საქართველო, რამდენიმე სქემის გამოყენებით, რუსეთის ბაზარს სანქცირებული ავტომობილებით ამარაგებს – ეს გამოააშკარავა ჩვენმა შვიდთვიანმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ. მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებისა, რომ რუსეთში სანქცირებული მანქანების ექსპორტი აიკრძალა, ეს სქემები კვლავ მუშაობს და ამით, ევროპის გზაზე შემდგარი ქვეყანა ზარალდება.
2023 წლის 19 ივლისს ლარსზე იმისთვის მივედი, რომ მენახა, როგორ მუშაობდა საზღვარი: როგორ კვეთდნენ მას რუსეთიდან მომავალი ადამიანები და რამდენად ძირფესვიანად მოწმდებოდა რუსეთში მიმავალი ტვირთი.
იქ ყოფნისას არაერთხელ შევამჩნიე, როგორ მოჰყავდა ევაკუატორს ახალი, ცელოფნებში შეფუთული ძვირადღირებული მანქანები. მათ შორის, შავი “TOYOTA PRADO”, რომლის საშუალო ღირებულებაც 80 000 დოლარამდეა.
ევაკუატორებს ეს მანქანები სამსართულიანი შენობის უკან შეჰყავდათ და იქიდან ცარიელი ბრუნდებოდნენ.
დავეჭვდი. შენობის უკან შევიხედე, სადაც ნამდვილი “ავტოსამოთხე” დამხვდა: დაახლოებით, 1 400 კვ.მ. ტერიტორიაზე, ჯამში, 2 მილიონ დოლარამდე ღირებულების 30-ზე მეტი მანქანა იდგა.
ეს სადგომი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან დაახლოებით 200 მეტრში, იმ სასტუმროს უკანაა მოწყობილი, სადაც მესაზღვრეები რჩებიან ხოლმე. სათვალთვალო კამერებიც ადგილზეა.
დაცვის თანამშრომელმა მალევე შემნიშნა და დაინტერესდა, იქ რა მესაქმებოდა. ვუთხარი, რომ ამდენი ახალი მანქანა ერთად არასდროს მენახა და მათ ვათვალიერებდი. მან ტერიტორიის დატოვება მთხოვა.
სადგომიდან გამოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი ევაკუატორის მძღოლს გამოველაპარაკე, რომელმაც იქ მორიგი “PRADO” მიიყვანა. აღმოჩნდა, რომ მას თბილისიდან საზღვრამდე ასეთი ახალი მანქანები კვირაში ორ-სამჯერ ჩამოჰყავს. შემდეგ კი ისინი გასაყიდად რუსეთში გადაჰყავთ.
ამ დროისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ უკრაინაში ომის დაწყების გამო ევროკავშირის სანქციები რუსეთის მიმართ გულისხმობდა 50 000 ევროზე მეტი ღირებულების ავტომობილების რუსეთში ექსპორტის აკრძალვას.
მალევე მივხვდი, რომ ლარსზე სულ სხვა საქმისთვის მისულმა, რუსეთის დასახმარებელი ახალი სქემა აღმოვაჩინე და მისი შესწავლა დავიწყე.
შვიდთვიანმა კვლევამ დამარწმუნა, რომ საქართველოში მუშაობს სხვა სქემებიც, რომლითაც რუსეთი, სანქციების გვერდის ავლით, საჭირო მარაგებს ივსებს. ამ სქემების საშუალებით რუსები მდიდრდებიან, ქართველები – პირიქით, შემოსავალს კარგავენ.
ევროპის გზას დამდგარი საქართველოს ღირსება და იმიჯი კი მნიშვნელოვნად ილახება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილების საქართველოდან რუსეთში ექსპორტი/რეექსპორტი 2023 წლის აგვისტოდან აიკრძალა. ქვეყანა კი, ამ ნაწილში, საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა. თუმცა, როგორც ლარსზე გასაყვანად გამზადებული მანქანის ერთ-ერთმა მძღოლმა მითხრა, “ეს ყველაფერი ფარსია”, რადგან, ყოველდღიურად, ჩვენგან რუსეთში მაინც ასობით ავტომობილი გადის.
სანქცირებული მანქანების “ფარული” მოგზაურობა საქართველოდან რუსეთში
2023 წლის 19 ივლისს, ძვირადღირებული ავტომანქანების სადგომის აღმოჩენის შემდეგ, გადავწყვიტე, გამერკვია, როგორ მუშაობს სქემა და მტკიცებულებებიც მომეპოვებინა.
საზღვარზე ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ, ვნახე, როგორ გამოვიდა სადგომიდან ჩალისფერი “PORSCHE CAYENNE”, რომლის ღირებულებაც, საშუალოდ, 70 000 დოლარია. ის მანამდე უცხო თვალისთვის შეუმჩნეველ სადგომზე იდგა. “PORSCHE” საზღვრის კვეთის რიგში დადგა, სადაც, დაახლოებით, ერთი საათი ელოდა საკუთარ რიგს.
მოვლენების განვითარებას მეც დაველოდე. კვეთის ჯიხურთან მისულ მძღოლს საბუთები ხუთ წუთში შეუმოწმეს და უპრობლემოდ გაუშვეს. მასთან ერთად საზღვარი “BMW X5”-მაც გადაკვეთა, რომელიც ასევე ძვირადღირებული ავტომობილების სადგომზე შევნიშნე.
სადგომზე ადგილები შეზღუდულია და ყოველი გასული მანქანის ადგილს მალევე ახალი იკავებს. ამ წერტილამდე ისინი ავტომზიდებს თბილისში მდებარე სხვადასხვა ავტოცენტრიდან ან რუსთავის ავტობაზრობიდან მოჰყავთ.
სადგომზე მყოფი ამ მანქანების საშუალო ღირებულება 30 000 – 130 000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. თითქმის ყველა მათგანი ახალი და შეფუთულია, დიდ ნაწილს ჯერ ნომერიც კი არ აქვს. ნომრის უქონლობა ნიშნავს, რომ ამ ავტომობილებს საქართველოს ქუჩებში დამოუკიდებლად საერთოდ არ უვლიათ – ისინი საზღვარზე პირდაპირ ავტომზიდებით მიიყვანეს.
- საზღვართან მიყვანილი ავტომობილი ავტომზიდიდან მძღოლს ჩამოჰყავს და სადგომზე აყენებს.
- შემდეგი ნაბიჯი სატრანზიტო ზონაში საზღვრის კვეთისთვის აუცილებელი, დროებითი ნომრის მიღება და საბუთების შეგროვებაა.
- ბოლოს კი მანქანა მძღოლს საზღვარზე გაჰყავს.
ამ ავტომობილებს, საზღვრის მეორე მხარეს ანუ რუსეთის ტერიტორიაზეც გამცილებელი ხვდება – ან მხოლოდ მძღოლი ან მძღოლიანი ავტომზიდი, რომლითაც გზას რუსეთისკენ აგრძელებს.
ამ სქემის დახმარებით, მანქანა ახალ მეპატრონეს მინიმალური გარბენით, დაუზიანებელ მდგომარეობაში ბარდება. საქართველოდან გამყვანი მძღოლი კი უკან ბრუნდება და საქართველოს საზღვარს ფეხით, ან სხვა ავტომობილით კვეთს.
ამ ამბის მთავარი გასაღები ისაა, რომ ამ გზით, სანქცირებული ავტომობილები ისე გადის რუსეთში, ექსპორტის ოფიციალურ სტატისტიკაშიც კი არ აღირიცხება. არავინ ითვლის, ამ გზით რამდენი ასეთი მანქანა ხვდება რუსეთში.
როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აგვიხსნეს, მათ ექსპორტის ბაზაში შეაქვთ მხოლოდ ის მანქანები, რომელიც საბაჟო დეკლარაციას საქართველოში ავსებენ. ხოლო ინდივიდუალური სარგებლობის შემთხვევები, ანუ როცა მანქანა საზღვარზე მძღოლს თვითონ გადაჰყავს და მას სხვა ქვეყანაში განაბაჟებს, საქართველოს ექსპორტი/რეექსპორტის ბაზაში არ აღირიცხება.
ეს ამბავი შემოსავლების სამსახურშიც დაგვიდასტურეს, საიდანაც 31 იანვარს მოგვწერეს:
“სანქციები არ ვრცელდება რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით გადაადგილებულ, სხვა ქვეყანაში რეგისტრირებულ, ფიზიკური პირის პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლითაც გადაადგილდება ფიზიკური პირი და არ არის განკუთვნილი გასაყიდად.”
თუმცა, თავად ვნახე, სწორედ ამ სქემით, როგორ კვეთს საქართველოს საზღვარს ათობით ახალი ავტომობილი. ივლისში, სექტემბერსა და ნოემბერში ლარსზე მისულს, ავტოსადგომი ყოველთვის სავსე მხვდებოდა. მხოლოდ ერთ დღეს, 19 ივლისს, საზღვარზე ჩემი შვიდსაათიანი ყოფნისას, რუსეთში გასასვლელად 15 ახალი “TOYOTA PRADO” ემზადებოდა. თითოეულის ღირებულება 60 000-დან 100 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.
სექტემბერში, ლარსიდან თბილისში რომ ვბრუნდებოდი, გზად მომავალს, სამსაათნახევარში, 97 ტრანზიტული ავტომობილი შემომხვდა – ზოგი ავტომზიდით მიჰყავდათ, ზოგიც მძღოლის დახმარებით.
როგორც გავარკვიე, ტრანზიტულნომრიანი “სანქცირებული” მანქანით საზღვრის გადასაკვეთად საჭიროა:
- რუსეთში მყოფი მყიდველი გადამყვანს იმდენად ენდობოდეს, რომ მის სახელზე გააფორმოს მანქანა.
- გადამყვანმა, ე.წ. “პერეგონშიკმა”, საქართველოში უნდა შეიძინოს ავტომობილის დაზღვევა, გააფორმოს მანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება და წესრიგში მოიყვანოს საზღვრის კვეთისთვის კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.
- საზღვრის კვეთის შემდეგ ის საჭირო დოკუმენტაციას მეორე მხარესაც წარუდგენს, შემდეგ ახალ მფლობელს მანქანას მიჰყიდის, გადაუფორმებს და თვითონ უკან, საქართველოში ბრუნდება.
შესაძლებელია თუ არა, რომ ამგვარი სქემის შესახებ არაფერი იცოდნენ მესაზღვრეებმა, რომლებიც საკუთარი თვალით ხედავენ, როგორ გადაჰყავს ერთ ადამიანს ძვირადღირებული მანქანა საზღვარზე და ცოტა ხანში უკან, ფეხით ბრუნდება? თან, როცა ამას თვეში რამდენჯერმე აკეთებს?
ეს, ლარსის გამშვებ პუნქტზე მესამედ ჩასვლის დღეს, თავად მესაზღვრეებისთვისაც გვინდოდა გვეკითხა. ამ დროს უკვე ვიცოდით შემოსავლების სამსახურის ოფიციალური პასუხი: ისინი არ არიან პასუხისმგებლები მსუბუქი ავტომობილებისა და მოქალაქეების საზღვრის კვეთის მონიტორინგზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან კი, ჩვენს კითხვაზე, აწარმოებდნენ თუ არა ავტომობილების კვეთის სტატისტიკას მოდელებისა და ბრენდების მიხედვით, ზოგადი პასუხი გაგვცეს და მათ ვებსაიტზე გადაგვამისამართეს. ვებსაიტის მონაცემებში მხოლოდ ის წერია, რამდენმა ტრანზიტულმა ავტომობილმა გადმოკვეთა და რამდენმა გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. ბუნდოვან და არასრულ სტატისტიკაში არსადაა მითითებული ავტომობილების მოდელები.
ნოემბერში ლარსზე მისულს, იქ უკვე პოლიცია დამხვდა. ამიტომ, არც მესაზღვრეებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მომეცა და არც საზღვართან მიახლოების.
ავტომობილის ერთ-ერთმა ხელოსანმა, დათომ (რომელსაც საზღვარზე თავად ჰყავდა 2 მანქანა მიყვანილი და რუსეთიდან ახალი პატრონის ჩამოსვლას ელოდა) მიამბო, რომ ამ გზით, მანქანები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იყიდება და დაწესებული აკრძალვა სინამდვილეში არ მუშაობს.
“ევაკუატორით მოჰყავთ ახალი ავტომობილები. პატრონს არ უნდა, რომ გარბენი ჰქონდეს და იმიტომ. შედის ჩვეულებრივ რუსეთში, ის ფიქციური აკრძალვაა. როგორც მე მოვიყვანე ის მეორე მანქანა ევაკუატორით ასე, გადმოიყვან ევაკუატორიდან, მერე მოვა პატრონი და წაიყვანს.” (სტილი დაცულია)
შეუძლებელია ზუსტად დავითვალოთ, რამდენი მანქანა გადის საქართველოდან რუსეთში ამ გზით და ვის გაჰყავს ისინი. თუმცა, კონკრეტული მაგალითების საფუძველზე მაინც ვეცადეთ გაჩვენოთ, როგორ მუშაობს სქემა და ვინ მდიდრდება ამით.
როგორ მდიდრდებიან რუსები საქართველოს ავტოკორიდორის დახმარებით?
საქართველოდან რუსეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მანქანების ექსპორტიორთა ოფიციალურ სიაში უცხოური სახელები მრავლადაა. ამიტომ, ამ ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობისას, დავინტერესდი, ხომ არ იყვნენ ინდივიდუალურად მანქანების გამყვანებს შორის რუსეთის მოქალაქეებიც.
დავიწყე მათი ძებნა. სოციალურ ქსელებში მალევე ვიპოვე 15 ავტოდილერი, რომლებიც საქართველოდან რუსეთში მანქანებს ვიდეო ვლოგების დახმარებით ყიდიან.
მათგან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვლოგერი, მეტსახელად ანტონ ბაია, რომელსაც ინსტაგრამზე 111 000 გამომწერი ჰყავს.
36 წლის, რუსეთის მოქალაქე ანტონ ბაიბურსიანი, სხვა ასიათასობით რუსის მსგავსად, საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა. თავის ვიდეოებში ანტონს თითქმის ყოველთვის ერთნაირი მაისურები აცვია, საკუთარი იუთუბის არხის რეკლამით. მაისურის მკლავებზე კი საქართველოს, სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის დროშები ხატია – ზუსტად იმ ქვეყნების, რომლებიც საქართველოს გავლით რუსეთს ავტომობილებით ამარაგებენ და რომლებსაც ანტონი საკუთარი ბიზნესისთვის იყენებს
მის ვიდეოებში ხშირად მოისმენთ, როგორ ამაყობს იმით, რომ ქართველი დილერებისგან მანქანას საბაზრო ფასზე იაფად ყიდულობს, ხანდახან 10 000 დოლარით ნაკლებადაც კი. ეს იმიტომ, რომ ახლა საუკეთესო დროა მანქანის შესაძენად, რადგან საქართველოში ბევრი ავტომობილი დაგროვდა და მყიდველის ნაკლებობის გამო ფასი დაეცა.
