fbpx
22 ივლისის 22 ივლისის მდგომარეობა

პასუხი საპატრიარქოს

17 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი გამოეხმაურა “აი, ფაქტის” მიერ 13 აგვისტოს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც ავლენს დაზიანებული მხატვრობის რესტავრაციის მთელ რიგ ხარვეზებს.

ბრალს გვდებენ, თითქოს, სტატია ჟურნალისტების სუბიექტურ და “კერძო მოსაზრებებზეა” დაფუძნებული. მათ ბრალდებებს პუნქტებად ვპასუხობთ, შესაბამისი ფაქტებითა და მტკიცებულებებით. 

გამჭვირვალობა 

      გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ირწმუნება, რომ ვიცრუეთ, როცა ვთქვით, რომ „არაა ბოლომდე გამჭვირვალე, რა მდგომარეობაშია შუა საუკუნეების მხატვრობა ახლა”.  

      ამას ვწერთ იმაზე დაყრდნობით, რომ 2024 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით, კომიტეტს ვებგვერდზე (gelatirehabilitation.ge) არ ჰქონდა ატვირთული კონსერვაციის სრულყოფლი გეგმა, საიდანაც დეტალურად გავიგებდით, მხატვრობის დაზიანებებზე და მათ გადასარჩენად დაგეგმილ ნაბიჯებზე. ასეთი დოკუმენტი არასოდეს გასაჯაროვებულა, რასაც ხელოვნებათმცოდნეებიც მუდმივად აპროტესტებდნენ და გეგმის ნახვას ითხოვდნენ. 

      კომიტეტმა  “კონსერვაციის პროგრამა – სამოქმედო გეგმა” საიტზე ატვირთა მხოლოდ ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ და დააყოლა, აქამდე იმიტომ არ ვასაჯაროვებდით, რომ იყო რისკი, საზოგადოებას ჩვენი ინოვაციური მეთოდები და მასალები არასათანადო ცოდნის გამო ვერ გაეგოო.

      კომიტეტი გვაყვედრის, რომ ეს შიდა დოკუმენტია და საზოგადოების ინტერესის გამო აქვეყნებენ. თუმცა, ამ დოკუმენტითაც გასაიდუმლოებულია მომავალ წლებში დაგეგმილი სამუშაოები.  ვიგებთ მხოლოდ იმას, რა გაკეთდა მხატვრობაზე 2023-2024 წლის განმავლობაში და რა იგეგმება 2025 წლის იანვრამდე.

      ამ გაუმჭვირვალობას ასე ხსნიან: “2025 წლიდან 2027 წლის ჩათვლით გაწერილი სამუშაოები, რომელიც ახლად გამოვლენილი გარემოებებიდან გამომდინარე, მუდმივ განახლების პროცესშია, რჩება შიდა დოკუმენტად, რომელიც მხოლოდ შესაბამის უწყებებს უზიარდებათ (სახელმწიფო, იუნესკო, მრჩეველი ორგანოები).”

      ყურადღებამისაქცევია ისიც, რომ საპატრიარქო ჩვენს გამოძიებას ერთი თვის წინაც გამოეხმაურა, თუმცა მაშინ არაფერი უთქვამს კონსერვაციის გეგმაზე. ეს მეტყვეებს იმაზე, რომ გეგმა ჩვენი სტატიის შემდეგ დაასრულეს, შემდეგ გაასაჯაროვეს და გულიც ახლა მიეცათ. 

      რეაბილიტაციის კომიტეტმა მიგვითითა, რომ სანამ სტატიებს მოვამზადებთ, გავეცნოთ  სპეციალურ ვებგვერდს, რომელიც მათი თქმით, მსოფლიოში უპრეცენდენტოა და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს ქმნის. სინამდვილეში, ამ ვებგვერდის არსებობის შესახებ კარგად ვიცით, იქ ატვირთული ათობით დოკუმენტი კი დეტალურად გვაქვს წაკითხულიც და გაანალიზებულიც. ამ საიტს სტატიაშიც ვახსენებთ და გამოყენებულ წყაროებშიც არაერთხელ ვუთითებთ.  იმაზეც გიყვებოდით, როგორ არ აქვეყნებენ ამ ვებგვერდზე იმას, რაც არ აწყობთ.

      კომიტეტი “აი, ფაქტის” გამოხმაურებაში კი თამამად ამბობს, გამჭვირვალეები ვართო, მაგრამ არაფერს ამბობენ ჩვენს უპასუხო წერილზე, რომელზე რეაგირებასაც ორ თვეზე მეტია ველით. ვეკითხებოდით ფინანსებზე, დახარჯული თანხების მიზნობრიობაზე, დროებითი გადახურვის სრულყოფილ პროექტებზე, გუმბათზე დაგეგმილ სამუშაოებსა და შემსრულებელ კომპანიებზე.

