fbpx
ქუთაისის მერიის ტენდერები და კორუფცია

ვისთვისაა “გზა ხსნილი” ქუთაისის მერიის ტენდერებში

ავტორი: შორენა ლაღაძე 

აი, ფაქტი” ბევრს გიყვებათ, რომ იმერეთში “ქართული ჯიგრული პონტი” პოპულარობით სარგებლობს. მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლები ტენდერებში ხან მეგობრებს ამარჯვებინებენ, ხან – მეზობლებსა და ნათესავებს. გამონაკლისი არც ქუთაისის მთავრობაა. ამ სტატიაში, რამდენიმე ასეთ საეჭვო გარიგებაზე გიამბობთ. 

სარგებელი იუზა უგულავას გარემოცვას 

იუზა უგულავა მერვე წელია ქუთაისის მერის “მდუმარე” მოადგილეა. მის საჯარო განცხადებას ვერსად ნახავთ. ინტერნეტში კი მოქალაქეებთან შეხვედრის მხოლოდ ერთი ფაქტი მოიპოვება. სამაგიეროდ, რთულად საპოვნელი არ არის ამბავი, რომელიც მერის მოადგილეს სავარაუდო კორუფციულ საქმიანობაში ამხელს. 

იუზა-უგულავა
იუზა უგულავა

უგულავა ათ წელზე მეტია საჯარო საქმიანობითაა დაკავებული. 2014-2017 წლებში ჯერ იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურში იყო, შემდეგ ხონის გამგებლის მოადგილე. 2017 წლიდან დღემდე კი ქუთაისის მერის მოადგილეა.

2019 წლიდან იუზა უგულავა ქუთაისის მერიის სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს. ნეპოტისტურ და სავარაუდო კორუფციულ სქემებშიც სწორედ ამ პერიოდიდან გაეხვა. 

მაგალითად, ასე:

2019-2021 წლებში ქუთაისის მერიის ხუთ ელექტრონულ ტენდერში შპს “ლიკო-1”-მა გაიმარჯვა. ხუთიდან ოთხ შემთხვევაში კი კონკურენტი არ ჰყოლია. ამ კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი არის ზაალ ხიდაშელი, იუზა უგულავას წლების ნაცნობი და ყოფილი ბიზნესპარტნიორი. 2010-დან 2019 წლის ოქტომბრამდე ისინი ერთად ფლობდნენ შპს “იუკოს”. ტენდერების უმრავლესობა “ლიკო-1”-მა სწორედ 2019 წელს მოიგო. თანაც, ისე, რომ გადაწყვეტილების ოქმს ხელს თავად იუზა უგულავა აწერდა. 

სად ვხედავთ კორუფციის ნიშნებს? საქმე ისაა, რომ როცა სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადდება და ტენდერში შემოსული კომპანიები თავიანთ წინადადებებს წარმოადგენენ, მათი გამარჯვება არ/გამარჯვება სატენდერო კომისიის წევრებზეა დამოკიდებული. კომისია იკრიბება, განიხილავს, მაგალითად, შემოთავაზებულ ფასს, პირობებს, კომპანიის გამოცდილებას, კომპეტენციას და საბოლოო გადაწყვეტილებას ისე იღებს. 

“ლიკო-1”-ის წინადადებებიც ქუთაისის მერიის სატენდერო კომისიამ განიხილა. ჯამში 3 ტენდერში, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ან თავმჯდომარის მოადგილე კი იუზა უგულავა იყო და გამარჯვების მაუწყებელ ოქმებსაც მოაწერა ხელი. 

ქუთაისის-ყოფილი-მერი-იოსებ-ხახალეიშვილი
ქუთაისის ყოფილი მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე იუზა უგულავა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ათვალიერებენ, 2022 წელი, ფოტო: kutaisi.gov.ge

ასე და ამგვარად, მისმა კარგმა ნაცნობმა და ჯერ მოქმედმა, შემდეგ ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა ჯამში 294 000 ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო. ამ თანხით, ხიდაშელის კომპანიამ ქუთაისის სკვერებისთვის ძელსკამები შეიძინა და დაამონტაჟა.

