ავტორები: შორენა ლაღაძე და მარიამ კაჭკაჭაშვილი
“იმედია, დაადგება ამ გზის მშენებლობას საშველი”, “ნეტა ვეღირსებოდე… “, “რა მაგარი ამბავია, ეს გზა თუ გაკეთდებოდა ოდესმე, აღარც მეგონა”. ასეთი რეაქცია ჰქონდათ ხარაგაულელებს ფეისბუქზე, როცა გაიგეს, რომ ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზა გაკეთდებოდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 2018 წელს დაიწყო, 2021-ში დასრულების პირობით. ამ საქმისთვის 105 მილიონი ლარი გამოიყო და უკვე დაიხარჯა 50 მილიონამდე. ამ ფონზე, ხარაგაულელებს მაინც უვარგის გზაზე უწევთ სიარული.
“სამუშაოები პროგრესირებს დრამატულადო”- ამბობდა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი სამი წლის წინ. სამუშაოების რა გითხრათ, მაგრამ ამ გზაზე ავტომობილით გადაადგილება ნამდვილად დრამატული სცენა იყო.
ჩუმათელეთიდან ხარაგაულამდე “გუგლის” რუკის მიხედვით ორ საათში უნდა ჩავსულიყავით, მაგრამ 8 საათი მოვუნდით. გზის 25-კილომეტრი მონაკვეთი ჩუმათელეთიდან მოლითამდე იმდენადაა დაზიანებული, რომ გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი. ალაგ-ალაგ შევნიშნეთ მიტოვებული სამშენებლო მასალა და ტექნიკა. არსად შეგვხვედრია ჯებირები, მანქანა მოცურების შემთხვევაში ოდნავ მაინც რომ შეეკავებინა. მით უმეტეს, ზამთარში ეს გზა იყინება და თოვლი ფარავს.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაა. ის ხარაგაულის მუნიციპალიტეტს e-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. მისი რეაბილიტაცია ცენტრალურ მაგისტრალს განტვირთავდა და ტურისტების მიმოსვლას გააადვილებდა. ეს გზა მიდის ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკსა და სამკურნალო კურორტ ნუნისშიც. თუმცა, ახლა კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილება არც ტურისტებს შეუძლიათ და არც ადგილობრივებს.
ჩვენი სტატიიდან გაიგებთ, რამ გამოიწვია ამ სანაქებო პროექტის შეფერხება, ან როგორც ხარაგაულელები ამბობენ, რით ვერ დაადგა საშველი?
როდის და როგორ დაიგეგმა ძირულა-ჩუმათელეთის გზის პროექტი?
ხარაგაული-ძირულა-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის განახლებაზე მთავრობა ჯერ კიდევ 2016 წელს ალაპარაკდა. იმჟამინდელი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ამ გზაზე საუბრობდა “ქვეყნის სივრცითი მოწყობის” პრეზენტაციისას. დამაიმედებლად ამბობდა, სატრანსპორტო არტერიები უნდა შეიქმნას და გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იყოს ბარიერი ბიზნესის ან საცხოვრებელი ადგილის ასარჩევადო.
კვირიკაშვილმა პრეზენტაციიდან ორ თვეში გასცა განკარგულება, რომ აზიის განვითარების ბანკისგან 80 მილიონი აშშ დოლარი გვესესხებინა. სწორედ ამ სესხის თანხები მოხმარდა ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის პროექტს.
2016 წელს ამ გზის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს იმდროინდელი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც. მისი თქმით, ეს გზა ხარაგაულის სოფლებს გამოაცოცხლებდა.
2018 წელს კი ხარაგაულის მერიაში ამბობდნენ, ეს “საუკუნის მშენებლობა” ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორს და სოფლები აღარ დაიცლებაო. ჯერჯერობით, არც ერთი დანაპირები შესრულებულა. ხარაგაულში არც “სატრანსპორტო არტერიაა” და არც ხალხით სავსე სოფლები. ზოგან შვიდი ოჯახი შემორჩა, ზოგან – ხუთი.
2020 წელს გზების დეპარტამენტი იმასაც ამბობდა, რომ ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის აღდგენით 30 000-მდე ადამიანს ექნებოდა გადაადგილების უკეთესი პირობა, შეძლებდნენ უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობას ერთი ქალაქიდან მეორეში, რაც ახლა წარმოუდგენელია.
ხარაგაულელები ახალ გზას ჯერ კიდევ ორი წლის წინ ელოდნენ. იმედი უკვე გაუცრუვდათ. თუმცა, ჩვენ მაინც უნდა დავინტერესდეთ, რა ბედი ეწევა ამ გზას, ვინ და როგორ მიიყვანს დაწყებულ საქმეს ბოლომდე.
2017 წელს აზიის განვითარების ბანკმა 80 მლნ აშშ დოლარი 24 წლის ვადით და 13-წლიანი საშეღავათო პერიოდით მოგვცა. ამ პროექტს “მეორადი გზის გაუმჯობესება” ერქვა.ფინანსთა სამინისტრომ გვითხრა, ძირითადი თანხის დაფარვას 2030 წელს დავიწყებთ, 2040-ში კი დავასრულებთო.
გზის რეაბილიტაციისათვის კომპანიები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაუმჭვირვალედ შეარჩია. სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე არანაირი დოკუმენტაცია არ აუტვირთავთ. დეტალები რომ გაგვერკვია, სამინისტროებიდან ბევრი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა მოგვიწია.
გაირკვა, რომ ხარაგაული-ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი გზა ორ, 25-25-კილომეტრიან მონაკვეთებად დაყვეს. გარდა ასფალტის საფარისა, პროექტით გათვალისწინებულია ხიდების, გზის სადრენაჟე მილების და კიუვეტების (წყლის არხი ქუჩის გასწვრივ) რეაბილიტაცია. სამუშაოებისთვის დაქირავებულ კომპანიას ევალება ასევე საყრდენი კედლების მშენებლობა, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობა და გზის მონიშვნა.
გზის ერთი მონაკვეთის დასრულების ვადა 2020, მეორესი კი 2021 წელი იყო. საქმე სანახევროდაა დასრულებული. ჩუმათელეთიდან მოლითამდე 25 კილომეტრი გადათხრილი, ტალახითა და ორმოებითაა სავსე. ასფალტისა და ბეტონის ნიშანწყალი არსად ეტყობა. ამ გზის მიმდებარედ 10-მდე მეტი სოფელია განლაგებული.
აზიის განვითარების ბანკის მოცემული თანხიდან 50 მილიონამდე ლარი უკვე დავხარჯეთ. დარჩენილი 55 მილიონი გზის დასრულებისთვის უნდა გამოვიყენოთ.
რას ფიქრობენ ადგილობრივები?
დაპირებულ და ვერაშენებულ გზაზე ხარაგაულელების აზრი რომ გაგვეგო, რამდენიმე სოფელში ჩავედით. პირველად ვესტუმრეთ ფონას, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბოლო, მაღალმთიანი სოფელია. აქ დასავლეთ საქართველოს პირობითი საზღვარი სრულდება და აღმოსავლეთი იწყება. ქალაქთან სიახლოვის მიუხედავად ფონაში მაინც უპატრონოდ და უყურადღებოდ გრძნობენ თავს. უგზობის გამო გარესამყაროს არიან მოწყვეტილები. კვირიკაშვილი კი ამბობდა, გეოგრაფია ბარიერი აღარ იქნებაო, მაგრამ ფონელებისთვის სხვაგვარადაა.
მერი და ეკატერინე სოფელში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. მათ ქუჩაზე შვიდი ოჯახია შემორჩენილი. ჩვენი დანახვა გაუხარდათ და გვითხრეს, ხარაგაულიდან არავინ ამოსულა ჩვენ მოსაკითხად, თქვენ ქუთაისიდან რამ მოგიყვანათო.
