fbpx
ჭიათურელი მაღაროელები ადამიანური პირობების მოლოდინში

მაღაროელები ადამიანური პირობების მოლოდინში 

ავტორი: შორენა ლაღაძე და თამუნა ქიმაძე 

“უჰაერობაში, სიბინძურეში და უხელფასობაში გვიწევს მუშაობა. მოთხოვნები კი ორმაგი და სამმაგი აქვთ”; “მშრომელს თუ უხდიდნენ, პირობითად 150 ლარს, ახლა ეუბნებიან – უნდა გამიკეთო 200 ლარის საქმე, მაგრამ 150 ლარსაც ვეღარ მოგცემო”; “კომპანია ზარალშია, უნდა ვიზრუნოთ მისი გადარჩენისთვის და გაჭირვებიდან რომ ამოვა, მერე ვისაუბრებთ ყველაფერზეო, სულ ასე წუწუნებენ.”

ასე გვიპასუხეს ჭიათურელმა მაღაროელებმა, როცა ვიკითხეთ, რამ უბიძგათ გაფიცულიყვნენ, ღამეები ქუჩაში გაეტარებინათ და პროტესტის ნიშნად ეშიმშილათ კიდეც.

სამი დღის წინ ჭიათურაში ჩასულებს ძლიერი წვიმა დაგვხვდა. მაღაროელები ხეებს შორის სახელდახელოდ გაბმულ ტენტს ეფარებოდნენ, მოგვიანებით კი კარავი გაშალეს. იქვე იყვნენ მათი ოჯახის წევრები და სრულიად უცხო თანაქალაქელებიც. თვალით რაც შევატყვეთ, 300-ზე მეტი ადამიანი იქნებოდა თავმოყრილი. 

როგორც მაღაროელებმა გვითხრეს, გაფიცულია მაღაროს, ვახტისა და ქარხნის უკლებლივ ყველა თანამშრომელი. ცვლილება კი ვახტის 720 ადამიანს ეხება. მაღაროელების პროტესტი უკვე ათ დღეს ითვლის და დანებებას არ აპირებენ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ დამსაქმებელმა კომპანიამ მათი მოთხოვნები ყურად არ იღო. 

აი, ფაქტი” ესაუბრა გაფიცულებსაც და მათი პროტესტის ადრესატს, “ჯორჯიან მანგანეზსაც”. სტატიაში დეტალურად მოგიყვებით, რისი შეცვლა განიზრახა კომპანიამ სამუშაო განრიგსა და პირობებში და რატომ აღმოჩნდა ეს სიახლე კატეგორიულად მიუღებელი დასაქმებულებისთვის?

რა ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან ჭიათურელი მაღაროელები? 

“კომპანიამ რაღაც პერიოდით გამოგვიცხადა სპეციალური რეჟიმი, პირველი თებერვლიდან სამი თვით ყველა სახლში გაგვიშვა, 60-პროცენტიანი ანაზღაურებით. ამის შემდეგ უნდა გადაწყვეტილიყო, როგორ გაგრძელდებოდა მუშაობა. გამოვედით სამსახურებში და აბსოლუტურად სხვა რეალობა დაგვხვდა,”- გვებნება გაფიცული მაღაროელი დავით ჩინჩალაძე. 

“სხვა რეალობაში” დავითი იმას გულისხმობს, რომ “ჯორჯიან მანგანეზმა” მაღაროელებს ახალი გრაფიკი დაუწესა, რის გამოც მეტი დატვირთვით და იგივე ანაზღაურებით მუშაობა უწევთ.

კომპანიამ ორცვლიანი 12-საათიანი გრაფიკი სამცვლიანი 8-საათიანით შეცვალა. “ჯორჯიან მანგანეზი” ირწმუნებოდა, რომ ხელუხლებელი დარჩებოდა ხელფასების ოდენობა, დასვენებისა და მუშაობის საათები, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორც მაღაროელები ყვებიან, კომპანიამ მეტი საქმის კეთება მოისურვა, იგივე ან კიდევ უფრო მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ. 

გაფიცული მაღაროელების კარავი ჭიათურაში
გაფიცული მაღაროელების კარავი ჭიათურაში. ფოტო: “მაუწყებელი”

როგორც ჩანს, ახალი პირობები, ჯერჯერობით, დოკუმენტირებული არ არის. კომპანიის ვებგვერდზე განახლებული გრაფიკის შესახებ არაფერი იძებნება. რას გულისხმობს ცვლილებები, რომელიც დავის საგანი გახდა, მხოლოდ მაღაროელების და “ჯორჯიან მანგანეზის” სიტყვიერი მონათხრობიდან ვიგებთ.

“ჯორჯიან მანგანეზის” ვახტებში, შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულები თავიდან შემოთავაზებას დათანხმდნენ და ერთი თვე მუშაობა სცადეს, ასე ვთქვათ, სატესტო რეჟიმში. თუმცა, ახალი პირობები მათთვის გაუსაძლისთან ერთად შეურაცხმყოფელიც აღმოჩნდა, შრომასთან შეუსაბამო ხელფასის გამო. ამბობენ, რომ მაღაროში ყოფნა, საშუალოდ, 3 საათით მეტხანს მოუწიათ და 300-350 ლარით ნაკლები ანაზღაურება მიიღეს. 

ამიტომ, მუშაობა შეწყვიტეს და ქუჩაში გადაინაცვლეს. საქმე მხოლოდ ხელფასის მომატებაში არაა. მათ უსაფრთხო სამუშაო გარემო, უკეთესი კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა სურთ. მოთხოვნებზე დეტალურად ქვემოთ მოგიყვებით. 

ჭიათურის მაღაროში 13 წელია მუშაობს ტარიელ მიქაცაძე. სხვადასხვა პოზიციაზე იყო, ამჟამად კი ამფეთქებელია. გვითხრა, რომ კომპანია ცდილობს თავი გადაირჩინოს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევის ხარჯზე. სამუშაო გეგმა 40%-ით გაეზარდათ, ანაზღაურება კი არ შეცვლილა. ტარიელის თქმით, ხელფასს რომ თავი დავანებოთ, სამუშაო გეგმის ასეთი მკვეთრი ზრდა უსაფრთხოც არ უნდა იყოს. 

“12 საათის განმავლობაში ოთხ აფეთქებას ვატარებდი, გაგვქონდა ნედლეული და ვამაგრებდით [გვირაბს]. კომპანიის შემოთავაზების შემთხვევაში უნდა მოვამზადო 6 სანგრევი, ჩავატარო 6 აფეთქება და გამოვიდეს ეს ნედლეული გარეთ. თვითონ განსაჯეთ, რამდენით არის მომატებული სამუშაო გეგმა. წლების განმავლობაში იყო ოთხი სანგრევი, ინჟინრებისა და ხელმძღვანელების დაკვირვების შედეგად, ეს გეგმა ჰაერზე მოსული არ ყოფილა, რეალური იყო შესრულებისთვის. დღევანდელი გეგმა კი არარეალურია.”

ტარიელ მიქაცაძე გვიყვება, რომ კომპანია ცვლილებებს ნედლეულის ფასის დაცემით ხსნის. ეუბნებიან, “ჯორჯიან მანგანეზი” წაგებაზე მუშაობს, წინა წელთან შედარებით მანგანუმის ღირებულება თითქმის განახევრდაო. თუმცა, მაღაროელებს ამის არ სჯერათ და დათმობაზე წასვლა არ სურთ.

“გარშემო რაც თეთრია, ყველგან “მარგანეცია” ამოღებული. ამათი მოპოვებული ნედლეული თუ არ გადის, რას ჩუჩქნიან აქ? თუ გაკოტრდა და ნედლეული არ გადის, მაშინ ამ 60 პროცენტს რატო აძლევენ, ქველმოქმედებას ეწევიან და მადლობა გადავუხადოთ?,”- შემოგვჩივლა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც აქციაზე მამის უფლებების დასაცავად იყო. ვინაობა არ გაგვიმხილა, მაგრამ გვითხრა, მამაჩემი უკვე 45 წელია მაღაროშია დასაქმებულიო.

მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში
გაფიცული მშრომელები, 13 ივნისი. ფოტო: “მაუწყებელი”

“ჯორჯიან მანგანეზის” მაღაროში ცხრა წელზე მეტია გვირაბგამყვანად მუშაობს დავით ჩხიტუნიძე. გვიყვება, რომ დამსაქმებელი არც მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავს, არც ჯანმრთელობასა და ნორმალურად კვებაზე. დავითის მონათხრობით, მაღაროელთა ძირითადი საკვები თევზის კონსერვია, წყალი კი არ კმარათ, რადგან პატარა, დაბეჭდილი ჭიქებით აწვდიან. ხომ გინახავთ, ავიაკომპანიებს ბორტზე რომ მოაქვთ, აი ისეთით.

რაც შეეხება დაზღვევას, მისი, როგორც მაღაროელის პოლისი მხოლოდ ჭიათურისა და ზესტაფონის კლინიკებში ჭრის. საჩხერეში კი დავითს სამედიცინო მომსახურებაში თანხის გადახდა უწევს. გამოდის, კომპანია ვერ ახერხებს, რომ ყველა დასაქმებული თანაბარ პირობებში იყოს.

