fbpx
cover zestafoni aaip-ebi

როგორ იქცა სამთავრობო ა(ა)იპ-ი “დასაქმების კანტორად”

ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ ზრდის ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს ხელოვნურად – სამთავრობო ა(ა)იპ-ებში შტატების “გაბერვით”. როგორ გაჩნდა “გამოგონილი სამსახურები” სოციალურად დაუცველთა დასაქმებისთვის და მივიღეთ ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი მეტი საჯარო მოსამსახურე – მმართველი პარტიისთვის მეტი გარანტირებული ხმა არჩევნებზე. ამ ამბავში დასარწმუნებლად მხოლოდ ზესტაფონის ბიბლიოთეკებში ნანახი და მოსმენილიც კმარა.

ერთი ასეთი “გამოგონილი სამსახური” მთავრობამ სოციალურად დაუცველებს ბიბლიოთეკებში “უპოვა” – დასაქმებულებს 300-ლარიანი ხელფასი შესთავაზა და ზოგს ბიბლიოთეკის დალაგება, ზოგსაც – მოსახლეობაში წიგნების თუ გაზეთების ჩამორიგება მიანდო.

ქალაქ ზესტაფონში სულ ოთხი ბიბლიოთეკაა. ახლომახლო სოფლებში კი – 13. ჩვენმა ჟურნალისტურმა მოკვლევამ აჩვენა, რომ  სოციალურად დაუცველები დაასაქმეს იქაც, სადაც არც დამლაგებლის აყვანის აუცილებლობა იყო, არც წიგნების კარდაკარ მიტანის.

გადავწყვიტეთ, ა(ა)იპ-ებში თავად შეგვეხედა და ისე მოგვეთხრო, ვინ რას საქმიანობს იქ. პირველად ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მივედით და მის დირექტორს, ლელა ფერაძეს შევხვდით.

ფერაძე ჩვენი სტუმრობის მიზეზით დაინტერესდა, რაზეც ვუპასუხეთ, რომ გვსურდა მათ საქმიანობაზე, მიღწევებზე და მათ უხუცეს თანამშრომლებზე დაგვეწერა. ლელა ფერაძეს არ დაუმალავს და სიამაყით მოგვიყვა, როგორ მოუფიქრა საქმე სოციალურად დაუცველებს, რომლებიც ბიბლიოთეკაში დასაქმების პროგრამით მოხვდნენ.

ზესტაფონის ცენტრალური ბიბლიოთეკა
ზესტაფონის ცენტრალური ბიბლიოთეკა

“სოციალურად დაუცველები რომ მოგვამაგრეს, მე დავავალე ყველას, სოფლებში “მოძრავი ბიბლიოთეკები” გაეკეთებინათ. გაზეთები და წიგნები გააქვთ მოსახლეობაში, მიიტანენ და აკითხებენ… სხვათაშორის, კომუნისტების დროსაც იყო ეს “მოძრავი ბიბლიოთეკები,” – გვითხრა ლელა ფერაძემ.

დირექტორი ლიტერატურისა და პრესის დამტარებლების საქმიანობას ისეთი ენთუზიაზმით აღწერდა, მათთან შეხვედრაც გადავწყვიტეთ. გეზი კლდეეთისკენ ავიღეთ, რადგან იქ ყველაზე მოწესრიგებული სიტუაცია გვეგულებოდა.

“ახალი კადრები” კლდეეთის ბიბლიოთეკაში

Სოფელ კლდეეთის ბიბლიოთეკა გამგეობის ერთ ოთახშია შეხიზნული. ბიბლიოთეკას, ორი წლის წინ, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ორი თანამშრომელი დაუმატეს – ეთო და ეკა. 

“მე კი არ მინდოდა [თანამშრომლები], მთავრობამ გამოუშვა ეს დადგენილება… ერთი დამლაგებელი გამგეობაში დაუმატეს, ხო უნდა დაესაქმებინათ ეს პიროვნებები, ორი მე დამიმატეს – დამხმარე და დამლაგებელი”, – გვიყვება მარინე აბაშიძე-მესხიშვილი, სოფლის ბიბლიოთეკარი და კლდეეთში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

ეკა ცერცვაძე ბიბლიოთეკაში დამლაგებლის პოზიციაზე დაასაქმეს. მანამდე ის არჩევნებზე დამკვირვებელი იყო ხოლმე.

ეთო ჭანკვეტაძე მაღაზიაში მუშაობდა და როგორც გვიყვება, იქაური ხელფასი მგზავრობის ხარჯებზეც არ ჰყოფნიდა. ახლა კლდეეთის ბიბლიოთეკაში მუშაობს და მოსახლეობაში წიგნების და გაზეთების დარიგება ევალება. 

კლდეეთის ბიბლიოთეკა
სოფელ კლდეეთის ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკის თანამშრომლები გვიყვებიან, რომ “მოძრავი ბიბლიოთეკის” მიზანი მოსახლეობაში კითხვის პოპულარიზაციაა. მათი აზრით, წიგნის სახლში მიტანის შემდეგ ხალხს ბიბლიოთეკაში მისვლაც მოუნდება. 

კლდეეთის ბიბლიოთეკაში ეკაც და ეთოც თვეში 300 ლარად მუშაობენ. სამუშაო პირობებით კმაყოფილები არიან. იხსენებენ, სოციალური მომსახურების სააგენტოდან ვაკანსიის თაობაზე რომ დაგვირეკეს, შეთავაზებას სიხარულით დავთანხმდითო.

“დღე და ღამე ვმუშაობდი, დაბალ ხელფასზე. მერე დამირეკეს, მითხრეს ასე და ასეო, შენსავე სოფელში, ბიბლიოთეკაში დაგასაქმებთ, ვაკანსიააო. დავთანხმდი, ახლა გზის ფული მაინც არ დამეხარჯება”, – გვითხრა ეთომ.

როგორც საუბრიდან გავარკვიეთ, მათი შერჩევისას, მთავარი კრიტერიუმი “ქართული ოცნების” მიმართ ერთგულება იყო. კითხვაზე, საქმდებიან თუ არა ამ პროგრამით ისეთი ადამიანებიც, ვინც მმართველ გუნდს არ ემხრობა, ეთომ პირდაპირ გვითხრა, “არა, მასეთები არა… ვინც მხარდამჭერი არ არის, მაგათ ვინ დაასაქმებს ახლა…  “ნაციონალებს”.

