დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია აქტიური სამოქალაქო სექტორი. სწორედ ამ სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ხშირად “მესამე სექტორის” სახელითაც მოიხსენიებენ.
მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო სექტორის მიმართ საზოგადოებაში ხშირად არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, უდავოა მისი მნიშვნელობა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია უკეთ გავიცნოთ ეს სექტორი და გავიაზროთ მისი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
სარჩევი
- რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია (NGO)
- რატომ იქმნება არასამთავრობო ორგანიზაციები: მიზნები და საზოგადოებრივი საჭიროებები
- არასამთავრობო ორგანიზაციების ტიპები
- თანამშრომლობა სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
- პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში – ისტორიული მნიშვნელობა და მემკვიდრეობა
- ხშირად დასმული კითხვები არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ
რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია (NGO)
არასამთავრობო ორგანიზაცია (NGO) მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, რომელიც დამოუკიდებლად, სახელმწიფო სტრუქტურების ჩარევის გარეშე, კონკრეტული სოციალური, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მიზნების მისაღწევად მუშაობს.
ტერმინი ,,არასამთავრობო ორგანიზაცია” პირველად 1945 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის 71-ე მუხლში გამოჩნდა, რომელიც განსაზღვრავდა ამ ორგანიზაციების კონსულტაციურ როლს გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოსთან.
არასამთავრობო ორგანიზაცია არაკომერციული ხასიათიასაა. სწორედ ესაა ამ ტიპის გაერთიანების ფუნდამენტური მახასიათებელი. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაცია არ არის ორიენტირებული მოგებაზე და მიღებული შემოსავალი მთლიანად მის მიზნებს ხმარდება.
დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა NGO-ების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციები შეიძლება იღებდნენ დაფინანსებას სახელმწიფოსგან ან საერთაშორისო დონორებისგან, ისინი ინარჩუნებენ სრულ ავტონომიას თავიანთ საქმიანობაში. სახელმწიფო სტრუქტურებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ NGO-ების შიდა საქმიანობაში ან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
რატომ იქმნება არასამთავრობო ორგანიზაციები: მიზნები და საზოგადოებრივი საჭიროებები
რატომ იქმნება არასამთავრობო ორგანიზაციები? მსგავსი გაერთიანებები საზოგადოებრივი საჭიროებების საპასუხოდ იქმნება, რომელთა მოგვარებასაც სახელმწიფო ან ბიზნეს სექტორი სრულყოფილად ვერ ახერხებს. ისტორიულად, პირველი არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად ჰუმანიტარული დახმარებისა და განათლების სფეროში მუშაობდნენ.
მაგალითად, საქართველოში პირველი NGO – იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ის შეიქმნა იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში განათლებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების მწვავე საჭიროება არსებობდა. ეს იყო პასუხი რუსიფიკაციის პოლიტიკაზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის დევნაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების როლი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა და განათლებაა. ორგანიზაციები მოქალაქეებში თემატურად ატარებენ ტრენინგებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ქართულ კონტექსტში ეს შეიძლება მოიცავდეს ჰიბრიდული ომის შესახებ კამპანიას.
ისინი ამით ხელს უწყობენ დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებისთვის.
NGO-ები ხშირად იქმნება კონკრეტული ჯგუფების (მაგალითად, ქალების, უმცირესობების, შშმ პირების) უფლებების დასაცავად. ისინი ეწევიან სტრატეგიულ სამართალწარმოებას, მონაწილეობენ პოლიტიკის შემუშავებაში და ცდილობენ, მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების სასიკეთოდ, გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე.
არასამთავრობო ორგანიზაციები სოციალური სერვისების მიწოდების მიზნითაც იქმნება. ისინი ავსებენ სიცარიელეს იმ სფეროებში, სადაც სახელმწიფო პროგრამები სრულად ვერ პასუხობს საზოგადოების საჭიროებებს. ეს შეიძლება მოიცავდეს ჯანდაცვის სერვისებს, სოციალურ დახმარებას, განათლებას, ბავშვთა კეთილდღეობასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები იქმნება სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების მონიტორინგისთვისაც. ეს პროცესი საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, საჯარო რესურსების ფლანგვისა და ნეპოტიზმის რისკის შემცირებას ემსახურება.
ზოგიერთი ორგანიზაცია ფოკუსირებულია კონკრეტული თემის ან გეოგრაფიული არეალის საჭიროებებზე – ადგილობრივი პრობლემების მოგვარება, თემის გაძლიერება და ადგილობრივი რესურსების მობილიზება. ასეთი ორგანიზაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონულ განვითარებაში.
კვლევისა და ანალიზის მიზნით შექმნილი ორგანიზაციები საზოგადოებრივი საკითხების შესწავლასა და გადაწყვეტის გზების ძიებაზე მუშაობენ, ატარებენ კვლევებს, ამზადებენ რეკომენდაციებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს წარუდგენენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ტიპები
მიზნებისა და საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ტიპებად იყოფა. მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, ძირითადად, ორ მთავარ ჯგუფს გამოყოფენ: საოპერაციო და საადვოკატო ორგანიზაციებს.
საოპერაციო NGO-ები, ძირითადად, ფოკუსირებულნი არიან განვითარების პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე. მათ შორის, გვხვდება:
სათემო ორგანიზაციები (CBO – Community Based Organizations) – ეს არის ადგილობრივ დონეზე მოქმედი ორგანიზაციები, რომლებიც კონკრეტული თემის ან გეოგრაფიული არეალის პრობლემებზე მუშაობენ. საქართველოში ასეთი ორგანიზაციები ხშირად სოფლის ან თემის განვითარების პროექტებს ახორციელებს.
სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები – ისინი მოწყვლადი ჯგუფებისათვის უზრუნველყოფენ ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დახმარებისა და სხვა სახის მომსახურებას. მაგალითად, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ან ბავშვთა დღის ცენტრები.
საადვოკატო NGO-ები კი ფოკუსირებულნი არიან საზოგადოებრივი პოლიტიკის ფორმირებაზე გავლენის მოხდენაზე. მათ შორისაა:
,,მოდარაჯე” (Watchdog) ორგანიზაციები – ამ ტიპის ორგანიზაციების ძირითადი საქმიანობაა სახელმწიფო უწყებების მონიტორინგი, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე როგორიცაა საჯარო რესურსების ფლანგვა, კორუფცია , სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა და ა.შ
ანალიტიკური ორგანიზაციები (Think Tank) – ატარებენ კვლევებს და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს სხვადასხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხზე. ისინი ხელს უწყობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს სთავაზობენ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია რელიგიური ორგანიზაციები (FBO – Faith Based and Religious Organizations), რომლებიც სულიერ ან სარწმუნოებრივ პრინციპებზე დაყრდნობით საქველმოქმედო და სოციალურ პროექტებს ახორციელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტურობის გასაზრდელად ხშირად იქმნება ქსელები და კოალიციები. ეს გაერთიანებები საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს გააერთიანონ რესურსები, გაცვალონ გამოცდილება და უფრო ხმამაღლა ისაუბრონ საზოგადოებრივ პრობლემებზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების (INGO) როლი, რომლებიც გლობალურ დონეზე მუშაობენ და ხშირად წარმოადგენენ ცოდნისა და გამოცდილების გადაცემის მნიშვნელოვან წყაროს.
თანამშრომლობა სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტური ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვას.
სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისას, არასამთავრობო ორგანიზაციები ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, თუმცა აქტიურად მონაწილეობენ დიალოგში, კონსულტაციებსა და გამოცდილების გაზიარებაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა არ იქცეს მექანიზმად, რომლითაც სახელმწიფო შეეცდება NGO-ების საქმიანობის კონტროლს, როგორც ეს რუსული კანონის მიღებით მოხდა, ან მათ საკუთარ პრიორიტეტებზე მორგებას.
თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას, პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში ჩართულობას, სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგს და საჯარო სერვისების მიწოდებაში მონაწილეობას.
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა წარმოადგენს NGO სექტორის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს. ეს თანამშრომლობა მოიცავს როგორც გამოცდილების გაზიარებას, ისე ფინანსურ მხარდაჭერას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურთიერთობები გაეროს სააგენტოებთან, ევროკავშირის ინსტიტუციებთან, ევროპის საბჭოსთან და სხვადასხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან.
თანამშრომლობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას. ეფექტური კომუნიკაცია და პარტნიორობის მკაფიო პრინციპების ჩამოყალიბება წარმოადგენს წარმატებული თანამშრომლობის საფუძველს.
პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში – ისტორიული მნიშვნელობა და მემკვიდრეობა
საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ისტორია 1879 წლიდან იწყება, როდესაც შეიქმნა ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა ქართული საზოგადოების განვითარებისთვის, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საფრთხის წინაშე იდგა.
საზოგადოების შექმნის იდეა ჯერ კიდევ 60-იან წლებში გაუჩნდათ ილია ჭავჭავაძეს, გრიგოლ ორბელიანსა და დიმიტრი ყიფიანს. როდესაც მათ გააცნობიერეს, რომ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოებრიობის ნიშნები თანდათან იკარგებოდა, გადარჩენის ერთადერთ გზად განათლების გავრცელება რჩებოდა.
ორგანიზაციის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს დიმიტრი ყიფიანი, ხოლო მოადგილედ, ანუ “ამახანაგად”, ილია ჭავჭავაძე. გამგეობის წევრები იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და რაფიელ ერისთავი. მათ გარდა ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები: ეკატერინე გაბაშვილი, ოლღა გურამიშვილი, ბარბარე ჯორჯაძე და სხვები.
ორგანიზაციის მთავარი მიზნები იყო:
- ქართულის, როგორც მშობლიური ენის შენარჩუნება და განვითარება;
- სოფლებსა და ქალაქებში ქართული სკოლების დაარსება;
- განათლების ხელმისაწვდომობა მოსახლეობის ფართო ფენებისთვის;
- სახალხო ბიბლიოთეკების, სამკითხველოების, წიგნთსაცავის გახსნა.
საზოგადოებამ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული განათლების სისტემის განვითარებაში. მისი ძალისხმევით გაიხსნა სკოლები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სვანეთში, გურიაში, სამეგრელოში და საქართველოს სხვა კუთხეების ქალაქებსა თუ სოფლებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნა იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენა” – სახელმძღვანელო, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართული ენის სწავლების საქმეში.
ილია ჭავჭავაძის, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. 1885 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ის საზოგადოების თავმჯდომარედ მსახურობდა და თავისი ანდერძით, გარდაცვალების შემდეგ მთელი თავისი ქონება სწორედ ამ ორგანიზაციას გადაეცა.
,,წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” მემკვიდრეობა დღემდე აქტუალურია. ის არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევას მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანა. ეს გამოცდილება განსაკუთრებით ღირებულია თანამედროვე არასამთავრობო სექტორისთვის, რომელიც ბრძოლას დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად და საზოგადოების განვითარებისთვის განაგრძობს.
ხშირად დასმული კითხვები არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ
რა განსხვავებაა არასამთავრობო ორგანიზაციასა (NGO) და არაკომერციულ ორგანიზაციას (NPO) შორის?
არასამთავრობო ორგანიზაცია არის ტერმინი, რომელიც უფრო ხშირად გამოიყენება საერთაშორისო კონტექსტში, ხოლო არაკომერციული ორგანიზაცია არის უფრო ფართო ცნება. ყველა NGO არის არაკომერციული ორგანიზაცია, მაგრამ ყველა არაკომერციული ორგანიზაცია არ არის NGO. მთავარი განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ NGO-ები ორიენტირებულნი არიან საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაზე.
შეუძლია თუ არა NGO-ს ეწეოდეს კომერციულ საქმიანობას?
დიახ, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა, თუმცა მიღებული შემოსავალი უნდა მოხმარდეს მხოლოდ ორგანიზაციის მიზნებს და არ უნდა განაწილდეს წევრებს შორის.
როგორ შეიძლება გახდე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი?
წევრობა ნებაყოფლობითია და დამოკიდებულია კონკრეტული ორგანიზაციის წესდებაზე. პირს არ შეიძლება მოეთხოვოს რომელიმე NGO-ს წევრობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ეხება პროფესიულ გაერთიანებებს, რომლებსაც ზოგიერთი ქვეყანა NGO-ებად განიხილავს.
რა არის GONGO და რითი განსხვავდება ის ჩვეულებრივი NGO-სგან?
GONGO (Government-organized NGO) არის სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს ტერმინი ხშირად უარყოფით კონტექსტში გამოიყენება, რადგან ასეთი ორგანიზაციები ხშირად რეპრესიული რეჟიმების მხარდასაჭერად იქმნება, საერთაშორისო არენაზე.
ასეთი GONGO-ები არსებობს საქართველოშიც. მათი დიდი ნაწილი, ხელისუფლების და რუსეთისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებს.