მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე
ეს სტატია, რომელიც განიხილავს კრიმინალურ და კორუმპირებულ სახელმწიფოებს, მოამზადა დრიუ სალივანმა (Drew Sullivan), გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო ქსელის, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) თანადამფუძნებელმა და გამომცემელმა. OCCRP აშუქებს დანაშაულსა და კორუფციას, რითაც საზოგადოებას საშუალებას აძლევს, დამნაშავეებს პასუხი აგებინოს.
როცა „მაფიოზურ სახელმწიფოს“ ვახსენებთ, ვგულისხმობთ მთავრობას, რომელიც თავად წარმოადგენს დანაშაულებრივ წარმონაქმნს. სახელმწიფოს მმართველ დამნაშავეებს ყველგან მიუწვდებათ ხელი და საკუთარ ძალაუფლებას ძალადობის საშუალებით ინარჩუნებენ – სწორედ ამ თვისებებით ხასიათდება მაფიაც.
მნიშვნელოვანია, გავმიჯნოთ მაფიოზური სახელმწიფო და კლეპტოკრატია. მაფიოზური სახელმწიფო საკმაოდ იშვიათია. რაც შეეხება კლეპტოკრატიებს – ძარცვისა და მასშტაბური კორუფციის საშუალებით მართულ სახელმწიფოებს, ასეთი საკმაოდ ბევრია. განვითარებადი სამყაროს ქვეყნების დიდ ნაწილს სწორედ კლეპტოკრატიები შეადგენს. ამის საპირისპიროდ, არსებობს მხოლოდ ექვსი თუ შვიდი სახელმწიფო, რომლებსაც მაფიოზურს ვუწოდებთ იმ თვალსაზრისით, რომ მათი მისია მაფიოზურ ორგანიზაციად ყოფნაა.
მაფიოზურ სახელმწიფოებს წარმოადგენს კოსოვო და მონტენეგრო. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთიც მაფიოზური სახელმწიფოა, თუმცა რუსეთი ალბათ კიდევ ცალკე, უნიკალური შემთხვევაა. ასევეა ეკვატორული გვინეა. ვენესუელაც მაფიოზური სახელმწიფოა, რადგან მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს ქვეყნის მართვა აღარ ადარდებთ. პოლიტიკური და სამხედრო ელიტა უსაფრთხოებისა და განათლების გაუმჯობესებაზე ზრუნვის ნაცვლად ოფშორული ანგარიშების გახსნითა და ნარკოტიკებით ვაჭრობითაა დაკავებული. კანდიდატების ჩამონათვალი მოიცავს მალტასა და მექსიკას.
მეორე მხრივ, კლეპტოკრატია არსებობს ყველგან, სადაც დემოკრატია სუსტია, ანუ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში. მაგალითად, აფრიკის დიდი ნაწილი ავტოკრატიებისგან შედგება, სადაც არჩევნების გაყალბება და ადამიანების მოსყიდვა ჩვეული პრაქტიკაა. მეტწილად ეს პატრონაჟის სისტემაა. კლეპტოკრატიაა აზერბაიჯანიც. მას კორუმპირებული, ავტოკრატიული მთავრობა ჰყავს, რომელიც ატარებს რეპრესიებს. მოპარული ფულის უმეტესობა ხალხის კონტროლისთვის გამოიყენება, რათა საფრთხე არ შეექმნას მმართველ ოჯახს. ისინი იპარავენ ყველაფერს არა იმიტომ, რომ ფული სჭირდებათ, არამედ იმიტომ, რომ არ სურთ, ვინმეს ჰქონდეს საკმარისი სახსრები, რაც შეაძლებინებს მათთან დაპირისპირებას.