სურათი
ეთო ჭანკვეტაძე და ეკა ცერცვაძე ბიბლიოთეკაში

 ა(ა)იპ-ში დასასაქმებლად მმართველი პარტიის მომხრე რომ უნდა იყო, ამაზე სოფელშიც გვითხრეს, ვინაობის გამხელის გარეშე: “აგერ ბიბლიოთეკაში 300 ლარს აძლევენ, ბაღში დადიან, ბავშვებს აქვთ დახმარებები. რავა არ ასაქმებენ… ამ ივანიშვილის ხალხს… მხარდამჭერებს, ჰო. სხვები, ვინც არ ვართ ივანიშვილის ხალხი, კი ვართ ისე” (იცინის)

ისინი რომ “ქართული ოცნების” მომხრეები არიან, ამას მათი ბიოგრაფიაც მოწმობს. მაგალითად, დამლაგებელი და წიგნების დამტარებელი ეკა ცერცვაძე გასულ არჩევნებზე “ქართული ოცნების” დამკვირვებელი იყო.

მას ხელისუფლების პოლიტიკა ახლაც მოსწონს და ამას არც მალავს. ბიბლიოთეკის დირექტორ მარინე მესხიშვილზეც იგივე შეიძლება ითქვას – ის 2020 წელს კლდეეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო. არჩევნებზე “ოცნების” აგიტატორია სოფელ ფუთის ბიბლიოთეკის დირექტორი ლია სირაძეც.

წიგნის დამტარებლები “მოძრავი ბიბლიოთეკიდან”

მაინც რა ევალებათ ბიბლიოთეკის (ა)იპ-ებში დასაქმებულ წიგნის დამტარებლებს?

კლდეეთში, მაგალითად, გვითხრეს, საკითხავ მასალას მაღაზიაში და სამეზობლოში ვარიგებთო. სოფელში ვისაც ვესაუბრეთ, ისინი ამბობენ, ჩვენამდე არც წიგნს მოუღწევია და არც გაზეთსო.

ბიბლიოთეკიდან გამოსულებმა, სოფელში გავიარ-გამოვიარეთ, რომ გაგვეგო, ვინ იღებს ამ “სერვისს”. ზოგს ბიბლიოთეკის მიმდებარედ შევხვდით, ზოგსაც მიმდებარე ქუჩებში. რესპონდენტებს ვერც “მიწოდების სერვისის” ქონის სურვილი შევატყვეთ და ვერც ისეთი ადამიანები ვიპოვეთ, ვინც წიგნები უკვე მიიღო. ქვედა კლდეეთში, დაახლოებით, 500 ადამიანი ცხოვრობს. ერთი საათის განმავლობაში ათი ადგილობრივი გამოვკითხეთ და მათგან მხოლოდ ერთმა გაიხსენა, რომ ბიბლიოთეკიდან გაზეთები მიუტანეს. 

sofeli
სოფელი ქვედა კლდეეთი

“არა, არ ვსარგებლობ [მოძრავი ბიბლიოთეკით], ტყუილს ხომ არ გეტყვი? არ მცალია [კითხვისთვის], თორემ ადრე, ღამე არ დამეძინებოდა ისე, წიგნი რომ არ წამეკითხა. არც გაზეთები მოაქვთ”, – გვითხრა კლდეეთის მაღაზიის გამყიდველმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ანონიმურად დარჩენის პირობით გაგვესაუბრა სოფლის კიდევ ორი მკვიდრი და კითხვაზე, სმენიათ თუ არა ბიბლიოთეკიდან წიგნების დარიგებაზე, ასე გვიპასუხეს:

“პირველად მესმის, რომ ბიბლიოთეკა მუშაობს. საერთოდ თუ არსებობს, ეგეც არ ვიცი. ვინმემ თქვა ვსარგებლობ ამ სერვისითო? ვინც ამბობს კიო, ტყუილია”.

“67 წლის კაცი ვარ. ადრე, კომუნისტების დროს კი იყო მაგნაირი, მარა ახლა არ მსმენია, არ გამიგია… ჩემთან არავის მოუტანია მაგენი და არ ვიცი”.

კლდეეთის ბიბლიოთეკარებს წიგნების დასარიგებლად გაყოლა და პროცესის გადაღება ვთხოვეთ. თავიდან იუარეს, ახლა დასარიგებელი აღარაფერი გვაქვსო. სოფელში მეორედ ჩასვლაზე კი ბიბლიოთეკის დირექტორმა მარინე მესხიშვილმა თქვა, აქვე ჩემი რძალი ცხოვრობს, დავურეკავ, სახლში იქნება და მას მიუტანეთო. წიგნის არჩევაზეც ბევრი არ უფიქრიათ, დამლაგებელ ეკას “მუხრან მაჭავარიანის ბიოგრაფიისა” და მიხეილ ჯავახიშვილის წიგნის წაღება დაავალეს.

ეკამ წიგნი მაღაზიის გამყიდველს დაუტოვა. მან კი ბიბლიოთეკარის წასვლის შემდეგ “ჩვენება” შეცვალა და გვითხრა, მოაქვთ წიგნები, ვკითხულობ ხოლმეო.

კლდეეთის შემდეგ სოფელ შროშის ბიბლიოთეკას მივადექით. აქ წიგნების მოსახლეობაში ჩამორიგებაში დირექტორს დამლაგებელი ეხმარება. ისიც სოციალურად დაუცველთა პროგრამით დაასაქმეს.

სოციალურად დაუცველთა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2022 წელს შეიქმნა. მისი მიზანია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების გამონახვა, ზოგისთვის სეზონურად, ზოგისთვის – მუდმივად. მათი თვიური ხელფასი 300 ლარია, დასაქმებიდან ოთხი წლის განმავლობაში კი სოციალურ შემწეობებსაც ინარჩუნებენ. 

შროშის ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მათი ერთი სამუშაო დღის, მათ შორის, წიგნების ჩამორიგების გადაღება ვთხოვეთ. ჯერ გვითხრეს, სოფელში აღარავინ დარჩა, ვისაც წიგნებს მივაწვდით და ბარემ აქვე, საბავშვო ბაღში მივიტანთ, იქაც მიგვაქვს ხოლმეო.

ამჯერად დაარიგეს: ტოლსტოის “ანა კარენინას” მეორე ტომი, რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”, ჰომეროსის “ოდისეა”, ქარჩხაძის “ზებულონი” და დიუმას “სამი მუშკეტერი”. 

wignebi ilustracia zestafoni

ბაღის დაბნეული თანამშრომლები დაინტერესდნენ, წიგნებში ფული ხომ არ უნდა გადაეხადათ. ნათელი იყო, რომ “მოძრავი ბიბლიოთეკის” შესახებ არაფერი იცოდნენ. წიგნები კი პირველად მიუტანეს.

სოციალურად დაუცველთა პროგრამით დასაქმებულებს შროშის საბავშვო ბაღშიც შევხვდით. მათ გვითხრეს, არჩევნებში აგიტაციისთვის დახმარება ჯერ არავის უთხოვია, მაგრამ მომავალში თუ დაგვავალებენ, აუცილებლად ჩავერთვებითო.

