ავტორი: ეთო მიდელაშვილი
„მოპარვიდან ხუთ წუთში აღმოვაჩინე, რომ ტელეფონი აღარ იყო ადგილზე. მაღაზიის ვიდეოკამერით ვნახეთ პიროვნება, ვინც აიღო… 20 წუთში მე და ჩემი მეუღლე მივედით წერეთლის პოლიციის განყოფილებაში, დავწერეთ განაცხადი, მივუტანეთ ვიდეომტკიცებულება. იმის მერე სამი წელი გავიდა და როგორც თქვენ არ გაგიგიათ არაფერი, ისე არც მე,” – გვიყვება ნანა სიხაშვილი, რომელსაც ორი წლის წინ სადგურის მოედნის მიმდებარედ მობილური ტელეფონი მოპარეს, პოლიცია კი ნივთის დაბრუნებაში ვერ დაეხმარა.
ნანას სამართალდამცველებმა აქეთ დასდეს ბრალი, ნივთი უყურადღებოდ დატოვე და ადამიანს ქურდობის სურვილი გაუჩინეო. ისიც უთხრეს, ჩვენ მხოლოდ ფაქტზე შეგვიძლია დამნაშავის დაკავება, ისე ვერ მოვედავებით, თან პირბადე რომ უკეთია ეს გვიშლის ხელსო.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ქურდობა ეკონომიკური დანაშაულია, რომელიც ჯარიმით, შინაპატიმრობით ან/და ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. როგორც ჩანს, ჩვენი პოლიცია ამ დანაშაულზე სათანადოდ არ, ან ვერ რეაგირებს.
“აი, ფაქტმა” თავი მოუყარა შემთხვევებს, როცა დაზარალებულების მოთხოვნის მიუხედავად, გამომძიებლებმა საქმის გამოძიებას თავი აარიდეს. პოლიციელები ცდილობდნენ ნივთის ქურდობა დაკარგვად გაესაღებინათ და ასე დაერწმუნებინათ მოქალაქეები, დამნაშავის ძებნას აზრი არ აქვსო.
რატომ რჩება დაუსჯელი ნივთის ქურდობა?
წელს, იანვარში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ მეგი კანდელაკს ზურგჩანთიდან საფულე ამოაცალეს. ხუთ წუთში მიაგნო კვების ობიექტს, სადაც უცნობმა პირებმა მისი საბანკო ბარათის გატარება სცადეს, დაუყოვნებლივ დარეკა და მიაკითხა პოლიციასაც, თუმცა საფულე ვერ მოაძებნინეს.
მეგიმ სავარაუდო ქურდების ვიზუალიც იცოდა და ჩაცმულობაც, კვების ობიექტში კი სათვალთვალო ვიდეოკამერები ეყენა. წესით, პოლიციას დამნაშავის პოვნა უნდა გამარტივებოდა, მაგრამ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე განყოფილებამ საქმის გამოძიება მაინც არ დაიწყო. ერთ-ერთმა დეტექტივმა მეგის ურჩია, ამ შემთხვევას დაკარგვად დავარეგისტრირებთო.
„ვინმე გიორგიმ მითხრა დამეწერა, რომ საფულე დავკარგე. რა თქმა უნდა, გამიჩნდა კითხვა, რატომ დავწერო რომ დავკარგე, როცა ამომაცალეს-მეთქი? – ასე ჯობია, უფრო კარგად მივხედავთ, როცა პარავენ, ასე ვაწერინებთ ხოლმეო, მეტი არაფერი უთქვამთ. გინდა თუ არა, დაწერეო და მეც დავწერე. ვიფიქრე, პროფესიონალია, მივენდობი-მეთქი,”- გვიყვება მეგი კანდელაკი.
ოთხი თვე გავიდა და ამ საქმის არაფერი ისმის. მეგიმ საფულის ამბავი რამდენიმეჯერ მოიკითხა, ხან განყოფილებაში მივიდა, ხან მათ ტელეფონზე დარეკა და პოლიციელებს კამერების ჩანაწერის ამოღება სთხოვა. გვიყვება, რომ უკვირს, რატომ არ აკეთებენ არაფერს, როცა დანაშაულის დრო და ადგილმდებარეობა ზუსტად იცის.
ერთ-ერთი ზარისას განყოფილების ოფიცერს ესაუბრა. მან უთხრა, დაკარგვად იმიტომ დაგარეგისტრირებინეს, რომ გაიწელებოდა მუშაობის პროცესი, ექსპერტიზა უნდა ჩარეულიყო და დაკითხვებზე სიარული მოგიწევდათო. მეგის ფიქრობს, რომ უბრალოდ დაეზარათ და გაიმარტივეს საქმე.
„აშკარაა, რომ დიდად არ წუხდებიან. სულ ხდება [ქურდობა] ორბელიანის მოედანზეო, მაგრამ რადგან ასე ყველას ჰპარავენ, ჩემი აზრით, ეს არ არის გამართლება, რომ ადამიანს არ დაეხმარო,” – აღნიშნავს მეგი კანდელაკი.
„ გამომძიებელმა სულ რომ ტელევიზიით მოისმინოს დანაშაულის შესახებ, ვალდებულია, რომ გამოძიება დაიწყოს.მითუმეტეს, როცა დაზარალებული გეუბნება, შეიძლება მტკიცებულებაც მოგცეს, კონკრეტული ადგილი მიგითითოს სად მოხდა დანაშაული, შეიძლება გარშემო კამერებიც იყოს დამონტაჟებული და ასე შემდეგ, გამოძიება უნდა დაიწყოს და თუ მერე დაადგენს, რომ ეს ნივთი მოპარული კიარა დაკარგულია, მერე შეწყვიტოს… ,” – ამბობს “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” იურისტი გიორგი ტაბატაძე.
ნაქურდალი ნივთის დაკარგულად რეგისტრირება ერთეული შემთხვევა ნამდვილად არ არის. ამ მეთოდს პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში მიმართავენ. როგორც ჩანს, ერთი დირექტივა აქვთ, “ზემოდან.”
“აი, ფაქტი” მსგავსი ისტორიით კიდევ ერთ დაზარალებულს ესაუბრა. თეკლა მეგრელს iphone-ის მოდელის ტელეფონი შარშან მეტროში ამოაცალეს. საკუთარ ნომერზე რომ დარეკა, გათიშული იყო და ამან დაარწმუნა, მობილური უბრალოდ კი არ დაეკარგა, მოპარეს. დახმარება სამართალდამცველებს სთხოვა, მაგრამ სულ ტყუილად.
„ჩამომართვეს ჩვენება და რომ მოვუყევი დეტალურად, რატომ ამბობ, რომ მოგპარეს, იქნებ ამოგივარდა ან სადმე დაგრჩაო. ეგ რომ ვინმემ ნახოს და მერე ჩვენ ეგ ადამიანი ვიპოვოთ, ტყუილად უნდა დავსაჯოთ ქურდობის გამოო. ძალიან მაწოდებდა ამას, რომ გამეფორმებინა დაკარგვად,” – იხსენებს თეკლა მეგრელი, რომელიც პოლიციელებმა ვერ დაიყოლიეს და მოპარული ნივთი სხვა კვალიფიკაციით ვერ გააფორმებინეს. საბოლოოდ, ვერც ეს საქმე გაიხსნა.
ქურდობა გავრცელებული ეკონომიკური დანაშაულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს ქურდობის 16,000-მდე შემთხვევა დააფიქსირა. ხუთი წლის წინ კი ეს რიცხვი გაცილებით ნაკლები, 11,000-მდე იყო. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პოლიციამ დაარეგისტრირა ქურდობის 3,502 შემთხვევა, მათი 41 პროცენტი, 1,451 შემთხვევა გაუხსნელია.
შეიძლება ითქვას, რომ ეს სტატისტიკა რეალობას ვერ ასახავს, იმის გათვალისწინებით, რომ ამ რაოდენობაში მოპარული პირადი ნივთები არ შედის. პოლიცია ხომ ზოგჯერ მათ დაკარგულად არეგისტრირებს. არადა, გამომძიებელს სისხლის სამართლის კოდექსი ავალდებულებს, როცა დანაშაულის შესახებ შეიტყობს, მისი გამოძიება დაიწყოს.
თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს სამართალზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
რაში აწყობთ პოლიციელებს ქურდობის დაკარგულად რეგისტრირება?
იურისტები ამ ტენდენციას ასე ხსნიან – შესაძლოა პოლიციელებს არ სურთ გაზარდონ გაუხსნელი საქმეების სია, ან უბრალოდ საქმეს იმარტივებენ. ეს ყველაფერი კი აწყობს მათ ხელმძღვანელობასაც, რათა ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოებისგან არ ისმინონ კრიტიკა, გამოუძიებელი დანაშაულების მაღალ რიცხვზე და მძიმე კრიმინოგენურ სიტუაციაზე.
“მე როგორც გამოკითხულმა პირმა, არ უნდა მივანიჭო ფაქტს სამართლებრივი შეფასება. ნივთი მომპარეს თუ დაიკარგა, ეს მე კიარა შენ უნდა შეაფასო,[პოლიციელმა], როცა გაწვდი ინფორმაციას, რომ საფულე აღარ მაქვს. პოლიციელმა რომ თქვას მოიპარესო და ვეღარ გახსნას, მერე კიდევ ერთი გაუხსნელი საქმე ექნებათ სტატისტიკაში. ამიტომ, ოფიციალურად არ აფორმებენ, გაუხსნელ საქმეს ირიდებენ თავიდან,” – გვითხრა საია-ს ადვოკატმა ბექა თაკალანძემ.
„მეც მსმენია ასეთი ფაქტები, ზოგადად აწერინებენ, რომ გაურკვეველ ვითარებაში დავკარგე. შემდეგ, სავარაუდოდ, გამოძიებასაც არ იწყებენ. ამაზე პასუხი მარტივი და ლოგიკურია, არ უნდათ რესურსი დახარჯონ ისეთ ფაქტზე, რაზეც იციან, რომ ძალიან გაუჭირდებათ გამოძიება. ჩემი ლოგიკური ვარაუდია, რომ უბრალოდ არ უნდათ სტატისტიკის გაფუჭება,”- აღნიშნავს სისხლის სამართლის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.
„თუ ხელმძღვანელობისგან აქვთ დაშვება, რომ ასე მოიქცნენ, პოლიციელებისთვისაც ხელსაყრელია, თვითონ არ ეწერონ გაუხსნელი საქმეები და ბევრი საქმის გაკეთება არ მოუწიოთ. ვთქვათ, გამოძიების დაწყება მოითხოვს ერთი ან ორი გამომძიებლის ჩართულობას კვირების და შეიძლება თვეების განმავლობაშიც… კამერების ამოღება იქნება, მოწმეების დაკითხვა თუ ასე შემდეგ, სჭირდება სერიოზული რესურსი. ცდილობენ, ეს აირიდონ თავიდან,” -გვეუბნება GDI/საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ადვოკატი გიორგი ტაბატაძე. მისი თქმით, პოლიციელები ამ მეთოდს მხოლოდ ქურდობისას არ მიმართავენ.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელები “ხალხის სამსახურში” ყოფნის ნაცვლად, საქმის გამარტივებას ამჯობინებენ ხოლმე და დაზარალებულებს ვერ ეხმარებიან, მათი საქმიანობა მაინც ჯილდოვდება ხოლმე.
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით მხოლოდ 2021 წელს შსს-ს თანამშრომლებზე 13 მილიონი ლარის პრემია გაიცა. თანაც ისე, რომ მოტივი საფუძვლიანად დასაბუთებული არ ყოფილა. კანონის მიხედვით, საჯარო მოხელეს ფულადი ჯილდო მაშინ გადაეცემა, როცა დაკისრებულ მოვალეობას ზედმიწევნით და სანიმუშოდ ასრულებს. ჩვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ თავად გადაწყვიტეთ, რამდენად სანიმუშოდ მუშაოებდნენ ეს პოლიციელები.
“აი, ფაქტმა” შინაგან საქმეთა სამინისტროში მოიკითხა, რატომ მიმართავენ პოლიციის განყოფილებებში საქმის გამარტივების მეთოდს, როგორ დამკვიდრდა პრაქტიკა, რომ სავარაუდოდ მოპარული ნივთი დაკარგულად გასაღდეს. შსს წერილის გაგზავნიდან სამ კვირაში გამოგვეხმაურა, მაგრამ ჩვენს კითხვებზე შესაბამისი პასუხი ვერ მივიღეთ.
მასალაში გამოყენებული წყაროები