fbpx
cover energy

საქართველო აზერბაიჯანისგან ელექტროენერგიას ფარული ოფშორებით ყიდულობს

ვინ დგას ამ ბიზნესის უკან?

ავტორები: კელი ბლოსი (OCCRP), აიდან იუსიფი (iFact), ნანუკა ბრეგაძე (iFact), მარიკა დუდუნია (Studio Monitori), ფატიმა კარიმოვა (Mikroskop Media) და რობერტ დენისი (OCCRP)

“გამჭვირვალეა მთავრობა, გამჭვირვალეა ბიზნესი და უდავოა, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ყველა სხვა სუბიექტი” –  “რუსული კანონის” მხარდამჭერი ეს სიტყვები სულხან პაპაშვილს ეკუთვნის. 

ის მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება. თუმცა, რატომღაც, 29 აპრილს გადაწყვიტა თავისი აზრი ღიად დაეფიქსირებინა – “რუსულ კანონზე” ხელისუფლების პროპაგანდა ზედმიწევნით გაიმეორა და კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისთვის “ქართული ოცნება” შეაქო კიდეც.

ის ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, ლაშა პაპაშვილის ძმაა. ისინი ერთად ფლობენ სასტუმროებს სხვადასხვა რეგიონში, ბიზნესცენტრებს თბილისში და უძრავი ქონების კომპანია “რედიქს ჯგუფს”.

Სულხან პაპაშვილი გამჭვირვალობას კი ითხოვს, მაგრამ თავად რამდენამ გამჭირვალე ბიზნეს საქმიანობას ეწევა ამაზე “აი,ფაქტის”, OCCRP-ის, “სტუდია მონიტორის”, “მიკროსკოპ მედიასა” და “მეიდანტვ”-ის ერთობლივი გამოძიებით მოგიყვებით.

ამბავი ეხება სულხან პაპაშვილის ექსკლუზიურ ბიზნესს – აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის საქართველოში იმპორტს და საქართველოს გავლით თურქეთში ტრანზიტს. ჟურნალისტური გამოძიებით ასევე გაიგებთ, რა კავშირი აქვს მსხვილ ბიზნესმენს აზერბაიჯანში გაურკვეველი გზებით გამდიდრებულ მაღალჩინოსნებთან. 

2016 წელს აზერბაიჯანულმა სახელმწიფო კომპანია “აზერენერჯიმ” დაიწყო დიდი მოცულობის ელექტროენერგიის საქართველოში ექსპორტი და საქართველოს გავლით  თურქეთში ტრანზიტი. 

აზერბაიჯანული ელექტროენერგიის, ძირითადი იმპორტიორი, შუამავალი კომპანიები “ელგრინ ჰოლდინგსი”, “ელგრინ ჰოლდინგს ინქორფორეითიდ” და “შელდონ ქორფორეიშენია”. Სამივე მათგანი ოფშორულ ზონებში – ბელიზსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებშია რეგისტრირებული. 

წლების განმავლობაში უცნობი იყო, ვინ იყო ამ ბიზნესის მფლობელი. ახლა კი ვიცით  რომ მინიმუმ ორ ოფშორულ კომპანიას, სულხან პაპაშვილი ფლობს. მისი სახელით მოქმედმა ქართულმა იურიდიულმა კომპანიამ დაგვიდასტურა, რომ ბიზნესმენი ამ კომპანიების 100%-ანი წილის მფლობელია. 

ინტერესტთა კონფლიქტი Სულხან პაპაშვილის გარშემო

მას შემდეგ, რაც სულხან პაპაშვილმა “აზერენერჯისგან” ელექტროენერგიის შესყიდვის ბიზნესი აიწყო, საქმიან ურთიერთობაში შევიდა აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან.

კერძოდ, 2017 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია “აზერენერჯის” მაშინდელი დირექტორის, ეთიბარ პირვერდიევის ცოლმა, ფარვანა პირვერდიევამ სულხან პაპაშვილთან ერთად დააფუძნა საინვესტიციო კომპანია “ესკო”. პირვერდიევამ საქართველოში მისი სახელით საქმიანობის წარმოების უფლება კი სულხან პაპაშვილის გარემოცვის ერთ-ერთ ყველაზე სანდო ადამიანს, პაატა ჟღენტს მისცა.  

პაატა ჟღენტს სულხან პაპაშვილიც ანდობს არაერთი  მისი ბიზნეს საქმიანობის წარმოების უფლებას. 

