fbpx
ხევსურეთი ჰესები

ხევსურეთის ჰესები ნეპოტისტური სქემის მსხვერპლია

ავტორები: მარიამ გამზარდია, გვანცა მაისურაძე და სალომე გაზდელიანი

შატილში უშუქობა, წლებია, პრობლემაა. ზამთრობით, ადგილზე დარჩენილებს თავის გატანა გენერატორებითა და ფარნებით უწევდათ, ზაფხულობით კი უშუქობის გამო ტურისტულ სეზონსაც პრობლემა ექმნებოდა.

ასე იყო 3-მილიონიანი მცირე ჰესის, “ბიტეხი 1”-ის აგების მიუხედავად. ამ ზაფხულს, ანუ გახსნიდან მეოთხე წელს, ჰესი შეუფერხებლად ამუშავდა, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ასე, ვერ ვიტყვით. მცირე ჰესი ალაგ-ალაგ, წარსულშიც კი ირთვებოდა.

მთავრობამ 3 მილიონი ლარი დახარჯა, რომ შატილს შუქი ჰქონოდა. ამ თანხით ერთი მცირე ჰესი ააშენეს. თუმცა, წლებია, შეფერხებით მუშაობდა და თავის ფუნქციას სრულყოფილად ვერ ასრულებდა.

ჰესის მშენებელი საქართველოს ენერგოსისტემისთვის კარგად ნაცნობი სულხან ზუმბურიძის ახალდაფუძნებული კომპანია იყო. შპს “პარვუს ჯგუფმა”, რომლის დირექტორი და წილების 50 პროცენტის მფლობელი ზუმბურიძეა, შატილში, მდინარე არღუნზე, 200 კვტ დადგმული სიმძლავრის ჰესის მშენებლობაზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო.

ჰესი არღუნზე
შატილის ახალი ჰესი მდინარე არღუნზე

ზუმბურიძეს 2010-2018 წლებში სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” დირექტორის და მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. ამ წლებში, ზუმბურიძე ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად საჯარო მოხელედ მიიჩნეოდა.

მაგალითად, 2015-2018 წლის დეკლარაციებში ვკითხულობთ, რომ ზუმბურიძის თვიური შემოსავალი 22-28 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობდა. ეს საქართველოს პრემიერმინისტრის ხელფასსაც კი აღემატება.

საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგაც ზუმბურიძე ბიუჯეტიდან შემოსავალს კომპანიის გავლით იღებს. მხოლოდ ერთი კომპანიის, შპს “პარვუს ჯგუფის” ანგარიშზეა მთავრობისგან მიღებული 6 ხელშეკრულება, რომელთა საერთო ღირებულება 54 მილიონ ლარს აღწევს.

რა გააკეთა “პარვუს ჯგუფმა” შატილში?

ენერგეტიკის განვითარების ფონდმა 2019 წელს განიზრახა, რომ უშუქოდ დარჩენილი შატილის მოსახლეობისთვის ახალი ჰესი აეშენებინა. ფონდის მიერ შექმნილ სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ მცირე ჰესი კარგი საშუალებაა ისეთი რეგიონებისთვის, სადაც ენერგიის მიწოდება გადამცემი ხაზების ნაკლებობის გამო შეუძლებელია.

ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება, ააშენონ 200 კვტ სიმძლავრის ჰესი, რომელიც, მათი სიტყვებით, “ვერ შეაჩერებს რეგიონში არსებული სოფლებიდან ხალხის მიგრაციას, მაგრამ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებაში დიდ როლს შეიტანს მომავალში.”

თურნავა შატილში ჰესის აგებას აანონსებს
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა შატილში ახალი ჰესის აგებას აანონსებს, ფოტო: ეკონომიკის სამინისტროს ფეისბუქი

გადაწყდა, რომ მცირე ჰესს ელექტროსისტემისთვის კარგად ცნობილი სულხან ზუმბურიძის კომპანია ააშენებდა და ამისთვის 3 მილიონი ლარიც გამოიყო. წესით, ამ ჰესს, რომელსაც “ბიტეხი 1” ჰქვია, დაახლოებით,20-30 ოჯახის საჭიროებები უნდა დაეკმაყოფილებინა.

მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, ჰესის მშენებლობა 2020 წელს დასრულდა, თუმცა შემდეგ რამდენჯერმე დაზიანდა და შეკეთება გახდა საჭირო.

ჰესის მშენებლობის დასაწყებად “პარვუს ჯგუფმა” ქვეკონტრაქტორები დაიქირავა. შპს “hydromew pl z.o.o” პოლონური კომპანიაა, რომელსაც პროექტის დეტალური დიზაინის შემუშავება და საჭირო მოწყობილობების დამზადება/მიწოდება დაევალა. მასთან “პარვუს ჯგუფის” შვილობილმა “პარვუს ჰიდრომ” 460 000 – ევროიანი ხელშეკრულება გააფორმა. მეორე ქვეკონტრაქტორი შპს „gevolt”-ია, რომელსაც ტვირთების ტრანსპორტირება, მუშა პერსონალის მობილიზება და სპეცტექნიკის მიწოდება ევალებოდა.

ჩვენ გვინდოდა გაგვერკვია, ჰესის მშენებლობამდე, რა საინჟინრო-გეოლოგიური თუ ჰიდროლოგიური კვლევები ჩატარდა შატილში, კონკრეტულად, მდინარე არღუნზე. ვფიქრობდით, დაგვედგინა, რამდენია ჰესის საპროექტო გამომუშავება ჩართვიდან დღემდე, რამდენჯერ დაზიანდა და რამდენი საათით იყო გამორთული ჰესი 2020 წლიდან მოყოლებული.

ამის გასარკვევად ჯერ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ. დუშეთის მუნიციპალიტეტმა გვიპასუხა, რომ ჰესი მათ ბალანსზე არ იყო და შესაბამისად, კითხვებზე პასუხს ვერ გაგვცემდნენ.

პირველი წერილი ეკონომიკის სამინისტროსთან ჯერ კიდევ 2023 წლის ივნისში გავგზავნეთ, მეორე კი 2024 წლის თებერვალში, პერიოდულად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს ვეკონტაქტებოდით, რომ როგორღაც დოკუმენტები მოეწოდებინათ, თუმცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია.

ტურბინა, რომელიც გაფუჭდა, 637 200 ლარი დაჯდა. ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური და ნატანის კვლევები, რომელთა საფუძველზეც უშუალოდ ჰესის პროექტი უნდა შექმნილიყო – 48 616 ლარი. სათავე ნაგებობის მშნებლობაში კი 181 167 ლარი გადაიხადეს.

კვლევის პროცესში შატილშიც ვიყავით. მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ გავიგეთ, რომ ჰესი ყოველ წელს ზიანდებოდა, ხარვეზები კი მალევე, პირველივე გაზაფხულზე გამოჩნდა. თავიდან “პარვუს ჯგუფი” აღადგენდა დაზიანებებს, რადგან ხელშეკრულების მიხედვით, ჰესს 2-წლიანი საგარანტიო პერიოდი ჰქონდა.

საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგ ვინ ზრუნავს ჰესის გამართულად მუშაობაზე, გაურკვეველია. წესით, ჰესს ან დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია უნდა ზედამხედველობდეს, ან ეკონომიკის სამინისტრო. როგორც ზემოთ ვახსენეთ, დუშეთის მერიამ 2023 წლის ივნისში გვიპასუხა, რომ ჰესი მუნიციპალიტეტის საკუთრება არ არის, ეკონომიკის სამინისტრომ კი ჩვენს კითხვებს, ჰესის ფუნქციონირების შესახებ, არც ერთ ჯერზე უპასუხა.

ჰესი არღუნზე 2
მდინარე არღუნი შატილში

ადგილობრივების დაკვირვებით, ჰესის ყველაზე დიდი პრობლემა თვითონ მდინარე არღუნია, რომელსაც ბევრი ქვიშა-ხრეში მოჰყვება. ეს ქვიშა კი ტურბინაში ხვდება და მის დაზიანებას იწვევს. გაზაფხულის და ზაფხულის განმავლობაში ჰესის გათიშვის საჭიროება დგება, რომ გაიწმინდოს. ამის გამო, მოსახლეობას დღეში რამდენიმე საათი დენი არ მიეწოდებოდა ხოლმე.

როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ბიტეხი 1-ის პროექტირებისას პასუხისმგებელ პირებს უთხრეს, რომ ჰესის აშენება მღვრიე მდინარე არღუნზე არ გაამართლებდა. შატილში მცხოვრებმა შოთა და ელდარ ჭინჭარაულებმა გვითხრეს, რომ ჰესის აშენება პატარა მდინარეზე, შატილისწყალზეც შეიძლებოდა, სადაც უკვე არსებობდა 1970-ან წლებში აშენებული ჰესის ნარჩენები. მიუხედავად ადგილობრივების გაფრთხილებისა, ჰესი მაინც არღუნზე ააგეს.

“ის მდინარე არ იმღვრევა საერთოდ, იქით მხარეს რომაა, პატარა, შატილისწყალი. ეს (მდ. არღუნი) გაზაფხულზე ისეთი დიდი მოდის, ამღვრეული ტალახივით და ქვები მოაქვს. ეს დიდი სხვაობაა ჰესისთვის. იმიტომ, რომ ჭუჭყიანი წყალი შედის და ტალახით გამოივსო ერთხელ და ძლივს გაწმინდეს. მერე ქვები შეაქვს და ამტვრევს იმ ფრთებს, რაზეც წყალი ურტყამს და ამუშავებს…”, – გვიყვებოდა შოთა ჭინჭარაული.

სათავო ნაგებობა
“ბიტეხი 1”-ის სათავო ნაგებობა და ამღვრეული მდინარე არღუნი, 2022 წელი
ფოტო: რადიო თავისუფლება

შატილის კიდევ ერთმა მკვიდრმა ელდარ ჭინჭარაულმა გვიამბო, როგორ გაფუჭდა ჰესის გენერატორი 2022 წლის თებერვალში, როგორ წაიღეს შესაკეთებლად და ივნისამდე არ დააბრუნეს. ამ დროის განმავლობაში მოსახლეობა ერთ, 16 კვტ-ან გენერატორზე იყო დამოკიდებული.

“ახლა აქ ზამთარში როგორია, ხომ იცი, გარეთაც ვერ გამოხვალ, ვერ გაჩერდები, გინდა თუ არ გინდა სახლში უნდა იყო. სახლშიც კიდე, თუ “დვიჟოკი” არ გაქვს, ან სანთელი უნდა გენთოს, ან ფარანი უნდა გეკეთოს თავზე. ხოდა, ა, ეგრე ვცხოვრობდით,” – გვიყვება შატილელი ელდარ ჭინჭარაული.

შატილის ჰესს ყველა სეზონზე სხვადასხვა პრობლემა აქვს. ზამთარში სათავე ნაგებობა იყინება. ყინულის დამტვრევა კი, ჰესის მომუშავე პერსონალთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასაც უწევს. გაზაფხულზე მდინარე დიდდება, წყალდიდობის გამო, კი სათავე ნაგებობაში ტალახი და ქვიშა ილექება, რის გაწმენდასაც ტრაქტორი სჭირდება. მოსახლეობას თუ არ გაუმართლა და ტრაქტორი ადგილზე არ არის, ამაზეც ლოდინი უწევთ.

