fbpx
ori ganacheni

ქრთამი, გაქცევა და ორი განაჩენი

ავტორი: გიორგი ჩადუნელი

რედაქტორის განმარტება: “აი, ფაქტი” ამ ამბავს და დოკუმენტებს იმისთვის აქვეყნებს, რომ მკითხველმა გააცნობიეროს ქვეყნებს შორის ექსტრადიციის პროცესი, რომელიც ხშირად არასწორადაა გაგებული.

18 თებერვალს, ზუსტად საღამოს ხუთ საათზე მოსამართლე მირანდა ერემაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მორიგი საქმის განსახილველად შევიდა. მოსარჩელემ, რუსეთის მოქალაქემ, თავის საზოგადოებრივ ადვოკატთან ერთად მისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა. პროცესზე მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი იყო. ყველა ერთად ელოდებოდა თარჯიმანს.

ბრალდებული ალექსეი ლიხაჩოვი საქართველოში ლტოლვილის სტატუსს ითხოვს. მოსარჩელე სამშობლოში მისჯილ 20 მილიონ რუბლიან ჯარიმას, 3 წლით საადვოკატო საქმიანობის აკრძალვას და რაც მთავარია, მკაცრი რეჟიმის ციხეში 7 წლიან პატიმრობას გამოექცა.
სამშობლოში მას ქრთამის მიცემის მცდელობაში ადანაშაულებდნენ.

თუმცა, ციხეს თავი ვერც რუსეთის ფარგლებს გარეთ აარიდა. 63 წლის მამაკაცი საქართველოში თითქმის ორწელიწადნახევრია იმყოფება. აქედან ცხრა თვე რუსეთის მოქალაქემ თბილისში, გლდანის ციხეში გაატარა.

ქართველმა სამართალდამცველებმა იმ მომენტისთვის ინტერპოლის მიერ ძებნილი ლიხაჩოვი ბათუმში, 2018 წლის 4 იანვარს დააკავეს. ადგილობრივმა სასამართლომ მას სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.

პარალელურად ის კიდევ ერთი სასამართლო დავის მონაწილე გახდა. 2018 წლის 4 აპრილს ალექსეი ლიხაჩოვმა გაასაჩივრა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ის გადაწყვეტილება, რომელიც მას ლტოლვილის სტატუსზე უარს ეუბნებოდა. პირველ ინსტანციაში სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და იმავე წლის ნოემბერში მეორეს მიმართა.

ალექსეი ლიხაჩოვის შესახებ “აი, ფაქტმა” მაშინ შეიტყო, როდესაც ის გლდანის ციხეში იმყოფებოდა. რუსეთის მოქალაქის შესახებ ერთ-ერთმა რესპონდნტმა ერთ-ერთ სტატიაზე მუშაობისას გვიამბო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი თანამესაკნეები იყვნენ. „რაღაც პრობლემები აქვს. შესაძლოა თქვენც დაგაინტერესოთ. ციხეში მისწერეთ წერილი,“ – გვირჩია რესპონდნტმა.

ალექსეი ლიხაჩოვს გლდანის ციხეში საქართველოს ფოსტით დავუკავშირდით. მასთან შეხვედრა ვერ მოხერხდა, მაგრამ 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში ლიხაჩოვი ტელეფონით თავად დაგვიკავშირდა. ის გამოუშვეს და მზად იყო შესახვედრად. მასთან პირველი, გაცნობითი ხასიათის საუბრის შემდეგ, ჩავწერეთ ინტერვიუ, მოგვიანებით კი ალექსეი ლიხაჩოვმა მის ხელთ არსებული საქმის მასალები გადმოგვცა.

ქრთამი
2018 წლის 29 იანვარს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს წერილი გაუგზავნა. სააკ კარაპეტიანი თავის ქართველ კოლეგას განაჩენის აღსრულების მიზნით, 1956 წელს დაბადებული ალექსეი ლიხაჩოვის გადმოცემას სთხოვს. რუსეთის გენერალური პროკურატურის სახელით, კარაპეტიანი არწმუნებს გიორგი გოგაძეს, რომ მოთხოვნა არ ისახავს მიზნად პიროვნების პოლიტიკური, რასობრივი, ეროვნული, სარწმუნოების თუ სხვა ნიშნით დევნას.