2018 წელს “აზერენერჯის” დირექტორი ბალაბაბა რზაევი გახდა. მოგვიანებით Პაპაშვილმა ბიზნესურთიერთობები მის ვაჟთან, ფუად რზაევთანაც დაიწყო. ისინი თბილისის ცენტრში, ერთ შენობაში ფლობენ გვერდიგვერდ მდებარე კომერციულ ფართებს, რომელიც რუსულ კომპანიაზე ერთად აქვთ მიქირავებული.

alievi da rzaevi
“აზერენერჯის” დირექტორი ბალაბაბა რზაევი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად სტუმრობს ჰიდროელექტროსადგურს აზებაიჯანში, 2023 წელი. Წყარო: პრეზიდენტ ალიევის ადმინისტრაცია.

გარდა ამისა, რზაევმა პაპაშვილის ბიზნეს პარტნიორ პაატა ჟღენტთან ერთად დააფუძნა კომპანია შპს “კაბლიანსი”, რომელიც ბალაბაბა რზაევის აზერბაიჯანული კომპანიისგან “გოქნურ ბაქუსგან” ელექტროგადამცემ სადენებს ყიდულობს. 

ამ პერიოდის განმავლობაში, პაპაშვილს საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა აზერბაიჯანის კიდევ ერთი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრთან – ილჰამ ალიევის დაცვის უფროს ბაილარ ეიუბოვის ცოლთან. Ზოჰრა სულთანოვა და სულხან პაპაშვილი ერთად ფლობენ შპს “ესკოს” და შპს “გოგებაშვილი 30”-ს, რომელიც ბათუმში “ბუტიკ ჰოტელს” მართავს.

Მათ სახელზე დიდძალი ქონებაა, თუმცა, ალიევის დაცვის უფროსს მათ შესაძენად ოფიციალურად საკმარისი ხელფასი არ აქვს. 

„ეს ჩვენი სახელმწიფოს პრობლემაა, რომ კომპანიების საქმიანობა გამჭვირვალე არ არის. მართალი და ტყუილი ერთმანეთშია არეული… რომ წახვიდე და დაგუგლო, კომპანიის სახელის იქეთ ვერაფერს იპოვი. ამიტომ, გამჭვირვალობა ბევრ პრობლემას მოაგვარებდა”, – ამბობს გია არაბიძე, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

Სულხან პაპაშვილის წარმომადგენელმა იურიდიულმა ფირმამ ბიზნესმენის აზერბაიჯანელ მაღალჩინოსნებთან კავშირის შესახებ გვითხრა:

„ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების ოჯახებთან დაკავშირებული ბიზნესმენები საქართველოში საქმიანობენ და აქტივებს იძენენ, არ ნიშნავს იმას, რომ მათ ბატონი პაპაშვილის გამო განსაკუთრებულად ეპყრობიან”, – ამბობს იურიდიული კომპანია. 

Მათი თქმით, უსაფუძვლოა პაპაშვილის ბიზნესის გაუმჭვირვალობის შესახებ ბრალდებებიც – “ბატონი პაპაშვილის მიერ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შესყიდვა „აძლიერებს საქართველოს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობას”.   Მათ ასევე  უარყვეს, რომ ეს ბიზნესი მონოპოლიურია და სიტუაცია ამგვარად ახსნეს – “არც ერთი კონკურენტი ეკონომიკური სუბიექტი არ იყო დაინტერესებული აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტით.”

Ბიზნესმენის იურიდიული წარმომადგენელი გვიმტკიცებს, რომ სულხან პაპაშვილმა აქციონერთა სტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა. სინამდვილეში კი არ უპასუხიათ კითხვაზე, თუ რატომ წარმართავს ბიზნესს ოფშორული კომპანიების მეშვეობით.

ბალაბაბა რზაევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არაფერი იცოდა მისი შვილის ბიზნესსაქმიანობაზე. მისმა ვაჟმა ფუად რზაევმაც კი ინტერესთა კონფლიქტიც უარყო და თქვა, რომ მისი ბიზნესსაქმიანობა მამამისთან დაკავშირებული არ არის.

ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვა “აზერენერჯის” ყოფილმა დირექტორმა ეთიბარ პირვერდიევმა, მისმა მეუღლემ ფარვანა პირვერდიევამ, ალიევის დაცვის უფროსმა ბაილარ ეიუბოვმა და მისმა ოჯახმა.

ვინ დგას “ელგრინის” უკან

2015 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თბილისში 2-დღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. Მან საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად ხელი მოაწერა ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ დეკლარაციას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერდნენ აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ელექტროენერგიის თურქეთისთვის მიწოდებას.

ეს შეთანხმება ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებში გარდამტეხი მნიშვნელობისაა. იქამდე, სახელმწიფო კომპანია “ესკო” აზერბაიჯანისგან მცირე ოდენობის, მხოლოდ რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგიას ყიდულობდა.

