ქართული ეკლესია რომ რუსეთის “კალთის” ქვეშაა და მათ ინტერესებს ერთგულად ემსახურება, არაერთხელ დავრწმუნდით. ჩვენს ბედს იზიარებს და რუსული პროპაგანდის საიმედო საყრდენია მოლდოვის მართლმადიდებლური ეკლესიაც. ამიტომ, კოლეგებთან ერთად ვიკვლიეთ, რა შინაარსის ქადაგებები აქვთ ამ ორ ქვეყანაში მოღვაწე სასულიერო პირებს და როგორ ურევენ თავგზას მათზე ბრმად მონდობილ მრევლს.
როგორ ესმით ადამიანის უფლებები საქართველოსა და მოლდოვის ეკლესიაში?
ჟურნალისტური გამოძიების ამ სერიაში გიყვებით, როგორ ესმით ადამიანის უფლებები მოლდოვურ და ქართულ ეკლესიაში, რას ამბობენ ოჯახში ძალადობაზე, საზოგადოებაში ქალის როლზე და ლგბტქ თემზე.
“ადამიანი სამყაროს განსაკუთრებული მოვლენაა,”- ნაქადაგები აქვს პატრიარქ ილია მეორეს. მისი წარმოთქმულია ისიც, რომ ღმერთმა ქართველი ხალხი სიყვარულით დაიახლოვა და სიძულვილი არ შეუძლიათ. ამ სიტყვებს ნამდვილად არ ეხმიანება ზიზღით და ბოროტებით სავსე გარემო, რომელსაც მართლმადიდებლურ ეკლესიებში ქმნიან. სასულიერო პირები მრევლს შთააგონებენ, რომ დასაშვებია ადამიანების ჩაგვრა, დაცინვა, გარიყვა და ფიზიკური ძალადობაც კი.
ასე “აკურთხეს” 2021 წლის 5 ივლისიც, როცა მღვდლების წაქეზებით მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფი ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა, “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი სასტიკი ცემის შემდეგ გარდაიცვალა. მედიას ლგბტქ ადამიანების “ღირსების მარში” უნდა გაეშუქებინა, მათზე თავდასხმით კი თითქოს “გარყვნილება აღკვეთეს.”
“მიგვაჩნია, რომ ძალადობა მიუღებელია და დასაგმობი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. ამიტომაც, სათანადო რეაგირება გვექნება ძალადობისკენ წამქეზებელ სასულიერო პირთა მიმართაც, თუკი ასეთები არსებობენ,”- აცხადებდა საქართველოს საპატრიარქო 2021 წლის 5 ივლისს.
მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა. დავინტერესდით, მოჰყვა თუ არა დაპირებული “სათანადო რეაგირება” რომელიმე მღვდლის საქციელს. პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ გვითხრა, რომ ერთ სასულიერო პირს აგებინეს პასუხი და მღვდელმსახურებაც შეუჩერეს. თუმცა, მის ვინაობაზე რომ ვკითხეთ, არ გვიპასუხა.
საკითხავი ისაა, როგორ ვერ მიაკვლიეს ერთზე მეტ დამნაშავეს ეკლესიის წიაღში, როცა “აი, ფაქტმა” 5 ივლისის მოვლენებში ჩართული 26 მღვდელი ამოიცნო.
რადგან საპატრიარქო ძალადობის წამქეზებელ სასულიერო პირებს თვალს და ყურს არიდებს, მათ ნაცვლად ჩვენ შევისწავლეთ მღვდლების ნაამბობი. Ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, როგორ იქცა ეკლესია ადამიანის უფლებების მტრად.
საქართველოში სასულიერო პირები აჟღერებდნენ შემდეგ გზავნილებს:
- ჰომოსექსუალობა ცოდვაა, რომელიც რელიგიას შეურაცხყოფს;
- ლგბტქ ადამიანები მოძალადეები არიან და პროპაგანდას ავრცელებენ;
- თუ ჰომოსექსუალობას დავუშვებთ, ტრადიციებს დავკარგავთ და ერი განადგურდება
რაც შეეხება ქალების უფლებებს, ეკლესიის წიაღიდან გვესმოდა, რომ გენდერული თანასწორობა არ არსებობს, ქალის მთავარი როლი დედობაა, ოჯახის გარეთ მისი წარმატება და დამოუკიდებლობა კი “ეშმაკის გზა.”
საქართველოს და მოლდოვის სასულიერო პირები ერთნაირად ერჩოდნენ ანტი-დისკრიმინაციულ კანონს, ასევე ერთნაირად ეწინააღმდეგებიან ქალების გაძლიერებას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, რადგან მის მთავარ მისიად შვილის გაჩენა მიაჩნიათ.
კვლევის პროცესში, ზოგიერთი გზავნილის “დედანს” რუსეთშიც მივაგენით.
ეკლესია “სოდომური ცოდვის” პირისპირ
ათი წლის წინ, 17 მაისს, თბილისში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქცია სასულიერო პირებმა და მათმა შთაგონებულმა მრევლმა დაარბია. მღვდლები ტაბურეტებით, ხალხი კი ჭინჭრის კონებით იყო შეიარაღებული. შეხლა-შემოხლის დროს აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. საბოლოოდ ევროპულმა სასამართლომ ამ ძალადობას “უპრეცედენტო” უწოდა და საქართველოს 193 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
დღემდე პასუხი არ უგია არც ერთ მღვდელს, რომელიც აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. ერთი სასულიერო პირის, მცხეთის დედათა მონასტრის იღუმენის,იოთამ ბასილაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, თუმცა გაამართლეს. როგორც ჩანს, დაუსჯელობამ თავისი ქნა და ჰომოფობიურად განწყობილი მღვდლები კიდევ უფრო გათამამდნენ.