თავის ვიდეოებში რუსი ავტოდილერი ჰყვება, რომ რუსეთში გასაყვანად მომზადებული ახალი ავტომობილები “ტოიოტას ცენტრიდან” “ყველაზე კარგ ფასად” მას გაჰყავს. 2023 წლის 16 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეოში ისმის ასეთი ფრაზა, რომ “მთელი “ტოიოტა ცენტრი” მისი გავლით მუშაობს და თუ ვინმეს სურს ახალი “TOYOTA” შეიძინოს, ზედმეტის გადახდის გარეშე, მაშინ სწორედ ანტონს უნდა მიმართოს.
ჩვენ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად “ტოიოტა ცენტრ თბილისს” მივმართეთ. კომპანიის დირექტორმა და მეწილემ, ირაკლი გურჩიანმა გვითხრა, რომ ცენტრს ანტონთან არაფერი აკავშირებს, არც დაბალ ფასებს სთავაზობენ და არც რაიმე სხვა შეღავათს. ისიც გვითხრეს, ბლოგერის ვიდეოებში წარმოთქმული ფრაზები, ალბათ, მისი სარეკლამო ხრიკიაო.
“არც ერთი მანქანა არ გაგვიყიდია მოცემულ პიროვნებაზე. ხოლო თუ ის იყიდის ჩვენთან მესამე პირების ჩართულობით, ამას ჩვენ ვერანაირად ვერ ვაკონტროლებთ და არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია,” – წერია გურჩიანის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ პასუხში.
ანტონი მხოლოდ ცენტრიდან გამოყვანილი მანქანებით არ ვაჭრობს. მას აშშ-დან და კანადიდან მეორადი და ახალი მანქანებიც ჩამოჰყავს და მათაც რუსეთში გზავნის.
ანტონ ბაიბურსიანმა ბოლო ერთ წელში რუსეთში 1 969 ავტომობილი გაიყვანა. ერთი მანქანის რუსეთში გაყვანისთვის კლიენტისგან, მინიმუმ, 1 000 დოლარს იღებს. ანუ ბოლო წელს ანტონმა საქართველოში მინიმუმ 1 969 000 აშშ დოლარი იშოვა.
საქართველოში საქმიანობის დაწყებისას ანტონი ვიდეოებს რუსთავის ბაზრობაზე იღებდა. შემდეგ, როგორც მისი სოციალური ქსელებიდან ჩანს, ბიზნესი გააფართოვა, ხალხიც დაიქირავა და რუსთავის ავტობაზრობაზე საოფისე ფართიც. დღეს მას ამ საქმიანობაში, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი ეხმარება – ვიდეოებში მათაც დროშებიანი მაისურები აცვიათ და ისინიც რუსულენოვანები არიან. ახლა რუსი ავტოდილერი ბიზნესის განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ჩინურ ბაზარსაც ითვისებს, ოფისსაც აფართოებს და ფილიალს რუსეთში, მის მშობლიურ სამარაში ხსნის.
მანქანების რუსეთში გაყვანის სქემაზე უფრო მეტის გასაგებად ექსპერიმენტი 2023 წლის შემოდგომაზე ჩავატარეთ. ანტონს რუსული ნომრიდან მივწერეთ, თითქოს მანქანის საქართველოში ყიდვა გვინდოდა. ანტონმა გვიპასუხა, რომ მომხმარებელს სრულ კომფორტს სთავაზობს – ტრანსფერს საქართველომდე და დახმარებას სასტუმროში განსათავსებლად, ერევანში ჩამოფრენის შემთხვევაში დახვედრას და ფულის გადახურდავებაში დახმარებას. გვასწავლა ხრიკიც, რომ რუსეთიდან ერევანში ნებისმიერი რაოდენობის ნაღდი ფულის ჩატანა დეკლარირების გარეშე შეგვიძლია. იქ ჩაფრენაც უფრო იაფი და მოსახერხებელია, შემდეგ კი ყველანაირი პრობლემის გარეშე გადმოვკვეთთ საქართველო-სომხეთის საზღვარს.
ამ მიმოწერისას ანტონმა ისიც აგვიხსნა, რომ ახლა რუსეთში მანქანების გაყვანის ოთხი გზა არსებობს: საქართველოდან პირდაპირ რუსეთში, საქართველოდან სომხეთის გავლით, ყაზახეთის გავლით ან ყირგიზეთის გავლით.
გვითხრა ისიც, რომ მომხმარებელთა 80 პროცენტი დისტანციურ შეძენას ირჩევს (რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი საქართველოში არ ჩამოდის და ანტონს ანდობს არჩევანს. საბოლოოდ, ეს ავტომობილები ინდივიდუალური კვეთით ან ვლადიკავკაზში ან სულაც კლიენტის სახლამდე მიჰყავთ), რადგან ეს ბევრად ეკონომიურია.
სანამ მანქანას კლიენტი დისტანციურად შეარჩევს, 500 დოლარი უნდა გადაიხადოს. ამის შემდეგ ანტონი მას დახურულ ჯგუფში აწევრიანებს, სადაც სხვა დისტანციური მყიდველებიც არიან. ამ ფასად 10 ავტომობილს შემოგთავაზებენ. მორიგ 500 დოლარს კი ამ ათიდან შერჩეული ავტომობილების შემოწმებაში და დოკუმენტაციის მომზადებაში დასახმარებლად იხდით. თუ მყიდველი მისთვის სასურველ ავტომობილს შემოთავაზებული ათიდან ვერ აირჩევს, მაშინ მომსახურების ღირებულება გაიზრდება. თუმცა, როგორც ანტონი ამბობს, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა.
ავტომობილის შერჩევის შემდეგ, მყიდველი მისი ღირებულების 15-20 პროცენტს იხდის და ანტონის გუნდი მისთვის მანქანას შეიძენს. ამის შემდეგ ირჩევენ, რომელ ქვეყანაში განბაჟდეს მანქანა და აფორმებენ დოკუმენტებს. ამ პროცედურებს, საშუალოდ, 8 დღემდე სჭირდება. შემდეგ კი შეძენილ ავტომობილს მას იმ გზით აწვდიან, რომელიც წინასწარ შეარჩია. ყველა ამ გზის ბოლოს ავტომობილი რუსულ ნომრებს იღებს.
ანტონს არც გადახდის მეთოდებში აქვს შეზღუდვა: გადახდა შესაძლებელია როგორც რუბლით, ასევე დოლარით. ასევე შესაძლებელია, კლიენტმა ავტომობილის ღირებულების დარჩენილი ნაწილი ნაღდი ფულის სახით იმას მისცეს, ვინც მანქანას საზღვარზე გადაუყვანს. ანტონის შემთხვევაში, გადამყვანი მისი გუნდის წევრია.
ანტონი ავტომობილების გაყვანისთვის ყველაზე ხშირად სწორედ ინდივიდუალურ კვეთას მიმართავს (როდესაც მანქანა საზღვარს კვეთს მძღოლის დახმარებით), რადგან ასე გაცილებით მარტივია მისთვისაც და მყიდველისთვისაც.
ის ხშირად წერს ვიდეოებს, როგორ ჩაჰყავთ ვლადიკავკაზში მისი გუნდის წევრებს მანქანები და როგორ აძლევენ ახალ მფლობელს გასაღებს. ერთ-ერთი ასეთი ვიდეო რუსეთ-საქართველოს საზღვართანაც კი გადაიღო, სადაც აჩვენა პარკინგზე მდგომი, რუსეთში გასაყვანად მომზადებული ახალი მანქანები. ანტონი ამავე ვიდეოში ამბობს, რომ ბიჭები “ძალიან მაგრად მუშაობენ.“
ჩვენ გვსურდა ანტონ ბაისთან ინტერვიუს ჩაწერა, რისთვისაც მას ნოემბერში, საკუთარ ოფისში მივაკითხეთ. ის ადგილზე არ დაგვხვდა, თუმცა დავურეკეთ და სატელეფონო ინტერვიუზე შევთანხმდით.
პირველ ჯერზე ინტერვიუ ვერ შედგა. რამდენიმე კვირაში ანტონს ისევ დავუკავშირდით. მან მოუცლელობა მოიმიზეზა და გვთხოვა, მეორე დღეს დაგვერეკა. თუმცა, ინტერვიუ ვერც მეორე დღეს ჩავწერეთ, რადგან მას ჩვენს სატელეფონო ზარებზე დათქმულ დროს აღარ უპასუხია.
კითხვები ვოთსაპში, მის მოქმედ რუსულ ნომერზე გავუგზავნეთ. ჩვენ გვაინტერესებდა:
- როდის და როგორ დაიწყო ეს ბიზნესი? ვინ არიან მისი კონკურენტები?
- რა წინააღმდეგობებს გადააწყდა ბიზნესის აწყობისას და ვინ დაეხმარა ქართული კანონმდებლობის გაცნობაში?
- რა ტიპის მანქანებზე არის ყველაზე დიდი მოთხოვნა რუსეთიდან და ვინ ყიდულობს მას?
- როგორ თანამშრომლობს ტოიოტას ცენტრთან და რამდენი ხანი უწევს ლოდინი ავტომობილის შესაძენად?
- რა სახის გადასახადებს იხდის საქართველოში?
- რატომ და რა პრობლემა ჰქონდა შემოსავლების სამსახურთან და თუ მოაგვარა ის?
- მისი აზრით, რა პრობლემები შეიძლება შეექმნას საქართველოს, როდესაც ის და მისი გუნდი რუსეთში აკრძალული ავტომობილების გაყვანით სანქციების აღსრულებას აფერხებს?
ამ კითხვებზე პასუხი ანტონ ბაიბურსიანისგან ვერ მივიღეთ.
სქემებში გახლართულები: როგორ ღარიბდებიან ქართველები?
ანტონის ბიჭებიც კარგად მუშაობენ, ავტობიზნესსაც აფართოებენ. მან და მსგავსმა ავტოვლოგერებმა ნელ-ნელა ქართველი ავტოდილერებიც ჩაანაცვლეს.
საქართველო, რეგიონში, ყოველთვის იყო მეორადი ავტომობილების მეზობელი ქვეყნებისთვის მიწოდების წყარო. თუმცა, ეს ვითარება ნელ-ნელა შეიცვალა, რადგან ტრადიციული ბაზრები გაქრა. კოვიდ პანდემიის გამო აზერბაიჯანის ბაზარი დაიხურა, რადგან სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა, დღემდე არ გახსნილა და ადამიანებს ინდივიდუალური საჭიროებებისთვის მისი გამოყენება არ შეუძლიათ. საზღვარი ღია მხოლოდ საექსპორტო ტვირთებისთვისაა.
ქართულმა სამანქანო ბიზნესმა უკრაინის ბაზარი ომის დაწყებისთანავე დაკარგა. ამის შემდეგ რუსეთი გახდა ახალი “პარტნიორი”. რუსები ძირითადად 3-5 წლის ავტომობილებს ითხოვდნენ. ქართველი დილერებიც ამ მოთხოვნას მოერგნენ და გასაყიდად ახალი, არც თუ ისე იაფიანი ავტომობილები ჩამოიყვანეს. გაიზარდა ავტომობილების ამერიკიდან ტრანსპორტირებისა და მომსახურების ფასებიც, შესაბამისად გაძვირდა მანქანებიც.
როგორც დილერები ამბობენ, რუსული ბუმი, დაახლოებით 18 თვე გაგრძელდა. შემდეგ კი მყიდველები გაქრნენ, რადგან საქართველოში გადმოსახლებულმა რუსებმა თავად დაიწყეს ავტომობილების ჩამოყვანაც და გაყიდვაც. გვეუბნებიან, რომ ქართველი მყიდველი პრაქტიკულად აღარ არის და რომ ამ ფასიან ავტომობილებს ადგილობრივები ვერც ყიდულობენ.
ამას გვიდასტურებს ავთანდილ ზარნაძეც, ავტოდილერი, რომელიც რუსთავის ავტობაზრობის გახსნის დღიდან ამ საქმითაა დაკავებული. ამბობს, რომ ბევრნაირი კრიზისი უნახავს, თუმცა ასეთი არა. ნოემბერში, ჩვენი იქ ყოფნისას, ის, ათი თვის წინ, ანუ ჯერ კიდევ იანვარში ჩამოყვანილი მანქანის რუსთავის ტერმინალიდან გაყიდვას ელოდა.
“ჩვენ რომ ვამბობთ რუს ტურისტებზე, მერე რა, შემოვიდნენ აჭარაში, შეჭამენ, ბინას იქირავებენ, ესა და ისაო… ახლა აჭარაში რომ ჩახვიდე, ნახავ, რომ რუსი ტაქსს რომ გამოიძახებს, თავისი ტაქსი ჰყავს, რუსებივე ემსახურებიან. ჩვენი ქართველი ამოვარდა. კაფეები და ბარები იქირავეს, რუსი არ მიდის ქართველის ბარში, მიდის იმ რუსის ბარში. ესე იგი ისიც ამოვარდა. სახლები იყიდეს და რუსებივე აქირავებენ. აჭარელი ამოვარდა. ასე ვართ ჩვენც აქ,” – გვეუბნება ზარნაძე (სტილი დაცულია), რომელსაც რუსთავის ავტობაზარზე შევხვდით.
რუსთავში, 2023 წლის ნოემბერში ვიყავით, შაბათ დღეს, როდესაც, წესით, ყველაზე მეტი მყიდველი მოდის და ბაზრობაც გადაჭედილია. ჩვენი იქ ყოფნისას, ტერიტორია გადაჭედილი იყო ავტომობილებით, მაგრამ მყიდველს აქა-იქ თუ შენიშნავდით. სამაგიეროდ, შეგვხვდნენ რუსი, ყაზახი, ყირგიზი ავტოდილერები და მათი კლიენტებიც.
კიდევ ერთმა ავტოდილერმა გვითხრა, რომ ავტომობილებს თვითღირებულებაზე იაფად ყიდიან, როგორმე ის დანაკლისი რომ გადაფარონ, რაც ამ ბიზნესის ჩავარდნის გამო გაუჩნდათ. “ფოთში ძალიან ბევრ უცხოელს ვხედავ, რომელსაც თვითონვე ჩამოჰყავს გამოწერილი მანქანა, აქ იღებენ და მიჰყავთ თავიანთ ქვეყნებში,” – გვიყვება ზაზა სუხიტაშვილი, რომელიც სამ თვეზე მეტია “KIA OPTIMA”-ს გაყიდვას რუსთავში ცდილობს.
რუსთავის ბაზრობაზე ყოფნისას მანქანების გამყიდველ თორმეტ ქართველს ვესაუბრეთ. მათ უმრავლესობას მანქანები არ განუბაჟებიათ და 90 დღის გასვლის შემდეგ ისინი საჯარიმო ტერმინალზე გადაიყვანეს, სადაც ერთი დღის გადასახადი 10 ლარია. რვა რესპონდენტმა ერთი მეორის მიყოლებით გვაჩვენა ტერმინალზე დგომის საჯარიმო სმს-ები, სადაც ჩანდა, რომ ზოგიერთს უკვე 2 700 ლარზე მეტი აქვს გადასახდელი. ამ დავალიანების დაფარვის გარეშე მანქანას ტერმინალიდან ვერ გაიყვანენ.
ყველა ქართველი ავტოდილერი, რომელთაც ვესაუბრეთ, ჩიოდა, რომ მსგავსი კრიზისული პერიოდი ამ ბაზარს ჯერ არ ჰქონია; რომ მყიდველი მოაკლდათ, ავტომობილებით მოვაჭრეების რიცხვი კი გაორმაგდა. იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ მანქანის გაყიდვა, ბანკის ვალების გასასტუმრებლად, ძალიან იაფად უწევთ. ამით კი ისევ ის უცხოელი დილერები სარგებლობენ, რადგან ქართველებისგან მანქანას იაფად იგდებენ ხელში.