2015 წლის შეთანხმების შემდეგ კი ექსპორტის მოცულობა გაიზარდა. გაეროს სავაჭრო მონაცემებით, 2016-2023 წლებში საქართველომ აზერბაიჯანიდან 247 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ელექტროენერგია შეისყიდა. “ესკოს” სავაჭრო მონაცემებით კი იმავე პერიოდში, საქართველოდან თურქეთში 400 მილიონი აშშ დოლარის ელექტროენერგია გავიდა. 

elgreen declaration
ილჰამ ალიევი და გიორგი მარგველაშვილი ხელს აწერენ ერთობლივ დეკლარაციას.ფოტო: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ოფიციალურად არასოდეს არავის უთქვამს თუ ვინ უდგას სათავეში ამ სავაჭრო სქემას, მაგრამ დოკუმენტების და სტატისტიკური მონაცემების შესწავლით დავადგინეთ, როგორ განვითარდა და შეინიღბა ეს ბიზნესი.

მარგველაშვილისა და ალიევის მიერ დეკლარაციის ხელმოწერიდან ორ კვირაში ერთდროულად დაფუძნდა ორი კომპანია – “ელტრანზიტი” საქართველოში და “ელგრინ ჰოლდინგსი” ბელიზის ოფშორულ ზონაში. 

მაშინ “ელტრანზიტს” სულხან პაპაშვილის დიდხნიანი ბიზნესპარტნიორი გიორგი კუხალეიშვილი ფლობდა. “ესკოს” მონაცემებით, რეგისტრაციიდან ორ თვეში “ელტრანზიტმა” “აზერენერჯისგან” ელექტროენერგიის შესყიდვა და თურქეთში ტრანზიტი დაიწყო. 

ამის შემდეგ ელექტროენერგიით ვაჭრობა პაპაშვილის ოფშორულმა კომპანია “ელგრინმა” გადაიბარა. 

ბელიზის იურისდიქციის მიხედვით კომპანიის მფლობელებზე ინფორმაცია საჯარო არ არის, შესაბამისად საზოგადოება ვერ გაიგებს კომპანიის რეალური მფლობელების ვინაობას. 

2017 წლიდან საქმე მესამე კომპანიამ, “ელგრინ ჰოლდინგს ინქორფორეითიდმა” გადაიბარა. 2023 წლის ოქტომბერში კი ელექტროენერგიით ვაჭრობის ბიზნესს სათავეში ჩაუდგა კიდევ ერთი ახალი ოფშორული კომპანია “შელდონი”. ორივე მათგანი არაბთა საემიროების საიდუმლო კორპორატიულ რეესტრშია შეყვანილი. 

“ელგრინს” მოქმედი ვებსაიტი არ აქვს, არც ფინანსურ ანგარიშებს ასაჯაროებს და თავის მონოპოლიურ ბიზნესს წლებია ჩრდილქვეშ მართავს. “ელგრინისა” და Სულხან პაპაშვილის კავშირზე პირველად “სტუდია მონიტორის” 2020 წლის გამოძიებაში გაჟღერდა. 

მაშინ “სტუდია მონიტორმა” გამოავლინა, რომ “ელგრინის” უკან საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც იღებდა. ამ ამბის გასაჯაროებიდან ერთ თვეში ნოღაიდელმა მედიასთან თითქმის ათწლიანი დუმილი დაარღვია და “ფორბსთან” ინტერვიუში დაადასტურა, რომ “ელგრინის”ერთ-ერთი მფლობელი სულხან პაპაშვილიც იყო. თუმცა, მისი თქმით, კომპანიას სხვა ინვესტორებიც ჰყავდა.

ორი წლის შემდეგ, სასამართლოში გამოკითხვისას ნოღაიდელმა განაცხადა, “ელგრინის” ერთადერთი მფლობელი ევროკავშირის მოქალაქეაო. თუმცა, ვინაობა არ დაასახელა. Პაპაშვილზე კი ამჯერად “ჩვენება შეცვალა” და თქვა, რომ “საწარმოს პოლიტიკის ნაწილში იღებს გადაწყვეტილებებს”. 

ამ ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობისას ზურაბ ნოღაიდელს კიდევ ერთხელ ვესაუბრეთ, სადაც მან “ელგრინის” ერთადერთ მფლობელად სულხან პაპაშვილი დაასახელა. Სხვადასხვა დროს მის ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებს გაუგებრობა უწოდა და საბოლოოდ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ კომპანიის  მფლობელი სულხან პაპაშვილია:

”ეს იყო ჩემი იდეა, მე დავადგინე ბიზნესის სტრუქტურა და შევთანხმდი “აზერენერჯისთან”, აზერბაიჯანულ მხარესთან… მე თვითონ რესურსი არ მქონდა, ამიტომ სულხან პაპაშვილი მოვიწვიე, ის არის ფინანსური ინვესტორი”. 

noghaideli
ზურაბ ნოღაიდელი “სტუდია მონიტორთან” ინტერვიუსას

ნოღაიდელმა ისიც გვითხრა, კომპანია ოფშორში მფლობელების გასაიდუმლოების მიზნით არ გადასულაო: „მე ვურჩიე პარტნიორებს, რომ ასე უკეთესი იქნებოდა, რადგან უფრო ეფექტურია საგადასახადო თვალსაზრისით”. 