ქრისტიანული მრწამსით, ადამიანი ღმერთის ხატადაა შექმნილი და აქვს თავისუფალი ნება, თვითონ სასულიერო პირები კი ამას ვერაფრით ეგუებიან. ერთნაირ სქესიანთა სასიყვარულო თუ სექსუალურ ურთიერთობას ცოდვას უწოდებენ და ჰგონიათ, ამ გარყვნილების აღკვეთა მათი ვალია. ზოგიერთი მღვდელი ლგბტქ თემის ორიენტაციას “გადამდებ სენსაც” უწოდებს და საზოგადოებაში ნერგავს შიშს, რომ ისინიც დაავადდებიან.
2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დასაგმობად მოქალაქეები მეორე დილით პარლამენტთან შეიკრიბნენ. მათ დეკანოზი ზაზა თევზაძეც შეუერთდა. ეს სასულიერო პირი არის იშვიათი გამონაკლისი, მის კოლეგებში დამკვიდრებულ შეხედულებებს რომ არად აგდებს ხოლმე და დინების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
ლგბტქ საზოგადოებას ღიად უპირისპირდება ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მოძღვარი შალვა კეკელია. ის ჰომოსექსუალობის მიღებას ერის დაღუპვასთან აიგივებს, მის მრევლს კი უნერგავს შიშს, რომ თუ ამ ტიპის ურთიერთობას მიიღებენ, მომავალში დედა-შვილის სქესობრივი აქტის და ინცესტის ატანაც მოუწევთ.
“აღარ შემიძლია, ერი ნადგურდება და ვეღარ ვეგუები ერის მოსპობას, ყველამ ერთად უნდა დავიკაპიწოთ ხელი, ერი და ჩვენი შვილები უნდა გადავარჩინოთ,”- 2021 წლის 4 ივლისს ამ სიტყვებით მოუწოდა დეკანოზმა შალვა კეკელიამ თავის მრევლს, რომ მეორე დილით რუსთაველზე შეკრებილიყვნენ და “ღირსების მარშის” ჩატარება არ დაეშვათ.
როგორც ჩანს, დეკანოზმა ვერ გათვალა, რომ ამ “ხელების დაკაპიწებას” ისედაც დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის დაძაბულობა და ფიზიკური ძალადობა მოჰყვებოდა. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს სასტიკად გაუსწორდნენ, შალვა კეკელიამ მათ მიმართა:
“ჟურნალისტების მიმართ არავინ გამოხატოთ აგრესია, ძალიან გთხოვთ… თუ მათ მასალა არ მიიტანეს, უმძიმეს მდგომარეობაში აგდებენ, ესენი ჩვენი შვილები არიან… ამ პატარა ბიჭებთან და გოგოებთან უხეშად ნუ მოიქცევით, ყველას ძალიან გთხოვთ. ვანახოთ ამათ, როგორი სიწმინდით ვართ აქ მოსული.”
მამა შალვას 5 ივლისის ძალადობრივი აქციის თანამონაწილეობა რომ გავახსენეთ, გვითხრა, ძალადობას ვემიჯნები, ქრისტიანულად ამის გაფიქრებაც კი დაუშვებელიაო. თუმცა, ისიც თქვა, ურჯულოებას წინ ყოველთვის უნდა აღვუდგეთო:
“ქრისტე კრძალავს ძალადობას. არანაირი ძალადობა მისაღები არ არის ეკლესიისთვის… მაგრამ ისიც ძალადობაა, როდესაც შენ გინდა, შენი აზრი შემომახვიო თავზე.”
ასევე ფიქრობს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონიც. 2019 წელს სატელევიზიო ინტერვიუში თქვა:
“არ ვარ მომხრე, რომ ღიად და საჯაროდ შეარცხვინონ ადამიანები თავიანთი ცხოვრების წესის გამო, თუ ისინი არ აკეთებენ ამ წესის რეკლამირებას, მაგრამ როდესაც იწყებენ არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას, მაგალითად გეი აღლუმებს, ეს სამართლიანად იწვევს უარყოფით რეაქციას. ამიტომ, ეკლესია მუდმივად ეწინააღმდეგება ასეთ ქმედებებს.”
ეკლესიას ლგბტქ თემს დაუპირისპირდა 2014 წელსაც, როცა მათი უფლებების დაცვის გარანტი, ე.წ ანტი-დისკრიმინაციული კანონი უნდა მიეღოთ. ჩანაწერის მიხედვით, დაუშვებელია ადამიანის დისკრიმინაცია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. სწორედ ეს სიტყვები გახდა პრობლემა ეკლესიის მესვეურებისთვის. მღვდლები ხმაურიან აქციებს აწყობდნენ როგორც პარლამენტის გარეთ, ისე მის შიგნით და დეპუტატებს აფრთხილებდნენ, თუ ცოდვას დააკანონებთ, ხალხი ხმას აღარ მოგცემთო. პარლამენტს მიმართა ილია მეორემაც, რომ კანონის განხილვა გადაედოთ და დიდი ვნებათაღელვა აერიდებინათ.
მოლდოვაში “ანტი-დისკრიმინაციული” კანონი ჩვენზე ადრე, 2012 წელს მიიღეს. იქაც არ მოსწონდათ სიტყვები “სექსუალური ორიენტაცია.” მღვდლები პარლამენტში კანონის განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციებს აწყობდნენ და მის უკან გახმობას ითხოვდნენ.
ქართველი სასულიერო პირები ხშირად მანიპულირებენ ეროვნული ტრადიციებით, ისტორიული წარსულით და წინაპრების ღვაწლით. მრევლში პატრიოტულ სენტიმენტებს აღვიძებენ და ცდილობენ დააჯერონ, რომ “მამათმავლობის” დაშვებით ყველაფერ ეროვნულს დაკარგავენ.
“ერის დამცველის” მანტია აქვთ მოსხმული რუსეთის საპატრიარქოშიც. “უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი იმ ღირებულებების პროპაგანდისგან, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას, მსოფლმხედველობას და ცხოვრების წესს,”- ამბობდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონი გასული წლის თებერვალში.
