fbpx
temida 1024x525 1

როგორ გავაუბედურეთ თემიდა? – ნაწილი 2

რის საფუძველზე აწინაურებენ და ნიშნავენ მოსამართლეებს ხელახალი ვადით

“კონსტიტუცია ამბობს, რომ მოსამართლე უნდა იყოს კეთილსინდისიერი და კომპეტენტური. კეთილსინდისიერება ნიშნავს, რომ ის არის თავისუფალი და ემორჩილება საკუთარ სინდისს და კანონს. დღევანდელ სასამართლოში ხდება პირიქით. რასაც ჩვენ კლანს ვეძახით, მოსამართლეებს აჩვევდა მორჩილებას ღირებულებების საწინააღმდეგოდ. მორჩილ მოსამართლეებს აწინაურებდნენ, აძლევდნენ ბონუსებს, უქმნიდნენ საუკეთესო პირობებს. იგივე პოლიტიკას ნერგავდნენ იუსტიციის უმაღლეს  სკოლაში. ასწავლიან დუმილს, რომ კადრმა ხმა არ უნდა გაიღოს სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე,” – ამბობს იურისტი კახა წიქარიშვილი.  

ყოფილი მოსამართლეები გვიდასტურებენ, რომ მოსამართლეების დაწინაურებისას მათ პირად შეხედულებებს, სასამართლოს ხელმძღვანელების მიმართ ლოიალურობას ითვალისწინებენ. კანონში კი სულ სხვა რამ წერია მოსამართლეთა კარიერული წინსვლის კრიტერიუმებზე. 

“კონკურენცია, განაცხადების შეტანა, ფიქციად არის ქცეული. ზედამხედველობის და დაკვირვების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რა შედეგიც დგება… როდესაც გავეცნობით საკონკურსო სიას, პროფესიულ საზოგადოებაშიც ხშირად გამიგია, რომ სხვა უფრო იმსახურებდა ამ პოზიციის დაკავებას. მესმის, რომ შეიძლება, სუბიექტური იყოს, მაგრამ როგორ გამოვრიცხოთ სუბიექტივიზმი, თუ არ იქნება არანაირი გამჭვირვალე პროცედურა,” – ამბობს მაია ბაქრაძე. 

“არ სრულდება ისინი, რაც წერია კანონში. თუ მოსწონხარ სათავეში მყოფ პირებს შენ დაწინაურდები, თორემ კვალიფიკაციას არავინ უყურებს. არის კონკურსები ჩვეულებრივ, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. კონკურსში ბევრმა შეიძლება მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ სრულიად უსაფუძვლოდ აირჩეს,” – ანონიმურად ამბობს საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. 

ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ 60 მოსამართლე დაწინაურდა. ისინი რაიონული ან საქალაქო სასამართლოებიდან სააპელაციოში გადაიყვანეს და პირდაპირ, კონკურსის გარეშე დანიშნეს. ერთადერთი პირობა ისაა, რომ მოსამართლეს რაიონულ ან საქალაქო სასამართლოში, მინიმუმ, 5 წელი უნდა ემუშავა. 

დაწინაურების ახალი კრიტერიუმები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2017 წლიდან უნდა შეემუშავებინა. ჩვენს წერილზე გვიპასუხეს, რომ ეს კრიტერიუმები ჯერ არ აქვთ. იყენებენ მხოლოდ ძველ წესს, რომელსაც 2015 წელს ლევან მურუსიძემ მოაწერა ხელი. 

სასამართლო კლანის მიმართ პირადი განწყობები არის გადამწყვეტი ფაქტორი მოსამართლეების ხელახალი ვადით არჩევისას. 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, მოსამართლეები კონკურსში თავიდან იღებენ მონაწილეობას. ამ დროს, საბჭო მათ გამოცდილებას უნდა ითვალისწინებდეს, შემთხვევით არჩევდეს მათ განხილულ საქმეებს და აფასებდეს გადაწყვეტილებების ხარისხს. რა ხდება სინამდვილეში, ამას გვიყვებიან ყოფილი მოსამართლეები, რომლებსაც კლანისთვის არასდროს უერთგულიათ. მათი აზრით, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რატომაც დაიწუნეს გასაუბრებაზე და ხელახალი ვადით მოსამართლეობის საშუალება არ მისცეს.  

“2012 წლის შემდეგ, ისინი მათრახის პოლიტიკიდან გადავიდნენ სტაფილოს პოლიტიკაზე. გაგივიდა უფლებამოსილება, თუ ჩვენიანი ხარ და ქედს მოიხრი, გადაგნიშნავთ. თუ ჩვენიანი არ ხარ, არ გადაგნიშნავთ და მორჩა,” – ამბობს იურისტი კახა წიქარიშვილი. 

