ავტორები: შორენა ლაღაძე და თამუნა ქიმაძე
სამი თვის წინ საქართველოს პარლამენტი აპირებდა, რომ ქვეყნის მტრებად მოენათლა ყველა, ვისი საქმიანობაც დასავლური ფულით ფინანსდება. “რუსულ კანონს” დღის შუქი რომ ენახა, ევროკავშირის სიკეთეებით ვერ ისარგებლებდა მხოლოდ კრიტიკული მედია და სამოქალაქო საზოგადოება.
არ იფიქროთ, რომ ეს ფული საქართველოს მთავრობამ თავისთვისაც დაიწუნა. პირიქით, რეგიონში მუნიციპალური მთავრობები ევროპული გრანტებით საზრდოობენ – ეწევიან ბაღების, სკვერების, სპორტული მოედნების თუ გზების მშენებლობას და ხალხსაც იმადლიერებენ.
არადა, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ევროპულ ფულს ეჭვის თვალით უყურებენ. ამაზეა ნათქვამი, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო.
2020-2022 წლებში მხოლოდ იმერეთის მუნიციპალიტეტებმა ევროკავშირისგან 70 მილიონი ლარი მიიღო და ეს ფული 76 ინფრასტრუქტურულ პროექტში დაიხარჯა. მაგალითად, საჩხერეში მოეწყო 2,9-მილიონიანი საქალაქო პარკი, ქუთაისში 2 მილიონ ლარად განახლდა ახალგაზრდობის გამზირის ფასადები, ზესტაფონში თეატრონის რეაბილიტაციას მოხმარდა 1 მილიონი ლარი, ჯამში 5 მილიონ ლარად კი აშენდა და განახლდა ხარაგაულის, თერჯოლის, სამტრედიის, ვანისა და სამტრედიის საბავშვო ბაღები.
ფული კი დაიხარჯა, მაგრამ ზოგჯერ ხალხს ეს საქმეები მთავრობის ნახელავი ჰგონია, ევროკავშირის როლზე კი არაფერი სმენიათ.
“ძალიან კარგია რომ აშენდა. მადლობა მერს, ბატონ დავით ბახტაძეს. ძალიან ბევრ რამეს აკეთებს სამტრედიელებისათვის,”- გვითხრა ნანა ჩიკვილაძემ სამტრედიის სოფელ იანეთიდან, სადაც ევროკავშირის დაფინანსებით აშენებული საბავშვო ბაღი წელს უნდა გაიხსნას.
რახან იმერლებმა ევროკავშირის კეთილ საქმეებზე ბევრი არაფერი იციან და მათ ინფორმირებაზე არც ადგილობრივი მთავრობა იწუხებს თავს, ამას ჩვენ გავაკეთებთ. სტატიაში მოგიყვებით სამ პროექტზე, რომელიც მოსახლეობისთვის შვებად იქცა და სამივე მათგანი ევროპული დაფინანსების წყალობაა.
საბავშვო ბაღები ევროკავშირის ფულით
იანეთის ბაღი
“ბავშვები თავიდან დანგრეულ შენობაში, საშინელ პირობებში იყვნენ. მერე გამგეობის შენობაში გადაიყვანეს და ნამდვილად არ იყო შესაფერისი სიტუაცია. ზამთარში შეშის ღუმელი ჰქონდათ ჩართული, და დაკვამლული იყო ყველაფერი. პატარა ოთახები… ვის სად ეძინა, არ ვიცოდით. მე ვიცი, რომ ეს ბაღი ჩვენმა მერმა ააშენა. ასე გვითხრეს, მერმა გამოჰყო თანხაო,”- ამბობს იანეთის ბაღის აღსაზრდელის მშობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
“იანეთს ბაგა-ბაღი არ ჰქონდა და იძულებულნი იყვნენ ბავშვები დიდ ჯიხაიშში ეტარებინათ. კარგია, რომ აშენდა. დასაქმდება მასწავლებლები, ძიძები, ექთანი და სხვა პერსონალი, ამას რა სჯობს,”- გვითხრა ნანა ჩიკვილაძემ სამტრედიის სოფელ იანეთიდან.
აქ 75 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სამტრედიის მერიამ ტენდერი შარშან ივნისში გამოაცხადა და საქმე დაავალა შპს “ინჟმშენ 96”-ს. შენობა დასრულებულია, დარჩა ეზოს კეთილმოწყობა და როგორც მერიაში გვითხრეს, ახალ სასწავლო წელს ბავშვები ახალ ბაღში შეხვდებიან.
იანეთის ბაღის მშენებლობა 1,8 მილიონი ლარი ჯდება. ეს თანხა ევროკავშირმა მოგვცა, გრანტის სახით და სანაცვლოდ ჩვენგან არაფერს ითხოვს. 2022 წლის განკარგულების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია ამ თანხას ბიუჯეტიდან 1,3 მილიონი ლარი დავამატოთ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოეწყობა მხოლოდ ბაღის ეზო. როგორც მერის წარმომადგენელმა გვითხრა, ამისთვის ჩვენს ფულს დავამატებთო.
იანეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ნაწილია, რომლის მთლიანი ღირებულებაც 64 მილიონი ევროა. აქედან 54 მილიონ ევროს ევროკავშირი გვაძლევს, დანარჩენი კი ჩვენი ბიუჯეტის ფულია. პროგრამის მიხედვით ფინანსები განაწილდა ოთხ რეგიონში – კახეთში, იმერეთში, გურიაში, და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სავანეთში.
იანეთელებს ბაღის აგება კი ახარებთ, მაგრამ მცდარი ინფორმაცია აქვთ იმაზე, თუ საიდან მოვიდა სახსრები. სამტრედიელი ქეთევან კუტალაძე გვეუბნება, რომ პირადად ცდილობს თანაქალაქელებს ევროკავშირის დამსახურებაზე მოუყვეს:
“მოსახლეობამ და საერთოდ, რაიონმაც ასე იცის, რომ ამ პროექტებს აკეთებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. მე რასაც ვუსმენ, აბრალებენ – ხედავ, მერმა რა გააკეთა? მე სადაც მივწვდი კი ვამბობ რომ ეს კეთდება ევროკავშირის დაფინანსებით. ამდენ ფულს გვახარჯავენ და ეს მოსახლეობამ არ იცის,”- ამბობს ქეთევან კუტალაძე. ის სამტრედიის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა.
მოსახლეობა რომ საქმის კურსში არაა, არ გაგვკვირვებია იმ ფონზე, რომ მერის წარმომადგენელმაც არ იცოდა, საიდან მიიღო მუნიციპალიტეტმა ბაღის ასაშენებელი თანხები. კახაბერ კოპალეიშვილმა ეს საქმე გაეროს განვითარების ფონდს მიაწერა. ბაღს ევროკავშირის მხარდაჭერით რომ აშენებენ, ვერ გვითხრა ვერც სამტრედიის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, ხათუნა გაგუამ. თუმცა, ამ პროექტის მნიშვნელობაზე ორივე რესპონდენტი გვესაუბრა.
“აუცილებლად უნდა აშენებულიყო, ვინაიდან იანეთის საბავშვო ბაღი ავარიულ შენობაში იყო განთავსებული. წინ გადის რკინიგზის ლიანდაგი და ამის გამო იყო დაზიანებული შენობა, ამის ექსპერტიზაც არსებობს,’’- გვითხრა ხათუნა გაგუამ.
“ახლა ბაგა-ბაღი კი ფუნქციონირებს, მაგრამ ძველ ადმინისტრაციულ შენობაში არის შემოსახლებული, ანუ არასათანადო პირობებში… როგორც იქნა, ამ 30-წლიანი წვალების და ჯახირის შემდეგ ეღირსა სოფელს თანამედროვე ევროპული სტანდარტების ბაგა-ბაღი,”- გვითხრა სოფელ იანეთში მერის წარმომადგენელმა კახაბერ კოპალეიშვილმა.
იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტს ვთხოვეთ მოეწოდებინათ ინფორმაცია, რა საქმეები გააკეთეს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. სამტრედიიდან მოგვწერეს, ევროკავშირის საგრანტო პროგრამით არაფერი გავიკეთებიაო. გამოდის, ან მოგვატყუეს, ან არც იციან, საიდან რა გრანტი შესდით ბიუჯეტში.
მერიებთან ერთად იგივე შინაარსის წერილი გავგზავნეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მათი მოწოდებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ 2020-2022 წლებში მხოლოდ სამტრედიაში ევროკავშირის სახსრებით 8 პროექტი განხორციელდა და 6 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
ამ ფულით სოფელ ღანირში, კორმაღალსა და დიდ ჯიხაიშში დაიგო ასფალტ-ბეტონის გზა, სოფელ ნაბაკევში და ქალაქ სამტრედიაში მოეწყო რეკრეაციულ-დასასვენებელი სივრცეები, ღობეებით გაიმიჯნა კერძო და საერთო საკუთრების სივრცეები, აიგო ახალი საბავშვო ბაღი სოფელ იანეთში.
ხუნევის ბაღი
“სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მინიმალურად მაინც უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს, ეს საერთოდ ვერ აკმაყოფილებდა. ავარიული იყო, ავტობანის მშენებლობაც მანდ მიმდინარეობდა და ამ სამუშაოებმა კიდევ უფრო დააზიანა ძველი შენობა,”- გვითხრა თამარ ლაცაბიძემ, ხარაგაულის ა(ა)იპ „ეთერ კიკნაძის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების’’ დირექტორმა.
ზუსტად არც მან იცოდა, მერიის ბიუჯეტით აშენდა ბაღი თუ საერთაშორისო სახსრებით, გვითხრა მაგ დროს არ ვიყავი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელიო.
ხარაგაულის სოფელ ხუნევში მცხოვრები 20-მდე ბავშვი წლების განმავლობაში დადიოდა ავარიულ, ძველ საბავშვო ბაღში. შენობა ძირულას ხეობაში 1986 წელს აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
ბაღის გამგე ნინო ჭუბაბრია მედიასთან იმასაც ამბობდა, რომ მდინარიდან წყალმოვარდნის შემთხვევაში, არსებობდა ბაღის საძირკვლის გამოცლის საფრთხე. გასული წლის ოქტომბრიდან კი ახალ, კეთილმოწყობილ შენობაში გადავიდნენ.
ნინო ჭუბაბრიამ სატელეფონო საუბრისას გვითხრა, სოფელში კარგად იციან, რომ ახალი ბაღი ევროკავშირის დაფინანსებით აიგოო.
“[შენობა] თავიდან აიგო, ახალ ადგილას. [ძველ შენობაში] ფართი ბავშვების რაოდენობასთან შეუსაბამო იყო, ინვენტარი მოძველებული, იატაკი და კედლები ავარიული… შიგნით ჰქონდა საპირფარეშო, მაგრამ ზომით ბავშვზე გათვლილი არა,”- გვიამბო ხუნევის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა.
ბუნებრივია, ბავშვები და ბაღის აღმზრდელები თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობდნენ, მაგრამ მერია პრობლემას ვერ აგვარებდა, ვიდრე ფული ევროკავშირმა არ გამოყო. ხუნევის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ევროკავშირის გრანტიდან 588 ათასი ლარი დაიხარჯა, ჩვენი ბიუჯეტიდან კი 582,000.
ხუნევის ბაღის გარდა, ხარაგაულში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ბოლო ორ წელში კიდევ სამი პროექტი განხორციელდა. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ხარაგაულის სავიზიტო ბარათს, დევების ქანდაკებებს ხანდებში, მიმდებარე სკვერს და დაბა ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკს.
ევროკავშირის ფულით დაიგო ასევე მიროწმინდაში, მე-6 საუკუნით დათარიღებულ წმინდა ნიკოლოზის ტაძრამდე მისასვლელი გზაც. ეს ყველაფერი კი ევროკავშირისგან მოცემული 1,9 მილიონ ლარით.
ევროკავშირის დამსახურება ტყიბულის ტურისტულ პოტენციალში
ცხრაჯვარის წმინდა გიორგის სალოცავი ტყიბულისთვის მნიშვნელოვანი ძეგლია და ტურისტებსაც იზიდავს. სალოცავი ნაქერალას უღელტეხილთან მდებარეობს და მთელ ქალაქს გადმოჰყურებს ზემოდან. იქვეა ცხრაჯვარის უნიკალური მღვიმე. იმერეთში ყოველი წლის მაისში ცხარჯვარობის დღესასწაულიც აღინიშნება.
ამ ძეგლამდე მისვლა რომ მოსახერხებელი და კომფორტულია, ევროკავშირს უნდა ვუმადლოდეთ. ევროკავშირის გრანტიდან გამოიყო 481,000 ლარი, რომელსაც მოგვიანებით ადგილობრივი ბიუჯეტის ფული დაემატა და დაიგო ტყიბულიდან ცხრაჯვარის სალოცავამდე, ასევე ცხრაჯვარიდან სოფელ ძმუისის კანიონამდე მიმავალი ტურისტული ბილიკები.
გზების ტენდერი ტყიბულის მერიამ შარშან გაზაფხულზე გამოაცხადა. სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანია შპს “ბიელმა” შეასრულა.