Სულხან პაპაშვილის წარმომადგენელმა იურიდიულმა ფირმამ დაგვიდატურა, რომ ის ნამდვილად იყო არაბეთის საემიროებში დაფუძნებული სამი ოფშორული კომპანიის ერთადერთი მფლობელი.

მათ ასევე მოგვწერეს: “”ელგრინი” კერძო კომპანიაა, ამიტომ საიტის შექმნის და ფლობის ვალდებულება არ აქვს. “ელგრინიც” და “შელდონიც” თავიანთ ფინანსურ ანგარიშგებას შესაბამის იურისდიქციებში სათანადო ფორმითა და წესით წარადგენენ “.

ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობისას გაგვიჩნდა კითხვა, როგორ ენდო “აზერენერჯი” ახალბედა ქართულ კომპანია “ელტრანზიტს”, რომელსაც ენერგეტიკის სფეროში გამოცდილება საერთოდ არ ჰქონია.

ნოღაიდელის თქმით, აზერბაიჯანელებს “ელგრინთან” (ელექტოენერგიის ტრანზიტი “ელტანზიტმა” დაიწყო, რამდენიმე თვეში კი “ელგრინმა” გააგრძელა) თანამშრომლობის იდეა მან მიაწოდა. ეს 2020 წელს “სტუდია მონიტორთან” “აზერენერჯიმაც” დაადასტურა. კომპანიის თქმით, “ელგრინმა” ყურადღება მიიპყრო იმით, რომ გაჩნდა ელექტროენერგიის საქართველოში ექსპორტის, შემდეგ თურქეთში და სამომავლოდ, ევროკავშირში ტრანზიტის შესაძლებლობაც. 

ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტები მეტყველებს, რომ მხარეებს სხვა ინტერესებიც ამოძრავებდათ. Როგორც კი პრეზიდენტმა ალიევმა ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიით ვაჭრობა მოიწონა, სულხან პაპაშვილმა ურთიერთობები გააჩაღა აზერბაიჯანელ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან. კერძოდ, ალიევის დაცვის უფროსის, ბაილარ ეიუბოვას მეუღლესთან და სახელმწიფო კომპანია “აზერენერჯის” დურექტორების შვილსა და მეუღლესთან. 

გადაჯაჭვული ბიზნესინტერესები 

Ზურაბ ნოღაიდელი ჩვენი კითხვების საპასუხოდ ამბობს, რომ “ელგრინის” გუნდში ყოველდღიურ მენეჯერულ საქმეებს პაატა ჟღენტი აგვარებდა. ის თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილეა.

„რადგან კომპანიის მენეჯმენტი ძალიან დატვირთულია, გადაწყვიტეს და გადმომცეს მინდობილობა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა სხვადასხვა ინსტანციაში წარმომედგინა… მე არ ვიღებ გადაწყვეტილებებს, მხოლოდ მათ დავალებებს ვასრულებ”, – მოგვწერა თავად პაატა ჟღენტმა. Მისი თქმით, ნდობა მოიპოვა “პროფესიონალიზმით და საქმისადმი პედანტური დამოკიდებულებით”.

მოვიპოვეთ ათამდე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პაატა ჟღენტი სულხან პაპაშვილის, მისი მეუღლისა და ქალიშვილის მინდობილი პირი იყო. მას ნება მისცეს ემართა ოჯახის ფინანსები, დაეარსებინა კომპანიები და შეეძინა უძრავი ქონება მათი სახელით. 

Პაატა ჟღენტი ასევე არის “აზერენერჯის” დირექტორის მეუღლის, ფარვანა პირვერდიევას და ალიევის დაცვის უფროსის მეუღლის, ზოჰრა სულთანოვას მინდობილი პირი. ორივე დოკუმენტი 2017 წლის მაისშია გაცემული. ამ მინდობილობების მიხედვით ჟღენტს უფლება ჰქონდა მათი სახელით გაეხსნა და დაეხურა საბანკო ანგარიშები, გაენაღდებინა თანხა, განეკარგა უძრავი ქონება და გაცნობოდა მიმოწერას.

