fbpx
istoria 2

რა ვიცით 90-ანი წლების შესახებ? – ნაწილი 3

90-ანი წლების შესწავლა მკვლევრებისთვის დიდი გამოწვევაა. ისტორიკოსები ასახელებენ მთავარ მიზეზებს, რომლის გამოც მუშაობა უჭირთ: 

  • არქივის ჩაკეტილი სისტემა და არაორგანიზებული მასალები; 
  • არქივიდან მასალის გამოტანისა და ასლის მომზადების ტარიფები; 
  • სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ინტერესი ისტორიის კვლევის მიმართ. 

გიორგი არქანია კვლევითი ორგანიზაცია “უახლესი ისტორიის ცენტრის” ერთ-ერთი დამფუძნებელია. მისი აზრით, უახლესი ისტორიის გასააზრებლად 30 წელი ცოტაა, თუმცა, საკმარისია იმისთვის, რომ შესწავლა, ძიება, საზოგადოებისთვის ფაქტების მიწოდება დაიწყოს და ახალგაზრდა მკვლევარებმა  გარკვეულ თემებზე თამამი შეფასებები გააკეთონ.  

ცენტრმა უახლეს ისტორიაზე ოთხი წიგნი გამოსცა. არქანია გვიხსნის, რომ კვლევის პროცესის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი არქივში მუშაობაა. სასურველი მასალის მიღებამდე დიდ ბიუროკრატიულ გზას გადიან და თუ გაუმართლათ და დოკუმენტები მიიღეს, მათი ნაწილი შეიძლება დაშტრიხული იყო პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით. “საარქივო საქმე საქართველოში ისეა მოწყობილი, რომ მკვლევარი შეფერხდეს ყველა თვალსაზრისით და არ იმუშაოს ამ მიმართულებით,“ – გვიზიარებს გამოცდილებას არქანია. 

არქივის პრობლემებზე გვესაუბრა ირაკლი ირემაძეც, რომელიც ამ პერიოდის არჩევნებსა და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას იკვლევდა. ამბობს, რომ 90-იანი და 2000-იანი წლების ამსახველი დოკუმენტების დიდი ნაწილი არქივში ჯერ დახარისხებულიც არაა.

“კანონით, სახელმწიფო დაწესებულებამ 15 წელში უნდა გადასცეს დოკუმენტები ეროვნულ არქივს. ეს რაღაც პერიოდი დარღვეული იყო და 90-იანები ახლა შეაქვთ. ნაწილი ასე ვიცით, რომ გაიფანტა, დაიკარგა. ნაწილზე გვეუბნებიან, რომ დაიწვა და რა დაიწვა, არავინ იცის. მე რამდენიმე საქმეზე მომიწია მუშაობა 90-იანი წლების, არ იყო, ფიზიკურად არ ჰქონდათ არქივში ის საქმეები და როცა მივედი უშუალოდ იმ სახელმწიფო დაწესებულებაში, რომელიც იყო ინფორმაციის პირველწყარო, სამწუხაროდ, მათაც არ ჰქონდათ. მათი პასუხი იყო, რომ თვითონაც ეძებდნენ,“ – გვიყვება ირემაძე.  

ეროვნულმა არქივის ხელმძღვანელობამ ამ თემებზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა. 

ლაშა ჩანტლაძე დოქტორანტია, მისი საკვლევი თემაა ის, თუ როგორ იმოქმედა 90-იან წლებში რუსეთში მიმდინარე შიდა პროცესებმა აფხაზეთის კონფლიქტზე. მიაჩნია, რომ მთავარი პრობლემა არქივის ჩაკეტილობაა: “დასავლურ ქვეყნებში სახელმწიფოს მიზანი სწორედ ის არის, რომ თუნდაც უახლესი წარსულის სწორი გაანალიზება მოხდეს და მკვლევრებს საშუალება ჰქონდეთ დაუბრკოლებლად, კომფორტულად ისარგებლონ ამ მასალებით. ჩვენთან პირიქითაა. 90-იან წლებზე რაც შემორჩენილი გვაქვს, იმაზეც კი არ არსებობს თავისუფალი წვდომა.”  

ლაშა ჩანტლაძისთვის დამაბრკოლებელია არქივის მუშაობის გრაფიკიც. საქართველოში დოქატორანტებს იმის ფინანსური ფუფუნება არ აქვთ, რომ დრო მხოლოდ საკვლევ თემას მიუძღვნან. ჩანტლაძე დილის 9-დან 3 საათამდე სკოლაში მუშაობს და დანარჩენ 2 საათში არქივში საქმის გაკეთება ძალიან ურთულდება. ამიტომ, ფიქრობს კარგი იქნება, არქივს უფრო მოქნილი გრაფიკი ჰქონდეს. 

