ავტორები: შორენა ლაღაძე და თამუნა ქიმაძე
იმერეთის მეფეთა მისაღები დარბაზი, იგივე “ოქროს ჩარდახი” საფრთხეშია. მე-17 საუკუნით დათარიღებულ ამ ისტორიულ შენობას რეაბილიტაციას უპირებენ. თანაც ისე, რომ ძეგლს იერსახე, უნიკალურობა და კულტურული ღირებულება დაეკარგება.
არადა, დარბაზი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია და მისი შენარჩუნება ყველას უნდა გვაღელვებდეს. მითუმეტეს, რომ “ოქროს ჩარდახი” ქალაქში შემორჩენილი ყველაზე ძველი საერო ნაგებობაა. ქუთაისს მე-17 საუკუნის სხვა არქიტექტურული ძეგლი არ აქვს.
“წარსულში გადავყავართ მაგ შენობას, ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ეგეც თუ მოიშალა, თუ დაკარგა ძველი კულტურა, ემოცია და ენერგიები, მაშინ იქნება მარანი… გადაკეთდება მარნად და გაქრება საერთოდ… უნდა შეუნარჩუნდეს ის ძველი იერსახე, რაც ჰქონდა შენობას, რასაც ვხედავთ ყოველდღე,”- წუხს ქუთაისელი ზალიკო კუხიანიძე.
“მოსახლეობის ჩართვის გარეშე თუ მიიღეს გადაწყვეტილება, ეს ამბავი არ მომწონს. ჩართონ საქმეში ისტორიკოსები და მეტი მცოდნე ადამიანი… ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან. ისე არ გამოვიდეს საერთოდ, რომ დაგვენგრეს ეს შენობა და მის ადგილას სხვა რაიმე გააკეთონ,’’-გვითხრა ქუთაისის მკვიდრმა მიხეილ მუმლაძემ.
ადგილობრივებს ძეგლის დაკარგვის შიში გაუჩნდათ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები ჩარდახის რეაბილიტაციის პროექტიდან. ფიქრობენ, რომ თუ მეფეთა დარბაზი ამ ვიზუალის შესაბამისად შეიცვლება, გაუქრება სიძველის ხიბლი, რის გამოც ახლა ასე ძალიან უყვართ.
“ოქროს ჩარდახის” რეაბილიტაციის პროექტს იწუნებენ ხელოვნებათმცოდნეები და ხედავენ რისკს, რომ ძეგლი ისტორიულ იერსახეს ვერ შეინარჩუნებს. განსაკუთრებით არ მოსწონთ სახურავის მასალა და დიზაინი, ამ დროისთვის ჩატარებული კვლევები კი რაოდენობრივად არასაკმარისი და შინაარსობრივად არასრულყოფილი ჰგონიათ.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” მეფეთა დარბაზის რეაბილიტაციის კონსტრუქციულ პროექტს ხელოვნებათმცოდნეებთან ერთად გაეცნო და გიყვებით, რა წერია მასში ისეთი, რაც კულტურულ ძეგლს საფრთხეში აგდებს.
ჩარდახი ხალხურ სიტყვიერებაში ლამაზი და საგანგებო შენობის სინონიმია, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოწონებულმა პროექტმა შესაძლოა სიტყვის ეს შინაარსი გააქროს.
როგორ დაიგეგმა “ოქროს ჩარდახის” რეაბილიტაცია?
ქუთაისის მერიამ მეფეთა დარბაზის, ე.წ ოქროს ჩარდახის განახლება შესაბამისი ტენდერის საფუძველზე ორი წლის წინ გადაწყვიტა და რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი “მნ პროექტს” 49 ათას ლარად მოამზადებინა. კომპანიამ ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილს დაუკვეთა.