რეალური პრობლემა დგება „სახელმწიფოს მისაკუთრების“ მომენტში. გეყოფა ძალა, რომ მოაშორო ძალაუფლებას არაკომპეტენტური და კორუმპირებული ხალხი (პარაზიტები)? თუ ვერა, მაშინ დგება ზუსტად სახელმწიფოს მისაკუთრების მომენტი და ასე უახლოვდები ავტოკრატიასა და კლეპტოკრატიას. მაშინაც კი, როცა დემოკრატიული ინსტიტუტები გაქვს, როგორც ხდება, მაგალითად, პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქვეყნები მძიმე დაღმასვლას იწყებენ.
მაფიოზური სახელმწიფოების ფუნქციონირების შესწავლისა და გამოაშკარავების საუკეთესო საშუალებაა ფულისა და რესურსების კვალისთვის თვალის დევნება. სახელმწიფოს ბუნებრივი რესურსები, არსებითად, თავისთავად ფასეულია და მინერალების საბადოს ან ხე-ტყეს თავისი ღირებულება აქვს. ნებისმიერი სახის ბუნებრივი რესურსი ნიშნავს მრეწველობის ცალკე დარგს, რომელიც აუცილებლად უნდა შეისწავლოთ, რადგან ავტოკრატებისა თუ მაფიოზური სახელმწიფოებისთვის ეს მონეტიზაციის ერთადერთი საშუალება.
ბევრი თვალსაზრისით, მაფიოზური სახელმწიფოს გამოძიება ბევრად ადვილია, ვიდრე კრიმინალური კარტელის, რადგან, ასეა თუ ისე, მაინც გაქვთ სახელმწიფო არქივი, დოკუმენტები, ტენდერები, კომპანიები და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია. სახელმწიფო ბევრად უფრო გამჭვირვალე ერთეულია, ვიდრე ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფება. ორგანიზაციის იერარქიას ნელ-ნელა ამოხსნით, მწვერვალიდან ქვედა დონეებს ჩაწვდებით, როგორც კრიმინალური დაჯგუფების შემთხვევაში.
თუმცა, მთავრობის შიგნით არსებობს ისეთი არაფორმალური ქსელები, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოფიციალური სტრუქტურა. მაგალითად, გამოარკვევთ იმ ხალხის ვინაობას, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანია. უნდა შეხედოთ, ვინ მდიდრდება, ვის აქვს ყველაზე ლამაზი სახლი, ვინ ცხოვრობს პრეზიდენტთან ახლოს ახალ ფეშენებელურ გარეუბანში, რომელიც ამ მთავრობამვე ააშენა.
ჩვენი საქმე რთულია. გამოიჩინეთ მოთმინება, მოკრიბეთ ყველა მონაცემი, რომლებსაც გადააწყდებით. შემდეგ იწყება ფულის კვალის ძიება.
შემთხვევების ანალიზი
მონტენეგრო
მონტენეგრო მაფიოზური სახელმწიფოს კლასიკური მაგალითია. ეს არის პატარა ქვეყანა, რომელშიც მხოლოდ 600,000 ადამიანი ცხოვრობს. მთავრობას მართავს ადამიანი, რომლის პირველი სამსახური პრემიერის თანამდებობა იყო. მის ძმას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ორგანიზებულ დანაშაულთან.
ასე დაიწყეს თამბაქოთი უკანონო ვაჭრობა, რაშიც მთავრობაც აქტიურად ჩაერთო. დროთა განმავლობაში აღმოვაჩინეთ მთავრობის მეთაურის მიერ კორუფციის გაძლიერების მიზნით შემუშავებული მექანიზმები.
პრემიერ-მინისტრმა პრივატიზაციის გზით საკუთარ ოჯახს ხელში ჩაუგდო ერთ-ერთი ბანკი, რომელშიც კოლოსალური სამთავრობო სახსრების გადასროლა დაიწყო და, სპეციალურად შემოღებული წესების საშუალებით, ყველა აიძულა, სწორედ ამ ბანკის დახმარებით განეხორციელებინათ გარიგებები.
შემდეგ მიჰყო ხელი ამ ბანკიდან საკუთარი თავისთვის, მეგობრებისა და ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფებისთვის ფულის სესხებას. როცა ბანკი გაკოტრდა, პრემიერმა იგი გადასახადების გადამხდელთა ფულით გადაარჩინა.
