fbpx
რუსული ხორბალი და ფქვილი - ახალი თავსატეხი საქართველოსთვის

რუსული ხორბალი და ფქვილი – ახალი თავსატეხი საქართველოსთვის

ავტორები: აიდან იუსიფი და ნანუკა ბრეგაძე

რუსული ხორბალი და ფქვილი საქართველოს ეკონომიკას ახალ საფრთხეებს უქმნის. რუსეთში მიმდინარე ნებისმიერი მოვლენა ჩვენს მეწისქვილეებსა და პურის მცხობელებზე პირდაპირ აისახება. ბოლო წლებში რუსეთმა ხორბლის ექსპორტის პოლიტიკა შეცვალა, რამაც ქართული ინდუსტრიისთვის დიდი პრობლემები წარმოშვა:

  • შემცირდა მაღალი ხარისხის ხორბლის იმპორტი და ახლა ქვეყანას ამ სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტის ორთვიანი მარაგიც კი აღარ აქვს;
  • გაიზარდა რუსული ფქვილის იმპორტი, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ქართულ წისქვილებსა და ქართველ ხორბლის მომყვანებს;
  • მთავრობა რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად არაფერს აკეთებს და პირიქით, რუსული ბიზნეს-ინტერესი ხორბლისა და ფქვილის ინდუსტრიაშიც აქტიურად იჭრება.

ქართული პური რუსული ხორბლითა და ფქვილით ათწლეულებია, ცხვება. 2009 წლიდან მოყოლებული ყველაზე მეტ ხორბალს და ფქვილს სწორედ რუსეთიდან ვყიდულობთ. იმპორტის თვალსაზრისით მეორე და მესამე ადგილზე, ძირითადად, ყაზახეთი და უკრაინაა.

ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ რუსეთიდან შემოტანილი ხორბალი და ფქვილი ყველაზე იაფია. ყველაზე იაფი ჯდება რუსული ფქვილის შემოტანაც. ყველაზე ძვირი კი უკრაინული ხორბალია, თუმცა ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან იმპორტი, თითქმის, აღარ გვაქვს.

რუსეთიდან და სულ შემოტანილი ფქვილი წლების მიხედვით - სტატისტიკა

ქართველი მეწისქვილეებისა და მცხობელებისთვის სიტუაცია შედარებით სტაბილური 2021 წლის ივნისამდე იყო. შემდეგ კი რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე გადასახადი გააძვირა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადასახადის დაწესების შემდეგ რუსული ხორბალი მკვეთრად გაძვირდა, ის მაინც სხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ ხორბალზე იაფია.

მაგრამ, აქ მნიშვნელოვანი სხვა რამეა. რუსეთს ხორბლისგან განსხვავებით, ფქვილის ექსპორტზე გადასახადი არ დაუწესებია. შესაბამისად, ქვეყანაში შემცირდა ხორბლის, მაგრამ გაიზარდა რუსული ფქვილის იმპორტი.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება“აი, ფაქტი” ეცადა გაერკვია, დღეს რუსეთიდან ფქვილი რომელ კომპანიებს შემოაქვთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს ათი ათას ტონამდე ფქვილის შემომტანი კომპანიების რაოდენობა წინა წელთან შედარებით სამჯერ გაიზარდა, 2022 წელს კი ბაზარზე 187 ახალი იმპორტიორი გამოჩნდა.

გაძვირებულმა ხორბალმა გამოიწვია ის, რომ საქართველოში წარმოებული ფქვილის თვითღირებულებაც გაიზარდა და რუსულ ფქვილს კონკურენციას ვერ უწევს. რუსული იმპორტირებული ერთი ტომარა ფქვილი, საქართველოში წარმოებულზე 10-12 ლარით იაფი ღირს. ამიტომ წისქვილკომბინატები ან გაჩერდნენ, ან ცოტა ფქვილს ფქვავენ და წაგებაზე მუშაობენ. ამის გამო მუშახელიც გაათავისუფლეს და აღარ ყიდულობენ ქართულ ხორბალს, რომელსაც რუსულ ხორბალთან შესარევად იყენებდნენ.

რა მდგომარეობაში არიან ახლა წისქვილკომბინატები?

რუსულ ხორბალზე ფასის ზრდამ ქართველი მეწისქვილეების ბიზნესს დახურვის საფრთხე შეუქმნა. ამ ინდუსტრიაში მყოფები ამბობენ, რომ ასეთ უიმედო მდგომარეობაში არასდროს ყოფილან. მეწისქვილეებს შემდეგ პრობლემებთან უწევთ გამკლავება:

  • რუსული ხორბალი გაძვირდა. გაზრდილი ფასის გამო გაიზარდა წარმოების ხარჯი, რაც კონკურენციას ვერ უწევს რუსეთიდან შემოსულ ფქვილს;
  • მეწისქვილეებმა შეამცირეს წარმოება და გაათავისუფლეს თანამშრომლები, რომელთა ცოდნა და გამოცდილება კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი რესურსი იყო;
  • მეწისქვილეები მთავრობას დახმარებას სთხოვენ, თუმცა მთავრობა პრობლემის მოგვარებაში ვერ ეხმარებათ.

მარინა კაციტაძე საქართველოში ყველაზე ძველი წისქვილკომბინატ “პროგრესის” მფლობელია. წისქვილი რუსთავში აქვთ. კრიზისის დროს 50 ადამიანი გაათავისუფლა. დარჩენილი 150 ადამიანი რომ შეინარჩუნოს, წაგებაზე აგრძელებს მუშაობას. უკვე საკუთარი ბიზნესის მომავალს ვეღარ ხედავს.

“დავკარგეთ კონტაქტები მსხვილ მომწოდებლებთან. ადრე გემებით შემოგვქონდა ან ვაგონებით, ახლა მანქანებით შემოგვაქვს… ახლა არასტაბილური სიტუაციაა, ინერციას მივყვებით. ბიზნესი ბიზნესს აღარ გავს. შეგრძნება, რომ ხვალინდელ დღეს დაგეგმავ, მოემზადები, ფიქრობ შეცვალო აღჭურვილობა, განაახლო, რემონტი გააკეთო – ამის სურვილი გიქრება, იმიტომ რომ ვერ ხედავ საფუძველს,“ – გვიყვება კაციტაძე.

ამბობს, რომ თუ მანამდე 5-7 ათას ტონა ხორბალს, ანუ ორი თვისას იმარაგებდნენ, ახლა ყველაზე მეტი, 10 დღის სამყოფი, ანუ ათას ტონამდე მარაგი აქვთ ხოლმე. ერთი ტონა ხორბლის შემოტანა დაახლოებით 350 დოლარი უჯდებათ. ნედლეული მანქანებით, ლარსიდან მოაქვთ. ახლა წარმოების 30 პროცენტს ამუშავებს და თვეში 4,000 ტონიდან 1,800 ტონაზე ჩამოვიდნენ.

“თუ გავითვალისწინებთ რომ ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უნდა არსებობდეს სამი თვის ხორბლის მარაგი და მით უმეტეს, თუ მეზობელ ქვეყნებში ომია, დღეს ჩვენ უსაფრთხოდ არ ვართ. ფქვილი ინახება 2 თვე, ხორბალი – 2 წელი. ღმერთმა დაიფაროს, რომ ვერ ჩამოვიდეს ფქვილი, თქვენ თვითონ ხვდებით, რა საშიშროების წინაშე ვდგებით. მარტო ქართულ ხორბალზე მუშაობით კი ხარისხი დაგვივარდება და არც რაოდენობაში გვეყოფა,” – ამბობს მარინა კაციტაძე “აი, ფაქტთან” საუბრისას.

ლევან ჯანაშიას წისქვილი - აგრო ექსპორტი
ლევან ჯანაშიას წისქვილი “აგრო ექსპორტი”, ფოტო: ლევან ჯანაშია

ლევან ჯანაშიას ორი წისქვილკომბინატი აქვს, თბილისსა და გორში. ამბობს, რომ რუსეთის მიერ დაწესებული ხორბლის ექსპორტის გადასახადის გამო, ჩვეულთან შედარებით 15-20 პროცენტიანი დატვირთვით მუშაობენ.

“ეს მცურავი მოსაკრებელია, ყოველ ორ კვირაში, სამ კვირაში ერთხელ იცვლება ამის მონაცემი. 2021 წლის ზაფხულში დადგინდა და ოცი დოლარიდან 142 დოლარამდე ავიდა, სადღაც რვა-ცხრა თვეში,” – გვეუბნება ჯანაშია.

რადგან მეწისქვილეებისთვის ნედლეული გაძვირდა, შესაბამისად, გაძვირდა ამ ნედლეულით დაფქული, ადგილზე წარმოებული ფქვილის ფასიც. რუსეთიდან შემოსულ ფქვილს კი საქართველოშიც არანაირი მოსაკრებელი არ აქვს დაწესებული. ამიტომ, ის ადგილობრივად წარმოებულ ფქვილზე იაფია.

“ჩვენთან, საშუალოდ, პირველი ხარისხის ფქვილის ყოველთვიური მოხმარება არის დაახლოებით 25-30 ათას ტონამდე. ადრე რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილი იყო ამ რაოდენობიდან, საშუალოდ, ათასი ტონა. დღეის მდგომარეობით კი ფაქტობრივად ოცი ათას ტონამდე ადის, ცოტა მეტიც ხანდახან. ტომარა ფქვილის ღირებულება 70-72 ლარი, რუსული შემოტანილი ფქვილის გასაყიდი ფასი კი 50-55 ლარი იყო. თავისთავად იქ უკვე ხარისხს დიდად აღარავინ უყურებს, იმიტომ რომ ფასში ძალიან დიდი სხვაობაა,” – ამბობს ჯანაშია.

ლადო ბიძინაშვილი წისქვილ “ბარაქას” ხელმძღვანელობს. მისი წისქვილი რუსეთის მხრიდან ექსპორტზე გადასახადის შემოღებამდე, თვეში, დაახლოებით, 2,000 ტონის გადამუშავება-რეალიზაციას ახერხებდა. ახლა კი 500-700 ტონამდე ჩამოვიდნენ. წარმადობის შემცირებას მოჰყვა კომპანიიდან თანამშრომლების გათავისუფლებაც: 150-დან ახლა მხოლოდ 40-50 ადამიანს ამუშავებენ.

“სახელმწიფოს ვეუბნებით, რომ ფქვილის მიმართულებით ყველა წარმოება ჩერდება. დღეს რომ გავჩერდეთ ჩვენ და ხვალ რომ მოგვინდეს ამ წარმოების ამუშავება, ხვალვე ვერ ავამუშავებთ. გვჭირდება დაახლოებით 2-3-თვიანი პერიოდი, იმიტომ, რომ სპეციფიკური სამუშაო არის. საჭიროა სპეციალიზებული კადრები. როცა წარმოება ჩერდება ხდება ამ კადრების გადინება, სხვაგან მუშაობას იწყებენ. შესაბამისად, მარტივი მოსაძიებელი არ არის მერე… .” – გვიხსნის ბიძინაშვილი.

იმავეს ამბობენ ლევან ჯანაშია და მარინა კაციტაძეც. აღნიშნავენ, რომ ამ დარგის მცოდნე მუშახელი ჩვენს ქვეყანაში ძალიან ჭირს. მათი თქმით, იმ ადამიანების შენარჩუნება, ვისაც დღემდე ამუშავებენ, მხოლოდ წაგების ხარჯზე მოახერხეს.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლევან სილაგავა გვიხსნის, რომ წისქვილკომბინატები ეცადნენ მომუშავეების 60-70 პროცენტი შეენარჩუნებინათ და ახლა საქართველოს წისქვილებში დაახლოებით 3,000-მდე ადამიანი მუშაობს.

“ფქვილს არ სჭირდება ტექნიკური მოსამსახურე, ფქვილს სჭირდება მოიტანა, გაყიდა, საწყობი სჭირდება მარტო და ბუღალტერია. მთლიანი ტექნოლოგიური ციკლის ხალხი არ სჭირდება. ეს 3,000 ადამიანი კია შენარჩუნებული, მაგრამ, ალბათ, უკვე გაათავისუფლებენ უახლოეს დროში, თუ არ იქნება მიღებული რაიმე გადაწყვეტილება,“ – გვეუბნება სილაგავა.

გადაწყვეტილების მიღებას კი მთავრობისგან ელიან. მოლაპარაკებები უკვე მეორე წელია უშედეგოდ მიმდინარეობს. მეწისქვილეები გამოსავალს რუსეთიდან შემოტანილი იაფი ფქვილისთვის დამატებითი გადასახადის დაწესებაში ხედავენ, რასაც მთავრობა არ ეთანხმება, რადგან შიშობენ რომ ეს პურის ფასს გაზრდის.

ჯანაშიას წისქვილი - აგრო ექსპორტი
წისქვილი “აგრო ექსპორტი”, ფოტო: ლევან ჯანაშია

მეწისქვილეებს აქაც ჰქონდათ მოსაზრება, თუ როგორ იქნებოდა შესაძლებელი პურზე ფასის ზრდის თავიდან არიდება. ამბობდნენ, რომ ე.წ. სოციალური პურის მცხობელებს ფქვილს იაფად და ფიქსირებულ ფასად მიაწვდიდნენ. “სოციალურ პურს” ეძახიან იმას, რომელსაც მოსახლეობის უმეტესობა ყოველდღიურად მაღაზიებში ყიდულობს.

“პურის მცხობელებს თავიანთ სამიზნე ფასში მივაწვდიდით ფქვილს, ისე რომ არ გაძვირდებოდა და დანარჩენ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება საკონდიტროში, თონეში, თუ ასე შემდეგ, ამას უკვე ჩვენ თვითონ დავარეგულირებდით,“ – გვეუბნება ლევან ჯანაშია.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან შამუგიამ 3 აპრილს ამ შეთავაზებაზე მორიგი უარი ოფიციალურადაც განაცხადა. მინისტრის პასუხად კი მეწისქვილეებმა ახალი შეთავაზება გააჟღერეს. ამჯერად სამინისტროს სთავაზობენ, მთავრობამ გადასახადით არ დაბეგროს მხოლოდ ის 7,000 ტონა ფქვილი, რომელიც რუსეთიდან შემოგვაქვს და რომლითაც პურის ქარხნები ე.წ. სოციალურ პურს აცხობენ.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლევან სილაგავამ გვითხრა, რომ საშუალოდ, ერთ ტონა იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადმა უნდა დააბალანსოს ის დამატებითი გადასახადი, რომელიც ხორბლის იმპორტიორებს ახლა აქვთ.

“ჩვენი ამოცანაა, რომ გამათანაბრებელი გადასახადი შემოვიდეს, რომელიც დააბრუნებს ერთნაირ რეჟიმს ფქვილზე და ხორბალზე. 200 ლარი არის საშუალოდ ის თანხა, რაც დააბალანსებდა. ეს შეიძლება იყოს სამთვიანი პროცესი და მერე გადაიხედოს,” – ამბობს სილაგავა.

მეწისქვილეების მიერ ნაპოვნი ეს გამოსავალი არ მოსწონთ მეპურეებს.

“მეპურეთა ასოციაციის” ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ფიქრობს, რომ მეწისქვილეების მხრიდან უფრო ლოგიკური დღგ-ის გადასახადისა და ტარიფების შემცირების მოთხოვნა იქნებოდა და არა იმპორტირებული ფქვილის დაბეგვრა, რაც მცხობელებს ფქვილს გაუძვირებს.

“ჩემმა დარგმა რა დააშავა, ცხობამ? მე მინდა იაფი ფქვილი შევიძინო და რაღაც პატარა მოგება ვნახო. წისქვილები მარტო თავის თავზე ფიქრობენ. დააყენე წინადადება, რომ დაბეგვრა შეცვალე, ტარიფები შეცვალე… ყველაზე მოკლე გზას ნახულობენ – დაიბეგროს ფქვილი, შენ კისერი და კინჩხი იტეხე მეპურევ და თვითონ ამუშავდეს… ,” – გვეუბნება დოლიძე.

არსებული მდგომარეობით, როგორც ჩანს, არც ფქვილის იმპორტიორები არიან კმაყოფილი.