სანდრო ქევხიშვილმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანალიტიკოსმა, რომელმაც ნახა მინდობილობი, გვითრა რომ ის „ნამდვილად უჩვეულოა“ და დაამატა რომ ჟღენტის მიმართ „ნდობის  ძალიან მაღალ დონეზეა“ საუბარი. პაპაშვილის საადვოკატო ფირმამ უარყო ეს დახასიათება და  განაცხადა რომ ეს საქართველოში სტანდარტული ბიზნეს პრაქტიკაა.

ჟღენტმა დრო არ დაკარგა და ამ მინდობილობების მიღებიდან, დაახლოებით, ორ კვირაში დააარსა შპს „ესკო“. პირვერდიევა და სულთანოვა კი სულხან პაპაშვილთან ერთად ამ კომპანიის თანამფლობელები გახდნენ.

კომპანიამ დაარსებიდან მეორე დღესვე იყიდა 8,5 ჰექტარი ფართობის 852 000 აშშ დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი გარდაბანში, სოფელ მარტყოფში.

ჟღენტმა არ გვითხრა, კონკრეტულად რა მიზნისთვის შეიძინეს მიწა. Მხოლოდ ასე მოგვწერა: „გვინდოდა გარკვეული ბიზნესიდეისთვის, რომლისთვისაც საჭირო ნებართვები ვერ მივიღეთ… Პროექტი ჯერ არ განხორციელებულა”.

პირვერდიევამ და სულთანოვამ ფულის წარმომავლობის შესახებ კითხვებს არ უპასუხეს. პაპაშვილის წარმომადგენელმა იურიდიულმა ფირმამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პირვერდიევას ქალიშვილი „ოფიციალურ და ლეგალურ ბიზნესს ფლობს, შესაბამისად, დედამისს შეუძლია “ესკოში” ფინანსური შენატანი ჰქონდეს”.

ასევე წარუმატებლად დასრულდა შპს “ესკოს” მონაწილეობა საქართველოს მთავრობის ტენდერში, რომელიც 20-ზე მეტი ელექტროგადამცემი ანძის ასაგებად გამოცხადდა. ამ კომპანიის საქმიანობის შესახებ რეპორტიორებმა სხვა საჯარო ინფორმაცია ვერ იპოვეს.

Სულხან პაპაშვილის წარმომადგენელმა იურიდიულმა ფირმამ გვითხრა, რომ “ესკო” მხოლოდ ერთ აქტივს ფლობს და ბიზნესსაქმიანობა პრაქტიკულად არ აქვს. Რაც შეეხება Სახელმწიფო შესყიდვებში “ესკოს” მონაწილეობას, იურისტების თქმით, მათ ამის შესახებ არაფერი სმენიათ.

Sulkhan Papashvili (second from left), Azerbaijan President Ilham Aliyev (second from right), and Etibar Pirverdiyev (right)
აზერბაიჯანი, ქალაქი სუმგაითი, 2017 წლის დეკემბერი.
მარცხნიდან – სულხან პაპაშვილი, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ეთიბარ პირვერდიევი. პაპაშვილის კრიპტივალუტის ცენტრის პრეზენტაცია. ფოტო: ალიევის ადმინისტრაცია

2018 წლის ივლისში აზერბაიჯანის უმსხვილეს “მინგეჩაურის” ელექტროსადგურზე უბედური შემთხვევის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება მთელ ქვეყანას შეუწყდა. Მოქალაქეები მეტროში ჩარჩნენ. ამ კრიზისის გამო პრეზიდენტმა ალიევმა “აზერენერჯის” მაშინდელ ხელმძღვანელ პირვერდიევს საჯაროდ უსაყვედურა, სექტემბერში კი თანამდებობიდანაც გადააყენა. 

ამის მიუხედავად, ჟღენტმა პირვერდიევის ოჯახის წევრების სახელით საქმიანობა მაინც გააგრძელა.

2019 წელს პაატა ჟღენტმა დააფუძნა შპს “ეპ ჯორჯია” პირვერდიევის ვაჟ ელვინისთვის, რომელიც მაშინ 19 წლის სტუდენტი იყო. ელვინმა შემდეგ ამ კოპანიის სახელზე საქართველოში უძრავი ქონება შეიძინა. 2020 წელს ელვინ პირვერდიევმა სულხან პაპაშვილთან ერთად იყიდა კომპანია “ძველი ხიბულა”, რომელიც თბილისში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. 

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს კორუფციის კვლევა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი

Სადენების ბიზნესი 

2018 წელს პირვერდიევის ნაცვლად “აზერენერჯის” პრეზიდენტი გახდა ბალაბაბა რზაევი, იგივე ბაბა რზაევი. ამის შემდეგ Მისი ვაჟი ფუად რზაევი სულხან პაპაშვილთან, პაატა ჟღენტთან და მათი გარემოცვის კიდევ ერთ წევრ, გიორგი კუხალეიშვილთან იწყებს ბიზნესსაქმიანობას. 

