 წლის 1 მარტს, მინისტრ წულუკიანთან კომუნიკაციის შემდეგ ნათელი გახდა, რომ საბოლოოდ დასრულდა მათთან თანამშრომლობა. საბედნიეროდ, იმ დროისთვის მიმდინარე კონტრაქტები დასრულდა. სამინისტროს მივაწოდეთ თითქმის სრულყოფილი გაიდლაინი, რომელიც შემდგომი კონტრაქტის საფუძველი უნდა ყოფილიყო. დარწმუნებულები ვიყავით, რომ საპატრიარქო შეგვეხმიანებოდა და ჩაგვრთავდა საბოლოო სამუშაოებში. ვფიქრობდით დავთანხმებოდით თუ არა, “სუარდოდან” ჩვენი კოლეგების გამო… მაგრამ აღარ მოგვიწია ამაზე “თავის მტვრევა”. მალე გახდა ცხადი, რომ საპატრიარქომ გელათის გადახურვის მენეჯმენტი სულ სხვას ჩააბარა[სავარაუდოდ, გულისხმობს ვახტანგ ზესაშვილს]“, – იხსენებს უგო ტონიეტი.

გელათს დროებითი გადახურვის ძირითადი კონსტრუქცია უკვე აქვს. ის გერმანულმა საინჟინრო კომპანია “ლეიერმა” დაამზადა და ასევე გერმანულმა “ქუადრექსმა” მოაწყო. სამუშაოები 2024 წლის ივლისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდა. ახლა კი დროებითი გადახურვა უნდა დააფარონ ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გუმბათს.

“ქუადრექსმა” 13 სექტემბერს ფეისბუქ გვერდზე დადო პოსტი, რომლითაც თანამშრომლებს გელათში დროებითი გადახურვის დასრულებას ულოცავდა. კომპანიას იმავე დღეს ელექტრონულ ფოსტაზე მივწერეთ. ვკითხეთ, აპირებენ თუ არა მომავალში საქართველოში დაბრუნებას და გელათში მუშაობის გაგრძელებას. კომპანიას ამ დრომდე არ უპასუხია.

ბუნდოვანება დროებითი გადახურვის პროექტის გარშემო

მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქომ როგორც იქნა გაითვალისწინა იუნესკოს აზრი და გელათის გუმბათსაც დროებითი გადახურვის ქვეშ მოაქცევენ, ეს პროცესი სიმშვიდის საფუძველს მაინც არ იძლევა. სპეციალისტები შიშობენ, რომ პროექტი არ არის სანდო, რეცენზირებული და მომავალში წყლის ჩასვლის რისკებისგან არ გვაზღვევს. ამ ეჭვებს აჩენს ის გარემოება, რომ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი არ ასრულებს გამჭვირვალობის დაპირებას და დროებითი გადახურვის სრულყოფილ პროექტს არ ასაჯაროებს.

კომიტეტის სპეციალურ ვებგვერდზე – gelatirehabilitation.ge, აქვეყნებენ მხოლოდ სამუშაო ვერსიებს, ე.წ დრაფტებს, რომელიც მოიცავს სტრუქტურულ გამოთვლებს, არქიტექტურულ ნახაზებს და ტექნიკურ მახასიათებლებს.

gelati project
“სქრინი” gelatirehabilitation.ge-ზე ატვირთული დოკუმენტიდან

“აი, ფაქტი” ესაუბრა ხელოვნებათმცოდნეებს, რომლებიც გელათის რეაბილიტაციის პროცესს 2020 წლიდან აკვირდებიან, სწავლობენ და ძეგლის მდგომარეობაზე არაერთი სამეცნიერო დასკვნა აქვთ მომზადებული. ყველა მათგანი თანხმდება, რომ სრულყოფილი პროექტი ბევრად მეტის მთქმელი და გასაგები უნდა იყოს. გარდა ამისა, დოკუმენტს კომპეტენტური არქიტექტორ-რესტავრატორები უნდა ამოწმებდნენ და რეცენზიას უწერდნენ.

“საჭიროა დასაბუთებული, რეცენზირებული და პროფესიულად განხილული დოკუმენტაცია. კითხვა არ უნდა რჩებოდეს: სად არის აღწერილი რისკ-ფაქტორები, სად არის პროექტი სახურავს შორის სივრცეების ამოთავისუფლებაზე? სად არის გაწერილი, როგორ ხდება ამ დროს მხატვრობის და მოზაიკის პრევენცია? როგორც ბოლო დროს პროფესორმა ნარდიმაც განაცხადა, ნებისმიერმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები მოზაიკაზე… “, – შიშობს გ.ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნე ეთო ედიშერაშვილი.

„პირველ რიგში, პროექტი სრულად უნდა გასაჯაროვდეს – ინტერიერის და გუმბათის ნაწილები დღემდე უცნობია. ამასთან, მან უპირობოდ უნდა გაიაროს რეცენზირება. გამოცდილმა კონსტრუქტორებმა და არქიტექტორ-რესტავრატორებმა – იქნება ეს დამოუკიდებელი ექსპერტები თუ სამეცნიერო ბორდის წევრი არქიტექტურის სპეციალისტები – უნდა შეისწავლონ პროექტი და წერილობით დაადასტურონ მისი ტექნიკური გამართულობა. ამგვარი დასკვნის გარეშე, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მუდმივად იარსებებს შეკითხვები“, – გვეუბნება მაკა ბულია.

კრიტიკის საპასუხოდ, კომიტეტმა 1 აგვისტოს ატვირთა პროექტის სტრუქტურული დოკუმენტი. თან დაგვაყვედრა, ამას აქამდე იმიტომ არ ვასაჯაროვებდით, საინჟინრო ნიუანსებს მოიცავს და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ გაიგებდაო:

“… პროექტის მაქსიმალური აღქმადობისათვის, კომიტეტის მიერ, არა პროექტის ინჟინრულად გადამუშავებული სტრუქტურული ნაწილი, არამედ, სწორედ, კონცეპტუალური პროექტი გასაჯაროვდა, რაც პრაქტიკულად სრულ ინფორმაციას აძლევს საზოგადოების არასპეციალიზებულ ნაწილს, თუმცა, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, (რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს სოც. ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციებს),კომიტეტი პროექტის აღნიშნულ ვერსიასაც ასაჯაროებს”.

დაკეტილი-გელათი
გელათის დაკეტილი შესასვლელი. ფოტო: 2024 წლის სექტემბერი

სინამდვილეში, “საზოგადოების ინტერესი” ეს დოკუმენტი არ ყოფილა. სპეციალისტები დროებითი გადახურვის სრულყოფილ პროექტს ითხოვდნენ და ითხოვენ ახლაც, თითქმის დასრულებული სამუშაოების შემდეგ.

“გავრცელებულ დოკუმენტზე აღნიშნულია “the load bearing capacity of the building and the ground has to be checked on site”/ადგილზე უნდა შემოწმდეს შენობის და გრუნტის ტვირთგამძლეობა, შესაბამისი დოკუმენტები კი უცნობია. უცნობია ხარაჩოს წყალამრიდი სისტემის, ხარაჩოს აერაციისა და კლიმატკონტროლის პროექტი, ინფორმაცია აკლია არქიტექტურული პროექტის განმარტებით ბარათს, უცნობია დროებითი გადახურვის პროექტის დადებითი რეცენზიები… არსებული ვითარებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დროებითი გადახურვის საპროექტო სამუშაოები დასრულებული არ არის და გადაწყვეტილებები გზადაგზა იცვლება.”, – ვკითხულობთ ხელოვნებათმცოდნეების, მზია ჯანჯალიასა და მაკა ბულიას ერთობლივ ფეისბუქ პოსტში, რომელიც 4 აგვისტოს გამოაქვეყნეს. გარდა ამისა, სპეციალისტები ითხოვენ განმარტებას იმაზე, თუ რატომ ეხება ხარაჩოები ტაძრის ძირითად კონსტრუქციას, როცა კომიტეტი ამტკიცებდა, დროებითი გადახურვა ტაძარს არც ერთი წერტილით არ დაეყრდნობაო.

“რაღაცას ვერბალურად რომ გვიყვებიან, დოკუმენტური დასაბუთება და მტკიცებულებები სჭირდება. უნდა ვიცოდეთ, რა ტიპის პროექტთან გვაქვს საქმე. ყველაფერმა, რაც პოსტ-ფაქტუმ გავიგეთ, უარყოფითი შედეგები მოუტანა როგორც მონასტერს, ისე კედლის მხატვრობას. ახალმა დროებითმა გადახურვამ ძეგლი 5-7 წელი უნდა დაიცვას, შესაბამისად, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. ცუდი პრაქტიკიდან გამომდინარე ჩნდება ეჭვები, არის თუ არა პროექტი გამართული. მით უმეტეს, როცა პროექტს საერთოდ არ გიმხელენ, ეჭვი იზრდება”, – გვითხრა თორნიკე ბარათაშვილმა. ის ორგანიზაცია “ევროპა ჩემი სახლიას” დამფუძნებელია და გელათში მიმდინარე პროცესებს 2020 წლიდან აქტიურად აკვირდება.

საპატრიარქოზე გადარიცხული თანხები

საბოლოოდ, გელათის მთავარი ტაძრის მკლავებზე ლითონის ხარაჩოების მოწყობა კი ისე დასრულდა, რომ არ ვიცით:

  • ჰქონდა თუ არა ამ პროექტს “მწვანე შუქი” იუნესკოსგან;
  • რა დაჯდა ეს სამუშაოები;
  • ემთხვევა თუ არა კონსტრუქციის დიზაინი/კონცეფცია/წონა უგო ტონიეტის შემოთავაზებულ ვერსიას;
  • ვინ, როდის და როგორ შეფუთავს დროებითი გადახურვის ალუმინის კონსტრუქციის კედლებს. (როგორც ეს არქიტექტურულ პროექტში იყო გათვალისწინებული)
  • ვინ, რა პროექტით და რა ფასად ააგებს გუმბათის დროებითი გადახურვის კონსტრუქციას.

ბუნებრივია, გადახურვის პროექტის დეტალებზე და სამუშაოების დაგვიანებაზე კითხვები გვქონდა გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტთან. არაერთხელ დავურეკეთ კომიტეტის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს მდივანს, დავით ლორთქიფანიძეს. გვთხოვა, კითხვები წერილობით გაგვეგზავნა და დაგვპირდა, რომ თუ რთული კითხვები არ იქნებოდა, მალე გვიპასუხებდა.

ხუთი დღის შემდეგ, დავით ლორთქიფანიძემ მოგვწერა, ახლა კომიტეტში ყველა დაკავებულია და პასუხებისთვის არ სცალიათო. პროექტზე მომუშავე სპეციალისტებზე კი ზოგადად გვითხრა, რომ ყველა მათგანს მაღალი რეპუტაცია და კომპეტენცია აქვს. გარდა ამისა, გელათის ამბების თანმიმდევრული გაშუქებისთვის მადლობაც შემოგვითვალა:

“იუნესკოს და მისი მრჩეველი ორგანიზაციების მისია დეტალურად გაეცნო გელათში მიმდინარე სამუშაოებს ყველა მიმართულებით. მისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საჯარო დისკუსიებში მონაწილეობა.”

ინტერვიუს ჩაწერის მცდელობა ამაო გამოდგა არქიტექტორ ვახტანგ ზესაშვილთანაც. ის გელათის დროებითი გადახურვის არქიტექტურული პროექტის ავტორია და მთლიანად გელათის გადახურვის სამუშაოებზეა პასუხისმგებელი. ამიტომ, ბუნებრივია, მან უნდა გვიპასუხოს იმ კითხვებზე, რაც ხელოვნებათმცოდნეებს უჩნდებათ, პროექტის ბუნდოვანების გამო.

გვაინტერესებდა ისიც, რატომ არ არის ცნობილი გუმბათის გადახურვის პროექტი, საერთოდ თუ აპირებენ მის გასაჯაროვებას, ან გაითვალისწინეს თუ არა მისი მომზადებისას უგო ტონიეტის რეკომენდაციები. ზესაშვილმა სატელეფონო ინტერვიუზე უარი გვითხრა და კითხვები ელექტრონულ ფოსტაზე გაგვაგზავნინა. ერთი კვირა გავიდა, პასუხი კი დღემდე არ მიგვიღია. ფეისბუქზე მიმოწერისას მოგვიბოდიშა, “ბევრი საქმე მქონდა და ვერ მოვაბი თავი, შევეცდები ამ შაბათ-კვირას გიპასუხოთო”. დათქმული დროც გავიდა, ახლა კი ვახტანგ ზესაშვილი ზარებზეც არ გვპასუხობს.

რა ხდებოდა გელათის გადახურვაზე 2013 წლიდან დღემდე

  • 2013-2018 წლები – მთავარი ტაძრის გადახურვის რეაბილიტაცია (გუმბათი, მკლავები, საკურთხეველი, მკლავთაშორისი სივრცეები). დაფინანსება: აშშ-ის საელჩო;
  • 2015-2017 წლები – მთავარ ტაძარზე ქვის სამშენებლო მასალის საკონსერვაციო სამუშოები, დაფინანსება: მუნიციპალური განვითარების ფონდი;
  • 2018-2019 წლები – მთავარი ტაძრის ეკვდერების გადახურვა,ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია, დაფინანსება: მუნიციპალური განვითარების ფონდი;
  • 2019 წელი – მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ მკლავის მხატვრობის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშოები, დაფინანსება: მუნიციპალური განვითარების ფონდი;
  • 2020 წლის თებერვალი – ცნობილი გახდა, რომ მოჭიქული კრამიტი დაიბზარა და გატყდა. შედეგად, ტაძარში წყალი ჩავიდა და ისტორიული მხატვრობა დააზიანა.
  • 2020 წლის ნოემბერი – მოეწყო დროებითი, თუნუქის მყარი გადახურვა;
  • 2020 წლის ოქტომბერი – “იკომოს საქართველომ” დაიწუნა დროებითი გადახურვის სეგმენტურად მოწყობის გეგმა და სამინისტროს სრული გადახურვის მოწყობა ურჩია;
  • 2021 წლის თებერვალი – დაიწყო გელათის მთავარ ტაძარზე დროებითი გადახურვის დაგეგმვა. კულტურის სამინისტრომ იუნესკოს გაუგზავნა დროებითი გადახურვის ვერსიები და საპასუხოდ მიიღო რჩევა, რომ გელათი გადაეხურათ ე.წ ქოლგისებური კონსტრუქციით;
  • 2021 წლის თებერვალი – იუნესკომ გელათის დროებით გადახურვაზე მუშაობა დაავალა გერმანულ საინჟინრო კომპანია “ლეიერს”.
  • 2021 წლის ივნისი-აგვისტო – წყლის შეღწევის მიზეზებს იკვლევდა და დროებითი გადახურვის სამუშაოებს გეგმავდა იტალიური კომპანია “რესტრუერე”, უგო ტონიეტის ხელმძღვანელობით.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გელათის გადახურვაზე დახარჯა

რა პრობლემები აქვს საკურთხეველს და მე-12 საუკუნის მოზაიკას?

2024 წლის 2-3 ივლისს გელათის მთავარი ტაძრის საკურთხეველს დროებითი, თუნუქის “სახურავი” მოხსნეს. შედეგად, დაზიანებული კრამიტის იმედად დარჩა საკურთხევლის აფსიდში მდებარე ისტორიული მოზაიკა – ღვთისმშობელი ყრმით, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებთან ერთად. მოზაიკა წვიმის წყლისგან დაუცველი იყო მთელი სამი კვირის განმავლობაში. ამ პერიოდში კი გელათში ნალექი და ძლიერი ქარი იყო.

აფრიალებული-ტენტი-საკურთხეველზე
ქსოვილი, რომელიც დროებით სახურავს დააფარეს. ფოტო: 2024 წლის აგვისტო,
წყარო: ჯგუფი “გადავარჩინოთ გელათის მონასტერი”

30 ივლისს საკურთხეველს თეთრი ქსოვილი დააფარეს. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი გვაიმედებს, ამ ნაწილში “წყლის ჩასვლის რისკი მიზერულიც კი აღარ არისო”, თუმცა სპეციალისტები სხვაგვარად ფიქრობენ.

“ეს ტენტი არ არის სერიოზული… ისეთ სიმაღლეზეა გადახურული და გადაჭიმული, რომ თავისთავად არ არის სანდო წვიმის შემთხვევაში, შეიძლება ქარიც ამოვარდეს, წვიმაც შეასხას და ვერ იყოს ისე დაცული. ფაქტია, რომ ყველა დასკვნაში, ქართულში თუ უცხოურში ეს კრამიტი წუნდებულია. რა გამოდის, ნონსენსს გვიმტკიცებენ? რომ გინდა თუ არა კარგი იყო გადახურვა მაგ ნაწილშიო”, – ღელავს გადახურვის მასალის არამდგრადობაზე არქიტექტორ-რესტავრატორი გოგოთურ მისრიაშვილი.

„პროექტის მიხედვით, გადახურვა უნდა ყოფილიყო მყარი. ის, განმარტების გარეშე, ჩანაცვლდა რბილი საფარით, რომელიც კომიტეტის მესვეურთა განცხადებით, მაღალი ხარისხის, გამძლე მასალას წარმოადგენს. შესაძლოა ასეც არის, თუმცა,ქსოვილით დაფარული ტენტები საიმედოდ რომ დაიცავსტაძარს გარემო პირობების ზემოქმედებისგან, არა განცხადებით, არამედ კომპეტენტური სპეციალისტების დასკვნით უნდა იყოს წერილობით დადასტურებული. კითხვები, რომლებიც დროებითი გადახურვის თუნდაც ამ ნაწილის მიმართ არსებობს, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის დამოუკიდებელი ექსპერტიზა. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმიტომაც, რომ პროცესიდან სრულად ამოღებულია სამუშაოების შემფასებელი რგოლი “, – გვიხსნის ხელოვნებათმცოდნე მაკა ბულია.

დროებით გადახურვას რომ მყარი საფარი უნდა ჰქონოდა, ამას არქიტექტურული პროექტის ეს ამონარიდიც ადასტურებს:

“სახურავზე არის გამოყენებული მყარი pvc კედერის მასალა, რომელსაც გერმანელი მწარმოებელი კონსტრუქციასთან ერთად დაამზადებს”.

pvc-keder-1
მყარი კედერის ნიმუში

საინტერესოა ისიც, რომ საკურთხევლის მხოლოდ კრამიტის ანაბარა დატოვება პროექტით გათვალისწინებული არ ყოფილა. საპატრიარქოს მიერ დაარსებული გელათის რეაბილიტაციის კომიტეტიც აღიარებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება “გადაუდებლად” მოუწიათ.

მათი თქმით, საკურთხევლის თუნუქის საფარმა ხელი შეუშალა გერმანულ კომპანია “ქუადრექსს”.საქმე ისაა, რომ როცა ინჟინრები დროებითი გადახურვის ახალ კონსტრუქციას აწყობდნენ, ძველი ხარაჩოები უნდა მოეხსნათ. მათ შორის, უნდა მოეხსნათ საკურთხევლის მეტალის ხარაჩოც, რომელიც ზემოთ ნახსენებ თუნუქის ფენას იჭერდა.

“… საკურთხევლის აფსიდის გადახურვის მონაკვეთში, თუნუქის დროებითი გადახურვა 100%-ით ეყრდნობოდა მხოლოდ მეტალის ხარაჩოს და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ტაძრის სტრუქტურასთან […] შესაბამისად, შეუძლებელი გახდა აფსიდის გარე ხარაჩოს მოხსნა ისე, რომ არსებული დროებითი გადახურვა შენარჩუნებულიყო… “, – წერდა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი 2024 წლის 16 აგვისტოს.]

სპეციალისტებისთვის გასაკვირია, რატომ გამოდგა ეს ამბავი გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი, როცა პროექტის მომზადებისას წინასწარ შეისწავლეს ტაძრის ფასადი და წესით, კონსტრუქციის ყველა დეტალი უნდა სცოდნოდათ.

“არასერიოზულია ეს განცხადება, მათ ჰქონდათ წელიწადნახევრიანი დრო. ამ დროში პროექტზე მუშაობდნენ, აზომილი იყო ის ტერიტორია და ტოპოანაზომზე ხარაჩოების მდებარეობაც კარგად გამოჩნდებოდა. ის ხარაჩო რომ ხელისშემშლელი იყო, ახალი ამბავი არ უნდა ყოფილიყო… ”, – ბრაზობს არქიტექტორ-რესტავრატორი გოგოთურ მისრიაშვილი.

“სრულიად გაუგებარი იყო, რატომ მოიხსნა თუნუქის საბურველი, რომელიც შეიძლება 100-პროცენტიანი დაცვის გარანტი არ იყო, მაგრამ კრამიტს ნამდვილად ჯობდა. კომიტეტის განცხადების მიხედვით, მისი მოხსნის გარეშე აღმოსავლეთ ფასადზე დროებითი გადახურვის კონსტრუქცია ვერ გაიმართებოდა. ეს ირიბად მიმანიშნებს იმაზე, რომ ქოლგისებრი გადახურვის პროექტის შედგენისას, რისკ-ფაქტორები არ აქვთ გათვლილი… გზადაგზა რომ იღებენ გადაწყვეტილებებს ამ დონის და მასშტაბის პროექტზე, ძალიან ბევრ კითხვას და ეჭვს ბადებს” – ჩვენთან საუბრისას გაკვირვებას ვერ მალავს ხელოვნებათმცოდნე ნუცა ციციშვილი.

სქრინიპროექტიდან
“სქრინი” არქიტექტურული პროექტიდან

შეიძლება იფიქროთ, რატომ არის საგანგაშო საკურთხევლის მხოლოდ კრამიტის იმედად დატოვება, ღია ცის ქვეშ მაინც ხომ არ იყოო. საქმე ისაა, რომ ეს ის კრამიტია, რომელიც 2019 წლიდან დაზიანებულია და წყალს ატარებს. შესაბამისად, დაზიანება ემუქრება საკურთხევლის აფსიდში მდებარე ისტორიულ მოზაიკასაც.

კომიტეტი კი გვიმტკიცებს, კრამიტიდან საკურთხეველში წყლის ინფილტრაცია არასოდეს მომხდარაო, თუმცა ჩვენ მიერ შესწავლილი დოკუმენტები და სპეციალისტების მონათხრობი სხვა რამეზე მეტყველებს.

