fbpx
cover gharibashvili

მთავრობა, როგორც რუსული დეზინფორმაციის გამტარი

ავტორები: ია ასათიანი, მარიამ კაჭკაჭაშვილი, ნათია მიხელიძე

“უკრაინამ ომი თავიდან ვერ აირიდა,” – ამ ნარატივს ერთნაირად აჟღერებს რუსული პროპაგანდისტული მედია Ria Novosti, პრორუსული “ალტ-ინფო,”  “ქართული ოცნება” და საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

“ამ ომით, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ იქნა შეკავებული და თავიდან აცილებული, ყველაზე მეტად დაზარალდება უკრაინა, როგორც სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინელი ხალხი და უკრაინელი ჯარისკაცები,” – ამბობდა ღარიბაშვილი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე დღეს.

მანამდე, ომის დაწყებისთანავე, “ალტ-ინფოს” საგანგებო ეთერში ზურაბ მახარაძემ თქვა: “იყო მომენტი, როდესაც უკრაინელებს შეეძლოთ ამის თავიდან აცილება. ამისთვის საჭირო იყო რუსებისთვის იმ გარანტიების მიცემა, რომელსაც ითხოვდნენ, ანუ ნატო-ში არგაწევრიანების იურიდიული გარანტიები”

ამ განცხადებებს წინ უსწრებდა “ ria.ru”-ს, “lenta.ru”-ს და “kp.ru”-ს სტატიები იგივე აზრით, რომ ზელენსკის შეეძლო კონფლიქტი თავიდან აერიდებინა. ასეთ სტატიებს  რუსული გვერდები 21 თებერვლიდან მოყოლებული ავრცელებდნენ. 

24 თებერვალს კი “კომსოლოვსკაია პრავდას” სტატიის სათაური იყო: “ზელენსკის შეეძლო სიტუაცია კონფრონტაციამდე არ მიეყვანა, მაგრამ ეს ლონდონმა დაიჟინა”. 

გამოდის, რომ საქართველოში წარმატებით გადაამღერეს კრემლის მეხოტბე მედიის გზავნილი, რომელიც მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. 

უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან ამუშავდა რუსული პროპაგანდის მანქანა, რომელსაც მალევე აჰყვა ქართული. ეს ამბავი ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს, რადგან ამ ომში შეიარაღებასთან ერთად, საბრძოლო მასალაა ინფორმაციაც. ფრონტის ხაზი კი ჩვენს ქვეყანაშიც გადის, ისევე როგორც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.

altinfo kremli
“ალტ-ინფო” რუსეთში

ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რა როლი აქვს ამ ამბავში საქართველოს მთავრობას და ვის მხარეს იბრძვის “საინფორმაციო ომში”? ხუთი თვის განმავლობაში ვაკვირდებოდით, რას ამბობდნენ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მმართველი პარტიის მხარდამჭერები, თითქოს აჯანყებული და “ოცნებიდან” განდგომილი პოლიტიკოსები, სოციალურ ქსელში აქტიური ტროლ-ბოტები და რუსული პროპაგანდის მთავარი საყვირის, “ალტ-ინფოს” წევრები. 

აღმოჩნდა, რომ საქართველოსა და რუსეთში ერთი ერთში მეორდება უკრაინის ომთან დაკავშირებული გზავნილების შინაარსიც და პათოსიც. საეჭვოდ ემთხვევა მათი გაჟღერების დროც. “აი, ფაქტმა” შეისწავლა ხუთი ძირითადი გზავნილი, რომელსაც ბოლო ათი თვის განმავლობაში ჩვენთანაც და ოკუპანტ ქვეყანაშიც ერთნაირად ავრცელებდნენ.