“ღმერთმა ძალა არ დაატანა ადამიანს, პატივი სცა მის თავისუფალ ნებას და უთხრა – “კი ბატონო” და ჩავარდნენ აი ამ სოდომურ ცოდვაში… იმ გარემოში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, იმ ტრადიციის, რწმენის, ღირებულებების მქონე ერში, არამარტო პრაიდის მოწყობა, ამ თემაზე ლაპარაკიც ძალადობაა,”- ამბობდა გორის ფერიცვალების ტაძრის წინამძღვარი ბასილ ფოსური საკვირაო სკოლის ლექციაზე, 2021 წლის ივნისში.
ვიდეოჩანაწერით ვხვდებით, რომ ამ შეხედულებებს მსმენელები მარტივად იჯერებენ. საკვირაო სკოლა გორში მეექვსე წელია არსებობს და ლექციებზე დასწრება თავისუფალია, როგორც ზრდასრულთათვის, ისე არასრულწლოვანი აუდიტორიისთვის. ლექციებს ყოველთვის ესწრება მინიმუმ 100 ბავშვი. მშობლებს ამ სკოლაში ბავშვები გორის სოფლებიდანაც მოჰყავთ.
მამა ბასილს ინტერვიუსთვის რომ მივმართეთ, გვითხრა, დრო მომეცით, მღვდელმთავრისგან კურთხევა რომ ავიღოო. ოთხი დღის შემდეგ მოვიკითხეთ, აიღო თუ არა კურთხევა. ამჯერად გვირჩია, პასუხებისთვის “რომაელთა მიმართ ეპისტოლეს” და რუის ურბნისის კრების კანონს გაეცანითო.
“ლგბტ თემებს რა დამოკიდებულებაც აქვს, ხელოვნურად შექმნილია და თავს ახვევენ ჩვენს ერს. ვერ დავუშვებთ, რადგან ჩვენი ერი არის სისხლით, მოწამეობრივი ღვაწლით გაზრდილი და მის სულისკვეთებაზე აგებული პრინციპებით… .”- ამბობს თბილისში, ავიამშენის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე ჯინჭარაძე.
2021 წლის 5 ივლისს, როცა ლგბტქ თემს “ღირსების მარში” უნდა გაემართა, სასულიერო პირების ნაწილმა ქაშვეთის ტაძართან პარაკლისი აღავლინა. იქ შეკრებილ მრევლს მიმართა პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა:
“დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება. მით უმეტეს, მიუღებელია სოდომური ცოდვის პროპაგანდა და დაკანონება დღევანდელ საქართველოში, როდესაც ჩვენ გვაქვს უმძიმესი დემოგრაფიული კრიზისი. ამ ფონზე, ასეთი ღონისძიება პირდაპირ მიმართულია ერის დაღუპვისკენ და გადაშენებისკენ.”
საინტერესოა, ეს აზრი თავისით დაებადა შიო მუჯირს თუ რუსული სამართლის ანალოგს გვთავაზობს? 2013 წლიდან რუსეთში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. 2022 წლის ბოლოს კი დუმამ მიიღო კანონი, რომლითაც ლგბტქ ადამიანებს პროპაგანდა ეკრძალებათ. ბუნდოვანია, რა შეიძლება ჩაითვალოს პროპაგანდად და რა – არა.
გენდერის მკვლევარი და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ყოფილი დირექტორი ეკა აღდგომელაშვილი ფიქრობს, სასულიერო პირების მხრიდან ანტიდასავლურ დისკურსში ჰომოფობიის გამოყენება გააზრებული, მიზანმიმართული ქმედებაა და ეს ყველაფერი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
“პუტინის რუსეთი აქტიურად იყენებს ლგბტ საკითხს „გარყვნილი“ დასავლეთისგან მტრის ხატის შესაქმნელად და ლიბერალური დასავლეთით უკმაყოფილო, „ტრადიციული ფასეულობების“ დამცველთა მექად იქცა. ქართული ეკლესია კი პირდაპირ იმეორებს ამ ნარატივს, რადგან ავტოკეფალურობის მიუხედავად, რუსული ეკლესიის გაგრძელებაა,”- გვითხრა ეკა აღდგომელაშვილმა, რომელიც გენდერის საკითხებს 20 წელზე მეტია იკვლევს.
“თბილისი პრაიდის” დირექტორი ანა სუბელიანი გვიხსნის, რომ “ღირსების მარში” ლგბტქ ადამიანებისთვის არის შესაძლებლობა რეალური ცვლილებების დასაწყებად. ეს არის გზა, რომ აიმაღლონ ხმა და საზოგადოებას მათი ყოველდღიური პრობლემები დაანახონ. ფიქრობს, რომ ჰომოფობიის გაძლიერება და ამით დასავლეთის დემონიზება რუსული პოლიტიკის ნაწილია, საქართველოს ხელისუფლება, საპატრიარქო და ეკლესია კი ამ თამაშშია ჩართული:
“დღემდე ვრჩებით ერთადერთ ჯგუფად ამ ქვეყანაში, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით ვერ სარგებლობს. ამას წინ უსწრებდა 2013 წლის უმძიმესი გამოცდილება, რასაც მოჰყვა 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღედ შერაცხვა. ამაში, თავისთავად, ცუდი თითქოს არაფერია. ჩვენც გვიყვარს ჩვენი ოჯახები. უბრალოდ, ეს იყო მკაფიო გამოხატულება, რომ ოჯახის ღირებულებას უპირისპირებენ ლგბტ უფლებებს, ეს გააკეთეს დემონსტრაციულად.”
მართლმადიდებლური ეკლესია რომ ლგბტქ ადამიანების ჩაგვრას ასაზრდოებს, გამოჩნდა 2021 წლის ზაფხულში, პრაიდის კვირეულის წინ ჩატარებული კვლევითაც. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (isfed), საქართველოს რეფორმების ასოციაციამ(grass) და ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიამ (dfrlab) შეისწავლა მედიაში გავრცელებული სიძულვილის ენისა და მუქარის შემცველი გზავნილები.
კვლევამ აჩვენა, რომ სხვა პრორუსულ ჯგუფებთან ერთად ეკლესიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ “ღირსების მარში” დასავლეთის მოთხოვნით ტარდება, მისი მიზანი ქართულ იდენტობასთან ბრძოლაა და ოკუპირებულ ტერიტორიებს საბოლოოდ დაგვაკარგვინებს.
იქამდე, ლგბტქ ადამიანების მიმართ სიძულვილის ენა მედიის განვითარების ფონდმაც/mdf იკვლია. სულ 732 ჰომოფობიური განცხადება შეისწავლეს და მათგან 67 სასულიერო პირებს ეკუთვნოდათ.
“სასულიერო პირთა ჰომოფობიურ კომენტარებში ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლება ჰომოსექსუალობის პროპაგანდასთან იყო გაიგივებული, ჰომოსექსუალობა კი ცოდვად და გარყვნილი ცხოვრების წესად წარმოჩენილი,”- ვკითხულობთ კვლევის ანგარიშში.
“მოძალადე თვითონ ლგბტქ თემია”
“საქართველოში ერთი მამათმავალი მაინც რომ მოეკლათ მამათმავლობის გამო, მსგავსი რამე არ მახსენდება, ეგეთი რამე არასდროს მომხდარა. ქართველები არასოდეს არავის ვჩაგრავდით,”- ამბობდა შალვა კეკელია 2022 წლის სექტემბერში, ვაკის მაცხოვრის ეკლესიაში ქადაგებისას.
როგორც ჩანს, დეკანოზმა კეკელიამ არ იცოდა, რომ ოფიციალური ინფორმაციით, 2017-2021 წლებში ათ ტრანსგენდერ ქალს სცემეს, ზოგ მათგანს ჯგუფურად დაესხნენ თავს. პროკურატურა და შსს წერს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიზეზი იყო გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობა.
შალვა კეკელიას განცხადებიდან ორ თვეში თბილისში ერთი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს, ამჯერადაც, გენდერული ნიშნით.
გენდერის მკვლევარი ეკა აღდგომელაშვილი გვიყვება, რომ ძალადობის შემთხვევები გაცილებით მრავლადაა, უბრალოდ საზოგადოება მათ შესახებ ვერ იგებს.
“უამრავი ‘ქეისი’, რომელიც ორგანიზაციებში შიგნით რჩება, კონფიდენციალურია. მხოლოდ აისბერგის წვერია, რაც შეიძლება საჯარო სივრცეში მოხვდეს,”- ამბობს აღდგომელაშვილი.
დეკანოზ შალვა კეკელიას ეს სტატისტიკა რომ მოვახსენეთ, გვიპასუხა, ყოველთვის არსებობდნენ გამონაკლისი ადამიანები, ცუდად რომ იქცევიან ხოლმე, მაგრამ ზოგადად, ქართველი კაცი ბუნებით მოძალადე არ არის, ერში ეს განწყობა არ სუფევსო.
რაც უნდა ამტკიცონ სასულიერო პირებმა, რომ ლგბტქ თემის წევრებს არ ერჩიან, ფაქტი უტყუარია და ნებისმიერს შეუძლია ნახოს ვიდეო, რომელშიც დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი 5 ივლისის აქციაზე შეკრებილებს მოუწოდებდა: “არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, ღმერთისთვის.”
ამ ფონზე, სასულიერო პირებს ენა უბრუნდებათ და ამბობენ, რომ ჩაგრულიც და ძალადობის მსხვერპლიც არის საპატრიარქო, რომელსაც ლგბტქ ადამიანები ებრძვიან და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ.
ლგბტ თემი მოძალადეა, აგრესიულია და დიქტატურას ამყარებენო, ასე ფიქრობს რუსი მიტროპოლიტი ილარიონიც, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოში საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარეა.
სპირიდონ ცქიფურიშვილთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მობილური გამორთული აქვს, ფეისბუქ გვერდზე კი გადმოგვცეს, ბევრი საქმე აქვს და სოდომიის მხარდამჭერი, ლიბერალური მედიასაშუალებებისთვის დროს ვერ პოულობსო.
სასულიერო პირები საზოგადოებას შიშს უნერგავენ ყალბი და გამოგონილი მოვლენების გამოც. მაგალითად, 2007 წელს გაზეთ “ალიაში” გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს “პრაიდი” ეწყობოდა. ეს ამბავი რელიგიურმა ჯგუფებმა გააპროტესტეს. სინამდვილეში, ლგბტქ თემის საჯარო შეკრება არ იგეგმებოდა. არარსებული “გეი აღლუმის” წინააღმდეგ გაილაშქრეს 2010 წელსაც.
ორგანიზაცია “თბილისი პრაიდის” დირექტორი ანა სუბელიანიც გვიდასტურებს, რომ იმ დროისთვის ლგბტქ თემის მასობრივი შეკრება არარეალური იყო:
“2007-2010 წლებში ამაზე არანაირი დისკუსია არ ყოფილა. თემი პატარა და არც ისე ძლიერი იყო, ფეხს იდგამდა…შესაბამისად, იმაზე საუბარიც კი რომ მსგავსი ღონისძიება ჩაეტარებინათ, აბსურდული იქნებოდა.”
საპატრიარქოს წარმომადგენლები ხშირად გვედავებიან, მაინცდამაინც ჩვენს ნათქვამ სიტყვებს რატომ უკირკიტებთო. საქმე ისაა, რომ კვლევების მიხედვით, საზოგადოება ეკლესიის მესვეურებს მაღალ ნდობას უცხადებს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (iri) 2022 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტ კეთილგანწყობას ილია მეორე იმსახურებს. მის მიმართ დადებითადაა განწყობილი მოსახლეობის 88%.
“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” 2022 წლის კვლევამ კი აჩვენა, რომ სასულიერო პირები ერთ-ერთ ყველაზე სანდო წყაროდ მიაჩნიათ ლგბტქ საკითხებთან დაკავშირებით. მათ უჯერებენ იმაზე მეტად, ვიდრე ოჯახის წევრებს, მასწავლებლებს, ლექტორებს და ლგბტ ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც კი.
