fbpx
ქართული ოცნების სანახაობა წინასაარჩევნოდ

სანახაობა წინასაარჩევნოდ – “ქართული ოცნების” შეფარული კამპანია


“ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ ხალხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად კულტურულ ღონისძიებებს იყენებს. პარტიისთვის კონცერტები სტრატეგიული ინსტრუმენტია ამომრჩეველთან ურთიერთობისთვის.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყველა მათი მასშტაბური პარტიული შეხვედრა სრულდება კონცერტით, სადაც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები სიტყვა-სიტყვით იმეორებენ მმართველი პარტიის მთავარ საარჩევნო გზავნილებს.

გარდა ამ ტიპის კონცერტებისა, გასართობი ღონისძიებების საარჩევნო კამპანიისთვის გამოყენება მმართველმა პარტიამ შეფარვითაც დაიწყო – პატარა, ღარიბი ქალაქების ბიუჯეტების ხარჯზე. თითქმის ყველა ქალაქში სექტემბერსა და ოქტომბერში ტარდება კონცერტი და ფესტივალი, ზოგან – ორი-სამიც.

ჩვენ დავითვალეთ სახელმწიფო შესყიდვების ბიუროს ოფიციალურ საიტზე მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული შესყიდვები. ამ დრომდე 219 ასეთი ტენდერი ვიპოვეთ, რომელთა მიზანი ხან მომღერლების დაქირავება იყო, ხან სცენის მოწყობა, ხან ხალხის საკვებით მომარაგება და ხან ღონისძიების სტუმრების სასტუმროში დაბინავება. ჯამში, ამ დრომდე გამოყოფილია 7,8 მილიონი ლარამდე იმ ქალაქების ბიუჯეტებიდან, რომელთა მაცხოვრებლებს ნაწილს არ აქვთ გზა, წყალი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საბავშვო ბაღი და სამედიცინო პუნქტები.

და ისეთი პირი უჩანს, რომ ეს 7 მილიონი არჩევნებამდე კიდევ გაიზრდება, რადგან ტენდერები ყოველდღიურად ემატება და ემატება.

გამოგონილი დღესასწაულები

ჩვენ შევისწავლეთ წინასაარჩევნო პერიოდში, 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე ჩატარებული და დაგეგმილი 67 ღონისძიება. მათი 49 პროცენტი ეძღვნება ქალაქის ან დაბის დღის აღნიშვნას. მაგალითად, აღინიშნება მარნეულობა, გარდაბნობა, ადიგენობა და ა.შ. ოღონდ, ყველა ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სექტემბერსა და ოქტომბერშია დაგეგმილი. ისინიც კი, რომელიც ბოლო წლებში, ძირითადად, აგვისტოში ან ნოემბერში ტარდებოდა.

“ბორჯომობის”, “ქარელობისა” თუ “ონელობისგან” განსხვავებით, საქართველოში “ადიგენობა” და “მარნეულობა” ადრე არ აღინიშნებოდა. ისინი “ქართული ოცნების” მთავრობამ გამოიგონა და პირველად 2023 წელს ჩაატარა.

მარნეულობა 2024
ფოტო: მარნეულის მერიის ფეისბუქი

“დღეს მნიშვნელოვანი დღეა, “მარნეულობას” აღვნიშნავთ პირველად და აღსანიშნავია, რომ ის ტრადიციულ სახეს მიიღებს. ამის შემდეგ ყოველ წელს გაიმართება” – განაცხადა მარნეულის მერმა ქენან ომაროვმა 2023 წელს გამართულ კონცერტზე.

2023 წელს “მარნეულობისთვის” 129 000 ლარამდე დაიხარჯა, წელს – 135 600 ლარზე მეტი. მერია ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს სადილითაც გაუმასპინძლდა, რაშიც 10 ათასამდე ლარი დახარჯა.

თავიდან “მარნეულობა” მიზნად ისახავდა კულტურული მრავალფეროვნების და “ეთნოსის ჰარმონიული თანაცხოვრების წარმოჩენას”. თუმცა, ეს “ჰარმონია” რუსულმა სიმღერამ დაარღვია. როგორც ჩანს, ორგანიზატორებისთვის ქართულ-აზერბაიჯანული მუსიკის სინთეზი საკმარისი არ აღმოჩნდა და წელს სცენა ოკუპანტი ქვეყნის ენაზე ამღერებულ შემსრულებელსაც დაუთმეს.

ახალი დღესასწაულია “ადიგენობაც”, რომლის აღსანიშნად 2023 წელს ბიუჯეტიდან 45 000 ლარი დაიხარჯა. წელს ეს თანხა 79 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან 13 500ლარი მერიამ მხოლოდ სადეგუსტაციო სუფრასა და საზეიმო ვახშამში გადაიხადა. მენიუს არც მესხური ღვინო აკლდა, არც აპოხტის ხინკალი და არც ლოკოკინები.

ადიგენის სუფრა - ლოკოკინები
ადიგენობის “მენიუდან”. ფოტო: ადიგენის მერიის ფეისბუქი

2022 წელს ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე ამბობდა, “ადიგენობას” ყოველი წლის 14 მაისს, თამარობის დღესასწაულზე აღვნიშნავთო. “ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ ოქროს ციხემდე გაკეთდეს გზა, სადაც ტრადიციულად ყოველთვის გავმართავთ თამარ მეფის საპატივსაცემოდ ჩვენს ადიგენლობას”.

თუმცა, “ადიგენობა 2024” არც 14 მაისს აღინიშნა და არც ოქროს ციხეზე. საზეიმო ღონისძიებები 28 სექტემბერს დაბა ადიგენში გაიმართა. ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოწყობილი იყო საბავშვო და გასართობი სივრცეებიც. ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, მოსახლეობის განწყობაზე ჯგუფი “ბანი” ზრუნავდა. გალა კონცერტზე კი, რომელიც “გრანდიოზული ფოიერვერკით” დაგვირგვინდა, ბენდი “მიქსტურა” უკრავდა.

“გამომგონებლობა” ხელისუფლებამ 2024 წელსაც გააგრძელა. გსმენიათ “სენაკობის” დღესასწაულის შესახებ? ალბათ, არა, რადგან ის აქამდე არ არსებობდა. ინტერნეტში ჟურნალ “სამეგრელოს” 2016 წლის ფეისბუქ პოსტს წავაწყდით, თურმე სენაკელები სწორედ ამ წელს ითხოვდნენ “სენაკობის” დღესასწაულის დაწესებას. 8 წელიწადი ხელისუფლებამ ამისთვის ვერ მოიცალა, თუმცა მოიცალა საარჩევნო წელს და ქალაქ სენაკის 150 წლის იუბილეს დაუკავშირა საღამო “ჩემი ქალაქის დღე”. ამისთვის ადგილობირვი ბიუჯეტიდან 27 000 ლარი დაიხარჯა.

საღამოს წამყვანები ტელეკომპანია “იმედის” თანამშრომლები, ნიკოლოზ წულუკიძე და გიორგი კალანდია იყვნენ. წულუკიძემ სენაკის მერისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

საღამოს მუსიკალური გაფორმებაც ჰქონდა და, რა თქმა უნდა, სცენაზე სწორედ ის მომღერლები იდგნენ, რომლებიც მმართველი პარტიის კონცერტებზე მღერიან. მაგალითად, თემურ თათარაშვილი და სალომე ბაკურაძე. ისინი “ქართული ოცნების” ყრილობიდანაც გვახსოვს. ყრილობებზე სიარულის გარდა, ისინი მმართველ პარტიას მათი მესიჯ-ბოქსების გამეორება-გავრცელებაშიც ეხმარებიან.

მიკროფონთან სენაკის მერი ვახტანგ გადელია

წელს პირველად გაიმართება “ლანჩხუთობა 2024”-იც. ალბათ, არც ამ დღესასწაულზე გსმენიათ რაიმე. მის ჩატარებას 2019 წელსაც აპირებდნენ, ბიუჯეტში გაწერაც დაანონსეს, თუმცა დღესასწაული არ შედგა.

“ლანჩხუთობა 2024”-ისთვის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ 56 000 ლარამდე გამოყო, ტენდერიც გამოაცხადა და ახლა გამარჯვებულის შერჩევის მოლოდინშია. 13 ოქტომბრის ღონისძიების საღამოზე ორ სოლო მომღერალს მიიწვევენ. ვინ იქნებიან ისინი, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვევა, მაგრამ რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ მათაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რიგებიდან აარჩევენ.

შეფარული მხარდაჭერა “ქართულ ოცნებას”

საარჩევნო კანონმდებლობით აკრძალულია, რომ მმართველმა პარტიამ თავისი საარჩევნო კამპანიისთვის ბიუჯეტის ფულით გამართოს ღონისძიება. ამიტომ უწევთ ამ საქმის კეთება ირიბი და შეფარული გზებით.

“…წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება”, – ამონარიდი საარჩევნო კოდექსიდან.

პატარა ქალაქებში ჩატარებულ კონცერტებსა და ფესტივალებზე ისმის მმართველი პარტიის საარჩევნო გზავნილები და სცენაზე გამოდიან ის ადამიანები, რომელთა სახეებიც “ქართულ ოცნებასთან” კავშირში აღიქმება, მაგალითად, მოქმედი ქალაქის მერები თუ პარტიის საარჩევნო სიაში მყოფები.

 კონცერტებზე გამომსვლელთა მიერ წარმოთქმულ სიტყვებში აუცილებლად იპოვით სიტყვა მშვიდობას.“ქართული ოცნების” მთელი საარჩევნო კამპანიაც ხომ ხალხის ომით დაშინებაზეა აგებული და პარტია თავს მშვიდობის გარანტს უწოდებს.

“გზაში ვფიქრობდი, რა უნდა ვისურვო-თქო. ალბათ, ჩვენს ქალაქს დღეს რაც სჭირდება არის თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობა, ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა, მშვიდობა ოჯახში, ქალაქში, ქვეყანაში და დანარჩენი მერწმუნეთ, მართლაც, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული”, – ამ სიტყვებით მიმართა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთავქალაქობაზე შეკრებილ ადამიანებს 21 სექტემბერს.

რუსთავქალაქობა
“რუსთავქალაქობა 2024” ფოტო: რუსთავის მერიის ფეისბუქი

“მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ბოლო ორი წელია ჩვენ ერთად, მშვიდად აღვნიშნავთ ჩვენ “მარნეულობას”. ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძნებისათვის, გვერდზე დგომისათვის. ყველას გილოცავთ მარნეულობას, ღმერთმა ქნას ყოველთვის ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ მუნიციპალიტეტში და ასევე მთელ მსოფლიოში მშვიდობა იყოს”, – თქვა მარნეულის მერმა კენან ომაროვმა 20 სექტემბერს, “მარნეულობა 2024”-ის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს.

“ძალიან მიხარია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული-დღესასწაული, რომელიც გვაერთიანებს… ჩვენი მუნიციპალიტეტი არის მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური მხარე და ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ერთად თანაცხოვრება მშვიდობიან გარემოში. ეს არის მაგალითი საქართველოს სიძლიერის. გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას ჩვენ მუნიციპალიტეტს და მთელ ჩვენ სამშობლოს!” – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ზაურ დარგილიმ, “მარნეულობისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაზე 20 სექტემბერს.

“არაერთხელ ითქვა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ამ მშვიდობის წლებში მარნეული დაადგა ერთობის, სიყვარულის და მშვიდობის გზას, რისთვისაც უდიდესი მადლობა პირველ რიგში ადგილობრივ თვითმმართველობას, ხოლო შემდეგ საქართველოს მთავრობას”, – იმავე ღონისძიებაზე თქვა შაბან მამედოვმა, მომღერალმა, რომელიც მარნეულის კულტურის ცენტრის თანამშრომელია.

“გარდაბნობა ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩვენი რაიონისთვის, დღე , რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ღვთისშობილის ტაძრის კურთხევის დღესთან. და დღე, რომელიც აერთიანებს ჩვენ აზერბაიჯანელ და ქართველ მოსახლეობას. ამიტომ, მინდა მივულოცო თითოეულ გარდაბნელს დღევანდელი დღე და ვისურვებდი, რომ ჩვენი რაიონი, ჩვენი მუნიციპალიტეტი, ყოფილიყოს ყოველთვის წარმატებული, ყოველთვის მშვიდობიანი და ყოველთვის გახარებული.” – თქვა 4 ოქტომბერს გარდაბნის მერმა დავით კარგარეთელმა, “გარდაბნობა 2024”-ის ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარნეული მერი - ქენან ომაროვი, საკრებულოს თავჯდომარე - ამირან გიორგაძე
მარნეულობა “2024”-ის სცენაზე: მარცხნიდან, მარნეულის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე,
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და
მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი. ფოტო: მარნეულის მერია

“ყველას გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ გარდაბნის სახალხო დღესასწაულს. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, წარმატებებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გაძლიერებას, რაც საწინდარი იქნება ჩვენი სოფლების, ჩვენი ქალაქების სტაბილური განვითარების, რა თქმა უნდა, მშვიდობის საფუძველზე”, – თქვა პარლამენტის წევრმა, ირაკლი შატაკაშვილმა გარდაბანში გამართულ იმავე ღონისძიებაზე.

