“სამი წლის წინ ვცხოვრობდით ჩვენთვის მშვიდად, რაც მოგვყავდა ეზოში, საჭმელად გვყოფნიდა. არაფერი გვენატრებოდა. მაგრამ ახლა ეზო ეზოს აღარ ჰგავს, წყლით არის სავსე. დათესვას აზრი არ აქვს. თუ მიწამ გაუძლო და როგორმე ამოვიდა, ნალექიანი ამინდები მოვა და ეს დაგროვებული წყალი, რომელიც მაგისტრალის გამო გაცილებით გადიდდა, შემოვარდება და ყველაფერს გააფუჭებს.”
დალი ლომაძე, სოფელ ჩოლობარგის მცხოვრები
სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთში ავტობანის მშენებლობა პრემიერ კვირიკაშვილის დროს დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა. ინფრასტრუქტურის ახლანდელი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი პროექტს პრობლემურს უწოდებს.
პრობლემური რომ იქნებოდა, მთავრობას თავიდანვე უნდა სცოდნოდა. ჩინური კომპანია, რომელსაც სამუშაოების შესრულება დააკისრეს, საქვეყნოდ “განთქმულია” თავისი უარყოფითი რეპუტაციით.
ჩინური წარმომავლობის “კორპორაცია სინოჰიდრო” 70-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. უმეტესად განვითარებად ქვეყნებში. ძირითადად, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობითაა დაკავებული, თუმცა საგზაო ინფრასტრუქტურასაც აშენებს.
ყირგიზეთში უხარისხო მშენებლობისთვის “სინოჰიდრო” 2.2 მილიონი დოლარით დააჯარიმეს. სომხეთსა და ბოტსვანაში სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო სკანდალში გაეხვა და ტენდერი შეუწყვიტეს. უგანდაში ჰესის მშენებლობით გამოწვეული ზიანის გამო აფრიკის განვითარების ბანკმა 2017 წელს “სინოჰიდრო” შავ სიაში შეიტანა. კორუფციულ სქემაში მონაწილეობაში ამხილეს ზიმბაბვეს რესპუბლიკასა და მალაიზიაშიც. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მალაიზიის ოფისმა “სინოჰიდროს” “კორუფციის ძეგლი” უწოდა.
მსოფლიო ბანკმა კი “სინოჰიდროს” წინააღმდეგ ყველაზე მაღალი სანქცია გამოიყენა და 2013 წლის დეკემბრიდან ტენდერებში მონაწილეობის უფლება სამი წლით ჩამოართვა. უფრო მეტიც, “სინოჰიდროს”აეკრძალა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში ქვეკონტრაქტორობა, კონსულტანტობა თუ ნებისმიერი სხვა ტიპის მომსახურების გაწევა.
ჩვენმა მთავრობამ კი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგისტრალის მონაკვეთის მშენებლობა ამგვარი წარსულის მქონე კომპანიას 2016 წელს მიანდო. პროექტის ღირებულება 254 მილიონი ლარი იყო. ამ გზის ასაშენებლად ფული ვისესხეთ ევროპის საინვესტიციო ბანკიდან და მომავალში მისი დაბრუნება პროცენტით მოგვიწევს.
სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა “სინოჰიდრომ” 2016 წელს დაიწყო და 2018 წლის შემოდგომაზე უნდა დაესრულებინა. როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანიამ სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა ექვსი თვით ითხოვა. ვერც ამ დროში ჩაეტია და საბოლოოდ, სამინისტრომ ვადა 2020 წლის ბოლომდე მისცა.
ვადაგადაცილების გამო კომპანია მხოლოდ ერთხელ, 2018 წელს დააჯარიმეს. მალევე ეს ჯარიმაც გაუუქმეს. კომპანია და სამუშაოების დამკვეთი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ერთმანეთისთვის “უცხო” ნამდვილად არ არიან და ეს ურთიერთგაგებაც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს.
გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და სატენდერო კომისიის წევრი, ზაზა სიმონია “სინოჰიდროს” რეგიონულ მენეჯერად მას შემდეგ დაინიშნა, რაც კომპანიამ ტენდერი მოიგო.
სამინისტრო ერთი მხრივ კომპანიის საქმიანობას პრობლემურს უწოდებს. მეორე მხრივ კი ქმედით ნაბიჯებს არ დგამს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც “სინოჰიდრომ” ადგილობრივ მოსახლეობას შეუქმნა.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის ამ მონაკვეთს ჯაპანა, ჩოლობარგი, ჭყონაგორა, შუხუთი, ქვიანი და აკეთი ესაზღვრება. ამ სოფლებში გრუნტის წყალი მანამდეც ჭარბად იყო, თუმცა არხები მას ატარებდა. “სინოჰიდრომ” გზის ასაშენებლად მაგისტრალის ტერიტორია, დაახლოებით, სამი მეტრით აამაღლა. ახლა მოსახლეობა გზის ქვემოთ მოექცა და გზაზე დაგროვილი წყალიც დაღმართში მიედინება. საბოლოოდ კი მოსახლეობის ნაკვეთებსა და სახლებში ხვდება.
ამას ემატება ისიც, რომ არხები ბინძურდება ხან სამშენებლო მასალით, ხან ბუნებრივი ნარჩენებით და წყალს ვეღარ ატარებს. ერთ-ერთი ასეთი გაჭედვის დროს, შარშან ადგილობრივებს სახლებიც კი დაეტბორათ. მაშინ მოსახლეობის პროტესტისა და აქციების გამო კომპანიამ ახალი არხები დაამატა. თუმცა, ამით პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ მოგვარდა. კომპანიამ მოსახლეობას ზარალი არ აუნაზღაურა.
ამ ახალმა გზამ ადგილობრივებს კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩინა: როგორ მიაღწიონ იმ სახნავ-სათეს ნაკვეთებთან, რომლებიც მეზობელ სოფელში მდებარეობს. მიწა გზის მეორე მხარესაა. ახლა ხალხი ავტობანს ვერ გადაკვეთს: ავტობანის ქვეშ გაკეთებული მანქანებისა და პირუტყვის გასასვლელებით უნდა ისარგებლონ. საქმე ისაა, რომ ვერ სარგებლობენ. ჯერ ერთი, გასასვლელი სახნავი ტრაქტორის სიმაღლის არაა და ტექნიკა იქ ვერ გაივლის. მეორე, ეს გასასვლელებიც წყლითაა სავსე. ხალხი იქ ვერც ფეხით გადის და დახრჩობის შიშით არც საქონელს უშვებს.
ეს გასასვლელები “სინოჰიდრომ” ერთხელ უკვე შეაკეთა, რადგან დაიბზარა და მიწაში ჩაიწია. მიწაში ჩაწევამ მის თავზე მდგომი გზაც დააზიანა. მაშინ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანიას გასასვლელების თავიდან გაკეთება მოსთხოვა. გააკეთეს, მაგრამ დღეს იგივე მდგომარეობაა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს პრობლემები იმიტომ ხდება, რომ მშენებლობისას პროექტი შეცვალეს და წყლის გასატარებელი ქვის სვეტების (ხიმინჯების) ნაცვლად, უფრო იაფიანი და მარტივი მეთოდი, ვერტიკალური დრენაჟი გამოიყენეს.
კითხვებით “სინოჰიდროს” ადგილობრივ ოფისსაც მივაკითხეთ გურიაში, მაგრამ თავიდან მოგვიშორეს, არავინაა პასუხისმგებელი, ჩინეთშია ყველაო. სამინისტროში კი არაერთხელ განაცხადეს, რომ ყველა პრობლემა გზის გახსნისას მოგვარდება. გზის გახსნის გარანტია არ გვაქვს და პრობლემების გადაჭრის, მითუმეტეს.
შენიშვნა: ტექსტიდან ამოღებულია სიტყვა განუვითარებელი, რომელიც გამოყენებული იყო ქვეყნებთან მიმართებით.