fbpx
okupcia cover 1024x519 1

ცხინვალში რუსული პროპაგანდა მიზანს აღწევს, ქართული ჯანდაცვის პოლიტიკა – ვერა

პაციენტებს რომ დამახსოვრებოდათ, ვინ ვართ ჩვენ, ფლაერებს ვაკეთებდით საკონტაქტო ტელეფონებით, მაგრამ დამინახავს, რომ სასტუმროში ტოვებენ, ეშინიათ, იქ რომ უნახონ…. ბოლოს მოვიფიქრე, ჩაის ვჩუქნით. პატარა,  100-გრამიანი შეკვრაა, ერთ მხარეს ვაწებებ ინფორმაციას, სადაც იგივე წერია – ვინ ვართ ჩვენ და მინიშნებულია, როგორ მოგვმართონ. ეს უკვე დატოვებული აღარ მინახავს. იღებენ როგორც საჩუქარს,” – გვიყვება ალუ გამახარია, ასოციაცია “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის” დამფუძნებელი. 

ოკუპირებულ ცხინვალში ასე, ჩაიზე დაკრული ქაღალდებით და ერთმანეთის მონაყოლი ამბებით იგებენ, რომ საქართველოში უფასოდ მკურნალობა შეუძლიათ. რას სთავაზობს ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, ამაზე ხმამაღლა ვერც ჩვენ ვსაუბრობთ და ვერც ისინი. დე ფაქტო ხელისუფლების რეაქციის გვეშინია და ამიტომ. ამასობაში, ცხინვალიდან  უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი ჩამოდის სამკურნალოდ. ამ ფონზე, საკითხავია, სრულდება თუ არა მისია, რაც “რეფერალურ პროგრამას” ჰქონდა. 

“რეფერალური პროგრამა” 2010 წლიდან ამოქმედდა. იქ მცხოვრებლებს საქართველოს ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში, 15-ათასლარიანი ლიმიტით, უფასოდ ეკუთვნით გადაუდებელი და გეგმური სტაციონარული მომსახურება. ასეთი შეიძლება იყოს ტრამვის, დამწვრობის, ჭრილობის, სისხლდენის შემთხვევები. უფასოა ასევე კონსერვატული და ქირურგიული მკურნალობა, რაც გულისხმობს ნებისმიერ ოპერაციას და ტვინის შერყევის, წყლულის ან აპენდიციტის მკურნალობას ოპერაციის გარეშე.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებს საქართველოში სრულად უფინანსდებათ არა მხოლოდ ოპერაციები, არამედ მისთვის მოსამზადებელ პერიოდში და მის შემდეგ საჭირო ყველა ანალიზი და გამოკვლევაც. მათ შორის მაღალტექნოლოგიური და ძვირადღირებული კვლევები.

“მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები, რომ შეიცვალოს ის იმიჯი, რომელიც არსებობს. მტრის ხატია შექმნილი ქართველების მიმართ და ამ ურთიერთობების გალღობას ასეთი პროგრამები უწყობს ხელს. ხარვეზი ბევრია, მაგრამ მიზანი, ყოველ შემთხვევაში, ესაა,” – ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. 

მთავრობაში პროგრამის მიზანი და მისია კი ახსოვთ, მაგრამ ხარვეზებზე, როგორც ჩანს, ბევრი არაფერი იციან. 

“საქართველოს მთავრობა ცდილობს, აფხაზეთისა და ცხინ­ვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის მისაწვდო­მი გახადოს ყველა ის სარგებელი, რომელიც მოაქვს სახელმ­წი­ფო­ში მიმდინარე რეფორმების შედეგად მიღწეულ პროგრესს,” – წერია 2010 წლის სტრატეგიაში, რომელიც ომში მყოფ ქვეყანას 11 წელია არ განუახლებია.

უფასო ჯანდაცვას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმატებულ მიმართულებადაც მიიჩნევს. თუმცა, საქმე არც ისე სახარბიელოდაა. 

რა იციან  “რეფერალურ პროგრამაზე” ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსულებმა? 

ცხინვალში მცხოვრებლებმა საქართველოში გადმოსვლისას, არ იციან, კონკრეტულად რა ეკუთვნით უფასოდ და რა არა, რა საბუთები უნდა წარადგინონ, რომელ კლინიკაში უნდა მივიდნენ და როგორ? ამ ინფორმაციას ოფიციალური სტრუქტურები ვერ აწვდიან,  გამოსავალი პირადი კონტაქტებია. 