რუსი ავტოდილერი, ანტონ ბაიც ხშირად ამაყობს იმით, რომ ქართველებისგან მანქანებს იაფად ყიდულობს. “ხედავთ ამ 45 ათას დოლარს, ბიჭებო? (იგულისხმება ავტომობილის ღირებულება, რომელსაც ანტონი სპეციალურ ბლანკზე აჩვენებს) არა მეგობრებო, ამას უკვე 37 ათას დოლარად გვაძლევენ,” – ამბობს ივლისში გამოქვეყნებულ ვიდეოში ანტონი და მაყურებელს “CHEVROLET CORVETTE” 2019-ს აჩვენებს.
რუსთავის ბაზრობაზე ათეულობით მოქმედი ოფისია, რომელიც კლიენტებს მანქანების რუსეთში გაყვანას სთავაზობს. სარეკლამო ბანერებს ამ ოფისების ფასადებზეც ნახავთ. ჩვენი იქ ყოფნისას, ბაზრობის შესასვლელში მდგარი სასტუმრო “AUTOPAPA”-ს ეზოში ოცზე მეტი ტრანზიტულნომრიანი ავტომობილი ეყენა (ასეთი ნომერი მანქანას საზღვრის კვეთისთვის ეძლევა). იქ მყოფმა უცხოელებმა გვითხრეს, რომ ამ მანქანებს, ძირითადად, ყაზახეთში წასასვლელად ამზადებდნენ, მათი მძღოლები კი ამ სასტუმროში ისვენებდნენ.
ამ გამოძიებაზე მუშაობისას, ფოთის პორტშიც ჩავედით.
22 დეკემბერს ტერმინალში მომლოდინეების დიდი ნაწილი რუსულენოვანი იყო. იქვე ავტომზიდის მძღოლიც ვნახეთ, რომელსაც ავტომობილები სომხეთში მიჰყავდა. ვკითხეთ მის საბოლოო დანიშნულებაზე.
“სომხეთში მიმყავს. იქ საბუთები შეეცვლება და რუსეთში წავა. ახლა ყველა ასე აკეთებს,” – გვიპასუხა ავტომზიდის მძღოლმა, რომელმაც ისიც გვითხრა, რომ ამ მეორად ავტომობილებს სომხეთში შეაკეთებენ და ისე გაგზავნიან რუსეთში.
ფოთში ჩვენი ყოფნისას, ტერმინალი ათმა ავტომობილმა დატოვა, მათგან სამს – რუსულნომრებიანი მანქანით მყოფმა პირმა მოაკითხა, ორი თავად საუბრობდა რუსულ ენაზე, ორის მეპატრონეებიც სომხურნომრიანი მანქანებით იყვნენ.
4 სქემა საქართველოდან მანქანების რუსეთში გასაყვანად
ანტირუსული სანქციები 2022 წლის 2022 წლის გაზაფხულზე, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაწესდა. მას მერე რუსული ბაზარი ათობით ავტომწარმოებელმა დატოვა. ცნობილი ბრენდები კი ჩინურმა კომპანიებმა ჩაანაცვლა. ამ ფონზე, გაჩნდა დეფიციტი, რომლის შევსებასაც რუსეთის მოქალაქეები მეზობელი ქვეყნების გამოყენებით ახერხებენ და ამ სქემაში ჩართულია საქართველოც.
ექსპორტად ითვლება მანქანების გადაყვანა ავტომზიდებით, რომლებიც დეკლარირდებიან საქართველოში.
ინდივიდუალური სარგებლობის შემთხვევები, როცა მანქანა საზღვარზე მძღოლს გადაჰყავს და მას სხვა ქვეყანაში განაბაჟებს, ექსპორტის/რეექსპორტის ბაზაში არ აღირიცხება.
რუსეთში სანქცირებულია აშშ-სა და ევროკავშირში წარმოებული ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების, 1 900 სმ3-ზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე და 50 ათას ევროზე მეტის ღირებულების მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი.
მიუხედავად ამისა, საქართველოდან რუსეთში მიმავალი მანქანების უმრავლესობა ამერიკულია. ამას ადასტურებს საქსტატის ოფიციალური მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, აშშ საქართველოს მთავარი ავტოიმპორტიორია. იმპორტით მეორე ადგილზე იაპონიაა, მესამეზე – გერმანია.
საქსტატის მონაცემები შევაჯამეთ და 2023 წელს წინა წელთან შედარებით 131 პროცენტით გაიზარდა ყველა ქვეყნიდან იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა, ექსპორტი კი 135 პროცენტითაა გაზრდილი.
2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილების 94 პროცენტი შემდეგ ხუთ ქვეყანაში გადიოდა: ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყირგიზეთი და რუსეთი.
როგორც რუსმა ავტოდილერმა, ანტონ ბაიბურსიანმა ექსპერიმენტისას გვითხრა, ის რუსეთში მანქანის გასაყვანად სხვადასხვა გზას მიმართავს. მათ შორისაა ტრანსპორტირება სომხეთის, ყაზახეთის ან ყირგიზეთის გავლით. ეს სამი ქვეყანა რუსეთთან და ბელარუსთან ერთად ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია, რაც გულისხმობს, რომ ავტოდილერებს საქმე უმარტივდებათ: ამ კავშირის წევრებს განბაჟების ერთიანი სისტემა აქვთ და ამ ქვეყნებში განბაჟებულ ან შეძენილ ავტომობილებს რუსეთში დამატებითი განბაჟება აღარ სჭირდებათ.
სომხეთი, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც, მანქანებით საქართველოდან მარაგდებოდა. ომის დაწყებამდე, 2020-2021 წლებში საქართველოდან სომხეთში გავიდა 1 622 მანქანა, რომელთა საშუალო ღირებულება 5 000-დან 8 000 დოლარამდე მერყეობდა. 2022-2023 წლებში კი 29 269 ავტომობილი, რომელთა საშუალო ღირებულებაც მკვეთრად გაიზარდა, 12 000-დან 17 000 დოლარამდე.
საქართველოსთვის, რუსეთ-უკრაინის ომამდე, ყირგიზეთი და ყაზახეთი მანქანების გასაღების დიდი ბაზარი არ იყო. ომის შემდეგ სიტუაცია ისე შეიცვალა, რომ საქართველო ყირგიზეთში ავტოიმპორტიორთა შვიდეულშიც კი შევიდა.
საქართველოდან ყირგიზეთში ავტოექსპორტი 2023 წელს (2021 წელთან შედარებით) 680 პროცენტით გაიზარდა, ყაზახეთში კი – 1 750 პროცენტით.
გაზრდილია ყირგიზეთიდან რუსეთში ექსპორტიც. 2021 წელს ყირგიზეთიდან რუსეთში 308 ავტომობილი გაიყიდა, 2023 წლის 11 თვეში კი – 5 761.
იმ მოსაზრებას, რომ ყაზახეთში, სომხეთსა და ყირგიზეთში საქართველოდან გაგზავნილი ეს ავტომობილები რუსეთისთვისაა, სტატისტიკის გარდა ისიც ადასტურებს, რომ კომპანიები თუ ინდივიდუალური პირები, რომლებიც ავტომობილებს ომამდე რუსებზე ჰყიდდნენ, უცებ გადაეწყვნენ ახალ ბაზარზე. ახლა მათ ავტომობილები ყაზახეთში, სომხეთსა და ყირგიზეთში გაჰყავთ. ამას საქსტატის მიერ მოცემული ოფიციალური მონაცემების დამუშავებისას მივაკვლიეთ.