“ძალიან გაუსაძლისი პირობებია ზამთარში ამ უგზობის გამო. სანამ თოვა არ გადაიღებს, კაციშვილი არ გვაქცევს ყურადღებას. იქნება იმ პერიოდში ან სასწრაფო დაგვჭირდა, ან რაღაცა… სოფელში მეტი წილი სულ მოხუცები არიან, ამაზე არ ფიქრობენ,” – გვითხრა მერიმ.
“ეს გზა ადრე უნდა გაკეთებულიყო, ეგრე თქვეს, მარა თქმა არის? მე არც მაშინ მჯეროდა. სანამ არ დავინახავ, რომ გაკეთდა, არც დავიჯერებ-მეთქი. არა, არა, აუცილებლად იქნება, აუცილებლადო და სადაა? დაანგრიეს მარტო და წავიდნენ, მეტი არაფერი,” – ამბობს ეკატერინე.
მეზობლებმა გვითხრეს, როცა მერიას სოფელში რაიმეს გაკეთებას ვთხოვთ, გვეუბნებიან, ცენტრალური გზა რომ დაიგება, მერე ყველაფერს ეშველებაო. ფონელებს არც გზა ეღირსათ და არც სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება.
ვესაუბრეთ ფონას მეზობლად, სოფელ წიფას მოსახლეობასაც, შემდეგ ანეულასა და მოლითში შევიარეთ. გზის პრობლემაზე ყველა ერთნაირად წუხს. აქვთ იმედი, რომ ოდესმე ნორმალურად გადაადგილება ეღირსებათ, მაგრამ ვინ და როდის გაუკეთებთ გზას, მხოლოდ ყურმოკვრით იციან.
ძირულა-ჩუმათელეთის გზა ადგილობრივების 292 მიწის ნაკვეთზე გადის. ხარაგაულელებს იქ, ძირითადად, სიმინდის ყანები აქვთ. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა 14 საცხოვრებელი სახლიც და 523 პირი. საგზაო დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ გამოსყიდული ქონების საკომპენსაციოდ ბიუჯეტიდან გაცემული აქვთ 3,2 მილიონი ლარი.
წიფას, ანეულას და მოლითის მოსახლეებმა გვითხრეს, ფული მიწის შეფასებიდან სამ თვეში ჩაგვირიცხეს, მაგრამ სამუშაოების დასაწყებად “ვერ მოაღწიეს აქამდეო.”
წიფაში მცხოვრებ თამრიკოს, რომელმაც გვარი არ გაგვიმხილა, სახლის უკან მდებარე ნაკვეთისთვის 13 ათასი ლარი გადაუხადეს. მიწა უკვე გადათხრილია და საყანედ აღარ გამოდგება, მაგრამ არც გზა დაუგიათ. სანამ გზის მშენებლობა დაიწყება და საყრდენი კედლებით გამაგრდება, ნაკვეთი იშლება. ამიტომ, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. ამ ზიანის გამო მას კომპენსაციას აღარავინ გადაუხდის. გზების დეპარტამენტმა გვითხრა, ერთსა და იმავე ქონებაზე საკომპენსაციო თანხებს განმეორებით არ გავცემთო.
“შეგვპირდნენ, ან ბლოკები ჩალაგდება, ან გაბიონები გაკეთდებაო. იშლება ძალიან ჩემი ეზო, ჩამოშვავდა. ბევრს მოუწია [კომპენსაცია], მაგრამ ყველაზე დიდი ჩემია. სულ შიგ, შუა ყანაში გაიარა. სიმინდი გვქონდა ასაღები, რომ შემოვიდა ტექნიკა, გამწარებულები ვიღებდით. დიდი და პატარა, ყველა შევესიეთ,’’- გვითხრა თამრიკომ, სოფელ წიფადან.
“ძალიან ვწვალობთ მაგ გზის არქონის გამო. შვილები თბილისში ცხოვრობენ და ვერ მოდიან… ასე ვართ გატანჯულები. ახლა რაც მოთოვა, უკვე ჩაიკეტა. აქ იყვნენ ჩემი შვილები ჩამოსულები და შობის მერე ვეღარ წავიდნენ. ან დიდი შემოვლითი გზით უნდა წავიდნენ,” – გვითხრა მაყვალამ სოფელ ანეულადან. გვარის გასაჯაროება არც მას სურს. გზის საპროექტო არეალში მოექცა მისი უკანა ეზოს მცირე ნაწილიც.
“ნეტა გაეკეთებინათ და სულარ გადაეხადათ თუ გინდა… აქედან ტრასამდე 17 კილომეტრია და საათი, საათნახევარი ვუნდები… რა გახდა ბოლოსდაბოლოს ეს მონაკვეთი, რომელ საუკუნეში ვართ? ამას ცხოვრება ჰქვია? საჭმლის მოტანას ხომ არ ვითხოვთ? გზა გააკეთე, რაც გევალება,”- ამბობს გია სოფელ მოლითიდან. ისიც გვარის გამხელის გარეშე გვესაუბრა.
თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს სახელმწიფო შესყიდვებზე მუშაობა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
ვისი ბრალია სამუშაოების გაჭიანურება?
გზის პირველი, 25-კილომეტრიანი მონაკვეთი, ძირულადან მოლითამდე დასავლეთ საქართველოს მოიცავდა და მისი გაკეთება 2017 წლის ბოლოს “ბლექ სი გრუპს” დაევალა. მეორე მონაკვეთი კი გრძელდება მოლითიდან ჩუმათელეთამდე, რომლის მშენებლობაც 2018 წელს აზერბაიჯანულ კომპანია “აკორდს” დაუკვეთეს.
პირველი მონაკვეთისთვის აზიის განვითარების ბანკიდან აღებული სესხიდან გამოიყო 51, მეორესთვის კი 54 მილიონი ლარი.
ძირულადან მოლითამდე გზა 24 თვეში, ანუ 2020 წლის ბოლოს, მოლითიდან ჩუმათელეთამდე კი 29 თვეში, 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.
ვადები არც ერთს დაუცვია, “ბლექ სი გრუპმა” ასფალტის საფარი კი დააგო, მაგრამ საბოლოო სახე არ აქვს. “აკორდმა” კი საქმე მიატოვა და ახლა გზა მოლითიდან ჩუმათელეთამდე უპატრონოდაა დარჩენილი.
“ბლექ სი გრუპმა” სამუშაოები 2018 წლის 18 სექტემბერს დაიწყო. (24 იანვრის მდგომარეობით) შესრულებული აქვს მთლიანი სამუშაოების 87%. აღებული აქვს 21 მილიონი ლარი, 5 მილიონი დოლარი და 3 მილიონი ევრო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში მოვიკითხეთ, რატომ გაიწელა “ბლექ სი გრუპის” სამუშაოები. გვითხრეს, გზადაგზა დამატებითი საქმე გამოჩნდაო. მაგალითად, წყლის მილსადენის, საკანალიზაციო სისტემების გაყვანა, სხვადასხვა კომუნიკაციის ქსელების გადაადგილება. ხანდახან პროექტის შეცვლაც მოგვიწია, ხან თოვლმა, მეწყერმა და წვიმამ შეგვიშალა ხელი, ხანაც – პანდემიამო. საბოლოოდ, კომპანიას სამუშაოების დასრულებისთვის დრო 2023 წლის თებერვლამდე მისცეს. ადგილობრივები გვეუბნებიან, ჯერ კიდევ დარჩათ საქმე გასაკეთებელიო.
თავად კომპანიიდან კონტაქტზე არავინ გამოვიდა. არც ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ კითხვებზე გამოგვეხმაურნენ და არც სოციალურ ქსელში. ერთადერთი, ვისთან დაკავშირებაც შევძელით, “ბლექ სი გრუპის” ნომრის ავტომოპასუხე იყო.
შპს “ბლექ სი გრუპის” თავმჯდომარე და სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი გიორგი კალანდაძეა. ის “ოცნების” დეპუტატ ბექა ოდიშარიას ბიზნესპარტნიორია. (ოდიშარიას წილის მმართველი ჰყავს) მათ ერთად აქვთ წილები შპს “ძველ ქალაქში.” “ბლექ სი გრუპის” დირექტორის, ამირან მამუჭაძის ოჯახის წევრები კი მმართველი პარტიის მსხვილი შემწირველები არიან. 2016 წელს მისმა ძმამ და მამამ “ოცნებას” ჯამში 100 ათასი ლარი შესწირეს.
გზის მეორე, მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე კომპანიის შერჩევის პროცესიც გაუმჭვირვალედ წარიმართა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის დახურულ ტენდერში 13 კომპანია მონაწილეობდა. მათ შორის ყველაზე დაბალი ფასი აზერბაიჯანულმა კომპანია “აკკორდმა” დაასახელა და გამარჯვებულადაც გამოცხადდა.
კომპანიის შერჩევის შესახებ ერთი საეჭვო გარემოება გამოიკვეთა. სანამ გზების დეპარტამენტი “აკკორდის” გამარჯვების შესახებ საჯაროდ იტყოდა, კომპანიამ მედიაში წინასწარ გააჟღერა ინფორმაცია, ტენდერი მოვიგეთო. მაშინ გზების დეპარტამენტმა განაცხადა, გამარჯვებული ჯერ არ გამოგვივლენია და “აკკორდი” იტყუებაო. თუმცა, ასე არ გამოდგა.
“აკკორდთან” ხელშეკრულება 2018 წლის დეკემბერში დაიდო და ვადად 29 თვე განესაზღვრათ. 2020 წლის ივნისში საავტომობილო გზების დეპარტამენტი წერდა, რომ ამ მონაკვეთზე პირველთან შედარებით სამუშაოების დაბალი ტემპი იყო. ამის გამო “აკკორდს” გაფრთხილებაც მისცეს. მაშინ კომპანია ნაწილობრივ გაამართლეს, სამუშაოებს ხელი კოვიდ-პანდემიამ შეუშალა, უახლოეს მომავალში მუშახელს დაიმატებენ და საქმე დროულად მორჩებაო.
ასე არ გამოვიდა. საბოლოოდ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს, რისთვისაც გზების დეპარტამენტმა 2021წლის ნოემბერში ხელშეკრულება შეუწყვიტა. “აკკორდმა’’ გაწეული სამუშაოებისთვის 6 მილიონ ლარამდე აიღო.
გზა ახლა ახლა ასე გამოიყურება.
“აკკორდს” უპასუხისმგებლობის გამო პირგასამტეხლო დაეკისრა – 5,5 მილიონი ლარი. გზების დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ კომპანიამ ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე ჩარიცხა. ამის დასადასტურებლად გადახდის ქვითარიც გამოგვიგზავნეს.
კომპანიის წარმომადგენელთან ინტერვიუ ვერ ჩავწერეთ. არაერთი ზარის, ქართულ და აზერბაიჯანულ ფეისბუქ გვერდებზე მიწერის და ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი კითხვების მიუხედავად, კონტაქტზე არ გამოდიან.
“აი, ფაქტს” წყარომ უთხრა, რომ “აკკორდი” ახლა გაკოტრებულია, დაყადაღებულია მათი ანგარიშები და ქონება, ქვეკონტრაქტორების ვალიც აქვთ, ამიტომ კომპანიის საქმე კი სასამართლოშია. საქართველოში მათი წარმომადგენლობაც აღარ არსებობსო. ჩვენი წყარო ამ აზერბაიჯანულ კომპანიასთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა.
მიუხედავად შეუსრულებელი სამუშაოებისა, “აკკორდი” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში არ შეუყვანიათ.
პროექტის ფარგლებში გამოცხადებული შესყიდვის პროცედურები აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოსა და რეგულაციების მიხედვით წარიმართა. ამან გზების დეპარტამენტს გარკვეული პასუხისმგებლობები მოუხსნა.
დეპარტამენტმა მოგვწერა: “აღნიშნული რეგულაციები არ ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კომპანიის განთავსებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში.”
საინტერესოა, მაინც რატომ გაიხადა საქმე ასე საჩოთიროდ გზების დეპარტამენტმა. წესით, კარგად უნდა სცოდნოდათ, რომ “აკკორდს” სახარბიელო რეპუტაცია არ ჰქონდა.