“სანქციები არ მუშაობს” 

“ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება,” – განაცხადა პრემიერმა ირაკლი  ღარიბაშვილმა 28 თებერვალს. ზუსტად მაშინ, როცა თითქმის მთელი მსოფლიო შეთანხმდა და რუსეთს ერთმანეთის მიყოლებით უწესებდნენ შეზღუდვებს. სანქციების არაეფექტურობაზე კი მხოლოდ კრემლი და მისი პროპაგანდისტები საუბრობდნენ

“სანქციებით ვერავინ ვერაფერს გააჩერებს. სანქციები დათვლილია, [რუსეთში] იციან რა შედეგი ექნება და მაგაზე წავიდნენ შეგნებულად. მთელი ეს დაძაბულობა გაცნობიერებული იყო რა მოჰყვებოდა და გაცნობიერებულად მოხდა ამ ყველაფერზე წასვლა,” – ამბობდა შოთა მარტინენკო 24 თებერვალს “ალტ-ინფოს” ეთერში.

მარტივი მისახვედრია, სადაა ამ სიტყვების სათავე. იქამდე, იმავე შინაარსის განცხადება გააკეთეს რუსეთის ახლანდელმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა. 

“ამა თუ იმ გზით მზად ვიყავით იმისთვის, რაც ახლა ხდება სანქციებთან დაკავშირებით,” – თქვა ვლადიმერ პუტინმა 24 თებერვალს. 

“ჯოჯოხეთური სანქციებით გვაშინებენ, რას ნიშნავს ეს, არ ვიცი. სანქციები ობამამაც დაგვიწესა, რომელსაც რუსეთის ეკონომიკა უნდა გაენადგურებინა. სად არის ახლა ობამა? როგორც ამბობენ, პენსიაზე. ჩვენი ეკონომიკა კი ცოცხალია და ვითარდება,” – ამბობდა დიმიტრი მედვედევი, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი 27 იანვარს. 

საქართველოს ხელისუფლება რომ სანქციებს არ შეუერთდა, ტაში დაუკრეს რუსეთში. „მეგობრებო, საქართველო გამოჯანმრთელდა!“ – ამ ამბავს ასე გამოეხმაურა რუსული პროპაგანდისტული მედიის, “russia today”-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი “ტვიტერზე” 25 თებერვალს.

ხუთი თვის შემდეგ კი “ალტ-ინფოს” დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამაც აღნიშნა, რუსეთს ახლანდელი ხელისუფლება სწორედ სანქციებისგან თავშეკავების გამო მოსწონსო.

როგორც ჩანს, ამ პროპაგანდამ ფეხი ვერ მოიკიდა. მარტში საქართველოს საზოგადოების 70%-ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ქმედითობის სჯეროდა. ეკონომისტებიც გვეუბნებიან, რომ ეს წარმატებული სადამსჯელო ოპერაცია იქნება.

“გრძელვადიან პერიოდშიც მავნე იქნება ეს სანქციები რუსეთისთვის და მოკლევადიანშიც. რეალურად, რუსეთი პატარა ზომის საბჭოთა კავშირია, შედარებით თავისუფალი საბაზრო ურთიერთობებით. უკრაინაში თავისი უგუნური პოლიტიკით კრემლმა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ფინანსები რომ მოაკლდათ, ამის გამო რუსეთის ჩამოშლის შანსი ძალიან დიდია,” – ამბობს ეკონომისტი მათე გარდავა.

“ზამთარი დადგება, ევროპა გაიყინება”

ზამთრის მოსვლასთან ერთად დასავლური სამყარო რომ უკრაინის მხარდაჭერას შეასუსტებს და მთავარი საზრუნავი გათბობა ექნებათ, ამას ერთნაირად ვისმენდით საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებისგან და პროპაგანდისტული მედიებიდან. ჯერ ოკუპანტ ქვეყანაში დაიწყეს, აქ კი, მოგვიანებით, იმავე ხმაში აჰყვნენ. 

“ნოემბერი რომ დადგება და ცოტა ევროპელებს ტაკუნები შესცივდებათ, ზოგ-ზოგიერთ მმართველს და გაზს რომ ვერ ჩართავენ და არ იმუშავებს ის თემა, მეგობრებმა ერთად იბანავებთ დუშშიო… მაშინ ზელენსკის ეტყვიან – ეს ყველაფერი კარგი იყო, შენ ახლა წარგადგენთ ნობელის პრემიაზე, ომი კი ვერ მოიგეთ, მაგრამ აგერ ხო გაგატანეთ ევროვიზიაო…,” – ამბობდა  “ალტ-ინფოს” დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია 19 ივლისს. მორგოშია ოქტომბრის ბოლოს რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად.