ბოლო 30 წელი ისტორიის მკლვევარებისთვის განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისითაც, რომ ვიდეო არქივიც არსებობს. ვიდეო მასალით ყველაზე მდიდარი საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივია. 

ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი გვეუბნება, რომ სატელევიზიო არქივებზე წვდომა პრობლემაა და არც იაფი ჯდება: “ამ პერიოდში კერძო ტელევიზიები ჩნდება და მათი არქივების ნახვაც ძალიან დიდი პრობლემაა. ესეც უნდა დარეგულირდეს, თუ ეს არის მათი საკუთრება, ნიშნავს, რომ სხვას არავის აჩვენებენ.” 

გვანცა მოდებაძე დოქტორანტია და ბოლო სამ ათწლეულში რუსეთის ჰიბრიდულ ომს იკვლევს. თემიდან გამომდინარე სხვადასხვა წყაროზე უწევს მუშაობა, ხან არქივში, უფრო ხშირად საჯარო ბიბლიოთეკაში, ასევე დასჭირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არქივი და ელექტორნული წიგნების ყიდვაც.  

ამბობს, რომ კვლევაზე მუშობა იაფი არ ჯდება და დოქტორანტი თუ სადმე არ მუშაობს, მაშინ ფინანსური რესურსი აქვს შეზღუდული. ან თუ მუშაობს, პროცესი დროში იწელება. ამბობს, რომ გრანტები, რომელიც არსებობს მინიმალურია. 

“ფინანსები გადამწყვეტია, მე რომ საშუალება არ მქონოდა, ძალიან ბევრ წიგნთან ფიზიკურად წვდომა არ მექნებოდა, იმიტომ რომ ბევრი წიგნის შეძენა მომიწია და შეიძლება, 100 დოლარიც კი ღირდეს, გააჩნია წიგნს. მე ორ სამსახურში ვმუშაობ, შემდეგ უნივერსიტეტი და კვლევა. დრო ყველაზე დიდი პრობლემაა. ჩვენ თუ პარალელს გავავლებთ დოქტორანტურის საფეხურთან ევროპაში და ამერიკაში, იქ სულ სხვა მოცემულობაა. არ მუშაობენ, გრანტებიც არის, დაფინანსება და აქვთ იმის ფუფუნება, რომ კვლევაზე გადაერთონ,” – ამბობს მოდებაძე. 

ყველა მკლევარი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით ძვირია ეროვნულ არქივში ასლის გაკეთება. ერთი გვერდი ერთი ლარი ღირს. ეს ფასი სტუდენტებისთვის ნახევრდება, მაგრამ, მაინც დიდი ვერაფერი შეღავათია. 

“წარმოგიდგენიათ, რამხელა მასალა სჭირდება მკვლევარს იმისთვის, რომ მივიდეს იქამდე, საითკენაც ისწრაფვის? არქივში ერთი ფოტოს ღირებულება არის დაახლოებით 10 ლარი. მაშინ როდესაც დასავლეთის ქვეყნებში სახელმწიფო არის ორიენტირებული, რომ როგორმე გაუადვილონ მკვლევრებს მუშაობა, თავად ქმნიან ელექტრონულ რესურსებს, ბაზებს, სახლში აწვდიან მკვლევრებს და ეუბნებიან, თქვენთვის ღიაა ყველაფერი, ოღონდ თქვენ იკვლიეთ ჩვენი ქვეყნის წარსული,” – გვეუბნება გიორგი არქანია. 

ირაკლი ირემაძის თქმით კი, სხვებთან შედარებით, ეროვნული არქივის ფასები ყველაზე იაფია, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში 3 ლარი ღირს ერთი გვერდის გადაღება. “სტატიის წერისას, ხშირდ, ჰონორარის უდიდესი ნაწილი არქივის მომსახურებაში მიდის,” – გვეუბნება ის. 

არქივის კიდევ ერთ პრობლემა გაციფრულების შენელებული ტემპია. გვანცა მოდებაძე გვიყვება, რომ პანდემიისას რესურსებზე წვდომა განსაკუთრებით გაჭირდა: “ხშირად არის, რომ ან ვერ გატანენ ბიბლიოთეკიდან, ან ასლი ვერ გაკეთდება. ძალიან გაჭირდა რაც პანდემია დაიწყო, ტოტალურად გაჩერდა ყველაფერი. როდესაც არ არის გაციფრულებული ყველა წყარო და მე მესმის, რომ ყველაფრის გაციფრულება შეუძლებელია, მაგრამ ეს ძალიან დიდ პრობლემას ქმნის. დავრჩით, ძირითადად, ინტერნეტ რესურსების გამოყენებაზე.” 

