ავტორები: ია ასათიანი და ნათია მიხელიძე
“ძალისხმევას არ დავიშურებ და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბაღების კეთილდღეობისთვის,” – თქვა გიორგი შათირიშვილმა, გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა გასული წლის 4 იანვარს, მისი დანიშვნის დღეს. ქალაქის ბაღების მდგომარეობა არ მეტყველებს, რომ შათირიშვილმა მაქსიმუმი გააკეთა. სამაგიეროდ, ძალისხმევა არ დაუშურებია გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, რომელმაც მეგობარს სამსახური უჩალიჩა.
ის მერად სულ რაღაც ორი თვის არჩეული იყო, რომ “ქართულ ჯიგრულ პონტს” გემო გაუსინჯა და პირადი ბრძანების საფუძველზე, გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თავმჯდომარედ მეგობარი დანიშნა. მათ ნათელმირონობაც აკავშირებთ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გიორგი შათირიშვილის ბავშვის ნათლიაა.
არჩევნების და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ მუნიციპალიტეტებში საკადრო ცვლილებები და თანამოაზრეების მოყვანა ჩვეულებრივი ამბავია. ამ შემთხვევაში კი ნეპოტისტური ნიშნით დასაქმებასთანაც გვაქვს საქმე. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შათირიშვილი პოსტზე ნათესაობისა და მეგობრობის გამო შეარჩია, ისევე როგორც მისი მრჩეველი დავით კვერნაძე, ასევე ატენის და სადგურის დასახლებებში მერის წარმომადგენლები სანდრო ხუციშვილი და მაია მუჯარიძე.
შათირიშვილი განათლებით ფინანსისტი და სამოქალაქო სამართლის სპეციალისტია. მუშაობდა საბანკო სექტორში და ბაღების მართვის არანაირი გამოცდილება არ ჰქონია. მერთან მისი ნათესაობა “აი, ფაქტს” სამმა სხვადასხვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყარომ და თავად გიორგი შათირიშვილმაც დაუდასტურა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაღების მართვასთან შეხება არ ჰქონია, შათირიშვილის დანიშვნას ტაში დაუკრა გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილმაც. “ტვ მონიტორისგისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, საბანკო სისტემაში გამოცდილი კადრია და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ღირსეულად უხელმძღვანელებსო.
“იგი არის ძალიან ენერგიული, ახალგაზრდა პიროვნება და დარწმუნებული ვარ იმ დაწყებულ საქმიანობას, რომელიც ქალბატონმა ლიამ [სააგენტოს წინა ხელმძღვანელმა] დაიწყო, ღირსეულად მიიყვანს ბოლომდე და კიდევ უკეთესად რაღაც ცვლილებებს შეიტანს ა(ა)იპში,”- ამბობდა თამაზ შიოშვილი 2022 წლის 5 იანვარს.
ცვლილებების რა გითხრათ, მაგრამ შათირიშვილის მოსვლის შემდეგ გორის საბავშვო ბაღებს პრობლემები ნამდვილად აქვს. ამის შემჩნევა მარტივად შეგიძლიათ, თუ გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე გადახვალთ და მოქალაქეების კომენტარებს წაიკითხავთ. მათი უმრავლესობა წუხს იმაზე, რომ გორში ახალ ბაღებს აშენებენ და ვერ ხსნიან. ზოგ ბაღში კი გათბობაც არ აქვთ. არადა, სააგენტომ წლიური მიღწევების ჩამონათვალში გორის სამი საბავშვო ბაღის აშენებაც შეიყვანა.
ანწუხელიძის ქუჩაზე გორის #3 საბავშვო ბაღი 7 თებერვალს გახსნეს. რვა თვის განმავლობაში კი შენობა უფუნქციოდ იდგა.
“რამდენი თვეა ველოდებით ნომერ მე-3 ბაღის გახსნას, ამდენი ბავშვი საშემოდგომო და საახალწლო ზეიმის გარეშე დატოვეთ და კიდევ რამდენ აღმზრდელობით სწავლას ტოვებენ თქვენი უყურადღებობის და უპასუხისმგებლიბის გამო. იმასაც არ კადრულობთ, სწორი პასუხი გაგვცეთ,”- წერდა ფეისბუქზე გორში მცხოვრები მშობელი, რომელსაც სამი წლის შვილი ჰყავს, მაგრამ არ იცოდა, როდის მიიყვანდა ბაღში.
“გმადლობთ რომ ააშენეთ მე-3 საბავშვო ბაღი!!! ბავშვები რომ საშემოდგომო, საახალწლო თუ საგაზაფხულო ღონისძიებების გარეშე დაგვიტოვეთ და ვერაფერი ვერ ნახეს ისე მივლენ სკოლებში… ამ ყველაფერს ძაან მაინტერესებს რით გამოისყიდით?”- წერდა გორის კიდევ ერთი მოქალაქე სააგენტოს ფეისბუქ გვერდის კომენტარებში.
“15 კვადრატულ ჯგუფში 40 ბავშვი უნდა იყოს? საძინებელ ოთახს ფუნქცია რომ დაეკარგა, ჯგუფში ჰაერი არაა, ბავშვების სრული ზედახორაა. მოძველებული სათამაშოები და არანაირი აქტივობის მარაგები” – წერდა ფეისბუქ გვერდ “ჩემი გორის” ადმინისტრატორი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
სააგენტოს დირექტორმა გიორგი შათირიშვილმა იანვარში გვითხრა, #3 საბავშვო ბაღის გახსნა იმიტომ დაგვიანდა, რომ უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცესში იყვნენ.
“რაღაც პატარა პრობლემები იყო, იქ რაღაცა გაყვანილობაზე, რომელიც მშენებლებს ჰქონდათ აღმოსაფხვრელი. ეს პრობლემა ეტაპობრივად აღმოიფხვრა, ახლა მივიღეთ ექსპლუატაციაში,”- გვითხრა გიორგი შათირიშვილმა თვენახევრის წინ.
ანწუხელიძის ქუჩაზე #3 საბავშვო ბაღი 7 თებერვალს გახსნეს. შენობა რვა თვის განმავლობაში უფუნქციოდ იდგა, ბავშვები კი ბაღში სიარულს ვერ ახერხებდნენ.
აშენებულია, მაგრამ უცნობია, სოფელ მეჯვრისხევის ბაღის გახსნის თარიღი. სააგენტოს ხელმძღვანელმა ამას ასეთი “გამართლება” მოუძებნა: “…ამხელა პროექტი პატარა საქმე არ არის, იქ მშენებლობაში რაღაცა გაეპარათ, ვთქვათ, მშენებელს. იქ თუნდაც წყლის გაყვანილობაზე რაღაცა პრობლემა იყო, კედელი იყო ჩამოსანგრევი, ახლიდან გასაკეთებელი და ამ პროცესებს გადიან,”- ამბობს “აი, ფაქტთან” ინტერვიუში გიორგი შათირიშვილი.
გორის ბაღების სააგენტოს უკმაყოფილო თანამშრომლები
როგორც ჩანს, გიორგი შათირიშვილის მართულ სააგენტოს მხოლოდ მშობლები არ ემდურებიან. უკმაყოფილებას გამოთქვამს ბაღებში დასაქმებული პერსონალიც.
2022 წლის ბოლოს გორის საბავშვო ბაღების თანამშრომლები გორის მერიის სხვა ა(ა)იპ-ებისგან განსხვავებით წინასაახალწლო პრემიის გარეშე დარჩნენ.
“ყველა რეგიონში ჩაერიცხათ ბაღის თანამშრომლებს ჯილდო, ჩვენ ვართ მარტო გამონაკლისები,”- უთხრა “მოზაიკას” ერთ-ერთმა თანამშრომელმა. გორის ბაღში დასაქმებული კიდევ ერთი ადამიანი, ამ გამონაკლისს უყურადღებობას და ღირსების შელახვას უწოდებს.
გიორგი შათირიშვილის თქმით, ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში 66 ადამიანია დასაქმებული. გორის საბავშვო ბაღებში კი სულ 1100 თანამშრომელია. გორის ბაღების სააგენტოს წლიური ბიუჯეტი კი 11,8 მილიონი ლარია.