შპს “მარდს” რუსეთიდან ფქვილი 2014 წლიდან შემოაქვს. 2018-2021 წლებში იმპორტიორი კომპანიების ათეულში იყო. ჩვენ მის დირექტორს, ნუგზარ გონიაშვილს ვესაუბრეთ.

“სულს ვღაფავთ… ფასები კატასტროფულად იკლებს და ვერ ვასწრებთ შემოტანას. სანამ შემოიტან, თვლი თვითღირებულებას, ანუ რაც გიჯდება და სანამ რეალურად მოიტან ფქვილს საწყობამდე და გაყიდვას დააპირებ, უკვე ადგილზე გხვდება უფრო ნაკლები ფასი,” – გვეუბნება გონიაშვილი.

საქართველში წარმოებული და ექსპორტზე გატანილი ხორბალი - სტატიტიკა წლების მიხედვით

მისივე თქმით, ყოველი ახალი შემოტანილი პარტიის გაყიდვით ზარალს ნახულობენ. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ მიწოდება უფრო მაღალია, ვიდრე მოთხოვნა და ახალ-ახალი იმპორტიორები გაჩნდნენ ბაზარზე. ამას ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს.

საჯარო რეესტრის ბაზაში გადავამოწმეთ ის კომპანიები, რომელთაც საქართველოში ფქვილი რუსეთიდან შემოაქვთ. 2018-2023 წლებში ასეთი სულ 320 სუბიექტია. მათგან 90-ზე მეტი კომპანია მას შემდეგ შეიქმნა, როცა 2021 წელს რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე გადასახადი დააწესა. 2022 წელს კი ბაზარზე 187 ახალი იმპორტიორი გამოჩნდა.

როგორც საჯარო რეესტრის მონაცემები გვიჩვენებს, ფქვილის იმპორტიორებში საქართველოს მოქალაქეები ჭარბობენ. 21 მათგანს აქვს რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა. 11 იმპორტიორი კი რუსეთის მოქალაქეა. რუსული კომპანიები საქართველოში რომ მრავლად არიან წარმოდგენილნი, ამაზე “აი, ფაქტი ადრეც გიყვებოდათ.

გამოდის, რომ ინდუსტრიაში არსებული ყველა რგოლი აწყდება ისეთ ძირეულ პრობლემებს, რომელიც მათ ბიზნესს ემუქრება.

წისქვილკომბინატ “პროგრესის” მეპატრონე მარინა კაციტაძე ფიქრობს, რომ მთავრობას მათი დახმარება კი უნდა, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს. ახლა მომდევნო შეხვედრას ელის.

“ჩვენი პრობლემა აისახება ისევ ქართველ მეხორბლეებზე და ქართველი მოქალაქეების ოჯახებზე, რომლებიც გაუშვეს გაჩერებულმა წისქვილებმა. ეს ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ, მაგრამ რატომღაც ვერ წყვეტენ. გაგების და შეხვედრის დონეზე მთავრდება,” – გვიყვება კაციტაძე.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს ეკონომიკის თემებზე მუშაობა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი

რა საფრთხეს უქმნის რუსული ხორბალი და ფქვილი ქართველ მეხორბლეებს?

რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილის კიდევ ერთი მსხვერპლი ქართველი მეხორბლეები არიან. ისინი ხორბალს ვეღარ ყიდიან და ასობით ტონა მარცვალი საწყობებში უფუჭდებათ. მეწისქვილეები მათი ხორბლის ხარისხს იწუნებენ. ის მცირე რაოდენობა, რასაც ახლა წისქვილები ფქვავენ, ძირითადად, რუსეთიდან შემოტანილი მარცვლეულია. ქართული ხორბალი კი ფუჭდება და გადასაყრელი ხდება.

მეწისქვილეების აზრით, პირველი ხარისხის ფქვილის მისაღებად მხოლოდ ქართული ხორბალი არ გამოდგება. ის მხოლოდ შესარევად არის ვარგისი.