როდის გაჩნდა ა(ა)იპ-ი და რა არის მისი ფუნქცია?

ა(ა)იპ – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია, რომელიც მოგებაზე ორიენტირებული არ არის და მხოლოდ მომსახურებას გასწევს.

ასეთ ორგანიზაციებს ხშირად მუნიციპალიტეტების მერიები აფუძნებენ და ბიუჯეტიდან აფინანსებენ. სამთავრობო ა(ა)იპ-ები საქმიანობენ, მაგალითად, განათლების, კულტურის, სპორტის ან დასუფთავების სფეროებში.

კანონი არ აწესებს ზღვარს, მაქსიმუმ რამდენი ადამიანი შეიძლება დასაქმდეს სამთავრობო ა(ა)იპ-ში. ხელისუფლებასაც ხელს არაფერი უშლის, შტატების ხელოვნურად გაბერვაში და ამ გზით ადმინისტრაციული რესურსის გაძლიერებაში, რომელიც არჩევნებზე ხელისუფლების მთავარი დასაყრდენია.

“ა(ა)იპ-ი უსაქმურობის ხელშეწყობის ადგილია. ადამიანი იქ რომ არ იყოს დასაქმებული, რაღაც სხვა საქმეს ნახავდა, საკარმიდამო ნაკვეთს მიხედავდა, რაღაცას შექმნიდა. ახლა, დილიდან საღამომდე ტყუილად სხედან იქ”, – გვეუბნება ალექსანდრე სვანიშვილი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.

თვითმმართველობის ექსპერტი კოკა კიღურაძე კი შენიშნავს, რომ ა(ა)იპ-ებზე რაიმე ტიპის ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვა არ ვრცელდება. ამიტომ, რადგან მერიაში განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი საჯარო მოხელე ვერ დასაქმდება, ა(ა)იპ-ი კარგი გამოსავალია – იქ შეუძლიათ 200- 250 თანამშრომლის დასაქმება.

“ეს პრობლემა, წლებია, აუღებელი ციხე-სიმაგრეა”, – გვითხრა კოკა კიღურაძემ.

budget zestafoni aaip-ebi

მერიის ა(ა)იპ-ების საქმიანობას არეგულირებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლი, რომელიც 18 პუნქტისგან შედგება. არსადაა გაწერილი კრიტერიუმები, თუ რის მიხედვით, ან რამდენი ადამიანი უნდა დასაქმდეს ამ ბიუჯეტურ ორგანიზაციაში. დასაქმების შესახებ მარტო იმას ვკითხულობთ, რომ ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელის დანიშვნა ან გათავისუფლება მხოლოდ მერიებს შეუძლიათ.

ზესტაფონში ამჟამად მოქმედი 11 ა(ა)იპ-ი 2007-2014 წლებში დარეგისტრირდა.

ორი ხელისუფლების ერთი სქემა

“აი, ფაქტთან” ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა ანონიმური მონათხრობით, პოლიტიკოსების და მკვლევრების შეფასებით, გამოიკვეთა, რომ ეს პრობლემა წარსულშიც მწვავე იყო. სქემა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს ამუშავდა და მათი დაწყებული საქმე მომდევნო მთავრობამ წარმატებით გადაიბარა.

“ეს არ არის სიახლე, მანკიერი და ძველი პრაქტიკაა. წინა ხელისუფლების დროსაც ასე იყო, რომ მერიები და ა(ა)იპ-ები დასაქმების კანტორას ემსგავსებოდა. განსაკუთრებით, თბილისს გარეთ, სადაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი და სამუშაო ადგილების დეფიციტია”, – ამბობს გიორგი სიორიძე, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე და პარტია “ლელოს” წევრი.

წინასაარჩევნოდ, პარტიების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება უცხო მოვლენა რომ არ არის, ამას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც გვიდასტურებენ.

“დაარსების დღიდან თითქმის ყველა არჩევნებს ვაკვირდებით და ყველა ასეთი დაკვირვების შედეგად, თუნდაც 2008, 2012, 2016 წლების საპარლამენტო არჩევნებში, ადმინიტრაციული რესურსის გამოყენება ძალიან ხშირია. ეს პრაქტიკა არც ახლა აღმოფხვრილა. პირიქით, გაუარესდა და ეს პრობლემა ძალიან რთული მოსაგვარებელია. ჩვენი მხრიდან ეს უნდა გადიოდეს საჯარო მოხელეებისა და მოსახლეობის ინფორმირებაზე,”- ამბობს საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ნანუკა ყრუაშვილი.

ოპოზიციურ პარტიებს ვკითხეთ, მათი დაკვირვებით, როგორია ა(ა)იპ-ების წყალობით ხმების მოზიდვის პრაქტიკა დღეს და რა ხდებოდა ამ მიმართულებით წარსულში.

“ადმინისტრაციულ რესურსს არჩევნებში ყველა ხელისუფლება რთავდა. ბიუჯეტიდან ვინც იღებს ხელფასს, ის ადამიანები და მათი ოჯახის წევრები ბევრად მოწყვლადები არიან და პარტიას ემსამსახურებიან. მათ ეუბნებიან, რომ პარტია ასაქმებს და არა სახელმწიფო. აქედან გამოსავალი კოალიციური მმართველობაა. უნდა იყოს მრავალპარტიული პარლამენტი და ასევე გვჭირდება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრიდან არ იმართებოდეს, უნდა იყოს რეალური თვითმმართველობა”, – ამბობს ბორის ჩელე ყურუა, პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლებას” წევრი.

“ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ახლა უკონტროლო სიტუაციაა. წესით, მერიის თანამშრომელს, ცესკო-ში, როგორც დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობა არ ეკრძალება. პრობლემა ისაა, რომ ცესკო პარტიული ორგანიზაციაა. იქ მომუშავეები თავის თავს აღარ ეკუთვნიან და საუბნო თუ საოლქო კომისიებში იქცევიან როგორც პარტიის, ანუ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები”, – ამბობს პარტია “დროას” წევრი ქეთი ბარბაქაძე.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამაც დაგვიდასტურა, რომ ა(ა)იპ-ებს პოლიტიკური მიზნებისთვის წინა ხელისუფლების დროსაც იყენებდა და ამას “მავნე ტრადიცია” უწოდა. 

“მიუხედავად იმისა, რომ ბიუროკრატია საარჩევნო მიზნებისთვის შესაძლოა გამოეყენებინათ, 2012 წელს მშვიდობიანად მოხდა ხელისუფლების დათმობა…თუ თანამდებობის პირების ნაწილი ბოროტად იყენებდა მუნიციპალურ ერთეულებში დასაქმებულებს, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არჩევნების შედეგები მიიღო და მშვიდობიანად დათმო. ზოგი, ვინც ჯერ შევარდნაძის და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში იყო, ახლა “ქართულ ოცნებაშია” და ამ მავნე ტრადიციას აგრძელებს.”

რა ხდება ზესტაფონის ა(ა)იპ-ებში?

ზესტაფონის მერიის 11 ა(ა)იპ-ში დღეს 972 ადამიანია დასაქმებული.

dasaqmebulebi

2023 წელს მათ ხელფასებზე 7 მილიონი ლარი დაიხარჯა (სულ, მუნიციპალიტეტში 53 ათასი მოქალაქე ცხოვრობს).

ზოგიერთი ა(ა)იპ-ის საქმიანობა იმდენად მსგავსია, რომ შტატების ხელოვნურად გაბერვის ეჭვს აჩენს. მაგალითად, ქალაქში, სპორტის სფეროში ორი ა(ა)იპ მუშაობს, კულტურის მიმართულებით კი ექვსი.

2024 წლის ოთხ მარტს, იმის გასარკვევად, თუ რა ევალებათ აქ დასაქმებულებს წინასაარჩევნოდ, ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ა(ა)იპ “მუზეუმების გაერთიანებაში” მივედით.

დირექტორის კაბინეტში მუზეუმის დიდი ხნის თანამშრომლები შეგვიძღვნენ. ერთი ფონდის მცველად გაგვეცნო, მეორე – საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად და მუზეუმში თავიანთ საქმიანობაზე დიდხანს გვესაუბრნენ.

ჩვენ ისიც გავარკვიეთ, რომ ისინი მუზეუმში საქმიანობას საარჩევნო ადმინისტრაციის წევრობასაც უთავსებენ: საზოგადოებაზე ორიენტირებული საკითხების პროგრამების წამყვანი სპეციალისტი ემა ქლიბაძე 2017, 2019, 2020 და 2021 წლებში ზესტაფონის პირველი საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი იყო. 

shtatis zrdis dinamika zestafoni aaip-ebi

“ამ მთავრობას არავისთვის არაფერი დაუძალებია…ვუთავსებ ამ სამსახურს იმ ერთ თვეს, არანაირი პრობლემა არ არის. გვეკრძალება ხმამაღალი სიტყვის თქმა, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციაში ვარ, ვარ და ვიქნები ალბათ. სხვა თანამშრომლებიც არიან, ზოგი წევრია სხვადასხვა უბანზე… ის დანამატიც საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ ხელფასთან ერთად, [პრობლემას ვერ ვხედავ] თუნდაც იმიტომ, რომ ამ მთავრობას ვემხრობით და რა ვქნათ ახლა”, – გვითხრა ემა ქლიბაძემ (სტილი დაცულია).

ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, დავით ნიორაძეს ვკითხეთ, მისი აზრით, აჩენს თუ არა მიკერძოებულობის საფრთხეს საჯარო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობა და რა ნაბიჯებს დგამს მერია ამ ეჭვის გასაქარწყლებლად. მოგვწერა, რომ ა(ა)იპ-ის თანამშრომელი შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრიც და კანონით არც საარჩევნო კომისიაში ყოფნა ეზღუდებაო.

წესით, ა(ა)იპ-ები მერიებს მათი საქმიანობის ამსახველ ყოველწლიურ ანგარიშებს აბარებენ და აღწერენ – რა გააკეთეს წლის განმავლობაში, რა სარგებელი მოუტანეს მოქალაქეებს. ეს ანგარიშები რომ საჯაროდ სრულყოფილად ქვეყნდებოდეს, გამჭვირვალობასაც ხელს შეუწყობდა. “რუსული კანონის” შემოღებაც ხომ ამ მიზნით სურთ, “გამჭვირვალობისა” და საზოგადოების “ინფორმირებულობისთვის”.

ზესტაფონის მერიისგან საჯარო ინფორმაციის სახით მოვითხოვეთ მათ დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების ანგარიშები, რაზეც გვიპასუხეს ვებგვერდზე ნახავთო. მერიის ოფიციალურ საიტზე კი ა(ა)იპ-ების მხოლოდ 2021-2022 წლების ანგარიშებია ხელმისაწვდომი.

ქვემოთ მოცემულ გრაფაში ჩაწერეთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი და “აი, ფაქტის” ახალი გამოძიებები ავტომატურად გამოგეგზავნებათ:

აუდიტის სამსახური ზესტაფონის ა(ა)იპ-ების არაეფექტურობაზე

სამაგიეროდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აანალიზებს იმას, თუ რამდენად ეფექტიანია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების საქმიანობა.

2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აუდიტის სამსახური წერს, რომ ზესტაფონში რამდენიმე ერთი და იგივე ფუნქციის მქონე ა(ა)იპ-ია. თანაც, წლებთან ერთად, ამ ორგანიზაციების დაფინანსებაც იზრდებოდა და იქ დასაქმებულთა რაოდენობაც.

მერიამ აუდიტის სამსახურსაც ვერ დაუმტკიცა, რატომ იყო ეფექტიანი ამ ა(ა)იპ-ების ცალ-ცალკე არსებობა და დამატებითი ხარჯის გაწევა. არადა, მათი გაერთიანებით, ბიუჯეტი დაიზოგებოდა, მომსახურების ხარისხი კი არ შეიცვლებოდა.

აუდიტს ყველაზე მეტ კითხვას უჩენდა დუბლირებული სპორტის და კულტურის ა(ა)იპ-ები და იქ დასაქმებულთა ნაწილის ბუნდოვანი ფუნქცია-მოვალეობები.

აუდიტის სამსახურის თქმით, “მხოლოდ 2021-2022 წლებში აღნიშნულ ა(ა)იპ-ებში ადმინისტრაციის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 417.8 ათას ლარზე მეტი”.

ზესტაფონის სპორტული ა(ა)იპ-ებია: მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, 9 სხვადასხვა მიმართულებით და საყვარელიძის სახელობის სპორტული ცენტრი 13 მიმართულებით. ორივე ცენტრს იდენტური მიზნები აქვს – მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა, ნაკლები დროის გატარება ქუჩაში და მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით.

xelfasebi zestafonis aaip-ebi

აუდიტის სამსახური წერდა იმასაც, რომ მაგალითად, დაუსაბუთებელია სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ოთხი თანამშრომლის მოვალეობები. ესენია:

  • მთავარი სპეციალისტი, რომელიც კადრებს აწესრიგებს;
  • წამყვანი სპეციალისტი, რომელიც მივლინებებს აკონტროლებს;
  • კიდევ ორი სპეციალისტი, რომელიც შემოსულ და გასულ წერილებს ამოწმებს.