ორგვერდიან წერილს, თან ასთორმეტ გვერდზე ახლავს ალექსეი ლიხაჩოვის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის აღწერა, სასამართლოს გადაწყვეტილებები, მოწმეთა ჩვენებები და ფარული ჩანაწერების ტრანსკრიპტები.

საქმის მასალების მიხედვით 2015 წლის 13 აგვისტოს სოჭის ცენტრალურ რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე ნ.პ. ვაშენკო ბრალდებული ე.ბ. რუდენკოს ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებულ საქმეს განიხილავდა. პროცესის განმავლობაში ვაშენკომ არაერთხელ გააფრთხილა რუდენკო, რომ მისი დაპატიმრების გადაწყვეტილებას მიიღებდა, რადგან მისი აზრით, ბრალდებული სხდომის განმავლობაში წესრიგს არღვევდა.

ორი დღის შემდეგ, საქმეში ალექსეი ლიხაჩოვი ჩაერთო: „მას ჰყავდა თავისი ადვოკატი, რომელმაც თავისი სურვილით მის დაცვაზე უარი თქვა. მიზეზი არ ვიცი. ამიტომ რუდენკო მივიდა თავის ნაცნობ მოსამართლესთან და სთხოვა ადვოკატი მიპოვეო.“

ლიხაჩოვი 30 წლიანი სტაჟის მქონე ადვოკატია. ისიც და რუდენკოც, რომელიც უძრავი ქონების სექტორში მუშაობდა, იცნობდნენ ერთ-ერთ მოსამართლეს.

ლიხაჩოვის თქმით, „განხილვამდე ცოტა ხნით ადრე მე მომმართა ერთ-ერთმა მოსამართლემ იმისთვის, რომ მივსულიყავი მოსამართლე ვაშენკოსთან, რომელთანაც იყო იმ ქალის სისხლის სამართლის საქმე და დავხმარებოდი მას.“

„რუდენკოს რომ შევხვდი, მითხრა ხვალ პროცესი გვაქვსო. როდესაც მივედი შუამდგომლობა დავაყენე, რომ მოეცათ დრო საქმის მასალებთან გასაცნობათ. უარი მივიღე. პირველივე ნაბიჯიდან წავიდა ის ხარვეზები.“

„რუდენკოს საქმის მასალებს არ გავცნობილვარ. თუმცა, ის იყო დამნაშავე. მე ხომ ვმონაწილებდი პროცესებში და ვუსმენდი მხარეებს, რომლებიც მას ადანაშაულებდნენ რამდენიმე მილიონი რუბლის მოთხოვნაში – მიწის ნაკვეთის ან სახლის გაფორმების სანაცვლოდ. ასეთი მოწმე რამდენიმე იყო…“

2015 წლის 15 აგვისტოს ბრალდებულმა ადვოკატს უამბო, რომ ვაშენკოს სამუშაო ოთახში გამართული შეხვედრის დროს მოსამართლემ პირობითი სასჯელის გამოტანის სანაცვლოდ, მას ქრთამის სახით 10 მილიონი რუბლი მოთხოვა. რუდენკომ სთხოვა ლიხაჩოვს, მოსამართლისთვის აეხსნა, რომ ის არ ეთანხმებოდა ბრალდებას და ვერ შეძლებდა ხსენებული თანხის შეგროვებას.

28 აგვისტოს ლიხაჩოვმა სოჭის ცენტრალური რაიონული სასამართლოს წინ, რუდენკოს აცნობა, რომ მოსამართლე ვაშენკოსთან ხსენებული დაწესებულების მე-20 კაბინეტში გამართული მოლაპარაკების შედეგად, მოხერხდა ქრთამის თანხის ორ მილიონ რუბლამდე შემცირება. სწორედ ასე გახდა ადვოკატი იმ მოვლენების მონაწილე, რომელმაც ის საბოლოოდ გლდანის ციხემდე მიიყვანა.

„სანამ მე ჩავერთვებოდი, რუდენკოს პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა. მოგვიანებით გაირკვა რომ ისინი ერთმანეთს 15 წლის განმავლობაში იცნობდნენ – რუდენკო და ვაშენკო. მეგობრობდნენ ოჯახებით. პირველად თანხას, 20 მილიონ რუბლს ისინი ჩემს გარეშე განიხილავდნენ… მე ამ პროცესში არ ვმონაწილეობდი,“ – იხსენებს ლიხაჩოვი.