აქამდე რა (არ) გაკეთებულა და რატომ?

ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს, რომ 90-ანების შესწავლას მკვლევრები თავს არიდებენ და ამას არაერთი მიზეზი აქვს. 

“ზოგადად, საქართველოში, ისტორიის ფუნდამენტურ კვლევას არიდებენ თავს. ძალიან უმადური საქმეა და ამაში ფული არ არის, ამიტომ ცოტა კვლევა იწერება და ახალი თაობაც არ მოდის ბევრი. მერე მეორე, ამ სფეროში წყაროების ნაკლებობაა და ბევრის დაწერა გიჭირს. მესამე ის, რომ ძალიან მგრძნობიარე თემაა, სადაც ყოველთვის არის „არ გავილანძღო“ შანსი, იმიტომ რომ ცოცხალ ადამიანებზე წერ,” – გვიხსნის კობახიძე. 

დავით ჯიშჯარიანიც ამბობს, რომ შეზღუდულ წყაროებზე მეტად პრობლემური და მნიშვნელოვანია პოლიტიკური გარემო, რომელიც ამ პერიოდზე მოქმედებს. მისი თქმით, ძალიან ახლოს იყო ეს წარსული და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ პროცესებში მონაწილეობდა, დღესაც არის პოლიტიკური აქტორი. აქედან გამომდინარე ცდილობენ, მის მიერ დანახული და შემოთავაზებული ისტორია იყოს დომინანტი. 

“ჩვენ მთავარ მოვლენას, სამოქალაქო ომს დავარქვით თბილისის ომი, არადა, აშკარად ეს ომი თბილისის საზღვრებსაც გასცდა, აფხაზეთშიც გადავიდა, უკანაც გადმოვიდა. ნუ, ვერ ვარქმევთ სახელს. ხან პროფესიონალიზმის დეფიციტია, ხან მკვლევრების გამბედაობის. ნადვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი თაობის მკვლევრებში დიდი ინტრესია ამ პერიოდის მიმართ,“ – ამბობს ჯიშკარიანი.  

მისი თქმით, არ არის შესწავლილი როგორი იყო ინსტიტუციები, არმია როგორ ჩამოყალიბდა, პოლიცია როგორ ჩამოყალიბდა, ძველიდან როგორ გადავედით ახალ ეკონომიკურ მოდელზე.

“…და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სად არის კრიმინალის შესწავლა?! კრიმინალი, რომელიც ყველას მართავდა და კრიმინალი, რომელმაც გადაინაწილა ის დოვლათი, რომელიც საბჭოთა ეკონომიკის შედეგად იყო. როგორ აღმოჩნდა ეს ქარხნები 2-3 ადამიანის ხელში?! 

ირაკლი ირემაძეც ამბობს, რომ ხშირად მკვლევრები, საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე, ერიდებიან შეცდომებზე წერას. 

 “სამწუხაროდ, ჩვენთან ისტორიკოსებს ჰგონიათ, რომ მათი ფუნქცია არის არა ფაქტების აღწერა და კონკრეტული თეორიის გაანალიზება, არამედ ერის ღირსების და ინტერესების დაცვა. ეს გიბიძგებს თვითცენზურისკენ. საშარო საქმეა,“ – გვეუბნება ირემაძე. 

ყველა ისტორიკოსს, რომელსაც ვესაუბრეთ ვეკითხებოდით, რა კვლევები და ნაშრომები არსებობს 90-ანი წლების შესახებ. მათ ორი წიგნი ახსენეს, ესენია სტივენ ჯონსის “საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის შემდეგ” და დიმიტრი შველიძის “პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში.” 

პუბლიკაცია მომზადებულია პროექტის “სიღრმისეული ონლაინ ჟურნალისტიკა,” რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ (BMZ). მასალაში გამოთქმული მოსაზრებები მიეკუთვნება ავტორს და შეიძლება, არ ასახავდეს BMZ-ის პოზიციას.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ვინ და როგორ იკვლევს, რა გავლენა ექნებათ ჰესებს გარემოზე?
hesebi

ვინ და როგორ იკვლევს, რა გავლენა ექნებათ ჰესებს გარემოზე?

ავტორები: ია ასათიანი და აიდან იუსიფი 7 წლის წინ, ზაფხულში, დარიალის ხეობაში

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share