აუდიტის კვლევის პერიოდში, 2021-2022 წლებში, მათ ხელფასებზე 51 000 ლარი დაიხარჯა.

ზესტაფონის მერიას ვკითხეთ, რომელი ა(ა)იპ-ის თანამშრომლების ფუნქციები ვერ დაუსაბუთეს აუდიტს, რაზეც კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. ამ კითხვაზე პასუხად მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა დავით ნიორაძემ ა(ა)იპ-ების წარმატებული შედეგები ჩამოგვითვალა.

“ყველა ერთი კრიტერიუმით ვერ შეფასდება, თუმცა სახეზეა აშკარა პროგრესი, განვითარება და მზარდი დინამიკა. სპორტულ ა(ა)იპ-ებს საქართველოს და საერთაშორისო დონეზე მოპოვებული აქვთ მრავალი ჯილდო და საპრიზო ადგილი; კულტურული ა(ა)იპ-ები ატარებენ კონკურსებს, ფესტივალებს, იმატებს მოსწავლეების და წრეების რაოდენობა; დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრში გაუმჯობესდა მუნიციპალური სერვისების ხარისხი და ასორტიმენტი… იგივე შეიძლება ვთქვათ ჯანდაცვის მუნიციპალურ ცენტრზე და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაზე”.

“ბუნდოვანი, დაუსაბუთებელი” – აუდიტის სამსახური იმერეთის მერიების ა(ა)იპ-ებზე

აუდიტის სამსახურს ხარვეზები მხოლოდ ზესტაფონში არ გამოუვლენია. ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია სამტრედიის, ხარაგაულის, თერჯოლის და ხონის ა(ა)იპ-ების საქმიანობაც.

სამტრედია – 2019-2020 წლის მონაცემებით, სამტრედიაში დაწყებით სამუსიკო განათლებას ოთხი სხვადასხვა ა(ა)იპ-ი ემსახურება, ხელოვნების მიმართულებას – ორი, სპორტული მიმართულებით კი კომპლექსური სპორტული სკოლის გარდა კიდევ სამი სხვადასხვა კლუბი მუშაობს. ამ ორგანიზაციების დაფინანსებაზე 2019-2020 წლებში 1 803 220 ლარი დაიხარჯა.

მუსიკალური
სამტრედიის მუსიკალური სკოლა

აუდიტის სამსახური ისევ წერს, რომ ამ კონკრეტულ სფეროებში ა(ა)იპ-ების ფუნქციები მსგავსია, მოქალაქეებს ერთნაირ მომსახურებას სთავაზობენ და საქმეს მხოლოდ ერთი ორგანიზაციაც მშვენივრად შეითავსებდაო.

ვერც სამტრედიის მერიამ დაამტკიცა, რაში სჭირდება სპორტს ოთხი, მუსიკასა და ხელოვნებას კი ექვსი დამოუკიდებელი ორგანიზაცია.

ხარაგაული – აუდიტის სამსახურმა ხარაგაულის ა(ა)იპ-ები 2017-2018 წლებში შეისწავლა და დაადგინა, რომ “იქ დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობები ან საერთოდ არ არის განსაზღვრული, ან დუბლირებულია.”

მაგალითად, ვერ დადასტურდა რა ფუნქცია აქვს ხუთი სხვადასხვა ა(ა)იპ-ის 16 საჯარო მოსამსახურეს. გარდა ამისა, ხარაგაულის ბიუჯეტურ ორგანიზაციებში არაგონივრულად იყო გაზრდილი თანამშრომელთა რაოდენობა. აუდიტის სამსახურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს ა(ა)იპ-ების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7-ით შემცირდა, მათზე გაცემული დაფინანსება 260 800 ლარით გაიზარდა.

თერჯოლა – 2017-2018 წლებში უფუნქციო თანამშრომლები თერჯოლის მუნიციპალიტეტშიც ჰყავდათ. აუდიტის სამსახური წერდა, რომ ა(ა)იპ სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალურ ცენტრში, კერძოდ, კულტურის ცენტრში 32 პირი იყო დასაქმებული. აქედან 12 ცენტრის კოორდინატორა. 12-დან შვიდი კოორდინატორის საჭიროება ვერ დაადგინეს. აუდიტმა მათ ხელფასებზე გაცემული 74 800 ლარი არაეფექტიან ხარჯად ჩათვალა. 

ხონი – აუდიტის სამსახურის თქმით, არაგონივრული იყო 2017-2018 წლებში ხონის ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობაც. შესაბამისად, არაეფექტიანად დაიხარჯა მათი ხელფასებისთვის გამოყოფილი თანხებიც.

ვინ არის “მოსწავლეებში ტალანტის აღმომჩენი” ანუ “სპორტული სელექციონერი”?

ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში ინტერვიუსთვის მისულებს კართან ოთხი თანამშრომელი დაგვხვდა. თუმცა, ჩვენი ვინაობის გაგების შემდეგ ვრცლად დალაპარაკება არც ერთმა ისურვა. მათ დირექტორ გურამ კაკოიშვილის კაბინეტამდე მიგვაცილეს. კაკოიშვილი, ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ძმაა – ეს მან თავადაც დაგვიდასტურა. 

კითხვაზე, რა განსხვავებაა მის სპორტულ სკოლასა და სალაძის სახელობის სპორტულ ცენტრს შორის, გვიპასუხა, არანაირი განსხვავება არ არის, ერთი და იგივეა. იქ არის სპორტული სკოლა, 17 წლამდე, ჩემთან გამაჯანსაღებელი ცენტრია და ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვსო”.

ა(ა)იპ-ებში დასაქმებულებს რომ ბუნდოვანი მოვალეობები აკისრიათ, ამას მოწმობს “სპორტული სელექციონერის” შტატიც.

ifatc INSTA Public 02

ზესტაფონის სპორტულ ა(ა)იპ-ებში სამი “სელექციონერი” მუშაობს. 2023 წელს მათ ხელფასებზე ჯამში 21 084 ლარი დაიხარჯა. “სელექციონერების” საქმე სკოლის მოსწავლეებში “ტალანტის აღმოჩენა” და სპორტის ამა თუ იმ სახეობაში ჩართვაა. 

Სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში ოთხი წელია სელექციონერად მუშაობს ყოფილი ფეხბურთელი, 72 წლის თამაზ მანჩხაშვილი. მან გვიამბო, რომ ყოველთვიური დატვირთვა არ აქვს, საქმე არც იანვარში ჰქონია, არც თებერვალში და რომ უმეტესად, სექტემბერში იღლება, როცა სასწავლო წელი იწყება და სპორტულ სკოლაში ჯგუფები უნდა შეავსონ. Მისი საქმის აღწერისას მაჩხაშვილმა გვითხრა – “აი, სელექციონერმა წაიყვანა, მაგალითად, კვარაცხელია…” 

თამაზ მაჩხაშვილი ეძებს ბავშვებს, რომლებსაც ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, კიკბოქსი ან ჭიდაობა აინტერესებთ. სელექციონერი რჩევას ჯერ ფიზკულტურის მასწავლებლებს ეკითხება, შემდეგ კი თავად შედის კლასებში და ბავშვებს სპორტის მნიშვნელობაზე ელაპარაკება.

“ურთიერთობა გვაქვს სკოლებთან, ფიზკულტურის მასწავლებელებთან, ყველა ნაცნობია და მივდივართ, ვეძებთ ბავშვებს. მერე მოგვყავს ეს ბავშვები და ვავსებთ სპორტული სკოლის ჯგუფებს. მაგალითად, კალათბურთზე უნდა იყოს 15-18 ბავშვი, ფეხბურთზე 20-25. თუ ჯგუფი არ ივსება, ვალდებული ვარ მივიდე და პროპაგანდა გავუწიო”, – გვიყვება სელექციონერი.

ასეთი ოთხი სელექციონერია დასაქმებული ბაღდათისა და ხონის სპორტულ ა(ა)იპ-ებშიც.

სამტრედიის სპორტსკოლის დირექტორმა ივანე კილტავამ გვითხრა, რომ ამ საქმეს ადრე თავად ითვისებდა, რაშიც დამატებით 200 ლარამდე იღებდა. Შემდეგ კი ეს შტატი გაუუქმეს. 

გამოდის, სელექციონერის საქმის კეთება ცალკე კადრის გარეშეც ყოფილა შესაძლებელი. თუმცა,  მუნიციპალიტეტებმა ამ პოზიციის გამოგონებით გააჩინეს მეტი საჯარო მოსამსახურე, რომელთა სარჩოც ბიუჯეტის ფულზეა დამოკიდებული.

სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის დირექტორ გურამ კაკოიშვილს ვკითხეთ, გამართლებულად მიაჩნია თუ არა სელექციონერის შტატისთვის ცალკე ხელფასის გამოყოფა, რაზეც გვითხრა, ეს შტატი ჩვენი მოგონილი არ არის, ევროპული სტანდარტია, ჩვენამდე ბავშვები მოჰყავს და გვჭირდება მისი არსებობაო.

იგივე კითხვა დავუსვით ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, დავით ნიორაძეს. მან უარყო, რომ სელექციონერებს საქმე მხოლოდ რამდენიმე თვე აქვთ და ასე გვიპასუხა: “სპორტულ დაწესებულებებში, სხვადასხვა სექციაში ბავშვების მიღება და შერჩევა მთელი წლის განმვალობაში ხდება”.

როგორ მუშაობს სამთავრობო ა(ა)იპ-ი არჩევნების დროს

არჩევნების წინა პერიოდშიც და უშუალოდ არჩევნების დღესაც ეს ორგანიზაციები მმართველი პარტიის სამსახურში დგება და მის ყველა მითითებას ასრულებს.

“აი, ფაქტი” ესაუბრა ორ ყოფილ საჯარო მოხელეს, რომლებიც ზესტაფონის ა(ა)იპ-ებში წინა და ამჟამინდელი ხელისუფლებების დროს მუშაობდნენ და კარგად ახსოვთ საარჩევნო მითითებები. ორივე მათგანი საუბარს ანონიმურობის პირობით დათანხმდა.

ჩვენმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ საჯარო მოსამსახურეებს თავისუფალი არჩევანის უფლებას წინა ხელისუფლებაც ართმევდა და ეს მანკიერი პრაქტიკა წარსულს ჯერ არ ჩაბარებია.

ლევანი (სახელი შეცვლილია) ზესტაფონის მთავრობაში საბჭოთა დროსაც მუშაობდა და მოესწრო როგორც “ნაციონალური მოძრაობის”, ისე “ქართული ოცნების” რეჟიმს. სხვადასხვა დროს იყო აგიტაცია-პროპაგანდის, განათლების, კულტურის და სპორტის განყოფილებების თანამშრომელი. 

“რადგან მუშაობ იმ დაწესებულებაში, ვალდებულიც ხარ, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, აკეთო ის საქმე, რაც სჭირდება [პარტიულ] ადმინისტრაციას. ასეც ვაკეთებდი. არჩევნების პერიოდში ვალდებული ვიყავი, ხმა მიმეცა ხელისუფლებისთვის. სტილი იგივეა, მოქმედება იგივეა, აგიტაცია-პროპაგანდა იგივეა”, – გვითხრა ლევანმა.

ლიზა (მისი სახელიც შეცვლილია) ზესტაფონის მერიაში “ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს მუშაობდა. მან დეტალურად გაიხსენა, როგორია პარტიული აქტივის დასაქმების სქემა.

“სადაც ადამიანი ჰყავთ დასასაქმებელი, იქ ხელოვნურად ქმნიან შტატს. მაგალითად, ასე შეიქმნა კონკრეტული შტატი კონკრეტული ადამიანისთვის ბაღების გაერთიანებაში. საკრებულოზე წინასწარაც ითქვა, ესა და ეს ადამიანი ინიშნებაო. იგივე მოხდა კულტურის და ხელოვნების გაერთიანებაშიც. ე.წ. პარტაქტივის დასაქმება ორმაგად მომგებიანია: ვინც დაასაქმეს ხომ მადლიერია, ხოლო ისინი ვინც ხედავენ, რომ ვიღაც აქტიურ ადამიანს სამსახური უშოვეს, ფიქრობს, მეც დავეხმარები მათ, მაინც ხელისუფლებაა, ეგებ მეც მიშოვონ სამსახურიო”, – გვიყვება ლიზა, რომელიც დღეს ყოფილი საჯარო მოხელეა.

სკოლა
ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლა

თვითმმართველობის საკითხების ანალიტიკოს დავით ლოსაბერიძის თქმით, ხელისუფლებებს ა(ა)იპ-ების პოლიტიკური მიზნით გამოყენების ცდუნება ყოველთვის ჰქონდათ. ამის სურვილი კი განსაკუთრებით გაუმძაფრდათ მაშინ, როცა თვითმმართველობების უფლებამოსილებები გაიზარდა. Მისი სიტყვებით,“სადაც ყველია, იქ არის თაგვიც”.

