fbpx
ombutsmen 01

როგორ მოიპარა “ოცნებამ” სახალხო დამცველის ინსტიტუტი 

ავტორები: მანანა ღოღობერიძე, თამუნა ქიმაძე, ნინო აფაქიძე და შორენა ლაღაძე 

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების მეთვალყურე და ხელისუფლების ერთგვარი ზედამხედველია. ავლენს ვისი უფლება შეილახა, ვის მიერ, პოულობს გამოსავლის გზებსაც და თანამდებობის პირებს სიტუაციის გამოსწორებისკენ უბიძგებს. ეს ინსტიტუტი 28 წელია არსებობს და წესით, მთავრობისგან დამოუკიდებელია – ყოველ შემთხვევაში, ასე წერია მის მანდატში და ასე იყო 2000-ანი წლებიდან მოყოლებული, 5 ომბუდსმენის დროს. 

ბოლო ორი წელია, გვესმის საზოგადოების უკმაყოფილება, რომ ომბუდსმენის ისტორიულად კრიტიკული და დამოუკიდებელი ორგანო ხელისუფლებისადმი ლოიალური გახდა. მოქალაქეები ლევან იოსელიანს საყვედურობენ, რომ წინამორბედების გზიდან გადაუხვია და ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის პრობლემებზე “პირში წყალი ჩაიგუბა”. 

ახლანდელ სახალხო დამცველს ფეისბუქ პოსტებითაც ეძებენ ხოლმე, მაგალითად, ასე – “სად არის? გააღვიძეთ”; “ცისფერ მთებში რომ გივია, ეგაა! უნდა დავუკაკუნოთ და “გივი, ჩვენ ვართ, გივი” ვუთხრათ. შეიძლება გაგვიღოს …”; “ლევან? – პასუხი არ არის, ლევან? – პასუხი არ არის”; “მთელმა ქვეყანამ ხმა ვის მივეცით, ეგ გამოვაჩინეთ და სახალხო დამცველი – ვერა”. 

ლევან იოსელიანმა პირველი სამუშაო დღე სტვენის, კვერცხების სროლის და “მონა, მონა” შეძახილების ფონზე დაიწყო, ხალხის გული კი არჩევიდან ორი წლის თავზეც ვერ მოიგო. მიზეზი ისაა, რომ ის მოქალაქეების გასაჭირზე ან საერთოდ დუმს, ან დაგვიანებით რეაგირებს – ისიც, აბსტრაქტული, უმისამართო განცხადებებით. ანუ, პრობლემაზე მხოლოდ ირიბად საუბრობს, სახელებს და გვარებს არ ასახელებს და ბრალსაც არავის სდებს. არადა, ომბუდსმენისთვის ტრადიცია იყო ამის საპირისპირო, ე.წ დაასახელე და შეარცხვინე/Name and Shame პრინციპი.

Screenshot 2025 04 10 at 12.41.08 edited
აქცია ომბუდსმენის შენობასთან, წყარო: ლევან იოსელიანის ფეისუქი პოსტი, 2025 წლის 17 იანვარი

იოსელიანი არც კრიტიკის მიმღებლობით გამოირჩევა. პირიქით, მისი საქმიანობით უკმაყოფილო ხალხს ნიშნის მოგებით პასუხობს ხოლმე: მაგალითად, ასე – “რომელი ტელევიზიის ეთერში გამოვჩნდები, ნამდვილად არ შეგეკითხებით…”. ეს 2025 წლის 17 იანვარს დაპოსტა იმის ასახსნელად, რატომ იყო წინა დღეს ანტიდასავლურ, სიძულვილის გამავრცელებელ და პროპაგანდისტულ “პოსტვ”-ის ეთერში. 

გადავწყვიტეთ შეგვესწავლა, თუ მოქალაქეებს არა, მაშ ვის უსმენს და ვის “ჭკუაზე დადის” ეს ინსტიტუტი? ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ტრადიციულად კრიტიკულმა ორგანომ “ფერი იცვალა” და ხელისუფლების ზედამხედველის ნაცვლად, ნაწილობრივ, მისი თანამოაზრე გახდა. 

ამ კითხვებზე საპასუხოდ, ჩავიხედეთ ლევან იოსელიანის გუნდში, გავეცანით ვინ არიან მისი მოადგილეები, რა წარსული, კომპეტენცია და კავშირები აქვთ – როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებში. 

ორი თვის განმავლობაში, დოკუმენტურად გავაანალიზეთ და შევადარეთ ომბუდსმენის 2021-2025 წლების საქმიანობა – სათითაოდ ყველა ანგარიში, რეკომენდაცია, წინადადება, თუ ფეისბუქ პოსტი; ვესაუბრეთ სახალხო დამცველის ყოფილ თანამშრომლებს, ომბუდსმენთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების ძველ და ახალ წევრებს. შედეგად, გავარკვიეთ, რომ: 

