fbpx

რა არის კორუფცია და რა ზიანს აყენებს ის საზოგადოებას?

რა არის კორუფცია

კორუფცია არის მთავრობაში დასაქმებულთა მიერ ხალხის საერთო ქონების ან ბიუჯეტის მითვისებისა და პირადი მიზნებისთვის გამოყენების ფაქტი. საჯარო მოხელეებს შეუძლიათ საკუთარი თანამდებობა და გავლენა გამოიყენონ კორუფციული გარიგებების საწარმოებლად და ამ დროს დაისაკუთრონ ხალხის საერთო სიკეთე ან ასარგებლონ მათთან დაახლოებული პირები.

რა საკვირველია, კორუმპირებულ საჯარო მოხელეებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ოჯახისა და გარემოცვის გამდიდრებაზე ფიქრობენ, არასდროს დააინტერესებთ საერთო სიკეთის შექმნა და ხალხის კეთილდღეობა. არადა, ქვეყნის ბიუჯეტი და სახელმწიფოს ქონება სწორედ იმისთვის უნდა იხარჯებოდეს, რომ ქვეყნის თითოუელმა მოქალაქემ  მიიღოს საჭირო მომსახურება (განათლება, ჯანდაცვა, სოციალური საკითხები, უსაფრთხოება) და მხარდაჭერა.

ამ დროს მოქალაქეების მიერ გადახდილი ფულით შეგროვებული ბიუჯეტი, კორუფციული გარიგებების საშუალებით, ხმარდება კონკრეტული საჯარო მოხელის კერძო ინტერესის დაკმაყოფილებას: ის იშენებს უზარმაზარ, კომფორტულ და ძვირიან სასახლეს, დადის უახლესი მოდელის მანქანით, შვილს გზავნის საზღვარგარეთ სასწავლებლად ძვირიან უნივერსიტეტებში და ა.შ.

კორუფციის აღკვეთისთვის საჭიროა, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის კორუფცია იყოს მიუღებელი და დასაგმობი ქცევა. რას ვხედავთ ამ მხრივ საქართველოში?

კორუფცია საქართველოში

კორუფცია საქართველოში

საქართველოში გვაქვს კორუფციის ბევრნაირი შემთხვევა, მაგალითად, ყვავის ელიტური კორუფცია, პოლიტიკური კორუფცია, კორუფცია საჯარო სამსახურში. ყველაფერი ეს კი ხალხის მხრიდან აღიქმება, ძირითადად, როგორც მოცემულობა, რომელსაც ვერ ვცვლით.

ადგილობრივ მთავრობაში არსებულ კორუფციაზე მასალების მომზადებისას, განსაკუთრებით რეგიონებში, ჩვენთვის ხშირად უკითხავთ, აბა, სხვაგვარად როგორ უნდა იყოსო. მოწონებით კი არ იწონებენ საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკოსების მიერ ხალხის ფულის მოპარვას, მაგრამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ესაა მოცემულობა და ამის შეცვლა შეუძლებელია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” მსოფლიო მასშტაბით მოქმედი პროექტია, რომელიც იკვლევს ქვეყნებში არსებულ კორუფციულ შემთხვევებს და ყოველწლიურად აფასებს, რა დონეზეა გავრცელებული ეს სენი საჯარო სამსახურში. შეფასებისთვის იყენებენ მსოფლიო ბანკის, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმისა და სხვა სანდო საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს.

2022 წელს საქართველოს 100-დან 56 ქულა აქვს მინიჭებული კორუფციის აღქმის ინდექსად და ამ მაჩვენებლით, მსოფლიოს მასშტაბით, 180 ქვეყანას შორის 41-ე ადგილი უჭირავს.

როგორ უნდა გავიგოთ, საქართველოსთვის მინიჭებული ეს ქულები დადებითია თუ უარყოფითი? 100-ქულიან შკალაზე 100 ნიშნავს, რომ ქვეყანაში კორუფცია არაა და საჯარო სექტორში ეს სენი არ არსებობს. 0 ნიშნავს, რომ ქვეყანაში კორუფციის მაღალი დონეა.

 კორუფცია საჯარო სამსახურში

“აი, ფაქტი” ყოველწლიურად აქვეყნებს ათეულობით ამბავს და ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელშიც გამოკვეთილია კორუფციის ნიშნები, საჯარო მოხელისა და მთავრობის წევრების მიერ ხალხის ფულის მისაკუთრება.

მაგალითად, 2018 წელს გამოვიკვლიეთ, როგორ იყენებდნენ ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსანი სახელმწიფო რესურსებს საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად. შპს “დამზადებულია საქართველოში N1”-ის სესხის პროცენტს “აწარმოე საქართველოში” ბიუჯეტიდან ორი წლის მანძილზე იხდიდა. იმ დროს შპს “დამზადებულია საქართველოში N1”-ს მრჩეველი, დავით ბეგიაშვილი, ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ეკატერინე სისაურის ქმარი და ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ძმის ბიზნეს პარტნიორი იყო.

