კითხვის ნიშნები RMG-ის პარტნიორის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟისთვის წარდგენილ ანგარიშზე

 

Rich Metals Group (RMG)-ის პარტნიორმა, ლონდონში დარეგისტრირებულმა კომპანია “Noricum Gold Limited”-მა ლონდონის საფონდო ბირჟის გვერდზე 12 მაისს განაცხადა, რომ საქართველოში, ქვემო ბოლნისის საბადოზე, მარაგების დაძიება დაიწყო. საძიებო სამუშაოები კი ქვემო ბოლნისის საბადოზე 12 მაისს არ იყო დაწყებული.

მარაგების დაძიების სამუშაოები რომ 12 მაისისთვის არ იყო დაწყებული, დაგვიდასტურა შპს “მცირე კავკასიონის” დირექტორმა, ტარიელ ყველაშვილმა. ყველაშვილი დაქირავებული კონტრაქტორია, რომელმაც მარაგების საძიებო სამუშაოები უნდა ჩაატაროს ქვემო ბოლნისში.

“[სამუშაოები] ჯერ არ დაწყებულა. თუმცა გზები გაყვანილია და მზადდება. ხელშეკრულება დღეს გავაფორმეთ”, – აღნიშნა ყველაშვილმა 2016 წლის 16 მაისს ჩაწერილ ინტერვიუში.

“Noricum Gold LTD”-ს ერთ-ერთ მენეჯერს, გრეგორ კუენზელს ვკითხეთ, თუ რა სახის სამუშაოების დაწყებას გულისხმობდნენ ამ განცხადების გამოქვეყნებისას. მან გვიპასუხა, რომ ზედაპირული ხვრელები გაჭრეს, ძირითადად, ხელის ბურღებით, ზედაპირული სინჯების ასაღებად. ამ ხვრელების მაქსიმალური სიღრმე 5-8 მეტრია.

ჩვენ კუენზელს ზედაპირული გაბურღვის დროც ვკითხეთ, თუმცა, გათხრის დრო იმეილით მოწერილ პასუხებში არ დაუზუსტებია.

მძიმე ტექნიკა ქვემო ბოლნისის საბადოზე 16 მაისს არ მუშაობდა. კომპანიამ კი საფონდო ბირჟის და ასევე თავისი ვებგვერდზე ეს ინფორმაცია 12 მაისს გამოაქვეყნა.

ქვემო ბოლნისის საბადო ბოლნისის სიონთან ახლოს, მთავარი გზიდან მარცხნივ, რამდენიმე კილომეტრში, მაღალ ბორცვზე მდებარეობს. 16 მაისს, ადგილზე ჩანდა გაყვანილი გზები, რამდენიმე პატარა ხვრელი და ბორცვის თავზე წითელი ლენტით მონიშნული ადგილები.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე “Noricum Gold LTD” 2010 წლიდან არის სიაში. ბირჟაზე გაწევრიანებულ კომპანიებს გამჭვირვალობის და ანგარიშების ჩაბარების ვალდებულება აქვთ. ბირჟის გაიდლაინში ცალკე არსებობს მინერალების, გაზის და ნავთობის მომპოვებელი კომპანიებისთვის ანგარიშის ჩაბარების წესები. ამ გაიდლაინის მიხედვით, ბუნებრივი რესურსების მომპოვებელ კომპანიებს აქვთ ვალდებულება, რომ მარაგებზე აქტიურად განაახლონ და გამოაქვეყნონ ინფორმაცია, მათ შორის, მარაგების კატეგორიების და სხვა დეტალური მაჩვენებლების მიხედვით, სიზუსტის მკაცრად დაცვით.

გრეგორ კუენზელის თქმით, პროდუქციის წარმოებას დაიწყებენ თუ არა, ეს გეოლოგიური კვლევების შედეგებზეა დამოკიდებული. დამაკმაყოფილებელი შედეგების მიღების შემთხვევაში, მისი თქმით, წარმოებისთვის “Noricum Gold LTD”  “Rich Metals Group”-ის ბაზას გამოიყენებს, როგორც ოქროს გამოტუტვის, ასევე მადნისგან სპილენძის გამოსაცალკევებლად საჭირო ფლოტაციისთვის.