ორ სექტემბერს გამართულ სხოდომაზე მოსამართლე რუდენკოს დაპატიმრებით ემუქრებოდა. ბრალდებულის ადვოკატი ისევ შეხვდა ვაშენკოს. მოსამართლემ კვლავ დაადასტურა, რომ ორ მილიონ რუბლად პირობით სასჯელს გამოუტანდა და ლიხაჩოვს თანხის გადაცემისას შუამავლობა შესთავაზა. ადვოკატმა საუბარის შინაარსი გადასცა რუდენკოს. ქალმა თანხის შესაგროვებლად სამი კვირა მოითხოვა. ლიხაჩოვი შებრუნდა სასამართლოს შენობაში. მოსამართლემ თანხის გადაცემის დღედ 24 სექტემბერი დანიშნა.

სასამართლოს სხდომა ორჯერ გადაიდო. ამასობაში, რუდენკო (ბრალდებული) პირადად შეხვდა ვაშენკოს (მოსამართლეს). ლიხაჩოვის (რუდენკოს ადვოკატის) არყოფნაში თანხის გადაცემის ახალი დრო და ადგილი შეთანხმდა. მოსამართლემ მოითხოვა, რომ თანხა ადვოკატმა მიუტანოს.

მაშინ როდესაც მოსამავრთლე ვაშენკო და ბრალდებული რუდენკო ერთმანეთს 15 წლის განმავლობაში იცნობდნენ, რატომ დასჭირდათ ლიხაჩოვის შუამავლობა?

„არ ვიცი. შესაძლოა ფიქრობდა, რომ ასე უფრო უსაფრთხოა,“ – გვიპასუხა ლიხაჩოვმა.

ყველა დეტალის შეთანხმების მიუხედავად, 28 სექტემბერს ბრალდებულმა მოულოდნელად უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის კრასნოდარის მხარის განყოფილებას მიმართა და გეგმის შესახებ უამბო. ლიხაჩოვი ამბობს, რომ დღემდე არ იცის რატომ მოიქცა ასე რუდენკო.

ამის შემდეგ, რუდენკოს, ვაშენკოს და ლიხაჩოვს შორის ყველა საუბარი ისმინებოდა. სწორედ ასე შეიტყვეს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, რომ ქრთამს მოსამართლე ადვოკატის შუამოვლობით 6 ოქტომბერს მიიღებდა.

რუსული პროკურატურის მიერ გაგზავნილ საბუთებში წერია, რომ დათქმულ დღეს რუდენკო ლიხაჩოვს ჩერნომორსკაიას ქუჩაზე მდებარე კაფე „დერევნია“-ს მახლობლად შეხვედრაზე შეუთანხმდა. მას თან ჰქონდა სპეცსამსახურის წარმომადგენლებისგან მიღებული 1.25 მილიონი რუბლი და 750,000 რუბლის ოდენობის დანიშნული კუპიურები.

„რუდენკო ადგილზე „მიტსუბიში აუტლენდერით“ მივიდა და შეხვდა ლიხაჩოვს, რომელიც რუდენკოს ავტომობილში წინა სავარძელში ჩაჯდა. გარკვეული დროის შემდეგ, მანქანიდან გადმოსვლისას ლიხაჩოვი ფსბ-ს (უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის) თანამშრომლებმა დააკავეს. მას ხელში ჰქონდა პოლეითელენის პარკი. კითხვაზე თუ რა იყო პარკში, ლიხაჩოვმა განმარტა, რომ პარკში არის ფულადი სახსრები, რომელიც მას მისცა რუდენკომ მოსამართლე ვაშენკოსთვის გადასაცემად,“ – წერია რუსეთის გენერალური პროკურატურის თანდართულ საბუთებში.