როცა მყიდველი გადაყიდვის ანუ ექსპორტის მიზნით ყიდულობს მანქანას საქართველოში, საქართველოს მოქალაქისგან, ის ავსებს საექსპორტო დეკლარაციას. ექსპორტიორთა ამ სტატისტიკაში ხვდება ყველა ის მეწარმე, რომელიც მანქანას საქართველოს ტერიტორიაზე კი ყიდის, მაგრამ მყიდველები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათ ეს მანქანები არა საკუთარი მოხმარებისთვის, არამედ გასაყიდად სჭირდებათ.
ინდივიდუალური მეწარმე ელნურა ჯაფაროვა 33 წლისაა და ფონიჭალაში ცხოვრობს. მას ავტომობილები 2021 წელში მხოლოდ რუსეთში გაჰყავდა. 2023 წელს კი აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, ყაზახეთსა და რუსეთში ექსპორტი დაიწყო. ყირგიზეთის გარდა, ყველა სხვა ჩამოთვლილ ქვეყანაში ის 100 000 დოლარზე მეტი ღირებულების მანქანებს ჰყიდის. ჯაფაროვას ტელეფონით ვესაუბრეთ. როგორც კი გაიგო, რომ ჟურნალისტი ურეკავდა და მისი ბიზნესის შესახებ საუბარი სურდა, ტელეფონი გაგვითიშა და მას შემდეგ ზარებს აღარ პასუხობდა.
საქართველოდან მანქანების ექსპორტიორთა სიაში ვიპოვეთ მარნეულში მცხოვრები, 30 წლის ასიმ ანსაროვიც, რომელიც 10 წელზე მეტია მანქანების ყიდვა-გაყიდვითაა დაკავებული. ისიც, ჯაფაროვას მსგავსად, მანქანებს ჯერ რუსეთის მოქალაქეებზე ჰყიდდა, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ კი სომხეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის მოქალაქეებზე დაიწყო გაყიდვა. ტელეფონზე საუბრისას ანსაროვს ვკითხეთ, რატომ შეიცვალა მისთვის ტრადიციული ბაზარი. მან გვითხრა, რომ ავტომობილები რუსთავის ბაზრობაზე ჰყავს და მყიდველი შემდეგ სად წაიყვანს, არ იცის.
“რუსეთში მანქანის განბაჟება ძალიან ძვირია. ამიტომ ყირგიზეთიდან და ყაზახეთიდან შეჰყავთ. ამ ქვეყნებში მიყავთ საქართველოდან, იქ განაბაჟებენ და მერე მიყავთ რუსეთში,” – გვიპასუხა ანსაროვმა.
რუსეთში გაზრდილი ექსპორტის ფონზე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეზღუდა მანქანების ექსპორტი/რეექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთში და 2023 წლის ზაფხულზე რუსეთის მიმართ დასავლეთის სანქციების მე-11 პაკეტს ნაწილობრივ მიერთებოდა. ამის გამო, აშშ-სა და ევროკავშირში წარმოებული მანქანების ავტომზიდებით პირდაპირ რუსეთში გაყვანა შეუძლებელი გახდა. ამ ამბის შესახებ მაშინ საქართველოს მთავრობას არაფერი უთქვამს. ეს ამბავიც რუსი ავტოდილერის, ანტონ ბაიბურსიანის ვიდეოდან შევიტყვეთ.
ამ აკრძალვის შემდეგ რუსული ბაზრის მანქანებით მომარაგებისთვის ორი გზა დარჩა, ავტომობილების გაყვანა ინდივიდუალური კვეთით და ექსპორტი სხვა ქვეყნების გავლით.
კიდევ ერთი გზა – ექსპორტი აზერბაიჯანის გავლით
მას შემდეგ, რაც ლარსი მანქანების რუსეთში ექსპორტისთვის დაიხურა, სქემაში აზერბაიჯანიც ჩაერთო. თან, ზამთარში ლარსის მიმართულებით მოძრაობაც გართულებულია: მანქანების გადაყვანას დიდი დრო და მეტი რისკი სჭირდება. ამიტომ დილერები ამჯობინებენ მანქანები ჯერ აზერბაიჯანში გაგზავნონ, საიდანაც ისინი გრძელი გზის გავლით რუსეთში ხვდებიან.
სქემა ასეთია: საქართველოდან მანქანებით დატვირთული ავტომზიდი მიდის ლაგოდეხის საზღვარზე, გადადის აზერბაიჯანში, მიდის ბაქოში მდებარე პორტ ალათში, სადაც მანქანები იტვირთება გემზე და მიდის ყაზახეთში. ყაზახეთიდან კი ეს მანქანები გადადის რუსეთში.
“კი, ეს ავტომობილები აზერბაიჯანში, პორტში მიმყავს, შემდეგ კი პორტიდან ყაზახეთში მიდის. იქიდან ნახევარი რუსეთში მიდის. კვირაში 7 ავტომობილი მაინც მიმყავს მე ამ გზით, ლაგოდეხის საზღვრით. ყაზახეთში ჩემი ავტომზიდი მყავს და ავტომობილების ნაწილი რუსეთში ჩემი ავტომზიდითვე მიმყავს, ასე უფრო მომგებიანია,” – გვითხრა ავტომზიდის ყაზახმა მძღოლმა გიუნდუზმა, რომელსაც რუსთავში შევხვდით, როცა ის მანქანებს გასაგზავნად ამზადებდა.
ეს მოქმედი სქემა კიდევ ოთხმა წყარომ დაგვიდასტურა. ყველა მათგანს ავტომობილები თავად გადაჰყავდა საქართველოდან ყაზახეთში, აზერბაიჯანის პორტის გავლით.
ჩვენ აზერბაიჯანის პორტის სურათებიც შევისწავლეთ, სადაც ათეულობით ახალი ავტომობილი იდგა ექსპორტზე გასაგზავნად. პორტის ადმინისტრაციის ოფიციალური განცხადებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 45 368 ავტომობილი გაუშვეს ექსპორტზე პორტით, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რომელ ქვეყნებში.
რუსთავის ბაზრობაზე ყოფნისას, დილერებმა გვითხრეს, ლაგოდეხში, საზღვარზე, მანქანების რიგი დგასო. იქ 26 დეკემბერს ჩავედით, რომ ამ სქემის შესახებ მეტი გაგვეგო.
საზღვრის კვეთის მომლოდინე ავტომზიდებისა და ტრაილერებისთვის საზღვართან 4 სადგომია მოწყობილი. მათგან სამში, მსუბუქი ავტომობილებით დატვირთული ავტომზიდები დაგვხვდა. იქ ადგილობრივებმა და ავტომზიდების მძღოლებმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ მართლაც მუშაობდა ჩვენთვის ნაცნობი სქემა, რომელიც ბოლო დროს აქტიურად ამოქმედდა. არც ის დაუმალავთ, რომ ყაზახეთიდან ავტომობილების ნაწილი რუსეთში მიდის.
გზად ადგილობრივებსა და რამდენიმე ავტომზიდის მძღოლს გავესაუბრეთ.
“ბევრი მიაქვთ, დღეში 10-15 ავტომზიდი მაინც გადადის, თითოში 8-მდე მანქანაა, ოთხი მაღლა, ოთხი დაბლა. ორი წელია დადიან, უფრო ამ წლიდან, ყველაზე ხშირად ახალი ტოიოტები მიაქვთ,” – გვითხრა ადგილობრივმა დავით ხუციშვილმა, რომელიც საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ცხოვრობს, გზის პირას ხილს ყიდის და ჩავლილ მანქანებს ყოველდღე ამჩნევს.
აზიანებს ეს სქემები საქართველოს?
სხვადასხვა ქვეყნის გავლით რუსეთი ბევრ სანქცირებულ პროდუქციას იმარაგებს. ამაში მას ხშირად ყირგიზეთი ეხმარება. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს მთავრობამ 2023 წლის ზაფხულზე გაავრცელა და ყირგიზეთის სანქციების სიაში შეყვანაც დააანონსა.