“რა თქმა უნდა, გამოსავალი არსებობს, მაგრამ გვინდა? საქართველოს და მსგავსი ქვეყნების პოლიტიკური კლასი გამოსავალზე საუბრობს იქამდე, სანამ თვითონ არ ჩაიგდებს ხელში ძალაუფლებას. მერე თვითონაც იგივეს აკეთებს… ხელისუფლება ყალიბდება კლანად. მაგალითად, ხართ მერიის მოხელე ან სკოლის მასწავლებელი, გაგაბრაზათ მერმა, ან მოგთხოვათ პოლიტიკური დავალების შესრულება და უარი განაცხადეთ. რას იზამთ? უფრო მაღალანაზღაურებად სკოლაში ან კოლეჯში გადახვალთ, თქვენს საკუთარ ფერმაში იმუშავებთ თუ რა? თქვენ ბოლომდე დამოკიდებული ხართ ხელისუფლებაზე,”- გვიხსნის ლოსაბერიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, “ლელოს” წევრი გიორგი სიორიძეც გვეუბნება, რომ ა(ა)იპ-ების ძალაუფლების გასანაღდებლად გამოყენება სიახლე არ არის, სქემას “დასაქმების კანტორას” უწოდებს და ამბობს, რომ მას წინა ხელისუფლებაც წარმატებით იყენებდა.

“ეს შტატები მხოლოდ იმ მიზნით იქმნება, რომ ადამიანები დასაქმდნენ და მმართველმა გუნდმა “მოიბას” ისინი… [ხელისუფლება] კი ვეღარ ხედავს ზღვარს, სად არის პარტია და სად – სახელმწიფო სექტორი. ამ ყველაფერს აქვს გარკვეული საზღაური. წინასაარჩევნოდ, ეს ადამიანები უნდა ასრულებდნენ ე.წ. კოორდინატორების, აგიტატორების, უბნის უფროსების ფუნქციას. ხანდახან ხდება პირიქითაც – ჯერ აგიტაციას ეწევიან და არჩევნების შემდეგ საქმდებიან”.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს მსგავსი თემების კვლევა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი

რას გვეუბნება კანონი ა(ა)იპებ-ის მხრიდან საარჩევნო აგიტაციაზე?

საარჩევნო კოდექსით ნებადართულია, რომ საარჩევნო კომისიის წევრები ან ხელმძღვანელები, იმავდროულად, მერიაში ან მერიის ა(ა)იპ-ებში მუშაობდნენ.

საარჩევნო კომისიის წევრობა არ შეუძლია და ეს თანამდებობრივ შეუთავსებლობად ეთვლება, მაგალითად – მინისტრს, პარლამენტის წევრს ან აპარატის უფროსს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს/მოადგილეს, მერს და მერის მოადგილეს, მოსამართლეს, მის თანაშეწმეს ან პროკურატურის თანამშრომელს. 

როცა ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს საარჩევნო კომისიაში მუშაობა უწევთ, იმ დღეებში სამსახურებრივი უფლებამოსილება დროებით უჩერდებათ და შვებულებაში უშვებენ.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე გიორგი სიორიძე გვიხსნის, აქ ჩნდება საფრთხე რომ პარტიის მიერ, დასაქმებით მომადლიერებული ადამიანები საარჩევნო კომისიაშიც პარტიის ინტერესებს დაიცავენ, მიკერძოებულად მოიქცევიან და ეს არჩევნების საბოლოო შედეგებზეც აისახება.

ზესტაფონის ა(ა)იპ-ების თანამშრომლების არჩევნებში ჩართულობა რომ დაგვედასტურებინა, შევისწავლეთ ცესკო-ზე ატვირთული დოკუმენტები, კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სიები.

შედეგად, “აი, ფაქტმა” გამოავლინა 8 პირი, რომლებიც მერიის ა(ა)იპ-ებში საქმიანობის პარალელურად, სხვადასხვა დროს, საარჩევნო კომისიებში ირიცხებოდნენ. ზოგი რიგითი წევრია, ზოგი კომისიის თავმჯდომარე, მდივანი ან მოადგილე. 

“აი, ფაქტის” წყაროების ინფორმაციით, 2017-2021 წლებში, სხვადასხვა დროს, ზესტაფონის საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობდნენ:

მუზეუმის გაერთიანების სპეციალისტები ემა ქლიბაძე და ია შალამბერიძე, მერიის დასუფთავების სამსახურის ბუღალტერი მარიამ სულაქველიძე, ბაგა-ბაღების გაერთიანებიდან შორენა მალაღურაძე, მარეხი მაღლაკელიძე და მაია ბოჭოიძე; სპორტული ცენტრის თანამშრომელი ოთარ ბოჭორიშვილი, ხელოვნების სკოლაში დასაქმებული მარიამ ამილახვარი.

ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

“აი, ფაქტმა” სცადა ამ ადამიანებთან დაკავშირება, თუმცა ზესტაფონის მერიის ოფიციალურ საიტზე მითითებულ ნომრებზე ისინი ან არ პასუხობდნენ, ან მათი ნომერი მიუწვდომელი იყო. სპორტული ცენტრის თანამშრომელ ოთარ ბოჭორიშვილთან გადამისამართება მისი ა(ა)იპ-ის დირექტორ, გურამ კაკოიშვილს ვთხოვეთ, მაგრამ არ დაგვეხმარა – გვითხრა, “სელექციონერზე თქვენმა კითხვამ გამაბრაზაო”. საბოლოოდ, მხოლოდ მაია ბოჭოიძესთან, დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელთან და მის თანამშრომელ მარიამ სულაქველიძესთან  საუბარი შევძელით. 

მათ ა(ა)იპ-ის პარალელურად საარჩევნო კომისიებში მუშაობა დაგვიდასტურეს და ისიც დაამატეს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავთო.  Მაია ბოჭოიძემ გვითხრა, საარჩევნო კომისიაში ახლაც ვარო. 

ეს ადამიანები უკანონოს არაფერს სჩადიან, მაგრამ როგორც მკვლევრები გვეუბნებიან, ჩნდება ეჭვი, რომ მერიის თანამშრომლებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია მმართველი პარტიის სასიკეთოდ ამუშავდება.

ამ რისკებს ხედავს ლევან ნატროშვილი – სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე:

“თეორიულად, პრობლემა არ არის, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები საარჩევნო კომისიაშიც მუშაობდნენ. უბრალოდ, ჩვენთან ეს გაპრობლემდა იმიტომ, რომ საჯარო სამსახური და საბიუჯეტო ორგანიზაციები პოლიტიზირებულია… როგორც წესი, აქ დასაქმებულებს მმართველი პარტია მისდამი ერთგულებას სთხოვს. ამ ფონზე, საჯარო მოხელეების არჩევნებში ჩართულობა ბადებს კითხვას, იქნებიან თუ არა ეს ადამიანები მიუკერძოებლები?”

ამავე აზრისაა ზესტაფონის საკრებულოში ერთადერთი ოპოზიციური ფრაქციის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე გიგა გურულიც. როგორც ამბობს, იცის, რომ იურიდიულ პირებში ხალხს საარჩევნოდ გამოსაყენებლად ასაქმებენ, თუმცა ამ პრაქტიკასთან ბრძოლა ეფექტიანად არ გამოსდით. მისი თქმით, პრობლემაზე მედიას, ცესკოს და საერთაშორისო დამკვირვებლებს ღიად უყვებიან, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.

“როდესაც პირი ხელფას იღებს და საქმეს დიდად არ აკეთებს, ვალდებულია, რომ დამსაქმებელს რაღაცაში დაეხმაროს, ანგარიში გაუწიოს… სამართლიანი ეჭვიც გვაქვს, რომ უმეტესობა ა(ა)იპ-ებში იმიტომაა გაფორმებული, რომ ხელისუფლებას არჩევნებზე დაეხმაროს. ზესტაფონის მსგავსი პატარა ქალაქისთვის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ეს რიცხვი საეჭვოა. ამიტომ, მათი სიები საჯარო უნდა იყოს”, – გვეუბნება გიგა გურული.

როგორც გაირკვა, მერია ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა ვინაობას არც მათ უმხელს.

რა არის გამოსავალი?

როგორ უნდა შეიცვალოს სიტუაცია ისე, რომ სამთავრობო ა(ა)იპ-ები მომავალში მაინც აღარ გახდეს ხელისუფლებების “მაშველი რგოლი”, ძალაუფლების შესანარჩუნებლად და არჩევნებზე გარანტირებული ხმების მოსაპოვებლად? გამოსავლის გზების დასახვა ჩვენს რესპონდენტებსაც ვთხოვეთ.

თვითმმართველობის საკითხების ანალიტიკოსი დავით ლოსაბერიძე გვიხსნის, რომ გამოსავალი არის რეგიონში მრავალფეროვანი სამუშაო ადგილების გაჩენა, ამის პარალელურად კი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებების გამიჯვნა როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად ანუ, თუ მერი გადაწყვეტილებებს თავისუფლად მიიღებს, ხოლო ხელფასებს და ბიუჯეტს ცენტრი არ განუსაზღვრავს, მმართველი ძალის დაკვეთებსაც აღარ შეასრულებს:

“ასეთ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს აღარ ენდომება, რომ ერთიან სისტემაში იმუშაოს, როგორც ადმინისტრაციულმა რესურსმა. წარმოგიდგენიათ, რომ სან ფრანცისკოს მერთან მიდის ბუშის ან ტრამპის წარმომადგენელი და ეუბნება – თქვენი მოხელეები გამოიყვანეთ “მიტინგზეო”? ხომ გასაგებია, რა რეაქცია ექნებათ? გამოსავალი არის თვითმმართველობების უფლებამოსილების ზრდა… დეცენტრალიზებულ ქვეყნებში – აშშ-ში, შვეიცარიაში ან სკანდინავიაში ხელისუფლებამ მერიას რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დაავალოს, ხალხი იმ წუთშივე გამოუტანს განაჩენს. შემდეგ არჩევნებზე ნულოვან ბარიერსაც ვერ გადალახავენ”.

პოლიტიკურ პარტიებს და მკვლევრებს დეცენტრალიზაციასთან ერთად გამოსავლად ესახებათ მრავალპარტიულობაც, როცა ძალაუფლებას მხოლოდ ერთი ჯგუფი ვერ გადაილოცავს და ასე რეგიონების კონტროლიც გაუჭირდებათ. ოპოზიციისთვის კიდევ ერთი ხსნა არის ცესკო-ს გათავისუფლება პარტიული გავლენებისგან, რაც ჩვენს მიერ არჩეულ ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ.

gamosavali

“უნდა ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ცესკოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ამისთვის, ჯერ ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს არჩევნებზე. ჩვენი ვალია, მოქალაქეებს ავუხსნათ, რომ მათი ხმა ნამდვილად ფარულია და თუ აქტივობა მაღალი იქნება, მთავრობას მანიპულაციები გაუჭირდება,” – ამბობს “დროას” წევრი ქეთი ბარბაქაძე.

“გამოსავალი არის მრავალპარტიული დემოკრატია – ძალაუფლება სხვადასხვა ჯგუფს ექნება, ადგილობრივ თვითმმართელობებში მეტი ოპოზიცია შევა, მერები სხვადასხვა პარტიიდან დაინიშნებიან. ასე გავლენებიც დაბალანსდება და ყველა ერთი პარტიის სამსახურში არ ჩადგება. ამის გარეშე ძალიან რთულია გამოსავალი, რაც უნდა კანონები ცვალო…“ – გვითხრა ლევან ნატროშვილმა. ის “სამართლიანი არჩევნების” და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა.

ჩვენ მხოლოდ ზესტაფონის მაგალითზე გაჩვენეთ, როგორ ირჯება ხელისუფლება, რომ ადმინისტრაციული რესურსი არ ჩამოეშალოს – პირიქით, განგებ გაზარდოს, გააძლიეროს და საჯარო მოსამსახურეები პარტიის “მარჯვენა ხელად” აქციოს.

ა(ა)იპ-ების სათავისოდ გამოყენების მანკიერი პრაქტიკა რომ მხოლოდ ზესტაფონში არ დაუნერგავთ, კარგად გამოაჩინა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა. ხელისუფლება ბიუჯეტის კმაყოფაზე მხოფ ხალხს ხან “საყოველთაო-სახალხო” შეკრებაზე დგომას და ოლიგარქისთვის ტაშის დაკვრას, ხანაც პროპაგანდის გავრცელებას ავალებს.

ჩვენს რესპონდენტებს იმედი აქვთ, რომ ამ მავნებლობას ბოლო მოეღება მაშინ, როცა პოლიტიკური ძალაუფლება სხვადასხვა ხელში, ანუ მრავალპარტიულ პარლამენტში გადანაწილდება. ეს კი 5 თვეში, არჩევნების შედეგებით გადაწყდება.

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

logo

მასალა მომზადებულია New Democracy Fund-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დანიის მთავრობის მხარდაჭერით. მასალაზე პასუხისმგებელია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” და მასალის სათქმელი შეიძლება არ ასახავდეს/ეთანხმებოდეს დონორის ხედვას.

    კომენტარები
    Total
    0
    Shares
    Next
    როგორ იქცა სამთავრობო ა(ა)იპ-ი “დასაქმების კანტორად” – შეჯამება
    cover-sum-nnle

    როგორ იქცა სამთავრობო ა(ა)იპ-ი “დასაქმების კანტორად” – შეჯამება

    როგორ ზრდიან სამთავრობო ა(ა)იპ-ების შტატებს ხელოვნურად

    თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
    Total
    0
    Share