აი, ფაქტთან ინტერვიუში ალექსეი ლიხაჩოვმა თქვა, რომ 6 ოქტომბერს ის საერთოდ არ აპირებდა დანიშნულების ადგილზე მისვლას:

„რატომ მივედი? ის ხომ ჩემი კლიენტია. ქალი. მე ის შემეცოდა. იმ მომენტისთვის უკვე ნაცნობი იყო. მე მას რამდენიმე თვე ვიცავდი. პროცესის გადავადება ხდებოდა მისი თხოვნით, რადგან ვერ ასწრებდა თანხის შეგროვებას.

„როდესაც დამაკავეს… ნუ ნორმალური ადამიანი ალბათ ყოველთვის იბნევა ასეთ სიტუაციაში. მერე იყო რუდენკოს (ბრალდებული) საქციელით გამოწვეული იმედგაცრუება. მე მას უფასოდ ვიცავდი. ჰონორარს არ ვიღებდი, რადგან ჩემმა კარგმა ნაცნობმა მთხოვა. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმეგობრობდით. როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ, მხოლოდ შემიძლია, ვივარაუდო…“

დაკავებულმა ლიხაჩოვმა წერილობითი თანხმობა განაცხადა „ოპერატიულ ექსპერიმენტში“ მონაწილეობაზე. ის გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც მას დანიშნული ფული გადასცეს. ლიხაჩოვმა დაურეკა ვაშენკოს და აცნობა, რომ რუდენკოსგან თანხა მიიღო. ისინი შეთანხმდნენ დროსა და ადგილზე. გზად, ადვოკატმა მოახერხა და მოსამართლეს გაუგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება, რომ ვაშენკოს შეთანხმებული ადგილი დაეტოვებინა. ვინაიდან მისი ტელეფონი ისმინებოდა, შეტყობინება სამართალდამცველებსაც მიუვიდათ. ამით, ოპერატიული მოქმედებები დასრულდა.

გაქცევა და პირველი განაჩენი

ამ ეპიზოდის შესახებ, ალექსეი ლიხაჩოვმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესაც უამბო. რუსეთის მოქალაქემ ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც სამართალდამცველთა გაღიზიანება გამოიწვია და მისი განაჩენის სიმკაცრეზე იქონია გავლენა.

„მათი დიდი გეგმა ჩაიშალა. ადვოკატიც და მოსამართლეც ხომ კანონმდებლობით არიან სპეცობიექტები და იმისთვის რომ მიიღო ნებართვა მათ მოსმენაზე, საჭიროა გარკვეული პროცედურები. სოჭის ფსბ მიმართავს კრასნოდარისას, კრასნოდარი მოსკოვს, მოსკოვი უზენაეს სასამართლოს და მერე განკარგულება იმავე გზით ბრუნდება უკან. ჩემმა გზავნილმა ყველაფერი ჩაშალა.

„ვფიქრობ კიდევ ერთი დანაშაული აღვკვეთე. მე გავაფრთხილე ადამიანი. ეს არის ჩემი პირადი რწმენა – მე არ ჩამიდენია დანაშუალი ამ გაფრთხილებით. მე კიდევ ერთი დანაშაულის ჩადენა აღვკვეთე.”

რუდენკოს სხვა მოსამართლემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „როდესაც უკვე ციხეში იყო, ჩემს სასამართლოზე ვიდეო ზარით ჩერთო და თქვა, რომ ლიხაჩოვს არ უნდა მიეტანა ფული. ასეთი გეგმა არ არსებობდა. მაგრამ ფსბ-ს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ვაშენკომ შესაძლოა ფული არ აიღოს, რადგან ნათქვამი ჰქონდა, რომ ყველაფერი ადვოკატის მეშვეობით უნდა მომხდარიყო. მიმაბეს ამ პროვოკაციაზე.“

საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსამართლე ვაშენკოს მიმართ სისხლის სასამართლის საქმე არ აღძრულა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექცის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მეოთხე პუნქტის შესაბამისად: ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის გარდაცვალება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმის წარმოება საჭიროა გარდაცვლილის რეაბილიტაციის მიზნით. მოსამართლე ვაშენკო 2016 წლის აპრილში 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მას მძიმე ავადმყოფობა აწუხებდა. რუსეთის პრეზიდენტის 2007 წლის 10 მარტის განკარგულებით, ის თანამდებობაზე უვადოდ იყო დანიშნული.

