ავტორი: შორენა ლაღაძე
მას შემდეგ, რაც თვითგამოცხადებულმა მთავრობამ ევროპული კურსის შეჩერება ოფიციალურად გვამცნო, ქვეყანაში აგორდა სახალხო პროტესტი, რომელიც უწყვეტად გრძელდება, აგერ უკვე 21-ე დღეა.
მოქალაქეები გარუსების წინააღმდეგ გამოდიან თბილისშიც და რეგიონებშიც, ჯამში 40-ზე მეტ ქალაქსა თუ დაბაში. პროტესტს არც იმერეთი გამოკლებია – ზოგან ერთჯერადი აქციები გაიმართა, ქუთაისში კი დემონსტრაციები სისტემატურია და ქუჩებს ყოველდღე კეტავენ.
ერთადერთი გამონაკლისია ვანი. ბოლო სამი კვირის განმავლობაში, აქ ერთი საპროტესტო გამოსვლაც არ გვინახავს. მოქალაქეებმა აზრი, ალაგ-ალაგ, სოციალურ ქსელებში დააფიქსირეს, მაგრამ ეს პოსტებიც მალე წაიშალა.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე, მმართველმა პარტიამ ვანში 69 პროცენტი აიღო. ამ შედეგის ფონზე, დავინტერესდით, რას ფიქრობენ ადგილობრივები ახლა, მათი არჩეული პარტიის არაკონსტიტუციურ და არაკანონიერ ქცევაზე.
მოვიარეთ სამი სოფელი – დიხაშხო, სალხინო და მთისძირი. იქ სახლების უმრავლესობა დაცლილი და დაკეტილი დაგვხვდა, თუმცა 30-მდე ადამიანთან ლაპარაკი მაინც მოვახერხეთ.
მათ ეზო-ეზო, კარდაკარ მივაკითხეთ და ვთხოვეთ ეპასუხათ: თუ იციან, რა მიზეზით დაიწყო ხალხმრავალი საპროტესტო აქციები; რა არის მთავარი მოთხოვნები; რა რეაქცია აქვთ პოლიციის და სპეცრაზმის მხრიდან სასტიკ ძალადობაზე; თუ სურთ და რატომ სურთ ევროპა?
ლაპარაკით თითქმის ყველა დაგველაპარაკა, კარი არავის მოუხურავს. თუმცა, გვთხოვეს, ჩვენი ვინაობა არ გაამხილოთო. საჯაროდ საუბარზე მხოლოდ 3 ადამიანი დაგვთანხმდა.
მათი უმრავლესობა ამბობდა – ევროპა გვინდა, ახალგაზრდებს სჭირდებათ, მიმდინარე ამბები კი გვაბრაზებს და გულს გვტკენსო. იყვნენ ისეთებიც, ვინც სასტიკ დარბევებს აქციის მონაწილეებს აბრალებდა – თუ ზრდილობიანად მოიქცევიან, არაფერი მოხდებაო. ყველა, ვინც მთავრობის მხარდამჭერ აზრს აფიქსირებდა, არგუმენტად იშველიებდა მშვიდობას. სჯეროდათ ისიც, რომ ქვეყანაში დაძაბულობა და არეულობა დასავლეთის დაგეგმილია.
ვანის სოფლებში უმრავლესობამ გვითხრა, რომ მიმდინარე ამბებზე ტელევიზორიდან იგებს. სხვა წყარო არც დაუსახელებიათ. ზოგმა ისიც აღნიშნა – აზრზე არ ვარ, რა ხდება ქვეყანაში, გაფუჭებული მაქვს ტელევიზორიო. ამ ფონზე, გასაგებია, რა ძალა აქვს რეგიონებში მთავრობის რუპორ, პროპაგანდისტულ არხებს და რატომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც ონლაინ მედიის, ისე საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა.
ერთად მოვაგროვეთ და გიზიარებთ, ვანელების ორ საპირისპირო ხედვას – როგორც პროევროპული აქციების მომხრე, ისე მის საწინააღმდეგო განწყობებს: