fbpx

როგორ იზამთრებენ სკოლის მასწავლებლები მთიან იმერეთში?

როგორ იზამთრებენ სკოლის მასწავლებლები მთიან იმერეთში

ავტორი: შორენა ლაღაძე

ამ ზამთარს იმერეთის მაღალმთიან სოფლებში სკოლებს განსაკუთრებით გაუჭირდათ. ფეისბუქზე მასწავლებლები წერდნენ უშუქობაზე, ჩაკეტილ გზებზე, გაყინულ საკლასო ოთახებსა და უინტერნეტობაზე. ლეჩხუმში კი ერთი მასწავლებელი ზვავმა მოიყოლა და გარდაიცვალა.

შორიდან მთაში მყოფი მასწავლებლების საქმიანობას ბარში მყოფი ადამიანები კარგი ეპითეტებით კი ვამკობთ, მაგრამ ცოტა თუ აკეთებს ამ ხალხისთვის პირობების გასაუმჯობესებლად რაიმეს. მათ ყოფაზე არც ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრები ზრუნავენ, არც ადგილობრივი მთავრობები და ცენტრალურ მთავრობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. 

„როცა ამ გზაში ჩავკვდები, არც გმირის ძახილი მიშველის, არც იმის, რომ საქვეყნო საქმეს ვაკეთებ. ყინვისგან ვკვდები აქ, მე მგონია, რომ სახელმწიფოს უკეთეს მომავალზე ვზრუნავ და თურმე თქვენ ხარჯის გაწევა არ გინდათ. სირცხვილია, ხალხო. გნიშნავთ იმიტომ, რომ გაიგოთ, რა გაუსაძლისი გახდა უკვე ამ სოფელში მუშაობა, არსებობა და ყველაფერი. არავინ თქვას, რომ ვინმესთვის პრიორიტეტია სოფლის გადარჩენა დაცარიელებისგან,“ – დაწერა სოფელ ძმუისში მცხოვრებმა მასწავლებელმა, ლაურა გოტიაშვილმა 22 თებერვალს ფეისბუქზე. პოსტზე მან ტყიბულის მერია, განათლების რესურს ცენტრი და საქართველოს მთავრობა მონიშნა.

ძმუისის გზა ზამთარში
ძმუისის გზა ზამთარში . ფოტო: netgazeti.ge

2019 წელს ლაურა გოტიაშვილმა თბილისი დატოვა და დეიდასთან გადავიდა საცხოვრებლად. მის ჩასვლამდე სოფელ ძმუისის სკოლას 2 წელი ინგლისურის მასწავლებელი არ ჰყავდა. იქ წასვლაზე, გზის არარსებობის და მკაცრი ზამთრის გამო, ყველა უარს ამბობდა. ახლა სკოლაში 12 მოსწავლე დადის, მხოლოდ ძმუისელები.

ტყიბულის მერიას არც ლაურა გოტიაშვილის პოსტზე დაუწერია კომენტარი და ამ ფაქტთან დაკავშირებით არც საკუთარ გვერდზე გამოუქვეყნებია რაიმე განცხადება. მასწავლებელმა პოსტი 22 თებერვალს 10:32 საათზე გამოაქვეყნა. იმ დღესვე, 20:55-ზე კი დაწერა, რომ ტრაქტორმა გზა გაწმინდა და შუქიც შეაკეთეს. მანამდე კი, სახლამდე რომ მიეღწია, მოსწავლემ გზა ცხენით გაუკვალა.

ლაურა გოტიაშვილი გვიყვება, რომ სოფელში გზას მხოლოდ მაშინ წმენდენ, თუ ვინმე გარდაიცვლება. სოფლამდე მიმავალი გზა მეწყრულიცაა, რამდენიმე ადგილას შეიძლება ჩაიქცეს.  ძმუისში არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის. ზამთარში სოფელში მგელი და დათვიც ჩამოდის ტყიდან. ესეც დამატებითი შიშია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის.

ძმუისელი მოსწავლეები სკოლამდე მათთვის გამოყოფილ ავტომანქანას მოჰყავს. დიდთოვლობისას არც ამის საშუალებაა. ბავშვები სკოლაში ფეხით ან ცხენით მიდიოდნენ.

ძმუისის სკოლის მოსწავლე ცხენით
ძმუისის სკოლის მოსწავლე. ფოტო: netgazeti.ge

“სულ სველები მოვიდნენ სკოლაში, ერთად ვშრებოდით ბავშვები და მასწავლებლები,’’ – იხსენებს მასწავლებელი თოვლიან დღეებს.

სკოლას მოსწავლეებისთვის თანამედროვე განათლებისა და უნარების მისაცემად ტექნოლოგიური აღჭურვა სჭირდება. კომპიუტერებისა და პროექტორების არსებობას ვინ დაეძებს, როცა მაღალმთიან სოფლებში ზამთარში ხალხი უშუქოდ და უინტერნეტოდ რჩება.

“დღეს რა კომპიუტერიც გვაქვს, დილით რომ დავაჭერთ ჩართვის ღილაკს, სკოლის დამთავრებისას უნათდება ეკრანი და პროექტორი მარტო მარჯვენა გვერდს აშუქებს. პარალელურად, განათლების სამინისტრო მთხოვს მოსწავლეებისთვის 21-ე საუკუნის კომპეტენციების განვითარებას და მრავალფეროვან კომპლექსურ დავალებებს, მაშინ როცა მე 15 სექტემბრიდან 15 ივნისამდე მაქვს მხოლოდ ცარცი და დაფა, ყოველ 7 წუთში ღუმელს ვუნთებ და მეტწილად შუქიც არ გვაქვს,” – ამბობს ლაურა გოტიაშვილი.

მასწავლებელი წლებია ყველა გადაწყვეტილების მიმღებს სოფლის გამართულ ელექტრომომარაგებას, გზის დაგებას, ხის დაზიანებული ხიდების გაკეთებას, ინტერნეტს, სკოლის მუშა ტექნოლოგიებით აღჭურვას სთხოვს. თხოვნას პასუხად ყოველთვის უარი მოჰყვებოდა.

“როგორც კი პანდემია დაიწყო, გზებიც ჩაიკეტა და სოფლის დიდთოვლობაც დაემატა. რესურსცენტრს ვთხოვეთ ან გზების გაწმენდა ან სწავლების ჰიბრიდული რეჟიმის შემუშავება. უარი მითხრეს და სამსახურიდან გათავისუფლებითაც დამემუქრნენ, როგორც ჩანს შენ მუშაობა არ გინდაო. მუქარა არაფერს ნიშნავდა და გამეცინა. შემდეგ თავი იმართლეს, სოფელს არ აქვს არც ინტერნეტი, არც შუქი და ამიტომ ჰიბრიდული რეჟიმი ვერ იმუშავებსო,’’ – იხსენებს გოტიაშვილი.

ძმუისის სკოლა
ძმუისის საჯარო სკოლა. ფოტო: ფეისბუქი

ძმუისის სკოლის დირექტორი გოჩა გაბელაშვილია. მას დავურეკეთ და ვკითხეთ სკოლის საჭიროებების შესახებ. გაბელაშვილმა გვითხრა, მერიასთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და იციან ჩვენს პრობლემებზეო.

“გვაქვს ურთიერთობა მერიასთან, გვქონდა [გზის პრობლემაზე] საუბარი. რაღაც პროექტები გაკეთებულია წელს და დაიწყებენ გზაზე ბეტონის გადასხმას მონაკვეთებზე და შეიძლება სრულადაც მოხდეს [გზის დაგება]. რამდენი რამე გვინდა, [ახალი ტექნიკა] როგორ არ გვჭირდება, მაგრამ ყველაფერი ერთად სად არის?’’ – კითხვით დაასრულა ჩვენთან საუბარი სკოლის დირექტორმა.

22 თებერვალს ლეჩხუმში, სოფლების ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მასწავლებელი, გელა ლიპარტელიანი მოიყოლა, რომელსაც გაკვეთილზე ეჩქარებოდა.

დალხენილები მასწავლებლები არც ხარაგაულის სოფელ ზვარეში არიან. რუსუდან ჩაჩანიძე ამ სოფლის სკოლაში მეხუთე წელია ინგლისურ ენასა და სამოქალაქო განათლებას ასწავლის. გვითხრა, ჩვენთან ყველაზე მეტად გათბობის პრობლემააო.

მასწავლებლის თქმით, სკოლამ ცენტრალური გათბობა შეიყვანა, მაგრამ ზამთრის ცივ დღეებს შეშაზე მომუშავე გათბობის საქვაბე ვერ ერევა. სოფელში ბუნებრივი აირი არაა, ალტერნატიული გათბობის წყარო რომ ეძებონ.

“მაქსიმალურად ვეცადეთ [დიდთოვლობის დროს] რომ არ შეგვეწყვიტა [სწავლა], ერთი დღე იყო პრობლემა და ისიც ანაზღაურდება. საკმაოდ მძიმე პირობებია. მშობლებს აქვთ დასაბუთებული პრეტენზია, ბავშვებს აქვთ. მაინც ენთუზიაზმით დადიან ბავშვები სკოლაში, ღონისძიებისთვის ემზადებიან და მაინც მოუხარიათ სკოლაში,” – გვითხრა ჩაჩანიძემ.

ზვარეს საჯარო სკოლაში 60-მდე მოსწავლე ჰყავთ. ბავშვები აქ ზვარეს თემის სხვა სოფლებიდან,  ჩრდილიდან და ნუნისიდანაც დადიან. სოფელში უგზოობაც აწუხებთ და სკოლისთვის ეს დამატებითი დაბრკოლებაა. მასწავლებლებისა და მოსწავლეების ნაწილი ზვარეში ხაშურიდან დადის და სკოლამდე რომ მოაღწიონ, ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევთ.

dzirula map 1

სოფელთან ხაშურს ძირულა-ჩუმათელეთის ის ცნობილი გზა აკავშირებს, მშენებლობა 2020 წელს რომ უნდა დასრულებულიყო და საშველი არ დაადგა.

“გარდა იმისა რომ მაღალმთიანია, ჩვენი მხარე ტრასას არ უკავშირდება, აქ აუცილებელია რომ იყოს ხელმისაწვდომი ტრანსპორტი. ბევრი მასწავლებელი მოდის ხაშურიდან და გზა არ არის. ფაქტიურად, მოწყვეტილია [სოფელი] სამყაროს. ფონა-ჩუმათელეთის გზით ვუკავშირდებით ხაშურს და მაგიტომ ჭირს, მანდ მანქანა ვერ მოძრაობს,”- გვითხრა რუსუდან ჩაჩანიძემ.

ზვარეს სკოლა კი გარემონტებულია, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობა მაინც უჭირთ. სჭირდებათ გამართული კომპიუტერები და პროექტორები. “ამხელა აქცენტი როცა კეთდება განათლების რეფორმაზე, მაგის გარეშე რთულია ცოტა,”- გვეუბნება ჩაჩანიძე.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” განაგრძოს რეგიონის პრობლემების გაშუქება, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი

რა ინფორმაცია აქვთ სკოლის პრობლემების შესახებ ხარაგაულის რესურსცენტრში

გვაინტერესებდა, იცოდნენ თუ არა სკოლის პრობლემების შესახებ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში. ჩვენს მიმართვას მარინე ვეფხვაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა წერილობით უპასუხა.

“რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ყველა თანამშრომელი … სასწავლო წლის დაწყების მოახლოებისას, მერთან, მერის მოადგილეებთან ერთად ცდილობენ გამონახონ ყველა გზა, რათა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მასწავლებელთა დროულად და უპრობლემოდ მისვლას სკოლებში,’’ – წერია წერილში. ფაქტია, რომ ამაზე სათანადოდ ვერ ზრუნავენ და პრობლემა კვლავ გადაუჭრელია.

საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში გვითხრეს, სოფლის გაზიფიცირების საკითხში ჩვენ უძლურები ვართ, მაგრამ მომავალ ზამთარში სკოლის დირექცია ახალ გათბობის ღუმელებს შეიძენს ცენტრალური გათბობისთვისო.

ისიც მოგვწერეს, სკოლამ განათლების სამინისტროს სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შეატყობინა, რომ კომპიუტერული ტექნიკა სჭირდებათ და იმედია, ახლო მომავალში ახალ კომპიუტერებს მიაწოდებენო. როდის იქნება ეს ახლო მომავალი, სამწუხაროდ, ვერ აკონკრეტებენ.

კიდევ ერთი მასწავლებელი, რომელსაც ვესაუბრეთ, ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში ასწავლის. მან ვინაობის ანონიმურად დატოვება გვთხოვა. გვითხრა, სკოლა სარემონტოა, მაგრამ გვაქვს იმედი, სამომავლოდ ხელს შეავლებენო.

ძმუისის სკოლის ამორტიზირებული გზა
ძმუისის სკოლამდე მისასვლელი გზა

არადა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტურქტურის განვითარების სააგენტოს საიტს თუ დავუჯერებთ, სკოლის რემონტისთვის 2013 წელს 66 ათასი ლარი, 2015 წელს კი 106 ათასი ლარი დაიხარჯა.

სულორის სამსართულიან სკოლაში 43 ბავშვი და 23 მასწავლებელი დადის. მათ ამ ზამთარში განსაკუთრებით გაუჭირდათ. თოვლის გამო სოფელს არც შუქი მიეწოდებოდა, არც გაზი, აღარც გზა იყო, არც ინტერნეტი. ბავშვებს სკოლამდე მისვლაც უჭირდათ, მაგრამ სწავლა მაინც არ შეწყვეტილა.

ჩვენ გვინდოდა სტატიაში იმერეთის მაღალმთიანი სოფლების სკოლებში არსებულ პრობლემებზე უფრო ვრცლად გვესაუბრა.

სად არ ვეძებეთ მასწავლებლები, მაგრამ სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდება. მივწერეთ ჭიათურელ, ხარაგაულელ, თერჯოლელ მასწავლებლებს. ზოგსაც ისეთს დავურეკეთ, რომ ვიცოდით მათ სკოლებში არსებული პრობლემების შესახებ. გვითხრეს, ჩვენთან ყველაფერი შესანიშნავადააო.

კითხვები გავუგზავნეთ ტყიბულისა და ვანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს, განათლების სამინისტროს. მათგან პასუხები სამწუხაროდ ამ დრომდე არ მიგვიღია.

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" განაგრძოს რეგიონის პრობლემების გაშუქება, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Next
ჯვრის მონასტერი – წულუკიანის შემდეგი მსხვერპლი
tsuluka

ჯვრის მონასტერი – წულუკიანის შემდეგი მსხვერპლი

მცხეთის ჯვრის მონასტერი შეიძლება შეუქცევადად დაზიანდეს

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share