დავით ჩხიტუნიძე იჩაგრება იმიტომაც, რომ ჭიათურაში ღამის გასათევი არ აქვს. ადრე “ჯორჯიან მანგანეზი” სანატორიუმებში დარჩენას უნაზღაურებდათ, თებერვლის შემდეგ ამ სიკეთითაც ვეღარ სარგებლობენ. არადა, მაღაროში სამუშაოდ დადიან ტყიბულიდან, ზესტაფონიდან, მარნეულიდან და კახეთის მუნიციპალიტეტებიდანაც კი. 

“მე გვირაბგამყვანი ვარ. გვირაბგამყვანს ევალება ყველაფერი, აფეთქების გარდა. მაგალითად, გამაგრება, მორწყვა და ბურღვა… ახლა მადანი გამოგვატანინეს. ბრიგადაში 5 ბიჭი ვართ და ერთ ბრიგადას 3-3 ციკლი უნდა აგვეღო. გვითხრეს, ხელფასის 100 პროცენტს მოგცემთო. 2500 ლარს ვიღებდით და ახლა 1600-1700 ლარი ავიღეთ. ამათ უნდათ მეტი მადნის გამოტანა და ნაკლების გაცემა,”- ამბობს დავით ჩხიტუნიძე. 

ჭიათურაში და მიმდებარე რაიონებში დასაქმების მთავარი წყარო “ჯორჯიან მანგანეზია”. მაღაროში ზოგჯერ ოჯახიდან რამდენიმე წევრი მუშაობს, სხვადასხვა პოზიციაზე. ასეა, მაგალითად ჩხიტუნიძეების ოჯახშიც.

“თუარ გავიმარჯვებთ, არავინ არ გავა სამუშაოზე და ჭიათურა ჩაიძირება… აქციაზე ყველა გამოსულია, დიდიან-პატარიანად,”- ამბობს დავით ჩხიტუნიძე.

ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ მაღაროელებს სამსახურის დაკარგვა აშინებთ. ეს იმაშიც გამოჩნდა, რომ 15 ადამიანს ვესაუბრეთ, მაგრამ უმრავლესობა არ დაგვთანხმდა, მათი საუბარი ჩაგვეწერა და სტატიაში აგვესახა. ასე ფარულად, ვინაობის გამხელის გარეშე გვესაუბრა ერთ-ერთი ქალბატონიც. 

“ოთხი წლის წინ იყო პროტესტი და დაკმაყოფილდა პირობები. იძულებით ყოველთვის მიდიან რაღაც დათმობაზე და დარწმუნებული ვარ, ახლაც წავლენ. Სხვა გზას არ დაუტოვებენ. თითოეული [დასაქმებულის] უკან მინიმუმ 3 ადამიანი დგას… ჭიათურაში მაღარო, მაღაზია, აფთიაქი, კაფე, ბაზრობა, ყველაფერი ჯაჭვით არის ერთმანეთზე გადაბმული,”- გვითხრა აქციის მონაწილემ, რომელიც მერიის წინ მამის უფლებების დასაცავად იდგა. 

რას ითხოვენ გაფიცული მაღაროელები? 

მაღაროელთა მოთხოვნების ნუსხა 14-პუნქტიანია და უკლებლივ ყველას დაკმაყოფილებას ელიან. მათ შორისაა ძველი გეგმა/გრაფიკის დაბრუნება, საბანკო სესხებზე დარიცხული პროცენტების ანაზღაურება, ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუმჯობესება, შვებულებით სარგებლობა და “ბიულეტენის”, ანუ საავადმყოფო ფურცლით სარგებლობის შემთხვევაში, განაცდურის ანაზღაურება. 

ჭიათურელი მაღაროელების საპროტესტო მსვლელობა. ფოტო - ანი გიორგაძე
ჭიათურელი მაღაროელების საპროტესტო მსვლელობა. ფოტო – ანი გიორგაძე

გაფიცულებს არ მოსწონთ კვების რაციონი და ითხოვენ მის ჩანაცვლებასაც. გარდა ამისა, სურთ კვლავ შეეძლოთ სანატორიუმებში ღამის უფასოდ გათევა. მაღაროელები ითხოვენ, რომ განახლდეს და შეიცვალოს კომპანიის კუთვნილი ტექნიკა და “ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელობაში არსებული ყველა შპს გაერთიანდეს.

“ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მშრომელების მოთხოვნაა ისიც, რომ 100 პროცენტით აუნაზღაურდეთ ყველა სამუშაო საათი, რომელიც 7 ივნისიდან გაუცდათ. 