მაშინ, როცა ყირგიზეთი დასანქცირების საფრთხის წინაშე დადგა, არის თუ არა შანსი, რომ ამ სიაში საქართველოც მოხვდეს? ან რა რისკებთან არის დაკავშირებული საქართველოში იმ სქემების მუშაობა, რომელთა შესახებაც უკვე გიამბეთ. ამ კითხვით სანქციებზე მომუშავე ამერიკულ და ევროპულ ჯგუფებს მივმართეთ.
აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის საზოგადოებასთან ურთიერობის სამსახურმა ჩვენს ელექტრონულ წერილს უპასუხა. მოგვწერეს, რომ აშშ-ს მთავრობის სხვადასხვა სააგენტო გასულ წლებში ქართველ პარტნიორებთან სწორედ იმისთვის თანამშრომლობდა, რომ სანქცირებული პროდუქციის რუსეთისთვის მიწოდება თავიდან აეცილებინათ. “ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად,” – წერია აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის ოფიციალურ პასუხში.
გასული წლის ივნისში, როდესაც სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი თბილისს სტუმრობდა, ქართველმა ჟურნალისტებმა მას ავტოექსპორტის შესახებ კითხეს. “თუკი საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირიდან ახდენენ ავტომობილების იმპორტს, რუსეთში მათი შემდგომი რეექსპორტის მიზნით, ეს მართლაც სანქციებისთვის თავის არიდება იქნება,” – თქვა მაშინ დევიდ ო’სალივანმა.
ქართველ ეკონომისტებს ვკითხეთ, რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს ამ სქემების გამო და რა ემუქრება საქართველოს ამ პროცესში. ეკონომისტი დავით შატაკიშვილი ახლა ვაშინგტონში, ამერიკულ უნივერსიტეტში ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. საქართველოში ყოფნისას, სანქციების თემას იკვლევდა და “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” ვებსაიტზე სტატიებს აქვეყნებდა.
“ოფიციალურად საქართველო ახდენს რე-ექსპორტს ცენტრალური აზიის ქვეყნებში და იქიდან ჩვენ ვეღან გავაკონტროლებთ, სად მიდის მანქანა და სად არა. არ მგონია, ეს პროცესი აღქმული იყოს, როგორც საქართველოს ჩართულობა სანქციების თავიდან არიდების სქემაში. ევროკავშირმაც ბევრჯერ აღიარა, რომ სანქციების აღსრულების ნაწილში უამრავი ხარვეზი გამოიკვეთა. არაერთმა ექსპერტმა და მათ შორის, ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველო იცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. მაგრამ, თუ გარკვეული გადაცდომები გამოვლინდება და დადასტურდება, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან მძიმე რეპუტაციული ზიანის მომტანი. რაიმე სახის ეკონომიკურ შედეგზე საუბარი მიჭირს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ ვიცით, რა შეიძლება იყოს სასჯელი,” – ასე უპასუხა შატაკიშვილმა ჩვენს კითხვას.
ჩვენი გამოძიება კი აჩვენებს, რომ საქართველოში დაინტერესებული პირები კანონის “ხვრელებს” პოულობენ, შესაბამის სქემებს აგებენ და რუსეთს, ჩვენი გავლით, სანქცირებული ტვირთი მაინც მიეწოდება.
დაგროვილ კითხვებზე პასუხები საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებებისგანაც გვაინტერესებდა.
წერილით მივმართეთ როგორც მთავრობის ადმინისტრაციას, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს, რომელიც ქვეყანაში შემოსულ და გასულ ტვირთს აღრიცხავს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ვკითხეთ:
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის შემოდგომიდან აიკრძალა რუსეთში სანქცირებული მანქანების (50 000 ევროზე მეტის ღირებულების ან 1.9 ლიტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე) ექსპორტი. ექსპორტი ავტომზიდების გამოყენებით რუსეთის მიმართულებით კი შეჩერდა, მაგრამ სანქცირებული მანქანები საქართველოდან მაინც ხვდებიან რუსეთში სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის გავლით. ამ სქემაში საქართველოს მონაწილეობას მიიჩნევთ თუ არა პრობლემად ქვეყნის იმიჯის დაზიანების თვალსაზრისით ან საფრთხედ დასავლელი პარტნიორებისგან მოსალოდნელი ეკონომიკური სანქციების გამო?
- არსებობს თუ არა მთავრობაში ამ სქემების შესახებ ინფორმაცია და მიმდინარეობს თუ არა პრობლემის გადაწყვეტის გზებზე მსჯელობა?
- როგორ აპირებს მთავრობა, შეზღუდოს სანქცირებული მანქანების 1-1 პრინციპით (მანქანები ინდივიდუალურად, მძღოლის დახმარებით გადაჰყავთ საზღვარზე, რუსულ მხარეს ხვდება ახალი პატრონი და საქართველოდან გასული მძღოლი უკან ბრუნდება ფეხით) რუსეთში გაყვანა?
- საქართველოში მუშაობენ სხვადასხვა ეროვნების ავტოდილერები (მათ შორის რუსები), რომლებიც რუსეთში საქართველოდან ყიდიან სანქცირებულ მანქანებს. ისინი ხსნიან ოფისებს, აფართოებენ ბიზნესს და მილიონებს გამოიმუშავებენ. რას აკეთებს მთავრობა ამ პირების შესასწავლად და შესაჩერებლად?
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტს ეს კითხვები გავუგზავნეთ:
- აგროვებთ თუ არა მონაცემებს საზღვრის კვეთისას მანქანების მოდელებისა და მარკების შესახებ?თუ გაქვთ მსგავსი სტატისტიკა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ 2022 და 2023 წლის მონაცემები ლარსის სასაზღვრო პუნქტისთვის.
- აქვს თუ არა ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, საზღვრის კვეთისას საზღვარზე დაასახელოს მანქანის საბოლოო დანიშნულების ადგილი?
- აწარმოებთ თუ არა აღრიცხვას იმ პირებისას, რომლებმაც ლარსის სასაზღვრო პუნქტი დატოვეს მანქანით (ტრანზიტული ნომრით) და რამდენიმე საათში უკან გადმოკვეთეს საზღვარი? რამდენი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 2022 და 2023 წლებში?
- კონკრეტული პირის მიერ ზემოთ აღწერილი სქემით ლარსის სასაზღვრო პუნქტის კვეთა იწვევს თუ არა სასაზღვრო პოლიციის დაინტერესებას? რამდენი ასეთი კვეთა უნდა შეასრულოს ერთმა ადამიანმა კვირაში/თვეში, რომ სასაზღვრო პოლიცია ამ ამბით დაინტერესდეს?
- ადამიანები ძვირადღირებული ავტომობილით (რომლის გაყვანაც რუსეთში აკრძალულია) კვეთენ საზღვარს და უკან ფეხით ბრუნდებიან. ლარსზე ეს ხდება დღეში რამდენჯერმე. ჩვენ ვაკვირდებოდით საზღვარს ივლისში, სექტემბერსა და ოქტომბერში და შევნიშნეთ ათეულობით ასეთი შემთხვევა. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენც ფლობთ ამაზე ინფორმაციას. რა ზომები მიიღეთ საპასუხოდ?
შემოსავლების სამსახურს კი ამ კითხვებით მივმართეთ:
- რატომ არ ითვლება ექსპორტად ლარსის საზღვარზე ტრანზიტული ნომრების მქონე ავტომობილების გაყვანა ინდივიდუალური, 1-1 კვეთით (როცა მძღოლს გაჰყავს საზღვარზე სანქცირებული მანქანა, რუსულ მხარეს მას ხვდება ახალი პატრონი და ქართველი მძღოლი უკან ფეხით ბრუნდება)? ლარსზე დღეში ათეულობით მანქანა გადის ამ სქემით და ეს არ აისახება ექსპორტის სტატისტიკაში.