  • სახალხო დამცველს და მის ორ მოადგილეს არ აქვს გამოცდილება და კომპეტენცია ადამიანის უფლებების მიმართულებით;
  • მოადგილეებს პირადი კავშირები აქვთ “ქართული ოცნების” ყოფილ თუ ახლანდელ წევრებთან;
  • ლევან იოსელიანის დროს, მოადგილეების როლი საჯაროობიდან გაქრა, კულუარულად კი პირიქით, გაძლიერდა; 
  • ბოლო ორი წელია, სახალხო დამცველის კრიტიკული ტონი შერბილდა, კრიტიკული დოკუმენტების (რეკომენდაციების/წინადადებების/სპეციალური ანგარიშების) რაოდენობამ და მოცულობამ კი მნიშვნელოვნად იკლო;
  • ბოლო ორი წელია, სახალხო დამცველი სამოქალაქო სექტორს ჩამოშორდა და მათ აზრს ძველებურად აღარ ისმენს;
  • ლევან იოსელიანის ხანაში, ფორმალური გახდა სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების არსებობაც – შეკრებები იშვიათად ან საერთოდ აღარ იმართება; 
  • პირველად, ომბუდსმენის ისტორიაში: ხელისუფლებას სახალხო დამცველს არც ებრძვის, არც აკრიტიკებს, პირიქით – მის განცხადებებს იწონებს და ზოგჯერ საკუთარი პოზიციების გასამყარებლად იმოწმებს; 

ვიდრე გეტყოდეთ, ვისი და რისი დამსახურებაა ომბუდსმენის ტონის შერბილება და ტრადიციული გზიდან გადახვევა, მოკლედ შეგახსენებთ ლევან იოსელიანის არჩევის პროცესს, რომელიც ორი წლის წინ, პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე მიმდინარეობდა. 

ლევან იოსელიანი ომბუდსმენად – ევროკავშირის “შესრულებული” რეკომენდაცია 

“ოცნების” ხელისუფლება აღარ მალავს, რომ ევროპისკენ მიმავალ გზებს კეტავს, თუმცა ადრე ასე არ იყო. ორი-სამი წლის წინ ომახიანად გვპირდებოდნენ, ყველაფერს ვიზამთ, რომ ევროკავშირში მიგვიღონო. ამ მიზანს ემსახურებოდა 12-დან მე-12 რეკომენდაციის შესრულება და დამოუკიდებელი ომბუდსმენის არჩევაც.

საქმე ისაა, რომ უმცირესობა და უმრავლესობა ომბუდსმენობის 19 მსურველიდან ვერც ერთზე შეთანხმდა, მაღალი ნდობისა და კომპეტენციის კანდიდატები პროცესს მიღმა დარჩნენ, ახალი სახალხო დამცველი კი კონკურსის გარეშე აირჩიეს. თუმცა, ასარჩევიც არაფერი იყო, ლევან იოსელიანს ამ პროცესში მოწინააღმდეგე არც ჰყოლია. 

ეს პუნქტი “გავამწვანეთ”, ევროკავშირმაც ჩაგვითვალა, მაგრამ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. მათ შორის, რამდენად მიუკერძოებელი იქნებოდა პირდაპირ პოლიტიკიდან მოსული ომბუდსმენი.

იოსელიანი პარლამენტის უმრავლესობამ და უმცირესობამ ერთხმად აირჩია. (96 მომხრე, 0 წინააღმდეგი, 4- მა თავი შეიკავა, 39 არ ესწრებოდა). მას“ქართული ოცნების” 73 დეპუტატთან ერთად მიემხრო ოპოზიციაც – “გირჩი”, “მოქალაქეები”, “ევროპელი სოციალისტები”, დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია; ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია “რეფორმების ჯგფიდან”.

0703LevanIoseliani
ლევან იოსეილანი სიტყვით გამოდის არჩევის შემდეგ,
2023 წლის 7 მარტი, ფოტო: civil.ge

ლევან იოსელიანი პროფესიით იურისტია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩიკაგო-კენტის სკოლაში სამართალი ისწავლა, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში/gipa კი მენეჯმენტი. 1999-2001 წლებში იყო საქართველოს და თიბისი ბანკის მთავარი იურისტი, შემდეგი 15 წელი კი თავისივე დაფუძნებულ იურიდიულ კომპანიებში მუშაობდა.

ლევან იოსელიანი პროფესიით იურისტი კი არის, მაგრამ ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არ აქვს. არადა, როგორც გვიხსნიან, ამ თანამდებობის წარმატებით გაძღოლას სწორედ ადამიანის უფლებების კარგი სცოდნა სჭირდება. 

“მისი განცხადებებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე ეტყობა, რომ ადამიანის უფლებების ცოდნა ნამდვილად არ აქვს. ადამიანის უფლებების მიმართულებით იურისტი გულისხმობს, მაგალითად,  ადამიანის უფლებების სამართლის, შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის ცოდნას. ამის გარეშე არაპროფესიონალი გამოდიხარ. ლევან იოსელიანს არც ადამიანის უფლებების მხრივ აქტივიზმის გამოცდილება აქვს. ასეთ დროს, ძალიან რთულია, რომ იყო რიგითი ჩინოვნიკის პერსპექტივით განმსჭვალული ადამიანი და ეს დააკომპენსირო მოადგილეების პროფესიონალიზმით. მით უმეტეს, რომ არც მოადგილეებს აქვთ ადამიანის უფლებების კუთხით გამოცდილება”,- გვიხსნის ომბუდსმენის ყოფილი მოადგილე, უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე.

იოსელიანი პოლიტიკაში 2014 წელს გამოჩნდა, როცა საკრებულოს არჩევნებში ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო, 2019 წელს კი თავად იყარა კენჭი მთაწმინდის მაჟორიტარად. როგორც თავად ამბობს, პოლიტიკის მიმართ ინტერესი არ ჰქონია და ამ ამბავში ელისაშვილმა “ჩაითრია”.

და ლევანი წყარო ნეტგაზეთი 26.10.2020
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, 2020 წლის ოქტომბერი, ფოტო: ნეტგაზეთი

აქვე გეტყვით, რომ გვსურდა ინტერვიუს ჩაწერა ლევან იოსელიანის მეგობარ და ყოფილ თანაგუნდელ ალეკო ელისაშვილთან, მაგრამ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, კონტაქტზე არ გამოვიდა. 