2022 წლის იანვარში ფუად რზაევმა მინდობილობა გაუფორმა პაატა ჟღენტს. თებერვალში კი ჟღენტმა ფუადთან ერთად შპს „კაბლიანსი“ დააარსა და სადამფუძნებლო დოკუმენტზე ხელი ორივეს ნაცვლად მანვე მოაწერა. (სულხან პაპაშვილის წარმომადგენელმა იურიდიულმა ფირმამ ეს ფაქტიც ასე შეაფასა – “არაფერია უჩველო”)

ამჯერად, ჟღენტი მხოლოდ დავალებების შემსრულებელი არ ყოფილა. „კაბლიანსში” წილებიც მიიღო, როგორც თვითონ ამბობს, “უამრავ მოლაპარაკებაში წარმატებული მონაწილეობისთვის” მადლიერების ნიშნად.

ფუადი და ჟღენტი „კაბლიანსის” 25-25%-ან წილებს ფლობენ, დანარჩენი 50% კი Საქართველოში Სადენების უმსხვილეს მწარმოებელ “საქკაბელს” ეკუთვნის.

კომპანიის დაარსებიდან ცხრა დღეში “კაბლიანსმა” აზერბაიჯანული „გოქნურ ბაქუს” წარმოებული სადენების შეძენა-გაყიდვის ექსკლუზიური უფლებაც მოიპოვა. ეს კომპანია 2003 წელს ფუადის მამამ, ბალაბაბა რზაევმა დააარსა. Მან ჟურნალისტებს უთხრა, “გოქნურ ბაქუს” ჩემთან არანაირი კავშირი აღარ აქვს, ახლა ის ჩემს ოჯახის წევრებს ეკუთვნითო. თუმცა, მათი ვინაობა არ დაასახელა.

აზერბაიჯანში კომპანიის მფლობელების შესახებ ინფორმაცია დახურულია. თუმცა,  ჟურნალისტებმა მოიპოვეს “გოქნურ ბაქუს” 2020-2021 წლების ფინანსური ანგარიშები.  დოკუმენტებით მტკიცდება, რომ იმ დროს კომპანიის 70%-ან წილს ბალაბაბა რზაევი ფლობდა. 

2022 წლის მარტში პაატა ჟღენტმა ფუადისთვის კიდევ ერთი კომპანია, შპს „რუსთაველი 1“ დააფუძნა და სადამფუძნებლო შეთანხმებას კვლავ მისი სახელით მოაწერა ხელი. სულ რაღაც ორი დღის შემდეგ, რზაევმა 3 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფულით იყიდა შპს “ხვამლი”, რომელიც თბილისის ცენტრში კომერციულ ფართებს ფლობს. 

ეს ფართი ახლა ორ რუს ბიზნემენს აქვს ნაქირავები. ისინი ფუადის და ჟღენტის კომპანიას ყოველთვიურად 21 000 აშშ დოლარს უხდიან.  Ფართში კი  “ფუფუნების ნივთების” მაღაზიის გახსნას აპირებენ. Მათვე აქვთ ნაქირავები Მეზობლად მდებარე კომერციული ფართი, რომელიც სულხან პაპაშვილს ეკუთვნის. 

ფუად რზაევმა ქართველ ბიზნესმენ გიორგი საძაგლიშვილთან ერთად იყიდა 5 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების კომერციული უძრავი ქონება თბილისის ცენტრში, რომელიც სულხან პაპაშვილს, მის ძმა ლაშას და პაატა გაზაკაშვილს ეკუთვნოდათ.

ფუად რზაევი სულხან პაპაშვილის გარდა სხვა ქართველ ბიზნესმენებთანაც თანამშრომლობს. Მას წილები აქვს ყურძნის გადამამუშავებელ კომპანია “მწვანე ბოლნისში”. Რზაევთან ერთად კომპანიის მეწილეა ალიევის დაცვის უფროსის, ბაილარ ეიუბოვის ძმა რაფიგ ჰასანოვი და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის ძმა გივი გიგინეიშვილი.