      ვებგვერდზე gelatirehabilitation.ge, რომლითაც ასე ამაყობენ, დროებითი გადახურვის კონსტრუქციის სრულყოფილი პროექტი დღემდე არ აუტვირთავთ. 

      ფიზიკური ჩარევები მხატვრობაზე 

      გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი თავის გამოხმაურებაში, ფაქტობრივად, ადასტურებს იმას, რაც სტატიაში გვიწერია, რომ 2022 წლის შემოდგომიდან 2024 წლის გაზაფხულამდე გელათის დაზიანებულ მხატვრობას ფიზიკურად არ შეხებიან. 

      მათი არგუმენტით, ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში დეტალური კვლევები სჭირდებოდათ. რატომ იყო ეს ინტერვალი სარისკო გელათის დაზიანებული ფერწერისთვის და რატომ არ უნდა შეეწყვიტათ გადაუდებელი სამუშაოები, ამას სპეციალისტები ჩვენს სტატიაში დეტალურად ხსნიან. შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გაეცნოთ.  

      ბრიტანელი სპეციალისტების სამუშაოები 

      კომიტეტი აპროტესტებს იმასაც, რომ 13 აგვისტოს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ვწერთ, “უცნობია, კონკრეტულად რას აკეთებენ ან აპირებენ ბრიტანელი სპეციალისტები მხატვრობის გადასარჩენად და რამდენად წარმატებული იქნება მათი მცდელობა.“ არც ეს ბრალდებაა სამართლიანი.

      გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს არასოდეს გაუსაჯაროებია ლიზა შეკედესა და სტივენ რიკერბეს მიერ მთავარი ტაძრის დასავლეთ მკლავზე დაგეგმილი სამუშაოების აღწერა.

      ამ ამბის გარკვევას ყველანაირად ვეცადეთ. ბრიტანელ ექსპერტებს მივეცით საშუალება, რომ სტატიაში თავისი პოზიცია დაეფიქსირებინათ და მოეყოლათ სამომავლო ნაბიჯებზე. გელათში პირადადაც შევხვდით და მოგვიანებით კითხვები ელ.ფოსტაზეც გავუგზავნეთ. თუმცა, ბრიტანელებმა ჩვენთან საუბარი არ მოისურვეს და მკაცრად გვიპასუხეს: “მოხარული ვიქნებით გიპასუხოთ, როცა ამისთვის შესაფერისი დრო დადგება, მაგრამ არ ვაპირებთ არასასურველ კითხვებს იმეილით გავცეთ პასუხიო”.

      შესაბამისად, სრულიად ლეგიტიმურია ის, რაც სტატიაში ვთქვით, მათი სამუშაოების ბუნდოვანებაზე.

      საპატრიარქო გამოხმაურებაში წერს, რომ სიცრუეა მერაბ ბუჩუკურის სიტყვები, რომ 2019 წელს ბრიტანელმა სპეციალისტებმა ლიზა შეკედემ და სტივენ რიკერბიმ დავით გარეჯის “დოდოს რქის” მონასტერში პოლიმერებით იმუშავეს.

      ჩვენ ეს ინფორმაცია ბრჭყალებში, მხატვარ-რესტავრატორ მერაბ ბუჩუკურის ციტატის სახით გვაქვს მოყვანილი და მხოლოდ მის არგუმენტს წარმოადგენს. გვინდოდა ამ ბრალდებაზე თავისი პოზიცია დაეფიქსირებინათ ბრიტანელ სპეციალისტებს და ეთქვათ, სინამდვილეში რა მასალები გამოიყენეს დავით გარეჯში მუშაობისას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ ჩვენთან საუბარი არ ისურვეს. 

      მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტმა ვრცელი ტექსტი მოგვიძღვნა, ყურადღება არ გაუმახვილებიათ მთავარზე – შუა საუკუნეების სამი ფრესკა რომ განადგურების პირასაა, მათ ფრაგმენტებს რომ ვკარგავთ და საპატრიარქოს მოწვეული ბრიტანელი სპეციალისტები ამ კრიტიკულ არეალებს არც კი ეხებიან. კარგი იქნება, თუ სამომავლოდ ასეთი სერიოზული პრობლემის გადაჭრაზე დახარჯავენ დროს და არა ჩვენი დისკრედიტაციის უშედეგო მცდელობებზე. 

      კომენტარები
      Total
      0
      Shares
      Next
      9 ნაბიჯის კვალდაკვალ: “ოცნება” ცდილობს, საარჩევნო სისტემა  თავის მიზნებს მოარგოს
      პროპორციული არჩევნები საქართველოში 2024

      9 ნაბიჯის კვალდაკვალ: “ოცნება” ცდილობს, საარჩევნო სისტემა  თავის მიზნებს მოარგოს

      ავტორი: ეთო მიდელაშვილი 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები

      თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
      Total
      0
      Share