fbpx
ხარაგაულის ჭაბურღილებმა წყალი ვერ მოიყვანა

რატომ ვერ მოიყვანა წყალი ხარაგაულის ჭაბურღილებმა

ავტორი: ანა რობაქიძე

კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო, ნათქვამია. ხარაგაულს კი ეს ანდაზა უფრო მოუხდებოდა – ჭაბურღილი ყოველთვის წყალს ვერ ამოიყვანსო.

ხარაგაულის მერიამ მუნიციპალიტეტის რვა სოფელში ჭაბურღილების მოწყობა ოთხი წლის წინ დაიწყო. 2019-2022 წლებში მიმდინარე სამუშაოები დასრულდა. თუმცა, მოსახლეობამდე წყალი ზოგან მივიდა, ზოგან – არა.

არადა, ჭაბურღილები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოეწყო, რაც ნიშნავს, რომ ხალხმა თავად გადაწყვიტა, წყალი სჭირდებოდათ და სოფლისთვის გამოყოფილი ფულიც ამისთვის გაიმეტეს.

არტეზიული ჭები მოაწყვეს ვარძიაში, პატარა ვარძიაში, ლახუნდარაში, ზედუბანში, ფარცხნალში, ხონში, წყალაფორეთსა და ბაზალეთში. აქედან ოთხ სოფელში კი არ გაამართლა.

პატარა ვარძიაში, ხონში, წყალაფორეთსა და ზედუბანში ჭაბურღილების მოწყობაზე 58 ათასი ლარი ფუჭად დაიხარჯა, რადგან საკმარისი რაოდენობის წყალი ვერ ამოიტუმბა.

“შეგვპირდნენ დიდებულად, რომ გავაკეთებთ, ასე, ასე… გავიღეთ ხარჯიც და რომ იტყვიან, ჩაიყარა წყალშიო, ზუსტად ეგრე გამოვიდა. ჭაბურღილში წყალი არ არის, დავჩერებივართ, ვუყურებთ… დღეს ვინ რეცხავს სარეცხს ხელით? სარეცხ მანქანას უნდა მუდმივი წყალი, ეს ჩვენ არ გვაქვს. გვითხრეს, აგერ გავჭრით და იქნება წყალიო. გაჭრეს – არ არის,”- გვითხრა წყალაფორეთის მკვიდრმა, თუმცა ვინაობის გამხელის გარეშე. ის თანასოფლელებთან ერთად წყალს ხელით ეზიდება, კილომეტრების მოშორებით მდებარე წყაროდან.

მოგიყვებით, რატომ არ ივარგა ჭაბურღილებმა, ვინ არის პასუხისმგებელი ბიუჯეტიდან ათიათასობით ლარის გაფლანგვაზე, რას ფიქრობს მერია, სამუშაოების შემსრულებელი პირი და უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა.

ვის ევალებოდა ჭაბურღილების მოწყობა ხარაგაულში?

ხარაგაულის მერიამ სოფლებში არტეზიული ჭების გაკეთება დაავალა ინდ.მეწარმეებს, კახაბერ სამხარაძეს, მის ცოლ ელენა ლიტვინას და ვაჟს – ვიტალი სამხარაძეს. ეს მხოლოდ დოკუმენტებით, სინამდვილეში კი სამუშაოები ყველგან კახაბერ სამხარაძემ შეასრულა. ეს სოფლებში გავიგეთ და მოგვიანებით თვითონაც დაგვიდასტურა.

ჭაბურღილების მოსაწყობად რომ ეს ხალხი უნდა დაექირავებინათ, გადაწყდა სოფლებში მერის წარმომადგენლების შუამდგომლობით. ამის თაობაზე მერიებს მოხსენებითი ბარათები გაუგზავნეს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რა ნიშნით მოსწონდათ ესა თუ ის ინდ.მეწარმე.

ასეთია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრაქტიკა, სიტყვაზე ენდობიან სოფლებში მათ წარმომადგენლებს და ისე აფორმებენ გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს. ეს ხარაგაულის მერიამაც დაგვიდასტურა.

“ბევრგან მუშაობდა, ადრე რუსეთის ფედრაციაშია ნამუშევარი, საქართველოში რომ ჩამოვიდა, ჩამოიყვანა ტექნიკა. რიკოთზე რომ ავტობანს აკეთებენ, მაგ აკეთებს ჭაბურღილებს… ჩვენი ადგილობრივი მაცხოვრებელია”- გვითხრა წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ხარაგაულის მერის წარმომადგენელმა რევაზ სხილაძემ.

ვის ევალებოდა ჭაბურღილების მოწყობა ხარაგაულში
ჭაბურღილის მოწყობა ხარაგაულში. ფოტო: ტოპნიუსი

ხარაგაულის მერიამ კახაბერ სამხარაძის მიერ მოწყობილი ყველა არტეზიული ჭა ჩაიბარა. სამუშაოების დასრულება მერიის კონტროლის ჯგუფმაც დაადასტურა და 2019-2022 წლებში შედგა მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა საქმე არც ისე კარგად იყო, როგორც მერიას ეგონა.  ჭაბურღილებმა ოთხ სოფელში არ გაამართლა, მცირე რაოდენობის წყალი ამოვიდა და მოსახლეობას არ ჰყოფნის.

კახაბერ სამხარაძე და მერის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ პატარა ვარძიაში, ხონსა და წყალაფორეთში არტეზიული ჭების უმოქმედობა მეწყრულმა პროცესებმა და ნიადაგის დაზიანებამ გამოიწვია. მათი თქმით, მიწის მასების მოძრაობამ დანადგარებს ფორმა შეუცვალა, ზოგან დაბზარა და ფუნქციაც დაეკარგათ.

სად გაქრა გეოლოგიური კვლევები?

დავინტერესდით, როგორ მოხდა, რომ არტეზიული ჭები ისე გააკეთეს, ვერ გათვალეს ადგილზე მეწყრის საშიშროება. მერიაში და ადგილობრივებთან მოვიკითხეთ, ვინ და როდის ჩაატარა გეოლოგიური კვლევები, როგორ გადაწყდა, სად გაებურღათ მიწა. ამის თაობაზე ვკითხეთ თავად კახაბერ სამხარაძესაც.

გეოლოგიური კვლევების ძიებისას, თავი კინოფილმ “ცისფერ მთებში” გვეგონა. მერიის წარმომადგენლები და სამუშაოების შემსრულებელი ინდ.მეწარმე ერთმანეთისკენ იშვერდნენ ხელს. გვეუბნებოდნენ, სხვაგან მოიკითხეთო. საბოლოოდ კი კვლევებს ვერსად მივაგენით. დოკუმენტები ვერც მერიამ გვაჩვენა, ვერც კახაბერ სამხარაძემ. გვითხრა, “მე არაფერი უფლება არ მაქ, ისინი არიან შემკვეთები და მოგაწოდონ მაგ ყველაფერი.”

ვნახოთ, როგორ ხსნის უწყლობას მერის წარმომადგენელი რევაზ სხილაძე და თავად ჭაბურღილების მომწყობი ინდ.მეწარმე. გავყვეთ სოფლების მიხედვით.

პატარა ვარძია

აქ არტეზიული ჭის მოწყობა 2019 წლის მაისში გადაწყდა. და ინდ.მეწარმე კახაბერ სამხარაძეს ამ საქმეში 7,600 ლარი გადაუხადეს. სექტემბერში გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტიც. თუმცა, ჭაბურღილში საკმარისი წყალი არ ამოვიდა, მიწას ბზარი გაუჩნდა და ორი კილომეტრის მოშორებით, 19 ათას ლარად ახლის მოწყობა გახდა საჭირო. ის 7,600 ლარი კი ვიზარალეთ.

“რომ გავჭერით მანდ ჭაბურღილი, იდგა წყალი შიგნით, მივედით ორი-სამი დღის მერე და აღარ იყო. რომ უნდა ჩაგვედგა შიგნით მატორი და აგვემუშავებინა, აღარ დაგვხვდა არაფერი… ხმა ისმის და წყალი არ არის,”- გვითხრა რევაზ სხილაძემ, სოფელში ხარაგაულის მერის წარმომადგენელმა.

რატომ არ აქვთ წყალი ზედუბანში
სოფლის კრება, სადაც გადაწყდა ჭაბურღილების მოწყობა პატარა ვარძიასა და წყალაფორეთში. ფოტო: ხარაგაულის მერია

გავიგეთ, რომ ჭაბურღილისთვის ეს ადგილი შეარჩია მოსახლეობის დაქირავებულმა გეოფიზიკოსმა ავთო ლანჩავამ.