ალექსეი ლიხაჩოვის ინფორმაციით, რუდენკოს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მაშინ, როცა მინიმალური სასჯელი მის შემთხვევაში 6 წელია. მისი თქმით, რუდენკო უკვე გამოუშვეს.

ალექსეი ლიხაჩოვის საქმის განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და 2016 სექტემბრის დასაწყისში დასრულდა. 2017 წლის 9 იანვარს, მას სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 7 წლით მკაცრი რეჟიმის ციხეში პატიმრობა, 20 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა და 3 წლით აუკრძალა საადვოკატო საქმიანობა.

მისმა ადვოკატმა ვიტალი ანისიმოვმა განაჩენი გაასაჩივრა: „დანაშაული თავად რუდენკო ე. ბ.-ს პროვოკაციებმა გამოიწვია. მოსამართლისთვის თახის გადაცემის ინიციირება მოხდა მისი მხრიდან და მან თავისი განზრახვების შესახებ შეატყობინა სამართალდამცველებს, რომელთა მიზანიც მოსამართლის პასუხისგებაში მიცემა იყო“. ასევე ლიხაჩოვის ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებდა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების კანონიერებას.

„არავითარი ცვლილება არ ყოფილა. მეტიც, სააპელაციო ინსტანციას ბევრი არ უწვალია და არც კი მიუქცევია ყურადღება იმ დარღვევებზე, რომლებიც მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში. განაჩენი იყო გადაწერილი სიტყვა-სიტყვით, – ამბობს ლიხაჩოვი.

თუმცა, სანამ მას პირველ ინსტანციაში გამოუტანდნენ განაჩენს, ლიხაჩოვმა დატოვა რუსეთი.

„მოსამართლემ გამოაცხადა სასჯელი. მე მეკუთვნის ბოლო სიტყვა და მაქვს უფლება მისთვის მოვემზადო. სასამართლო სამი დღით გადადეს. მე მივმართე სავაადმყოფოს და ექიმმა სტაციონარში გადაყვანა გამომიწერა. მაგრამ, სახლში წავედი. მივხვდი, რომ დამაპატიმრებდნენ. მივხვდი, რომ ციხეში გამიშვებდნენ. გადავწყვიტე, რომ უნდა წამოსვსულიყავი. ჩავჯექი მანქანაში და ვლადიკავკაზის გავლით ჩამოვედი,“ – იხსენებს ლიხაჩოვი. საქართველოში 2016 წლის 10 სექტემბერს ჩამოვიდა.

ალექსეი ლიხაჩოვი რუსეთში ძებნილად გამოაცხადეს. 2017 წლის 16 თებერვალს მის მიმართ ძებნა ინტერპოლის არხებითაც გამოცხადდა.

ინტერპოლის ვებ-გვერდზე წერია, რომ ეს არის მსოფლიოს უდიდესი პოლიციური ორგანიზაცია, რომელიც 194 ქვეყანას აერთიანებს: „მისი დანიშნულებაა პოლიციამ მთელს მსოფლიოში იმუშაოს ეფექტურად, რათა სამყარო უფრო დაცული გახადოს. ჩვენი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურას და ოპერატიული მხარდაჭერას მნიშვნელოვანი წვლილი შექავს 21-ე საუკუნის კრიმინალის გამოწვევებთან ბრძოლაში“.

დაპატიმრება საქართველოში და მეორე განაჩენი

რუსეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად. ლიხაჩოვი საქართველოში ცხოვრების აწყობას ცდილობდა.

„თავდაპირველად მოქალაქეობაზე შევიტანე. მივიღე უარი“. ამის შემდეგ, ლიხაჩოვმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა და თავშესაფარი მოითხოვა. მან გაიგო, რომ ინტერპოლი ეძებდა მაშინ, როდესაც რუსეთის ერთ-ერთ არხზე რეპორტაჟს უყურა.

ალექსეი ლიხაჩოვმა საქართველოში ბიზნესის წამოწყება სცადა.

„თბილისში ვიქირავე ოფისი, ვიყიდე ტექნიკა, ავეჯი, ხალხიც ავიყვანე და ვხსნიდი ავტოლომბარდს.”

რუსეთში განქორწინებული იყო. საქართველოში კი დაქორწინდა.