“ვადა რომ გამივიდა, შემდეგ მე აღარ მიმიმართავს. უბრალოდ, ვიცოდი, რომ აღარ დამნიშნავდნენ,”- ამბობს საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელმაც ანონიმურობა გვთხოვა. 

მაია ბაქრაძეს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა 2015 წლის სექტემბერში გაუვიდა. კონკურსზე გავიდა, თუმცა ხელახლა აღარ დანიშნეს. მისი აზრით, “დაწუნების” მიზეზი “მოსამართლეთა ერთობის” საქმიანობა იყო. ასოციაცია მაია ბაქრაძემ დააფუძნა. აქ თავი მოიყარა კლანის მიმართ არაკეთილგანწყობილმა მოსამართლეებმა. მათ დაფარული პრობლემები გარეთ გამოჰქონდათ, არ ერიდებოდნენ სისტემის საჯაროდ გაკრიტიკებას, შეჰქონდათ საკანონმდებლო ინიციატივები და იბრძოდნენ დამოუკიდებელი სასამართლოსთვის. ფაქტია, სასამართლოს მმართველებს ისინი “გულზე ვერ დაეხატებოდათ.” მაია ბაქრაძე იხსენებს, რომ გასაუბრება, თითქოს, ანგარიშსწორებას ჰგავდა, სთხოვდნენ პასუხს, თუ რატომ ჰქონდა პრეტენზიები კლანის მიმართ. 

“ნაზი ჯანეზაშვილი იყო ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი იმ დროს და მისი ფეისბუქის პირადი გვერდიც გაშალე, აი, ამას რომ წერსო, ეთანხმებით თქვენ თუ არაო? მიმითითებდნენ მის პირად სტატუსებზე და არა ორგანიზაციის სტატუსებზე. ამ ფორმატში წარიმართა გასაუბრება. რეალურად, ამის მიღმა იყო, ალბათ, ის, რომ ჩემი აქტივობის გამო არ სურდათ ჩემი იქ დანიშვნა. ამაში ხედავდნენ საფრთხეს.”

განსხვავებული მოპყრობა მაია ბაქრაძემ ევროსასამართლოშიც გაასაჩივრა. როგორც თავად ამბობს, სურს შექმნას პრეცედენტი, რომ სასამართლოს გავლენიან ჯგუფს მოსამართლეებისადმი განსხვავებული მოპყრობა არ შერჩეს და ერთხელ მაინც აგონ პასუხი. 

მაია ბაქრაძის გარდა, ვადის გასვლის შემდეგ არ გადანიშნეს “მოსამართლეთა ერთობის” აღმასრულებელი საბჭოს სხვა წევრებიც: ალექსანდრე იოსელიანი, თეა ხამხაძე, თამაზ ურთმელიძე და დავით ღიბრაძე.

თავიდან “მოსამართლეთა ერთობაში” 44 წევრი იყო. ახლა, მხოლოდ 13 დარჩნენ, თანაც ყოფილი მოსამართლეები. მაია ბაქრაძე ფიქრობს, რომ ასოციაციიდან მოსამართლეების გადინება კლანის მხრიდან ზეწოლამ გამოიწვია. 2017 წელს მიხეილ ჩინჩალაძის უვადოდ დანიშვნა საჯაროდ გააპროტესტეს. მეორე დღეს კი ორგანიზაცია დატოვა ყველა მოქმედმა მოსამართლემ.  ჩვენ კი არ მოგვმართეს, მედიიდან გავიგეთ, რომ ორგანიზაციას ტოვებდნენ. ასეთი ფორმატი შეურჩიეს, რომ აი, ახლა, სასწრაფოდ გაემიჯნეთ, სახალხოდ, საჯაროდ,” – ამბობს მაია ბაქრაძე. 

მოსამართლეობის 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ხელახლა არ დანიშნეს არც ნათია ქუთათელაძე. ისიც გვიყვება, რომ განსხვავებული აზრის ღიად გამოთქმას არ ერიდებოდა და ეს სასამართლოს ხელმძღვანელობას არ მოსწონდა. ამიტომ, წინასწარ გრძნობდა, როგორ დასრულდებოდა გასაუბრება. მაია ქუთათელაძეს კონკურსზე დროულად გასვლის შესაძლებლობაც არ მისცეს. განაცხადი ივნისში შეიტანა, გასაუბრება კი დეკემბერშიც არ ჰქონდა გავლილი. გვიყვება, რომ ორსულობის გამო, არაერთხელ ითხოვა გასაუბრების დროულად ჩატარება, მაგრამ მისი თხოვნა უპასუხოდ დატოვეს. 

“მთელი ამ ხნის განმავლობაში, ხომ გრძნობ დამოკიდებულებას. მაგალითად, არ მიგაღებინებენ მონაწილეობას ისეთი საქმის განხილვაში, რომელზეც თავად უნდა განახორციელონ კონტროლი. სააპელაციო სასამართლოში საქმეს ერთად ვიხილავთ სამი მოსამართლე. განაწილებული გვაქვს გრაფიკი, კვირის დღეები. იმის გამო, რომ წინა დღეებში, სხვა საქმეზე მქონდა განსხვავებული აზრი და დავაფიქსირე, იგივე რომ არ განმეორებულიყო, საერთოდ არ მითხრეს, სხვა დასვეს ჩემს ნაცვლად.”

თუ ვადის გასვლისას მოსამართლეს ბევრი საქმე აწერია, საბჭოს შეუძლია, მათ საქმეების ბოლომდე მიყვანა აცალოს და შემდეგ გაათავისუფლოს. თუმცა, ასე არ მოხდა არც ბაქრაძის და არც ქუთათელაძის შემთხვევაში. როგორც გვითხრეს, ვადის გასვლისას, მათ 100-ზე მეტი საქმე ეწერათ, მაგრამ დამატებითი დრო არ მისცეს. მათი თქმით, ეს მიდგომა შერჩევითია. 

“120 საქმე მეწერა და მათი დასრულება წელიწადნახევრით მაინც უკავშირდებოდა ჩემს იქ დარჩენას. ვფიქრობ, ეს ვადაც ვეღარ მოითმინეს. შემდეგ ძალიან შერჩევითად იყენებენ ამ მიდგომას. ეს სარჩელშიც ნახსენები მაქვს, როგორც განსხვავებული მოპყრობის დამამტკიცებელი გარემოება,” – ამბობს მაია ბაქრაძე. 

პრობლემები, რომელსაც ჩვენ ამ სტატიაში განვიხილავთ, აღიარებული აქვს თავად იუსტიციის საბჭოსაც. საზოგადოებას მათ გადაჭრას წლების წინ დაჰპირდნენ. თუმცა, დღემდე არაფერი მოუმოქმედებიათ სასამართლოს გაჯანსაღებისთვის. როგორც გვჩვევია, ფურცელზე ყველაფერი კარგადაა, რეალობაში კი არც ისე. 

2014 წლის ივნისში საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. ევროპელებს დავპირდით, რომ 2018 წლის ბოლომდე სასამართლოს დამოუკიდებელს გავხდიდით, მოსამართლეებს კი ჭეშმარიტად თავისუფლებს. 7 წლის თავზე დასავლელი პარტნიორები სასამართლო რეფორმას გვიწუნებენ. 

ევროპელებისთვის მიცემული პირობის თანახმად, 2018 წლის ბოლომდე უნდა გადაგვეჭრა სასამართლო სისტემის შემდეგი პრობლემები: 

  • მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის არაეფექტური სისტემა;
  • მოსამართლეთა დაწინაურების ბუნდოვანება;
  • მოსამართლეთა სიმცირე და საქმეებით გადატვირთვა;
  • საქმეების შემთხვევით, ელექტრონულად განაწილების არარსებობა.

ქართული სასამართლოს ეს მანკიერებები ჩამოთვლილია “სასამართლო სისტემის 5-წლიან სტრატეგიაში” და 2017-18 წლის სამოქმედო გეგმაშიც, რომელიც თავად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შექმნა, ასოცირების შეთანხმების შესასრულებლად. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ევროკავშირისთვის თავის მოჩვენება იყო. “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” კვლევით, 2017 წელს დაგეგმილი 92 აქტივობიდან, 2020 წლისთვის მხოლოდ 35 შესრულდა. 

ჩვენი გამოძიების პირველ ნაწილში მოსამართლეთა დანიშვნის მანკიერებებზე გიყვებოდით. შემდეგი ნაწილი კი სასამართლო სისტემის საქმეებით გადატვირთულობას და მოსამართლეთა სიმცირეს შეეხება. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
საფრთხე, რომელსაც მთავრობა არ იმჩნევს
saprtkhe

საფრთხე, რომელსაც მთავრობა არ იმჩნევს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share