fbpx
სანქცირებული ნავთობი საქართველოს გავლით ევროპაში

უჩინარი ტვირთი: სანქცირებული ნავთობის გზა რუსეთიდან ევროპისკენ

2023-2024 წლებში საქართველოდან ესპანეთში 99 000 ტონა ქართული წარმოშობის ნავთობი შევიდა, ჯამში, 49 მილიონი ევროს ღირებულების. ამ წინადადებაში ორი საეჭვო გარემოებაა:

1. საქართველო ამ რაოდენობის ნავთობს არ მოიპოვებს;

2. ექსპორტის ეს მონაცემები არ იძებნება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბაზაში, მაგრამ იძებნება ესპანეთისაში.

საეჭვო გარემოებების გამო დავინტერესდით, რით აიხსნება ეს ამბავი – მხოლოდ ბაზებში გაპარულ ტექნიკურ შეცდომასთან გვაქვს საქმე თუ ამ ყველაფერში ჩვენი მეზობელი აგრესორია გარეული, რომელსაც ევროპაში ნავთობის გატანა ეკრძალება და სანქცირებული პროდუქტის გასასაღებლად ალტერნატიული გზები სჭირდება. ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება სწორედ ამ კითხვაზე პასუხია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი, მესამე წელია, გრძელდება. აგრესორის დასასუსტებლად ცივილიზებულმა სამყარომ მას სანქციები დაუწესა. მიზანი ეკონომიკის ჩამოშლა და შედეგად, ოკუპანტის ბრძოლისუნარიანობის შეზღუდვა იყო. 2022 წლის დეკემბრიდან რუსული ნავთობის ევროპის ქვეყნებში გაყიდვა ეტაპობრივად აიკრძალა. 2022 წლის ბოლოდან ნავთობის პირდაპირ რუსეთიდან ევროპაში იმპორტი 24-დან 4 პროცენტამდე შემცირდა.

რიცხვებმა არ მოგატყუოთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ნავთობის გაყიდვას ვეღარ ახერხებს და მთავარ წიაღისეულს ზარალობს. არა, უბრალოდ, სანქციების ქვეშ, არატრადიციულ, ახალ მარშრუტებზე და ახალ ბაზრებზე მოუწიათ გადასვლა. ანუ, გამონახეს სანქცირებული პროდუქტის რეალიზაციის ირიბი გზები. მიმართულება რუსეთი-ევროპა ასე შეიცვალა – რუსეთი-მესამე ქვეყანა-ევროპა. ტვირთი კი უცვლელი დარჩა.

საქართველოს ტერიტორია რომ რუსეთისთვის “შავი ხვრელია” და სანქციებისგან თავის ასარიდებლად წარმატებით იყენებს, ამაზე ადრეც მოგიყევით. გამოვავლინეთ, როგორ ვაწვდით რუსეთს სანქცირებულ ძვირადღირებულ მანქანებსა და ბრძოლის ველისთვის გამოსადეგ ორმაგი დანიშნულების ნივთებს.

ახლა კი გიამბობთ, როგორ შეითავსა საქართველოს ტერიტორიამ არა მხოლოდ რუსეთის მომმარაგებლის, არამედ რეალიზატორის ფუნქციაც. თუ აქამდე გვესმოდა, რომ ევროპიდან რუსეთში სანქცირებული პროდუქტი საქართველოს გავლითაც შედიოდა, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანქცირებული პროდუქტი რუსეთიდან ევროპაშიც საქართველოს გავლით შედის.

ხუთი თვის განმავლობაში შევისწავლეთ ქართული, საერთაშორისო და ევროპის ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკა, შევადარეთ ოთხი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ბაზის ათასობით მონაცემი, შევისწავლეთ ნავთობის იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიები, დავაკვირდით რუსული ტვირთის მოძრაობას საქართველოს ტერიტორიაზე, ვესაუბრეთ სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვებში გარკვეულ სპეციალისტებს და საბოლოოდ გამოვავლინეთ, რომ:

  • უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლიდან დღემდე, საქართველოდან ევროპის ქვეყნებში ნავთობის ექსპორტი 15-ჯერ გაიზარდა;
  • უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი აგრძელებს საქართველოში ნავთობის ნომერ პირველი იმპორტიორობას – როგორც საზღვაო, ისე სარკინიგზო გადაზიდვებით;
  • საქართველოდან ევროპაში ნავთობის იმპორტ-ექსპორტის შესახებ საქსტატის მიერ ოფიციალურად გავრცელებული მონაცემები არ ემთხვევა გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის ოფიციალური ბაზის და სხვა ავტორიტეტული ბაზების მონაცემებს;
  • საქართველოში რუსეთიდან შემოდის ქართული მხარის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებულზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტი;
  • ევროპაში ქართულად “საღდება” იმაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტი, ვიდრე საქართველო მოიპოვებს. 