2021 წელს აღმზრდელების, ძიძების და მათი თანაშემწეების ხელფასები 220-დან 400 ლარამდე მერყეობდა. იმ დროისთვის, ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 198 ლარი, წელს კი 227 ლარია. სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი შათირიშვილს საბავშვო ბაღში დასაქმებულთა ხელფასების ოდენობაზე ვკითხეთ, მაგრამ ასე გვიპასუხა: “ხელფასებზე ნუ ვისაუბრებთ, თავს შევიკავებ, ჯობია.”
პრემიებსა და ჯილდოებზეც ვკითხეთ, თუ რატომ გახდა ეს ა(ა)იპ-ი ერთადერთი, რომელმაც თანამშრომლები საახალწლოდ არ წაახალისა. ეს იმ ფონზე, როცა გორის მერიისა მისი ა(ა)იპ-ების 3000-მდე თანამშრომელს დაახლოებით 1 მილიონი ლარის სახელფასო ჯილდო მისცეს.
“ჩვენ ვერ დაგვრჩა იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მომატებულია ფასები ყველაფრისა და გაზრდილია თითოეული ბავშვის ყოველდღიური კვება და იქიდან გამომდინარე თანხები ცოტა მეტად დაიხარჯა, მეტად რა… რეალურად რაც არის ისე დაიხარჯა. არ დაგვრჩა ბიუჯეტში თანხა იმისთვის, რომ პრემიები გაგვეცა,” – გვითხრა გიორგი შათირიშვილმა.
შათირიშვილს სასამართლოში უჩივის ყოფილი თანამშრომელი მარინე სურამელი, რომელიც ბავშვთა კვების, ჰიგიენის და სკოლამდელი აღზრდის განვითარების განყოფილებას მართავდა. ის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს უკანონოდ განთავისუფლებას ედავება. მარინე სურამელმა სამსახური 2022 წლის აპრილში, რეორგანიზაციის შედეგად დაკარგა, მისი განყოფილება კი საერთოდ გაუქმდა. მასთან ერთად გაათავისუფლეს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორის მოადგილე სოსო ვანიშვილიც.
თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” განაგრძოს ნეპოტიზმის კვლევა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
ორმაგი ნეპოტიზმი
გიორგი შათირიშვილი თავისი მეგობრის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გზას გაჰყვა და ახლობლებს სამსახურის პოვნაში წაუკრა ხელი. ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელად 8 თვის მოსული იყო, რომ გორის #1 ბაღის დირექტორად უკონკურსოდ დაინიშნა თავისი სიდედრი სოფო სისუაშვილი. იქამდე, ის მე-17 ბაღის აღმზრდელად მუშაობდა.
ეს ამბავი მალევე გახმაურდა, შათირიშვილს კი ნეპოტიზმი დასწამეს. როგორც ჩანს, ამის გამო მისმა სიდედრმა უხერხულობა იგრძნო და დანიშვნიდან თვენახევარში თანამდებობა დატოვა.
თავად გიორგი შათირიშვილი ფიქრობს, რომ სოფო სისუაშვილი უხერხულობის კიარა, მოუცლელობის გამო გადადგა და ეს მისი სურვილი იყო. ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ სიდედრის დირექტორად დანიშვნის გადააწყვეტილება პირადად მიიღო.
“კი, უკონკურსოდ დაინიშნა, კი ბატონო, თუმცა ეკუთვნოდა. 20-წლიანი გამოცდილება აქვს, შესაბამისი განათლებაც აქვს და ინტერესთა კონფლიქტიც არ არის. მერე რა, რომ სიდედრია, ოჯახის ნათესავად ესე ინტერესთა კონფლიქტში რომ მოვიდეს… იურისტებთან გავლილი მაქვს ეს საკითხი… .”- გვითხრა გიორგი შათირიშვილმა.
ვერგამთბარი გორის ბაღები
“როგორ ყოჩაღადაც ცვლით პროფილის ფოტოებს, ეგრე ყოჩაღად მოგეგვარებინოთ ბაღებში გათბობის პრობლემები. გავიდა ზამთარი,”- წერდა გორის მოქალაქე მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, 2023 წლის 26 იანვარს.