“სამართლიანი არჩევნები” დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს, თავად არჩევნების დღეს და სწავლობს საარჩევნო კანონმდებლობას. ორგანიზაციის იურისტი თათია ქინქლაძე გვიყვება, რომ კანონის მიხედვით, პროპორციულ არჩევნებამდე 60 დღით ადრე კულტურული ღონისძიებების გამართვა აკრძალული არაა. თუმცა, როდესაც მას ესწრებიან სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული პირები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად არიან ჩართულნი მმართველი პარტიის კამპანიაში და იკვეთება საარჩევნო მოტივები, ეს პრობლემურია.

“როდესაც ასეთი ღონისძიება იმართება წინასაარჩევნო პერიოდში, იკვეთება საარჩევნო მიზანი, ანუ საარჩევნო კამპანიის ნაწილად მსგავსი კულტურული ღონისძიებების ქცევა არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. თუ ხდება მმართველი პარტიის საქმიანობისა და მისი პროგრამის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, ეს არ არის მხოლოდ კულტურული ტიპის ღონისძიება და საარჩევნო მიზნის მქონეა”, – ამბობს თათია ქინქლაძე.

ამ კონცერტებზე რომ “ქართული ოცნების” სახეები სიტყვით გამოდიან, ფოტო-ვიდეო მასალითაც დასტურდება. მაგალითად, ონელობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით იყო გამოსული გოჩა ენუქიძე, მოქმედი პარლამენტარი და “ქართული ოცნების” მიერ დასახელებული დელეგატიამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში. ბუშტებიც კი პარტიის ფერებში იყო ღონისძიებაზე – ლურჯი, ყვითელი და თეთრი.

ონის მუნიციპალიტეტის მერია - გაშვებული ბუშტები
“ონელობა 2024”, ფოტო: ონის მერიის ფეისბუქი

როგორც მკვლევრები გვიხსნიან, ბიუჯეტის ფულის საარჩევნო მიზნებით გამოყენება არღვევს თანაბარი საარჩევნო გარემოს პრინციპს, რადგან სხვა პარტიებს ამდენი ფინანსური რესურსი არ აქვს.

“საარჩევნო კამპანიის მთავარი ფუნდამენტი უნდა იყოს, რომ გარკვეულ რესურსებზე წვდომა იყოს თანაბარი. სწორედ ამიტომ არის აკრძალული საარჩევნო პერიოდში სხვადასხვა სოციალური, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურული ღონისძიებები… [საქართველოში] თანაბარი საარჩევნო გარემო არ არის, მმართველ პარტიას აქვს რესურსების ფართო სპექტრი და ეს პრობლემას ქმნის”, – გვეუბნება თათია ქინქლაძე, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს სწავლობს.

გაძვირებული ცხოვრება დღესასწაულების აღნიშვნასაც აძვირებს?

“ადგილობრივი მერები, რომლებიც თითქმის ყველა მმართველი პარტიიდან არიან, საკუთარ ბიუჯეტს ხარჯავენ ისე, რომ არჩევნებისთვის მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩევლები მოაბილიზონ. ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტის თანხები შეიძლება იყოს შეცვლილი, გადანაწილებული, გამოყოფილი ისე, რომ ემთხვევა წინა საარჩევნო პერიოდს, ან მმართველი პარტიის ინტერესებს. [ეს ყველაფერი] ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის პარალელურად ხდება და შეიძლება ითქვას, რომ არის ამის ნაწილი”, – გვეუბნება ინტერვიუს დროს სანდრო ქევხიშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელი. ის, რომ სანდრო ამ შეფასებაში არ ცდება, ფაქტებითაც დასტურდება.

ჩვენი კვლევისას ვადარებდით, რა გვიჯდებოდა ამ დღესასწაულების აღნიშვნა წინა წლებში და რა ხდება ახლა. წინა წლებში ამ კონცერტების ჩატარება, დაახლოებით, ერთნაირი თანხა გვიჯდებოდა, ახლა კი მათი ღირებულება რამდენიმე ათასი ლარით მაინცაა გაზრდილი, ზოგჯერ კი საერთოდ გაორმაგებულია. ამასთანავე, ზოგჯერ დღესასწაულებს თარიღები შეეცვალა, მაგალითად რომელიც აგვისტოში აღინიშნებოდა, ბოლო წლებში სექტემბერში გადმოიტანეს. ნოემბრის დღესასწაულები კი – ოქტომბერში.

card-im

“ონელობის” დღესასწაული 2008 წლიდან, ძირითადად აგვისტოში აღინიშნებოდა. შარშან შოვის ტრაგედიის გამო არ ჩატარებულა. წელს კი 9 სექტემბერს ჩატარდა და წინა წლებთან შედარებით, ხარჯები თითქმის გაორმაგდა: 2022 წელს 53 000 ლარი გადავიხადეთ ბიუჯეტიდან, წელს კი 115 000. ღონისძიებისთვის სამი სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადდა. ერთი სცენის მოწყობის მიზნით, მეორე ღონისძიების ორგანიზებისთვის, მესამე კი ჯგუფ “ჩვენებურების” დასაქირავებლად.