იოსელიანი პარლამენტში მოხვდა “მოქალაქეების” სიით, 2021 წლის იანვარში. ამ ნაბიჯს მაშინდელი ოპოზიციის ნაწილი “ქართულ ოცნებასთან გარიგებად” აღიქვამდა, რადგან დანარჩენი პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებდნენ და მანდატებზე უარს ამბობდნენ. დეპუტატობიდან ერთ კვირაში, იოსელიანი ვიცე-სპიკერი გახდა და ამ პოსტზე იყო ომბუდსმენობამდე. 

“ოცნების” სასურველი გუნდი იოსელიანის გარემოცვაში 

ლევან იოსელიანს სამი მოადგილე ჰყავს – თამარ გვარამაძე, ელენე ღუდუშაური და ირინე ჩიხლაძე.

რა ვიცით თამარ გვარამაძეზე?

და იოსელიანი 26.02.2025 წყარო ფეისბუქ გვერდი
თამარ გვარამაძე და ლევან იოსელიანი, 2025 წლის თებერვლის ფორო, წყარო: ომბუდსმენის ფეისბუქი

ის პირველი და ე.წ ადმინისტრაციული მოადგილეა და უძღვება აპარატის მუშაობას, განსაკუთრებით, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ის არის ერთადერთი, რომელიც ომბუდსმენის ადმინისტრაციულ რგოლში ნინო ლომჯარიას წასვლის შემდეგ დარჩა, ან დატოვეს.

როგორც გავარკვიეთ, ლევან იოსელიანმა სამსახურში მისვლიდან მეორე დღესვე იცოდა, რომ მოადგილეებს ცვლიდა – ყველას, გარდა თამარ გვარამაძისა. ეს ამბავი უფლებადამცველებს საეჭვოდ ეჩვენათ, რადგან როგორც წესი, ახალ სახალხო დამცველებს ძველი ადმინისტრაციიდან კადრები  არ გადმოჰყვებათ ხოლმე. ეს ერთადერთხელ მოხდა, როცა ნინო ლომჯარიამ გუნდში დაიტოვა უჩა ნანუაშვილის მოადგილე ეკატერინე სხილაძე. თუმცა, ამ გადაწყვეტილებაზე თვეზე მეტი ფიქრობდა.

“მოადგილეების ვადა, როგორც წესი, სახალხო დამცველთან ერთად იწურება. თამარი ლევანის თხოვნით დარჩა, დანარჩენები წამოვედით[…] ადამიანი წინა საღამოს აირჩიეს, კვერცხები ესროლეს და 8 მარტს ამბობს, რომ მას უკვე ჰყავს მოადგილეები. სამსახურში უკვე “სიით” მოვიდა. ეგ იყო გადამწყვეტი მანიშნებელი იმისა, რომ სხვა დღის წესრიგი ჰქონდა…”,- იხსენებს ეკატერინე სხილაძე, რომელიც 2016-2022 წლებში ომბუდსმენის მოადგილე იყო. 

თამარ გვარამაძეს 17-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს ადამიანის უფლებათა სფეროში, არის სამართლის დოქტორი და თსუ-ს პროფესორი. 2014-2016 წლებში იყო სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, 2017-2022 წლებში კი ევროპის ადამიანის უფლებათა ცენტრის საერთაშორისო კომიტეტის/ehrac და საიას გამგეობის წევრი. 

ნინო ლომჯარია და მისი მოადგილეები: მარცხნიდან, თამარ გვარამაძე, მარჯვნივ – გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე, ფოტო: ომბუდსმენის ვებგვერდი, 2018 წლის იანვარი

როგორც ეკატერინე სხილაძე გვიყვება, თამარ გვარამაძე არასოდეს გამოირჩეოდა მმართველი პარტიის მიმართ განსაკუთრებული კრიტიკულობით – არც საჯაროდ, არც კულუარულად:

“თამარი არც საჯარო პოზიციონირებით გამოირჩევა, ვერ ნახავთ მის განცხადებებს. არსად ჩანდა, არც აქციებზე დადიოდა. არასდროს იყო დისკომფორტის შემქმნელი ფიგურა. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მგონია, ახლა რაც ხდება იმას იწონებდეს თამარი, მაგრამ რატომ არ აკეთებს განსხვავებულად რაიმეს, არ ვიცი, ეს მისი პირადი არჩევანია… მე კულუარული ინფორმაციით რაც ვიცი, ძირითადად, პროპაგანდისტული გავლენები აქვს, აი, მაგალითად, განცხადებების ტექსტის შერბილება, რაღაც ფაქტებზე არ გამოხმაურება… “

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე გვიმხელს, რომ მისი ინფორმაციით, გვარამაძე მოადგილეების ერთგვარი “უფროსი” გახდა და მათ საქმიანობას აკონტროლებს. თანაც, ამან სავალდებულო ხასიათი მიიღო, რაც ადრე არასოდეს მომხდარა: 

“თამარი ეცნობა ყველა რეკომენდაციას, ყველა წინადადებას, ყველა სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მე თუ რეკომენდაცია/წინადადებას, სასამართლო მეგობრის მოსაზრებას, სარჩელს ვამზადებდი, პასუხისმგებელი ვიყავი მე და წარვუდგენდი სახალხო დამცველს. თამარ გვარამაძე საერთოდ არ იყო ჩართული. ახლა, ყველაფერი, რასაც კი სახალხო დამცველის მოადგილეები აკეთებენ, თამარ გვარამაძესთანაც გადის სავალდებულო ბარიერს. ეს მიანიშნებს, რომ ამ ადამიანს არაფორმალური გავლენა აქვს აპარატში…დებულებაში წერია, რომ სახალხო დამცველს ემორჩილება მოადგილეები, ხოლო პირველ მოადგილეს დამატებით აბარია ლოჯისტიკა და ფინანსები. პირველი მოადგილე რომ სხვების უფროსია, ამ ჩანაწეს დებულებაში ნახავთ. 

რა ვიცით ირინე ჩიხლაძეზე და ელენე ღუდუშაურზე? 

2024 წლის იანვრიდან, ომბუდსმენის მოადგილეა ირინე ჩიხლაძე. მან ამ პოსტზე ნათია ჯულაყიძე ჩაანაცვლა, რომელიც იოსელიანის თანაგუნდელის და მეგობრის, ალეკო ელისაშვილის დის შვილია. ნეპოტიზმზე საზოგადოების გაბრაზებიდან რამდენიმე თვეში ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა. 

და იოსელიანი 27.11.2024 წყარო ფეისბუქ გვერდი
ირინე ჩიხლაძე და ლევან იოსელიანი, ფოტო: 2024 წლის ნოემბერი, წყარო: ომბუდსმენის ფეისბუქ გვერდი

ირინე ჩიხლაძე ზედამხვედველობს შშმ პირების, ბავშვთა უფლებების, თანასწორობის დეპარტამენტს და რეგიონულ სამმართველოს. მისი სანაცნობო წრე რომ შევისწავლეთ აღმოჩნდა, რომ მმართველი პარტიის ლიდერებთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს. მაგალითად, 2013 წლიდან მეგობრობს ანრი ოხანაშვილთან და მის მეუღლესთან, მაკა ხოდელთან. ხოდელი ამასთანავე ირაკლი კობახიძის ცოლის, ნატალია მოწონელიძის ნათესავია. 

როგორც ჩანს, ირინეს კარგად იცნობს და ემეგობრება თეა ჯუღელიც, ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე. ირინე ჩიხლაძის სანაცნობო წრეშია თეა კობახიძე, ოლიგარქ ივანიშვილის დისშვილი. ის გერმანიაში ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელობდა მაშინ, როცა ირინე იქ სწავლობდა. ფეისბუქ პოსტებით თუ ვიმსჯელებთ, მათაც თბილი ურთიერთობა აქვთ. 

ჩიხლაძე პროფესიით იურისტი და საჯარო სამართლის დოქტორია. მუშაობს ლექტორად, კონკურენციის და ევროპის სამართლის მიმართულებით. რაც შეეხება გამოცდილებას, ომბუდსმენის აპარატში  მოსვლამდე  “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ჯერ დირექტორის მრჩეველი, შემდეგ კი პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი იყო. იქამდე, გერმანიაში, ბავარიის სადაზღვევო პალატის ტერორიზმთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის დეპარტამენტში მუშაობდა, იყო გერმანიაში ქართველთა გაერთიანების გამგეობის წევრიც და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდა ელჩი გერმანიაში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სსიპ კონკურენციის სააგენტოში, პარლამენტის ბიუროს აპარატში, იუსტიციის სამინისტროსა და უზენაეს სასამართლოში.

მიუხედავად მრავალფეროვანი გამოცდილებისა, ირინე ჩიხლაძეს ომბუდსმენის მოადგილეობისთვის შეუფერებელ კადრად მიიჩნევენ იმის გამო, რომ მას ადამიანის უფლებების მიმართულებით არასოდეს უმუშავია. 

“მაგ პოზიციაზე როგორ მოხვდა, ცოტა გაუგებარია ჩემთვის. ირინე არ იყო ადამიანის უფლებებში ჩართული და ცოტა გამიკვირდა, როგორ მოხვდა ამ ‘ბაბლში’. იურისტი კი იყო, მაგრამ ასე მაინცადამაინც ადამიანის უფლებების კუთხით, არა. ისედაც არ გამოირჩეოდა დიდად არასამთავრობოებთან ურთიერთობის კუთხით ან აქტივიზმით და ამიტომ იყო მოულოდნელი ჩემთვის “, – გაიხსენა ირინეს ყოფილმა თანამშრომელმა, თუმცა ვინაობის გამხელა არ ისურვა. 

“ამ ორ მოადგილეს [ჩიხლაძეს და ღუდუშაურს] ადამიანის უფლებების კუთხით ნულოვანი გამოცდილება აქვთ. ძალიან რთულია, რომ ასეთი უფროსი გყავდეს, იმ ფონზე, როცა სახალხო დამცველის აპარატში არის ბევრი ისეთი პროფესიონალი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ადამიანის უფლებებს მიუძღვნა”, – გვითხრა გიორგი ბურჯანაძემ. ის 2018-2023 წლებში სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მოადგილე იყო.

“არ შეიძლება თანასწორობა, გენდერის საკითხები, შშმ პირთა უფლებები ისეთ ადამიანს ებაროს, რომელსაც არ უმუშავია ამ საკითხებზე და არ აქვს მგრძნობელობა. ეს იყო ჩემთვის პირველი სიგნალი და წუხილი. ჩემი მიმართულებით ახლა არის ირინე ჩიხლაძე, მასაც არანაირი კვალიფიკაცია არა აქვს [ადამიანის უფლებების კუთხით]… მე პირადად ძალიან გამიხარდებოდა კარგი მოადგილე რომ ჰყოლოდა ჩემი მიმართულებით. ლევან იოსელიანს პირად მესიჯშიც მივწერე, რომ უბრალოდ სირცხვილია რაც ეხლა გააკეთეთ-მეთქი. მადლობა მოსაზრებისთვისო, ასე მომწერა…”, – იხსნებეს ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველების ყოფილი მოადგილე. 

ღუდუშაური და იოსელიანი 27.07.2024 წყარო ფეისბუქ გვერდი
ელენე ღუდუშაური და ლევან იოსელიანი, 2024 წლის ივლისი,
ფოტო: ომბუდსმენის ფეისბუქი

ლევან იოსელიანის მესამე მოადგილეა ელენე ღუდუშაური. ის ზედამხედველობს სისხლის სამართლის, სტრატეგიული სამართალწარმოების, ანალიტიკის და ადამიანის უფლებათა სწავლების მიმართულებებს. 

ღუდუშაური პროფესიით სამართალმცოდნეა, სახალხო დამცველის მოადგილეობამდე, მუშაობდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოში, 2015–2021 წლებში იყო თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სამდივნოს, პირველი კატეგორიის მესამე რანგის უფროსი სპეციალისტი. უფრო ადრე კი, 2012-2015 წლებში “k & k ქონსალთინგის” იურისტი იყო. ეს იურიდიული ფირმა “ქართული ოცნების” წევრსა და ყოფილ პარლამენტარს, ზაქარია ქუცნაშვილს ეკუთვნის. 

შეგვიძლია ვქვათ, რომ ადამიანის უფლებების მხრივ გამოცდილი არც ეს მოადგილეა. საკრებულოს კომისიაში იყო, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, იქ მხოლოდ მერიის ინიციირებული საკითხების კანონთან შესაბამისობას ადგენდა, რადგან ამ კომისიის წევრებს, მით უმეტეს, მესამე რანგის სპეციალისტებს ადამიანის უფლებების ადვოკატირება ან ქვეყანაში უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა არ ევალებათ. 

მოადგილეები კადრს მიღმა 

ლევან იოსელიანის პირობებში ახალი პრაქტიკაა ისიც, რომ მისი მოადგილეები, ფაქტობრივად, კადრს მიღმა მუშაობენ, მედიასთან იშვიათად ჩნდებიან და საჯარო განცხადებებს არ აკეთებენ. მათი წინამორბედები სხვაგვარად იქცეოდნენ – მაგალითად, ნინო ლომჯარიას მოადგილეები გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე ბრიფინგებსაც აწყობდნენ, სატელევიზო გადაცემებსაც სტუმრობდნენ, მათ შორის, პირისპირ, ვრცელი ინტერვიუებით. ისინი არ ერიდებოდნენ გახმაურებულ თემებზე ხელისუფლების მწვავე კრიტიკას, მაგალითად, ფარულ მიყურადებაზე, გაჭიანურებულ გამოძიებებზე თუ შეკრება-მანიფესტაციის დროს მოქალაქეების უფლებების უხეშ დარღვევაზე. 

რაც შეეხება ახლანდელ მოადგილეებს, ელენე ღუდუშაური თითქმის არასდროს ჩნდება სატელევიზიო სივრცეში და არც ონლაინ მედიაში. ჩვენ მისი მხოლოდ ერთი ონლაინ ინტერვიუ ვიპოვეთ. ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული 60-ზე მეტი სინდისის პატიმარი, ადმინისტრაციული საქმე აღუძრეს 1600-ზე მეტ პირს და დემონსტრანტების წინააღმდეგ უკვე 2 მილიონი ლარის ჯარიმებია გამოწერილი. ამ საკითხებით დაინტერესება პირდაპირ ელენე ღუდუშაურის კომპეტენციაა, თუმცა მას დღემდე არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებია. 2024 წელს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე განცხადება არ გაუკეთებია არც პირველ მოადგილეს, თამარ გვარამაძეს. 

ირინე ჩიხლაძე კი სატელევიზიო ეთერში არც ერთხელ გვინახავს. ვიპოვეთ მისი მხოლოდ ერთი ინტერვიუ, “ბიემჯის” ონლაინ გადაცემაში – საუბრობდა ბავშვთა სიღარიბის ზრდასა და აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი მანდატი გენდერისა და თანასწორობის საკითხების ზედამხედველობას გულისხმობს, ამ თემებზე ჩიხლაძის ერთი მედია კომენტარიც ვერ ვიპოვეთ. ეს იმ ფონზე, როცა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ კანონმდებლობიდან გააქრო „სიტყვა “გენდერი და სანაცვლოდ, შემოიღო ანტი ლგბტქ+ საკანონმდებლო პაკეტი.

saxalxo damcveli

(სახალხო დამცველის და მისი მოადგილეების ყველა მნიშვნელოვანი ინტერვიუ ქვეყნდება და ზიარდება ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ამიტომ , ჩვენი სტატისტიკა ეყრდნობა მხოლოდ სახალხო დამცველის ფეისბუქ ზე გამოქვეყნებულ/გაზიარებულ პოსტებს და არა ყველა მედიის მონიტორინგს. ) 

რა მოხდა “ისტორიაში პირველად” იოსელიანის ხანაში? 

ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის პერიოდზე მსჯელობისას, ჩვენი რესპოდენტები ხშირად ამბობენ –  “ისტორიაში პირველად”, “ანომალია”, “რაც აქამდე არასოდეს მომხდარა”, მაგალითად, პირველი შემთხვევაა, როცა წლიური საპარლამენტო ანგარიშის წარდგენის შემდეგ ომბუდსმენმა არ მოაწყო პრესკონფერენცია.

“ეს ინსტიტუტი ყოველთვის სუპერკრიტიკული იყო და ამით გამოირჩეოდა. ახლა კი, სახალხო დამცველმა ანგარიში აიღო და ‘დაატყეპა’ ვებგვერდზე. ასე, მშიშრად დადო განცხადება და გაიპარა, თითქოს თავისი ვალი მოიხადა და დაასრულა ყველაფერი. თან, ასეთ წელთან დაკავშირებით, წამება, არჩევნების გაყალბება, რა დარღვევა გინდა, სულო და გულო, რომ არ ყოფილიყო”, – გვითხრა გიორგი ბურჯანაძემ. 

ასევე, პირველად ამ ინსტიტუტის არსებობისას, ბიუჯეტი 40%-ით გაიზარდა, სახალხო დამცველის ანაზღაურება კი თითქმის გაორმაგდა. სიახლეა ისიც, რომ თანამშრომლები ომბუდსმენს ერთგვარად გაემიჯნენ და მისგან დამოუკიდებელი საჯარო განცხადებების კეთება დაიწყეს.

saxalxo damcveli 04
saxalxo damcveli 03

პირველია ისიც, რომ ხელისუფლება ომბუდსმენს კიარ ერჩის, პირიქით, მის საქმიანობას იწონებს და იმოწმებს იმის არგუმენტად, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ გაუარესებულა. ასე მოიქცა პარლამენტარი გივი მიქანაძე 2025 წლის 29 იანვარს, “ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (pace) ზამთრის სესიის მეექვსე სხდომაზე, არჩევნების გაყალბებაზე საუბრისას. 

“საუბრის ბოლოს მინდა მოვიყვანო ქართველი ომბუდსმენის ციტატა, რომელმაც ახლახან განაცხადა… არ ვიცი, უკვე რამდენი თვე გავიდა არჩევნების შემდეგ, უნდა იყოს რამე თუნდაც გაყალბების საბაზისო მტკიცებულება რომ საზოგადოებამ ეს დაიჯეროს…”. 

… კუ და მორიელის იგავივით, სახალხო დამცველი იმ გვარის არის, რომ ის არ უნდა უყვარდეს ხელისუფლებას. თუ ის ხელისუფალს უყვარს, ცუდი სახალხო დამცველია. იოსელიანი ორ წელზე მეტია ომბუდსმენია და მის მიმართ ‘ოცნების’ ერთ კრიტიკულ განცხადებას ვერ მანახებთ. გარდა ამისა, სამთავრობო მედიები აქტიურად აშუქებენ და თვითონაც აქტიურად სტუმრობს მათ ”,- ფიქრობს გიორგი ბურჯანაძე.

saxalxo damcveli 02

ლევან იოსელიანი რომ მისი წინამორბედების კვალს არ მიჰყვება და ხელისუფლების ჩასაფრების ნაცვლად, მათი მაამებელი გახდა, ეს ომბუდსმენის ფეისბუქ გვერდის და საიტის ანალიზითაც ჩანს. 

2018-2025 წლების ყველა პოსტს და სიახლეს გავეცანით. შედეგად, გამოიკვეთა, რომ ნინო ლომჯარია ხელისუფლებას ხშირად აკონტროლებდა და აკრიტიკებდა, თანაც ისე, რომ არც სახელებისა და გვარების ხსენებას ერიდებოდა; თვალყურს ადევნებდა გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებს და მათ დროულ გამოძიებას ითხოვდა – მაგალითად, ხორავას ქუჩის და ბაჩალიაშვილის მკვლელობებზე. გარდა იმისა, რომ ნინო ლომჯარია მხარს უჭერდა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს, თავადაც არ უშინდებოდა მოქალაქებთან ერთად პროტესტზე დგომას, რასაც ლევან იოსელიანზე ვერ ვიტყვით. 

ამის საპირისპიროდ, იოსელიანის განცხადებები თუ პოსტები ნაკლებად შეიცავს მწვავე კრიტიკას და მოწოდებებს კონკრეტული პირების დასჯისკენ. მეტიც, 28-29 ნოემბრის ღამიდან მოყოლებული,  “გარუსების წინააღმდეგ” აქციების სასტიკი დარბევა და მოქალაქეების წამება მან ბრიფინგზე მხოლოდ ერთი კვირის თავზე, 5 დეკემბერს შეაფასა. პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობა და გამოძიების მნიშვნელობა კი ახსენა, მაგრამ ბრიფინგი ამ სიტყვებით დაიწყო:

“პოლარიზაციამ და დაპირისპირებამ უაღრესად საშიშ ნიშნულს მიაღწია. საქართველო პატარა ქვეყანაა, პატარა საზოგადოება ვართ და ასეთ პირობებში დაპირისპირება სოციუმის ყველა რგოლში აღწევს… პირველ რიგში, პასუხისმგებლობა გააჩნია ხელისუფლებას[…] განსაკუთრებული როლი აკისრია მედიას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების აზრის ფორმირებას… “ მიმდინარე აქციებს ვრცლად თითქმის ოთხი თვის თავზე, 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშში ისაუბრა. 

როგორ შესუსტდა სახალხო დამცველის, როგორც მაკონტროლებლის როლი : 2021-2024 წლების შედარებითი ანალიზი 

სახალხო დამცველს სადამსჯელო ფუნქციები არ აქვს. მას შეუძლია ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მოიწონოს ან დაიწუნოს. ამისთვის ომბუდსმენი აწყობს ბრიფინგებს, ამზადებს და აქვეყნებს რეკომენდაციებს, წინადადებებს, ზოგად წინადადებებს, სპეციალურ და საქმიანობის ანგარიშებს. 

ყველა ეს განცხადება თუ დოკუმენტი რომ შევისწავლეთ და 2021-2022 წლები 2023-2024-ს შევადარეთ, გამოიკვეთა: ლევან იოსელიანის დროს კრიტიკული დოკუმენტების რაოდენობამ იკლო, ხოლო ტექსტის ენა შერბილდა; დღის წესრიგიდან თანდათან გაქრა, მაგალითად, ლგბტ ადამიანების უფლებები და პოლიციელების პროფესიული გადაცდომები; შემცირდა კრიტიკული ტექსტების მოცულობაც.

saxalxo damcveli 05

ნინო ლომჯარიას დროს, რეკომენდაციებსა და წინადადებებში პრიორიტეტი იყო პოლიციისა და პროკურატურის გადაცდომების გამოვლენა. ამ მიზნით, ის მიმართავდა შსს-ს, გენერალურ ინსპექციას და პენიტენციურ დაწესებულებებს. ლევან იოსელიანის დროს გამოქვეყნებულ რეკომენდაციებსა და წინადადებებში კი ეს არსად ჩანს.

სახალხო დამცველი ამზადებს „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“ სპეციალური ანგარიშებს. ეს დოკუმენტები ერთმანეთს რომ შევადარეთ, ლევან იოსელიანის დროს ტონის და ლექსიკის აშკარა შერბილება გამოიკვეთა. მაგალითად, 2021 წლის ანგარიშში ახალხო დამცველი “პრაიდ კვირეულის” ჩაშლასა და “ღირსების მარშის” დარბევაზე პასუხისმგებლობას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც აკისრებდა და დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვდა. 

“სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას და თანამდებობის პირებს[… ] დაუსჯელობის განცდისა და მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, უზრუნველყოს 5 ივლისს მომხდარი ყველა დანაშაულის მყისიერი და ეფექტიანი გამოძიება”, – ვკითხულობთ 2021 წლის ანგარიშში.

2023 წლის 8 ივლისს, ლისის ტბაზე “თბილისი პრაიდის” ფესტივალი ძალადობრივმა ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებმა დაარბიეს, პოლიციამ კი ეს ფაქტი არ აღკვეთა. ეს ამბავი ომბუდსმენის ანგარიშში აისახა, მაგრამ პასუხისმგებელ პირებზე ან გამოძიებაზე ერთი სიტყვაც არაა ნახსენები. 

“… 8 ივლისს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლგბტ+ თემის დაცვა, ამ მასშტაბის ძალადობის და დისკრიმინაციის მხოლოდ საპოლიციო ძალების გამოყენებით შეჩერება შეუძლებელია და ხშირად – არასაკმარისიც…”, – ამონარიდი ანგარიშიდან. 

486598387 1198634864964418 2923614032662259197 n
სამუშაო შეხვედრა მედიასთან, 2025 წლის 24 მარტს
ფოტო: ომბუდსმენის ფეისბუქი

ომბუდსმენის კიდევ ერთი ბერკეტია წელიწადში ერთხელ, საპარლამენტო ანგარიშების მომზადება. მათი შინაარსი და ტონი ნინო ლომჯარიას და ლევან იოსელიანის დროს ერთმანეთისგან მკვეთრად არ განსხვავდება. ბოლო ანგარიში იოსელიანმა 2 აპრილს გამოაქვეყნა, რომელშიც მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები კრიტიკულად შეაფასა, გამოიყენა სიტყვებიც – “წამება” და “არაადამიანური მოპყრობა”. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელ ანგარიშს მწვავე კრიტიკა არ აკლია, ლევან იოსელიანს, ჯერჯერობით, მისი დეტალური განხილვა და ტრადიციული პრესკონფერენცია არ მოუწყვია. წინასწარ, 24 მარტს მოაწყვეს მხოლოდ სამუშაო შეხვედრა. 

როგორ დაშორდა სახალხო დამცველი სამოქალაქო სექტორს 

ასევე უჩვეულო პრაქტიკაა, რომ იოსელიანს ხალხის გარდა სამოქალაქო სექტორიც ეძებს. არადა, იქამდე, სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობაში იყო. 

როგორც ჩანს, ლევან იოსელიანის პერიოდში, სახალხო დამცველის დღის წესრიგიდან გაქრა ლგბტქ+ ადამიანების უფლებების საკითხები. ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებში იხსენებენ, რომ ახლანდელ ომბუდსმენს ერთი-ორჯერ შეხვდნენ, მაგრამ არაფრისმომცემი და უშედეგო საუბარი ჰქონდათ. როგორც “პრაიდის” დირექტორი თათა ჯაყელი გვიყვება, ქვიარ თემისთვის სახალხო დამცველი იყო უკანასკნელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელის იმედიც ჰქონდათ, ახლა კი “ყველა ხიდი ჩატეხილია”:

სულ რაღაც ორი შეხვედრა გვქონდა, პირველი – დაახლოებით, საათნახევრიანი, გაცნობითი შეხვედრა. გავაცანით საჭიროებები, კრიტიკული შეკითხვები დავუსვით, მანაც გვიპასუხა, მაგრამ ეს არ იყო თანამშრომლობითი, უფრო საბაზისო პასუხებს გვცემდა, რომელმაც კმაყოფილების განცდა არ მოგვგვარა არანაირიად. მეორე შეხვედრაზე ყველას 5 წუთი გვქონდა, რომ გვესაუბრა, როგორ რთულ მდგომარეობაშია ახლა ქვიარ თემი ანტი-ლგბტ კანონის გამო და რას ველით სახალხო დამცველისგან. შემდეგ იოსელიანმა ისაუბრა 10 წუთი, რომ რომ თვითონ ვერ იპოზიციონირებს ამ კანონზე ხისტად. მისი პერსპექტივაა, რომ უნდა იყოს უფრო თანამშრომლობით რეჟიმში მთავრობასთან… იოსელიანამდე გვეგულებოდა ჩვენს მოკავშირე ინსტიტუტად, ახლა კი იმდენად გამოფიტულია, ალბათ, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გვექნება მისი იმედი. თუ გვცემენ და იძალადებენ ჩვენზე, კიდევ შეიძლება, რომ მივმართოთ…”

წარსულში სახალხო დამცველის აპარატი დასაყრდენად ეგულებოდა ორგანიზაცია WISG/ქალების ინიციტივების მხარდამჭერ ჯგუფსაც. მისი დირექტორი ეკა წერეთელი გვეუბნება, რომ ამ ინსტიტუტისგან ახლა მხარდაჭერის ნაცვლად, საფრთხეს ელიან:

“როცა დაინიშნა ლევანი, გვქონდა შეხვედრის შესაძლებლობა, მაგრამ საკმაოდ ცუდი გამოდგა. იოსელიანი არ გამოირჩეოდა არც სენსიტიურობით, არც მზაობით, რომ რამეში დაგვხმარებოდა… მან ძირითად პრიორიტეტად გამოყო სოციალურ-ეკონომიკური საკითხები და მიგვახვედრა, რომ მაგის მიღმა თავის მანდატს ვერ ხედავდა. ნოემბრის დასაწყისში შევხვდით ამ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით [ანტი-ლგბტ], მაგრამ უშედეგოდ. არანაირი მზაობა, არანაირი აღქმა სიტუაციის სირთულის. როცა ავტრორიტარიზმისკენ მიდის სახელმწიფო, ვერც ერთი მისი განშტოება ვერ იქნება კრიტიკული სახელმწიფო საქმიანობის მიმართ. ამ პოლიტიკის ნაწილი გახდა სახალხო დამცველიც”. 

გაუარესდა და შეიზღუდა სახალხო დამცველის თანამშრომლობა საკონსულტაციო საბჭოებთანაც. ეს საბჭოები არსებობს იმისთვის, რომ ომბუდსმენმა სფეროს სპეციალისტებისგან მოისმინოს რჩევები, ერთად იმსჯელონ პრობლემებზე და დაგეგმონ გამოსავლის გზები. იურისტი გურამ იმნაძე ოთხი წელია პრევენციის ეროვნული მექანიზმის საბჭოშია. მისი თქმით, ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი საზოგადოების ხელში, რომ ციხეებში პატიმრების უფლებების დარღვევას დააკვირდნენ და დოკუმენტურად აღწერონ.

“თუკი წინა წლებში, რეგულარული ხასიათი ჰქონდა საკონსულტაციო ჯგუფის შეკრებას და ეს, როგორც წესი , ხდებოდა ხოლმე ონლაინ, დისტანციურად, მოქმედი სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მმართველობის პერიოდში მსგავსი შეხვედრა არ მახსენდება, უფრო სწორედ არც გამართულა”, – გვითხრა გურამ იმნაძემ. 

შშმ პირთა უფლებების დაცვაზე მუშაობს “შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო”. გია კაკაჩია ამ საბჭოს წევრი იყო 3 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ომბუდსმენის დროს. 2024 წლის ნოემბერში კი მან საბჭო დატოვა, როგორც გვეუბნება, იქ ყოფნის აზრს ვეღარ ვხედავდიო. კაკაჩიას დაკვირვებით, საბჭოს მუშაობას ბოლო წლებში შინაარსი გამოეცალა, გადაიქცა ფორმალობად, “შეხვედრა შეხვედრისთვის”. თუ ადრე 2-3-დღიანი დისკუსიებს მართავდნენ, იოსელიანის სახალხო დამცველობის დროს მხოლოდ 2-საათიანი, ზედაპირული შეხვედრა შედგა.

“ძალიან ზოგადი შეხვედრა იყო, თვითონ იოსელიანი არ ესწრებოდა, ესწრებოდა მისი მოადგილე, ირინე ჩიხლაძე. იყო ძალიან ზოგადი განხილვა, შეზღუდული დღის წესრიგით, ლიმიტირებულ დროში. ფაქტობრივად, ჩატარდა შეხვედრა შეხვედრის გამო… ფაქტობრივად, ამ ფორმატმა ამოწურა თავისი რესურსი, რეაგირება არაფერზე არ ხდება და ზრდილობის გამო გეძახიან, კვარტალში ერთხელ. 

ბუნებრივია, ლევან იოსელიანთან და მის მოადგილეებთან ბევრი შეკითხვა დაგვიგროვდა და პრესსამსახურს მათთან ინტერვიუ ვთხოვეთ. კითხვები წერილობით გაგვაგზავნინა და პასუხს დაგვპირდა, თუმცა, ჯერჯერობით, რეაგირება არ ჩანს. პრესსამსახურმა მოგვწერა, “ჯერ არ მაქვს თანხმობა, თუ მექნება შეგეხმიანებითო”. სტატიის გამოქვეყნების წინ თავი კიდევ ერთხელ შევახსენეთ, მაგრამ უშედეგოდ. 

მასალაში გამოყენებული წყაროები 

მასალის გამოყენების პირობები 

კომენტარები
Total
0
Shares
თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share