fbpx

ორმაგი სათნოება და მადლიერება ხონში

cover khoni 1 2

ხონში სოციალურად დაუცველების კვებაზე დღეში, საშუალოდ, 1.25 ლარი იხარჯება. სამაგიეროდ, საკვების მიმწოდებელი ორგანიზაციების პერსონალსა და ხელმძღვანელობის ანაზღაურებაზე იხარჯება მეტი.

ხონში არსებობს მადლიერებისა და სათნოების სახლები. ორივეს ცალ-ცალკე ჰყავს დირექტორი, ბუღალტერი და სხვა მომსახურე პერსონალი. ორივე ორგანიზაცია მერიის დაქვემდებარებაშია და ხონის ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

‘’სათნოების სახლი’’ ხონში 1998 წელს, გაუქმებული #3 ბაგა-ბაღის შენობაში ჩამოყალიბდა. მისი ფუნქცია მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების, მოხუცებისა და შშმ პირების გამოკვებაა. 

2007 წელს ხონში კიდევ ერთი მსგავსი ორგანიზაცია, ‘’მადლიერების სახლი’’ გაჩნდა.  აქაც ფუნქცია ხონის უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის საკვებით უზუნველყოფაა.

2018 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ა(ა)იპ “ხონის მადლიერების სახლისა” და ა(ა)იპ “ხონის სათნოების სახლის” საქმიანობა და მერიას მისცა რეკომენდაცია, საჭიროების შემთხვევაში გაეერთიანებია ისინი. თუმცა, ორივე ორგანიზაცია დღემდე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას,  კვლავ ერთი და იგივე ფუნქციით.

ამასობაში, ორივე ორგანიზაციას ჰყავს ცალ-ცალკე დირექტორი, დირექტორის მოადგილე, საქმის ბუღალტერი, სამეურნეო მუშაკი და ა.შ. მათი ხელფასების ანაზღაურებაზე 2020 წელს, ჯამში, 91,000 ლარზე მეტი დაიხარჯა. 

xoni xelfasebi 1

მადლიერების სახლის დირექტორმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ გაერთიანების შესახებ მერიასთან არასოდეს უსაუბრია, ხოლო სათნოებისს სახლის ხელმძღვანელმა გვთხოვა, ამ თემაზე ქალაქის მერთან გვესაუბრა. 

ა(ა)იპ ხონის მადლიერების სახლის დირექტორი, მაია აკობიძეა. აკობიძე ხონელი ბიზნესმენის, ვახტანგ ბალავაძის მეუღლეა. ა(ა)იპ ხონის საქველმოქმედო ორგანიზაცია სათნოების სახლის დირექტორი 90-ანი წლებიდან დღემდე თამარ გენძეხაძეა. გენძეხაძე კოოპერატივ ‘’თამარის ჩაის’’ დირექტორიცაა და ასევე ხონში არსებული ა(ა)იპ განათლებისა და განვითარების ცენტრ ედელვაისის  ერთ-ერთი მეწილეა. მისი მეუღლე, მოსამართლე მურთაზ მეშველიანი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. 90-ან წლებში მეშველიანი ხონის მოსამართლე იყო. 

“მადლიერების სახლისა” და “სათნოების სახლების” დაფინანსება და მათში დასაქმებულთა რაოდენობა ასე გამოიყურება: 

xoni01 NEW 1

ჩვენ გამოვითვალეთ, რომ წლის განმავლობაში ორივე ორგანიზაცია ბენეფიციართა კვებაზე, საშუალოდ, 123,000 ლარს ხარჯავს. 105,000 ლარი კი ადმინისტრაციასა და მომსახურე პერსონალზე იხარჯება. მოგეხსენებათ, რატომაც უნდა მთავრობას მეტი ადამიანი იყოს დამოკიდებული ადმინისტრაციულ რესურსზე. არჩევნებზე ამ ხალხისა და მათი ოჯახის წევრების ხმები ხომ მთავრობის ანგარიშზე ეწერება. 

წელს, ჯამში ორივე ორგანიზაცია 270 ხონელს აპურებს. ამას პერიოდულად ემატება 8-10 პირი, რომელიც ორივე ორგანიზაციის სარეზერვო სიაშია. თუ რომელიმე ბენეფიციარი არ გამოცხადდება კუთვნილი საკვების დღიური ნორმის წასაღებად, მაშინ ადმინისტრაცია ურეკავს სარეზერვო სიაში მყოფებს და მათ აძლევს დარჩენილ საკვებს. 

ხონის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელს, ლეილა კინწურაშვილს ვკითხეთ, რატომ ვერ მოახერხა მერიამ ამ ორგანიზაციების გაერთიანება. ამ შემთხვევაში ხომ იგივე რაოდენობის ბენეფიციარების მომსახურება იქნებოდა შესაძლებელი, მხოლოდ შემცირდებოდა ადმინისტრაციული ხარჯები. კინწურაშვილის  თქმით, ფიზიკურად ვერ მოხერხდება კვებისთვის 260 ადამიანის ერთ შენობაში მოთავსება. 

არადა, “სათნოების სახლი” ყოფილი ბაგა-ბაღის ორსართულიან შენობაშია განთავსებული. შენობის ფართი 753 კვ.მ.-ა, რომლის ოთახებიც სრულად არაა ათვისებული. თანაც ახლა, პანდემიის გამო საკვები ხელზე გაიცემა და ბენეფიციარები ადგილზე აღარ  მიირთმევენ სადილს. 

უფასო საკვებზე მოთხოვნა ხონში უფრო მეტ ადამიანს აქვს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით მუნიციპალიტეტში 5,221 ადამიანის ყოველდღიურობა სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული.

საყოველთაო შეზღუდვებისა და პანდემიის გამო ხონში რამდენიმე კვირაა საზოგადოებრივი და საქალაქო ტრანსპორტი არ მოძრაობს, ამიტომ მადლიერებისა და სათნოების სახლების ბენეფიციარებს სასადილოებამდე ფეხით უწევთ მისვლა.

გელა (სახელი შეცვლილია რესპონდენტის თხოვნით) სათნოების სახლში დღეში ერთხელ, ორ საათზე მოდის. ცხელი კერძისა და პურის წაღება სახლში პოლიეთილენის პარკით უწევს. ამბობს, რომ წინა შეზღუდვების დროს ორგანიზაციას მანქანა ემსახურებოდა, რომელსაც მოხუცებისათვის საჭმელი სახლში მიჰქონდა.

‘’არ გვინდაო [მანქანა] და გაუშვეს, ხელფასს აძლევდა მთავრობა და იყო აქ. წამოიღებდა ჭურჭლით საჭმელს და მიჰქონდა, ვისაც უნდოდა. ზოგს მართლა უნდა,  ზოგი ხელჯოხებით დადის და მე, აბა, მგელივით ჯანმრთელი ვარ, რად მინდა. მე აქვე ვცხოვრობ. სხვები ფეხით დადიან სოფლებიდან. ტრანსპორტი დაკეტილია. ვინც ახლა ვერ მოდის, ესე იგი არ შეუძლია და იმიტომ ვერ მოდის. ერთი ქალი დადის ივანდიდიდან, ფეხით, ოღონდ ყოველ მეორე დღეს,‘’ – გვიყვება გელა. 

სოციალურად დაუცველებისგან განსხვავებით, პანდემიამ სულზე მოუსწრო ჩვენს საჯარო მოხელეებს. ამ ბოლო დროს ყველა შეფერხება, ხარვეზი და ჩავარდნა კოვიდს ბრალდება. 

ხონის მერმა, ლადო ჯურხაძემაც ასე გვითხრა: ‘’აუდიტის შემდეგ ცოტა არეულად წავიდა სიტუაცია, პანდემიიდან გამომდინარე. გარკვეულწილად, რაღაც წყვეტა მოხდებოდა, სანამ ეს დალაგდებოდა. წესით, 2021 წელს ჩვენ გავაერთიანებთ ამ ორ ორგანიზაციას და ერთ სივრცეში მოვაქცევთ.’’ 

თუმცა, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ორივე ორგანიზაციის დაფინანსებაა გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით, მათი ჯამური დაფინანსება 2021 წლისათვის 228 ათასი ლარი იქნება.

ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით ლადო ჯურხაძეს. ხონის მერმა გვითხრა, რომ ამ ორი ორგანიზაციის გაერთიანება, შეიძლება, მომავალ წელს მოხდეს, რადგან ცვლილება საკრებულოს გადაწყვეტილებით ბიუჯეტში ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხონის მერიას რეკომენდაცია მადლიერებისა და სათნოების სახლების გაერთიანების შესახებ 2017-2018 წლების ბიუჯეტის შემოწმების შემდეგ მისცა. აუდიტის დასკვნა 2019 წლის 1 იანვარს გამოქვეყნდა,  ხოლო მსოფლიომ ახალი კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის გაზაფხულზე გამოაცხადა. პანდემიამდე კი ხონის მერიას საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ამ ორგანიზაციების შერწყმით შეემცირებინა ადმინისტრაციული ხარჯები და მორჩენილი თანხა სხვაგან, მაგალითად, ბენეფიციარებისთვის უფრო მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტის შესაძენად გადაენაწილებინა. ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ჩვენი მთავრობის ე.წ. ‘’ქამრების შემოჭერის’’ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებამ წლების წინ, ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში დააანონსა. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ტაშში ჩარჩენილი მთავრობა – ნაწილი I
tashi 1

ტაშში ჩარჩენილი მთავრობა – ნაწილი I

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share