ტყიბულის მერია მერის მოადგილის ნათესავებს ხელშეკრულებებს პირდაპირ, ტენდერისა და კონკურსის გარეშე უფორმებს.
გიორგი ლომთაძე მერის პირველი მოადგილეა 2015 წლიდან. მანამდე, ერთი წელი მუნიციპალური ქონების მართვისა და აღრიცხვის განყოფილების უფროსი იყო.
2014 წლიდან მოყოლებული, ლომთაძის დედის ბიძაშვილი, თენგიზ ბუბაშვილი და მისი ოჯახი, ტყიბულის მთავრობისგან ტენდერებს პირდაპირ, უკონკურსოდ იღებს.
თენგიზ ბუბაშვილის მიერ მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებები:
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის, “კომუნალური გაერთიანების” გამარტივებულ შესყიდვებში წლებია მონაწილეობს. აქედან 5 ათას ლარამდე აქვს მიღებული.
- მერიის მიერ კონკურსის წესით ჩატარებული ერთი ტენდერი მოიგო 2016 წელს, საიდანაც 9,700 ლარი მიიღო.
თენგიზ ბუბაშვილს ჰყავს შვილი, კახი, რომელიც ტყიბულის ტენდერებში 2014 წლიდან ჩნდება. მის მიერ მიღებული ტენდერები ასე გამოიყურება:
- ა(ა)იპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის “კომუნალური გაერთიანება” 2014-2019 წლებში მისგან სატვირთო მანქანას და ამწეს ქირაობდა, რისთვისაც, ჯამში, 9,356 ლარის გამრტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმეს.
- 2020 წელს კახი ბუბაშვილი უკვე უშუალოდ ტყიბულის მერიის გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობს. ახლა უკვე უფრო მნიშვნელოვან სამუშაოებს ასრულებს: წყნორის რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სოფელ სოჩხეთში მემორიალის შეკეთება, ბოგირების სამუშაოები, ტყიბულში წერეთლის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის შეკეთება სოფელ კურსებში. 2020 წლის დასაწყისში ბუბაშვილს არ ჰქონდა მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაობის შესრულების გამოცდილება. მიუხედავად ამისა, ტყიბულის მერია პირდაპირ უფორმებდა ხელშეკრულებებს, კონკურსის გარეშე. ამას კი იმით ხსნიდა მერია, რომ სარებილიტაციო სამუშაოები ან გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული ან სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული. კახი ბუბაშვილმა მერიისგან ამ სამუშაოებში, ჯამში, 102 ათასი ლარი აიღო.
თენგიზ ბუბაშვილის ცოლმა, ნანული ლომთაძემ ინდ.მეწარმის სტატუსი 2020 წლის 14 სექტემბერს მოიპოვა. რეგისტრაციიდან 4 დღეში ტყიბულის მერიასთან პირველი 19,391 ლარიანი ხელშეკრულებაც დადო. სოფელ მუხურაში გზა უნდა მოეხრეშა. მერიამ ეს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმედ შეაფასა და ამიტომაც გადაწყვიტა, რომ სამუშაო სწრაფად უნდა ჩატარებულიყო და კონკურსის ვადებს ვერ დაელოდებოდნენ.
ერთი თვის შემდეგ ნანული ლომთაძესთან კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა მერიამ პირდაპირ, კონკურსის გარეშე. მიზეზად ისევ გადაუდებელი აუცილებლობა დასახელდა. ისევ გზის მოხრეშვის სამუშაოებზე, რაც 40,000 ლარამდე დაუჯდა ადგილობრივ ბიუჯეტს.
კახი ბუბაშვილს გიორგი ლომთაძესთან ნათესაური კავშირის შესახებ ვკითხეთ. გვითხრა, გიორგი ლომთაძეს კი ვიცნობ, მაგრამ მის ოჯახს არაო. ისიც გვითხრა, იმ სოფელში არ ჩავსულვარ დიდი ხანია, საიდანაც იწყება ჩვენი ძველი წარსული ნათესაობაო.
“მთელი საქართველო ნათესავები და ახლობლები ვართ. ნათესავი შეიძლება იყოს, მაგრამ როგორც ასეთი, საქმესთან დაკავშირებით ნათესაური კავშირი არ აქვს. რა უნდა იყოს ნათესაური, რაში უნდა მომხმარებოდნენ?”
პირდაპირ, კონკურსგარეშე რომ უფორმებენ ხელშეკრულებებს, კახი ბუბაშვილი ამაშიც ვერ ხედავს პრობლემას. გვეუბნება: “უკვე ერთი საქმე რომ გავაკეთეთ, გამოცდილებაც შემეძინა. არაფრიდან გამოცდილებას ვერასოდეს მიიღებ, არ არის აქ იმხელა გამოცდილება საჭირო, იმხელა თანხაზე არაა დადებული, რომ გამოცდილება სჭირდებოდეს”.
ბუბაშვილს მისი ოჯახის სამეწარმეო საქმიანობაზეც ვკითხეთ, ისინიც ხომ პირდაპირი შესყიდვის გზით ასულებენ სამუშაოებს. გვითხრა, რომ რაღაც საქმიანობა კი ექნებათ, მაგრამ მათ შესრულებულ სამუშაოებზე ინფორმირებული არაა და პასუხსაც ვერ გაგვცემს.
თავად გიორგი ლომთაძე, მერის მოადგილე, ნათესაურ კავშირს უარყოფს.