ვენესუელა
ამ დროისთვის საკმაოდ კარგად დოკუმენტირებულია ის ფაქტი, რომ ვენესუელა იმართება კრიმინალური ინტერესებით. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საბრალდებო აქტები, მედიაგამოძიებები და მკვლევრების ნაშრომები ფარდას ხდის ორგანიზებული დანაშაულის ჭაობში ჩაძირულ მთავრობასა და მის მაღალ ეშელონებს.
100-ზე მეტი ვენესუელელი საჯარო მოხელე, მათ შორის, ნიკოლას მადუროს რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირები, ჩართულები არიან ისეთ კრიმინალურ საქმიანობებში, როგორებიცაა: საწვავის კონტრაბანდა, წამლისა და საკვების შავი ბაზრები და კოკაინის ტრეფიკინგი.
სახელმწიფო ხაზინა, როგორც InsightCrime იტყობინება, „პირწმინდად გაძარცვულია.“ ამას დავუმატოთ შეიარაღებული სახელმწიფო მილიციისა და კრიმინალური დაჯგუფებების კონტროლი, უამრავი დაუსჯელი (სასამართლოს გარეშე) მკვლელობა. სწორედ ამ საშუალებებით ვიღებთ კრიმინალურ სახელმწიფოს.
ჩრდილოეთ კორეა
კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ჩრდილოეთ კორეა. უკვე 20 წელზე მეტია გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა კრიმინალური კარტელივით იმართება. ჩრდილოეთ კორეელი საჯარო მოხელეები ჩართულები არიან ნარკოტიკებით ვაჭრობაში, გაყალბებაში, კიბერდანაშაულში, თამბაქოს კონტრაბანდაში, გატაცებაში და ა.შ.
როგორც წესი, როცა ვხედავთ, რომ მაფია სახელმწიფოს ისაკუთრებს, პროცესი ქვემოდან იწყება. ჩრდილოეთ კორეაში მთლიანად პირიქითაა, ყველაფერი ზემოდან მოდის: რეკეტი ხორციელდება სახელმწიფო მოხელეების მიერ, უმაღლესი თანამდებობების პირებით დაწყებული დაბალი რანგის დიპლომატების ჩათვლით.
ამ ქვეყანას აქვს ერთი მთავარი პრობლემა: ვალუტის გაცვლა სჭირდება, მაგრამ ვერაფერს ყიდის, რადგან საერთაშორისო მასშტაბის პარია სახელმწიფოა. შესაბამისად, მყარი ვალუტის გამოსამუშავებლად აყალბებს დოლარს, ყიდის ნარკოტიკს და დაკავებულია სხვა კრიმინალური აქტივობებით.
რჩევები და ინსტრუმენტები
მოიძიეთ ხელშეკრულებები: ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფები, როგორც წესი, ფულს შოულობენ უკანონო ვაჭრობის, მაგალითად, ნარკოტიკების გასაღების საშუალებით. კორუმპირებულ მთავრობაში უკანონო მოგების წყარო სახელმწიფო კონტრაქტებია. ვინ მიიღებს ნავთობის მოპოვების ნებართვას? ვინ მიიღებს ხეების მოჭრის ნებართვას? ვინ ფლობს სატელეფონო კომპანიას? ეს ყველაფერი მიგანიშნებთ მაფიოზური სახელმწიფოს ფავორიტების ვინაობაზე.
შეისწავლეთ აქტივები: შემდგომი ნაბიჯია აქტივების განსაზღვრა. დააკვირდით, როდის, სად და როგორ შეისყიდეს აქტივები, რამაც შეიძლება, მიგანიშნოთ, სახელმწიფო კონტრაქტების დადება-განხორციელების პროცესის რომელ ნაწილში მოხდა ფულის მიღება. თითოეულ ინდივიდს გარს უნდა ეხვიოს ხალხის მცირე ჯგუფი, რომლებიც აქტივების ფასადურ მფლობელებად ჰყავს მითითებული. გამოარკვიეთ, ვინ არიან ეს ფიქციური მესაკუთრეები, მათი ადვოკატები, ოჯახის წევრები და, შემდეგ, მოიძიეთ ამ სახელებზე გაფორმებული აქტივები.
შეისწავლეთ საჯარო არქივი (ჩანაწერები): აქტივების კვალს რომ მიჰყვეთ, საჭიროა, გადასინჯოთ სხვადასხვაგვარი საჯარო ჩანაწერები: კორპორატიული რეესტრები, მიწის რეგისტრაციისა და საკუთრების ამონაწერები. ცოტა ხნის წინ საფრანგეთმა ინტერნეტში განათავსა საკუთრების რეესტრი, რომელშიც არაერთი საინტერესო სახლი და გვარი აღმოგვიჩენია.
შეამოწმეთ გაჟონილი მასალა: ხელმისაწვდომია გაჟონილი საბანკო მონაცემების საკმაოდ დიდი მოცულობა. საბანკო ინფორმაცია დაგეხმარებათ ფულის ადგილსამყოფელისა და მფლობელების ვინაობის მოკვლევაში.
შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ GIJN-ის წევრებს, მაგალითად, ICIJ-სა (გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმს) და OCCRP-ის, ასევე, სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ფლობენ გაჟონილი ინფორმაციის მონაცემთა ბაზებს.
10-15 წლის წინანდელი ინფორმაციაც კი შეიძლება, ღირებული აღმოჩნდეს. ხანდახან ძველ მონაცემთა ბაზებში აღმოაჩენთ [დამნაშავის] სრულიად უცნობ მოკავშირეს (რწმუნებულს). ყოფილა შემთხვევები (როცა კი გაჟონილი ინფორმაციის საკმარისი მოცულობა გვქონია ხელთ), როცა ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით აიგო თითქმის მთელი რეპორტაჟი.
ყველაზე დიდი დრო სჭირდება ფულის კვალის დევნის პროცესში სხვადასხვა გაჟონილი მონაცემის შეკავშირებას. ინფორმაცია შეიძლება გამოაშკარავდეს იმ საშუალებებითაც, რომლებსაც, მაინც და მაინც, გაჟონვას ვერ ვუწოდებთ, მათ შორის: ჰაკერული თავდასხმა, რენსომვეარი ან ვებმონაცემების ამოღება („ვებსკრეიპინგი“). რეპორტიორებს ვებგვერდებიდან რეგულარულად ამოაქვთ (სკრეიპინგის გზით) მონაცემთა ასობით ნაკრები.
ამასთან, ხანდახან საკვანძო ცნობები მჟღავნდება რენსომვეარის ჰაკერული თავდასხმების შემთხვევაში: გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი კომპანია გამოსასყიდს არ იხდის, მათი ინფორმაცია ჟონავს.
გამოიყენეთ ჟურნალისტიკის ტრადიციული მეთოდები: საგამოძიებო ჟურნალისტიკა არ შეცვლილა. ყველაფერს ონლაინ ვერ გააკეთებთ. ბევრი ახალგაზრდა და გამოუცდელი რეპორტიორი არ იცნობს რეპორტაჟის ძველებურ მეთოდებს. ისევ საჭიროა წყაროების მოძიებაზე მუშაობა, საჯარო ჩანაწერების მოკლე ვადაში (მაღალი ფასით) გამოთხოვა.
ზოგიერთი ჟურნალისტი განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობს გამოძიების ტრადიციული, კარდაკარ გამოკითხვის მეთოდით; ზოგსაც კი ონლაინჟურნალისტიკა ეხერხება. საუკეთესო ვარიანტი ამ ორის კომბინაციაა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა ღია წყაროების კვლევა. გაგიკვირდებათ, რამდენი დიდი საიდუმლო გამოაშკარავებულა მხოლოდ იმით, რომ მეგობარმა გოგონამ იახტით ერთობლივი გასეირნების ფოტოები Instagram-ზე დადო.