კვლევის მეთოდოლოგია

ამ გამოძიებაზე მუშაობისას გავაანალიზეთ საგარეო ვაჭრობის მონაცემები იმ ორი ტიპის პროდუქტისთვის, რომელთა შეტანა რუსეთს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აღარ შეუძლია. ესენია:

  • ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები (საერთაშორისო სავაჭრო კოდი 2709);
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები (საერთაშორისო სავაჭრო კოდი 2710).

საქართველოს ნავთობით ვაჭრობის ამბის გამოსაკვლევად ოთხ სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში მოგვიწია მუშაობა. ესენია: volza.com (ეს საერთაშორისო ვაჭრობის პორტალია, სადაც იმპორტ-ექსპორტის მონაცემები ოფიციალური სტრუქტურებიდან და საბაჟო დეკლარაციებიდან გროვდება. ამიტომ, სანდოდ მიიჩნევა), comtradeplus.un.org (ვებგვერდი ეკუთვნის გაეროს და მოცემულია საგარეო ვაჭრობის მონაცემები მსოფლიოს მასშტაბით), importgenius (კერძო მონაცემთა ბაზა, რომელიც ვაჭრობის შესახებ ინფორმაციას მსოფლიოს მასშტაბით აგროვებს) და ex-trade.geostat.ge (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პორტალი, რომელიც მხოლოდ საგარეო ვაჭრობის მონაცემებს გვიჩვენებს).

ამ ბაზების შედარებისას აღმოვაჩინეთ, რომ გარკვეული მონაცემები საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკას არ ემთხვევა. გაეროს ვაჭრობის პორტალზე თუ საქართველოს მივუთითებთ, როგორც მონაცემების წარმდგენ მხარეს, მაშინ ინფორმაცია ემთხვევა საქსტატის რიცხვებს. მაგრამ, თუ ესპანეთს მოვნიშნავთ ინფორმაციის წარმდგენად და მოვძებნით, რამდენი ტონა ან რა ღირებულების ნავთობი შევიდა იმპორტით საქართველოდან ესპანეთში, სისტემა სულ სხვა მონაცემებს აჩვენებს. უცხოური ბაზების (Volza-სა და Comtrade-ს) მონაცემები ერთმანეთის მსგავსია. მაგალითად რამდენიმე ისეთ შემთხვევას გისახელებთ, როცა საქართველოს ოფიციალური სტატისტიკა და საერთაშორისო სისტემების მონაცემები სხვადასხვაა:

  1. საქსტატის ბაზაში ვნახულობთ, რომ საქართველოდან ესპანეთში 2023 წელს ნავთობი ექსპორტზე არ გასულა. საერთაშორისო ბაზებში კი ჩანს, რომ საქართველოდან ესპანეთში მხოლოდ ამ წელს 25 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი შევიდა.
  2. საქსტატის მიხედვით, 2024 წელს საქართველოდან საბერძნეთში გაიგზავნა 4.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი. Volza-ს მიხედვით კი, მხოლოდ 2024 წლის პირველ 7 თვეში 10.4 მილიონი დოლარის ნავთობია გაგზავნილი.
  3. 2022 წლის აპრილ-მაისში საქართველოდან იტალიაში ექსპორტით 6.4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 5 000 ტონაზე მეტი “ქართული წარმომავლობის” ნავთობი გავიდა. ამას Volza-ს საერთაშორისო ვაჭრობის ბაზიდან ვიგებთ. ანალოგიურ რიცხვებს გვიჩვენებს გაეროს საგარეო ვაჭრობის პორტალიც. ამავდროულად, ეს ნავთობი არ არის საავტომობილო. Volza-ს ბაზაში პროდუქტი დახასიათებულია, როგორც Jet Fuel, ანუ რეაქტიული ძრავების მქონე თვითმფრინავებისთვის საჭირო საწვავი. ამ ბაზებისგან სრულიად აცდენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. ქართულ ბაზაში ამ ექსპორტის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ იძებნება. თუ მათ დავუჯერებთ, 2022 წელს იტალიაში საერთოდ არცერთი სახეობის ნავთობი არ გაგვიტანია.

ავტორის შენიშვნა: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სტატისტიკურ ინფორმაციას სხვადასხვა უწყებებიდან აგროვებს. ამ შემთხვევაში ვაჭრობის სტატისტიკა მას შემოსავლების სამსახურმა უნდა მიაწოდოს. თუ საქსტატს უწყებები არ/ან მხოლოდ ნაწილობრივ მიაწვდიან  ინფორმაციას, ის ვერ შეძლებს ბაზებში რეალური სტატისტიკა ასახოს.