ლალი ანდრონიკაშვილი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ის, “გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის” მეცნიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის ექსპერტია. მან 21-გვერდიან დოკუმენტში აღწერა, როგორი იყო “ოქროს ჩარდახი” ძველად, როგორია ახლა და როგორი უნდა იყოს რეაბილიტაციის შემდეგ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ შენობას ახლანდელი მდგომარეობით პირვანდელი იერი დაკარგული აქვს. ლალი ანდრონიკაშვილის აზრით, შუა საუკუნეების ძეგლისთვის არაავთენტურია კრამიტის დაბრტყელებული სახურავი და ყველა მხრიდან შემოვლებული განიერი ხის აივანი. ის არსებულ სახურავს პრიმიტიულსაც უწოდებს და წერს რომ “აუბრალოებს შენობის არქიტექტურის ღირებულებასო”.
საბოლოოდ, ლალი ანდრონიკაშვილი გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:
- მოიხსნას კედლების ნალესი და გამოჩნდეს რიყის ქვები, შუა საუკუნეების იერსახის დასაბრუნებლად;
- მოიხსნას შეუსაბამო პროპორციის, ამორტიზებული აივანი და ჩანაცვლდეს ძეგლთან მისადაგებული ფორმის, ზომისა და ფერის ხის აივნით;
- ხის აივნის დამჭერი სვეტები სასურველია იყოს მინიმალისტური, ლითონის ან ქვის, რომ ხელი არ შეუშალოს რიყის ქვის ფასადის აღქმას;
- მოიხსნას არსებული სახურავი და კონსტრუქცია; ჩანაცვლდეს მსუბუქი, უფრო მორგებული, შესაძლოა, ისევ კრამიტის სახურავით.
- შესაძლებელია პირველი სართულის ნალისებრი ღიობების შემინვა.
“მნ პროექტის” მიერ მომზადებულ საბოლოო პროექტში ეს რეკომენდაციები გაითვალისწინეს, მაგრამ ნაწილობრივ. მაგალითად, ყურადღებაში მიიღეს ანდრონიკაშვილის რჩევა რიყის ქვებზე, ხის აივნებზე და კრამიტის სახურავზე. თუმცა, გადახურვას ქვის პარაპეტების შემოყოლებას უპირებენ. ეს ანდრონიკაშვილის კვლევაში არსად ეწერა.
“არსებული დაზიანებული სახურავი დაიშლება მთლიანად, მის ადგილას მოეწყობა ახალი ოთხქანობიანი ხის ნივნივები, რომლებიც შემდგომ დაიფარება კერამიკული კრამიტით. სახურავის გარშემო მის მთელ პერიმეტრზე მოეწყობა ქვის პარაპეტი,”- ვკითხულობთ “ოქროს ჩარდახის” რესტავრაცია-რეაბილიტაციის საბოლოო პროექტში.
პარაპეტი არის ერთგვარი მოაჯირი, რომელსაც ხიდებს, სახლის სახურავებს ან ტერასებს უკეთებენ, გადავარდნის თავიდან ასარიდებლად. სწორედ ეს დეტალი გახდა ხელოვნებათმცოდნეების კრიტიკის საგანი, თუ რატომ, ამაზე ვრცლად ქვემოთ მოგიყვებით.
როგორც ჩანს, საბოლოო სიტყვა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ეკუთვნოდა. მან გადაწყვიტა, როგორი უნდა ყოფილიყო “ოქროს ჩარდახის” იერსახე და სახურავი რეაბილიტაციის შემდეგ. ეს პროექტის თანაავტორმა, “მნ პროექტის” არქიტექტორმა ნინა გრიქუროვამაც დაგვიდასტურა.
მისი თქმით, თავდაპირველ პროექტში ახლანდელის მსგავსი, უბრალო სახურავი ჰქონდათ, მაგრამ საბჭომ მეტი პომპეზურობა გადაწყვიტა და დაუჯერეს. გრიქუროვამ გვითხრა, გვინდოდა “დიდგვაროვანი” გაგვეკეთებინაო:
“ჰქონდა ჩვეულებრივი, ოთხქანობიანი სახურავი, ჩვენც დავუტოვეთ ეგეთი, რომელიც დაიფარა პარაპეტით. ეგეც [კულტურული მემკვიდრეობი სააგენტოს] საბჭოს რეკომენდაციით არის გაკეთებული. საბჭომ გადაწყვიტა, რომ შენობას ჰქონოდა უფრო პომპეზური… არ ყოფილიყო სოკოსავით, მაპატიეთ ამ შედარებისთვის, მაგრამ რომ ჰქონოდა პრეზენტაბელური იერსახე.”
ნინა გრიქუროვამ ისიც დაამატა, არ ვიცით როგორი იყო ჩარდახი პირველად, სოლომონ მეფის პერიოდში, მაგრამ რახან ამას დოკუმენტურად ვერ ვიგებთ, საერთო აზრი შევაჯერეთო.
“როცა არ იცი როგორი იყო და არ გაქვს საფუძველი დაამტკიცო შენი სიმართლე, მერე უკვე შენი კოლეგების აზრს ეყრდნობი, იმიტომ გაგვაქვს საბჭოზე და არ ვჭიდაობთ, არ არა ასეთი უნდა იყოს. გაერთიანებული საბჭოს აზრი გავითვალისწინეთ, ყველა სპეციალისტია და იციან თავისი საქმე.”
ნამდვილად არ არის შემონახული საარქივო მასალა, რომელიც “ოქროს ჩარდახის” საწყის ვიზუალს ასახავს. თუმცა, ხელოვნებათმცოდნეები გვეუბნებიან, რომ როცა არ იცი პირვანდელი სახე, უნდა შეინარჩუნო ის, რასაც ახლა ხედავ.
“არსებობს საერთაშორისო ქარტია, “ვენეციის ქარტია რესტავრაციის შესახებ.” მის პრეამბულაში წერია – რესტავრაცია მთავრდება იქ, სადაც იწყება ვარაუდი. თუ არ იცი როგორი იყო, მაშინ იქ ჩერდები. კიარ იგონებ, არამედ ჩერდები,”- ამბობს ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი.
“კანონი რასაც იცავს არის ის, რომ მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული იერსახე, როგორადაც მოვიდა ძეგლი ჩვენამდე. გამართლებაა, რომ იმ ფორმითაა შემორჩენილი, როგორიც იყო,”- გვითხრა რელიგიის და კულტურის მკვლევარმა სოფო ზვიადაძემ.
სახურავის შეცვლა რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოუვიდა თავში, ამას ადასტურებს 2022 წლის 6 მაისს მათ მიერ “მნ პროექტთან” გაგზავნილი წერილი, რომელშიც ამბობენ: “სასურველია შენობის ცენტრალური ნაწილის გადახურვის სიმაღლე და ქანობი შემცირდესო”, თუმცა არ ასაბუთებდნენ რატომ იყო ეს საჭირო.
ხელოვნებათმცოდნეების კრიტიკა
ვესაუბრეთ ხელოვნებათმცოდნეებს, რომლებიც ქართულ ისტორიულ არქიტექტურას კარგად იცნობენ. წლებია იკვლევენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ისიც იციან, როგორ შევინარჩუნოთ.
ყველა მათგანი შიშობს, რომ “ოქროს ჩარდახის” რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ქუთაისის მერიის დაკვეთით მომზადდა, ძეგლის რადიკალურ სახეცვლას გამოიწვევს. მათი თქმით, სახურავის დიზაინი ისტორიული ნაგებობისთვის შეუსაბამოა და პროექტის ავტორებს დასაბუთებულიც არ აქვთ, რატომ აირჩიეს მაინცდამაინც ეს სტილი – კრამიტის სახურავის გარშემო ქვის პარაპეტების მოწყობა.