გამოიყენეთ მონაცემთა ბაზები, რუკათა ქსელები: Aleph ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჟურნალისტური ინსტრუმენტია, რომელიც OCCRP-ში თავადვე დავგეგმეთ და შევიმუშავეთ. ჩვენს ხელთა არსებული მთელი ინფორმაცია მასში ჩავტვირთეთ. Aleph დაკავშირებულია ლინკურიოსთან (Linkurious), რომლის გამოყენებაც შეიძლება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ქსელური რუკების შესადგენად. მასში, ასევე, ჩაშენებულია დროის სკალის ფუნქციაც, რათა მოვლენათა ქრონოლოგია ააგოთ. ალეფში შესაძლებელია წყაროების მითითება და, ამრიგად, მონაცემების შედარების საშუალებასაც გაძლევთ. ასევე, ხელმისაწვდომია ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა i2, თუმცა ისინი ძვირია და, ამიტომ, ჟურნალისტები აქტიურად არ იყენებენ. ასევე, არსებობს სოციალური ქსელის ანალიზის ინსტრუმენტები, რომელთაგან ზოგიერთი უფასოა, თუმცა, მათი გამოყენებისთვის ტექნიკური უნარებია საჭირო. Aleph უფასოა და შეგიძლიათ, გამოიყენოთ Linkurious-იც.
ითანამშრომლეთ: კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული სიუჟეტების უმრავლესობა ახლა სახელმწიფოთაშორის პროექტებს წარმოადგენს. ასე რომ, ახლა განსაკუთრებულად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვაგვარი ცოდნა-გამოცდილების მქონე გუნდის ყოლას.
საჭიროა ადგილობრივი ამბების რეპორტიორები, კიბერუსაფრთხოების თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, მკვლევრები და სოციალური მედიის ექსპერტები. მონაცემთა სპეციალისტები, ვისაც შეუძლია გაჟონილი მონაცემების მოძიება (მაინინგი). OCCRP ქსელია და ეს ქსელური ხასიათი ერთმანეთის უნარების ეფექტურად გამოყენებაში გვეხმარება.
სწორედ ამიტომ ვახერხებთ ბევრი ჟურნალისტური გამოძიების სწრაფად მომზადებას. თუ ორგანიზაციაში ასეთი ხალხი არ გყავთ, საჭიროა კონტაქტების და ურთიერთობების ფორმირება ისეთი ორგანიზაციების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტების ქსელი (GIJN).
ინფორმაციის გაზიარებისა და სიუჟეტების მომზადების პროცესში თანამშრომლობისთვის Wiki-სისტემას, ხოლო ერთმანეთს შორის უსაფრთხო კომუნიკაციისთვის Signal-ს ვიყენებთ. ასე რომ, რთული არაფერია. კი, შეიძლება უკეთესი ინსტრუმენტებიც არსებობდეს, მაგრამ ყველა ჩვენს პროექტს სწორედ Signal-ის, Wiki-სა, და Aleph-ის საშუალებით ვმართავთ და თითოეული მათგანი ყველა ჟურნალისტისთვის ხელმისაწვდომია.
იყავით ეთიკურები: ყოველთვის დარწმუნდით, რომ სიუჟეტები, რომლებზეც მუშაობთ, საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. ვფიქრობ, ეს საკვანძო მნიშვნელობის საკითხია. ამ საკითხზე ჩვენც მუდმივად ვდავობთ: სჭირდება თუ არა საზოგადოებას ამის ცოდნა? მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მთელი ჩვენი საქმიანობა კორუფციის მხილებასა და მთავრობის, ბიზნესისა თუ ორგანიზებული დანაშაულის საქმიანობის გამოაშკარავებაზე იყოს ორიენტირებული, რათა საზოგადოებამ შეძლოს უკეთესი