fbpx

Რატომ ვერ გასუფთავდა მდინარე ყვირილა? 

signal 2022 10 25 151406 002

“ყვირილა იქნება სუფთა და ნავებით და კატერებით სეირნობის ტრადიციას აღვადგენთ,”- გვპირდებოდა “ჯორჯიან მანგანეზის” მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი გასული წლის ზაფხულში. ტრადიცია ვერ აღდგა. ქალაქში ნავებს და კატერებს ვერავინ, მაგრამ გაშავებულ წყალს ყველა ამჩნევს.

მდინარეს ფერი უცვალა მანგანუმის შლამმა, რომელიც წყალში “ჯორჯიან მანგანეზის” მანგანუმის გამამდირებელი საწარმოდან ხვდება. ასე გრძელდება წლებია. წიაღის მომპოვებელი კომპანია და მთავრობა ზოგჯერ სწორი მიმართულებით ბორძიკებენ, იწყებენ საუბარს მადნის დამუშავების და გაწმენდის ახალ სისტემაზე, მდინარის დამცავი კედლის მშენებლობაზე, თუმცა უშედეგოდ. ჭიათურისთვის ჯერ არაფერი შეცვლილა. 

“აი,ფაქტი” დაინტერესდა, რა ხდება ახლა მდინარე ყვირილაზე, გამოიღო თუ არა შედეგი გარემოს დაცვის სამინისტროს და “ჯორჯიან მანგანეზის” სტრატეგიებმა, რომლითაც დროდადრო გარემოზე ზრუნვის ილუზიას გვიქმნიან. 

2017 წელს დაანონსებული ცვლილებები

ხუთი წლის წინ, გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით “ჯორჯიან მანგანეზს” სპეციალური მმართველი დაუნიშნეს. ნიკოლოზ ჩიქოვანი უკვე მეორე ვადითაა არჩეული და კომპანიას 2023 წლამდე უხელმძღვანელებს. სამინისტრო ამბობდა, კომპანია მანგანუმის გადამამუშავებელ და გამამდიდრებელ ქარხნებს კანონდარღვევით ამუშავებს, ადგილზე ეკოლოგიურ კატასტროფას ქმნის და ამ ყველაფრის ეტაპობრივად გამოსწორებაზე სპეციალური მმართველი იზრუნებსო. 

ჩიქოვანმა სამინისტროს და საზოგადოებას 14-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა, ერთ-ერთი პუნქტი ყვირილას დაბინძურებისგან დაცვა იყო.

signal 2022 10 11 144430 1
მდინარე ყვირილა ქალაქ ჭიათურაში
(ფოტო გადაღებულია 2022 წლის ოქტომბერში)

“დღეს, როდესაც საქართველოს აქვს პრეტენზია იყოს ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი და დაიცვას ადამიანი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობისგან, ყველა კომპანიამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ საქმიანობისას, გარდა კომერციული მოგებისა, სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხები უნდა მოაწესრიგონ, “ – აცხადებდა გარემოს დაცვის სამინისტრო 2017 წელს. 

ხუთი წელი გავიდა და ბუნდოვანია, იფიქრა თუ არა “ჯორჯიან მანგანეზმა” რამეზე, კომერციული ინტერესის გარდა. 

“მაშინ ბევრმა იფიქრა ალბათ, რომ სახელმწიფო ვალდებულებებს გაინაწილებდა და პრობლემებს მოაგვარებდა. მმართველი კონკრეტული გეგმით შემოვიდა. ყველამ ვიცოდით, რომ 2019 წელს დასრულდებოდა “ცოფის ქარხანა” და 2020 წლამდე ამით გაიწმინდებოდა მდინარე. ანუ, მადანი ყველას უნდა შეეტანა ამ ახალ ქარხანაში და მანგანუმის გარეცხვაც მხოლოდ აქ შეიძლებოდა. ვადა 2019-2020 წელი იყო, შემდეგ უკვე 2021-მდე გადაიწია. ” – გვიყვება ნოდარ ჩაჩანიძე.ის ხელმძღვანელობს საზოგადოებრივ მოძრაობა “მომავლის ჭიათურას”, რომელიც ქალაქის ეკოლოგიაზე აქტიურად ზრუნავს. 

2021 წელს დაანონსებული ცვლილებები 

მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის სპეციალურმა მმართველმა Ნიკოლოზ ჩიქოვანმა 2021 წელს განაცხადა, რომ ყვირილას დასუფთავების პროექტი უკვე არსებობდა, იწყებდნენ შლამსაზიდი მილების აშენებას და სამუშაოები 2022 წლის ივლისში დასრულდებოდა. არც ეს ამბავი გამოდგა სიმართლე. უკვე ოქტომბერია, მაგრამ Შლამსაზიდი მილები არსად ჩანს.

2021 წლის მაისში “ჯორჯიან მანგანეზსა” და ჭიათურის მერიას შორის ყვირილას დაბინძურების საკითხზე მემორანდუმიც გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ მდინარის გასუფთავების მიზნით 2022 წლის ივლისამდე მოაწყობდა მანგანუმის შლამსადენს და შლამსაცავს. ასევე, წელს დაიწყებდა შლამების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასაც. 

მემორანდუმს ხელს აწერენ კომპანიის სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე და შპს “მანგანუმ ლოჯისტიკის” წარმომადგენელი ნოდარ მიქაბერიძე. 

“მანგანუმ ლოჯისტიკი”არის კოოპერატორი, რომელიც მოიპოვებს და ამდიდრებს მადანს “ჯორჯიან მანგანეზისთვის”. მემორანდუმის მიხედვით, სწორედ მათ აქვთ ვალდებულება, რომ დოკუმენტზე ხელმოწერიდან ორი წლის განმავლობაში მდინარე ყვირილაში აღარ ჩაედინებოდეს შლამები. კომპანიის წარმომადგენელს დავუკავშირდით, რომ გაგვეგო, როგორ ასრულებენ ამ პირობას. 

ნოდარ მიქაბერიძემ გვითხრა, ამ საკითხში კომპეტენტური არ ვარო და “ჯორჯიან მანგანეზის” პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. მათთან კითხვები ორი კვირის წინ გავგზავნეთ, მაგრამ ამ დრომდე არ უპასუხიათ. 

მემორანდუმის მიხედვით მხარეებს შეუძლიათ მოაწყონ შეხვედრები და დააკვირდნენ, როგორ სრულდება პირობები. შეუძლიათ ერთმანეთს პრეტენზიებიც წაუყენონ, იდაონ მოლაპარაკებების გზით ან მიმართონ სასამართლოს. თუმცა, განსაზღვრული არ არის რა მოხდება, თუ პირობებს არ დაიცავენ. ჭიათურის მერისგან მაინც გვინდოდა გაგვეგო, ამოწმებენ თუ არა მემორანდუმის პირობების შესრულებას, თუმცა გივი მოდებაძე ჩვენს ზარებს არ პასუხობს. 

რატომაა საშიში შლამიანი მდინარე? 

“ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურაში მანგანუმს 2006 წლიდან მოიპოვებს: ოთხ ძველი ტექნოლოგიით მომუშავე მაღაროში, ცხრა ახალი ტექნოლოგიით მომუშავე მიწისქვეშა უბანსა და შვიდ ღია კარიერზე. აქ მოპოვებული მადანი ირეცხება ქარხნებში, რომლებიც მდინარის კალაპოტთან ახლოსაა აშენებული. ნარეცხი წყალი კი ყვირილაში ხვდება და შედეგად ჭიათურაში შავი, შლამიანი მდინარე მოედინება. ყვირილას მარჯვენა და მარცხენა ნაპირზე მთელი ქალაქია განლაგებული.

გარემოსდამცველების თქმით, დაბინძურებული ყვირილა საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანებს, ისე ბიომრავალფეროვნებას. მისი მავნე ზემოქმედება კი ჰაერის გარდა ჩვენს საკვებზეც აისახება. 

“ბუნებრივ გარემოში ხდება ხელოვნური ჩარევა. მდინარეში წესით არ უნდა იყოს, მაგრამ არის მანგანუმის მაღალი კონცენტრაცია, რაც ბიომრავალფეროვნებისთვისაც დამღუპველია. მდინარიდან ირწყვება მიწები და მანგანუმი არის მთლიან ჯაჭვში. ჯერ თევზებში და თევზიდან ადამიანის სხეულში ხვდება ისეთი ნივთიერებები, რომელიც ბუნებრივად არ უნდა იყოს წარმოდგენილი. სახეზეა როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე პირდაპირი ზემოქმედება, ასევე საკვებ ჯაჭვში მოხვედრის შედეგად ზემოქმედებაც,”- გვითხრა “მწვანე ალტერნატივას” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო გუჯარაიძემ. 

“მცირე “ცეხები” ნარეცხ წყალს უშვებენ ისევ ყვირილაში, ამიტომ არის მდინარე შავი. მანგანუმი საკმაოდ აგრესიული მეტალია, მერე ვიღაცები რწყავენ ამ ყვირილათი ბოსტნებს და მანგანუმი შედის ყველგან. გარდა ამისა, იჟღინთება მიწაშიც. ეს კი უკვე ისეთ პრობლემას ქმნის, რომ არ უნდა გაგვიკვირდეს, გვქონდეს სერიოზული დაავადებები, რომელიც ჰგავს ე.წ პროფდაავადებებს, რაც ჰქონდათ მეშახტეებს წლების განმავლობაში. ეს არის სასუნთქი და საჭმელ-მომნელებელი სისტემის პრობლემები,”- ამბობს “მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

მდინარე ყვირილას დაბინძურებისგან დაცვაზე “ჯორჯიან მანგანეზი” არა, მაგრამ მოქალაქეები თავად ზრუნავენ. საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა” ლაბორატორიულად იკვლევს 1 კუბურ მეტრ წყალში შლამის და მავნე ნივთიერებების შემადგენლობას, ასევე მდინარის კალაპოტზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მადნის ზემოქმედებას. მდინარის დასუფთავების მოთხოვნით აწყობენ აქციებსაც, მაგალითად, ასეთი ლოზუნგით – “მოიშორე ტალახი”. 

ორგანიზაცია იმასაც ცდილობს, პროტესტის სურვილი ბევრ ადგილობრივს გაუჩინოს. მათ პრობლემაზე ღიად საუბარი და “ჯორჯიან მანგანეზის” დადანაშაულება უჭირთ. 

“ჩვენი ჯგუფი ხშირად ვიყენებთ ხოლმე ტერმინს “მუნჯი ქალაქი”. ქალაქი, სადაც ყველამ ყველაფერი გაიგო, იცის, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ადამიანებს ღიად საუბარი დაეწყოთ,”- ამბობს მოძრაობის დამფუძნებელი გიორგი ხახიშვილი. 

ყვირილას დაცვას ცდილობს “ჭიათურელთა კავშირიც”, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა. ისინი პირისპირ ესაუბრებიან “ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელობასაც. კავშირის თავმჯდომარე შოთა გაფრინდაშვილი გვეუბნება, რომ შარშან ნიკოლოზ ჩიქოვანს ახალგაზრდებთან ერთად შეხვდა. მისგან მოისმინეს დაპირება, რომ 2023 წლის ივლისში პრობლემა მოგვარებული იქნება. აქამდე, 2022 წლის ივლისამდე დაიცადეთო, გვეუბნებოდნენ. როგორც ჩანს, გარემოზე ზრუნვის “დედლაინმა” კიდევ გადაიწია.

“შეუძლებელია რომ აქ ფლორა და ფაუნა არსებობდეს. გარდა ამისა, ესთეტიკიური მხარე აქვს ძალიან დამთრგუნველი. ვუყურებ ამ შავ ლექს და მდინარე ამას აღარ ჰქვია,”- ამბობს შოთა გაფრინდაშვილი. 

დაბინძურებულ ყვირილაზე მოქალაქეებთან საუბრისას კიდევ ერთი პრობლემა გამოიკვეთა – არ აქვთ ინფორმაცია, როგორ შეიძლება დააზიანოს მათი ჯანმრთელობა წყალში გარეულმა მანგანუმის შლამმა. თუმცა, მანგანუმის მადნით დატვირთული მანქანების მტვერი უფრო აწუხებთ. ჭიათურელებმა კითხვებზე კი გვიპასუხეს, მაგრამ საჯაროდ ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

“ისედაც არაა ლამაზი შესახედი, მდინარე უნდა იყოს ცისფერი ან მწვანე ფერის,”- გვითხრეს ქალაქში.

“დამტვერიანებას მეტი დაავადება მოაქვს ადამიანისთვის, შავი ყვირილა იმდენად საშიში არ უნდა იყოს, რამდენადაც რომ მიდიხარ ქუჩაში და მარგანეცია დანაბნევი, მანქანა აამტვერებს იმას და ფილტვებში მოხვდება… ,” – გვითხრა ადგილობივმა ჭიათურის ბაზრის მიმდებარედ. 

“‘ მარგანეცის’ მანქანებიც რომ დარბიან და მგუდავენ ბდღვირით, Მეტი საწამლავი რა გინდა? პირველი მტერია. ყვირილაც სულ ტალახიანი მოდის. არაფერი იწმინდება, როგორც არის ახლა ხომ ხედავ, ისეა რაც აქ ვზივარ სულ,” – გვეუბნება გარემოვაჭრე, რომელიც ყვირილას პირას ზის. 

“ამ საუკუნეში როგორ შეიძლება რომ ეს ვერ გაწმინდონ? შეუძლიათ, მაგრამ ფულს არ ხარჯავენ. ვითომ რაღაცებს აკეთებს [ჯორჯიან მანგანეზი], დაიწყეს ვითომ გაფილტვრა ერთი ქარხნის, მაგრამ ახლა მიტოვებულია და არავინ არაფერს აკეთებს. ყვირილას თქვენ თვითონ ხედავთ, როგორი მოდის,”- გვითხრეს ჭიათურაში. 

როდის გათავისუფლდება ყვირილა შლამისგან და მადნის ნარჩენებისგან, უცნობია. “ჯორჯიან მანგანეზი” დაპირებას არ ასრულებს და პასუხსაც არავინ სთხოვს. 

“აი, ფაქტმა” სცადა მანგანუმის მომპოვებელ კომპანიასთან დაკავშირება, თუმცა ორი კვირის განმავლობაში წერილობით კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია.

ინტერვიუს ჩაწერა არც Სამინისტროს მიერ დანიშნულ სპეციალურ მმართველ ნიკოლოზ ჩიქოვანთან გამოგვივიდა. Პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, ნოემბრამდე საქართველოში არ არის და ვერც მობილურის ნომერს მოგცემთო. გარემოს დაცვის სამინისტროში კი რამდენიმე დღე ამ თემაზე ინტერვიუსთვის არ ეცალათ.

Მდინარე ყვირილას ბედით Ჩვენ მომავალშიც დავინტერესდებით, ვნახავთ, რას მოიმოქმედებს “ჯორჯიან მანგანეზი” მის გასასუფთავებლად და როგორ დაიცავს გარემოს გარემოს დაცვის სამინისტრო. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
როგორ მოირგო ხარაგაულის მერიამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა?
როგორ მოიგო ხარაგაულის მერიამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

როგორ მოირგო ხარაგაულის მერიამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა?

2019-2022 წლებში მერიამ დაახლოებულ პირებს 230 ათასი ლარის პირდაპირი

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share