არარეალიზებული გეგმები  

პრეზიდენტის ალიევის დაცვის უფროსის, ბაილარ ეიუბოვის ვაჟიც ქართულ ენერგეტიკულ ბიზნესში ჩაერთო. ამ დროს ის სულ რაღაც 23 წლის იყო.

leila alieva
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილი ლეილა ალიევა ხელოვნების გამოფენაზე. ლონდონი, 2012 წელი. ღვინის ჭიქებით ხელში არიან – გიორგი კუხალეიშვილი და სულხან პაპაშვილი. ფოტო: კრის ჯექსონი, Getty Images

დეკემბერში “კალევოლტმა”, დაახლოებით, ნახევარ მილიონ დოლარად იყიდა კომპანია “კამარა ენერჯი”, რომელსაც საქართველოს მთავრობასთან ჰესების ასაგებად ორი მემორანდუმი ჰქონდა გაფორმებული. Შეძენიდან ორი წლის თავზე, სანამ რაიმე Მშენებლობა დაიწყებოდა, ელდარ ეიუბოვმა “კამარა ენერჯი” მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.

შემდეგ წელს ელდარ ეიუბოვმა მინდობილობა გასცა პაპაშვილის დიდი ხნის ბიზნესპარტნიორ გიორგი კუხალეიშვილზე და “კალევოლტის”წარმომადგენლობის უფლება მისცა.

ქართული მეგობრობა

არაერთი მცდელობის მიუხედავად, რეპორტიორებმა ვერ იპოვეს დოკუმენტები, რომელიც ეიუბოვების ოჯახის გამდიდრების გზას ახსნიდა. თუმცა, ეიუბოვის გამოძიებისას გამოიკვეთა მათი მჭიდრო საქმიანი კავშირები  ქართველ ბიზნესმენ სულხან პაპაშვილთან.

ერთ დროს, პაპაშვილი და ეიუბოვი კოლეგები იყვნენ, ერთი საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს იცავდა, მეორე აზერბაიჯანის პირველ პირს ჰეიდარ ალიევს. 

პაპაშვილი სახელმწიფო სამსახურის დატოვების შემდეგ უძრავი ქონების დეველოპერი გახდა. თუმცა, Როგორც ჩანს, ეიუბოვთან პირადი ურთიერთობა არ გაუწყვეტია. 2023 წლის ოქტომბერში, როცა ეიუბოვი პრეზიდენტ ალიევის დელეგაციასთან ერთად საქართველოს ესტუმრა, პრესკონფერენციაზე სულხან პაპაშვილიც გადაკოცნა და ვახშამზე გვერდიგვერდაც ისხდნენ. 

ჟურნალისტებმა ვერ იპოვეს იმის მტკიცება, რომ ეიუბოვმა პაპაშვილის დასახმარებლად თავისი გავლენები გამოიყენა. თუმცა, კომპანიის დოკუმენტები მოწმონს, რომ პაპაშვილი გარემოცვა პირიქით, იქეთ ეხმარებოდა ეიუბოვის ოჯახის წევრებს ელექტროენერგიის სფეროში ჩართული კომპანიების დაფუძნებაში. 

Როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეიუბოვის ცოლმა ზოჰრა სულთანოვა სულხან პაპაშვილის პარტნიორი გახდა შპს “ესკოში”, რომელიც ელექტროგადამცემი ანძების ტენდერში მონაწილეობდა. ეიუბოვის ვაჟი კი პაპაშვილის ბიზნესპარტნიორის დახმარებით საქართველოში ჰესის აშენებას გეგმავდა. 

ეს ენერგეტიკული პროექტები  წარმატებული ვერ გამოდგა, მაგრამ ეიუბოვების ოჯახის და პაპაშვილის სხვა ერთობლივმა საქმეებმა გაამართლა. 

სასტუმრო ლეპორტი ბათუმში - leport in Batumi
სასტუმრო “ლე პორტი” ბათუმში. ფოტო: “აი,ფაქტი”

Წარმატებული მაგალითია აპარტჰოტელი “ლე პორტი” ბათუმში, Რომელიც სანაპიროსთან, პორტთან ახლოს მდებარეობს. 2012 წელს ეიუბოვის ცოლმა ზოჰრა სულთანოვამ პაპაშვილების კომპანია „გოგებაშვილი 30“-ის 50%-ანი წილი შეიძინა. სწორედ ამ კომპანიამ ააშენა და ფლობს სასტუმრო “ლე პორტს”.

ახლა „გოგებაშვილი 30“-ის 50%-ან წილს სულხან პაპაშვილი ფლობს. აქედან 25% მან  2020 წელს ძმისგან, ლაშა პაპაშვილისგან შეიძინა. 

ლაშა პაპაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეიუბოვების ოჯახმა სასტუმროში 4 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო. Რეალურად, ეს ბაილარ ეიუბოვის ძმის, რაფიგ ჰასანოვის ფული იყო.

სასტუმრო “ლე პორტი” 2014 წლის აგვისტოში გაიხსნა, მაგრამ საწყის წლებში მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. Მათი წლიური ფინანსური ანგარიშების მიხედვით, 2018-2020 წლებში კომპანია წაგებაზე მუშაობდა. 

2020 წელს ზოჰრა სულთანოვამ და მისმა ორმა ქალიშვილმა 3 მილიონ ფუნტ სტერლინგად ბრიტანული კომპანია “ბინგრინ ლიმითედის” აქციები იყიდეს. Მათთან ერთად აქციონერია გიორგი კუხალეიშვილი და სულხან პაპაშვილი, თავისი ოფშორული კომპანიით. 

“ბინგრინ ლიმითედი” ფლობს და მართავს ლონდონში მდებარე კაფე “კატალისტს”.  2017 წლიდან, Სწორედ ამ კომპანიას შემოაქვს საქართველოში “კატალისტის” ბრენდის ყავა. 

cafe
ეიუბოვების ოჯახის და ქართველი ბიზნესპარტნიორების კაფე “კატალისტი” ლონდონში. ფოტო:ვილ ჯორდანი/OCCRP

გიორგი კუხალეიშვილს ბრიტანეთში ქონების მართვის ფირმა “კორნერსთოუნ ლიმითედი” აქვს. Სწორედ ეს კომპანია ეხმარება ეიუბოვების ოჯახს ლონდონში ორი დიდი სახლის მშენებლობაში. Ისინი ფოსტის მისამართადაც კუხალეიშვილის ფირმის მისამართს უთითებენ. 

კუხალეიშვილის იურიდიული წარმომადგენელი ამბობს, რომ ეიუბოვების ოჯახს როგორც მორიგ კლიენტს ისე მოემსახურნენ და არა რაიმე კეთილგანწყობის, ან სარგებლის მიღების სანაცვლოდ.

ეიუბოვებს ბრიტანეთში ძმები პაპაშვილებიც დაეხმარნენ – მათი ორივე საცხოვრებელი სახლი ლაშა პაპაშვილის მეუღლის, ხათუნა ფარჯანაძის კომპანიის მონაწილეობით აშენდა.

Ხათუნა ფარჯანაძის კომპანიის, “როქბრიჯ ლიმითედის” მონაწილეობით აიგო კიდევ ერთი კერძო სახლი ლონდონში, რომელიც ეიუბოვების სახლებს შორის დგას და სულხან პაპაშვილის ცოლს, ირმა პაპაშვილს ეკუთვნის. 

Პაპაშვილების და ეიუბოვების ოჯახის წევრები მხოლოდ ქორთნი ავენიუზე არ მეზობლობენ. Სულხან პაპაშვილის ქალიშვილი სალომე ლონდონში, “ვიზაჟ აპარტამენტში” პენტჰაუსს ფლობს. ეიუბოვის ქალიშვილ ელვირას იმავე კომპლექსში სამი ბინა აქვს. 

ვიზაჟ აპარტმენტი ლონდონში, ქორთნი ავენიუზე
“ვიზაჟ აპარტამენტი” ლონდონში, ქორთნი ავენიუზე. ფოტო: ვილ ჯორდანი/ OCCRP

ჟურნალიტებმა გამოძიებისას აღმოჩინეს რომ, ალიევის დაცვის უფროსმა და მისმა ცოლ-შვილმა დიდ ბრიტანეთში უძრავ ქონებაში 114 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს. დუბაიში კი 46 მილიონ დოლარზე მეტი. Მილიონერია დაცვის უფროსის ძმაც რაფიკ ჰასანოვი. ახლა ის მინიმუმ 51 მილიონი დოლარის კერძო და კომერციულ უძრავ ქონებას  ფლობს დუბაისა და ჩეხეთში. მას მინიმუმ 2022 წლამდე 9 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები ეკუთვნოდა რუსეთშიც.  ამ ქონების ამჟამინდელი მდგომარეობა უცნობია. 

სტატიაზე მუშაობდნენ: ჰაბიბ აბდულაევი (Meydan TV), ხატია ნიკოლაიშვილი (GMC) და OCCRP-ის კვლევისა და მონაცემთა გუნდი.

მასალა მომზადებულია EU4IM პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. კონტენტზე პასუხისმგებელია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტი" და მასალის სათქმელი შეიძლება არ ასახავდეს/ეთანხმებოდეს ევროკავშირის ხედვას. 
Georgian
კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს კორუფციის კვლევა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Next
“შავი წერტილები” – როგორ კონტროლდება საავტომობილო გზის სახიფათო მონაკვეთები?
ორმოები და ავარიული გზები საქართველოში

“შავი წერტილები” – როგორ კონტროლდება საავტომობილო გზის სახიფათო მონაკვეთები?

სახელმწიფოს სტრატეგია და რეალური შედეგები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share