“მთელი გზა მოსპეს, გადათხარეს ყველაფერი და წყალი არ გვაქვს. [როდის იქნება] აბსოლუტურად აღარაფერს ამბობენ,” – ამბობს ლიანა სინატაშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონიდან. ის და მისი თანასოფლელები წყალს ჭებიდან და წყაროებიდან ეზიდებიან.
რიონში 550 ოჯახი ცხოვრობს და წყალი არავის აქვს. არადა, სოფელში წყალგაყვანილობის ახალი ქსელის მოსაწყობად 2020-2021 წლებში 728 ათასი ლარი დაიხარჯა. ახლა წყლის მილებიც ცარიელია და რეზერვუარიც.
წყალტუბოს მერიამ წყალგაყვანილობის სისტემა გააკეთა რიონის მხოლოდ ერთ, სულაქველიძეების უბანში, სადაც 250 ადამიანი ცხოვრობს. სასმელი წყლის ქსელის საპროექტო დოკუმენტაცია 8,600 ლარად შპს კვანძმა მოამზადა, სამუშაოები კი შპს დარიამ 714 ათას ლარად შეასრულა. მოაწყვეს ჭები, გაიყვანეს წყლის მილები და დადგეს 100-ტონიანი რეზერვუარი. როგორც ჩანს, პროექტის დაგეგმვისას ვერ გათვალეს, რა მოცულობის ავზი სჭირდებოდა უბანს.
“ასეა დატოვებული,მას გაკეთებული ჰქვია? ჩალპება ახლა მიწაში [მილები]. ეს უნდა იყოს ბეტონის კარკასში ჩადგმული, რომ მიხვიდე, მოუშვა, მოკეტო… ”-გვითხრა მურადი სინატაშვილმა და მიწაში ნახევრადჩამარხული წყლის ვენტილები გვაჩვენა. გვიამბო, სამუშაოები რომ დასრულდა, მერე აღმოაჩინეს დამატებითი ავზი რომ იყო საჭიროო.
წელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, დამატებით, 30-ტონიანი ავზის მოწყობა მოითხოვა, მერიამ პროექტი შპს ვაზნარს დაუკვეთა. ახლა პროექტი ინსპექტირების ეტაპზეა. მერიაში დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ ეცოდინებათ, რა დაჯდება რიონში დამატებითი ავზის მოწყობა.
მურად სინატაშვილმა გვითხრა, რომ მერიამ დაუმთავრებელი სამუშაოები დასრულებულად ჩათვალა. წყალგაყვანილობის სისტემა 2021-ში ჩაიბარეს, მაგრამ წყლის ტუმბო [მოტორი] 2022 წელს გააკეთეს და დატესტეს.
სოფელ რიონში წყალგაყვანილობის სამუშაოები სამ ეტაპად ჩატარდა. საბოლოო სამუშაოები წყალტუბოს მერიის მიერ შედგენილმა ჯგუფმა 2021 წლის ბოლოს ჩაიბარა. ამ ჯგუფში მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები არიან.
სოფელ რიონში მერის წარმომადგენელი მიხეილ კეზევაძე ადასტურებს, რომ რიონის წყალმომარაგების პროექტი ნამდვილად ხარვეზიანია. მისი თქით, ორი რეზერვუარი იმიტომ გახდა საჭირო, რომ მოსახლეობის წყლით მომარაგებას მხოლოდ ერთი ვერ გაწვდებოდა. გვითხრა, ამის გათვლა თავიდანვე შეიძლებოდა, თავიდანვე აურზაური იყო და რომ დავინიშნე წარმომადგენლად, პრობლემები დამხვდაო.
რიონს წყალი წყალმომარაგების კომპანიის” ჭაბურღილიდან უნდა მიაწოდონ, რომელიც მეზობელ სოფელ გუმათშია.
სულაქველიძეების უბნის გარდა სხვებსაც რომ ჰქონდეთ წყალი, ამაზე მუშაობა მერიამ 2021 წლის სექტემბერში დაიწყო. შპს ჰიდრამ საპროექტო დოკუმენტაცია 5,700 ლარად მოამზადა. თუმცა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტს სამუშაოების დასაწყებად ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია. ფული ჯერ არ აქვთ, Მერიაში გვითხრეს, რომ ახლა ფინანსური რესურსის მოძიების ეტაპზე არიან.