fbpx
ძირგამოთხრილი გზა

როდის აღდგება სოფელ მანდიკორის ძირგამოთხრილი გზა?

შარშან ივნისში ძლიერმა წვიმამ ტყიბულის სოფელ მანდიკორში გზას ძირი გამოუთხარა, მოგვიანებით კი ბეტონის საფარი დაიბზარა. ეს 60-მეტრიანი მონაკვეთი ერთი წლის შემდეგაც უპატრონოდაა მიტოვებული. ადგილობრივ მთავრობას მისი შეკეთების პროექტი აქვს და იცის, რომ 157 ათასი ლარი სჭირდებათ, თუმცა ცენტრალურ ხელისუფლებას ეს თანხა ჯერ არ მიუწოდებია.

ამასობაში, მანდიკორის მკვიდრ მოსახლეობას სახიფათო, ქვეშ მიწაგამოცლილ გზაზე უწევს სიარული. სტუმრად ჩამომსვლელებისთვის კი რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი არ დგას. ამაზეც ადგილობრივებმა იზრუნეს – ყურადღების მისაქცევად გზის ავარიულ მხარეს საბურავები და ხის ფიცრები განალაგეს.

გზაზე არსებული პრობლემები
ადგილობრივების მიერ მონიშნული სახიფათო მონაკვეთი.
ფოტო: 26 სექტემბერი

“ჩვენ თვითონ, ჩვენი ძალებით ვაფრთხილებთ. შემოსასვლელში ვცხოვრობ მე და რომ შევხედავ ვინმეს უცხოს, ვეუბნები, რომ ფრთხილად, აქანა ასეა…,”- გვეუბნება მანდიკორის მკვიდრი ზურაბ გიორგაძე.

სოფელში ამჟამად 45 ოჯახი ცხოვრობს. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით კი 119 ადამიანი.

დაზიანების დროული შეკეთება მნიშვნელოვანია, რადგან აქაურებს ქუთაისთან, ტყიბულთან ან მიმდებარე სოფლებთან დასაკავშირებლად მოწესრიგებული ალტერნატიული გზა არ აქვთ. სკოლის სამარშუტო ტაქსიც ამ გზას გადის, რომელსაც დაახლოებით 17 ბავშვი გადაჰყავს.

“ეს გზა რომ არა, სოფელი მოწყვეტილი იქნებოდა. იქით კი არის გზა, მაგრამ ისიც არ ვარგა და შორია,” – გვითხრა ადგილობრივმა ზაურ ჩხიკვაძემ.

“ჯებირივით უნდა გაკეთდეს… გამოკვლევა უნდა და მერე გაკეთება. ამდენი ხანია გადის დრო და კაცისშვილი არაა ყურადღების მომქცევი,”- შემოგვჩივლა მანდიკორის კიდევ ერთმა მკვიდრმა, ვინაობის გამხელის გარეშე.

როგორ რეაგირებს ადგილობრივი მთავრობა მანდიკორის პრობლემაზე?

მანდიკორში შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარი 2019 და 2021 წლებში დაიგო. სამუშაოები შპს “გი-ან 2011”-მა შეასრულა და ჯამში 313 ათასი ლარი აიღო. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ 60-მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც შარშან სტიქიამ გააფუჭა, სწორედ 2021 წელს გაკეთდა.

ზარალის ანაზღაურებაზე მთავრობამ დროულად რომ არ იზრუნა, მოსახლეობამ ისინი თავად შეაწუხა. ქალაქის მერიაში მივიდნენ და გზის შეკეთება ითხოვეს. როგორც გვიყვებიან, მათი ვიზიტის შემდეგ სოფელში ტყიბულის მერი დავით ჩერქეზიშვილი ჩავიდა და ტენდერის გამოცხადებას დაჰპირდათ.

ტყიბულის მერიაში მოვიკითხეთ, რას უპირებენ მანდიკორის ჩამოშლილ გზას, თუ აქვთ რაიმე გეგმა უახლოესი მომავლისთვის, რომ მოსახლეობამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.

ავარიული გზა
მანდიკორის გზაზე ჩამოშლილი მიწის ვაკისი. ფოტო: 26 სექტემბერი

მერიიდან წერილობით გვიპასუხეს, მანდიკორში დაზიანებული გზის მონაკვეთი გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან და ადგილობრივებთან ერთად შევისწავლეთ, გეოლოგებმა დასკვნა შეიმუშავეს, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც მომზადდა, ახლა დაფინანსების ეტაპზე ვართ და შესყიდვას უმოკლეს ვადებში დავიწყებთო. თუმცა, ვერ გვიკონკრეტებენ, როდის იქნება ეს “უმოკლესი ვადა”.

შესყიდვების სააგენტოდან ვიგებთ, რომ მანდიკორში დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი 2022 წლის ნოემბერში, ანუ სტიქიიდან ხუთ თვეში მზად იყო. დოკუმენტი შპს “ერკომ” 1120 ლარად მოამზადა.

პროექტში წერია, რომ გზას არ გააჩნია რაიმე ნაგებობა ზედაპირული წყლების მოსაცილებლად, ამიტომ დანალექი წყლები ერთ მხარეს გროვდება და მიწის ვაკისში იჟონება.

“აღნიშნულიდან გამომდინარე მოხდა მიწის ვაკისის გარეცხვა და გზა ფაქტიურად ჰაერში დარჩა გამოკიდებული,”- აღწერილია “ერკოს” დოკუმენტში. პროექტში მითითებულია ისიც, როგორ უნდა რეაბილიტირდეს გზა ახლა, რომ იგივე ინციდენტი არ განმეორდეს.

 “გზის მარჯვენა მხარეს ეწყობა ანაკრები რკინაბეტონის კიუვეტი (ქუჩის გასწვრივ გაყვანილი არხი, ზედაპირული წყლების შესაგროვებლად), ხოლო დაბალ წერტილში წყლის გასატარებლად ეწყობა ახალი რკინაბეტონის მილი… ფერდის აღსადგენად პროექტი ითვალისწინებს რკინაბეტონის ქვედა საყრდენი კედლის მოწყობას….”

პროექტი კი არსებობს, თუმცა იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტს ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხა არ გამოუყვეს, ეს დოკუმენტი თითქმის ერთი წელია “თაროზეა შემოდებული.”

პრობლემური გზა
მანდიკორის გზის დაზიანებული მონაკვეთი. ფოტო: 26 სექტემბერი

მერიამ გვითხრა, რომ მთავრობისგან დაფინანსებაზე თანხმობა აქვთ, თუმცა რამდენ ხანში ჩაერიცხებათ საჭირო თანხა, არ უთქვამთ. ვთხოვეთ დაეზუსტებინათ, როდის მიიღეს ეს დაპირება ან გამოეგზავნათ მთავრობასთან კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტები, მაგრამ ამაზე არ გვიპასუხეს.

სოფელში ტყიბულის მერის წარმომადგენელმა მელიტონ ზოსიაშვილმა და ტყიბულის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ზოსიაშვილმაც დაგვიდასტურეს, რომ მერია თანხას ცენტრალური ბიუჯეტიდან ელოდება.

“გეოლოგია ჩატარებული გვაქვს, დასკვნაც გვაქვს. შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც გვაქვს და გაგზავნილი გვაქვს მთავრობაში რეაგირებისთვის, დაფინანსების მიზნით,”- ამბობს ზაზა ზოსიაშვილი.

შევეცადეთ ჩვენით გაგვერკვია, როდის გამოყოფს ცენტრალური ხელისუფლება თანხას, მანდიკორის მიწაგამოცლილი გზის შესაკეთებლად. თუმცა, საჯარო უწყებები ხელს ერთმანეთისკენ იშვერდნენ და ამ იწილო-ბიწილოში ვერაფერი გაგვაგებინეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გზების დეპარტამენტში გადაგვამისამართეს. იქ კი გვითხრეს, მანდიკორის გზა ჩვენ არ გვეკუთვნის და არც ცენტრალური მთავრობისგან მიგვიღია დავალება, რომ ჩვენი გაასაკეთებელიაო. ისევ ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავუბრუნდით და ამჯერად ტყიბულის მერიაში გაგვიშვეს – იქ მოიკითხეთ, ვისგან ითხოვეს დაფინანსებაო. ტყიბულის მერია რას გვეუბნება, ეს უკვე კი იცით.

თუ გსურთ, რომ “აი,ფაქტმა” გააგრძელოს ინფრასტრუქტურულ თემებზე მუშაობა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი

დავრეკეთ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაშიც, რადგან ტყიბულის მერიას მთავრობასთან შუამდგომლობაში ისინი ეხმარებიან. რადგან ზარზე არავინ გვპასუხობდა, საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. მათი პასუხის შემთხვევაში, სტატია შესაბამისად განახლდება.

გზა
მოსახლეობის მიერ მონიშნული ავარიული მონაკვეთი.
ფოტო: 26 სექტემბერი

იმითაც დავინტერესდით, რა გაკეთდა ტყიბულში სტიქიის სალიკვიდაციო თანხებით ბოლო სამი წლის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ ეს ფული მანდიკორში დაზიანებული გზის საფარის აღდგენაზე არ გამოუყვიათ.

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, 2020 წელს 189 ათასი ლარი დაიხარჯა ქალაქსა და სოფელ მუხურაში საყრდენი კედლების მოწყობაზე, 2021 წელს კი 273 ათასი ლარი მოხმარდა ცხრა დასახლებულ პუნქტში ხიდ-ბოგირების, საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე არხების გაკეთებას.

2023 წელს 965 ათასი ლარი 27 საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციაზე, ხოლო 590 ათასი ლარი სოფელ სოჩხეთში, კურსები-ნაბოსლევსა და ე.წ მაღაროს დასახლებაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა.

გამოდის, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო თანხები უკვე გახარჯულია და მანდიკორის მოსახლეობას ამის იმედი ვერ ექნება. ისღა დარჩენიათ, დაელოდონ, როდის გამოყოფს თანხას მთავრობა და ერთი წლის წინ მომზადებული პროექტი ბოლოსდაბოლოს მივა მშენებლობის ფაზამდე. ამასობაში, ზამთრის სეზონიც ახლოვდება და ავარიულ გზაზე გადაადგილება კიდევ უფრო გაჭირდება.


მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი,ფაქტმა" გააგრძელოს ინფრასტრუქტურულ თემებზე მუშაობა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Next
ბაგრატის ტაძარი – რას უპირებენ სახურავს? ნაწილი 2
bagrati

ბაგრატის ტაძარი – რას უპირებენ სახურავს? ნაწილი 2

ბაგრატის ტაძრის სახურავის რეაბილიტაციაზე ჯერ ტენდერიც არ გამოცხადებულა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share