fbpx
როდის გაკეთდება გზა თუზის მეწყრულ ზონაში?

როდის გაკეთდება გზა თუზის მეწყრულ ზონაში?

ავტორი: თამუნა ქიმაძე

თავასა და თუზი თერჯოლის სოფლებია, რომელთა დამაკავშირებელი გზა არის ამ სტატიის გმირი. გზის სიგრძე სულ 5 კმ-ა და თერჯოლის მერიამ მის შესაკეთებლად ტენდერი წელს, იანვარში გამოაცხადა. სამუშაოები თითქოს დასრულდა, მაგრამ ისე, რომ ამ ხუთი კმ-დან ერთი გაუკეთებელი დატოვეს. სამუშაოების შესრულებისას გაიგეს, რომ გზაზე მეწყერსაშიში ზონა ყოფილა და დამატებითი პროექტი სჭირდებოდათ. 

არადა, ეს ზონა რომ მეწყერსაშიშია, ადგილობრივებმა კარგად იცოდნენ და წესით, არც მერიისთვის უნდა ყოფილიყო ახალი ამბავი. თუზში მისულებს იქაურებმა გვითხრეს, რომ მეწყერი ამ გაზაფხულზეც ჩამოწვა და შარშანაც.

გზაზე ჩამოვარდნილი ლოდი თუზში ფოტო: 2024 წლის 11 ნოემბერი
გზაზე ჩამოვარდნილი ლოდი თუზში ფოტო: 2024 წლის 11 ნოემბერი

“წამევიდა შარშან მეწყერი აქედან, ხოდა, მოაღწია ოჯახებამდე. იქ რომ სახლი ჩანს, იქამდე მიაღწია, რამხელაზეა ნაპრალები, შეხედე, წყალი და ლაფი, დაახლოებით, 300 მეტრზე ჩავიდა”, – იხსენებს თუზში მცხოვრები ამირან ცერცვაძე. 

სოფელში მერის წარმომადგენელი, მამუკა გოგბერაშვილიც გვიდასტურებს, რომ ტერიტორია, ზოგადად, მეწყერსაშიში ზონაა, მაგრამ არა ისეთი, რომ მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდეს და სახლები “მოიტნიოსო”.

გზის გასაკეთებლად საჭირო პროექტი შპს “გმდ”-მ 2021 წელს თერჯოლის მერიის დაკვეთით მოამზადა. მაშინ კომპანიას არ გაუთვალისწინებია, რომ ამ გზაზე მეწყერსაშიში ზონა არსებობდა, რომელსაც განსხვავებული მეთოდები და მიდგომა სჭირდებოდა. პროექტი, რომელიც “გმდ”-მ მოამზადა, 18,000 ლარის ღირებულებისაა.

შემდეგ, სწორედ ამ პროექტზე დაყრდნობით გამოაცხადა მერიამ სახელმწიფო შესყიდვა გზის შესაკეთებლად საჭირო სამუშაოებისთვის. ტენდერი შპს “ჯეო როუდ ინვესტმა” მოიგო. იმ ოთხ კილომეტრზე, რომელიც ამ კომპანიამ გააკეთა, ბეტონის გზაა დაგებული. სამუშაოებში მერიამ შპს “ჯეო როუდ ინვესტს” 291,931 ლარი გადაუხადა. მეწყერსაშიშ ზონაში კი ერთი კილომეტრი, რომელიც გაუკეთებლად დატოვეს, ისევ ტალახიანი და ქვაღორღიანი გზაა. 

თუზის ქვაღორღიანი გზა - მეწყრული ზონა

სოფელში თერჯოლის მერის წარმომადგენელმა მამუკა გოგბერაშვილმა გვითხრა, რომ გზის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაცია მას შემდეგ გაგრძელდება, რაც დამეწყრილი ადგილი პრობლემა მოგვარდებაო. “ახლა გაკეთებულია პროექტი ამ მეწყერთან დაკაშირებით, მთის ფერდობია ჩამოსახსნელი, გასატანია. სანიაღვრე არხი უნდა მოეწყოს იმ პროექტის მიხედვით… წყლის პრობლემები აქვს მოსახლეობას და ის უნდა მოგვარდეს. სტიქიის თანხებს ველოდებოდით ცენტრალური ბიუჯეტიდან და გამოცხადდება ამაზე ტენდერი”, – დაგვპირდა გოგბერაშვილი. 

ამ მონაკვეთის შესაკეთებლად საჭირო პროექტი შპს “სანდომ” მოამზადა, რისთვისაც თერჯოლის მერიამ 11 900 ლარი 1 ოქტომბერს გადაუხადა. თუ სოფელში მერის წარმომადგენელს, მამუკა გოგბერაშვილს დავუჯერებთ, ამ ზათარში ამ პროექტის მიხედვით სამუშაოების დაწყება და ერთი კილომეტრის გაკეთება აღარ მოესწრება. გადადების მიზეზი ისიცაა, რომ ამ გზისთვის ფული აღარ აქვთ და ცენტრალური ბიუჯეტიდან ელიან შესაბამის თანხას. ჯერჯერობით, თავასა-თუზის დამაკავშრებელი გზის მოწყობა 291 931 ლარი დაჯდა.

თავასა-თუზის გზა, 2024 წლის 11 ნოემბერი
თავასა-თუზის გზა, 2024 წლის 11 ნოემბერი

თავის დროზე, 2021 წელს შპს “გმდ”-ს პროექტი სათანადოდ რომ დაეგეგმა, ადგილობრივებს ამ მეწყრული ზონის შესახებ დალაპარაკებოდა და გაეთვალისწინებინათ რისკები, ახლა ის 5-კილომეტრიანი გზა დაუსრულებელი არ იქნებოდა და არც თერჯოლის ბიუჯეტიდან გახდებოდა საჭირო დამატებით 12 000 ლარამდე დახარჯვა ახალ პროექტზე. 

ჩვენ თერჯოლის მერიას მივწერეთ და ვთხოვეთ, ახალი პროექტიც გამოეგზავნა და გეოლოგიური დასკვნაც, რომელიც თავასა-თუზის გზის რეაბილიტაციისთვის მოამზადეს. პასუხს ერთ თვეზე მეტია ველოდებით, მაგრამ ამ დრომდე არაფერი მოუწერიათ. გუშინ მერიის პრესამსახურსაც ველაპარაკეთ და წერილზე პასუხის გამოგზავნა შევახსენეთ. დაგვპირდა, გაგირკვევთო, თუმცა კომუნიკაცია ვეღარ გავაგრძელეთ – ზარზე აღარ გვიპასუხა. 

ჩვენ თვალს მივადევნებთ, როდის მიიყვანს მერია დაწყებულ საქმეს ბოლომდე და დამეწყრილ 1 კმ-ან გზასაც დააგებს.

მასალაში გამოყენებული წყაროები 

მასალის გამოყენების პირობები 

კომენტარები
Total
0
Shares
თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share