“უნდა ჰყავდეთ სპეციალურად გამოყოფილი სოციალური მუშაკები, ჩვენები ძალიან ჩინოვნიკურად ეპყრობიან. იმდენი ფული დაიხარჯა ამ მომსახურებაში და სინამდვილეში ის ეფექტი ვერ მივიღეთ, რაც უნდა მიგვეღო. კომუნიკაციების გაუმჯობესებაა საჭირო. ოსი კიარა, მე რომ ჩავიდე ახლა თბილისში, გამიჭირდება მოვნახო კარგი ექიმი, ამიტომ უნდა მიყოლა. დაკარგა უკვე კავშირი თბილისთან, დღეს სხვა ვითარებაა. ამხელა ქალაქში სად წავიდეს, რომელ ავტობუსში ჩაჯდეს, ამაშიც სჭირდებათ დახმარება,” – ამბობს ალუ გამახარია. ის გაეროს და ევროკავშირის მექანიზმით, coberm-ით დაფინანსებულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. 

როგორც გვიყვება, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ პაციენტებისთვის თბილი, მეგობრული გარემოს შექმნას: “ჩვენ სპეციალურად ვართ ამისთვის დატრენინგებული,  სოციალური მუშაკების დონეზე გვყავს მომზადებული ხალხი, რომ ამ ადამიანებს მოეფერონ, ჩაეხუტონ და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ აქედან წავიდნენ შეცვლილი აზროვნებით და განწყობით.”

ოს პაციენტებს საქართველოში გადმოსვლისას დაკვალიანებაში ეხმარება ზურაბ ბენდიაშვილიც. ის ორგანიზაციის “კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის” ხელმძღვანელია. 

“სანაკოევის ადმინისტრაცია ცხინვალში არც თუ ისე კეთილად აღიქმება, ამიტომ ასე ურჩევნიათ. ვინც ჩამოდის, ყოველ მეორეს ჩემთან აქვს კავშირი, დახვედრა იქნება თუ დაკვალიანება,” – გვეუბნება ბენდიაშვილი. 

როგორც ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გვითხრეს, პოლიტიკა ტარდება ნახევრად და ჩუმ-ჩუმად. სახელმწიფო ცდილობს არ გააღიზიანოს რუსული სპეცსამსახურები და დე ფაქტო ხელისუფლება, ამიტომ იკავებენ თავს ინფორმაციის ღიად გავრცელებისგან. 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, თამაზ ბესტაევმაც დაგვიდასტურა, რომ პაციენტები ინფორმაციის მისაღებად საკუთარ კონტაქტებს იყენებენ. თუ რამეში ვერ გაერკვნენ, პირდაპირ მას ან დიმიტრი სანაკოევს ურეკავენ, რადგან ამისთვის ცალკე ცხელი ხაზი არ არსებობს.

ცხინვალი პატარაა, იქ ყველა ყველას ნაცნობი, ნათესავი, მეგობარია და კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვსო, გვითხრა ბესტაევმა. თუმცა, ისეთი შემთხვევაც გაახსენდა, როცა ოსმა მოქალაქემ “რეფერალური პროგრამის” არსებობა არ იცოდა და თბილისში სამკურნალოდ ჩამოყვანილი შვილი უსახსრობის გამო უკან წაიყვანა. 

დედამ ჩამოიყვანა შვილი ცხელებით, ლეიშმანიოზი დაუდგინდა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში და უთხრეს, უნდა დაწვეს, იმკურნალოსო. დაფინანსების მოდელზე კლინიკაშიც არ იცოდნენ, იმიტომ რომ არ გვყოლია ასეთი პაციენტი. ფული რომ არ ჰქონდა, მოკიდა ხელი ბავშვს და წავიდა, დააწვინა ვლადიკავკაზში. იქ ვერ უმკურნალეს, მერე გავაგზავნეთ კატასტროფის ბრიგადა, დავხვდით ლარსზე და გადმოვიყვანეთ აქ,” – ამბობს თამაზ ბესტაევი. 

ბესტაევს ვკითხეთ, შეიძლება თუ არა, რომ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ასეთი გაუგებრობა კიდევ მოხდეს, რაზეც დაგვეთანხმა. 

ყოფილი სახალხო დამცველი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი, უჩა ნანუაშვილი გვეუბნება, რომ არ ახსენდება, სახელმწიფოს უფასო ჯანდაცვის შესახებ საინფორმაციო კამპანია ჩაეტარებინოს: “როცა პრეცენდენტები გაჩნდა და ადამიანებმა მიიღეს დახმარება, უფრო პიროვნულ დონეზე ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება, ერთმანეთს შორის, ნაცნობებს შორის და ამან უფრო იმოქმედა. თუკი რამე ტარდებოდა, უფრო მეტად იყო საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსებით ან მხარდაჭერით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყო ნაკლები.”

რატომ იკლებს “რეფერალური პროგრამით” მოსარგებლეების რიცხვი?

2010 წლიდან დღემდე “რეფერალური მომსახურების პროგრამამ” ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებელთა 3,935 შემთხვევა დააფინანსა. მათ მკურნალობაზე ბიუჯეტიდან 11.9 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

საინტერესოა, რომ ბოლო წლებში სულ უფრო ნაკლები ადამიანი გადმოდის სამკურნალოდ. ასე ხდება, განსაკუთრებით, 2016 წლის შემდეგ. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოში გადმოსვლა და უკან დაბრუნება მოქალაქეებს “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” დახმარებითაც შეუძლიათ. 

ბოლო წლებში რომ “რეფერალური პროგრამა” ნაკლებ ეფექტიანად მუშაობს, ამას “წითელი ჯვრის” სტატისტიკაც ადასტურებს. 2010 წლიდან დღემდე, წითელი ჯვარი სამედიცინო ევაკუაციის 1,677 შემთხვევაში მონაწილეობდა. 2016 წლის შემდეგ კი ეს რიცხვი იკლებდა. 

A7VQt7Iae03V96W memZbJI6AY7rebZw2g6dyVJfjs9jp6 O2fYEJ6V 6zPkbs1CiRdu6FdIvaw0dWPUizLeNX4IlLyGpUamGqVCKa h VjTtWWg6KtUyDF2iXagdc30tx3 GUuA=s0

მიზეზების შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასაც ვკითხეთ და იმ ორგანიზაციებსაც, ვისაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებთან უშუალო შეხება აქვთ. 

ზურაბ ბენდიაშვილი ფიქრობს, რომ პროგრამით მოსარგებლეების რიცხვის კლება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს დიაგნოსტირების ნაწილის დაფინანსების შეწყვეტას. 2017 წლის შემდეგ ცხინვალიდან გადმოსულ პაციენტებს აღარ ეკუთვნით უფასო დიაგნოსტირება, ექიმთან პირველი ვიზიტი, როცა მათი ჩივილების მიზეზი უნდა დაადგინონ. ამას ახლა coberm-ი აფინანსებს. 

“ხარჯები ჩათვალეს არაეფექტურად, რომ ვუთხარით ციფრები დაესახელებინათ, ვერ დაგვისახელეს. ეფექტურობა ნიშნავს,  რამდენი მილიონი იხარჯება, რამდენი არ იხარჯება, რის მიხედვითაც ფასდება-მეთქი ეფექტურობა და კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცეს. უფასოდ რომ იყო ეს კვლევები, ჩამოდიოდა, ივაჭრებდა, ლილოში რაღაცას იყიდდა, წავიდოდა, ექიმებს გაესინჯებოდა და მიდიოდა. ‘რეფერალურის’ მთავარი მიზანი, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება აქეთ გადმოსულიყვნენ, საკმაოდ წარმატებით მუშაობდა,” – ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი. 

თამაზ ბესტაევმა იგივე პროცესი აღწერა როგორც უკონტროლო ქაოსი, რის გამოც ბიუჯეტს ზედმეტი ტვირთი დააწვა. 

“პაციენტი მოდიოდა იქედან, თავი მტკივა, ფეხი მტკივა, წელი მტკივა, კისერი მტკივა, გული მტკივა, შედიოდა სტაციონარში და რა ენაღვლება კლინიკას, გიფინანსდება და ყველაფერს ჩაგიტარებენ. უფასოდ ჩამიტარებენ კვლევებს, მერე ლილოში ვივაჭრებ და წავალ მერე, რას ვაკეთებ? არ გვაქვს ამის ფუფუნება. 3 ათასი ლარის კალკულაცია მოჰქონდათ. ეს ჩვენს ბიუჯეტს ურტყამდა. არ ვართ ამერიკა ბატონო, რა ვქნათ,” – ამბობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის და სოცუზრუნველყოფის პროგრამის უფროსი თამაზ ბესტაევი. 

დაფინანსების წესის ცვლილებას დაემთხვა სხვა შემაფერხებელი გარემოებებიც. მაგალითად, “ჩორჩანა-წნელისის კრიზისი”, გადასასვლელების ჩაკეტვა, ზოგადად, დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკის გამკაცრება და “რუსული პროპაგანდის” გაძლიერება. მთავრობაში ამას ოფიციალურად ასახელებენ “რეფერალური პროგრამის” შეფერხების მიზეზებად. 

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ფიქრობს, რომ გარდამტეხი როლი ჰქონდა 2017 და 2019 წლებში გადასასვლელების ჩაკეტვას, რის შემდეგაც ადამიანები სამკურნალოდ გადმოსვლას უბრალოდ ვერ ახერხებდნენ:

“ისე თავისუფლად მოქალაქეებს უჭირთ გადაადგილება, თუ არ არის საკმაოდ რთული, მძიმე პაციენტი, ნებართვასაც არ გასცემდნენ. ახლა გაუმჯობესებულია ეს მდგომარეობა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო.”

ასოციაცია “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის” დამფუძნებელი ალუ გამახარია ფიქრობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოში მკურნალობას ნაკლები ადამიანი ახერხებს, არის ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გამკაცრებული სტრატეგია, ჩამოაშორონ ოსური საზოგადოება ქართულს. არადა, ადრე ისინი უფრო ახლოს იყვნენ ქართველებთან, ვიდრე აფხაზები:

“ერგნეთის შეხვედრები გვაქვს, ჟენევაშიც არის შეხვედრები, მწვავედ უნდა დააყენონ ეს საკითხი, ეს ჰუმანიტარული პრობლემაა, რომ ადამიანი ავად არის, უნდა, ნათესავიც კი ჰყავს ჩვენს მხარეს და ტელეფონით ეკონტაქტება, მაგრამ ფიზიკურად ვერ გადმოდის.”

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში აღიარებენ, რომ “რეფერალურ პროგრამას” რუსული პროპაგანდა და იქაური დე ფაქტო ხელისუფლების მკაცრი ჩარევა აფერხებს. თუმცა, ვერ ამბობენ, რა უნდა დაუპირისპიროს ამ პროცესებს ქართულმა მხარემ. თამაზ ბესტაევი გვეუბნება, რომ იქაური ტელევიზიებით ვრცელდება ინფორმაცია, როგორ ვაჭრობენ საქართველოში ორგანოებით და მოსახლეობის ნაწილს ამის სჯერა. 

“გამკაცრდა პროცედურები, სთავაზობენ ვლადიკავკაზს, სთავაზობენ კრასნოდარს. მაქსიმალურად ცდილობენ შეუშალონ ხელი და თუ ვინმე მათი მთავრობის წარმომადგენელი ან ოჯახის წევრია, ის საერთოდ ვერ მოდის. ტვინები არის გადაბრუნებული, ისე იმუშავა რუსულმა პროპაგანდამ ხალხზე. ეს რეფერალური პროგრამა რომ არ ყოფილიყო, დღემდე ურთულესი იქნებოდა მათთან კომუნიკაცია,” – გვეუბნება ბესტაევი.

ბესტაევს ვკითხეთ, არის თუ არა შესაძლებელი, “რეფერალური პროგრამის” საკითხი ჟენევაში ან ერგნეთის შეხვედრებზე განიხილონ, რომ მოქალაქეებმა ამ სიკეთით სარგებლობა შეუზღუდავად შეძლონ. რაზეც გვიპასუხა: “რომც იყოს განხილული, შედეგს ვერ მიიღებ. ვერაფერს გააკეთებს ჩვენი მხარე, სანამ რუსეთის გავლენა და რუსეთის ნება არის ასეთი.”

სტატია მომზადებულია “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის“ მხარდაჭერით.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რა გვიჩვენა ხმის დათვლის ვიდეოჩანაწერებმა?
archevnebi

რა გვიჩვენა ხმის დათვლის ვიდეოჩანაწერებმა?

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share