ტურისტულ სეზონზე კი, როცა მოსახლეობის რაოდენობა იმატებს და ჰესს აბონენტები ემატება, სიმძლავრე იკლებს. ლევანის თქმით, 2023 წლიდან მოყოლებული, დაახლოებით ნახევარი წელი, ელექტროენერგია პრობლემურად მიეწოდებოდათ.

 “გვპირდებოდნენ უფრო მძლავრ ჰესს, მაგრამ მივიღეთ იგივე სიმძლავრე, დაახლოებით, რომელიც უკვე ორ წელში, შეიძლება, აღარ ეყოს მოსახლეობას და მივიღეთ არასტაბილური გამომუშავება,”- გვითხრა ლევან ჭინჭარაულმა.

გაბნეული საქმიანობა

ჰესების მშენებლობა “პარვუს ჯგუფის” ერთადერთი საქმიანობა არაა. შატილში 2020 წელს მათ სკოლა-პანსიონიც ააშენეს.

2019 წელს დუშეთის მერიამ “პარვუს ჯგუფის” ახლად დაფუძნებულ და გამოუცდელ შვილობილს, “პარვუს ქონსალთინგს”, შატილის სკოლისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნა დაავალა. 60 000-ლარიანი ხელშეკრულება კომპანიასთან ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით გაფორმდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ შექმნილ ანგარიშში წერს, რომ მერიამ ვერ წარმოადგინა ბაზრის კვლევის დოკუმენტაცია; ბუნდოვანია, რა კრიტერიუმებით შეირჩა აღნიშნული კომპანია და როგორ განისაზღვრა შესყიდვის ღირებულება.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კონტრაქტის გაფორმების მომენტში, კომპანიას არ გააჩნდა საპროექტო მომსახურების შესრულების გამოცდილება. აქ უმნიშვნელოვანესი გარემოება ისაა, რომ ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის 23 დეკემბერს, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მიმწოდებელმა 1.5 მილიონი ლარის ღირებულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეადგინა ორ დღეში და მუნიციპალიტეტს წარუდგინა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ კვირაში. გამოდის, რომ შპს „პარვუს ქონსალთინგმა“ წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმებამდე მოამზადა შატილის სკოლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია.

აუდიტის ანგარიში ხაზს უსვამს იმასაც, რომ საპროექტო დოკუმენტაცია ხარვეზებით იყო მომზადებული. მაგალითად, ხარჯთაღრიცხვაში გამორჩენილია საძირკვლის მოწყობა, დამიწების კონტურის მონტაჟი, სახურავის ქვედა საფარის მონტაჟი და ა.შ.

ხარვეზიანი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, დუშეთის მერიამ 2020 წელს სკოლის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. კონკურსში ორი კომპანია მონაწილეობდა – მათ შორის, “პარვუს ჯგუფიც”. პირველ კომპანიას, საქართველოში უცხოური საწარმოს, შპს “კაიზენის” ფილიალს დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. არადა, კომპანია პანსიონს 14 487 ლარით ნაკლებად ააშენებდა.

ტენდერში “პარვუს ჯგუფმა” გაიმარჯვა და მასთან ხელშეკრულება 2020 წლის 16 ივლისს გაფორმდა. სამუშაოები იმავე წლის სექტემბრამდე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვის გაუმართაობის და მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, პროცესი გადაიდო და სამუშაოები 14 ოქტომბერს დასრულდა.

შატილის სკოლაში ფოტო Mcm.ge
ხანძარი შატილის სკოლაში, ფოტო: mcm.ge

2021 წელს “პარვუსის” აშენებული სკოლა-პანსიონის სასადილო შენობა დაიწვა. სავარაუდო მიზეზად, გათბობის სისტემის აფეთქებას ასახელებდნენ. როგორც სოფელში გვითხრეს, შატილის სკოლას სასადილო შენობა დღემდე არ აქვს.

“პარვუსის” საქმიანობა ხევსურეთში ამით არ მთავრდება. 2019 წლის ოქტომბერში სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” “პარვუს ჰიდროს”  [“პარვუს ჯგუფის” შვილობილს] გამარტივებული შესყიდვით დაუკვეთა 200 კვტ-ანი მცირე ჰესის აგება ხევსურეთის სოფელ ახიელში.

სამუშაოებზე 2,5 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. 200 კვტ სიმძლავრის ჰესს ელექტროენერგიით სოფლები ჭიმღა, ამღა და ახიელი უნდა მოემარაგებინა.

ჰესის გარდა ამ ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზების მოსაწყობად, ენერგეტიკის განვითარების ფონდმა 3.3 მილიონი ლარი დახარჯა. სამუშაოები შპს “ქსელმშენმა” შეასრულა.

როგორც ადგილობრივისგან გავიგეთ, ახიელში ჰესი მუშაობს და მოსახლეობას დენი მიეწოდება, თუმცა გაწეული ხარჯების მიუხედავად, ჭიმღა კვლავ უშუქოდაა.

ხეობა სოფელ ჭიმღასთან
არხოტის ხეობა, სოფელი ჭიმღა, ფოტო: georgiantravelguide.com

გიგლა ოჩიაურს 25 ივლისს დავუკავშირდით და ვკითხეთ, თუ ჰქონდა ჭიმღაში დენი. მისი თქმით, ორი წლის განმავლობაში დენი მხოლოდ 1 თვე ჰქონდა და ფაქტობრივად, თვეების მანძილზე, ზამთარ-ზაფხულ კვლავ უშუქოდ ცხოვრობს: “როგორც კი დაზამთრდება და “პლეტებს” ჩავრთავთ, ითიშება”, – გიგლა ოჩიაური.

“მთის ამბები” 2023 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ გიგლა ოჩიაურს, რომელსაც წელიწადი და 11 დღე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, დუშეთის მერიაში, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ეკონომიკის სამინისტროში, ენერგეტიკის განვითარების ფონდში და ქონების ეროვნულ სააგენტოში 8 განცხადებისა და ორი საჩივრის შეტანა მოუწია.

რა ხდება შატილში ახლა?

გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, რა ვითარებაა ახლა შატილში, რადგან ჩვენი იქ ჩასვლიდან, დოკუმენტებისა და საჯარო ინფორმაციის მიღების მოლოდინში, რამდენიმე თვე გავიდა. როგორც გავიგეთ, ძველი ჰესი, რომელიც 1970-ან წლებში აშენდა და რომლის შესახებაც ზემოთ მოგიყევით, დუშეთის მერიის დახმარებით აღადგინეს. ახლა, მისი წყალობით, სოფელს ელექტროენერგია მიეწოდება.

ძველი ჰესი შატილისწყალზე 2
შატილის ძველი ჰესი მდინარე შატილისწყალზე

ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ახალი ჰესი “მთის დღეები 2024”-ის ფესტივალისთვის, ივლისის შუა რიცხვებში ჩაირთო, მანამდე კი 1 თვის განმავლობაში გამორთული იყო. მისივე თქმით, ახალი ჰესი ისედაც შელახული იყო, ადიდებული და ამღვრეული მდინარე კი მას სრულად გათიშავდა, ამიტომაც აამუშავეს ძველი, რომ ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობა უშუქოდ არ დარჩენილიყო.

სტატიის გამოქვეყნებამდე, დუშეთის მერიასთან ინტერვიუს ჩაწერა ვცადეთ. ვრეკავდით ინფრასტრუქტურის სამსახურშიც და საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირთანაც, თუმცა, ჩვენს ზარებს არავინ უპასუხა.

FNF

სტატია მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
Next
Ჩვენს გამოძიებას შემოსავლების სამსახური ეხმიანება 
cover-pasuxi-shemosavlebs

Ჩვენს გამოძიებას შემოსავლების სამსახური ეხმიანება 

1 აგვისტოს “აი, ფაქტმა” გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share