ადგილობრივებს ახარებთ, რომ ცხრაჯვართან მისვლა გამარტივდა და რეგიონში მეტ ტურისტს მიიღებენ. თუმცა, სამტრედიის მსგავსად არც აქ იცოდნენ, რა როლი აქვს ამ ამბავში ევროკავშირს.
“ცხრაჯვარს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რომელიც აუცილებელია, რომ ავითვისოთ. გზის გაკეთებით ეს პროცესი დაიწყო, რაც მე პირადად, რიგით ტყიბულელს, ძალიან მახარებს და იმედს მაძლევს,”- გვითხრა ზურაბ მიქიაშვილმა. მას ეგონა, რომ გზა მუნიციპალური განვითარების ფონდის ფულით დაიგო.
“ცხრაჯვარის სალოცავს, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს, აქვს უდიდესი დატვირთვა, როგორც რელიგიური, ასევე გეოგრაფიული კუთხით. ცოტა რთულად მისადგომ ადგილას მდებარეობს მისი მთავარი წერტილი, თუმცა ბოლო პერიოდში დაიგო გზის საფარი, ავტომობილებისთვისაც და ქვეითებისთვისაც, თავისი განათებებით. ამან ბევრ რაიმეს შეუწყო ხელი… ”- გვითხრა ტყიბულელმა გიორგი ბუიღლიშვილმა. ვკითხეთ, იცოდა თუ არა, ვისი თანხები დაიხარჯა ამ გზაზე. გვიპასუხა, ზეპირად არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ტენდერებში მოიძებნებაო.
2020-2022 წლებში ტყიბულმა ევროკავშირისგან სულ 6,2 მილიონი ლარი მიიღო და 8 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. ამ ფულით დაიგო შიდა გზები, ტურისტული ბილიკები და განახლდა შენობების ფასადები. ყველაზე მასშტაბური იყო გელათის ქუჩისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭების პროექტი, რაზეც 2 მილიონი ლარი დაიხარჯა.
გასული ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის მხარდაჭერა იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტად ქუთაისმა იგრძნო. ქუთაისს 70 მილიონიდან 27 მილიონი ლარი შეხვდა. ამ ფულით მოეწყო საქალაქო და ტურისტული ინფრასტრუქტურა, მაგალითად, საავტომობილო გზები, საცურაო აუზი, საცოცი კედელი, ჯომარდობის პუნქტი, ველობილიკი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის ცენტრალურ შადრევანსაც.
თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს მსგავს თემებზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
ქუთაისში 2018-2022 წლებში ევროკავშირის სხვა პროგრამებიც განხორციელდა. პროექტ “ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეების” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, მოეწყო საკომპოსტე ცენტრი, რიონში ჩაიდგა ნაგვის დამჭერები. ევროკავშირის მხარდაჭერილი იყო პროექტი “escapeland”, რომელიც ზრუნავდა შავი ზღვის ქვეყნებში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე.
ამ მიზნით, ქუთაისში ჩატარდა ტრენინგები ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის. “eu 4 culture”-ის ფარგლებში კი სხვადასხვა დარგის ხელოვანებთან ერთად შემუშავდა ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგია. ამ პროგრამებზე ჯამში 2 მილიონი ლარი დაიხარჯა.
იმერეთის სხვა პატარა ქალაქებს ევროკავშირისგან, საშუალოდ, 2-დან 6 მილიონამდე ლარი ერგოთ. თანხა თავადაც მოიხმარეს და მუნიციპალიტეტის სოფლებზეც გადაანაწილეს.
შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ საქართველოს პარლამენტი აპირებდა “რუსული კანონის” მიღებას, რომელიც ევროპული დაფინანსებით ნასაზრდოებ ორგანიზაციებს უცხოური გავლენის აგენტებად, ევროპას კი უცხოურ ძალად გამოაცხადებდა.
მძლავრი პროტესტის წყალობით ხელისუფლებას არ დასცალდა მიეღო კანონი, რომელიც ევროპისკენ სავალ გზას ჩაგვიხერგავდა. საზოგადოების ნაწილს კი ამ ამბის მავნებლობის არ სჯეროდა. ამის გათვალისწინებით, ჩვენი სტატიის მიზანია თვალი გადავავლოთ ევროპულ სიკეთეებს და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, გვინდა თუ არა, ვიყოთ მისი ნაწილი.
მასალაში გამოყენებული წყაროები