მწირი ხელფასების და ნეპოტისტური სქემების გარდა, ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ბაღებში სიცივის გამოც უჩივიან. გორის ათ საბავშვო ბაღში გათბობის სისტემების რემონტი რომ დროულად ვერ დასრულდა, ამის შესახებ 2022 წლის ოქტომბერში თავად სააგენტოც წერდა. მათი თქმით, ახალი რეგულაციების გამო საქვაბე დანადგარების დემონტაჟი და მათი გარე სივრცეებში გატანა გახდა საჭირო, რის გამოც ათ ბაღს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა.
გათბობა 15 ნოემბერს უნდა ამუშავებულიყო, თუმცა ყველგან ასე არ მოხდა. ზოგან – გაკეთებული სისტემა ორ კვირაში ისევ დაზიანდა. “მთავართან” ინტერვიუსას გიორგი შათირიშვილმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა და თავი იმით იმართლა, პროექტი წინა ხელმძღვანელობის დროს დაიწყოო.
ჩვენთან ინტერვიუში შათირიშვილმა თქვა, სისტემების დაყენება იმიტომ გაჭიანურდა, რომ ტენდერი სხვა ორგანიზაციის მიერ იყო გამოცხადებული და ვერ ჩავერიეთ, სანამ პრობლემამ არ იჩინა თავიო. მისი თქმით, ახლა ყველა ბაღი გამთბარია.
გიორგი შათირიშცილს ვკითხეთ, რა გზით მოხვდა სააგენტოში, გაიარა თუ არა კონკურსი, რაზეც გვიპასუხა:
“კონკურსი, ანუ უშუალოდ მე ასე არ შევხვედრილვარ ვინმეს, მაგრამ იყო რამოდენიმე კანდიდატი და ვფიქრობ რომ მაქვს საკმაოდ განათლება ამ პოზიციისთვის, მენეჯერულ პოზიციაზეც მუშაობის გამოცდილებაც… საბანკო სექტორში არაერთ თანამდებობაზე ვმუშაობდი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზეც….”
შათირიშვილმა დაგვიდასტურა მისი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ნათელმირონობით ნათესაობის ამბავი. თუმცა, არ ფიქრობს, რომ ეს გახდა მისი უკონკურსოდ დანიშვნის საფუძველი:
“რატო ფიქრობთ, რომ ნათესაობის გამო შეიძლება დანიშნულიყო ან მე ან ნებისმიერი სხვა? ეს ისეთი პოზიციაა… აქ ესე ვიღაც გამვლელს იქიდან გამომდინარე რომ ნათესავია, ვერ დავნიშნავთ ხო? საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციაა, გამოცდილება, შესაბამისი განათლებაა საჭირო და ასე შემდეგ…”
ვცადეთ ინტერვიუ ჩაგვეწერა გორის მერთანაც, თუმცა ჩვენს ზარებს არ უპასუხა. მერიის საზოგადოების ურთიერთობის სამსახურმა თემაზე კითხვები გაგვაგზავნინა, მაგრამ უპასუხოდ დაგვტოვა.
გორის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენელს ვკითხეთ, თუ მოისმინეს მერისგან ახსნა-განმარტება, რა ნიშნით შეარჩია სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელად ამ სფეროში გამოუცდელი კადრი, გიორგი შათირიშვილი. გორის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ბექა ქორჩილავამ გვითხრა, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ მერმა უბრალოდ ასე ჩათვალა საჭიროდო:
“ქალაქს მართავს მოჭიდავე მერი, რომელიც გაგებაში არ არის საერთოდ რა ხდება მის მუნიციპალიტეტში და წლის განმავლობაში ძალიან ბევრ დროს ატარებს უცხოეთში… სამუშაოდ დადის ამერიკაში. ჩვენთან არ ინიშნებიან ადამიანები კვალიფიკაციის, ცოდნის ან გამოცდილების მიხედვით. ინიშნებიან ვინ ვისი მეგობარია და ვინ ვისი ახლობელია, ეს სამწუხარო რეალობაა.”
სტატიაში გამოყენებული მასალების სანახავად მიჰყევით ბმულს