ფსიქოლოგი მეგი საჯაია გვეუბნება, რომ ადამიანი ეჭვის შეუტანლად იჯერებს ისეთ ინფორმაციას, რომელსაც მისთვის მნიშვნელოვანი პიროვნებები, მაგალიად, სულიერი მოძღვრები აწვდიან. შესაბამისად, განსაკუთრებით საფრთხილოა ტაძრებში, მქადაგებლების მიერ გაჟღერებული ფრაზები, რომელიც შესაძლოა პროპაგანდისტული იყოს:
“თვითონ [სასულიერო პირები] ფიქრობენ, რომ ოჯახი არის კაცისა და ქალის კავშირი, ეს არის ერთადერთი ტრადიციული, მიღებული ჭეშმარიტება და ნებისმიერი სხვა ფორმა შეურაცხყოფს რელიგიას. ადამიანებმა ეს შეიძლება მიიღონ ერთადერთ ჭეშმარიტებად, არ გააანალიზონ და არ დასვან კითხვები… შესაძლოა, თვითონ არ ჰქონდეთ ჰომოფობიური განწყობები, მაგრამ რადგან ამას ამბობს ეკლესიის წარმომადგენელი, ფიქრობენ, მან უკეთ იცის.”
“თბილისი პრაიდის” დირექტორი ანა სუბელიანი გვიყვება, რომ ჰქონდათ სასულიერო პირებთან დიალოგის მცდელობა, სურდათ ერთ-ერთი მღვდელი ჩაერთოთ საჯარო დისკუსიაში და წაეკითხა ლექცია თემაზე “რელიგია და ჰომოსექსუალობა”. ეს მღვდელი თანახმა იყო, თუმცა საპატრიარქოს პრესსპიკერისგან კურთხევა ვერ მიიღო. ანდრია ჯაღმაიძემ ეს ამბავი ვერ გაიხსენა, გვითხრა – პირველად მესმისო.
თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს ეკლესიაში პროპაგანდის კვლევა, გახდით ჩვენი სპონსორი
ოჯახის სადარაჯოზე
17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ამ თარიღს დემონსტრაციულად ვერ აღნიშნავენ, რადგან უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს. საზოგადოებას ახსოვს, როგორ უმოწყალოდ მოექცა სამღვდელოება 10 წლის წინ ამ დღეს ქუჩაში შეკრებილ მოქალაქეებს და როგორ ვერ დაიცვა ისინი პოლიციამ.
ამას ემატება ისიც, რომ 2014 წელს ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. მას შემდეგ მრევლი და სასულიერო პირები ღია ცის ქვეშ იკრიბებიან, აღავლენენ პარაკლისს, აწყობენ მსვლელობას ჯვრებითა და ხატებით, იმართება ხალხური მუსიკის კონცერტები.
“დღეს ჩვენ ვიცავთ ამ სიწმინდეს [ოჯახს], დღეს დადგა ეს საჭიროება. ჩვენს წინაპრებს არასდროს ჰქონიათ ასეთი საჭიროება, იმიტომ რომ თავისთავად იგულისხმებოდა ეს ყველაფერი,”- ამბობდა პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი 2022 წელს, როცა მრევლს “ოჯახის დღე” ქაშვეთის ტაძრიდან მიულოცა.
“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” კვლევაში ვკითხულობთ, რომ ოჯახის სიწმინდის დღე ეკლესიამ გამიზნულად დააწესა, დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები რომ დაეკავებინათ, გაეკონტროლებინათ აქციებისთვის ხელსაყრელი ადგილები და ამით ლგბტქ უფლებადამცველებისთვის ხელი შეეშალათ.
მღვდლები ლგბტქ ადამიანებისგან ქმნიან მტრის ხატს, თითქოს ისინი ებრძვიან ოჯახებს, სურთ გადაიბირონ და გარყვნან მომავალი თაობა. ხშირად მრევლს აშინებენ მათივე შეთხზული ტყუილით, რომ სექსუალური უმცირესობები ქუჩაში გამოსვლებს არ დაჯერდებიან და კარდაკარ დაიწყებენ მათი ორიენტაციის პროპაგანდას.
სასულიერო პირები ამაზე ღიად საუბრობენ როგორც ტაძარში, ისე სატელევიზიო ეთერებში და საკვირაო სკოლებში, არასრულწლოვნებთან საუბრის დროსაც კი. შესაბამისად, ლოგიკურია, მათი “ნააზრევი” ბევრი ადამიანის ყურამდე მივიდეს.
ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელ ლელა ჯეჯელავას ვკითხეთ, რას ამბობს რელიგია ადამიანის თავისუფლების შესახებ, საიდან იღებს სათავეს სასულიერო პირების ზიზღნარევი დამოკიდებულებები და რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეთ, როცა ლგბტქ თემის მიმართ სიძულვილს თესავენ.
ლელა ჯეჯელავამ გვითხრა, რომ პრობლემის სათავე განათლებაშია, ეკლესიის მესვეურებს საფუძვლიანი თეოლოგიური ცოდნა არ აქვთ და ამიტომ, ქრისტიანობის პრინციპებიც უკუღმა ესმით, უჭირთ გაიაზრონ რომ “ადამიანი სამყაროს გვირგვინია.”
მისი თქმით, რელიგია ცოდვილი და დამნაშავე ადამიანების მიმართაც შემწყნარებელია და მათ განსჯას ან დასჯას არ ქადაგებს:
“მას შემდეგ, რაც კაცობრიობა შეთანხმდა, რომ ადამიანი უმაღლესი ღირებულებაა და ქრისტეს ხატადაა შექმნილი… როგორ შეიძლება ვინმეს უფლება არ იქნას დაცული. ადამიანის ცხოვრების გზა ასეთია – დაცემა და წამოდგომა… თუ ამას გავიაზრებთ, აღარ გვექნება ასეთი დამოკიდებულება, თუნდაც ტრანსგენდერების და ლგბტ ჯგგუფების მიმართ, რომელსაც ყველა რელიგიური ინსტიტუცია ცოდვად მიიჩნევს. მაგრამ ვის აქვს უფლება, თუნდაც ცოდვილის მიმართ იყოს შეუწყნარებელი?.”