2019 წელს გამოვაქვეყნეთ გამოძიება მესტიის მერის შესახებ, რომელიც ათასობით ლარის ტენდერს პირდაპირ უფორმებდა მისი ოჯახის წევრებს. ეს, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვითაც კი, სისხლის სამართლის დანაშაულია. თუმცა, პროკურატურა ამ თემის გამოძიებით არ დაინტერესებულა.

2020 წელს გამოვაქვეყნეთ გამოძიება ქუთაისის ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ, რომლებმაც საკუთარი პოზიცია გამოიყენეს პირადი სარგებლის მიღების მიზნით. საკრებულოს ხელმძღვანელობისას ლატარია და მისი გარემოცვა მათდა სასარგებლოდ იყენებდა საჯარო სამსახურს. ეს დრო მათ ქალაქის ცენტრში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების ასათვისებლად გამოიყენეს. მათ ხელში აღმოჩნდა ქალაქის ცენტრალური ადგილები, სადაც მოგვიანებით რესტორნები და სასტუმროები გახსნეს.

2021 წელს გიყვებოდით ხარაგაულის მერის ძმაზე, რომელიც მერიისგან ტენდერებს იღებდა. Ზზურაბ ლურსმანაშვილმა, როგორც ინდ.მეწარმემ, 2016-2021 წლებში  ხარაგაულის ბიუჯეტიდან 48,425 ლარი მიიღო. მისგან, ძირითადად, ავტონაწილებსა და ავტომანქანის შეკეთების მომსახურებას ყიდულობდნენ.

2022 წელს გიამბეთ სოფელ დუზაგრამაში მერის წარმომადგენელზე, რომელმაც თაღლითური სქემის საშუალებით სოფლის მიწები მიითვისა. მუხტარ ისმაილოვი 2007 წლიდან დუზაგრამაში საგარეჯოს მერის წარმომადგენელია. ის პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით და დოკუმენტების გაყალბებით გამდირდა. თანამდებობაზე არჩევის შემდეგ ადგილობრივების შევიწროვება და სოფლის მიწების უკანონო მითვისება დაიწყო. ასე დაირეგისტრირა ჯამში 90 ჰექტარი ფართობის 55 ნაკვეთი. “აი, ფაქტმა” გამოავლინა 31 ადამიანი, რომელიც მერის წარმომადგენელმა მოატყუა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. ჟურნალისტური გამოძიებით გაიშიფრა სქემა, რომელსაც ისმაილოვი იყენებს.

კორუფცია საჯარო სამსახურში

კორუფციასთან ბრძოლა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ასეთი ჩანაწერი: “სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლას. კორუფცია ხელყოფს საჯარო სექტორის გამართულ ფუნქციონირებას, ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობას, აფერხებს ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. კორუმპირებული საჯარო მოხელეები დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენენ.  სწორედ ამიტომ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია.”

აქვე წერენ იმასაც, რომ სუს-სთვის კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ უწყებას ანტიკორუფციული სამსახურიც ჰქონდა. თუმცა, მათ მიერ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებზე რეაგირებასა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ დიდი წარმატებით ვერ მუშაობდა.

შარშან ევროკომისიამ დაგვავალა, თუ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გსურთ, მაშინ ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა გააძლიერეთ და მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები საგულდაგულოდ გადაჭერითო.  

ამის შემდეგ, გასული წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე.

ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. ბიუროს უფლებამოსილებები, მათ შორის იქნება პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი, ბიურო უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, მისი შევსებისა და ჩაბარების კონტროლს, შეიმუშავებს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტს, შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” საქართველოს ოფისი ამ პროცესს აკვირდებოდა და ახალი ინიციატივაც შეაფასა.

“ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონი ნაკლოვანია, რადგან ის არ მოიცავს ბიუროსთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭებას. სხვა სიტყვებით, კორუფციული დანაშაულის გამოძიების ფუნქცია კვლავ რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის ქვეშ. საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭების გარეშე ანტიკორუფციული ბიურო ვერ შეძლებს მაღალი დონის კორუფციასთან ეფექტურ ბრძოლას,” – წერია TI-ს შეფასებაში.

იმ შემთხვევაში, თუ კანონში არ გამოსწორდა ბიუროს დამოუკიდებლობასა და უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარვეზები, ის ვერ გახდება იარაღი, რომლითაც მთავრობა მაღალი დონის კორუფციას უნდა ებრძოლოს. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ევროკომისიის 12-პუნქტიანი დავალების სრულყოფილად შესრულების საკითხი და კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
უსინათლოთა ქონების მოურავი
უსინათლოთა კავშირი

უსინათლოთა ქონების მოურავი

კავშირის ქონება მის უსინათლო წევრებს თანაბრად არ ხმარდება

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share