“სოფელმა მოიყვანა, აკრიბა გეოფიზიკის ფული, მე მიმინიშნეს ადგილი… 40-42 მეტრი იყო მითითებული. გავბურღე არ იყო, ჩემით დავამატე 10 მეტრი, არ იყო და დავანებე თავი. მაჩვენა ადგილი, დამიდო თითი, გავბურღე იმ ადგილზე, არაფერი იყო”- გვითხრა კახაბერ სამხარაძემ. ამ ამბავს სოფელში ხარაგაულის მერის წარმომადგენელი რევაზ სხილაძეც გვიდასტურებს, მაგრამ თვალით არც ავთო ლანჩავას მომზადებული კვლევა გვინახავს.

ხონი

ჭაბურღილის მოწყობის მიუხედავად, მოსახლეობა უწყლოდაა სოფელ ხონშიც. არტეზიული ჭა 2022 წელს აქაც კახაბერ სამხარაძემ მოაწყო და სამუშაოებში 18,600 ლარი აიღო. ჭაბურღილი თავიდან მუშაობდა, მაგრამ შემდეგ მეწყერმა დააზიანა და წყალი აღარ იტუმბება. აქაც ახლის გაკეთებაა საჭირო.

“მიწა დავიდა და მოსრიალდა რა ჭაბურღილი, გაწია გვერდით და გაწყვიტა, ან გაღუნა რაღაცა… ,”- გვითხრა კახაბერ სამხარაძემ ხონში მოწყობილ ჭაბურღილზე.

“წყალი იყო შიგნით, მილი ჩაუყვეს მოსახლეობამ, გადმოქაჩა და თვითდინებით მოდიოდა. მერე მეწყერი მოხდა და გადაკეტა სადღაც 15 მეტრის ქვემოთ. თვითონ, ვინც არის შემსრულებელი, გამოთქვა ახლა სურვილი, რომ ახლიდან უნდა გავაკეთო სხვაო. თავის ხარჯებით ოღონდ,”- ამბობს ხონში ხარაგაულის მერის წარმომადგენელი რევაზ სხილაძე. ეს კახაბერ სამხარაძემაც დაგვიდასტურა, მეზობელი სოფელია და მაგის ხათრით გავაკეთებო.

როგორც ჩანს, საქმე საორხელო იმიტომ გახდა, რო ვერ გათვალეს, იყო თუ არა ადგილზე დამეწყვრის საშიშროება. მოვიძიეთ, ვინ და როდის შეისწავლა ხონში გეოლოგიური მდგომარეობა. კახაბერ სამხარაძემ ასე გვიპასუხა:

“მე გავაკეთე კველევები, მაგრამ იმას არ ვიკვლევ, მიწა წავა არ წავა, მე წყალს ვეძებ… მაქ მე აპარატი, რომელიც იკვლევს წინასწარ, რა ადგილზე რამდენ მეტრში იქნება წყალი. მე პასუხს ვაგებ წყალზე. იქ იყო წყალი. ერთი ორი თვე არ შეწყვეტილა, მერე მიწა გაიწია, ჩავარდა…”

ვთხოვეთ მისი ნაკვლევის ამსახველი რაიმე დოკუმენტაცია ეჩვენებინა. გვითხრა, მექნება სადმე არქივშიო. რამდენიმე დღეში გადავურეკეთ, რომ მასალების გამოგზავნა შეგვეხსენებინა, მაგრამ არ მცალია თქვენთვის, აქ მეორედ არ დარეკოთო და ტელეფონი გაგვითიშა.

წყალაფორეთი

ამ სოფელში ი/მ კახაბერ სამხარაძემ ორი ჭაბურღილი გააკეთა. ერთი 2020 წელს 13,300 ლარად, მეორე კი 2021 წელს, 21 ათას ლარად. პირველმა ჭაბურღილმა სათანადოდ არ იმუშავა. ამაში ისევ ნიადაგს ადანაშაულებენ. მერის წარმომადგენლის თქმით, ჭაბურღილმა ორი წელი იმუშავა, შემდეგ დაზიანდა და ახლა წყალი მხოლოდ რამდენიმე ოჯახს მიეწოდება, საკმარისი რაოდენობით აღარ იტუმბება.

“მანდაც რაღაც მოხდა. ქანების მოძრაობა, რაღაცა ალბათ… ,”- გვითხრა რევაზ სხილაძემ.

“ჭაბურღილებმა არ გაამართლა. ესაა სიმართლე, თუ გინდათ… ჩვენ წყალი ძალიან მცირე რაოდენობით გვაქვს… ჭაბურღილი სადაც არის გაკეთებული, იქ ერთი შტუცერი [ხრახნიანი მილი] დატოვებულია ჩემი უბნისთვის, რომ წამოვიყვანოთ, მაგრამ წყალი არ არის იმდენი რაოდენობით, რომ ჩემ უბანსაც ეყოს…”- გვითხრა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა. ზუსტად არ იცის, ეს ჭაბურღფილი 2020 წელს მოეწყო თუ 2021 წელს, მაგრამ გვეუბნება, ორივეს პრობლემა აქვსო. ვინაც მილები დაამაგრა და სახლამდე მოიყვანა წყალი, იმათთანაც ხან მოდის ხან არა და მე რაღატო მეწვალაო.

“2020-ში გაკეთებული ფუნქციონირებს, მაგრამ ისეთი დატვირთვით ვერა, რაზედაც იყო გათვლილი, თავიდან კი იყო, მაგრამ მერე რაღაც მოხდა, არ ვიცი, წყალი დაიკარგასავით, მაგრამ არის მაინც კიდევ და 15 ოჯახი ვსარგებლობთ,”- გვითხრა წყალაფორეთელმა გიორგი გველესიანმა.

წყალაფორეთში რომ გეოლოგიური მდგომარეობა კახაბერ სამხარაძეს უნდა შეესწავლა, ამას ხელშეკრულებითაც ვიგებთ. პირდაპირ წერია, სამუშაოები “თანმდევი გეოლოგიური კვლევის გათვალისწინებით” უნდა ჩატარდესო. თუმცა, რა იკვლია სამხარაძემ და სად ინახება ეს დოკუმენტები, არ ვიცით.

საბოლოოდ, გეოლოგიური კვლევების მტკიცებულებას ვერსად მივაგენით. ხარაგაულის მერიისგან საჯარო ინფორმაციის ფორმით გამოვითხოვეთ სოფლებში ჩატარებული კვლევების ასლები. მათი პასუხი არასრულყოფილი იყო და დასაზუსტებლად პრესსამსახურს გადავურეკეთ.

გვითხრეს, ვინაიდან სოფლის პროგრამაა, მოსახლეობამ დაუკვეთა კვლევებიც, ჩვენ თუ რაიმე დოკუმენტს მოვიძიებთ, აუცილებლად მოგცემთო. მას მერე არავინ შეგვხმიანებია. როგორც ჩანს, ვერაფერი მოიძიეს.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი, გახდით ჩვენი სპონსორი

რატომ არ აქვთ წყალი ზედუბანში?

“გაზაფხულზე ცოტა მოდის, ზაფხულში კი წყალი საერთოდ არ აქვს არც ერთ ოჯახს. ზოგს ჭა აქვს და სანამ გვალვები დაიწყება, იმას იყენებენ. ზაფხული დაიწყება თუარა, ონკანში წყალი არ მოდის, მთელი სოფელი რო დაიარო… სულ სამი წყაროა და მაქედან დაგვაქვს, მაგრამ ზაფხულში ყველას არც ჰყოფნის. ვისაც მანქანა ჰყავს, მანქანით ზიდავენ ‘ოციანებით’, ზოგს ფეხით მოაქვს და კილომეტრის გავლა უწევთ,”- გვითხრა ზედუბნის მკვიდრმა ნოდარ მეგრელიშვილმა.

ჭაბურღილები ხარაგაულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოეწყო
სოფლის კრება ვახანის თემში, 2021 წელი. გადაწყდა ზედუბანში ჭაბურღილის მოწყობა. ფოტო: ხარაგაულის მერია

არადა, აქ ჭაბურღილი წელიწადნახევრის წინ მოეწყო, ბიუჯეტიდან 19,000 ლარი დაიხარჯა და მერიამ ობიექტი ოფიციალურადაც ჩაიბარა. ბურღვითი სამუშაოები ისევ კახაბერ სამხარაძემ ჩაატარა.

არტეზიული ჭა 2021 წლის ზამთარში მოეწყო და მას შემდეგ უმოქმედოა. ადგილზე ელექტროენერგია არ იყო და შესაბამისად, წყალი თავიდანვე ნასოსით ვერ ამოტუმბეს. ეს მხოლოდ თვეების შემდეგ მოხერხდა, მაგრამ ჭა უკვე სილიანი დახვდათ, ძრავი გაიჭედა და წყალი არ წამოვიდა. მას შემდეგ იქაურობაზე ხელი არავის უხლია.

“ჭაბურღილი როგორც კი დამთავრდება, საჭიროა ნასოსი, შლანგი და დენი. არც ერთი იყო და არც მეორე. არ შეიძლება მაგის გაჩერება. უნდა გაკეთდეს დენი და ნასოსით “ამოკაჩავდეს”, რომ არ ჩაისილოს,”- გვითხრა ინდ.მეწარმე კახაბერ სამხარაძემ.

იმავეს გვეუბნება სოფლის ორი მოსახლე. მათგან ერთი კი სამუშაოებსაც ესწრებოდა. მან დეტალურად მოგვიყვა, რა ბედი ეწია 19,000-ლარიან ჭაბურღილს.

“რამდენიმე თვის მერე მოიყვანეს დენი. მატორი შუაგულში გაიჭედა, არც ზემოთ ამოიწია, არც ქვემოთ, წამოვიდა დამდგარი ტალახიანი წყალი, ერთი წუთით იმუშავა და გაჩერდა მერე. ამბობდნენ, მატორი უნდა ამოვიღოთ, ქვემოთ ჩავწიოთო, მაგრამ არავინ მისულა მერე. ისევ იქ დევს ყველაფერი თავის კაბელიანად. მაგის მერე სიტყვით ყოველი მეორე ეუბნებოდა მერიასაც, გამგებელსაც…. წყალი არ გვაქვს, წყალი არ გვაქვსო…”- გვითხრა ნოდარ მეგრელიშვილმა ზედუბნიდან.

“გაჭრეს და ერთი წლის შედეგ ჩადეს მატორი შიგნით. რომ ჩართეს, წამოვიდა წყალი, მაგრამ ნაგავი. მატორი არც დაბლა ჩავიდა, არის ასე გაჩხერილი შუაზე… აღარავინ გვაქცევს ყურადღებას. ვწვალობთ, წყაროს წყალი, წვიმის წყალი… ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ, ველოდები, ვანა-ტუალეტი გაკეთებული მაქვს და აი, წყალი არ არის. იქნებაო, დეპუტატიც იძახის, გამგებელიც…”- გვითხრა ზედუბნელმა 73 წლის მამაკაცმა, თუმცა გვთხოვა, სახელი და გვარი არ გაგვესაჯაროებინა.

ადგილობრივ მთავრობას მოვკითხეთ, რა გეგმები აქვთ, როდის აპირებენ ზედუბანს უწყლობის პრობლემა მოუგვარონ. სოფელში მერის წარმომადგენელმა ლევან გოგოლაძემ დაგვიდასტურა, რომ ჭაბურღილი უმოქმედოდაა და ხალხმა მისგან ჯერ სარგებელი ვერ ნახა. თუმცა, სიტყვები შეგვისწორა და გვითხრა, იქედან ბინძური კიარა, მღვრიე წყალი წამოვიდა, ერთი წუთი კიარა, ერთი საათი მოდიოდა და არც ერთი წლის მერე მიგვიყვანია დენი, სულ სამი თვე შევფერხდით, უამინდობის გამოო.

“დენი მივიყვანეთ და მატორი ჩაიდგა. წამოვიდა მღვრიე წყალი და ამორეცხვითი სამუშაოები უნდა ჩაგვეტარებინა. მას შემდეგ არაფერი გვიწარმოებია. რთულად მისასვლელი ადგილია და ახლა ამინდები გამოვა თუარა, მაგ ჭაბურღილს ჩავრთავთ. მეც ხალხზე ვარ შეპირებული რომ უნდა გაკეთდეს, ელოდებიან და გავაკეთებთ აუცილებლად. ზაფხულისთვის წყალი ექნებათ,”- გვითხრა ლევან გოგოლაძემ. ბუნებრივია, მივადევნებთ თვალს, პირნათლად შესრულდება თუ არა ეს დანაპირები.

საბოლოოდ, ამ ოთხი სოფლის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ხარაგაულის მერია ბიუჯეტს ითვისებს და ერთი შეხედვით, ხალხის საჭიროებებსაც პასუხობს. სინამდვილეში კი საქმე ისე ზერელედ და უხარისხოდ კეთდება, ეს ფული წყალში გადაყრილი რჩება, მოსახლეობა კი იგივე პრობლემების პირისპირ.

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი, გახდით ჩვენი სპონსორი
Next
კლანური მმართველობა სასამართლოში
კლანური მმართველობა სასამართლოში

კლანური მმართველობა სასამართლოში

კლანური მმართველობა სასამართლოში კანონის უზენაესობას არ აღიარებს

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share