სცენის მოწყობა, დაშლა 2022 წელსაც და 2024 წელსაც ერთი და იგივე კომპანიას, შპს “ჯითი ჰოლდინგს” დაევალა. შარშანწინ კომპანიას 15 000 ლარი გადაუხადეს, წელს კი უფრო პომპეზური ღონისძიებისთვის – 64 815 ლარი. მიუხედავად თანხის გაოთხმაგებისა, “ონელობა 2024”-ის სცენას 2022-თან შედარებით დიდი დახვეწილობა არ ეტყობოდა.

გაიზარდა “ბორჯომობის” აღნიშვნის საფასურიც. ბორჯომქალაქობა 2000-ანი წლებიდან აღინიშნებოდა, ძირითადად, აგვისტოში. 2022 წლიდან ღონისძიებამ სექტემბერში გადმოინაცვლა. 2022 და 2023 წელს “ბორჯომობა” მერიას 72 000 ლარი უჯდებოდა. წელს კი ეს ხარჯი 122 000 ლარამდე გაიზარდა.

ღონისძიების შემდეგ 150 სტუმარზე საზეიმო ვახშამიც გაიმართა, სადაც ერთი ადამიანის კვება 100 ლარი დაჯდა. წინა წელს “ბორჯომობის” პროგრამაც წლევანდელის მსგავსი იყო და მაშინაც 150 სტუმარს გაუმასპინძლდნენ საკვებით, თუმცა მაშინ ამ მომსახურებაში მერიამ ორჯერ ნაკლები, 72 ათასი ლარი გადაიხადა.

2024 ზურა ხაჩიძე
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ხაჩიძე “ბორჯომელობისთვის” მოწყობილ სცენაზე

გაიზარდა “ბოლნისქალაქობაზე” დახარჯული თანხებიც. 2022 წელს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის მერიამ 95 000 ლარი გამოყო, 2023 წელს 149 000, წელს – 152 000.

ტენდენციას არც “ხაშურქალაქობა” ჩამორჩა. მის ორგანიზებაში 2024 წელს 78 ათას ლარამდე დაიხარჯა. წელს ღონისძიებაზე “ღამის შოუს” ბენდმა იმღერა და როგორცმერიაში თქვეს, პირველად მოხდა, რომ ამ დღეს უცხოელი სტუმრები არ ესწრებოდნენ. მიზეზი წყლის პროექტი და გადათხრილი ქუჩები აღმოჩნდა. მანამდე, 2022 წელს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის 48 ათასი ლარი გამოიყო, 2023 წელს კი – 62 ათასი.

“ქარელობის” ღონისძიება, ბოლო წლებში, ოქტომბერ-ნოემბერში აღინიშნებოდა, წელს კი სექტემბერში გადმოინაცვლა. 2023 წელს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 000ლარი დაიხარჯა, წელს კი სულ მცირე 34 460 ლარი.

ამ ღონისძიებების მოსაწაყობად სახელმწიფო შესყიდვების 88 პროცენტი ცხადდებოდა პირდაპირი, გამარტივებული ფორმით, რაც გულისხმობს კონკურსის გარეშე სასურველი პირების დაქირავებას.

ჩვენ ვაგრძელებთ მუნიციპალიტეტების მიერ კონცერტების ჩასატარებლად გამოცხადებულ შესყიდვებზე დაკვირვებას. როგორც ვთქვით, ამ ტიპის ტენდერები ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველდღიურად ქვეყნდება. ტენდენცია კი აჩვენებს, რომ ღონისძიებების ორგანიზება და დაფინანსება ელექტრონული არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გააქტიურდება.

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
Next
პირადობის მოწმობა: ყველაფერი ID ბარათის შესახებ
პირადობის მოწმობის აღება ონლაინ

პირადობის მოწმობა: ყველაფერი ID ბარათის შესახებ

პირადობის მოწმობა, ანუ ID ბარათი, საქართველოს მოქალაქის ყოველდღიურობის

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share