როგორც ჩანს, მშრომელებს მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე არ უფიქრიათ. აქციის მოთხოვნათა სიაში ცალკე პუნქტები ეთმობა როგორც მშრომელების, ისე რიგითი ჭიათურლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას. 

მაღაროელები წერენ, რომ ღია კარიერული წესით ახალი ტერიტორიების ათვისების, ეს საკითხი შეთანხმებული უნდა იყოს ამა თუ იმ სოფლის მკვიდრ მოსახლეობასთან და გაითვალისწინონ მათი პოზიცია.

გარდა ამისა, სურთ მანგანუმის მოპოვება მიმდინარეობდეს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, კონტროლდებოდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური და ეკოლოგიური რისკ-ფაქტორები. ჰუმუსოვანი ფენის მოხსნა-დასაწყობების შემდეგ კი ტერიტორიაზე დაირგას ხე-მცენარეები, ბიოლოგიური რეკულტივაციისთვის.

რას პასუხობს მათ დამსაქმებელი – “ჯორჯიან მანგანეზი?

“ჯორჯიან მანგანეზი” ამბობს, რომ მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს, როცა მაღაროელები დროებით სახლში გაუშვეს, მათ საბანკო სესხები გადავუვადეს. თუმცა, დასაქმებულებს ეს არ აკმაყოფილებთ. ამბობენ, გადავადებას საკუთარი ძალებითაც მშვენივრად მოვახერხებდითო. საქმე ისაა, რომ სესხის ვადის გაზრდამ ყოველთვიური პროცენტის გაზრდაც გამოიწვია და მისი დაფარვა გვიჭირსო. 

თავის მხრივ, ფინანსურ კრიზისს უჩივის კომპანიის ფინანსური დირექტორი და სპეციალურ სამუშაო რეჟიმსაც ამით ხსნის. 9 ივნისს bmg-სთან ინტერვიუში ამბობდა, ერთი წელზე მეტია, ფეროშენადნობთა ბაზარზე ფასები იკლებს და ასეა როგორც ევროპაში, ისე ჩრდილოეთ ამერიკაშიო. 

“რუსეთის ფედერაციამ შემოიღო დამატებითი იმპორტის გადასახადი, რაც დამატებით ტვირთად დააწვა ნებისმიერ ექსპორტიორს… ამ და სხვა დამატებითი კრიზისული გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანიამ თებერვლიდან დაიწყო სპეციალურ რეჟიმზე გადასვლა. ეტაპობრივად შეჩერდა საწარმოო პროცესი ჭიათურაში,”- ამბობს გიორგი ტატიშვილი.

მისივე თქმით, თებერვლიდან მაისის ჩათვლით კომპანიას ექსპორტი არ ჰქონია და ამ პერიოდის განმავლობაში, საწარმოო პროცესის შეჩერების მიუხედავად, თანამშრომლები ხელფასის 60 პროცენტს იღებდნენ, შენარჩუნებული ჰქონდათ სადაზღვეო პაკეტები და არ ექვითებოდათ სახელფასო ავანსები.

ამ ინტერვიუს შემდეგ ჭიათურის  მერიის წინ საპროტესტო აქციაზე ასეულობით მაღაროელმა მოიყარა თავი. Ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. “ჯორჯიან მანგანეზი” კი მათ ათი დღის განმავლობაში არც ფიზიკურად შეხვედრია და არც დისტანციურად დალაპარაკებია.

გაფიცული ჭიათურელი მაღაროელების ოჯახის წევრები
მაღაროელთა მხარდამჭერები საპროტესტო აქციაზე, 12 ივნისი. ფოტო: “მაუწყებელი”

ვეცადეთ კომპანიას ჩვენთვის მაინც აეხსნა, რას აპირებენ უახლოეს მომავალში, რა არის მათი პასუხი მაღაროელთა მოთხოვნებზე. “ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა გვითხრა, ვგეგმავთ ხელფასების 5%-ით ზრდასო:

“ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები გადის იმ ხაზზე, რასაც ჰქვია ჭიათურის მიმართულებაზე საწარმოო პროცესის აღდგენა. ამის შემდეგ კომპანიას რა ვალდებულებაც აქვს აღებული, ინდექსაციასთან დაკავშირებით, 5 პროცენტიან სახელფასო ინდექსაციაზეა საუბარი, ამაზე წინასწარ ვიძლევით პირობას… “ ტატიშვილმა ისიც დაამატა, იმერეთში დასაქმებულებს ყველაზე მაღალი ხელფასები აქვთ, სხვებთან შედარებითო. 

კვებაზე კი გვითხრა, ულუფების მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს, მენიუებსაც თანამშრომლების ჩართულობით ვარჩევთ, უკეთესის უკეთესი, ასე ვთქვათ, არ დაილევა და ცუდი პირობები ნამდვილად არ არისო. 

Მაღაროელებს ხელფასების 5%-ით გაზრდის დათქმა არ აკმაყოფილებთ. ამბობენ, რომ სურთ მოთხოვნების ყველა პუნქტი შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტს გააგრძელებენ.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს შრომით უფლებებზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი


რა ვიცით “ჯორჯიან მანგანეზი”-ს კომპანიის შესახებ 

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ 2006 წელს დაფუძნდა. მისი მფლობელი კი ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია “ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია.”

ის აერთიანებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს, ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსა და კლინიკა „ფერომედს“. კომპანია აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს მაღალხარისხიანი ფეროშენადნობები. პროდუქციას ყიდიან რუსეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. “ჯორჯიან მანგანეზი” საქართველოში ერთ-ერთ მთავარ დამსაქმებლად მიიჩნევა. 

კომპანიას ჰყავს სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი. იქამდე ეს პოზიცია ნიკოლოზ ჩიქოვანს ეკავა. 2023 წლის მაისიდან კი ის ჩაანაცვლა ბესიკ კირთაძემ, რომელსაც რეკომენდაცია წინამორბედმა გაუწია. 

ბესიკ კირთაძე “ჯორჯიან მანგანეზის” გუნდს 2019 წელს შეუერთდა, ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. იქამდე, 2004-2019 წლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, 1997 – 2004 წლებში კი შსს-ში მუშაობდა.

კირთაძე მმართველი პარტიის შემწირველიცაა. მან “ქართულ ოცნებას” 2020-2021 წლებში 23 ათასი ლარი ჩაურიცხა. 

რა ბედი ეწევათ გაფიცულ მაღაროელებს? 

მერიის წინ თავმოყრილ მაღაროელებთან ერთი კვირის განმავლობაში არავინ გამოჩენილა. Მათ ყურადღება მხოლოდ 12 ივნისს იგრძნეს, როცა ჭიათურაში თბილისიდან “მომლაპარაკებელი” ჩავიდა. 

ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა
საპროტესტო აქცია ჭიათურაში, 10 ივნისი. ფოტო: “მაუწყებელი”

გაფიცულების მოთხოვნები მოისმინეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილმა მედიატორმა, შრომის ინპექციის წარმომადგენელმა და იურისტებმა. შეხვედრები ჭიათურის მერიის შენობაში 6 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. 

“აი, ფაქტი” ეცადა შეხვედრის შინაარსი გაერკვია, მაგრამ როგორც ჩანს, მედიაციის პროცესი კონფიდენციალურად წარიმართება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მედიატორები მაღაროელთა აზრს კომპანიის ყურამდე მიიტანენ და ეცდებიან, დაცული იყოს ორივე მხარის ინტერესი.

გაფიცულებმა 14 ივნისს მედიატორთან მორიგი შეხვედრა გამართეს. Მაღაროელების თქმით, დამსაქმებელი არ წამოვიდა არანაირ დათმობაზე. შესაბამისად, აგრძელებენ ქუჩის დემონსტრაციებს და შიმშილობასაც. ამბობენ, “სხვა გზა არ დაგვიტოვესო.”

“აი, ფაქტი” კვლავ გააშუქებს ჭიათურელ მაღაროელთა პროტესტს და ინფორმაციას განახლებულ რეჟიმში მოგაწვდით. ერთად მივადევნოთ თვალი, როდის შეიბერტყავს ყურს კომპანია დასაქმებულთა წუხილზე და მხოლოდ საკუთარ ფინანსურ მოგებაზე არ ექნება თვალი და ყური. 

Მასალაში გამოყენებული წყაროები

Მასალის გამოყენების პირობები 

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს შრომით უფლებებზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Next
რამ გამოიწვია ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი? – შეჯამება
ჭიათურელი მაღაროელები ადამიანური პირობების მოლოდინში

რამ გამოიწვია ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი? – შეჯამება

გაფიცული მაღაროელების მოთხოვნები, ჯერჯერობით, შეუსრულებელია

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
village -meet- door-to-door

“კარდაკარ” ადმინისტრაციული რესურსით – “ქართულ ოცნებას” აგიტაციაში მერიის თანამშრომლები ეხმარებიან 

ავტორები: თამუნა ქიმაძე და მანანა ღოღობერიძე; კვლევაზე მუშაობდა: შორენა

Total
0
Share