2 აპრილს რვა მეხორბლემ სოციალური ქსელით გაავრცელა ვიდეო, რომლითაც სახელმწიფოს ხორბლის გაყიდვაში დახმარებას სთხოვენ. ვიდეოში ამბობენ, რომ წინა წლებში, ამ პერიოდისთვის უკვე მარცვალი აღარ ჰქონდათ. ახლა კი საერთოდ ვერ ყიდიან. ვიდეოში აღნიშნავენ, რომ სწორედ სახელმწიფოს წახალისებითა და დახმარებით დათესეს ხორბალი და ააშენეს საწყობები. ახლა კი მოსავალი იქვე უფუჭდებათ და აღარც საკმარისი ადგილი აქვთ ახალი მოსავლის დასაბინავებლად.

ხორბლის მწარმოებელთა აქცია წნორში - 2023 წელი
მეხორბლეების აქცია წნორში, 2023 წლის 10 მაისი
ფოტო: რადიო თავისუფლება

ჩვენ “საქართველოს მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარეს, ნიკოლოზ ბენიაიძეს ვესაუბრეთ. თავად შირაქში და მის მიმდებარედ 1,500 ჰა-ზე ხორბალი აქვს დათესილი. 16 წლიდან ამ საქმეშია ჩაბმული, ახლა 45 წლის არის და ამბობს, რომ ასეთი კრიზისული სიტუაცია პირველად აქვთ.

ქართული წარმოების ხორბალი ადრე მთელი ბაზრის მხოლოდ 10-15 პროცენტს შეადგენდა, დანარჩენი კი შემოტანილი მარცვლეული იყო. ქართველ ფერმერებს ხორბლის გაყიდვის პრობლემა არასდროს ჰქონიათ. წელს კი შემოდგომის შემდეგ მარცვალს ვეღარ ყიდიან.

გასაყიდი ახლა 30,000 ტონაზე მეტი ხორბალია. უკვე მოსავლის აღების დროც ახლოვდება და დაბინავების პრობლემა შეექმნებათ. ყველა სიკეთესთან ერთად კი, თუ ბანკი სესხს ვერ გადაიხდიან, მიწების დაკარგვის საშიშროებაც დაუდგებათ.

“ეს იყო იაფი აგრო-სესხი, 100,000 ლარამდე ერთ ფერმერმერზე, რამაც გაგვაბედინა, რომ მეტი ფართობები დაგვეთესა ხორბლის, რამაც ჩაგვავგდო განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობში, 100,000 ლარი რომ გაგვესტუმრებინა, შარშან უნდოდა 100 ტონა ხორბალი და წელს უნდა 180 ტონა ხორბალი. სხვა სესხი ავიღე ახლა, რომ ძველი გადავფარო,“ – ამბობს ბენიაიძე.

ნიკოლოზთან ერთად ამხანაგობაში გაერთიანებულია სამი სოფლის 46 ფერმერი. მათ იაფი სესხის პირობებით ჯამში 4,000 ჰა-მდე ფართობზე აქვთ დათესილი მარცვალი და მისი თქმით, ყველა ამ დღეშია ჩავარდნილი.

დასაწყობებული ხორბალი
დასაწყობებული ხორბალი, 2023 წლის მაისი.
ფოტო:ნიკოლოზ ბენიაიძე

2020 წელს “შეღავათიანი აგროკრედიტის” პროგრამას, რომელიც 2013 წლიდან არსებობს, დაემატა კიდევ ერთი ქვეკომპონენტი „ერთწლიანი კულტურების დაფინანსებისთვის.“ ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს გაზეთშიც დაიწერა. ქვეკომპონენტის ფარგლებში ბანკები საბრუნავი საშუალებებისთვის 5,000-100,000 ლარამდე სესხს გასცემენ, სახელმწიფო კი ფერმერებს სესხის გადახდაში დაეხმარება. ამ ქვეკომპონენტით 2020 და 2022 წლებში 7,060-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, აქედან მეხორბლე 4,000-მდეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან “აი, ფაქტისთვის” მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ბენეფიციარების ბანკების მიერ გაცემული სესხების თანადაფინანსება ბიუჯეტს 11 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

რუსეთში ხორბლის ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებებმა უფრო თვალსაჩინოდ გამოკვეთა, რამდენად არათანმიმდევრულია ქართული მთავრობის მიდგომა აგრარული სექტორის მიმართ. გამოჩნდა, რომ წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან გაღებულმა თანხებმა ვერც დარგი განავითარა და ვერც რუსეთზე დამოკიდებულება შეუმცირა ქვეყანას.