ბუნებრივია, გვიჩნდება კითხვა, თუ საეკლესიო ლიტერატურა ადამიანების სასიკეთოდ გვმოძღვრავს, მაშინ რატომ ერჩიან სასულიერო პირები ლგბტქ თემს? ეს ბნელი აზრები მათ ტვინებში იხარშება თუ რაიმე ტალღას არიან აყოლილნი და გამიზნულად მოქმედებენ?
ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილი გვეუბნება, რომ ეკლესიის წიაღში ლგბტქ თემის გმობა არის კარგი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა. მისი თქმით, კრემლის “საინფორმაციო ომის” მიზანია, ხალხს დასავლური სამყარო და ლიბერალიზმი შეაძულოს, მთავარი ევროპული ღირებულებები, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვა კი გარყვნილებად წარმოაჩინოს. სტატიაში მოყვანილი ფაქტებით აშკარაა, სწორედ ამას აკეთებს ქართული ეკლესიაც.
“რუსეთი ხომ ზოგადად ლიბერალურ ღირებულებებს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს და ამბობს, ჩვენ არ გვინდა დასავლური ლიბერალიზმი, რომლის ნაწილიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, ყველაზე ამომავალი წერტილი. მართლმადიდებლური ეკლესიისთვისაც ეგზისტენციალურ საფრთხე იყო ცოდვა და მამათმავლობა. რუსულმა პროპაგანდამ ეს საფრთხე აიღო და კარგად დაიხვია ხელზე,”- გვითხრა დავით ძიძიშვილმა.
რას ქადაგებს ეკლესია ქალების უფლებებზე
პატრიარქი ილია მეორე გენდერულ თანასწორობას არ ცნობს და გვეუბნება, ქალი კაცთან გათანაბრებას სულ ტყუილად ცდილობსო.
“მამაკაცთან გათანაბრების სურვილი ქალისათვის შეჯიბრად იქცა და ძალიან საეჭვოა, რომ ეს შეჯიბრი მისი გამარჯვებით დამთავრდეს,”- წერია ილია მეორეს 1987 წლის ეპისტოლეში.
შეიძლება იფიქროთ, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, სამყარო განვითარდა, ქალის როლი გაძლიერდა და პატრიარქიც სხვა ჭკუაზე იქნებაო. სულაც არა. ილია მეორე და ცალკეული სასულიერო პირები ქალის უფლებებს ისევ აკნინებენ, მის ცხოვრებისეულ მისიად ოჯახის შექმნას, მეუღლეობას და დედობას მიიჩნევენ, განათლება და პროფესიული განვითარება კი ეშმაკისეული ჰგონიათ.
ამ აზრს შთააგონებენ მრევლს მოლდოვაშიც. ეკლესიის მსახურები აკრიტიკებენ ქალებს, რომლებიც არ ქორწინდებიან და არ ჰყავთ შვილები. ამის გამო მოლდოველი მღვდლები პრეზიდენტობის ქალ კანდიდატ მაია სანდუსაც დაუპირისპირდნენ და ხალხს მოუწოდებდნენ, მისთვის ხმა არ მიეცათ.
“ის ეკლესიისთვის საფრთხეა, სანდუ 40 წელს გადაცილებულია, არც გათხოვილია და არც შვილები ჰყავს,”- ამბობდა ბალტისა და ფალესტის ეპისკოპოსი მარჩელი 2016 წელს.
“როდესაც ქალი ფინანსურად დამოუკიდებელი გახდა, მას დააჯერა ეშმაკმა, რომ შენ მამაკაცის თანასწორი ხარ. არასოდეს ყოფილა ქალი მამაკაცის თანასწორი იმ გაგებით, რა გაგებითაც ფემინისტური გარემო ქადაგებს,”- ამბობდა თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის მღვდელმსახური საბა ჭიკაიძე 2019 წელს, ტელევიზია “ერთსულოვნებას” ეთერში.
დეკანოზი ქალებს იმასაც ეუბნება, ღმერთი იმის მიხედვით შეგაფასებთ, როგორი მეუღლეები და დედები იყავით და არა იმით, რამდენი უმაღლესი დაამთავრეთ ან რამდენი დისერტაცია დაიცავითო. რომ დავურეკეთ გვითხრა, ქალის როლზე ზუსტად ასე არსად წერია, მე თავად დავასკვენი, სახარებისეული სწავლებებიდანო.
“ეშმაკმა… ქალის როლი წინ უნდა წამოწიოთო – ქალი დირექტორი, ქალი პრეზიდენტი, ქალი პარლამენტის თანამშრომელი… ამით დაიღლებაო ქალი, ოჯახისთვის აღარ ეცლებაო, სახლში დაღლილი მივაო და მაპატიეთ, მერე ქმარი რომ მიუწვება ეტყვის შენი ჭირიმე ახლა ისეთი დაღლილი ვარ, არაფრის თავი არ მაქვსო. კაცი სხვაგან დაიწყებს სითბოს ძებნას და ოჯახიც დაინგრევაო,” – ამბობდა მასწავლებელი ლექსო გელაშვილი 2020 წელს, “სამშობლოსმცოდნეობის” გაკვეთილზე.
ეს “ჩოხოსანთა საზოგადოების” პროგრამაა, რომელიც ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მე-7 წელია მიმდინარეობს. გაკვეთილები ტარდება სამების ახალგაზრდულ ცენტრში, კერძო სივრცეებსა და საჯარო სკოლებში.
ორი წლის წინ სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეს გაკვეთილები ავრცელებდა სტერეოტიპებს და დისკრიმინაციული შეხედულებებით იყო დატვირთული. ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ: “ასეთი ინფორმაციის წინაშე არასრულწლოვნები განსაკუთრებით დაუცველები არიან. აღნიშნულმა სწავლებებმა შესაძლოა მათ ჩამოუყალიბოს წინასწარი განწყობები, მაგალითად, ქალის გენდერულ როლთან დაკავშირებით… .”
ლექსო გელაშვილს რომ დავურეკეთ, გვითხრა, არასწორად გაიგეთ, მე წმინდა მამის, თეოფანე დაყუდებულის სიტყვები გავაჟღერე, მაგრამ ისიც ვთქვი, რომ საქართველო დედებზე დგას და ქართველი კაცი ქალს ყველაზე მაღლა აყენებსო. რომ ვკითხეთ, ეთანხმებოდა თუ არა მამა თეოფანეს სიტყვებს ქალის როლის შესახებ, გვიპასუხა, წმინდა მამებს უწერიათ ჭეშმარიტება და რა უფლება მაქვს, უარვყოო.
ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ მოახერხა და თამარ მეფის სახელობის ტაძარში ჯერ მის გამორჩეულობაზე ისაუბრა, “დიდი მეფე” უწოდა, შემდეგ კი ქალის როლი დააკნინა და იქადაგა, ქალმა უნდა იცოდეს, სად არის მისი ადგილი ქრისტიანულადო.
მისი თქმით, ქალს შეუძლია ითავოს თბილი გარემოს შექმნა, ბავშვების აღზრდა, მაგრამ არა ლიდერობა და ოჯახის მარჩენალობა.
“…კაცი რომ მოდის სახლში, ფიქრობს, მივალ დაღლილი, დაქანცული, უამრავი საქმის მერე, დამხვდება მეუღლე, რომელსაც უხარია ჩემი მისვლა… ქალმა თუ დაუწყო, შენი უფლება, ჩემი უფლება… ერთჯერ გააკეთებს ასე, ორჯერ და… კაცს სიყვარულის და სითბოს ნაცვლად რომ დახვდება საქმეების გამრჩევი ცოლი და კანონებთ ითხოვს ესა და ესა…. მერე კაცი ფიქრობს, სახლში მივიდე? წავალ სადღაც უფრო თბილ ადგილს მოვძებნი,”- ამბობდა მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი 2021 წლის მაისში, თამარობის დღესასწაულზე ქადაგებისას.
ვცადეთ მეუფე სტეფანესთან დაკავშირება, თუმცა გვითხრა, “ტელეფონზე ინტერვიუებს არ ვიძლევიო” და გაგვითიშა. შეტყობინებაც გავუგზავნეთ, მაგრამ უპასუხოდ დაგვტოვა.
თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი გვეუბნება, რომ სასულიერო პირების აზრები სრულიად აცდენილია ქრისტიანულ მოძღვრებას:
“ქრისტიანობაში მნიშვნელოვანია, რომ ქალი და კაცი არის თანაბარღირსეული. ქრისტიანობის მთელ ისტორიას რომ გადავხედოთ, ქალი შემოდის, როგორც ცენტრალური ამოსავალი ფიგურა. ის რომ ქალი არის მეორეხარისხოვანი არსება, ვიდრე მამაკაცი, ამას ქრისტიანობის არსობრივი მოძღვრებით ვერანაირად გაამყარებენ.”
ფსიქოლოგი მეგი საჯაია ამბობს, რომ ეკლესიის ასეთმა დამოკიდებულებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ძალადობის მსხვერპლი ქალების ქცევაზეც:
“სხვადასხვა რელიგიამ მოდერნიზება განიცადა და მოერგნენ თანამედროვეობას. ჩვენი მართლმადიდებლური რელიგია ისევ და ისევ გვეუბნება, რომ ქალი კაცის მორჩილია. ეს საკითხი არის ტაბუდადებული. არ ისმის კითხვა, რატომ არის ქალი კაცის მორჩილი? მუდმივად რომ გიმეორებენ ერთსა და იმავეს, ბუნებრივია, შენც იჯერებ. ქალების უმრავლესობას შესაძლოა ჰქონდეს და აქვთ კიდევაც განცდა, რომ ეს მოცემულობა არის ჭეშმარიტება და არც სურთ არაფრის შეცვლა, არ უნდათ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა.”
საქართველოში ქალების ჩაგვრის პრობლემა რომ მწვავედ დგას, ოფიციალური მონაცემებითაც აშკარაა. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით, მხოლოდ 2022 წელს ოჯახში ძალადობა 6,500-ზე მეტმა ქალმა განიცადა.
ხშირია ფემიციდის შემთხვევებიც, ანუ ქალის მკვლელობა იმ მოტივით, რომ ის ქალია და მოძალადეს მისი ქცევის კონტროლი სურს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2014-2022 წლებში (გასული წლის აგვისტოს მონაცემებით) საქართველოში ფემიციდს 186 ქალი შეეწირა, მკვლელობის მცდელობა კი 129 ქალის მიმართ ჰქონდათ.
დავინტერესდით, როგორ ეხმაურება ამ პრობლემას პატრიარქის ეპისტოლეები. შევისწავლეთ ილია მეორეს 103 ეპისტოლე, რომელიც სააღდგომოდ, საშობაოდ და საახალწლოდ გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ პატრიარქი ქალების მკვლელობებს მხოლოდ ერთხელ, 2015 წელს გამოეხმაურა და ფემიციდს უწოდა ცოლ-ქმარს შორის დაძაბულობისა და გაღიზიანების სამწუხარო შედეგი.
“აგრესია განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდებში და მამაკაცების გარკვეულ ნაწილში; განსაკუთრებით მათში, რომელნიც უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩნენ და ოჯახის მარჩენალისა და მასზე მზრუნველის ფუნქცია დაკარგეს. ეს ტვირთი დაემატა ქალს, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა და ცოლსა და ქმარს შორის ფუნქციური ბალანსი სრულად დაარღვია. ეს კი იწვევს ორივე მხარის დაძაბულობასა და გაღიზიანებას. რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ქალების სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება,”- ვკითხულობთ 2015 წლის საშობაო ეპისტოლეში.
ილია მეორეს ეპისტოლეებში ვერ ნახავთ ქალებზე ძალადობის გმობას, სამაგიეროდ, წააწყდებით პატრიარქატის მკვებავ ფრაზებს, მაგალითად, ქმარი რომ “ოჯახის თავი და შეურყეველი ავტორიტეტია”. პატრიარქს 2012 წელს ისიც აქვს ნათქვამი, ქალმა დაღლილ ქმარს ფეხების დაბანა უნდა შესთავაზოსო.