“თვის ბოლოდან გადავდივარ რუსეთის ფედერაციაში ბიზნესით. სწორი ფორმულირება რომ იყოს, ბიზნესით გადავდივარ, არსად არ გავრბივარ,” – ამბობდა ის 5 ოქტომბერს.

“ზამთარი იქნება დიდი” – სექტემბრის დასაწყისში რამდენიმე “იუთუბ” არხზე ამ სათაურით აიტვირთა ვიდეორგოლი. მასში აღწერილია სცენარი, როგორ წყვეტს გაზის მიწოდებას “გაზპრომი” და როგორ იყინებიან ევროპის მოქალაქეები.

“გაზპრომს” არ ჩამორჩა რუსული მედიაც. გუგლში იპოვით ათეულობით სტატიას და სიუჟეტს, რომ ევროპელები გადავიდნენ ეკონომიურ ცხოვრებაზე, თიშავენ ესკალატორებს, ვერ იხდიან კომუნალურებს და მათ გადასახდელად სატელევიზიო ლატარეაში მონაწილეობენ. გაზის შეზღუდვის გამო კი გაუჩნდათ საფიქრალი, ცხელი წყლით დაიბანონ თუ არ დაიბანონ.

gazpromi
კადრი გაზპრომის კლიპიდან

სექტემბრის დასაწყისში რუსეთის პირველი არხის კორესპონდენტმა ისიც კი თქვა, ფრანგები ზამთარში გასათბობად პანიკურად იმარაგებენ “ვალინკებს” (საწვიმარ რეზინის ბოტებს), რომელსაც ისევ “კეთილი რუსეთი” აწვდისო. 

სექტემბრის ბოლოს იმავე სცენარზე ალაპარაკდა ირაკლი ღარიბაშვილიც: “ევროპაში ახლა საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ, იმაზე თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. ამას არ ვაჭარბებ, ეს არის მათი პირდაპირი საზრუნავი, ბევრი, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს მთავრობების საზრუნავი.”

აშკარაა, რომ ევროპის გაყინვა და უკრაინის შესუსტება მხოლოდ რუსული პროპაგანდის გამოგონილი ზღაპარია. ზამთარი რახანია დადგა, უკრაინა დაუძლურების ნაცვლად რუსეთთან აქტიურ შეტევაზე გადავიდა, დასავლური ქვეყნები კი საკუთარ მოქალაქეებსაც ათბობენ და უკრაინელებსაც, რომელთაც გენერატორებს უგზავნიან.

“რუსეთს ვერავინ შეაჩერებს”

თებერვლის შემდეგ პერიოდულად თავს გვახვევდნენ მითებს, რომ რუსული არმია იყო უძლეველი, უკრაინა მასთან ვერაფერს გახდებოდა და მაქსიმუმ ერთ კვირაში დამარცხდებოდა. ომის პარალელურად საქართველოსა და რუსეთში მოძლიერებულ პროპაგანდას ეს გზავნილიც აერთიანებდა.

28 თებერვალს რუსების უძლეველობაზე ალაპარაკდა პრემიერი ღარიბაშვილიც: “დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი. ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არ არის.

“ევროპელი სამხედრო ექსპერტები გამოდიან და იძახიან, რომ ჩვენ ყველანაირი შეიარაღება მივეცით უკრაინას, ჰყავდათ მაგარი ჯარი, მაგრამ რუსები ისე ომობენ და იმ დონის ინსტრუქტაჟი და ოფიცრები ჰყავთ, რომ ამათი დამარცხება არის შე-უძ-ლე-ბე-ლი. რა გაიგეს ახალი, რუსებმა რომ ომი იციან? ეგ არ იცოდნენ ევროპაში?”- თქვა “ალტ-ინფოს” ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ ივლისში. 