ლიხაჩოვის გეგმების განხორციელებას ხელი 2018 წლის იანვარში მომხდარმა შემთხვევამ შეუშალა. საახალწლო დღეებში ინტერპოლით ძებნილი ბათუმში იყო. ნაქირავებ ბინაში სუფრასთან დღესასწაულებს აღნიშნავდა. როგორც თავად ამბობს, შესაძლოა, ოდნავ ზედმეტი ღვინის დალევა მოუწია. ლიხაჩოვს აუწია წნევამ. 60 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა დარეკა 112-ში.

„სასწრაფო მოვიდა, ნემსი გამიკეთეს, მომცეს ტაბლეტები, კიდევ გამიზომეს წნევა… მითხრეს გამოჯანმრთელდიო…

სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს მან საბუთები წარუდგინა. მეორე დღეს მასთან სამი პოლიციელი მივიდა:

-ლიხაჩოვი ხართ?
-კი, ლიხაჩოვი ვარ
-იცით რომ ინტერპოლი გეძებთ?
-კი ვიცი.
-მაშინ ჩაბარგდით.

რუსეთში განაჩენის გამოტანიდან დაახლებით ერთ წელიწადში, საქართველოში ალექსეი ლიხაჩოვს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

ალექსეი ლიხაჩოვი გადაიყვანეს გლდანის N8-ე სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში. სამთვიანი ვადა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივეს, მერე კიდევ სამი თვით.

21 სექტემბერს ის გაანთავისუფლეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ 2010 წლის 21 ივლისის საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საექსტრადიციო პატიმრობის ვადა ექსტრადიციის განხორციელებით გამოწვეული საჭირობის გამო შეიძლება გაგრძელდეს სამი თვი, არაუმეტეს ორჯერ“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლტოლვილის სტატუსის შესახებ ამ სარჩელის განხილვა 2018 წლის 4 აპრილს დაიწყო.

„თავშესაფრის მაძიებელი როდესაც რეგისტრირდება, დაუშვებელია ის გადაეცეს მეორე ქვეყანას. პრაქტიკულად, ამან გააჩერა მისი ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში“, – განმარტა ლიხაჩოვის ადვოკატმა, თეა ქავთარაძემ.

2018 წლის 12 ნოემბერს, ალექსეი ლიხაჩოვმა მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ თავშესაფარზე უარი უთხრა და ძალაში დატოვა მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება.

2019 წლის 18 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოსამართლე მირანდა ერემაძეს უნდა გამოეტანა განაჩენი, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ლიხაჩოვის ადვოკატის თქმით, თავშესაფარს საქართველოში ითხოვდნენ „იმის საფუძველზე, რომ მისი რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში, ის მოხვდება დახურულ ციხეში, რომელზეც საუბარი არის არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებში. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ შესაძლოა, დაექვემდებაროს იქ ღირსების შემლახავ და არაადამიანურ მოპყრობას, რაც ამ შემთხვევაში სტატუსის მინიჭების საფუძველად ჩვენ მიგვაჩნია.“

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საღამოს ხუთ საათზე დაწყებული განხილვა 34 წუთში დასრულდა. მოსამართლემ ადგილზე თათბირით არ დააკმაყოფილა ლიხაჩოვის მოთხოვნა და რუსეთის მოქალაქეს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა.

მისი ადვოკატის თქმით, ლიხაჩოვს შეუძლია სტატუსის მიღება ისევ სცადოს: „თუ იქნება ახალი გარემოება, მას შეუძლია მიმართოს თავიდან შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს იმ ახალი გარემოებით და შესაბამისი მტკიცებულებით და აღნიშნული საკითხის განხილვა შესაძლოა, ხელახლა მოხდეს. რამდენად მიიღებას ამას მხედველობაში სამინისტრო და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მომავლის საქმეა.“

ალექსეი ლიხაჩოვი კიდევ ერთხელ მიმართავს მიგრაციის დეპარტამენტს. მისი თქმით, არსებობს ახალი გარემოებები, რადგან სოჭში მისი ოჯახის მიმართ პროკურორის მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.

ამჟამად ის საბუთების შეგროვებით არის დაკავებული.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
დაავადებული ხეებით სავსე ქალაქი
kheebi

დაავადებული ხეებით სავსე ქალაქი

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share