“ძნელია გაგება ქალისა, რომელიც გაურბის თავის ძირითად მოვალეობას – დედობას. ასეთ ქალს ეუფლება ეგოიზმი, ზედმეტი სიყვარული თავისი თავისა, სწრაფვა დროსტარებისაკენ, მას ეუფლებიან სხვადასხვა სახის ვნებანი… .”- წერია პატრიარქის 1982 წლის საშობაო ეპისტოლეში.
საბედნიეროდ, არსებობს თითო-ოროლა სასულიერო პირი, რომელიც თამამად ამბობს, რომ ქალზე ძალადობა დანაშაულია და ამის წინააღმდეგ ხმა ეკლესიამაც უნდა ამოიღოს, რომ მამაკაცებმა ქალს განსაკუთრებული პატივი უნდა სცენ, მათზე დაკისრებული მძიმე ტვირთის გამო.
მაგალითად, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ პატრიარქის აზრის საპირისპიროდაც თქვა: “მიდით და დაბანეთ ფეხები ქალს, რომელიც შეიძლება დღესაც ძალადობის ქვეშ ცხოვრობს და ხვალ შეიძლება მოკლან. დაბანეთ და აღუთქვით, რომ ემსახურებით მათ… მოვიხსნათ ვაჟკაცი ქართველი კაცების ნიღბები… .”
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელმთავარი საბა ინწკირველი ადანაშაულებს იმ მღვდლებსაც, რომლებიც ძალადობის შესახებ აღსარებაში ისმენენ და შემდეგ ქალს ოჯახში დაბრუნებას ურჩევენ.
“ასეთ მღვდლებს ვეკითხები, თქვენს შვილებს ეტყოდით, მოძალადე ქმარი აიტანეო?!… თუ საზოგადოებისთვის კარგი გვინდა, მოძალადის მხარეს დგომის ნაცვლად, უნდა ჩავერიოთ. საქმის გარჩევა სასულიერო პირის საქმე არ არის, მაგრამ არსებობს პოლიცია… .”- თქვა საბა ინწკირველმა გასულ წელს, “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
ლგბტქ ადამიანებისგან განსხვავებით, ძალადობის მსხვერპლი ქალების გვერდით დგას დეკანოზი შალვა კეკელია. გასულ წელს, სატელევიზიო ეთერში ამბობდა:
“პირდაპირ წერია რჯულის კანონში, რომ თუ შენ გემუქრება სიკვდილი მეუღლისაგან, უნდა დაანგრიო ოჯახი, მიუღებელია, როგორ შეიძლება ქალზე ხელი აღმართო, როგორი კაცი უნდა იყო… “
ორგანიზაცია “ფემინას” ხელმძღვანელი ნინო ბაისონაშვილი ფიქრობს, რომ საეკლესიო პირების მხრიდან ფემიციდის იგნორი, ქალების დათმენისა და მორჩილებისკენ მოწოდება სახიფათოა, რადგან ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებს.
“ეკლესია არასდროს ლაპარაკობს ფემიციდზე, არც ერთი მღვდელი გამოსულა და არ უთქვამს – ნუ ხოცავთ, ნუ სცემთ ქალებს. თუ არსებობს მათი სიტყვა, არის მოწოდება დათმენისკენ, [ფემიციდის] ახსნა ქალების გაჯიუტებით, როგორ მოინდომეს დამოუკიდებლობა, მოძალადე ქმრისგან განშორება… . ”- ამბობს ნინო ბაისონაშვილი, მისი ორგანიზაცია ქალთა უფლებების მიმართულებით მესამე წელია მუშაობს.
ერთი შეხედვით, რთულია გავიგოთ, რატომ უპირისპირდებიან ეკლესიის წარმომადგენლები ქალებს და მხარს უჭერენ მამაკაცს. ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილი გვიხსნის, რომ სასულიერო პირებს სურთ მრევლში გავლენა და ავტორიტეტი შეინარჩუნონ. ამისთვის, მუდმივად უნდა აკონტროლონ სხვების ქცევა და მიუთითონ, რა ნაბიჯები გადადგან. ქალის დამოუკიდებლობა კი ამ გზაზე დაბრკოლებას შეუქმნით.
“ეკლესია ერთი მხრივ ებრძვის გარკვეული უფლებების რეალიზებას, იმიტომ რომ მისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა, ასე სწამთ, რომ ეკლესია ცოდვას უნდა ებრძოდეს. მეორე მხრივ კი ძალაუფლების დათმობა არ სურთ და ხვდებიან, თუკი ადამიანის უფლებების ტირაჟირებას დაიწყებენ და იტყვიან, რომ ესაა ქრისტიანული სწავლება, ადამიანები გამოვლენ მათი ზემოქმედების ველებიდან, გახდებიან დამოუკიდებლები, თავისუფალი ნების მატარებლები,”- ამბობს დავით ძიძიშვილი.
ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა გვეუბნება, რომ ყველა ამ პრობლემის სათავე ქრისტიანობის არასწორ გაგებაშია:
“ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა თავიდან არის საქადაგებელი. სამწუხაროდ, ჩვენი ეკლესია ყველაფერს აკეთებს ამის გარდა. ქრისტეს მოძღვრებას იყენებენ ინსტრუმენტად, რომ გავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე…. ქრისტიანობა სწორად რომ არ არის გააზრებული, გვეტყობა. ეს სიყვარულის რელიგიაა და თუ რამე პრობლემა გვაქვს დღეს ქვეყანაში, ეს არის უსიყვარულობა.”
პროექტი მომზადებულია journalismfund.eu-ს ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები, შეიძლება, არ ასახავდეს დონორის პოზიციას.
იხილეთ ასევე:
ქადაგება რუსეთის საამებლად – ნაწილი 1
ქადაგება რუსეთის საამებლად – ნაწილი 2
მასალაში გამოყენებული წყაროების სანახავად მიჰყევით ბმულს