“ალტ-ინფოსგან” იმასაც ვისმენდით, რომ ომი რუსეთის გამარჯვებით, მაქსიმუმ ერთ კვირაში დასრულებოდა. ზუსტად იმავეს ქადაგებდნენ კრემლის რუსი პროპაგანდისტები და ბელორუსის დიქტატორი ალექსანდრე ლუკაშენკო. ისინი კიევის დაცემას წინასწარ ზეიმობდნენ.

“ria novosti”-მა წინასწარ, ომის დაწყებიდან მესამე დღეს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მსოფლიოს ახალ წესრიგზე, კიევის დაცემასა და რუსეთის დიად გამარჯვებაზე იყო საუბარი. მასალა დილის საათებში გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა.

“ომი გამოცხადებულია, მე რაღაც მკარნახობს რომ კიევს ელოდება ნამდვილი ჯოჯოხეთი. მას აიღებენ მაქსიმალურად სწრაფად და დაუნდობლად,” – რუსმა ბლოგერმა და პროპაგანდისტმა სერგეი მარდანმა 27 თებერვალს თავის ტელეგრამ ჩატში განაცხადა

მას შემდეგ, რაც უკრაინამ და უკრაინელმა ხალხმა მსოფლიოს სიმტკიცის და სიძლიერის მაგალითი უჩვენა, რუსი პროპაგანდისტების ნარატივმა ფერი იცვალა. რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარგარიტა სიმონიანიც კი აღარ საუბრობდნენ პუტინის არმიის უძლეველობაზე.  გაგიკვირდებათ და ასევე სხვა ტონალობაში აჭიკჭიკდნენ “ალტ-ინფოც” და მასთან ” დაკავშირებული წამყვანებიც

“ამერიკის მიზანია, რომ დასუსტდეს მისი გეოპოლიტიკური მეტოქე. გეოპოლიტიკური მეტოქე სუსტდება სხვისი ხელით, უკრაინელი ჯარისკაცის ხელით, იდეალური იქნება ქართველი ჯარისკაცის ხელითაც იგივე განმეორდეს,” – ამბობდა “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ქარდავა 17 ივლისს.

“დასავლეთი ომში გვითრევს”

მას შემდეგ რაც რუსული არმიის დაუმარცხებლობის მითებმა არ გაამართლა, გაჩნდა პროპაგანდის ახალი გზავნილი, თითქოს დასავლეთს უნდა ფრონტი სხვა ქვეყნებშიც გაიხსნას, ანუ ომში ჩაგვითრიოს. ეს ვერსია სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის  საქართველოში, მოლდოვაში, უნგრეთში, ბელარუსში, იტალიაში, საბერძნეთსა და სერბეთში

მკვლევრებმა 13 ორგანიზაციიდან (ჩეხეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, საქართველო, უკრაინა, პოლონეთი) გამოიკვლიეს ბალტიისპირეთში, პოლონეთში, ბელარუსში, საქართველოში, სლოვაკეთში, უკრაინაში, ჩეხეთში, უნგრეთში, რუმინეთში, სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბულგარეთში უკრაინის ომის შესახებ მაისიდან ოქტომბრამდე გავრცელებული დეზინფორმაციული გზავნილები. მათ მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, “ომში ჩათრევის” შესახებ ვერსია პროცენტულად ყველაზე ხშირად ისმოდა ბელარუსში და შემდეგ საქართველოში.

საქართველოს მთავრობის წევრებმა მიიწერეს, თითქოს მათი დამსახურებით გვაქვს მშვიდობა და უნდა ვუმადლოდეთ, რომ ბომბები თბილისის ცაზეც არ სცვივა. ეს გზავნილი საახალწლო სლოგანშიც აისახა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხის გარშემო წერია –  “თბილისი – მშვიდობის ქალაქი.”

“მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, პროვოკაციებისა და პირდაპირი ასე ვთქვათ, მოწოდებებისა და პროვოკაციებისა, ჩვენმა გუნდმა აიცილა თავიდან ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას დამართნოდა, ეს არის ომი,” – თქვა ირაკლი ღარიბაშვილი 29 ივლისს. 