ეს აზერბაიჯანული კომპანია უპასუხისმგებლობაში და საქმის შუა გზაზე მიტოვებაში არაერთხელ იყო შემჩნეული.
ჯერ კიდევ 2013 წელს, როცა “აკკორდი” სამტრედია-ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლით გზას აკეთებდა, გეგუთში მძღოლები გაიფიცნენ. ისინი ცუდ სამუშაო პირობებს და შეუსაბამო ანაზღაურებას აპროტესტებდნენ. კომპანიას მათთვის ისიც უთქვამს, ვისაც მუშაობა არ გინდათ, წადითო.
თანამშრომლებს აზერბაიჯანულ კომპანიასთან პრობლემა 2020 წელსაც ჰქონდათ. აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ავტობანზე დასაქმებულები სამუშაო პირობების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ და ჩიოდნენ, ხელფასები სამი თვეა არ აგვიღიაო.
2020 წლის სექტემბერში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა “აკკორდთან’’ 7-მილიონიანი ხელშეკრულება დადო, ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციისთვის. კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ ქუჩას 7 თვეში მოაწესრიგებდა, მაგრამ სამუშაოების მხოლოდ 17% შეასრულა. ოთხჯერ დაარღვია გეგმა-გრაფიკი, ორჯერ დაეკისრა პირგასამტეხლო, საბოლოოდ კი ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყდა.
“აკკორდი” რომ სანდო კომპანია არ არის, 10 დღის წინაც გამოჩნდა. სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, აკკორდის” მიერ აშენებული და ჯერ კიდევ გაუხსნელი ხიდის ბურჯი დაზიანდა და ესტაკადა ჩაინგრა.
მოლითი-ჩუმათელეთის 25-კილომეტრიან გზაზე ახლა არავინ მუშაობს. “აკკორდი” საქმეს ჩამოშორდა, ახალი კომპანია კი ჯერ შერჩეული არ არის.
გზების დეპარტამენტმა ახალი ტენდერი “აკკორდთან” ხელშეკრულების გაწყვეტიდან წელიწადნახევრის მერე, 2022 წლის მაისში გამოაცხადა.
დეპარტამენტიდან მოგვწერეს, ეს ინტერვალი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისთვის, განხილვისთვის და აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებისთვის დაგვჭირდაო.
ეს შესყიდვა აზიის განვითარების ბანკმა ჩაშალა. პრობლემად ორი რამ მიიჩნიეს არაეფექტური კონკურენცია და სატენდერო წინადადებების მაღალი ფასი.
ხელახალი საერთაშორისო საკონკურსო ტენდერი გზების დეპარტამენტმა 2022 წლის 14 ოქტომბერს გამოაცხადა. ამ ეტაპზე წინადადებების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს, თუმცა ისე გაუმჭვირვალედ. ჯერჯერობით, უცნობია, როდის და ვინ შეძლებს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას.
ამასობაში, სანამ დოკუმენტების განხილვა-გაანალიზება მიმდინარეობს, იშლება ხარაგაულელების მიწის ნაკვეთები, რომელიც გზის გაჭრას შეეწირა.
“ჩიჩქნეს, ჩიჩქნეს და მიატოვეს, მერე ის მოშვავდა, ჩამოვიდა გზაზე და თავისთავად, უფრო მეტად გაფუჭდა. აქ არავინ იცის რამდენს მოთოვს და როდის. გზა თუ არ იქნა, არაფერი არ იქნება. სასწრაფო რომ დაგვჭირდება და გამოვიძახებთ, მაშინ წმენდენ გზას,” – გვითხრა სოფელ წიფას მკვიდრმა ინგამ.
“ვარდებიან მანქანები, შვილო. საშიშიც არის, მოშვავებულებია…ყველა გვპირდება, გაკეთდებაო და მივჩერებივართ ჩვენც.”- ამბობს მედიკო, ასევე სოფელ წიფადან.
მასალაში გამოყენებული წყაროების სანახავად მიჰყევით ბმულს.