“მოზაიკის პრობლემები იწყება იმ დროიდან, რაც ცხადი გახდა, რომ ახლადრეაბილიტირებული სახურავი იყო მძიმე მდგომარეობაში და კი არ იცავდა, არამედ აზიანებდა ტაძარს. აღმოსავლეთსაც ჰქონდა იგივე პრობლემა, რაც ჩრდილოეთს, დასავლეთს და სამხრეთს. ეს დანამდვილებით იყო ცნობილი, უბრალოდ მაშინ ხარაჩოს გარეშე მოზაიკაზე ახლოდან დაკვირვების შესაძლებლობა არ გვეძლეოდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არსებული სურათის გათვალისწინებით, პროცესების განვითარების ადრეულ ეტაპზევე არგუმენტირებული ვარაუდის გამოთქმა არ შეგვეძლო იმასთან დაკავშირებით, რომ მოზაიკა დაზიანების საფრთხის წინაშე იდგა”,- გვეუბნება ხელოვნებათმცოდნე ნუცა ციციშვილი.

მოზაიკა-გადავარჩინოთ-გელათის-მონასტერი
მოზაიკის დაზიანების დინამიკა. ფოტო: ფეისბუქ ჯგუფი “გადავარჩინოთ გელათის მონასტერი”

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს 2020 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წყლის ჩასვლა გამოიწვია კრამიტების დეფექტმა: სრულმა თუ ნაწილობრივმა დანაკარგმა, ბზარებმა და მიკრობზარებმა. ასეთი დეფექტები ჰქონდა როგორც ეკვდერებს, ისე კარიბჭეებს, ნართქესს და საკურთხეველს.

2020-2023 წლების ინტერვალში საკურთხეველში მდებარე ღვთისმშობლის მოზაიკა საფუძვლიანად არავის გამოუკვლევია – არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და არც საპატრიარქოს. არადა, ამ ხნის განმავლობაში ეს მე-12 საუკუნის ძეგლი რომ ზიანდებოდა, დადასტურებულია.

2023 წლის იანვარში ჩუბინაშვილის კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც ვკითხულობთ: “დაზიანების დინამიკა ჩანს ღვთისმშობლის ფიგურის სახესა და ყელზე… რესტავრაციის ადგილების (სავარაუდოდ, მე-16 ს.) მკაფიო ლაქებად გამოთეთრება-გამორეცხვაში, და მოზაიკური ფონზე გამოთეთრების (სავარაუდო გამომარილების) ლაქების მატებაში”.

გელათის-მოზაიკა-გადავარჩინოთ-გელათის-მონასტერი
წყარო: ფეისბუქ ჯგუფი “გადავარჩინოთ გელათის მონასტერი”

ამ დასკვნის ავტორები აკრიტიკებენ ქართველ რესტავრატორთა იმ ჯგუფს, რომლებსაც მოზაიკის შესწავლა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან დადებული 2021 წლის ნოემბრის ხელშეკრულებით ევალებოდათ. ამ სამუშაოების შესრულების დოკუმენტები კი არ არსებობს.

სინამდვილეში, მერაბ ბუჩუკურის გუნდს მოზაიკაზე არასოდეს უმუშავია, რადგან მათთვის ეს არც არავის დაუვალებია. როგორც თავად ბუჩუკური გვიხსნის, დოკუმენტში ტექნიკური შეცდომაა გაპარული და სამუშაოების ჩამონათვალში მოზაიკა არ უნდა ეწეროს:

“მე მოზაიკის სპეციალისტი არ ვარ. ჩვენ რომ ამ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, მექანიკური შეცდომა იყო სააგენტოს მხრიდანაც და ჩვენგანაც. არ წავიკითხეთ ბოლომდე, რაზე ვაწერდით ხელს. ეს ხელშეკრულება იმდენად ‘დაშტამპულია’, ერთი და იგივე კეთდება ხოლმე და მგონი იმათაც არ მიაქციეს ყურადღება”.

მოზაიკის შესწავლა არ დაავალეს არც “ჯოვანი სეკკო სუარდოს” გუნდს, რომელიც გელათში 2021-2022 წლებში მუშაობდა. მათ 2024 წლის აგვისტოში რომ ვესაუბრეთ, გვითხრეს, ჩვენს დროს მოზაიკაზე ხარაჩო არ იყო და რა სჭირდა, ვერც გავიგებდითო. იმავე მიზეზით ვერ შეამოწმა ძეგლი იუნესკომაც.

“…არც ერთი ხარაჩო არ არსებობდა აფსიდის კამარებსა და გუმბათზე არსებული მხატვრობისა და მოზაიკის მდგომარეობის შესაფასებლად”, – ვკითხულობთ იუნესკოს საკონსულტაციო მისიის 2022 წლის ნოემბერ-დეკემბრის ანგარიშში.

ბოლოსდაბოლოს, მოზაიკაზე ზრუნვა შარშან ზაფხულში დაიწყო. კომიტეტმა მოზაიკის შესასწავლად იტალიელი კონსერვაციის სპეციალისტი, რობერტო ნარდი მოიწვია. მან 2023-2024 წლებში ორი ანგარიში მოამზადა. პირველში, მოზაიკა ზედაპირულად შეაფასა, 2024 წლის 24 ივლისს კი სიღრმისეული დასკვნა გამოოქვეყნდა.

დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ მოზაიკა სწრაფი დეგრადაციის პროცესშია და მაღალია მისი კედლიდან ჩამოვარდნის რისკი.

არქიმანდრიტი-კირიონ-ონიანი-რობერტო-ნარდი
არქიმანდრიტი კირიონ ონიანი, რობერტო ნარდი და ვახტანგ ზესაშვილი; ფოტო: 2024 წლის მარტი; წყარო: გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი

 “…გაგვიჭირდა ინჟინრების ვერდიქტის დაჯერება, რომლებმაც მოზაიკის კედლიდან მოშორების პროცენტულობა საერთო ფართობის 89%-ით განსაზღვრეს. უპირველესი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად სტაბილური გარემოს შექმნა, რაც მინიმუმამდე დაიყვანს მოზაიკის რისკს…” – ვკითხულობთ დასკვნაში.

რობერტო ნარდის რეკომენდაციით, მოზაიკის კრიტიკულ წერტილებზე რაც შეიძლება მალე უნდა მოეწყოს ერთგვარი დამცავი, რომ ძეგლმა კონსერვაციას გაუძლოს.

ჯერჯერობით, უცნობია, ვინ და როდის მოაწყობს ამ დამცავს ან საერთოდ, რა ნაბიჯები გადაიდგა რობერტო ნარდის რეკომენდაციების მიხედვით. ამ ბუნდოვანების გარკვევასაც გელათის რეაბილიტაციის კომიტეტთან ვცდილობდით. როგორც უკვე გითხარით, ჩვენთან სასაუბროდ ვერ იცლიან, ამასობაში კი მოზაიკა ასე გამოიყურება:

“ბოლოს 15 თებერვალს ვიყავით და არის ძალიან ძლიერი გამომარილება, ცვივა კენჭებიც და უკვე თვალითაც ჩანს, რომ გარკვეული ნაწილები დაძრულია.… ნაგებობის ეს ნაწილი დაუცველად იყო მიტოვებული სამი კვირის განმავლობაში, წვიმების პერიოდში და არ გვაქვს გარანტია, რომ მასში წყალი არ შევიდა. წყლის შესაღწევად მაინცდამაინც ჩარეცხვა არ არის აუცილებელი. ჩაჟონვაც საკმარისი იქნებოდა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოზაიკისთვის”, – გვეუბნება გ. ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნე ეთო ედიშერაშვილი.

მოზაიკა-გელათის-რეაბილიტაციის-კომიტეტი
მოზაიკა, 2024 წლის მარტი, წყარო: გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი.png

რა საფრთხეს უქმნის გელათს გრუნტის წყლები

როგორც ჩანს, დაგვიანება გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ერთგვარი ხელწერაა. მოზაიკის მსგავსად, გვიან დაინტერესდნენ გრუნტის წყლების პრობლემითაც, რომელიც ისედაც დაზიანებული მხატვრობისთვის დამატებითი რისკ-ფაქტორია.

იუნესკოს მისია ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლო ამბობდა, რომ გელათის მონასტრის აღმოსავლეთით მდებარე ბორცვში, დიდი რაოდენობით მიწისქვეშა წყლები გროვდება, მონასტრის ტერიტორიაზე ჩაედინება და საძირკველს ატენიანებსო. ეს პრობლემა თანაბრად ჰქონდა როგორც ღვთისმშობლის შობის, ისე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებს. ამიტომ, იუნესკოს რჩევით, აუცილებელი იყო სადრენაჟო სისტემის დასრულება და გეოტექნიკური კვლევა.

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა ეს რჩევა ყურად იღო მხოლოდ ორი წლის შემდეგ. გრუნტის წყლების დონის კვლევა 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს. ინჟინრები და ხელოვნებათმცოდნეები კი ამ სამუშაოებსაც აკრიტიკებენ და უნდობლობას უცხადებენ.

“გაუგებარია, რატომ ელოდებიან ზამთარს… ჯერ კიდევ გაზაფხულამდე რატომ არ ჩატარდა კვლევა, როცა გადახურვის მოწყობა დაანონსდა? ანუ ეს სეზონიც დავკარგეთ. ორჯერ ორი ოთხია, რომ ეს კვლევა წინ უნდა უსწრებდეს პროექტის განხორციელებას. ჯერ კონსტრუქცია არ უნდა იგებოდეს და მერე არ უნდა ტარდებოდეს [არქეოლოგიური და გეოლოგიური] კვლევა”, – გვიხსნის ხელოვნებათმცოდნე ნუცა ციციშვილი.

გრუნტის-შესწავლა-წყარო-ქუთაისის-გაენათის-ეპარქია
გრუნტის წყლების შესწავლა გელათში, წყარო: ქუთაის-გაენათის-ეპარქია

„როგორც ახლახან გასაჯაროვებული ანგარიშიდან ირკვევა, გრუნტის წყლების დონის შესასწავლად მხოლოდ ჭაბურღილები გაუბურღიათ, ხოლო გეოფიზიკური მეთოდები, რომლებიც გრუნტის წყლების დონის შესახებ გაცილებით უფრო სრულ და დეტალურ სურათს იძლევიან, საერთოდ არ გამოუყენებიათ. ამჟამად, როცა ტაძრის პერიმეტრი ერთიანად გადახურვის ლითონკონსტრუქციებს უკავია, გეოფიზიკური მეთოდებით დაზვერვა უშუალოდ ტაძრის სიახლოვეში რთული ჩასატარებელია. კვლევა შესაძლებელია ეკლესიის მოშორებითაც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გრუნტის წყლების ქვედა საზღვარი ჰორიზონტალურია, რისი დაშვების საფუძველი არ გვაქვს. არაერთი საკითხია ბუნდოვანი…”, – ფიქრობს გეოფიზიკოსი ლადო მირიანაშვილი.

საინტერესოა, რომ გეოლოგიური კვლევების ვადებზე ვერ შეთანხმდა ქუთაის-გაენათის ეპარქია და გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი. ეპარქია აკრიტიკებდა იმას, რომ კვლევები დაიწყეს ზაფხულში, როცა წყლის დონე დაწეულია და უფრო ლოგიკური იქნებოდა, ეს სამუშაოები გაზაფხულზე, თოვლის დნობისას, ან შემოდგომის წვიმებისას ჩაეტარებინათო. ეპარქია ხაზს უსვამს, რომ გრუნტის წყლები მხატვრობას “კატასტროფულად აზიანებს”.

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა ეპარქიის პასუხად თქვა, რომ ყოვლისმომცველ წლიურ კვლევას ატარებენ, ამიტომ ჯერ წყლის დაბალ დონეს აკვირდებიან, მომავალში კი წვიმებს და თოვლის დნობასაც გაითვალისწინებენ.

როგორც მათი განცხადებიდან ჩანს, ჯერ არც სადრენაჟო სისტემა მოუწყვიათ, რასაც იუნესკო ორი წლის წინ გვირჩევდა.

ბზარი ღვთისმშობლის ტაძრის დასავლეთ მკლავზე

გადახურვა და მოზაიკა არ არის გელათის ერთადერთი პრობლემა, რომელიც დროულად ვერ მოგვარდა და რომლის ბედიც გაურკვეველია. უცნობია, რა მდგომარეობაშია ახლა გელათის მთავარი ტაძრის გრძელი ბზარი, რომელმაც 2022 წელს იჩინა თავი.

როგორც იმ დროს გელათში მყოფი უგო ტონიეტი გვეუბნება, ბზარი წარსულის მიწისძვრებმა გამოიწვია და მხოლოდ მაშინ შენიშნეს, როცა დასავლეთ მკლავის სახურავი ახადეს. “რესტრუერემ” ბზარის ნაპრალების ამოვსების გაიდლაინი ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარში გაუგზავნა. [შენიშვნა: უგო ტონიეტი აზუსტებს, რომ ეს იყო ხელშეკრულება, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ის სამუშაოები, რაც უნდა ჩატარებულიყო ბზარის გამოსაკვლევად, მაგრამ ამ ხელშეკრულების შესრულება არ დასცალდათ]

ბზარი-გელათში-წყარო-საკონსულტაციო-მისიის-ანგარიში
გრძივი ბზარი მთავარი ტაძრის დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედელზე, წყარო: 2022 წლის საკონსულტაციო მისიის ანგარიში

“საჭირო იყო დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება ბზარის სტრუქტურის კონსოლიდაციისთვის. ამ გარემოებას სტრატეგიულად და უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ… ‘დრაფტ’ კონტრაქტებში დეტალურად გვქონდა გაწერილი ყველაფერი, რა კვლევები და ანალიზები უნდა ჩაგვეტარებინა… სამწუხაროდ, 2023 წლის მარტში იძულებული გავხდით შეგვეჩერებინა სამუშაოები და საპატრიარქოსგან აღარავინ დაგვკავშირებია”, – ამბობს უგო ტონიეტი “აი, ფაქტთან” საუბრისას.

ბზარი რომ მისახედი იყო, ამას 2022 წლის დეკემბერში იუნესკოც გარკვევით ამბობდა დამდგომარეობას “საგანგაშოს და შემაშფოთებელს” უწოდებდა.

gelatirehabilitation.ge-ზე ვეძებეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ ვერც ერთი დოკუმენტი, რომელიც 2022 წლის შემდეგ ბზარზე ჩატარებულ გამოკვლევებს აღწერდა. ამ სამუშაოებზე არც ხელოვნებათმცოდნეებს სმენიათ რაიმე. ამ გაურკვევლობის გამო, ბზარის ამბავიც გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, დავით ლორთქიფანიძესთან მოვიკითხეთ, მაგრამ უშედეგოდ.

წმინდა გიორგის ტაძრის სახურავი უყურადღებოდაა მიტოვებული

გელათის მთავარი ტაძრის გარშემო მეტალის კონსტრუქციები ალბათ ბევრს შეგინიშნავთ, თუმცა სამუშაოების კვალი არ ჩანს სამონასტრო კომპლექსის არანაკლებ მნიშვნელოვან, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე. აქ არც დაზიანებული მე-16 საუკუნის მხატვრობისთვის მიუხედავთ და არც კრამიტის სახურავისთვის, რომელიც დაბზარულია და წყლისგან დაცული არ არის.

არადა, იუნესკო ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს ამბობდა, რომ წმინდა გიორგის ტაძარში წყლის შეღწევის საშიშროება იყო როგორც სახურავიდან, ისე ფასადიდან. კონკრეტულად კი სარისკო იყო სახურავზე კრამიტის განლაგება და ფასადის ქვებს შორის არსებული ბზარები.

“წმინდა გიორგის ეკლესიას აქვს მთავარი ტაძრის მსგავსი ტენიანობის პრობლემები, თუმცა ნაკლებად სერიოზული…სახურავის კრამიტი ყველაზე ნაკლებად შესაფერისი მეთოდით არის დაგებული, ფართო გადაფარვის ნაცვლად ბათქაშის ნაკერით არის გაორმაგებული. […]აუცილებელია, ქვის ბლოკებს შორის გარე ნაკერებსა და ბზარებზე მუშაობა, რათა არ მოხდეს გარე კედლებიდან წყლის შეღწევა…” – ვკითხულობთ ერთობლივი საკონსულტაციო მისიის 2022 წლის ანგარიშში.

გელათის-რეაბილიტაციის-სურათები

ამიტომ, იუნესკოს რჩევა იყო, დაუყოვნებლივ დაეწყოთ ფასადების თლილ ქვებზე ამოტეხილი/გამოტოვებული უბნების შევსება ჰიდრავლიკური კირის ბათქაშით.

წმინდა გიორგის ტაძარში რომ მაღალი ტენიანობა იყო და ამას სახურავის პრობლემები იწვევდა, “ჯოვანი სეკკო სუარდოს” გუნდის წევრი, კლიმატოლოგი ალესანდრო მასარიც ამბობდა.

“არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ ტენიანობის კომპონენტი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს გარედან ინფილტრაციით ან ქვედა დინებებით. [იგულისხმება გრუნტის წყლები] დროებითმა სახურავმა, რომელიც ახლა აქვს [წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს], რა თქმა უნდა, შეამცირა წყლის შეღწევის რისკი. თუმცა, რამდენიმე ადგილზე წვიმის წყალი ისევ ჩამოედინება და გადადის გარე სტრუქტურაზე. შესაბამისად, ეს უნდა იყოს რესტავრაციის საგანი”, – წერია ალესანდრო მასარის 2022 წლის დეკემბრის კვლევაში.

იუნესკოს და ალესანდრო მასარის რეკომენდაციების მიუხედავად, წმინდა გიორგის ტაძრის პრობლემები მოუგვარებელია. ისევ არსებობს სახურავიდან და ფასადიდან წყლის ჩასვლის საფრთხე.

“გელათში ყოველი ვიზიტის დროს ვაკვირდებოდით როგორც მთავარ ტაძარს, ისე წმინდა გიორგის ეკლესიას. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ წმ. გიორგის ეკლესიაშიც ძალიან მძიმე დაზიანებებია: ფიქსირდება მხატვრობის ცვენა, გამომარილება და ნესტი. შესაბამისად, ძალიან რთულია კომენტარის გაკეთება იმაზე, რომ ეს ეკლესია საერთოდ უგულებელყოფილია, რატომ, რა მიზეზით?”,- გაკვირვებას ვერ მალავს ხელოვნებათმცოდნე ეთო ედიშერაშვილი.

“წმინდა გიორგის ტაძრის ინტერიერში არ არის ხარაჩო. ჩვენ ბოლოს თებერვალში ვიყავით და მაშინაც არ იდგა. არადა, კომიტეტის 2023 წლის აპრილ-ოქტომბრის ანგარიშში მითითებულია, რომ მიმდინარეობდა მხატვრობის ფოტოფიქსაცია. გაუგებარია, როგორ აკვირდებოდნენ ზედა რეგისტრების, აფრების და გუმბათის დაზიანების დინამიკას იატაკის დონიდან? შეუძლებელია ასეთი რამ. წმინდა გიორგის ეკლესიაში წყალი ნამდვილად ჩადიოდა და აქაც არის ანალოგიური პრობლემები, რაც ინფილტრაციას მოჰყვება – ფერწერის დაზიანება, ნაწილაკების ცვენა, გამომარილება და ა.შ.”, – გვითხრა ხელოვნებათმცოდნე ნუცა ციციშვილმა.

ახლა წმინდა გიორგის ტაძარში პრობლემის მოგვარება საპატრიარქოს ვალია. ამიტომ, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს ვკითხეთ, რას აკეთებენ იმისთვის, რომ წყლის ჩასვლის აღარ გვეშინოდეს და ბოლოსდაბოლოს, ამ ეკლესიასაც ჰქონდეს სანდო სახურავი. კომიტეტისგან რაიმე სასიკეთო ვერც ამჯერად გავიგეთ. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ლორთქიფანიძემ ეს კითხვაც რეაგირების გარეშე დატოვა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერჯერობით, პასუხის გაცემას არ აპირებენ. 

წმ-გიორგის-ეკლესია
წმ. გიორგის ეკლესიის სახურავი 2020 წლის სექტემბერში, წყარო: ეთო ედიშერაშვილი

“ვის უნდა გელათის დანგრევა, დაქცევა, ან არასწორი რეაბილიტაცია? რა თქმა უნდა, პიროვნულად არავის უნდა, მაგრამ სისტემა არის აწყობილი ისე, რომ არ გამოსდით… როგორ გითხრათ, ეს ძეგლი ხომ ქართულია, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად დაინტერესებული, რომ უკეთესად გაკეთდეს…”, – გაგვიზიარა თავისი გულისტკივილი არქიტექტორ-რესტავრატორმა გოგოთურ მისრიაშვილმა.ბ

დაინტერესებული უნდა ვიყოთ იმითაც, რას იტყვის იუნესკოს საერთაშორისო მისია ერთ თვეში. ამ დროისთვის გასაჯაროვდება მათი ახალი ანგარიში, რომლის მოსამზადებლადაც გელათს ერთი კვირის წინ ესტუმრნენ.

ბუნებრივია, “აი, ფაქტი” გელათის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ისევ თვალს მიადევნებს, იუნესკოს დასკვნასაც გაეცნობა და მნიშვნელოვან მიგნებებზე მოგითხრობთ. ამას თანმიმდევრულად ვაკეთებთ 2020 წლიდან. მიზანი კი ისაა, რომ გელათის რესტავრაციისას დაშვებული შეცდომები გაცხადდეს, პასუხისმგებელმა პირებმა თავისი როლი უკეთ გაიაზრონ და საბოლოოდ, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გადარჩეს.

სტატიაზე მუშაობდა: მანანა ღოღობერიძე (რედაქტორი)

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

logo
მასალა მომზადებულია New Democracy Fund-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დანიის მთავრობის მხარდაჭერით. მასალაზე პასუხისმგებელია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” და მასალის სათქმელი შეიძლება არ ასახავდეს/ეთანხმებოდეს დონორის ხედვას.
კომენტარები
Total
0
Shares
Next
გელათის საფრთხეები უცვლელია: დროებითი გადახურვის შეყოვნებით, მხატვრობა ისევ ზიანდება
გელათი-27-სექტემბრის-მდგომარეობით

გელათის საფრთხეები უცვლელია: დროებითი გადახურვის შეყოვნებით, მხატვრობა ისევ ზიანდება

მოკლედ, გელათის გადახურვის პრობლემებზე

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share