fbpx

ხრესილის სკოლის დაუსრულებელი რემონტი

ხრესილის სკოლა და დაუსრულებელი რემონტი

ავტორები: თამუნა ქიმაძე და ანა რობაქიძე

ტყიბულში, სოფელ ხრესილის სკოლა მეორე წელია დაკეტილია. შენობის რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწყო, ერთ მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა და ამოიწურა სამუშაოების დასრულების ვადა. თუმცა, სკოლა ისევ სარემონტოა. ადგილზე ახლა არავინ მუშაობს და უცნობია, როდის შეუდგებიან საქმეს.

ხრესილის სკოლის მასწავლებლები და 50-მდე მოსწავლე დადის მეზობელ სოფელ ორპირში, სადაც გაკვეთილებს მეორე სმენაში ესწრებიან. ვერავისგან იგებენ, როდის დაუბრუნდებიან ძველ სკოლას და ჩვეულ რეჟიმს.

არადა, მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტი რომ უთავბოლოდ არ დაეგეგმათ, ხრესილში ახლა კეთილმოწყობილი სკოლა უნდა ჰქონდეთ, განახლებული ფასადითა და ინტერიერით, გამაგრებული კედლებით, ლიფტით, წყლის, კანალიზაციის და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემით, განათებული ეზოთი და ახალი ფეხბურთის სტადიონით. ამისთვის შპს “სამშენებლო საპროექტო ჯგუფს” 2,4-მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმეს. თანხის თითქმის ნახევარი გადახდილია, სამუშაოები კი მიტოვებული.

ხრესილის სკოლის პროექტი
ხრესილის სკოლის პროექტი

“[ორპირში] დარჩენილი ვართ ისეთები, მეტი გამოსავალი რომ არ გვაქვს, ვის შევეფარო თუარა, არ ვაპოწიალებდი ჩემ შვილს და გადავიყვანდი,”- გვითხრა ხრესილის სკოლის მოსწავლის მშობელმა, მაგრამ ვინაობის დაფარვა გვთხოვა.

სკოლის ტერიტორია ორი კვირის წინ, 22 მარტს დავათვალიერეთ. წითელი აგურისგან ნაგები ორსართულიანი შენობა ახალი, მწვანე ფერის თუნუქითაა დახურული. სკოლის შიდა სივრცე ფანჯრებისა და იატაკის გარეშეა დარჩენილი. დაზიანებულია შშმ პირთათვის განკუთვნილი მოაჯირიც. ადგილზე მუშები არ იყვნენ. სამაგიეროდ, ადვილად შევამჩნიეთ ეზოში აქა-იქ იყო დაწყობილი სამშენებლო მასალა – ცემენტის ტომრები, ბლოკები, შენობიდან მოხსნილი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები, მუშების დატოვებული იარაღები და ტანსაცმელიც.

ადგილობრივების თქმით, რეაბილიტაციაზე ხუთი თვეა არავის უმუშავია. გვეუბნებიან, სკოლას ხელის შევლება კი სჭირდებოდა, მაგრამ ამდენი ხანი საკეთებელი არაფერი იყო და გვიკვირს, ასე რატომ გაიწელა სამუშაოებიო.

“დაეყენებინათ როგორც იყო და კოსმეტიკური რაღაცა გაეკეთებინათ. სახურავი კი არის დახურული, ხედავთ. მეტი მაგ სკოლას არაფერი სჭირდა. გამოუთხარეს ძირი და აწი მართლა არ ვიცი, რა იქნება… ერთადერთი, რაც იყო ამ წუთში პრობლემა, შიგნით თუ გააკეთებდნენ და სველ წერტილს მოაწესრიგებდნენ. მეტი არაფერი პრობლემა ჩვენს სკოლას არ ჰქონდა,”- გვითხრა ხრესილში მცხოვრებმა მშობელმა, ანონიმურად დარჩენის პირობით. იქვე მყოფმა სხვა მშობლებმა დაამატეს, როდის იქნება დასრულებული, მაგი ჩვენ კიარა, დირექტორსაც ვერ გაუგიაო.

მასწავლებლებმა მხოლოდ ყურმოკვრით იციან მიზეზი, რის გამოც სკოლის რეაბილიტაცია შეჩერებულია. მათი თქმით, შენობას სერიოზული პრობლემები არ ჰქონია, მხოლოდ კოსმეტიკური ჩარევა სჭირდებოდა. თუმცა, საქმე იმან გააჭიანურა, რომ სამუშაოების დაწყების შემდეგ საძირკვლის გამაგრება გახდა საჭირო.

“არ ვიცი, შვილო, რა გითხრათ. ფანჯრები და კარები სულ ახალი ჩასმული იყო, მხოლოდ იატაკი იყო შესაცვლელი და კოსმეტიკური რემონტი. მე და შენ ვერაფერს ვიტყვით. ამოთხარეს, არ ვარგაო თქვეს და გაამაგრეს,” – გვითხრა ხრესილის სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, ედიშერ ობოლაძემ.

“მთელი ზაფხული მუშაობდნენ, არ გაჩერებულან. ხუთმა კაცმა, ვმუშაობთო და რა ვიცი… გავიხედავთ, გვიკვდება გული. რა ვიცი, საძირკველი ჰქონდა გასამაგრებელიო, ნესტი არ გვქონდა და არაფერი. სამ თვეში დასრულდება, ნორმალურად რომ იმუშავონ. შიდა კოსმეტიკური რემონტიღაა დარჩენილი,” – გვეუბნება ხრესილის სკოლის კიდევ ერთი მასწავლებელი.

რატომ შეჩერდა სკოლის სამუშაოები?

ხრესილის საჯარო სკოლის გარემონტებაზე ზრუნვა მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს დაიწყო. ივლისში რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტი შპს “ინდუსტრიას” 31 ათას ლარად მოამზადებინეს. კომპანიამ ჩაატარა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები და დასკვნებში დაწერა, ტერიტორიაზე პრობლემები არ შეიმჩნევა, გამოკვლეული უბანი კარგ პირობებშიაო.

ხრესილის საჯარო სკოლის გაურემონტებელი ინტერიერი
ხრესილის სკოლის ინტერიერი (ფოტო გადაღებულია 22 მარტს)

“ინდუსტრია” ჩვენი დეკემბრის სტატიიდანაც გემახსოვრებათ. ეს იგივე კომპანიაა, ხონში, გორდის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია რომ დააპროექტა და იქაც მოიწონა სამშენებლო უბანი. არადა, სკოლის ტერიტორია მეწყერსაშიშ ზონაში იყო მოქცეული. მშენებელმა კომპანიამ ეს საქმის დაწყების შემდეგ, გზადაგზა აღმოაჩინა. ამის გამო გეგმები შეეცვალათ და საქმეც გაიწელა.

“ინდუსტრიას” პროექტის მიხედვით სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ორი წლის შემდეგ, 2021 წლის მაისში გამოაცხადა. 15 მონაწილიდან შეირჩა შპს “საინჟინრო საპროექტო ჯგუფი”.

მასთან 2,4 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება ივლისში დაიდო. ამ თანხით უნდა გაერემონტებინათ 180 მოსწავლეზე გათვლილი ორსართულიანი სკოლის შენობა, მის ორივე სართულზე განლაგებული 12 ოთახი, ერთი ლაბორატორია და საპირფარეშო. სამუშაოები 11 თვეში, ანუ ჯერ კიდევ შარშან ივნისში უნდა დაესრულებინათ.

ვადა ამოიწურა, ხრესილის საჯარო სკოლა კი საგანმანათლებლო პროცესისთვის ვარგისი არ არის. ამის მიზეზი უხეიროდ შედგენილი პროექტია. თავიდანვე ვერ გათვალეს, რა ტიპის ჩარევები დასჭირდებოდა შენობას, ეს გზადაგზა გამოჩნდა, რის გამოც საჭირო გახდა გეგმების გადაწყობა და კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტა.

ხრესილის საჯარო სკოლის ფასადი
ხრესილის სკოლის ფასადი (ფოტო გადაღებულია 22 მარტს)

ხელშეკრულებაში ცვლილება ორჯერ შევიდა და სამუშაოების დასრულების ვადამ ექვსი თვით გადაიწია. 2021 წლის ოქტომბერში კომპანია წერდა მუნიციპალური განვითარების ფონდს, სკოლის შენობის ფუნდამენტს გამაგრება-გაძლიერება სჭირდება და პროექტი უნდა შეიცვალოსო.

მოგვიანებით, მათი დაკვეთით, სკოლის ტექნიკური მდგომარეობა შეაფასა “მშენებლობა-პროექტირების ექსპერტიზის ცენტრმა” და თქვა, შენობის ფუნდამენტები მწვავე ავარიულ მდგომარეობაშიაო.

“უნდა მოეწყოს ნაბურღ ინექციურ ხიმინჯებზე გობისებური ფილა, მოიჯავშნოს დაზიანებული კედლები არმატურის ბადით, ჩაანკერებით, შემდგომი შებათქაშება-შელესვით ქვიშა ცემენტის ხსნარით… აუცილებლად მიგვაჩნია, ჩატარდეს გაძლიერებითი ღონისძიებები შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით,”- წერია ექსპერტების ანგარიშში.

ამის გათვალისწინებით, 2022 წლის თებერვალში მშენებელმა კომპანიამ სამუშაოების დასასრულებლად დამატებითი დრო ითხოვა, რადგან თავდაპირველად დათქმულ ვადებში ფიზიკურად ვეღარ ჩაეტეოდნენ.

ამ ამბავზე პროექტის ავტორმა “ინდუსტრიამაც” თქვა, შენობის კონსტრუქცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლოს და მათი დასკვნის მერე გაგრძელდეს გამაგრება-გაძლიერებაო.

2022 წლის 18 მარტს, სიტუაციის გათვალისწინებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და სამუშაოების ვადა 2022 წლის 12 დეკემბრამდე გადასწია.

გაამაგრეს თუ არა ხრესილის სკოლის შენობა, უცნობია. “ინდუსტრიის” წარმომადგენლები ჩვენთან კონტაქტზე არ გამოდიან. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე აღნიშნული სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტები არ დევს. მუნიციპალური განვითარების ფონდი კი გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას სრულყოფილად არ გვაწვდის.

სკოლის ინტერიერი კიბე

გვინდოდა, რომ გამოეგზავნათ ხრესილის სკოლაში მიმდინარე სამუშაოებისა და შენობის მდგომარეობის ამსახველი ინსპექტირების და მონიტორინგის ანგარიშები, ექსპერტიზის დასკვნები, შემსრულებლისა და დამკვეთის ოფიციალური წერილები. მათგან მხოლოდ ხელშეკრულება, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი და “ინდუსტრიის” პროექტი მივიღეთ. ანუ, ყველაფერი ის, რაც ისედაც ხელმისაწვდომია, სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე.

ფონდის პრესსამსახურის უფროსმა, ილონა ხვიჩიამ გვითხრა, მე ვერ დაგეხმარებით, ახლიდან გამოგზავნეთ წერილიო. ამაზე არ დავთანხმდით, რადგან დამატებით, მინიმუმ 10-დღიანი ლოდინი არ უნდა დაგვჭირდეს, მათი უპასუხისმგებლობის გამო. პრესსამსახურთან გავგზავნეთ ტექსტური შეტყობინებაც და ვითხოვეთ ფონდის წარმომადგენელთან ინტერვიუს ჩაწერა, ისიც ვუთხარით, თუ არ დაგვთანხმდებოდნენ, მოგვიწევდა სტატიაში გვეთქვა მათი უპასუხისმგებლო ქცევის შესახებ. თუმცა, არც ამაზე შეიბერტყეს ყური.

ჩვენთან საუბარი არც “საინჟინრო საპროექტო ჯგუფის” დირექტორმა, ზაზა ოყროშიძემ ისურვა. ტელეფონზე გვიპასუხა, მაგრამ რომ გაიგო ჟურნალისტები ვიყავით, თემა არც უკითხავს, ისე სცადა მოვეშორებინეთ თავიდან, მოუცლელობის მიზეზით. მერე შემოგვთავაზა, თერჯოლაში ვარ და აქ თუ ჩამოხვალთ, გაგესაუბრებითო. კი-თქო ვუთხარით. შემდეგ ჯერზე რომ დავურეკეთ, ისევ გაგვითიშა, მე თვითონ გადმოგირეკავთო, მაგრამ პირობა არ შეუსრულებია.

თუ გსურთ, რომ “აი,ფაქტმა” გააგრძელოს ტენდერების მონიტორინგი, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი

როდის აღდგება სასწავლო პროცესი ხრესილის სკოლაში?

ხრესილის სკოლის დირექტორმაც არ იცის, როდის შეძლებენ შენობაში შესვლას.

“მე ვიცი, რომ პროექტი არის შეჩერებული. შეჩერების მიზეზი იცის მუნიციპალური განვითარების ფონდმა და ინფრასტრუქტურული განვითარების სამინისტრომ. მიზეზები ჩემთვის ოფიციალურად არავის განუმარტავს და ყურმოკვრით ხომ ვერ გეტყვით, ჭორის დონეზე ვინ რას ლაპარაკობს,”- გვითხრა დირექტორმა ზვიად კუბლაშვილმა.

ხრესილის საჯარო სკოლის სამშენებლო მასალა

ამ ქვეყანაში განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ზოგადად, განათლება რომ პრიორიტეტი იყოს, ზვიად კუბლაშვილიც ინფორმირებული იქნებოდა და მისი სკოლის მოსწავლეებიც. არც მეზობელი სოფლის სკოლაში შეხიზვნა მოუწევდათ, სადაც 9-კილომეტრიანი გზით და სამარშრუტო ტაქსით მიდიან.

მშობლები გვეუბნებიან, მგზავრობა ბავშვებს ღლით და მეცადინეობის ენერგია აღარ აქვთო.

“ტრანსპორტით დადიან, მაგრამ ამხელა გზაზე ბავშვი…ზოგს მგზავრობა სწყენს… ნამგზავრი რომ გაკვეთილზე დაჯდება, ცოტა მობილიზება ხომ უნდა? სახლში რომ მოვა, თუ არ დაისვენა, ვერ მეცადინეობს,”- გვითხრა ხრესილში მცხოვრებმა მშობელმა, მაგრამ სახელი და გვარი არ გაგვიმხილა. მისი შვილი დროებით ორპირის სკოლაში სწავლობს.

“ბავშვი რომ მოდის ნამგზავრი 7 საათზე, ვეღარ მივიდა წიგნთან. კი ვკითხულობო მითხრა, მაგრამ თავში არ შემდისო. დილას საათისკენ აქვს თვალი, ავტობუსმა არ გამასწროსო… ,”- გვითხრა ხრესილის სკოლის მოსწავლის კიდევ ერთმა მშობელმა, მანაც გვთხოვა ვინაობის დაფარვა.

სამომავლოდ ამ დროებითი თავშესაფრის, ორპირის სკოლის რეაბილიტაციაც იგეგმება. თუ ხრესილის სკოლის რემონტს დროულად ვერ მოება თავი, მოსწავლეები უარეს გასაჭირში აღმოჩნდებიან. შესაძლოა, კიდევ უფრო შორ გზაზე მოუწიოთ გადაადგილება.

“სხვაგან გადავიდნენ ბავშვები და გადავლიან კიდევ. ის სკოლაც დამპალია, რემონტში გადის და მერე სად წავალთ, წარმოდგენა არა მაქვს,”- ამბობს ისტორიის მასწავლებელი ედიშერ ობოლაძე.

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი,ფაქტმა" გააგრძელოს ტენდერების მონიტორინგი, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Next
რატომ ვერ მოიყვანა წყალი ხარაგაულის ჭაბურღილებმა
ხარაგაულის ჭაბურღილებმა წყალი ვერ მოიყვანა

რატომ ვერ მოიყვანა წყალი ხარაგაულის ჭაბურღილებმა

ავტორი: ანა რობაქიძე კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share