  • 2022 წლის ივნისში საქართველოდან ბელგიაში ზღვით შევიდა 16.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 20 000 ტონა ნავთობი. ამ ინფორმაციასაც Volza-სა და Comtrade-ის ბაზაში მივაკვლიეთ. საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალი კი გვეუბნება, რომ საქართველოდან 2022 წელს ბელგიაში ნავთობი საერთოდ არ გასულა. 

მონაცემთა შორის ამგვარი სხვაობა გვხვდება ომის დაწყებამდეც. მაგალითად, 2016 წელს საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ევროკავშირში 4 მილიონამდე ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტი (HS 2710 სავაჭრო კოდის ქვეშ) გავიდა. Comtrade-ს მონაცემით კი, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შესულია 13 მილიონ დოლარზე მეტი ნავთობი იგივე სავაჭრო კოდის ქვეშ.

როგორ აიხსნება, რომ საერთაშორისო ბაზებში მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ჩვენს ოფიციალურ სტატისტიკაში ეს არ ჩანს? 

როგორც უკვე გითხარით, საგარეო ვაჭრობის ქართულ პორტალზე მოცემული მონაცემები საქსტატს შემოსავლების სამსახურიდან აქვს მიღებული. ამ სხვაობებმა რომ დაგვაეჭვა, ორივეს მივმართეთ კითხვით. საქსტატმა გვიპასუხა, მსგავსი აცდენა, შესაძლოა, გამოიწვიოს სამკუთხა ვაჭრობამ საქონლის გადაყიდვით ან გადაყიდვის გარეშე. მაგალითით აგიხსნით, რას ნიშნავს ეს ორი შემთხვევა:

სამკუთხა ვაჭრობა საქონლის გადაყიდვით ხდება მაშინ, როცა, დავუშვათ, რუსულმა კომპანიამ ნავთობი მიჰყიდა ქართულ კომპანიას, ქართულმა კი გადაყიდა იტალიურზე. თუმცა, საქონელი ფიზიკურად საქართველოში არასდროს შემოსულა, პირდაპირ რუსეთიდან ჩავიდა იტალიაში. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ოფიციალურ მონაცემებში არ იქნება ასახული ეს ტვირთი, რადგან ის არასდროს შემოსულა ქვეყნის ტერიტორიაზე.

ახლა რას ნიშნავს სამკუთხა ვაჭრობა გადაყიდვის გარეშე: თუ საქონელი ექსპორტირებულია რუსეთიდან საქართველოში, ხოლო შემდეგ გაიყიდება და გაიგზავნება იტალიაში. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, იტალიამ მიუთითოს, რომ ტვირთი მიიღო რუსეთიდან, რუსეთმა დაარეგისტრიროს ექსპორტი საქართველოში და საქართველომ – ექსპორტი იტალიაში. საბოლოოდ, იქმნება ასიმეტრია ქვეყნების სტატისტიკურ მონაცემებს შორის და ვიღებთ სხვადასხვა ვერსიას.

საქსტატმა სხვა, უფრო დაზუსტებული პასუხი ვერ გაგვცა. შემოსავლების სამსახურმა საერთოდ არ გვიპასუხა ჩვენს კითხვებზე. არადა, სანქციების თემებზე მუშაობისას ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მათი პასუხების და პოზიციის გაგებას და მასალაში ასახვას. შემოსავლების სამსახური ჩვენთან არ თანამშრომლობს და მხოლოდ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, ცილისმწამებლურ პოსტებს გვიძღვნიან.

ამბობენ, რომ ჩვენ მათთან არ ვცადეთ კომუნიკაცია და ეჭვქვეშ აყენებენ ჩვენი გამოძიების მიგნებებს. ამ კითხვების გაგზავნისას, ამჯერად მათ დავუკონკრეტეთ, რომ თუ პასუხს არ გაგვცემდნენ, მათი შემდგომი ბრალდებები მხოლოდ უსაფუძვლო თავის მართლება იქნებოდა.

საგარეო ვაჭრობის დამაბნეველი აცდენების გამომწვევი მიზეზის გასაგებად იმ ადამიანებს ვესაუბრეთ, რომლებმაც ექსპორტ-იმპორტისა და ნავთობით ვაჭრობის საკითხები კარგად იციან. ჩვენი წყაროების დიდი ნაწილი იმ პირობით გვესაუბრა, რომ მათ ვინაობას საჯაროდ არ დავასახელებდით, რადგან დღესაც სამთავრობო უწყებებში მუშაობენ და სამსახურის დაკარგვის შიშით ღიად საუბარს ვერ ახერხებენ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საჯარო მოხელეებს განსხვავებული აზრის დაფიქსირებისთვის სამსახურს ატოვებინებენ.

ამ სტატიაზე მუშაობისას ვესაუბრეთ, ჯამში, 15 ადამიანს: ბათუმის, ფოთის და ყულევის პორტების თანამშრომლებს; საზღვაო სააგენტოს მოქმედ თანამშრომლებს – ეს სააგენტო ზედამხედველობს სამივე პორტს; აჭარის გარემოს დაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს; მეზღვაურებს; ნავთობ-ტერმინალის თანამშრომლებს; სარკინიგზო გადაზიდვების სპეციალისტსა და რკინიგზის გამანაწილებელი სადგურების თანამშრომლებს. მათი ნაამბობი ამყარებს სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც რამდენიმე ბაზის შედარების შედეგია და საერთო სურათს აჩვენებს. 

volza-screen-copy
Volza-ს მონაცემების ასლი

წყაროები გვიხსნიან, რომ შესაძლოა, გემი ტვირთის გაყიდვამდე გავიდეს ზღვაში და შესაბამისად, ეკიპაჟმა ნავთობპროდუქტის საბოლოო დანიშნულების ადგილი არ იცოდეს. შემდეგ გემის კაპიტანს მფლობელი ეუბნება, რომ მან ნავთობი გზაში გაყიდა. ტვირთი, ნეიტრალურ წყლებში, სადაც არცერთი ქვეყნის საბაჟო იურისდიქცია არ ვრცელდება,  სხვა ტანკერზე მილით იტვირთება, ამას Ship-to-Ship Transfer (STS) ეწოდება.

ეს ნავთობის გზაშივე გაყიდვის სრულიად ლეგალური გზაა, რომელსაც ომამდეც მიმართავდნენ. თუმცა, სანქციების შემდეგ რუსული ნავთობის გაყიდვის შავ ხვრელად იქცა. ეს მხოლოდ საქართველოს გამოცდილება არ არის. ასე ხდება, მაგალითად, ეგეოსისა და წითელი ზღვების ნეიტრალურ წყლებშიც.

რუსული ნავთობის გემიდან გემზე გადატვირთვის შესახებ ჯერ კიდევ 2023 წელს წერდა Bloomberg-ი. სტატიის მიხედვით, 2023 წლის მხოლოდ 2 თვეში, სულ მცირე, 23 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი გადაიტვირთა ერთი ტანკერიდან მეორეზე, საბერძნეთის ლაკონიკოსის ყურეში, შემდგომ სანქციების გვერდის ავლით გასაყიდად.

საბერძნეთის ოფიციალური პირების თქმით, ისინი შეზღუდულები არიანი ამას ხელი შეუშალონ, რადგან გადატვირთვა ხდება ქვეყნის ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ.

საერთაშორისო მედია წერს, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია, რადგან მოვაჭრეებმა და გადამზიდმა კომპანიებმა იპოვეს მრავალი გზა რუსული ნავთობის რეალიზაციისთვის. მაგალითად, იყენებენ ჩრდილოეთ აფრიკაში ესპანეთის ანკლავის, სეუტასთან ახლოს მდებარე ტერიტორიასაც.

მეზღვაური, პირობითი სახელით გიორგი, წლებია მეზღვაურია და სხვადასხვა გემზეც უმუშავია. ძირითადად ტანკერებზე, რომლითაც ნავთობი გადააქვთ. მას ყულევში 2024 წლის დეკემბერში შევხვდით. იმ დროს მისი გემი პორტში ნავთობით დასატვირთად ემზადებოდა. მოგვიყვა, რომ ხანდახან არ იცის, პორტიდან საბოლოოდ სად მიაქვთ ნავთობი და ამას გზაში იგებს.

“ახლა ქართულ ნავთობს ჩავტვირთავთ, მერე ზღავში გავალთ რამდენიმე დღე. დავბრუნდებით უკან და დავამატებთ დარჩენილს. სად მიგვაქვს ჯერ არ ვიცით. მერე გასვლისას გავიგებთ. ალბათ, უფრო ბულგარეთში ან თურქეთში”, – გვითხრა გიორგიმ.  

მანვე დაგვიდასტურა, რომ მის გემს ხანდახან ნავთობი რუსეთიდანაც ისე მოაქვს, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი არ იციან. 

ჩვენი კიდევ ერთი წყაროა ალექსი (სახელი შეცვლილია), რომელიც, 20 წელზე მეტია, გემის კაპიტანია. გვიყვება, რომ ხშირად კაპიტანსაც არ აქვს ინფორმაცია, მის ტანკერზე განთავსებული ტვირთი საბოლოოდ სად აღმოჩნდება. 

