fbpx
bidzina

ივანიშვილების ოჯახის სიცოცხლის დაზღვევიდან დაკარგული $500 მილიონი

ბიძინა ივანიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად მისივე კონტროლის ქვეშ მყოფ ოფშორული კომპანიის დირექტორებსა და შვეიცარულ ბანკ “კრედიტ სუისს” მისი ანგარიშიდან 500 მილიონ დოლარზე მეტის დაკარგვაში ადანაშაულებს.

ბერმუდისა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოების ჩანაწერების მიხედვით, ივანიშვილმა 725 მილიონ დოლარზე მეტი ბერმუდაში გადასახადისგან გათავისუფლებულ სადაზღვევო პოლისებში დააბანდა, რომლებსაც შპს “კრედიტ სუისს ლაიფ (ბერმუდა)” (Credit Suisse Life (Bermuda) Ltd) განკარგავდა. პოლისები აზღვევდა თავად ბიძინა ივანიშვილის, ეკატერინე ხვედელიძის, გვანცა, ცოტნე და ბერა ივანიშვილების სიცოცხლეს.

480 მილიონი დოლარი ივანიშვილმა 2011 წელს შპს “მიდოუსვით ესსეთსის” (Meadowsweet Assets Limited) ანგარიშზე განათავსა. კომპანია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული და OCCRP-მ ის “პანამის დოკუმენტებში” იპოვა.

275 მილიონი დოლარი კი შპს “სენდქეი ინვესთმენთის” (Sandcay Investments Limited) ანგარიშზე 2012 წლის 7 დეკემბერს განთავსდა, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან 6 კვირაში.

ბერმუდა პოპულარული ოფშორული ზონა იმის გამო გახდა, რომ იქ სადაზღვევო პოლისში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თანხის დაბანდებაა შესაძლებელი. შემდეგ ამ პოლისის თანხების აქტივებად ქცევა და ნებისმიერ კომპანიაში დაბანდება ისე შეიძლება, რომ მიღებული მოგება არ დაიბეგროს.

ბერმუდის სადაზღვევო კანონმდებლობის მიხედვით ნებისმიერი რაოდენობის თანხა, რომელიც სადაზღვევო პოლისზე განთავსდება, დაზღვეულის საერთო ქონებას ემიჯნება და ის განყენებულად ფლობს მას. თანაც არც ერთ მევალესა და კრედიტორს არ ექნება შესაძლებლობა დაზღვევის თანხის მეშვეობით მოითხოვოს ვალის დაფარვა.

Credit Suisse Life (Bermuda) Ltd. 2012 წელს სადაზღვევო პოლისებთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა. გერმანიის ფინანსური უწყებები იძიებდნენ 5 000-მდე გერმანელის საქმეს, რომლებსაც მსგავსი სადაზღვევო პოლისები ჰქონდათ და ამ გზით გადასახადებს თავს არიდებდნენ. Credit Suisse აცხადებდა, რომ გადასახადისგან თავისუფალი სადაზღვევო პოლისები კანონიერად ითვლებოდა შვეიცარიაში, მაგრამ პოლისის მფლობელებს პასუხი უნდა ეგოთ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. იმავე წელს Credit Suisse დათანხმდა, 150 მილიონი ევრო გადაეხადა გერმანიის ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რადგან მათი დახმარებით გერმანელმა მოქალაქეებმა გადასახადებს თავი აარიდეს და ქვეყანას ზიანი მიაყენეს.

კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა დაზღვევის შეძენა ბერმუდაში, გიორგი ბაჩიაშვილს, ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელსა და ივანიშვილის წარმომადგენელს კონკრეტული პასუხი არ აქვს. მისი თქმით, ივანშვილის ფინანსურ აქტივებს გუნდი მართავს და ისინი სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით იღებენ გადაწყვეტილებას, თუ სად დააბანდონ ინვესტიცია. “ხშირად ხდება, რომ ამა თუ იმ საფინანსო ინსტიტუტს აჯარიმებს რეგულატორი ან/და სხვადასხვა ოფიციალური ორგანო; ეს ფაქტები არ ნიშნავს, რომ ეს ინსტიტუტები საეჭვო რეპუტაციის არიან ან არალეგალურ საქმიანობას ეწევიან. ნებისმიერი მსხვილი საერთაშორისო ბანკი ერთხელ მაინც არის მსგავსი ან უფრო დიდი თანხით დაჯარიმებული,” – ვკითხულობთ ბაჩიაშვილის მიერ გამოგზავნილ ელექტრონულ წერილში.

14 ივნისს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ივანიშვილი “კრედიტ სუისისა” და დაკარგული მილიონების თემასაც გამოეხმაურა. “მე არ დამიკარგავს ეს ფული, ბანკმა დაკარგა. ფული ჩემი ანგარიშიდან გაქრა და ბანკმა ის უკან უნდა დააბრუნოს. მე ეს თემა არ მაშფოთებს, რამეთუ “კრედიტ სუისს” აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თუ მისმა თანამშრომლმა კანონი დაარღვია, მანვე აგოს პასუხი. … მე ბანკირი ვიყავი და კოლეგიალური გრძნობები მაქვს ბანკის მიმართ, მინდა დელიკატური ვიყო და ჩემი განცხადებებით ბანკი არ დავაზიანო. თუმცა მე შემიძლია სერიოზული ზიანი მივაყენო, თუ ყველაფერზე ვისაუბრებთ.”

ბერმუდის სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში ივანიშვილი ფულის არაეფექტურად მართვაში სადაზღვევო კომპანია Credit Suisse Life (Bermuda) Ltd –სა და ბანკის ჟენევის სათავო ოფისს ადანაშაულებს.

ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე მიმდინარე პროცესში კი ივანიშვილი საკუთარი ოფშორული კომპანიის, Meadowsweet Assets Limited-ის დირექტორებისგან მეტად ეფექტურ ქმედებებს ითხოვს ბანკ “კრედიტ სუისსისა” და ბანკირ პატრიკ ლესკადრონის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში მონაწილეობისას. სწორედ ლესკადრონს ადანაშაულებს ივანიშვილი მისი აქტივების არასწორად მართვაში. ბანკირმა დაკარგული 500 მილიონი დოლარიდან 100 მილიონი ფარმაცევტულ კორპორაცია რაპტორში დააბანდა და 2015 წელს, როცა კომპანიის აქტივების ფასი დაეცა, ივანიშვილმაც მილიონები დაკარგა.

ლესკადრონი ამჟამად დაპატიმრებულია და შვეიცარიელი გამომძიებლები სწავლობენ, თუ როგორ განკარგავდა იგი ივანიშვილისა და სხვა მდიდარი კლიენტების ანგარიშებს.

Meadowsweet Assets-ის დირექტორები, რომლის მიმართაც ივანიშვილს პრეტენზიები გააჩნია, არიან ბაჰამის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიები- Bukit Merah Limited და Tanah Merah Limited. “პანამის დოკუმენტების” თანახმად, ეს ორი კომპანია მართავს ივანიშვილის საკუთრებაში მყოფ სხვა კომპანიასაც, შპს Lynden Management-ს.

“პანამის დოკუმენტების” სახელით ცნობილი მასალები გერმანულ გაზეთს Süddeutsche Zeitung -ს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. გაზეთმა ინფორმაცია გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს და 110-ზე მეტ მედიასაშუაებას გაუზიარა.

ივანიშვილმა, რომელიც ჟურნალ “ფორბსის” შეფასებით 4.8 მილიარდ დოლარს ფლობს, 14 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი საქმიანობა სრულიად კანონიერია და თუ ვინმეს დამატებითი კითხვები აქვს, შეუძლია პროკურატურასა და სასამართლოს მიმართოს.

OCCRP-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საუბარი იყო ივანიშვილის პასპორტის ასლზე, რომელსაც იგი სამი წლის მანძილზე არ უგზავნიდა ოფშორული კომპანიის მარეგისტრირებელ ორგანოს, აქტიურად განიხილებოდა სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ რამდენიმე დღის მანძილზე. თუმცა, როდესაც 14 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილს პასპორტის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ ამის შესახებ პირველად ესმის.

ავტორები: დეივიდ ბლოსი და ნინო ბაქრაძე

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ივანიშვილის ბანკირის აღიარება და კიდევ ერთი არადეკლარირებული კომპანია
ivanishvili 2

ივანიშვილის ბანკირის აღიარება და კიდევ ერთი არადეკლარირებული კომპანია

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share