კულტურულ ძეგლის რეაბილიტაციამდე, უნდა არსებობდეს თემატური კვლევები, მაგალითად, ასეთია, სახელოვნებათმცოდენეო დასკვნა. თამარ ამაშუკელი ამ დოკუმენტსაც გაეცნო და კონსტრუქციულ პროექტსაც. მათი ანალიზის საფუძველზე ამბობს, რომ დაუშვებელია მოეწყოს გადახურვის ის ტიპი, რომელიც საბჭომ მოიწონა. მისი თქმით, თუ სახურავს ცვლიდნენ, არგუმენტაცია მაინც უნდა მოეყოლებინათ, თუ რატომ გახდა ეს საჭირო. მაგალითად, ეს დასაშვები იქნებოდა, თუ აღმოაჩენდნენ რაიმე დოკუმენტს, რომ ჩარდახს ძველადაც ჰქონდა ასეთი სახურავი და ახლა პირვანდელ სახეს უბრუნებენ.
“სახელოვნებათმცოდნეო დასკვნაში არ წერია, რომ [სახურავს] ასეთი რაიმე ჰქონდა.[გულისხმობს პარაპეტს]… რაზეც არის თვალი შეჩვეული, რაზეც ქალაქს მაინც აქვს თავისი დამოკიდებულება და იდენტობა, ამისი ახლა კიდე ცვლილება? რატომ? ხომ უნდა იყოს ახსნილი, რის გამო დგამენ პარაპეტს და ცვლიან ქანობს? ვერანდა უნდათ რომ გააკეთონ ზემოდან, ფუნქციურად გამოიყენონ თუ რა არის მიზეზი… ის, რომ სოფლის სახლს ჰგავს? რას ვიზამთ, ეგეთი სასახლეები გვაქვს და ასეთი იყო ოქროს ჩარდახიც… ”- ამბობს ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი.
“სახურავით ყველაზე ადვილად ჩანს, ხელოვნებათმცოდნის გარეშეც, რომ ეს არის რადიკალური ცვლილება. ეს აშკარა დარღვევაა კანონის. მაგას იტყვის პირველკურსელი სტუდენტიც. როგორც წესი, ძეგლზე ასეთ ცვლილებას უნდა კარგი დასაბუთება. მაგალითად ის, რომ ახალი, არქეოლოგიური მასალა გამოჩნდა და მაგიტომ ცვლიან,”- გვითხრა რელიგიის და კულტურის მკვლევარმა სოფო ზვიადაძემ.
“ოქროს ჩარდახის” პროექტის შეფასება კულტუროლოგ და ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილსაც ვთხოვეთ. სახურავის მაღალი პარაპეტი მასაც სადავო მიაჩნია.
“პროექტით შენობას აქვს ოთხფერდა და არა ბრტყელი გადახურვა, მაგრამ პარაპეტი იმდენად მაღალია, რომ ეს სახურავი არ ჩანს. თაობები უკვე მიჩვეულია იმ სახეს, რომელიც ბოლოს მე-20 საუკუნის 60-ან წლებში შეიცვალა და მაინც უკვე გამჯდარია თაობებში. რამდენად გამართლებულია იერის ასეთი შეცვლა, ეს სამსჯელო საგანია და უნდა ყოფილიყო საზოგადოების, ექსპერტების მეტი ჩართულობა…”- გვითხრა ცირა ელისაშვილმა.
მასთან საუბრით გაირკვა, რომ პრობლემა მარტო სახურავის მასალა და დიზაინი არ ყოფილა. საყურადღებოა ისიც, რომ რეაბილიტაციისთვის საჭირო არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტები ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ავტორები საქმეს ზერელედ და გულგრილად მიუდგნენ.
“კონსტრუქციული გამაგრების პროექტში წერია, რომ იყენებენ რკინა-ბეტონის მასალებს, არქიტექტურულ პროექტში წერია, რომ ეს ელემენტები დამზადებული უნდა იყოს ხისგან. არქიტექტურულ პროექტში წერია, რომ იქნება ოთხფაზიანი გადახურვა, მაღალი პარაპეტი და ხის ელემენტების კარკასი. მაშინ როდესაც კონსტრუქციულ გამაგრებაში წერია, რომ სახურავს გაუკეთდება რკინა-ბეტონის სარტყელი, ამ სარტყელზე მოეწყობა კიდევ რკინისავე ე.წ ფერმის ტიპის გადახურვა და მერე ამაზე დალაგდება კრამიტი, რაც ასევე განსხვავდება არქიტექტურულისგან,” – გვეუბნება ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი.
ის მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის ჩატარებული კვლევები საკმარისი არ არის. შენობის პროექტის შედგენამდე ადგილზე არქეოლოგიური კვლევებიც იყო საჭირო, რადგან იქ მეფეთა სასახლის ნაშთებია და შესაძლოა, მნიშვნელოვანი არტეფაქტები გამოჩნდეს. როგორც ჩანს, ამაზე არ უზრუნიათ. ხელოვნებათმცოდნეებს არქეოლოგიური კვლევა თვალით არ უნახავთ. ელისაშვილის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ბუნდოვანია შენობის სამომავლო ფუნქცია:
“იქნებ იქ ისეთი ნასახლარის ნაშთები ამოდის, რომელიც ჰარმონიულად ჩაიწერებოდა ჩარდახის შენობის ეზოს ტერიტორიაზე და უნდა გამოჩნდეს, მიწა კი არ უნდა მივაყაროთ… როცა რაღაცის რესტავრაციას აკეთებ, წინასწარ უნდა იცოდე მისი ფუნქციური დანიშნულებაც. აი, გავაკეთეთ ჩარდახის რესტავრაცია, ჩავთვალოთ, რომ ძალიან კარგი პროექტია. მერე რა უნდა განთავდეს იქ? რესტორანი, მუზეუმი, გალერეა თუ რა? მერე რომ მოვუფიქრებთ ფუნქციას, შეიძლება თავიდან იყოს გასაკეთებელი არქიტექტურა.”
მას შემდეგ, რაც პროექტს წინააღმდეგობა და კრიტიკა მოჰყვა, ქუთაისის მერიამაც გადაწყვიტა საზოგადოებისთვის ორიოდე სიტყვა ეთქვა და ფეისბუქ გვერდზე დაპოსტეს, არასწორად აღიქვამთ გადახურვის დეტალებს და ეს არაკომპეტენტურობით მოგდითო:
“პროექტის მიხედვით სახურავი დაიფარება კერამიკული კრამიტით. რაც შეეხება აპელირებას ე.წ. ბრტყელ გადახურვაზე, შეფასების ავტორები შენობის კონსტრუქციული მდგრადობის მისაღწევად მოსაწყობ პარაპეტს აიგივებენ სახურავთან. აღნიშნული წარმოადგენს არასწორ შეფასებას, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში გამოწვეულია არაკომპეტენტურობით და საქმის არასრულფასოვანი ცოდნით,”- წერდა მერია 29 აპრილს.
თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს კულტურულ მემკვიდრეობაზე მუშაობა, გახდით ჩვენი სპონსორი
ვინ და როდის უნდა დაიწყოს რეაბილიტაციის სამუშაოები?
“მნ პროექტის” პროექტის მიხედვით “ოქროს ჩარდახის” რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები სს “სამშენებლო კომპანია ივერთმშენმა” უნდა აწარმოოს. ქუთაისის მერიამ მასთან 955,000-ლარიანი ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გააფორმა და საქმის დასრულება ამ წლის დეკემბრამდე დაავალა.
“ივერთმშენმა” საქმე კი დაიწყო, მაგრამ მალევე შეჩერდა. სამუშაოების დაწყებიდან სამ კვირაში დირექტორი მერიას წერდა, პროექტთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს და სანამ პასუხები არ გვექნება, მუშაობას ვერ განვაახლებთო.
მაგალითად, კომპანიის დირექტორი ედიშერ ჯანჯულია წერდა, რომ პროექტი არ აკონკრეტებდა აივნის გადახურვის დეტალებს, თუ რა სიღრმეზე უნდა შესულიყო ხე კედელში, ან რა მასალით დაემზადებინათ აივნის სვეტები. “ივერთმშენის” დირექტორი იმასაც ამბობს, ნალესების რომ მოვხსენით, კედლების ნაწილმა აღდგენა მოითხოვა, რაც ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული არ იყოო.
მერიამ ეს მიზეზები საპატიოდ არ ჩათვალა და კომპანიას იმ დღესვე უპასუხა – თქვენი წერილი სანქციებისთვის თავის არიდების მცდელობაა და არა საქმიანი კითხვები, ამით ცდილობთ გადაფაროთ ის პრობლემა, რომ მასალები არ გაქვთო.
კომპანია ახლაც მასალების უქონლობის გამოა შეჩერებული. ედიშერ ჯანჯულიამ გვითხრა, წაბლის ხეს ველოდებით, აივნისთვის და სვეტებისთვისო. როგორც ჩანს, ჯერჯერობით, სამუშაოებს მხოლოდ მასალის ლოდინი აყოვნებს და არა ხელოვნებათმცოდნეების კრიტიკა.
კომპანიის დირექტორ ედიშერ ჯანჯულიას ყველაზე სადავო საკითხზე, სახურავის ფორმის შეცვლაზე რომ ვკითხეთ, დაგვიდასტურა, ეგ გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ მიიღოო. თუმცა, როგორც ჩანს, სტილი თვითონაც მოსწონს.
“პარაპეტს ეძახიან, რომ შენობის ტანი ამოდის ზევით ნახევარი მეტრით და იგივე ქვით იქნება გაკეთებული, როგორც პირველ-მეორე სართული… კარგად გამოჩნდება, მიეჩვევა საზოგადოება იმ პარაპეტს და კარგად დადგება. სოლომონის დროინდელი არის კედლები, სახურავი კაციშვილმა არ იცის როგორი იყო, ახლა რაც არის ეს სახურავიც ხომ არ ვარგა, ხომ არ მოგწონთ თქვენ? ’’-გვკითხა ედიშერ ჯანჯულიამ. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ქუთაისელებს ჩარდახი ისეთი მოსწონთ, როგორიც არის. ამაზე გვითხრა – “მე მშენებელი ვარ და ვალდებული ვარ, რა პროექტიც მაქვს, ის გავაკეთოო.”
ედიშერ ჯანჯულია კი არის ვალდებული, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს აქვს თავისუფლება, რომ პროექტი შეცვალოს. ყურად იღებს თუ არა სააგენტო დარგის სპეციალისტების რჩევა-დარიგებას, ჯერჯერობით, უცნობია. ცირა ელისაშვილმა კი გვითხრა, მე რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი ვიყო, ამ პროექტს შევაჩერებდიო, მაგრამ რას იზამს სააგენტო?
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე რომ გული დიდად არ შესტკივათ და მათი შენარჩუნების ნაცვლად დაზიანებაზე ზრუნავენ, ახალი ამბავი არ არის. სააგენტოს დაუდევრობას შეეწირა გელათის მონასტრის უნიკალური მხატვრობა და არის რისკი, რომ მორიგი მსხვერპლი ჯვრის მონასტერი იქნება.
ვნახოთ, ამჯერად მაინც თუ მოუსმენენ პროფესიონალებს და ისე გადაწყვეტენ მე-17 საუკუნის “ოქროს ჩარდახის” ბედს.
პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოგზავნა ვთხოვეთ ქუთაისის მერიასაც და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსაც. ჩვენს წერილებზე რეაგირების კანონიერი ვადა ამოიწურა, თუმცა პასუხები არ მიგვიღია.
მასალაში გამოყენებული წყაროები