fbpx
NCDC

NCDC-ის პრივილეგირებულთა ალიანსი ბიუჯეტიდან მილიონებს იღებს

ავტორები: ია ასათიანი და ნონა ქვლივიძე

ბოლო ათწლეულია, “დაავადებათა კონტროლის ცენტრი” ქვეყანაში სიგარეტის მწეველთა რიცხვის შემცირებაზე ზრუნავს. ცვლილებების მონიტორინგისთვის კი ქირაობს სულ ერთსა და იმავე ორგანიზაციას, რომელსაც ასიათასობით ლარს უხდის. თუმცა, არავინ იცის, რამდენად ეფექტიანია ამ ფულის ხარჯვა და რეალურად შემცირდა თუ არა მწეველთა რიცხვი ქვეყანაში. ცენტრის მიერ დაქირავებული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ახლა “დაავადებათა კონტროლის ცენტრის” თანამშრომელია. 

ნანა ფეიქრიშვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტია. ცენტრში ის 2021 წლის სექტემბრიდან მუშაობს. თუმცა, NCDC-სთან ადრეც თანამშრომლობდა. ჩვენ ვიპოვეთ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ 2016 წელს ნანა ფეიქრიშვილი NCDC-ის ტენდერში თარჯიმნად მუშაობდა.

ფეიქრიშვილი ა(ა)იპ “თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეა. ორგანიზაცია 2003 წელს მისმა ქმარმა, გიორგი ბახტურიძემ დააფუძნა. 

2015 წლიდან ბახტურიძემ მართვის სადავეები მეუღლეს, ნანა ფეიქრიშვილსა და მეგობარს, გიორგი მაღრაძეს გადააბარა. თავად მხოლოდ გამგეობის წევრად დარჩა, მაგრამ საჯარო გამოსვლებში მაინც “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელად გვევლინება. 2019 წლის “დაავადებათა კონტროლის ცენტრის” შეხვედრაზე ორგანიზაციის სამოქმედო გეგმას გიორგი ბახტურიძე წარადგენდა.

ბახტურიძე-ფეიქრიშვილის ორგანიზაცია NCDC-სთან სხვადასხვა მიმართულებით 2011 წლიდან თანამშრომლობს. იგებს ტენდერებს, ატარებს ტრენინგებს მოწევაზე თავის დანებების შესახებ, აწყობს კამპანიებს თამბაქოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, მონიტორინგს უწევს თამბაქოს ბიზნესში არსებული რეგულაციების აღსრულებას. ორგანიზაციას მოგებული აქვს NCDC-ის 23 ტენდერი და გაფორმებული აქვს 8 გამარტივებული შესყიდვა. ჯამში, ბიუჯეტიდან 2.7 მილიონი ლარის ხელშეკრულებები მიიღო. 

2017 წელს “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი გამკაცრდა და აიკრძალა მოწევა საჯარო და კერძო სივრცეებში. ცვლილებების ინიციატორი სწორედ ბახტურიძე-ფეიქრიშვილის ალიანსი იყო. მოგვიანებით, “დაავადებათა კონტროლის ცენტრმა” მათვე დაავალა ეკონტროლებინათ, თუ როგორ აღსრულდებოდა კანონი.

კანონის გამკაცრების შემდეგ NCDC-მ ამ ორგანიზაციასთან 2,1 მილიონი ლარის 16 ხელშეკრულება გააფორმა. აქედან კონკურენტი მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჰყავდა. თუმცა, პროცესი ისე წარიმართა, რომ საბოლოო გამარჯვება მაინც ბახტურიძე-ფეიქრიშვილს დარჩა. 

ეს ერთი გამონაკლისი ტენდერი 2021 წელს გამოცხადდა თამბაქოს საკითხებზე მოსახლეობაში საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების მოსაწყობად.ფასი 132,500 ლარი იყო. ტენდერი შპს სივრცემ მოიგო. თუმცა, გამარჯვებულს ხელშეკრულება აღარ გაუფორმეს, რადგან ფეიქრიშვილი-ბახტურიძის ორგანიზაციამ მოწინააღმდეგეს უჩივლა – კადრების კვალიფიკაცია არ შეესაბამება შემსყიდველის მოთხოვნებსო. სატენდერო კომისიამ იმსჯელა და ეს საჩივარი დააკმაყოფილა.

NCDC-ის სატენდერო მოთხოვნებში ეწერა, რომ შემსრულებელ კომპანიაში დასაქმებულ პერსონალს უნდა ჰქონოდა თამბაქოს კონტროლის აღსრულების მონიტორინგის გამოცდილება. შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან მოყოლებული NCDC ყველა მსგავს სამუშაოს ბახტურიძე-ფეიქრიშვილის ა(ა)იპ-ს უკვეთავს. ამიტომ, გაუგებარია, როგორ უნდა მოეხერხებინა სხვა ორგანიზაციას თამბაქოს კონტროლის აღსრულების მონიტორინგის სფეროში გამოცდილების დაგროვება.

საბოლოოდ, ეს ტენდერიც შეწყდა. თუმცა, სამთვენახევარში ხელახლა გამოცხადდა და ბახტურიძე-ფეიქრიშვილის ააიპ-მა მოიგო. შპს “სივრცემ” FCTC-ის კონკურენტობა მეორედაც “გაბედა,” მაგრამ ტენდერში შესვლისთანავე დისკვალიფიკაცია მიენიჭა. 

“აი, ფაქტი” დაუკავშირდა “სივრცეს” დირექტორ თამარ ვაშაკიძეს, რომ გაგვერკვია, კონკრეტულად, რა ტექნიკური ხარვეზი დაუდგინა სატენდერო კომისიამ და რატომ არ გაასაჩივრეს შედეგი. მან ამ მიზეზებზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა. შემდეგ ვკითხეთ, რატომ აღარ შედის მისი ორგანიზაცია ამ ტიპის ტენდერებში. “არაა გამორიცხული, მომავალში ისევ შევიდე და ჩემი ნება-სურვილია, მინდა შევალ, მინდა არ შევალ და ძალიან ცუდ დროს მირეკავთ,” – გვითხრა ვაშაკიძემ. 

ბახტურიძე-ფეიქრიშვილის მეორე კონკურენტ კომპანიას, შპს “არტინფო საქართველოსაც” დავუკავშირდით. დირექტორის ყოფილმა ასისტენტმა, მაგდა სარსევანიძემ გვითხრა, რომ ახლა კომპანია აღარ მუშაობს. “ბოლო წელს გამოცხადებულ თითქმის ყველა ტენდერში შევედით, მაგრამ რამდენიმე ვერ მოვიგეთ. როგორც მახსოვს, მოთხოვნა იყო ასეთი, რომ მანამდე წინა გამოცდილება უნდა ყოფილიყო ამ მიმართულებით მუშაობის, იქნებოდა ეს თამბაქო თუ არ ვიცი სხვა რამ. შეიძლება, მაგ პუნქტში ვერ დააკმაყოფილა ჩვენმა ორგანიზაციამ კრიტერიუმები, ზუსტად პასუხი არ მაქვს,” – გვითხრა სარსევანიძემ. 

NCDC-ის მიერ 2018 წლიდან გამოცხადებულ ტენდერებში, რომელიც თამბაქოს კანონმდებლობას ეხება, მოთხოვნაა, რომ მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს თამბაქოს კონტროლის აღსრულების მონიტორინგის გამოცდილება. შეგახსენებთ, NCDC ყველა მსგავს სამუშაოს ბახტურიძე-ფეიქრიშვილის ა(ა)იპ-ს უკვეთავს, Შესაბამისად გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა სხვა ქართულ კომპანიას ფიზიკურად არ ჰქონია.

“ასეთი ტიპის მუხლები არის მაღალი რისკი. არსებობს მაღალი ეჭვი, როდესაც ასეთი ტერმინოლოგია ჩნდება. Რითი ხსნიან სამწლიანი გამოცდილების აუცილებლობას, ესაა მნიშვნელოვანი. არის თუ არა აუცილებლობა, რომ სამწლიანი გამოცდილება იყოს დაფიქსირებული,”- გვითხრა კორუფციის მკვლევარმა, ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელმა ქეთევან ენუქიძემ.

ორგანიზაციის მიმართ ხელშეწყობაზე მეტყველებს კიდევ ერთი ტენდერი, რომელიც ცენტრმა 2016 წლის მაისში გამოაცხადა. თამბაქოს საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად ცენტრი 41,500 ლარის დახარჯვას აპირებდა. კონკურსში ბახტურიძე-ფეიქრიშვილის ორგანიზაციასთან ერთად ა(ა)იპ “არტინფო საქართველოც” მონაწილეობდა. 

ფეიქრიშვილი-ბახტურიძის ალიანსმა თავიდან ამ საქმისთვის 41,500 ლარი მოითხოვა. მისმა კონკურენტმა კი 1,000 ლარით ნაკლები. ფეიქრიშვილის ორგანიზაციამ ტენდერის მოსაგებად, სამუშაოს ღირებულება საბოლოოდ 33 ათას ლარამდე ჩამოსწია. წესით, ტენდერი სწორედ მას უნდა მოეგო, რადგან ყველაზე ნაკლებ თანხას ითხოვდა. თუმცა, საბოლოოდ, ტენდერი ჩაიშალა, რადგან, აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციამ სამუშაოები არასწორად განაფასა

ზუსტად სამ თვეში NCDC-მ 41,500-ლარიანი შესყიდვა ხელახლა გამოაცხადა. ამჯერად, ბახტურიძე-ფეიქრიშვილის ალიანსი ტენდერში მარტო მონაწილეობდა და გაიმარჯვა. სამუშაოებისთვის კვლავ 41,500 ლარი მოითხოვეს. 

“როდესაც კომპანიები მარტო რჩებიან ტენდერებში სისტემატურად და მერე ისინი ფასს არ აკლებენ, ერთი მხრივ, ზუსტად იციან, რომ ეს ტენდერი მათზეა მორგებული და მეორე – ბაზარზე უკვე ალტერნატიული კომპანიები აღარ არის დარჩენილი ან დარჩენილია ძალიან მცირე რაოდენობით. ანუ კონკურენცია აღარ გაქვს,“ – ამბობს “შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე.

ბახტურიძე- ფეიქრიშვილის ორგანიზაცია იშვიათი გამონაკლისია, რადგან იმ ტენდერების 90% -ზე მეტი მოიგო, რომელშიც მონაწილეობდა.

ნანა ფეიქრიშვილს ვკითხეთ, უქმნიდა თუ არა უხერხულობას ის, რომ მისი ორგანიზაცია მისივე დამსაქმებლის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობდა. გვითხრა, რომ არა, რადგან ეს კანონით აკრძალული არ არის. ისიც მოგვწერა, რომ გამოავლენდა ჩვენი დამკვეთ-დამფინანსებლების ვინაობას.

“მე კანონის წინაშე მართალი ვარ და არანაირი ინტერესთა კონფლიქტი ამ კუთხით არ არსებობს, რადგან მე ცენტრში დროებით დაქირავებული თანამშრომელი ვარ, თან სულ სხვა დეპარტამენტში, ისიც რამდენიმე თვეა. ტენდერები რომელზეც საუბრობთ, წლებია მიმდინარეობს და აქამდე სახელმწიფო დაკვეთის შესრულება თუ დანაშაულო იყო, ნამდვილად არ გვეგონა.”

არც ცენტრსა და არც ნანა ფეიქრიშვილის ორგანიზაციას ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონი არ დაურღვევიათ. პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი მაშინ ჩნდება, როცა შემსყიდველიც და მიმწოდებელიც ერთი ოჯახის წევრები არიან. ეს არ მომხდარა ნანა ფეიქრიშვილისა და დაავადებათა ცენტრის შემთხვევაში. თუმცა, დამსაქმებელი ორგანიზაცია მისივე თანამშრომლის ორგანიზაციას რომ უფორმებს ხელშეკრულებას, ჩნდება ეჭვი, რომ ტენდერში გამარჯვების მიზეზი პირადი კავშირებია.

“თუ ცოლი მუშაობს NCDC-ში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას შეუძლია ჰქონდეს გავლენა პროცესზე. შეიძლება, ვისაც გავლენა აქვს იმის უახლოესი მეგობარი იყოს, ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა. ესეც გავლენად ითვლება. ასეთ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ კულუარულად იყოს რაღაც შეთანხმება,”- ამბობს კორუფციის მკვლევარი ქეთევან ენუქიძე.

“დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან” გვაინტერესებდა, როგორ მოხდა, რომ 10 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ორგანიზაციას ავალებენ თამბაქოს მოხმარების შესახებ კვლევას. გვინდოდა ეპასუხათ, ხედავენ თუ არა ელიტარული კორუფციის რისკებს იმაში, რომ NCDC ქირაობს თავიანთი თანამშრომლის ორგანიზაციას. “დაავადებათა კონტროლის ცენტრმა” პირისპირ ინტერვიუზე უარი გვითხრა. გვირჩიეს, კითხვებზე პასუხი საჯარო ინფორმაციის სახით გამოგვეთხოვა. არც წერილზე უპასუხიათ. 

ბახტურიძე-ფეიქრიშვილის ორგანიზაციასა და ცენტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, მათ ევალებათ შემდეგი სამუშაოების ჩატარება: 

  • თამბაქოს კანონის აღსრულების შეფასება;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვადასხვა დაწესებულების მიერ კანონის შესრულების მონიტორინგი;
  • რეკლამის მონიტორინგი;
  • ტრენინგების და Საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა და წარმოება;
  • თამბაქოთი ვაჭრობის ქსელის მონიტორინგი.

როგორ იკვლევს NCDC, შემცირდა თუ არა მწეველთა რიცხვი? 

2016 წელს ბახტურიძემ გაასაჯაროვა კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც, საჯარო და კერძო დაწესებულებებში მოწევის აკრძალვას მხარს უჭერდა გამოკითხულთა 89-92%. როგორ ჩატარდა კვლევა, რა მეთოდოლოგიით, უცნობია. რადგან კვლევის შესახებ სიღრმისეული მასალა გამოქვეყნებული არაა. ამ კვლევის საფუძველზე მისმა ორგანიზაციამ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც აიკრძალა საჯარო დაწესებულებებში მოწევა და სიგარეტის რეკლამირება. 

კანონის ამოქმედების შემდეგ კი ბახტურიძე ამტკიცებს, რომ მწეველთა რაოდენობა შემცირდა. ამ ინფორმაციას ის ისევ თავისი კვლევებით ადასტურებს. რეალურად კი, არ ვიცით, რა შედეგი გამოიღო 2017 წელს კანონში შეტანილმა ცვლილებებმა. 2016 წლის შემდეგ მწეველთა რიცხვის შესახებ ფართომასშტაბიანი კვლევა არ ჩატარებულა.

2016 წელს NCDC-მ თავად ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ საქართველოში მოქალაქეების 31% მწეველი იყო.

2020 წელს კვლევა ისევ ჩატარდა, მაგრამ სხვა მეთოდოლოგიით. ამ შემთხვევაში სატელეფონო კომუნიკაციის გზით მოქალაქეები ტაქსიში გამოიკითხა. სულ 1,001 ადამიანი. მათ უნდა ეპასუხათ კითხვაზე, ეწევიან ან ეწეოდნენ თუ არა თამბაქოს რომელიმე პროდუქტს. ამ კვლევით დაასკვნეს, რომ მწეველთა რაოდენობა 28.2 %-მდე შემცირდა. 

არადა, ეს კვლევები შინაარსობრივად და მეთოდოლოგიურად განსხვავებულია. 2016 წლის კვლევა სამეტაპიანი იყო და გამოკითხეს 5,500-ზე მეტი რესპონდენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2020 წლის კვლევა კი მხოლოდ ტაქსებში მოწევას სწავლობდა და მასში 1,000 ადამიანი მონაწილეობა. 

მკვლევრებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, ამ მეთოდოლოგიური განსხვავების გამო კვლევების შედარება ვერ გვიჩვენებს, სინამდვილეში როგორ შეიცვალა მწეველთა რაოდენობა. პრობლემაა ისიც, რომ ცენტრს კვლევის სრული ვერსია არ გაუსაჯაროებია. ვიცით მხოლოდ მისი შედეგები

არასანდოობას შესაძლოა იწვევდეს ისიც, რომ ცდომილება მაღალია. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, სანდრო ურუშაძე ამბობს, რომ კვლევის მიხედვით თამბაქოს მოწევა 2.8%-ით შემცირდა, მაგრამ ამ კვლევის ცდომილება 5%-მდეა და შესაძლოა, საქმე არც ისე სახარბიელოდ გვქონდეს, როგორც კანონის ინიციატორებს სურთ წარმოაჩინონ.

პარლამენტში თამბაქოს შესახებ კანონის საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის წევრი, იურიდიული ანალიტიკოსი, ნიკა ნანუაშვილი გვეუბნება, რომ ორგანიზაციები, რომლებიც თამბაქოს მკაცრ პოლიტიკას ემხრობოდნენ, ცდილობენ ტაქსებში მოწევის შემცირება გაასაღონ ისე, თითქოს მწეველთა რიცხვი მთელი ქვეყნის მასშტაბით შემცირდა.

„როცა ტაქსებში ჩატარებული კვლევის მიხედვით გვინდა ქვეყანაში მწეველთა რიცხვი შევაფასოთ… არასწორი კრიტერიუმია. ეს ვერ იქნება საზომი. თვითონ კვლევის ობიექტი და მეთოდოლოგია ეჭვს იწვევს. რამდენი ტაქსისტი ან რამდენი მგზავრი გამოვკითხეთ? სად, თბილისში, ბათუმში? ეს არ ვიცით,” – ამბობს ნანუაშვილი.

NCDC-ს წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარი არც ამ თემაზე ისურვეს. არადა, ისინი ჩვენს ფულს ხარჯავენ და ვალდებული არიან, მედიის კითხვებს საეჭვო გარიგებების შესახებ უპასუხონ და მაქსიმალური გამჭვირვალობა ჰქონდეთ. ბევრი წელია, ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას კეთროვანივით გაურბიან. 

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ გიორგი ბახტურიძე “გამგეობის წევრად დარჩა, მაგრამ საჯარო გამოსვლებში მაინც ცენტრის ხელმძღვანელად გვევლინება.” ცენტრის ნაცვლად უნდა ყოფილიყო “თამბაქოს კონტროლის ალიანსი” და ტექსტი შესწორებულია ამგვარად.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რა ხდება სოფელ ქორეთში?
koreti milebi

რა ხდება სოფელ ქორეთში?

თემში ათასი კომლი ცხოვრობს და უწყლობა ყველას აწუხებს

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share