ქვემო ბოლნისისა და წითელი სოფელის საბადოების დამუშავება გასული წლის 4 დეკემბერს გაცემული ლიცენზიის ფარგლებში მიმდინარეობს.

შპს “მცირე კავკასიონის” დამკვეთი და “Noricum Gold LTD”-ს პარტნიორი საქართველოში დარეგისტრირებული კომპანია სს “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდია”. კომპანიის გენერალური დირექტორი კახაბერ კუჭავაა. სამეთვალყურო საბჭოს წევრები ჯონდო შუბითიძე და ბრიტანეთის მოქალაქე მარტინ ჯონ ჩერჩჰაუზი არიან.

ჯონდო შუბითიძის კომპანია “კავკასიის სამთო ჯგუფი” “Rich Metals Group (RMG)”-თან დაკავშირებული კომპანიაა. 2011 წელს “კავკასიის სამთო ჯგუფმა”, რომელიც აუქციონამდე 1 თვით ადრე დარეგისტრირდა, 93.5 მილიონ ლარად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 30-წლიანი ლიცენზია იყიდა. ამ ლიცენზიის დამუშავება მოგვიანებით Rich Metals Group (RMG) ბაზებზე ხდებოდა.

2004 წელს, ჯონდო შუბითიძე გარემოს დაცვის სამინისტროს ლიცენზირების უწყებათაშორისი ექსპერტთა საბჭოს წევრი იყო, შემდეგ კი “მადნეულში” გადავიდა სამუშაოდ. RMG-ს ერთ-ერთ მთავარ გეოლოგ ზურაბ ქუთელიასთან და კომპანიის მაშინდელ გარემოსდაცვით კონსულტანტ სოლომონ ცაბაძესთან ერთად, ის “სამთო გეოლოგიური კომპანიის” დამფუძნებელი და პარტნიორია. “სამთო გეოლგოიური კომპანიის” მიზანი სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიება, მოპოვება და რეალიზაციაა.

მარტინ ჩერჩჰაუზი, კუჭავას პარტნიორი “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდში”, “Noricum Gold LTD”-ს დირექტორთა საბჭოს წევრიცაა.

კახაბერ კუჭავა სააქციო საზოგადოება სს Zopkhito Gold-ის დირექტორიცაა. გასული წლის ოქტომბერში, ჟურნალ Forbes Georgia-ს ყდის სტატიაში “რაჭული მეტალის აღზევება” ონში ანთიმონიუმის მოპოვების გეგმებს ეხებოდა. ონის ოქროს მოპოვება 2012 წლის 14 მარტს გაცემული ლიცენზიის ფარგლებში მიმდინარეობს.

2000 წელს, მარტინ ჩერჩჰაუზი რუმინეთში ოქროს მოპოვების პროექტის გენერალური მენეჯერი იყო. 2000 წლის 30 იანვარს, ამ პროექტის ფარგლებში, ციანიდით გაჯერებული 100 კუბური მეტრი სითხე პატარა მდინარე ტიზაში ჩაიღვარა და ადგილობრივ ეკოსისტემა დააზიანა. ტიზა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მდინარე დუნაის უერთდება.

ციანიდი ქიმიკატია, რომელიც მადნისგან ოქროს გამოსაცალკევებლად გამოიყენება.

“გარემოსდაცვითი უსაფრთხოება ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია”, – უთხრა კატასტროფის შემდეგ BBC-ს ჩერჩჰაუზმა, რომელიც პროექტში მაშინ ახალდანიშნული მენეჯერი იყო.

გრეგორი კუენზელის თქმით, ქვემო ბოლნისსა და წითელ სოფელში მარაგების ოდენობაზე საუბარი ჯერ ადრეა.

“მომავალი 2 წლის განმავლობაში, 6 მილიონის ინვესტირებას ვაპირებთ გეოლოგიურ დაძიებაში”, – გვითხრა მან მეილით.

საქართველოს გარდა, “Noricum Gold LTD”-ს ოქროს მოპოვების პროექტი ავსტრიაშიც აქვს.

ამავე თემაზე: ბრიტანული კომპანია Noricum Gold LTD ბოლნისში ოქროს მარაგების ძიებას იწყებს 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *