fbpx

ნახევარმილიონიანი წარმომადგენლობა თერჯოლაში

terjola1 3

იმერეთში სულ 12 მუნიციპალიტეტია. აქედან კი მხოლოდ თერჯოლის სოფლებში ჰყავთ მერის წარმომადგენლებს ორ-ორი ასისტენტი. 

სულ თერჯოლის მუნიციპალიტეტში 18 სოფელი და ქალაქი თერჯოლაა გაერთიანებული. თერჯოლის მერს ჰყავს 19 წარმომადგენელი და ამ წარმომადგენლებს ჰყავთ 39 ასისტენტი. სოფლების გარდა, მერს ქალაქ თერჯოლაშიც ჰყავს წამომადგენელი, რომელსაც, თავისმხირვ, სამი ასისტენტი ჰყავს. 

terjola1 2

მერის წარმომადგენლის ხელფასი 1,100 ლარია, მისი ასისტენტის კი 700 ლარი. წელიწადში ერთხელ, ერთი თვის ხელფასი დამატებით ჯილდოდ ეძლევათ. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათ ხელფასსა და დანამატებზე ყოველწლიურად 626,600 ლარი იხარჯება.  

წარმომადგენლისა და მისი ასისტენტების ხელფასები 2017 წლიდან გაიზარდა. მანამდე მერის წარმომადგენელს 1,000 ლარი ჰქონდა, მის ასისტენტებს კი 500-500 ლარი. 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სულ 31,900 ადამიანი ცხოვრობს, თვითონ ქალაქ თერჯოლაში კი 4,800. 

“აი, ფაქტი” თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილეს, ლაშა გოგიაშვილს ესაუბრა. ჩვენ გვაინტერესებდა, რატომ სჭირდებათ მერის წარმომადგენლებს ამდენი ასისტენტი თერჯოლაში, როცა სხვა მუნიციპალიტეტებში, უფრო მრავალრიცხოვანშიც კი, მერს სოფელში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავს. მაგალითად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 47,900 ადამიანი ცხოვრობს, საჩხერის მუნიციპალიტეტში კი 35,300. არცერთ მათგანში მერის წარმომადგენელს ასისტენტი არ ჰყავს. 

“მაგალითად, სიქთარვას თუ ყავს ორი, თერჯოლა არის სიქთარვაზე, შეიძლება ითქვას, 5-ჯერ დიდი და დანარჩენი შეფასება თქვენთვის მომინდია. მაგალითად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტს და სოფელ სვირის წარმომადგენელს ერთნაირად ყავთ? ზოგ სოფელში წარმომადგენელიც არაა და მის მოვალეობას ასისტენტი ასრულებს. ვერ მივხვდი, რამე იურიდიულად არ მოგწონთ?” – გვიპასუხა ლაშა გოგიაშვილმა. 

ქალაქ თერჯოლაში მერის წარმომადგენელს, გაიოზ მარუაშვილს სამი ასისტენტი ჰყავს. მარუაშვილი გვეუბნება, რომ ბევრი საქმეა და ამდენი ასისტენტის არსებობა ბუნებრივია. 

“სამსახურებრივმა საჭიროებამ მოითხოვა ასე, ქალაქია, დიდია. მოსახლეობასთან კომუნიკაციას ერთი ადამიანი ვერ გაწვდება, ბუნებრივია, ბევრი საქმეა. მხოლოდ წერილები და დოკუმენტაცია რომ მიიღო ამ ახალ ელექტრონულ სისტემაში, დეტალურად რომ გააკეთო ყველაფერი, ამას სჭირდება ორი ადამიანი, მინიმუმ,”- გვიხსნის გაიოზ მარუაშვილი. 

თერჯოლაში მერის წარმომადგენლის ასისტენტს, ავთანდილ თურქაძეს ვკითხეთ, რა ევალება მას. 

“ვთქვათ, განცხადებებზე მუშაობა, რაიმე ღონისძიება რომ იქნება ჩასატარებელი. რასაც დაგვავალებს მერიის წარმომადგენელი იმას გავაკეთებთ. ვთქვათ, ფაროსანას წინააღმდეგ არის შესაწამლი, შეიძლება, იყოს გზის შეკეთება რაღაცა, შეიძლება უბანში მოხდეს ისეთი ამბავი, რომელიც უნდა მივიტანო მერის წარმომადგენლამდე. წელს სამასამდე განცხადება გვაქვს სოციალურ საკითხებზე მხოლოდ,” – გვიყვება ქალაქ თერჯოლის მერის წარმომადგენლის ერთ-ერთი ასისტენტი, ავთანდილ თურქაძე. 

მიუხედავად ამ რაოდენობის ასისტენტების არსებობისა, თერჯოლის სოფლების მოსახლეობის პრობლემები მერის ყურამდე სრულად არ მიდის. ამას ისიც ემატება, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას, ბოლო წლებია, ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გაუხარჯავი რჩება. 

ზედა სიმონეთი თერჯოლის სოფელია. გზისა და  წყლის პრობლემა, თითქმის, მთელს სოფელს აწუხებს. მილები შეკეთდა, მრიცხველებიც დაიდგა, თუმცა სოფელს წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება. ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის გამო, მოსახლეობა წყლის გარეშე რჩება. 

“რამდენი ხანია გადათხრილია იქ მიწა, მაგრამ წყალი არ გვაქვს და კიდევ არ გვაქვს გზა. მე ფიზიკურად წელი მტკივა, დამაავადა რასაც ქვია. იმიტომ რომ შარშანაც ასე იყო, წელსაც. მაისის მერე ზუსტად მახსოვს, 7 დეკემბერს მოვიდა წყალი. მე ამ პრობლემას ნამდვილად ვხედავ და ეს არაა გაზვიადებული. მე არანაირი შეხება არ მაქვს (სოფლის წარმომადგენელთან), არც იმას ჩემთან, მისალმების დონეზე ვართ,” – ამბობს სოფელ ზედა სიმონეთის მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. 

ზედა სიმონეთში მერის წარმომადგენელის ერთ-ერთი ასისტენტი, დავით თორთლაძე გვეუბნება, რომ მისი მოვალეობა მერის წარმომადგენლის დახმარებაა. 

“თუკი რამე კეთდება სოფელში, ინფრატრუქტურა თუ ა.შ. მერის წარმომადგენელთან მაქვს პირდაპირი შეხება. ბევრ ადამიანს მოუმართავს ჩემთვის და მერის წარმომადგენლისთვისაც მიცნობებია, ასეთი შემთხვევა ბევრი ყოფილა. ვაგვარებთ შეძლებისდაგვარად,” – ამბობს ზედა სიმონეთის მერის წარმომადგენლის ასისტენტი.

ზედა ალისუბანში გვეუბნებიან, რომ გზის პრობლემა აქვთ. სამარშრუტო ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ. 

“გზის პრობლემა დიდი ხანია გვაქვს. არავინ ყავს პატრონი, უკვე 20 წელიწადია. ისეთ სოფელში გაკეთდა გზები, გაოცდები და ჩვენთან არაფერი კეთდება. წყალია და მოსახლეობა ვაკეთებთ. სანიაღვრე არაა. წვიმა მოდის და გზაში მოდის წყალი. ჩემს ჩამოსასვლელთან პირდაპირ ვერ აივლი,” – გვეუბნება ალისუბანში მცხოვრები თამუნა პატარიძე. 

მისივე თქმით, სოფლებს პოლიტიკური ნიშნით არჩევენ. “ნაციონალების უბანი ხართო, არ გვიკეთებენ, რა შუაშია ნაციონალი, ოპოზიცია ყოველთვის იყო. გააკეთე და მერე უფრო შეგეძლება მისვლა ადამიანთან. რომ არაფერს აკეთებენ და იგივე სიტუაციაა, მაგას ვამბობთ,” – გვეუბნება პატარიძე. 

სოფიო თოდუა სარბევში ცხოვრობს. მისი თქმით, წყალი ამ სოფელსაც არ მიეწოდება. სოფლის მოსახლეობა ჭით სარგებლობს. წყალი მარილიანია და ტექნიკას აფუჭებს.

“წინა არჩევნებზე ფეხებს რომ ილეწავდნენ სირბილით, ხმები მოგვეცითო, მაშინ წყალი ვითხოვე და არაფერი გააკეთეს. მაგისტრალი მოსულია რამდენიმე მეტრში და აქეთ გაგრძელება გვინდოდა. კიდევ ბოგირი ვითხოვეთ, განცხადებაც დავწერეთ, ბევრი ავარია ხდება. ჯერ არ დაფინანსებულაო, ამის შემდეგ რაზე უნდა ელაპარაკო თერჯოლას. ჩემთან არასდროს არ დაუძახიათ, რომ მოსული ყოფილიყო ან დეპუტატი, ან ვინმე,” – გვიყვება სოფიო თოდუა.  

თუ მერიის ფეისბუქის გვერდს თვალს გადაავლებთ, უხვად ნახავთ კომენტარებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში არსებული პრობლემის შესახებ. როგორც ჩანს, ისინი ასისტენტებისა და წარმომადგენლების გვერდის ავლით ცდილობენ პირდაპირ მთავრობასთან დაკავშირებას. ბიუჯეტის ხარჯზე ადმინისტრაციული რესურსის გაზრდა ჩვენს რეალობაში ახალი არაა. ისიც ცნობილია, როგორ იყენებენ მმართველი პარტიები ამ რესურსს, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მელიქიძის ქსელი “ოცნების” სამსახურში
melikidze

მელიქიძის ქსელი “ოცნების” სამსახურში

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share