- ამ გზით საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება. საქართველოში მუშაობენ რუსი ავტოდილერები, რომლებიც თვეში ათეულობით სანქცირებულ მანქანას გზავნიან რუსეთში იმ სქემის გამოყენებით, რომელზეც ზემოთ ვწერდით. რა ზომები შეუძლია შემოსავლების სამსახურს მიიღოს ამ “შავი ხვრელის” ამოსავსებად?
- რა გადასახადებს უნდა იხდიდეს ამგვარი ბიზნესის მქონე პირები საქართველოს ბიუჯეტში? რა სარგებელს/შემოსავალს იღებს ქვეყანა ამ ბიზნესიდან იმის საპირწონედ, რომ რუსეთს ეხმარება სანქციებისგან თავის არიდებაში? დათვლილია ეს მოგება და ზიანი?
- სანქცირებული მანქანების საქართველოდან რუსეთში გასაყვანად სხვა სქემაც მოქმედებს: ავტომობილები ჯერ იგზავნება სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში ან აზერბაიჯანში და შემდეგ იქიდან რუსეთში. ამ შემთხვევაში რა შეუძლია შემოსავლების სამსახურს გააკეთოს სიტუაციის შესაცვლელად, რომ საქართველო ამ სქემის ნაწილი აღარ იყოს?
წერილები 2024 წლის 24 იანვარს გაგვგზავნეთ და ყველა მათგანისგან მივიღეთ დასტური, რომ წერილები ჩაბარდათ. პასუხების მოწერა ამ უწყებებს 1 თებერვლამდე ვთხოვეთ. ამ დრომდე, მხოლოდ შემოსავლების სამსახურმა გვიპასუხა. მთავრობის ადმინისტრაციამ კი 30 იანვარს ჩვენი წერილი სხვადასხვა უწყებაში გადაამისამართა.
მათი წერილიდან ახალი ვერაფერი გავიგეთ. შემოსავლების სამსახურმა ჩვენს არც ერთ კითხვას არ უპასუხა. ზოგადად მოგვწერეს, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან “საბაჟო დეპარტამენტში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სანქციების აღსრულების მკაცრ კონტროლს და პრევენციულ საქმიანობას.”
წერილში ისიც წერია, რომ “მოცემული რეგულაციების გათვალისწინებით, არ ფიქსირდება სანქცირებული ავტომანქანების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთის ფედერაციაში.”
ჩვენი კვლევა და მოპოვებული მტკიცებულებები კი საპირისპიროს ამტკიცებს.
რა არის გამოსავალი?
ჩვენ გვინდოდა, ამომწურავი პასუხი გაგვეცა კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ იმისთვის, რომ ამ სქემების გამოყენება მინიმუმამდე შემცირდეს და ქვეყნის იმიჯი არ დაზიანდეს.
პასუხი მანქანების ინდივიდუალური კვეთების შემთხვევაში შედარებით მარტივად, სარფის საბაჟოს მაგალითზე ვიპოვეთ.
სარფის გავლით თურქეთში გადასვლა ადამიანს მხოლოდ იმ მანქანით შეუძლია, რომელიც, მინიმუმ, 6 თვით ადრე ჰყავს ნაყიდი. სასაზღვრო პოლიციამ გვითხრა, რომ ეს თურქეთის სახელმწიფოს მოთხოვნაა.
თუ ლარსის საბაჟოზე ამ წესს შემოიღებენ, შედარებით ამოივსება ის ხვრელი, რომლითაც ავტოდილერები რუსეთს სანქცირებულ მანქანებს აწვდიან.
საქართველოს მთავრობისთვის ასევე მაგალითად შეიძლება გამოდგეს, ჩვენი მოკავშირე ლიეტუვის გამოცდილებაც. 2023 წლის ივლისში, ლიეტუვური საგამოძიებო მედიის, lrt.lt-ის, ჟურნალისტმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღწერილი იყო ლიეტუვიდან რუსეთში ძვირადღირებული მანქანების გაყვანის სქემა. ავტოდილერები ამ შემთხვევაში დერეფნად ბელარუსს იყენებდნენ – ანუ მანქანები ევროკავშირის ქვეყნებიდან ჯერ ლიეტუვაში ჩაჰყავდათ, შემდეგ მის მეზობელ ბელარუსში გადაჰყავდათ, ბოლოს კი რუსეთში.
დავუკავშირდით სტატიის ავტორს – მინდაუგას აუშრას და ვკითხეთ, მისი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რა გააკეთა ლიეტუვის მთავრობამ.
მან ჩვენს წერილს 40 წუთში უპასუხა და მოგვიყვა, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ლიეტუვის საბაჟომ თავადაც გამოიძია ეს ამბავი და გაარკვია იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელსაც ძვირადღირებული ავტომობილები რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით გაჰყავდათ. მთავრობამ ისიც დაადგინა, რომ 2023 წლის ზაფხულზე ლიეტუვის გავლით 43 მილიონი ევროს ავტომობილები გავიდა რუსეთში. პარალელურად გამოძიება ჩაატარა ლიეტუვის რკინიგზამაც და იპოვა 447 ავტომობილი, რომელიც რკინიგზის გავლით, სავარაუდოდ, რუსეთში მოხვდა.
ამ ყველაფრის საპასუხოდ, ლიეტუვის საბაჟომ 2023 წლის ნოემბერში შემოიღო აკრძალვები:
- ლიეტუვის რკინიგზის შვილობილი კომპანია „LT CARGO” მესამე ქვეყნებში აღარ გადაზიდავს ძვირადღირებულ მანქანებს, რომლებიც წარმოებულია ბოლო ხუთ წელში ან ღირს 50 ათასი ევრო და მეტი.
- შემოიღეს მოთხოვნა, რომ მწარმოებელს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია მანქანის საბოლოო მყიდველზე და ექსპორტიორმა ეს დეტალები ლიეტუვის საბაჟოს უნდა მიაწოდოს.
- ძვირადღირებული ავტომობილის გაყვანისას საჭირო გახდა ახალი დოკუმენტი, რომელიც ავალდებულებს საბოლოო მყიდველს არ გაყიდოს ავტომობილი საერთაშორისო სანქციების დაცვის გარეშე.
- ექსპორტიორები, რომელთა მანქანებიც გადის მესამე ქვეყნებში და შემდეგ რუსეთში ხვდება, გამოძიების დასრულებამდე ვეღარ შეძლებენ თავისი საქონლის ექსპორტს მესამე ქვეყნებში.
მიიღებს თუ არა იგივე ზომებს საქართველოს მთავრობა იმ ავტოდილერების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს, საქართველოს გავლით, სანქცირებული მანქანებით ამარაგებენ, ჩვენთვის ისევ გამოცანაა. ამ გადაწყვეტილების მიღებით კი მთავრობა ამოავსებდა იმ ხვრელებს, რომელიც საქართველოს რუსების “ავტოსამოთხედ” აქცევს.
სტატიაზე მუშაობდნენ: აიდან იუსიფი (მკვლევარი); ნათია მიხელიძე (მკვლევარი); ნინო ბაქრაძე (რედაქტორი); რობი ზარიძე (ვიდეოგრაფი); ნინო გაგუა (დიზაინერი).
მასალაში გამოყენებული წყაროები
განახლება: მასალის გამოქვეყნების შემდეგ განცხადება გააკეთა შემოსავლების სამსახურმაც, მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის პრობლემა, რომელზეც სტატიაში გიყვებოდით. ჩვენი პასუხი, შეგიძლიათ, ქვემოთ მოცემულ ბმულზე იხილოთ: