fbpx

ვინ შეაჩერებს ქვათაცვენას? – საჩხერეში კარიერი მოსახლეობას საფრთხეს უქმნის 

Screenshot 2022 06 15 at 11.30.18

“აქ რამ უნდა გამათენებინოს არ ვიცი, ვუყურებ ახლა და სცვივა და სცვივა ეს ლოდები. ახლა წვიმა იწყება, ეს მთა რომ წამოვიდეს, ჩემი სახლის ნაპერწკალიც აღარ დარჩება, სულ გადმომეფარება ეს მთა თავზე,” – გვეუბნება ინგა ჯაჯანიძე. 

ინგა საჩხერეში, რაჭის ქუჩაზე ცხოვრობს. მისი სახლის უკან ქვიშის კარიერია, რომელიც ნელ-ნელა იშლება, მთები იხსნება და ლოდები უკვე სამი კვირაა სცვივა. 

ქვიშის კარიერი ბაჯითის ტერიტორიას ეკუთვნის. ეს სოფელი რაჭის ქუჩას ესაზღვრება. ინგას და მის 12 მეზობელს რომ საფრთხე ექმნება, ამაზე შარშან მაისშიც გიყვებოდით. საჩხერის მერიამ მაშინ ყურიც არ შეიბერტყა. შედეგად აქაურების პრობლემა უფრო გამწვავდა.

რაჭის ქუჩის მაცხოვრებლებმა საჩხერის მერიას ორი თვის წინ განცხადებითაც მიმართეს. წერდნენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლების ზემოთ მდებარე მთის მონაკვეთი ჩამოშლილია და პატარ-პატარა ფერდობებადაა დაყოფილი: 

“მთის მთლიანი მონაკვეთი გახსნილია ზოლად, რომელიც დღითიდღე მატულობს. ეჭვი გვიჩნდება საფრთხის არსებობის შესახებ. ვინაიდან, უხვი ნალექის დროს არ მოხდეს მთლიანად მთის ჩამოშლა, რაც დიდ რისკს და საფრთხეს გვიქმნის მაცხოვრებლებს. გთხოვთ, უახლოეს დღეებში შეისწავლოთ ადგილზე შეძლებისდაგვარად არსებული მდგომარეობა და გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა”. 

ingas saxli 1 1 1

განცხადების დაწერიდან მეორე დღეს ინგას საჩხერის მერიიდან პასუხი მოუვიდა. ირკვევა, რომ საჩხერის მერიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოს წერილით მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მერიამ რაჭის ქუჩის მაცხოვრებლების საკარმიდამო ნაკვეთები და ტერიტორია კი შეისწავლა, მაგრამ სპეციალისტების არ ყოფნის გამო, გამომწვევი მიზეზების შესწავლა ვერ მოახერხეს. თხოვდნენ, იქნებ თქვენ მოავლინოთ წარმომადგენლები და არსებული ნაკვეთები მერიასთან ერთად შეისწავლოთო. 

მერიის განცხადებაზე საკონტაქტო პირად მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი დიმიტრი გოდაბრელიძეა მითითებული. ჩვენ მას დავუკავშირდით, გვინდოდა გაგვეგო, რა პასუხი მიიღო გარემოს ეროვნული სააგენტოსგან. ჯერ გვითხრა, შეიძლება წერილის პასუხად ისე ჩამოვიდნენ, ჩვენ არ გაგვაგებინონო. როცა ვუთხარით, განცხადების მიხედვით თქვენს წარმომადგენელთან ერთად უნდა შეესწავლათ სიტუაციათქო, მერე თქვა, არის ხოლმე ხანდახან ისეთი სიტუაცია, რომ არ მოდიანო, მაგრამ ახლა, ალბათ, ჩამოვლენ და შეგვატყობინებენო. 

“წერილს გამოგვიგზავნიდნენ ოფიციალურად, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი მოსულა. დამატებით კიდევ უნდა შევატყობინო, აბა რა ვქნა. უნდა ვნახო ადგილზე, მე არქიტექტორი ვარ, გეოლოგი არ ვარ, ოფიციალურ დასკვნას ვერ დავწერ. Მერიაში გეოლოგი არც არის,” – გვითხრა გოდაბრელიძემ. 

განცხადებიდან ორი თვე ისე გავიდა, არც სააგენტოს პასუხი მიუღიათ და არც გეოლოგი ჩამოსულა. გოდაბრელიძეს ვკითხეთ, რატომ არ მისცეს გაფრთხილება კომპანიას და დროებით რატომ არ შეაჩერებინეს სამუშაოები, მაშინ როდესაც მოსახლეობა წერდა, რომ საფრთხეში იყო. იმაში გვეთანხმება, რომ უნდა გაეფრთხილებინა, მაგრამ ასე რატომ არ მოიქცა, ამას ვერ გვეუბნება. 

დავუკავშირდით საჩხერის მერსაც. ლევან ივანიშვილი გვიმტკიცებდა, რომ ამ პრობლემის შესახებ ნახევარი საათის წინ შეიტყო. შევახსენეთ ის განცხადება, რომელიც გარემოს ეროვნულ სააგენტოში გადააგზავნეს. გვითხრა, რომ მოსახლეობის იმ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საფრთხე მტვრის გამო ექმნებოდათ, ზემოთ უკვე მოგიყევით, რას წერდა ხალხი. ვკითხეთ, განცხადებაზე პასუხი რომ არ მიიღო, რა მოიმოქმედა, გვპასუხობს: 

“ამ წუთში თქვენ როგორც ხატავთ, ეგეთი მდგომარეობა მანდ არ არის, რომ კლდე მოდის და მასა ეცემა… ეს არის კარიერი და კარიერზე მიდის სამუშაოები, როგორც ვიცი, მე პირადად არ მინახავს. აქამდე არ იყო ასე მკაცრად ეს საკითხი დაყენებული და როცა მითხრეს, მეწარმეები [კომპანია] ჩავაყენე საქმის კურსში. თუ ჩემი მხრიდან საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, ჩავერთვები შესაბამისად და დავიცავ მოქალაქეების უფლებებს”.

აქვე ვურთავთ ვიდეოს, რომელიც ადგილობრივებმა გუშინ მოგვაწოდეს: 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსაც დავუკავშირდით. შევატყობინეთ არსებული მდგომარეობის შესახებ. ადგილზე სიტუაციის შესასწავლად პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების ჯგუფი გაგზავნეს. ქვების ცვენა მათაც დააფიქსირეს, მაგრამ მოსახლეობისთვის რამდენად საფრთხის შემცველია ეს არ იციან. გვითხრეს, რომ ადგილობრივებს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს და კარიერი დაათვალიერეს, ფოტოებიც გადაიღეს. ახლა ამ მონაცემებს ინპექტირების განყოფილებას გადასცემენ და ამ ფაქტს ისინი შეისწავლიან. 

კარიერის მფლობელი კომპანია მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ლოდის ცვენის მიზეზების დასადგენად გეოლოგს მიიყვანს. მოსახლეობაც და მერიაც მის დასკვნას ელოდებიან. “აი, ფაქტი” მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას საკითხის მიმდინარეობის შესაბამისად.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
როდის მოვა წყალი რიონში?
signal 2022 06 16 142602 001 1

როდის მოვა წყალი რიონში?

სოფელში წყალგაყვანილობის ახალი ქსელის მოსაწყობად 2020-2021 წლებში 728 ათასი ლარი

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share