იგივეს ამბობდა მარტში “ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძეც: “აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეული იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ.”

ივნისის ბოლოს “ქართულ ოცნებას” თითქოს აუჯანყდა და პარტია დატოვა სამმა დეპუტატმა – დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა. მოგვიანებით სხვებიც შეუერთდნენ და აგვისტოში ახალი პარტია “ხალხის ძალა” დააფუძნეს. მალევე აშკარა გახდა, რომ ეს გამიჯვნა ფარისევლობა იყო. სინამდვილეში,  “ოცნების” წინააღმდეგ არ ამხედრებულან. მათი განცხადებებიდან ჩანს, რომ მმართველი პარტიის რიგები იმიტომ დატოვეს, დასავლეთი უფრო თამამად და ხისტად რომ ეკრიტიკებიათ, ეთქვათ, რომ აშშ-ის საელჩოს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს

“დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგებს – ვიტოვებ ეჭვს, რომ შესაძლოა, საქართველო გარკვეული პოლიტიკური თამაშის მსხვერპლიც კი აღმოჩნდეს,” – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ 13 ივლისს “პალიტრანიუსის” ეთერში. 

“ალტ-ინფოსგან” კი ომის პარალელურად, სხვადასხვა დროს ვისმენდით, რომ დასავლეთის მიზანი რუსეთის გარშემო ცეცხლოვანი რკალის შექმნა და სხვისი ხელებით ომის გაჩაღებაა. მათი თქმით, “აგვისტოს ომიც” ამის შედეგი იყო. 

“რაც უფრო მეტი დაძაბულობის კერა გაჩნდება რუსეთის საზღვართან, ხომ მათ[ამერიკელებს] აწყობთ? საქართველოშიც რომ ომი გაჩაღდეს, შუა აზიაშიც, ბელარუსშიც, ამაზე რუსეთს რეაგირება ხომ მოუწევს, მოუწევს დამატებით ჯარის, აღჭურვილობის, ფულის დახარჯვა. ჩვენ რა ფუნქციას ვასრულებთ? ვართ საზარბაზნე ხორცი,” – ამბობდა გიორგი ქარდავა პროპაგანდისტული მედიის, “სეზონის”  ეთერში 8 ივლისს.

“ალტ-ინფოსა” და ხელისუფლების კავშირის თვალსაჩინოებაზე ჰიბრიდული ომის მკვლევრებიც საუბრობენ. 

“ძალიან გამიკვირდება, თუ ორი განსხვავებული ჯგუფის თავში ორი ზუსტად ერთნაირი წინადადება მოვიდა და ორივე ანტიუკრაინული იყო,” – ამბობს დავით ძიძიშვილი. ის საქართველოში მიმდინარე ჰიბრიდულ ომს მეშვიდე წელია იკვლევს. 

“უკრაინის ომზე ხელისუფლების განცხადებები ავსებს და ლეგიტიმაციას აძლევს იმ ჯგუფებს, რომლებიც წლებია ამტკიცებენ, რომ დასავლეთს საქართველოსთვის ცუდი უნდა. გავრცელების და გავლენის კუთხით, ბუნებრივია, ვერც ერთი ღიად პრორუსული ჯგუფი, თუნდაც “ალტ-ინფო,” ვერ შეედრება “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან გავრცელებული დეზინფორმაციის ზიანს,” – გვეუბნება “რეფორმების ასოციაციის” მკვლევარი მარიამ წიწიკაშვილი.

ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი მკვლევარი გიორგი ბუტიკაშვილი გვიხსნის, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ზუსტად ისეთია, როგორიც რუსეთს აწყობს:

“[ზურაბ] მახარაძემ “ალტ-ინფოსთან” ინტერვიუში დუგინს ჰკითხა, 2008 წელს ამბობდით, რომ თბილისიც უნდა აგეღოთ ტანკებით. დუგინმა უპასუხა, რომ ეს ლიბერალური ჯგუფის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ  2008 წელს თბილისი რომ აგვეღო, ისეთი ხელისუფლება გეყოლებოდათ, როგორიც ახლა გყავთო.”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, დენის გონჩარმა დეკემბერში თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა რუსეთთან არამტრული დამოკიდებულების შედეგია. ისიც დაამატა, თუ ამ ორბიტაზე მოძრაობას გავაგრძელებთ, სავიზო რეჟიმის გაუქმებით და პირდაპირი ფრენების აღდგენით “დაგვასაჩუქრებენ.” 