ჩვენ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ორჯერ მივმართეთ წერილით და ვთხოვეთ, მოეწერათ, როგორია სამინისტროს პოლიტიკა ხორბლის მოსავლიანობის ზრდისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. სამწუხაროდ, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერც ერთხელ მივიღეთ. წერილობით გამოგზავნილ პასუხში ჩამოთვლილია პროგრამები, რომელიც, ზოგადად, მარცვლეული კულტურების დასაფინანსებლად მოქმედებს. სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელს პასუხიმგებელ პირთან ვრცელი ინტერვიუს ჩასაწერად დახმარება ვთხოვეთ, თუმცა დაპირების მიუხედავად შეთანხმებაში არ დაგვეხმარა. შესაბამისად, ამ სტატიიდან მკითხველი ლოგიკურად უნდა მიხვდეს, თუ რა პოლიტიკას ატარებს მთავრობა ამ მიმართულებით.

პასუხი

იაფმა კრედიტებმა და სახელმწიფო დაფინანსებამ გამოიწვია დაბალი ხარისხის ხორბლის მარაგის ზრდა, რომელიც, საქმე საქმეზე თუ მიდგება, მეწისქვილეებს თავისუფლად მუშაობის საშუალებას არ აძლევს.

ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ ჩვენ ძირითადად საშუალო ხარისხის ხორბალი გვაქვს. ხარისხის ასამაღებლად საჭირო სამუშოებისთვის კი ფინანსები არ ყოფნით: “ამას დიდი ტექნოლოგიები… ჩარევა სჭირდება, სწორი კვება, სწორი ჯიშები, კლიმატთან შეხამება და როდესაც ადამიანი სესხს ვერ იხდი, რომელ ტექნოლოგიებზე ვსაურობთ?!”

მეხორბლეების პასუხად სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას თქმით, ძალაშია პოლიტიკა, რომ ხორბლის მოსავალი 50 პროცენტით უნდა გაიზარდოს. ამ მიზნის მისაღევად, ამერიკელი სპეციალისტების დასკვნას ელიან: “ისინი შეისწავლიან ხორბლის წარმოების მთლიან ღირებულებათა ჯაჭვს და შესაბამისად, მოგვცემენ რეკომენდაციებს დარგის ხელშეწყობის მიმართულებით; ამის შემდგომ ჩვენ უკვე დამატებით ღონისძიებებსაც გავატარებთ.“

2022 წლის ივლისში მთავრობამ მეხორბლეებს მარცვლეულის ექსპორტზე გატანა ერთი წლით შეუზღუდა. „რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს,“ – ამბობდა მაშინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია.

6 აპრილს, მეხორბლეების მიერ ვიდეოს გავრცელებიდან ოთხ დღეში, ეს შეზღუდვა მოხსნეს. ფერმერები ამას გამოსავლად ვერ მიიჩნევენ, რადგან საექსპორტო ფასი მათთვის მიუღებელია.

“გასულ წელს ხორბალი ამ დროს 1.10 ლარი ღირდა. დავთესეთ მაგ ფასად და ახლა 55 თეთრად უნდა გავყიდოთ. ვალს ვერ გავისტუმრებთ, თორემ გავყიდდით ამ ფასად. საექსპორტო შეზღუდვაც მოხსნეს, მაგრამ იქაც 55 თეთრი ღირს და არ გვიღირს. თვითღირებულებით მაინც რომ ჩავაბაროთ, საწყობებს გავათავისუფლებთ და ვალის ნაწილსაც დავფარავდით,“ – აღნიშნა “მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ბენიაიძემ bm.ge-სთან ინტერვიუში.

თუმცა, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველოდან ხორბლის მცირე ნაწილი გადის ექსპორტზე და ეს სიტუაციას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის.

და სულ შემოტანილი ხორბალი

 მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს ეკონომიკის თემებზე მუშაობა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Next
დავით კაჭარავა 
deputati kacharava

დავით კაჭარავა 

უკეთ გაიცანით რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share