“მაგალითად, ბათუმის ან ყულევის პორტში დაიტვირთა გემი ნავთობით, რომელიც ჯერ გაყიდული არ არის. ვთქვათ, მიაქვს 100 000 ტონა ნავთობი საბერძნეთის მიმართულებით. სანამ ჩავა საბერძნეთში, მანამდე დამქირავებელი კომპანია ეძებს მყიდველს. გემი მიდის შუა ზღვაში, ამ დროს კაპიტანი იღებს ბრძანებას, რომ გაიყიდა ეგ ნავთობი. საერთოდ არაფერს ეკითხებიან კაპიტანს. მოადგება შავ ზღვაში ცარიელი გემი და გადაიტვირთება, აქ კრიმინალური არაფერია. იმიტომ, რომ ეგ ნეიტრალურ წყლებში ხდება. შესაბამისად, არცერთი ქვეყნის საბაჟო რეგულაციის ქვეშ არ მოხვდება”, – გვიყვება ალექსი.

“ქართული” ნავთობი ევროპაში

საქართველოს ნავთობის მარაგი, საერთაშორისო შეფასებით, 2016 წელს 35 მილიონი ტონა ბარელი იყო. ბოლო წლების მაჩვენებლები არ მოგვეპოვება, თუმცა ეს მონაცემი მნიშვნელოვნად ვერ შეიცვლებოდა. მაქსიმუმ, ის ოდენობა გამოკლებოდა, რასაც ყოველწლიურად კომპანიები მოიპოვებენ – დაახლოებით, 40 000 ტონას. 

მნიშვნელოვნად არც ნავთობპროდუქტების მოხმარების სტატისტიკა იზრდება. საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2021 წელს თუ 1.4 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტები მოვიხმარეთ, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 1.5 მილიონ ტონამდე გაიზარდა, ანუ მხოლოდ 6  პროცენტით. 

თვალშისაცემად რაც იზრდება, ესაა იმპორტი და ექსპორტი. რაც აჩენს ეჭვს, რომ შემოტანილ ნავთობს შემდეგ სხვა ქვეყნებში ვყიდით. საქართველოს საგარეო ვაჭრობის ოფიციალური მონაცემების თანახმად, უკრაინაში ომის დაწყებიდან, 2021 წლის შემდეგ 1 465 პროცენტით გავზარდეთ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მთლიან მსოფლიოში კი – დაახლოებით, 440 პროცენტით.

ნავთობის-ექსპორტი-საქართველოდან-ევროკავშირში
ნავთობის-ექსპორტი-საქართველოდან-მსოფლიოში

გრაფიკაზე მოცემულია საქართველოს ოფიციალური მონაცემები. თუმცა, უნდა გადავხედოთ საერთაშორისო ბაზების მონაცემებსაც, სადაც რიცხვები კიდევ უფრო შთამბეჭდავია. ქვემოთ მოცემულია გრაფიკა, სადაც ასახულია საქართველოდან ექსპორტის მაჩვენებლები მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში.

ნავთობის-ექსპორტის-შედარება

ბოლო წლებში იზრდება მსაქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის სტატისტიკაც.

ნავთობის-იმპორტი-მსოფლიოდან-საქართველოში

იმპორტის საერთო სტატისტიკაში საყურადღებოა ის, რომ ბოლო წლებში შევამცირეთ ნავთობის შემოტანა აზერბაიჯანიდან, სამაგიეროდ, გავზარდეთ იმპორტი რუსეთიდან და ცენტრალური აზიიდან.

რადგან საერთაშორისო და ქართული ბაზების მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა ექსპორტის შემთხვევებში, გადავწყვიტეთ, ისიც შეგვედარებინა, რამდენი ტონა ნავთობი გამოიგზავნა რუსეთიდან საქართველოში და აქედან რამდენი შემოვიდა ჩვენთან. ვფიქრობდით, რომ აცდენა აქაც იქნებოდა, არც შევცმდარვართ.

საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკას შევადარეთ ორი საერთაშორისო ბაზის, Import Genius-სა და Volza-ს მონაცემები.

Import Genius კერძო მონაცემთა ბაზაა, რომელიც ინფორმაციას ოფიციალურად ყიდულობს სხვადასხვა მთავრობებისგან. მათ მონაცემებში ვნახეთ, რომ რუსეთიდან საქართველოში 2022-2024 წლებში გამოგზავნილია 2 096 934 ტონა ნავთობი სამი სავაჭრო კოდით: 2709, 2710 და 2713. Volza-ს მონაცემების მიხედვით კი 5 906 535 ტონა ნავთობი.   

ნავთობის-იმპორტი-რუსეთიდან-საქართველოში

ქვეყანაში ნავთობი შემოგვაქვს საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით. საქართველოს ოფიციალური სტატისტიკაც კი აჩვენებს, რომ ბოლო ორ წელში მკვეთრად არის გაზრდილი ნავთობპროდუქტების იმპორტი, განსაკუთრებით სარკინიგზო ტრანსპორტით. ამას საქართველოს მოქალაქეები საკუთარი თვალითაც შეამჩნევდით. რკინიგზაზე მუდმივად მოძრაობს სხვადასხვა რუსული კომპანიების ვაგონები.

მათ შორისაა “რუსეთის სახელმწიფო რკინიგზის” (ржд) და “რუსკი მირის” (Русский мир) ნავთობის ცისტერნები. ნავთობის გადამზიდ ამ სანქცირებულ კომპანიებსა და საქართველოში ექსპორტიორ-იმპორტიორ კომპანიებზე დეტალურად ამ გამოძიების მეორე ნაწილში მოგიყვებით.

ნავთობის-იმპორტი-საქართველოში

Volza-ს ბაზაში მუშაობისას ვნახეთ, რომ ევროკავშირში საქართველოდან შეტანილი ნავთობის (HS2709 და HS2710 კოდების) წარმოშობის ადგილადაც საქართველოა მითითებული. საუბარია ყოველწლიურად ათეულობით ათას ტონა ნავთობზე.

ქართული-ნავთობი-ევროკავშირში

რადგან საქართველოში ნავთობის მოპოვება ყოველწლიურად 40 000 ტონას ვერ აჭარბებს, ცხადი ხდება, რომ სხვა ქვეყნებში წარმოებული ნავთობი ევროპაში ქართულად საღდება. ტექნიკურად როგორ ხდება ეს?

ექსპორტსა და რეექსპორტზე გასულ ტვირთს თან ახლავს წარმოშობის სერტიფიკატი (Origin Certificate/Certificate of Origin (CO)). ეს დოკუმენტი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • ექსპორტიორის სახელი, რეგისტრაციის კოდი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • იმპორტიორის სახელი, რეგისტრაციის კოდი, მისამართი და, საჭიროების შემთხვევაში, საქონლის საბოლოო დანიშნულების ქვეყანა;
  • საექსპორტო საქონლის ზუსტი აღწერა (მაგ., სახელი,  წონა, მოცულობა, HS Code, რაოდენობა);
  • ტვირთის გამგზავრების ადგილი, ტრანსპორტირების საშუალება (მაგ., საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო) და საბოლოო დანიშნულების პორტი;
  • სერტიფიკატის დამმოწმებელი ორგანოს დეტალები, თარიღი და შტამპი;
  • იმ ქვეყნის დასახელება, სადაც საქონელია მოპოვებული ან წარმოებული, იგივე Country of Origin.

საერთაშორისო ბაზებიც საკუთარი მონაცემების შეგროვებისას წარმოშობის დოკუმენტს იყენებს, როცა Country of Origin-ის, ანუ წარმოშობის ველში საქართველოა მითითებული. ეს ნიშნავს, რომ ნავთობი წარმოებული ან გადამუშავებულია საქართველოში. წარმოშობის ქვეყანა, ოფიციალური განმარტებით, ვერ იქნება ის ქვეყანა, საიდანაც ნავთობი ექსპორტზე ან რეექსპორტზე გაიგზავნა.

ყულევში-მიმავალი-რუსული-ვაგონები
რუსული ნავთობგადამზიდი ვაგონები საქართველოს რკინიგზაზე, ფოტო გადაღებულია 2024 წლის დეკემბერში

მაგალითად, თუ რუსეთში მოპოვებული, ანუ რუსული ნავთობი გაიგზავნა რუმინეთის პორტიდან, რუსეთი იქნება წარმოშობის ქვეყანა, რუმინეთი კი ექსპორტიორი. ამიტომ, კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ გავიტანეთ ამ რაოდენობის “ქართული წარმოშობის” ნავთობი და ნავთობპროდუქტი ექსპორტზე.

რა დროს და რა ვითარებაში შეიძლება აირიოს წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია? ამის ორი შესაძლო გზა არსებობს და ჩვენი წყაროები გვიდასტურებენ, რომ საქართველოში ორივე ხდება:

  1. ნავთობის ფიზიკური არევა: ნავთობის ფიზიკური არევის შემდეგ რთული გასარკვევია, რომელი ნავთობი რომელი ქვეყნისაა. მაგალითად, საქართველოს რომელიმე პორტში თუ შევიდა 25 000 ტონა რუსული ნავთობი და მასში ფიზიკურად აირია 5 000 ტონა საქართველოში მოპოვებული ნავთობი, ამის შემდეგ ეს ტვირთი ევროპაში შეიძლება გავიდეს, როგორც ქართული წარმოშობის. შერევის შემდეგ, რთულია დადგინდეს, ნავთობის რა ნაწილი ეკუთვნის სანქცირებულ ქვეყნებს.

პორტებში, ტერმინალებსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში მომუშავე ოთხმა ადამიანმა (რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ) აგვიხსნა, რომ ნავთობი როდესაც რკინიგზით პორტში მიდის, შეუძლებელია მისი პირდაპირ ტანკერზე გადატვირთვა.

პროცესი ასეთია – რკინიგზის ცისტერნებიდან ნავთობი ჯერ იტვირთება ტერმინალში. იქიდან კი საჭირო დროს მილით გადააქვთ ტანკერებში. ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა კომპანიის მიერ ტერმინალში მიტანილი ერთი და იმავე შემცველობის ნავთობპროდუქტი ერთად ინახება და ერთმანეთში ირევა. საბოლოოდ, სხვადასხვა ქვეყნის ნავთობპროდუქტები ერთმანეთში აირევა და რთულდება პროდუქტის წარმომავლობის გარკვევა.

“ჯერ იტვირთება ნავთობი რეზერვუარებში, შემდეგ ელოდება შესაბამის დროს, ფასთა ცვლილებას ან დამკვეთს. შეიძლება ერთი წელი იყოს რეზერვუარებში. რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან იქნება თუ ყაზახეთიდან მოსული ნავთობი, მათ ერთად დააბინავებენ ამ რეზერვუარებში, შემდეგ მოხდება მისი გემში გადატვირთვა. არ არის ასე, რომ შემოვიდა, მაგალითად, რუსული ან ყაზახური ნავთობი და ისინი ცალ-ცალკე რეზერვუარშია მოთავსებული. ყულევში, რეზერვუარში რომელიც არის 50 000-ტონიანი, შეიძლება ჰქონდეთ 30 000 ტონა ყაზახური ნავთობი, მერე შემოვა რუსული 20 000 ტონა, იმას გაურევენ ყაზახურში და მერე უკვე ექსპორტზე გავა ყაზახურის სახელით. ამას თქვენ ვეღარ მიაგნებთ, ძალიან რთული მისაგნებია”, – გვეუბნება ყოფილი კაპიტანი, რომელმაც ამ მიმართულებით 20 წელზე მეტი იმუშავა.

  1. ნავთობის წარმოშობის დოკუმენტის ცვლილებაეს შეიძლება მოხდეს პორტში, გადამანაწილებელ პუნქტში ან კომპანიაში, რომელმაც ეს ნავთობი შემოიტანა უცხო ქვეყნიდან.

ყველა ტვირთი, რომელიც რკინიგზით აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოდის პირველად შემოწმებას სწორედ გარდაბანში გადის. გარდაბნის რკინიგზის სადგურის თანამშრომელს ვკითხეთ, როგორ შემოდის რუსეთიდან ნავთობი იგივე ინტენსივობით, როგორც ომამდე და როგორ გადის ევროპაში, როცა სანქციებია დაწესებული.

მან ეს ამბავი ასე ახსნა: “ევროპამ რა იცის, რომ ის ტვირთი რუსეთის ტვირთია? აიღებს საქართველო და თავისი [წარმოებით] გაუშვებს… კომპანიაზეა დამოკიდებული. კომპანია აიღებს თვითონ, [შეცვლის, წარმოშობის დოკუმენტს] და გაუშვებს ევროპაში”.

მისი თქმით, შესაძლებელია, რომ ნავთობი ქართულ კომპანიაში მივიტანოთ და იქ წარმოების ქვეყნად საქართველო მივუთითოთ: კი. ან დაწერს, რომ ყაზახეთიდან არის და არა რუსეთიდან. ფირმას რასაც უნდა იმას გააკეთებს. ეს შესაძლებელია. შემდეგ ფოთიდან ან ბათუმიდან გააქვთ ევროპაში გემით.”

ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში  ხშირად ვრცელდებოდა ვიდეო თუ ფოტომასალა რკინიგზასა თუ პორტში მდგომ რუსულ ვაგონებსა თუ გემებზე. მათ შორის, ბოლო 2025 წლის იანვარში იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ტანკერი, სანქცირებული “როსნეფტის” ნავთობით იყო  დატვირთული და ბათუმის პორტში იდგა.

ყულევი-გემები
ნავთობის გადამზიიდი ტანკერები ყულევის პორტში. ფოტო გადაღებულია 2024 წლის დეკემბერში

2022 წლის ივნისში “მთავარ არხთან” რამდენიმე ანონიმური და ღია წყარო ამბობდა, რომ ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული ნავთობით დატვირთული ტანკერი იდგა. ტელევიზიას წყარო უყვებოდა, რომ საქართველოში ნავთობის წარმომავლობის შეცვლას ცდილობდნენ, რათა ევროპაში გაეგზავნათ.

იმავეს ყვება არაერთი საერთაშორისო მედია. მაგალითად, 2023 წელს “ბლუმბერგი” წერდა, რომ ევროკავშირმა ნავთობის იმპორტის შემცირებით, რუსეთი იძულებული გახდა, რომ ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებზე გადართულიყო.

“ინდოეთი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ბაზრებზე, რადგან იგი სულ უფრო მეტ იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობს და მას საწვავად ამუშავებს ევროპისა და აშშ-ისთვის… როდესაც რუსული ნავთობი გადამუშავდება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, მაგალითად, ინდოეთში, გადამუშავებული პროდუქცია არ ითვლება რუსული წარმოშობის პროდუქტად და შეიძლება, რომ ევროკავშირს მიეწოდოს”, – წერდა გამოცემა 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ სტატიაში.

გამოცემა “პოლიტიკო” 2023 წლის ნოემბერში ყვებოდა ბულგარეთში რუსული ნავთობით ვაჭრობაზე. ამ გამოძიების თანახმად, ევროკავშირმა ბულგარეთს უფლება მისცა, რუსეთიდან ნავთობის მარაგი საგამონაკლისო წესით შეევსო. თუმცა, ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსული წარმომავლობის კომპანია “ლუკოილი”, რომელსაც ბულგარეთში ყველაზე დიდი ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა – “Neftohim Burgas” აქვს, რუსულ ნავთობს ამუშავებდა და ევროპაში ექსპორტზე სანქციების გვერდის ავლით გაჰქონდა.

ამით “ლუკოილმა” რუსეთს, დაახლოებით, 1 მილიარდი ევროს შემოსავალი მოუტანა. “პოლიტიკოს” გამოძიებას Comtrade-ის ბაზის მონაცემებიც ადასტურებს. ბულგარეთმა 2022-2023 წლებში, მისთვის არაორგანულად დიდი რაოდენობის ნავთობი გაიტანა მსოფლიოში: 2020-2021 წლებში ბულგარეთს ექსპორტზე გაჰქონდა საშუალოდ 1.1 მილიარდი დოლარის ნავთობი, 2022 წელს 4 მილიარდ დოლარამდე გაიტანა, 2023 წელს კი $2.7 მილიარდი.

მონაცემთა ბაზების დამუშავებისას გამოვკვეთეთ სამი ქვეყანა: ბელგია, იტალია და ესპანეთი, რომლებმაც დიდი რაოდენობის ე.წ ქართული წარმოშობის ნავთობი მიიღეს. ჩვენ ამ ქვეყნების საბაჟო დეპარტამენტებს და მათ ზემდგომ სამინისტროებს მივწერეთ. ვკითხეთ, რა იციან კონკრეტულად ამ ტვირთებზე და ხომ არ გასჩენიათ ეჭვი, რომ რეალურად, ნავთობის წარმოშობის ქვეყანა საქართველო არ იყო. ვკითხეთ ისიც, ხომ არ დაუწყიათ გამოძიება ამგვარ შემთხვევაზე და გაურკვევიათ ტვირთის ნამდვილი წარმომავლობა.

პასუხი მხოლოდ ესპანეთმა მოგვწერა. ესპანეთის საგადასახადო სააგენტოს პრესსამსახურმა გვიპასუხა, რომ მათთან 2023-2024 წლებში ქართული წარმოშობის 99 ათასი ტონა ნავთობი შევიდა, სულ 49 მილიონი ევროს ღირებულების. ეს მონაცემები ემთხვევა ჩვენ მიერ ნაპოვნ ინფორმაციას Volza-სა და Comtrade-ის ბაზებში.

სხვა კითხვების პასუხად კი მოიწერეს, რომ რუსული წარმოშობის პროდუქციის გამოსავლენად სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ. მაგრამ, ხანდახან, როცა ტვირთი ჯერ ევროკავშირის სხვა ქვეყანაში შედის და შემდეგ ესპანეთში, მასზე დამატებით კონტროლს აღარ აწარმოებენ. ეს მიდგომა, შეიძლება, ეხებოდეს საქართველოდან მიღებულ ნავთობსაც.

ბელგიისა და იტალიის სააგენტოებიდან წერილზე პასუხი არ მიგვიღია. პასუხები არც შემოსავლების სამსახურიდან მიგვიღია.

გამოძიების შემდეგ ნაწილში კი მოგიყვებით იმ კომპანიებზე, რომელიც რუსულ ნავთობს საქართველოში ეზიდებიან, შემდეგ კი ევროპაში მიაქვთ, როგორც “ქართული წარმოშობის.”

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

მასალაზე მუშაობდნენ: მკვლევარი ჟურნალისტები: ნათია მიხელიძე, აიდან იუსიფი, ეთო მიდელაშვილი. რედაქტორი: ნინო ბაქრაძე. დიზაინერი: ნინო გაგუა.

საერთაშორისო ბაზებიდან მონაცემები მოპოვებულია OCCRP ID-ის დახმარებით 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რატომ ვერ ივარგა მთავრობის ბრძოლამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ – შეჯამება
baghlinjo

რატომ ვერ ივარგა მთავრობის ბრძოლამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ – შეჯამება

მოკლედ, იმერეთში ფაროსანასგან გამოწვეულ ზიანზე

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share