დეზინფორმაციის გამვრცელებლები

ყველა ამ ჯგუფთან ერთად, პრორუსული და ანტიუკრაინული ნარატივის გავრცელებას სოციალურ ქსელში ცნობილი რუსული მეთოდით ცდილობენ: ტროლების, ბოტებისა და ე.წ. სასარგებლო იდიოტების მეშვეობით. ეს ის ანგარიშებია, რომელიც სოციალურ ქსელებში განსხვავებულ რეალობის შექმნის გზით ადამიანების გონებაზე მანიპულირებენ.

GABI KAMAEVI
გაბი კამაევი ირაკლი კობახიძესთან ერთად

“აი, ფაქტმა” ტელევიზიების სოციალური ქსელის გვერდებზე (ძირითადად, ყალბი ანგარიშები აქ იყრიან ხოლმე თავს) ანტიუკრაინული განწყობების კომენტარების 75 ავტორი შეისწავლა. ისინი ომის დაწყებიდან-დღემდე აქტიურად ეწევიან ანტიუკრაინულ და პრორუსულ პროპაგანდას. მათგან 28 აღმოჩნდა ტროლი ან ანგარიში, რომელიც საკუთარ ვინაობას მალავს. 22 “ქართული ოცნების” პარტაქტივი, რომელიც უკრაინის ლანძღვას და რუსეთის მხარდაჭერასთან ერთად მმართველი პარტიის სიახლეებს ან საქებარ პოსტებს აზიარებს. დარჩენილი 25 კი “ალტ-ინფოს” მხარდამჭერი ან მათი იდეოლოგიის გამვრცელებელია.

ანგარიშების შესწავლისას გამოიკვეთა ორი ძირითადი ჯგუფი, რომლებიც ანტიუკრაინულ და პრორუსულ გზავნილებს ავრცელებს. ერთი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინა და დასავლეთი ომში გვითრევს. ისინი ლანძღავენ უკრაინელ მაღალჩინოსნებს და აქებენ, აზიარებენ “ქართული ოცნების,” განსაკუთრებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს. ომში ჩათრევის მსურველად კი ოპოზიციას ასახელებენ. 

ამის მაგალითია ჭიათურის მერიაში დასაქმებული ანა გველესიანი. “იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც ქილიკობს მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, დროა რეალობა აღიაროთ. ამას გვიკიჟინებენ უკრაინელი მაღალჩინოსნები. ამას ახმოვანებენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები,” – წერს გველესიანი ტ/კ “იმედის” მიერ გამოქვეყნებულ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე.

კიდევ ერთი მაგალითია “ოცნების” მხარდამჭერი გაბი კამაევი, რომელიც ღარიბაშვილის ფოტოს აქვეყნებს და აწერს: “თქვენ ილოცეთ ზელენსკიზე, მე კი ამ კაცს ვენაცვალე ქართულ გულში. და ასეთები ძალიან ბევრნი ვართ ვინც ასე ვფიქრობთ და ვაფასებთ ჩვენსას.” კამაევი აქტიურად ესწრება პარტიულ შეხვედრებს, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს “ოცნების” სხვადასხვა ოფისიდან და სურათებს იღებს ირაკლი კობახიძესა და ქართული ოცნების წევრ დიმიტრი სამხარაძესთან.

მმართველი პარტიის მხარდამჭერია თომა თამაზ ბოლქვაძეც. ის სოციალურ ქსელში წერს: “შენ ვინ გეკითხება კლოუნო ომის დასრულებას? კისრამდე ნეხვში ხარ, შენ და ბებერი ჯო,” – ამის პარალელურად კი ბიძინა ივანიშვილის სურათებს დებს და საქართველოს მთავრობის სიახლეებს აზიარებს. 

მეორე ჯგუფი, ძირითადად, “ალტ-ინფოს” მხარდამჭერებისგან შედგება. ისინი მსოფლიოს ახალ დღის წესრიგსა და კონსპირაციის თეორიებზე საუბრობენ. მათი აზრით, ეს ომი არ არის რუსეთისა და უკრაინის, არამედ ზელენსკისა და ამერიკის ომია რუსეთის წინააღმდეგ. ისინი ცდილობენ, ხალხს დააჯერონ, რომ რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან მის განადგურებას აპირებდნენ და მათთვის პასუხი ხომ უნდა გაეცა. ამავდროულად რუსეთს მხარს უჭერენ და მის გამარჯვებასა და აუცილებლობაზე აპელირებენ.

ვინ და რატომ მუშაობს რუსული დეზინფორმაციის სამსახურში?

“აი, ფაქტი” ეცადა პასუხი გაეცა კითხვაზე – რისთვის სჭირდება “ქართულ ოცნებას” ანტიუკრაინული რიტორიკის გავრცელება? საბოლოოდ, მკვლევრებთან საუბრისას, ამის რამდენიმე მიზეზი გამოიკვეთა. 

ჰიბრიდული ომის მკვლევრები, მარიამ წიწიკაშვილი და დავით ძიძიშვილი ფიქრობენ, რომ მმართველი პარტიის მიზანი ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებაა. ამიტომ, ქმნის “საფრთხობელას” დასავლური სამყაროსგან, თვითონ კი მთავარი მხსნელის მანტიას ირგებს. მმართველობის გასახანგრძლივებლად მათ რუსეთზე კოჭის გაგორებაც აწყობთ. 

მათი თქმით, საბოლოოდ, ხელისუფლების ნაბიჯები ძირს უთხრის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, აზიანებს საქართველოს თითოეული მოქალაქის მომავალს. სამაგიეროდ კი იცავს რუსეთის ინტერესებს, რომ მის გარშემო ქვეყნები “იყვნენ დაჩაჩანაკებულები, არ ჰქონდეთ დემოკრატიული ინსტიტუტები, იყვნენ მიტოვებულები და ჩამოკიდებული რუსეთზე.”

“ბოლო წლებში “ოცნების” პრიორიტეტად იქცა ხელისუფლების შენარჩუნება ყველაფრის ფასად. როდესაც ხელისუფლებაში დარჩენა ხდება სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციის და მტრად გამოცხადების ხარჯზე, რომელთა დახმარებითაც საქართველომ შეძლო, გამოჩენილიყო მსოფლიო რუკაზე და სახელმწიფოს დამსგავსებოდა… ეს არანაკლებ დიდი ტრაგედია შეიძლება იყოს, ვიდრე ის, რომ პირობითად, ირაკლი კობახიძეს ვიღაც ურეკავდეს რუსეთიდან,” – გვითხრა “რეფორმების ასოციაციის” მკვლევარმა მარიამ წიწიკაშვილმა.

იგივე აზრზეა დავით ძიძიშვილიც. მისი თქმით, “ჩვენი ხელისუფლება პირდაპირ ცდილობს იყვნენ მაქსიმალურად ახლოს რუსეთთან და რუსულ მიდგომებთან, რაც მათ უნარჩუნებს ხელისუფლებას.”

პუბლიკაცია მომზადებულია პროექტის “სიღრმისეული ონლაინ ჟურნალისტიკა” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ (BMZ). მასალაში გამოთქმული მოსაზრებები მიეკუთვნება ავტორს და შეიძლება, არ ასახავდეს BMZ-ის პოზიციას.

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, გავაგრძელოთ რუსული პროპაგანდის საკითხების კვლევა, მაშინ დააფინანსეთ "აი, ფაქტი"
Next
ევროპული შობა ქართული ნაძვებით
Sochi scaled e1674108271792

ევროპული შობა ქართული ნაძვებით

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share