მათ შორის, ჯამში 114,000 ლარის ტენდერი “ლიკო-1”-მა მოიგო 2019 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში. შეგახსენებთ, რომ ამ დროს, იუზა უგულავა ხიდაშელის ბიზნესპარტნიორიც იყო და ქუთაისის მერის მოადგილეც. თავისი წილები კანონის მოთხოვნის შესაბამისად წილის მმართველზე გადაცემული არ ჰქონდა. ეს მხოლოდ 2019 წლის ოქტომბერში გააკეთა. შესაბამისად, იუზა უგულავა ინტერესთა კონფლიქტში გაეხვა. 

“[თუ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი] მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და უნდა შეწყვიტოს მონაწილეობა ამ შესყიდვის განხორციელებაში”, – ვკითხულობთ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კანონში, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობებში. ხოლი ინტერესთა კონფლიქტის საფუძველია “ურთიერთდამოკიდებულება”, ანუ ნათესაობა, ოჯახის წევრობა, ბიზნესპარტნიორობა…

 “ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე… განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც […] ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია”,- ვკითხულობთ საქართველოს საგადასახადო კოდექსში.

თუმცა, როგორც ჩანს, იუზა უგულავა პრობლემას ვერ ხედავდა. 

ინფორმაცია-ინტერესთან-კონფლიქტის-შესახებ

“იუროს” ქუთაისის მერიის გარდა მოგებული აქვს ჯამში 1,2 მილიონი ლარის 21 ტენდერი ხონში, სამტრედიაში, წყალტუბოში, ონსა და მარტვილში. აქედან, მხოლოდ ხონის მერიამ გაუფორმა ჯამში 679 000 ლარის 14 ხელშეკრულება. შეგახსენებთ, რომ ხონის მერია იუზა უგულავას ყოფილი სამსახურია. 2016-2017 წლებში ის ხონის გამგებლის [იგივე, ახლანდელი მერი] მოადგილე იყო. 

ვცადეთ დაკავშირება როგორც იუზა უგულავასთან, ისე ზაალ ხიდაშელთან. ქუთაისის მერიის პრესსამსახურმა უგულავას მობილურის ნომერი არ მოგვცა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა გვირჩია, ხოლო მისმა ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა ხიდაშელმა ჩვენს ზარს რამდენიმე მცდელობის მიუხედავად არ უპასუხა. 

რა სიკეთე მოაქვს საკრებულოში დასაქმებულის ოჯახის წევრობას? 

მამა შვილის და შვილი მამის სამსახურში 

ამირან-კოპალეიშვილი
ამირან კოპალეიშვილი საკრებულოს სხომაზე, 2024 წლის 15 დეკემბერი, ფოტო:

ამირან კოპალეიშვილი 2017 წლიდან ქუთაისის საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატია. მამამისს, გია კოპალეიშვილს კომპანია “გი-ან 2011” აქვს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში 2014 წლიდან მონაწილეობს და ჯამში 36 მილიონი ლარის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული, როგორც ტენდერებით, ისე გამარტივებული შესყიდვებით.

აქედან 32 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები მხოლოდ 2017 წლიდან, ანუ ამირანის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გააფორმა. 

 “გი-ან 2011”-ის 84 წარმატებული შესყიდვიდან 27 ქუთაისის მერიისაა, დანარჩენი კი, ძირითადად, იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტების – თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათისა და ვანის. 

მამა-შვილი კოპალეიშვილები აქტიურ ბიზნესსაქმიანობას ეწევიან. 2016 წლიდან, ქუთაისის ცენტრში, რიონის სანაპიროზე ფლობენ 2 148 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, სადაც მრავალსართულიანი სასტუმროს აშენებას აპირებენ. ასევე მათი საკუთრებაა ახალაშენებული მრავალსართულიანი კორპუსი ქალაქის ცენტრში, სადაც მმართველი პარტიის ოფისი მდებარეობს.

Google-ში ამირან კოპალეიშვილის ძებნისას, წააწყდებით 6 წლის წინანდელ ამბავს, თუ როგორ სცემეს ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მან და მისმა კოლეგამ, იმედა საღინაძემ. კორუფციულ გარიგებებს არც იმედა საღინაძე აკლებდა ხელს. 

ამირან-კოპალეიშვილი
იმედა საღინაძე საკრებულოს სხდომაზე, 2022 წლის 10 იანვარი

ის ქუთაისის საკრებულოში ავტოქარხნის ოლქის მაჟორიტარი და ფრაქცია „ქართული ოცნება-უკეთესი მომავლისათვის“ თავმჯდომარე იყო 2020-2021 წლებში. ახლა საკრებულოში ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიაში მოწვეულ სპეციალისტად მუშაობს. მისი მაჟორიტარობის დროს დაფუძნდა და გამოჩნდა ტენდერებში შპს “ელ თი ბი ჯგუფი”. ამ კომპანიის დამფუძნებელი და 100%-ანი წილის მფლობელი იმედა საღინაძის ვაჟი, ბექა საღინაძეა. 

კომპანია 2020 წლის 10 ივლისს დარეგისტრირდა, ტენდერებში ბედი მალევე, 2021 წლის თებერვლიდან სცადა, თუმცა “არ უმართლებდა”. აი, 2021 წლის აგვისტოში, როცა მამამისი უკვე დეპუტატი იყო, ქუთაისის მერიამ ეროვნული მუზეუმის სამუშაოები ანდო და გამოუცდელ კომპანიას 17 000-ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა საგამოფენო დარბაზში “ბარისოლის” შეკიდული ჭერის მოსაწყობად. უნდა იცოდეთ ერთი საგულისხმო გარემოებაც, რომ “ელ თი ბი ჯგუფისათვის” ეს პირველი მოგებული ტენდერია.

“ქართული ოცნების” წევრის შვილის გარდა, ეროვნულ მუზეუმში მუშაობის სურვილი კიდევ ოთხმა კომპანიამ გამოთქვა. მათ შორის, წლების გამოცდილების მქონე შპს “tu-ka”-მ. კომპანიის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ გამარჯვებულმა მასზე 1 ლარით ნაკლები თანხა დააფიქსირა და დამარცხების მიზეზიც ეს გახდა. 

აქედან მოყოლებული, “ელ თი ბი ჯგუფმა” იმერეთის მუნიციპალიტეტებთან კიდევ 27 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა,ჯამში 4.5 მილიონი ლარის. 

ბუნებრივია, ვცადეთ დაკავშირება მამა-შვილ ამირან და გია კოპალეიშვილებთან, იმედა და ბექა ბუსაღინაძეებთან. თუმცა, ჯერჯერობით [სტატიის გამოქვეყნებამდე] მათთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოხერხდა. ამირან კოპალეიშვილი დაგვპირდა, ქალაქში არ ვარ და რომ დავბრუნდები, ანუ სამშაბათს, 28 იანვარს მოგცემთ ინტერვიუსო. “ოცნების” დეპუტატს აუცილებლად შევახსენებთ თავს კიდევ ერთხელ და თუ პასუხს გაგვცემს, სტატიას შესაბამისად განვაახლებთ. 

გია კოპალეიშვილსა და ბექა საღინაძეს, მათი კომპანიების საკონტაქტო ნომრებზე დავურეკეთ, მაგრამ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ჩვენს ზარებს არც ერთგან უპასუხეს. ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახურში იმედა საღინაძის ნომერი მოგვაწოდეს, მაგრამ არც მანდ გვიპასუხა. 

საბოლოოდ, ამ სამი საჯარო მოხელის ბიოგრაფიის მაგალითზეც ჩანს, რა უსამართლო მდგომარეობაა ადგილობრივ მთავრობებში, როგორ იყენებენ პოლიტიკურ გავლენებს პირადი კეთილდღეობისთვის და ინტერესთა კონფლიქტი, ნეპოტიზმი თუ კორუფცია უწყინარ დამთხვევად მიაჩნიათ.

მასალის გამოყენების პირობები

მასალაში გამოყენებული წყაროები 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მშენებლობები ქუთაისში – განვითარება თუ ისტორიული ძეგლების უგულებელყოფა? 
მშენებლობები ქუთაისში

მშენებლობები ქუთაისში – განვითარება თუ ისტორიული ძეგლების უგულებელყოფა? 

რა შენდება მე-19 საუკუნის სინაგოგის წინ

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share